ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ფუხარა არავის სჭირდება 

შვიდწლედდამთავრებულის ზაფხული სხვანაირია. ისაქმე ბიძია: ძროხები მწყემსე მთაში, გადენე, ჩამოდენე; ღელე-ღურდნებში ლეშხი-ლუშხა მობალთე, დააბულულე, მერე ამოზიდე, მერეგში (საბძელში) დაასვენე. ადი ტყეში, მოჭერი შეშა საზამთროდ...
კარგად თუ იმუშავებ, ოჯახს მომარაგებულ-მომზადებულს დატოვებ, შეიძლება ათწლედშიც გაგიშვან, სადაა ათწლედი? მარტო რაიცენტრში, ან ქალაქ ბათუმში. რაიცენტრი ახლოა, რადგან შინიდან ვერ იარ, რადგან ბუკნარში ბიძა გყავს, მაინც ქალაქი ჯობია.
გიშვებენ კი სასწავლებლად? ეს ჯე არავინ იცის. ვნახოთ, აჰა, ზაფხული დგება. დახაშმული ბუკნარელები, დაყვითლებულ-დამჭლობილები სადაცაა ამოფიფინდებიან აქა, დუბეში, ე, მაშინ ბაბაი მოითათბირებს ბიძაჩემთან და...
აჰა, ივნისიც მიიწურა. სიმინდებმა ხაოიანი ხრაშუნა ფოთლები ერთმანეთს აუსვ-დაუსეს, ყველა ხემაც მოითავა თავთავის სიმწვანეთა გაშლა-გადმოფენა. ქვეყანა სამუდამოდ და სეაზეიმოდ მოითრო. იწყება არდადეგები და ჩემი მომავალი ბედისწერის გაურკვევლობაც იწყება.
სოფელში გლეხკაცის სამუშაო დღე საათობით როდი იზომება. აქ მუშაობა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდეა, მაგრამ მზის ამოსვლა სინათლის პირველ გაჭინვალებას ჰქვია. მზის ჩასვლა?
-მზის ჩასლა, ბაბი, როისაა იცი? გეტყვი ახლა. ე, შეხე ერთი იმ გორებს. _ მითხრა, ერთ დღეს ბაბამ (კაი ხასიათზე იყო და მეც გულით მოვუსმინე), დასავლეთიდან ჰორიზონტზე მოყუდებული მთები დამანახა. _ ე, იმის გადაღმა რომ მზე ჩაიმალება, ეგ ჩასლა არაა. მემრე რამდენხანს სინათლეა კიდო ხომ? თლათ რომ აიხვეტება სინათლე და თლათ რომ ი გორები გაშავდებიან და თლათ რომ აქავრობა იმფერ სიშავეში ჩაყურყუმალდება და თლათ რომ გედიესხმება ყველაფერს შეღამების მურექეფე (მელანი) და ააფერი აღარ გამოჩნდება აქა, იმას ვუძახით ჩვენ მზის ჩასლას, თვარა, აბა, თვითან მზის ცეცხლი თუ აღარ ჩანს და თვითონ მის ნაკვერცხლებს თუ ვეღარ ეცხუნები, ეს ხომ მზის ჩასლა არაა. ეს, გეიგონე, კარქა, შუქრავ, მიხდი? _ დამარიგა ბაბამ და მხრებზე დამიფრაწუნა წიფლის ტაკვეცივით მძიმე ხელი. აშკარად ვხედავდი, როგორ უხაროდა სკოლებში სწავლის დამთავრება და ჩემი ხელში ჩაგდება. ყანა, ბახჩა, ძროხა, თხა, შეშა, მთა-იალაღები, ბარი, ნეკერი, ლეშხი საჭიროა. კოლექტივის ხელში რა ხელი გეყოფა, ამიტომ ყველამნა გევეცადოთო, ამას ხელი უნდაო.
ვიცი, ამ ზაფხულს აღმა-დაღმა ხათქახუთქით, ტყავი გამძვრება, მაგრამ ყველაფერზე ყაბულსა ვარ, ოღონდ იმის პაწაი იმედი მაინც იყოს, რომ სასექტემბროდ ათწლედში წავალ.
თუ არ ისაქმე, აბი, შიერს და ფუხარას გაგძრება სული. ფცხარა არავის სჭირდებაო, ბაბი.
ეზოდან ხმაური მოისმა. ეზოს მოადგნენ ბუკნარელი სულია ბიძას ქალი, ბავშვები.
შარაგზიდან, რაღა თქმა უნდა, აღმართი ფეხით ამოიარეს. ჩვენებურ ქააფებზე წარბივით გაკრულ ბილიკებზე სულაქოთქოთებულები, დაქანცულები შემობანცალდნენ ეზოში.
დედაჩემს ახალდანემსილი ხაშრის ლობიო მოეკრიფა და კარდალში ჩაყარა. ხარშვის სუნი მადას მიფორიაქებდა, ჭყაპი პარკები შავშურა ლობიოსი უცებ ჩაიხარშა და წყლის პირველი, სანატრელი ჩვენებური მალახტო დღეს უნდა მარტო შინაურებს გვეხილა, მაგრამ, ა, ამოვიდნენ ეს ქალაქთან დაახლოებული ნათესავები და შევესივენით მალახტოს ერთად.
თუმცა ერთი ხანობა ჯავრი მომაწვა, _ რაღა ამ მალახტოს მოუსწრეს ამოსვლა-მეთქი. მაგრამ იმნაირად დამეჯღანა და მომეხვია ჩემი ტოლა ბიძაშვილი, ხმელი და ხაშმით გადაყვითლებული ზაქრო, უმალვე მოვლბი. ოდნავ თავიც დავიტუქსე, თითქოს ჩემს ფიქრებს ხედავდნენ, _ შემრცხვა. თანაც, ეტყობოდა, მაგრამ იყვნენ მოშიებულები, სულია ბიძამ ცალი თვალი ღადაროშეყრილ კეცისაკენ გააცურა, საჯის (კეცზე დასახური თუნუქი) ქვეშაც შეიჭრიტინა, მჭადი გამოცხვა თუ არაო, შეამოწმა. ეს ყველაფერი მე კარგად შევნიშნე და პაწაი გავჯავრდი კიდეც, ჩემ კეცში რატომ იყურება-მეთქი.
მალე ყველანი ლამფით შემოჭედილ დერეფანში გავიდნენ და იქ ჯორკოებზე მიმოეწყვნენ.
ამასობაში დედა ბოსტნიდან ამოვიდა. ქალი რეჰანისა და ქინძის სურნელში იყო გახვეული. არა, რეჰნის სუნი წინასწარ შემოიჭრა ოდაში და მეც წინასწა მივხვდი, ახლა ნენეიც შემოვა-მეთქი.
-აიშევ! შენებუად გაკეთებული მალახტონა მაჭამო ხომ? _ შეუღიმილა ბიძამ დედაჩემს და მალიმალ ნერწყვის ყლაპვა აუტყდა. დედაჩემს შევატყვე, ესიამოვნა მაზლის შექება. სექვიან სამზაროეულოში შეიმალა და იქ, ბუხრისწინ, მწვანილის რჩევა დაიწყო. სანაყელა ჯამი მე თვითონ მივუტანე და წინ დავუდგი, რათა საქმე დამეწინაურებინა. ჯამი გაშავებული და უამრავი წელიწადების საკმაზი მწვანილების ნაყვით ფსკერამოცვეთილი იყო. მაგრამ ნერჩს (ჭურჭლის ძირს შიგნიდან ფსკერს ვეძახით, გარედან კი _ ნერჩს) ჯერ იმდენი სისქე კი შერჩენოდა, ნენემ იცოდა, კაიხანს კიდევ გამოადგებოდა, ჯამს გარდასულ ჟამთა სურნელიც ასდიოდა. მე ჩუმად ჩავხედავდი ხოლმე და თითქოს ბურუსებში უცნაურ შორეთებსაც დავინახავდი.
ჭალის ქვაც ძველი იყო და თავისი შნო ჰქონდა მასაც. ეს ჭალის ქვა მთლად ლამაზი და წელში გამოყვანილი არ გახლდათ, მაგრამ მწვანილს ძალიან კარგად ნაყავდა. ერთხელ ბაბამ წყლისპირიდან ახალი წერწეტა, გრძელი და ლამაზად გამოყვანილი ქვა ამოიტანა. რანაირად არ ატრიალა ხელში დედამ, რანაირად არ უკაკუნა ჯამში ჩაძლეძილ საკმაზავებს ის ჭალიქვა, მაგრამ თავად როგორაც უნდოდა, ისე ვერ დაანაყია და ქვა გვერდზე გადადო, მერე ისევ ის ძველი, ხელზე და ჯამზე უკეთ მორგებული, ულამაზო, მაგრამ მშრომელი, ყადრიანი, მადლიანი, უღალატო და მასავით ოდნავ წლში მოღუნული ჭალიქვა ამჯობინა.
ტაბლა-სუფრის გარშემო სტუმრები დასვეს. ყველანი ვერ დავეტიეთ და, რა თქმა უნდა, ამჯერადაც ზედმეტი მე აღმოვჩნდი. ნენემ თვალით მანიშნა, ბუხრიან ოთახში შემიყვანა, მოკალულ სპილენძის საინზე დამისხა მალახტო, ხელში ახალამოტეხილი მჭადის ყუა შემაჩეჩა, სექვეზე დამვა და, ერთგვარი ქანცგაწყვეტილი მწუხარებით თუ ჯავრით მითხრა:
_ ჰა, სკდი!
სექვეზე ისე მოვეწყვე, დერეფანში ტაბლას შემომსხდართათვისაც რომ მეცქირა.
პირველმა სულია ბიძამ კაი მუშტისხელად დამუჭული მჭადის ნატეხი ამოუქნია ლობიოს და იგი ოთხივე თითით ძარღვების დაწყვეტამდე დაბჩენილ პირში აზიზად შეაშგზავნა. ერთხანს ასე პირგამოტენილი გაჩერდა, გაისუსა, ეტყობოდა, ყბების ამუშავებას ვეღარაფრით ახერხებდა. ცოტ-ცოტა ადვილი გადასაყლაპი სითხეები რომ ჩაიწუწნა და პირში ოდნავ ადგილი გაინთავისუფლა, ღაწვი ნელ-ნელა აუმოძრავდა და ყბები მალე გამალებით აამუშავა.
ისე, მართალია, ლუკმებს დიდრონს სანსლავდა, მაგრამ ყოველ ლუკმას ნელა, დინჯი დაკვირვებით და საქმის ცოდნით ამზადებდა, ფუნჩხიც რომ გადავარდნოდა, მაშინვე მომუჭულ მჭადის ძირს დააწებდა, არაფერს დაკარგავდა, არაფერს გააფუჭებდა, იცოდა ყადრი და ფასი ყველაფრისა.
ცოტა რომ სული დაითქვა, შეისვენა თითქოს, თავი ასწია, ჭერში შეიხედა, ღოჯეებს (კედლებს) გაავლო თვალი და იქ ახალი რომ ვერაფერი იპოვა, მამაჩემს მიმართა:
_ ცოდვა ხარ, ალიავ, ცოდვა. ეს ყიშლასავითც ფაცხა ვერ გამეიცვალე, ჭო? _ შეჩერდა, ერთი კაიხელა ლუკმაც გადაუშვა და გააგრძელა, _ ალიავ, წამოი შენც ზღვისპირეთში. ალაგი იქნება. კაი ალაგი იქნება, მანდარინას დარგავ, სამ-ოთხ წელიწადში შეისხამს... აქ რაითნა იცხოვრო. ცოდვა ვარ, ალიავ.
-აჰ, მე იქ ვერ ვიქ, სულიავ. ჩემი ხარჯი არაა ეგ შენი ზღვისპირები. ასე ფუხარათ ყოფნა მირჩევნია იმ ყირმიზ ტალახების ჭეჭყვას და შინ ყველდღე დუნიიდან ლუკმის ზიდვას. აქ ერთი ნატეხი მჭადი სულ მექნება ვიცი. _ შეიფხაზა ღაწვზე ბანჯარას ბუჯგივით გაჯეჯილი ბალანი და დაუმატა: _ კაი, გინდა ავიყარე მეც და წამოვედი ჰაცხან, ჩაქვში, მემრე აქავრობა სულ დავკარქოთ?
_ ჰაღად გაქ `აქავრობა~, თვარა კი. აქ ეს კაპანი, ჭლე მიწა თუ ბევრი არ გაქ, რას ჭამ. ყანები კოლექტივმა წაგართვა, შენ რაღაი.
_ იქ?
_ კი, იქაც წეიღეს, მარა იქ პაწაი საკარმიდამოც რაცხას გაძლევს იმფერს, რომ მანდარინაი ოქროა, ძიავ.
_ ეჰ, ჩემო სულიათ. მადარინაი ფარაა, სხვა რაი,. ფარა ამათ ხელში შეიძლება ქუნჭლად გექცეს. რას იყიდი ქუნჭლით, მითხარი. მაგას მე სიმინდით ავსებული ნალია მირჩევნია. ვიცი, ბაღნებს ჭადი მაინც ექნებიან.
სულიამ ტაბლას კიდეებზე ორივე ხელის თითები ამოუსვა და ადგა. გაიარ-გამოირა, ისევ უფროს ძმას გადაავლო თვალი და რაღაც მნიშვნელოვანის სათქმელად მიუახლოვდა. ბავშვებს ცოტა ეჭვით და უნდობლად გადმოგვხედა, მაგრამ ხმადაბლა მაინც გაამხილა თავისი ხვაშიადი.
_ ალიავ, არ გაიკვირვო და ერთი რამენა გითხრა. კოლექტივმა წაგვართვა, მარა ის მიწები, ყველამ იცის, მაინც ჩვენია. სოფელმა, ხალხმა, ყველამ იცის, ვისი რაა. დრო დადგება, შვილები მოგვკითხავენ, რომელია ჩვენიო. მოდი, ალიავ, ჩუმად, ჩვენთვის, სიტყვებით მაინც ვთქვათ, სიტყვებით მაინც ვთქვათ და გავიყოთ, ბაბასი დანატოვარი სავარგულები თუ ტყიპირბი.
_ ჭო, ახლა იქ რომ გევიაროთ და თვალით ზომვა დევწყოთ, ვინცხაი მავნებელს დაგვიძახებს.
_ არა, ალიავ, აგერ ვთქვათ, ძიავ, ეზბერაი (ზეპირად) ვიცით ხომ ყველაი ბენჩქვი და ყველაი ფელო (ფერდობი) _ სულიამ თითო-თითოდ, ყორე, კუჩხე ჩამოთვალა, ყველა ყანა, ხეხილი, თითო ძირობით გადათვლილი და მსხმოიარობანაანგარიშევი, გაყო-გაანაწილა, ზღვრები გაავლო, საზღვრის ნიშნები დაასახელა; ყველაფერი ასე ნაწიბურ-ნაწიბურ და ნაჭერ-ნაჭერ ძმებს დაურიგა-მიაკუთვნა. ბოლოს, ხელები ერთმანეთში ალაწუნა, თითები იმტვრია და მოისვენა, გაჩუმდა, თავიც ჩაქინდრა.
მეორე დღეს მურთაზამ მოლესილი ცული წინ გამიწვარადინა (გამიწვინა) და მითხრა, რაც შეიძლება ადრე, დილიდან წაი ზეგანში, საზამთრო შეშა მოჭერი და ნაბაკევის კორდზე ჩამოყარეო. რაფერ, მარტვაი წავიდე-მეთქი? ჰო, აბა ვინ გინდაო, ჯავრით მითხრა ძმამ. ბუკნარელი ზაქრო იქვე იდგა და მოწყენილი თუ ოდნავ მოშიშარ-მორიდებული თვალებით შემომცქეროდა. მგონი ის ელოდა, რომ ჩვენ ახლა შარშანდულად სათამაშოდ გავიპარებოდით. ეჰ, გაშპა ეგ დრო, ჩემო ზაქრო, გაშპა. მურთაზი უკვე თანდათან მამაჩემის როლს ასრულებდა სახლში. დილიდან სამუშაოებს გვინაწილებდა, საღამოობით კი შენასუელს გვიმოწმებდა, თანაც სასტიკი და ულმობელი ხდებოდა თანდათან. ჩემს ძმას ნაადრევმა დაოჯახებამ უცებ გამოაცალა სიყმაწვილის და ბაღნობისდროინდელი სიჩივლეები, იგი დაუნდობელი, მრისხანე, უშეღავათო მომთხოვნი და უალერსო შეიქნა. მე ძველებურად ვეღარ ვუბედავდი სიტყვის შებრუნებას.
-ზაქრო რომ წამყვეს? _ შიშით შევეკითხე. მურთაზამ ცულის გალესილ პირს ორ-სამჯერ აავლ-ჩამოავლო თავისი მოწურული, შეწუხებული მზერა და ამოხველებას ამოაყოლა:
_ თუ წაგყვა, წაგყვაი, მარა მაგას ცული ხელში არ მისცე. ცული მჭრელია, იცოდე. მაგან, ბარელმა, ცულის ხმარა არ იცის და იბრეთი არ დაგემართონ, _ გამაფრთხილა.
_ წამოხვალ, ჭო? _ კმაყოფილებით შევეკითხე ზაქროს, რომელსაც კაიხანი ვატყობდი, როგორც დუბელები იტყვიან, სულის სიმწარით ეწადა ის დღე ჩემთან ერთად ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ჩემი და ზაქროს ერთად ყოფნა დიდმნიშვნელოვანი შემთხვევა იყო. მთელი ქვეყნის ამბებს ერთად მოვჭუჭკავდით და ჩვენებურად განვიხილავდით. გავარჩევდით და დავალეგებდით ქალაქის რომელიმე სკოლაში ჩვენი ერთად სწავლის საქმეებს. პაწ-პაწასაც შარშანდელ-შარშანწინდელ ბაღნურ თამაშებსაც გავიხსენებდით და წავიეშმაკებდით. მერე, შიგადაშიგ, ალბათ, ჩვენი სოფლის ციცა-გოგოებზე რაცხას ვიტყოდით.
სოფელს რომ ავცილდით და ფესვებით მოქსოვილ, ქვებიან, დაღვარულ აღმართს შევუდექით, ზაქრომ უცებ ქვაზე ფეხი წამოიწყვიტა. ცერიდან კუპრივით შავი სისხლი წასკდა. ზარდაცემულმა დავიმუხლე და ლეკერტები აკანკალებული ხელით მოვწმინდე. ისედაც დაჯღურკულ-დაფრეწილ ჩემ `ბლუზას~ ბოლო შემოვახიე და აფლიკვინებულ ზაქროს ფეხი მაგრად შევუხვიე. ტირილს არ კადრულობდა, მაგრამ ტკივილისაგან ჩიჩვირები ისე დაულურჯ-დაეკეცა და ყელზე ძარღვები ისე დაუსივდა, შევატყვე, მეტს ვეღარ მოითმენდა, მოწოლილ ტკივილს მეტს ვეღარ შეაკავებდა. მართლაც, მალე, რაღაცამ გლახად გაიფრაწუნა და, გეგონებოდა გუდა გასკდაო, გენეშა-ოხვრა ზაქროს ცხვირიდან გამოუთუხთუხდა. პირს ძალით კუმავდა, არ უნდოდა მთელი ხმით ეყვირა, არ უნდოდა ჩემთვის თავისი სისუსტე ეჩვენებინა, მაგრამ, როგორც დუბეში ამბობენ, თავს ზევით ძალა არ იყო.
ცული და საგზალი რცხილის ხეზე, ორპატიკაში ჩავდევი, საგულდაგულოდ წირეხითაც დავაკოჭე დავამაგრე და ისევ ზაქროს მიუბრუნდა. შეხვეული ფეხი თითქოს ცალკე სუნთქავდა, იდო შეშის ტეზების ნახოხვებ ხრეშზე და ძლივს შესამჩნევად იძროდა. ზაქრო აღარ კვნესოდა, აღარც ტიროდა, თუმცა უფრო გაჭირვებული მეჩვენა.
_ ჰაით, მოგიკუჭებ და შინ ჩაგიყვან. _ ვუთხარი. ხმა არ გაუღია. თვალები მილულული ჰქონდა. სახეზე ფერიც წასვლოდა. მიჩუმებულიყო, მიხვეულიბო და უცნაურად კრთოდა.
_ მომიარა! _ ძლივს ამოილუღლუღა.
_ რამ მოგიარა, ჭო, რამ? _ შევწუხდი.
_ ცხრომ. ცივება მეწყება, ისე გავს.
_ წამოჯექ, აბა და მომიჭირე ხელები კისერზე და მომემხრე ზურგზე. _ ვუბრძანე. თვითონაც წავავლე ხელებზე და ტომარასავით ზურგზე მოვიმხე. არ მინდა, არ მინდას ძახიით ჩავაღწევინე შინამდე. იქ უკვე სიცივემ ისე შებოჭა და ისე დაჯაბნა, სულ ერთიანად კანკალი დააწყებინა. ყველანი თავთავის საქმეებზე დარიგებულიყვნენ, შინ აღარავინ დამხვდა. ზაქრო სექვიანში შევათრიე, ბუხართან ძველ ხალზე მოვაწვინე და გარეთ გავშპი, _ სადმე ფიჩხი-ფუჩხები მომეხვეტა, რომ რაც შეიძლებოდა მალე ცეცხლი დამენთო.
_ მცივა, შუქრავ, მიშველე რაცხა. მცივა, ვკვდები, _ მეძახოდა, მემუდარებოდა, შემომჩიოდა.
პიწკები, ფიჩხები, ნაფოტები შემოვზიდე და მალე ბუხარი წითლად ალაპლაპდა. ჰოდა, ივნისის იმ ყიამეთ სიცხეში ჩემი ზაბრო მიეცხუნა და მიეფიცხა ცეცხლს გასათბობად.
_ ნეეევ! _ გადავძახე ბოსტანში დედაჩემს.
_ უკან ჩამოი, ჭო?! _ ამომძახა სიმინდებიდან დედამ, მაგრამ დანახვით ვერსად დავინახე. ჰო, ჩამოვედი, ზაქროს გააცივა და ცეცხლი დავუნთე-მეთქი. ფეხის ამბავი აღარ ვუთხარი, სანამ ამოვიდოდა, მე ჩემ საქმეზე გავეშურე.
რცხილის ხიდან ცული და დოს საწურად გამოკერილი სამკუთხა ჩითის პარკი ფრთხილად გადმოვიღე და შიგ ჩავიხედე. ნატეხი მჭადი, ორი კაკალი მოხარშული კვერცხი, კეჟერას ჟვერში გამოხვეული მარილი, ნენეს ლამაზად ჩაეწყო. ძირს რამდენიმე ძირი ახალმოგლეჯილი ხახვიც ჩაეხვია.
მზე კარგა მაღლა ასულიყო და შიმშილმა ისე გამიფაჩუნა, თანაც წარმოვიდგინე ხეჭეპოშემოცლილი, ახალგარჩეული, თეთრი, რბილი კვერცხი. ჭამა მომინდა. რა მენაღვლება, ვთქვი ჩემთვის, კვერცხი ორია მაინც. ერთს ახლა, წყაროსთან დავაძღები, მეორეს თავისი ხახვით და ნახევარ ნაგვეხა მჭადით, შევინახავ-მეთქი. ზეგნის ტყავში მარტო ასვლა ჩემთვის ზეიმი იყო. სიმყუდროვე, სიმშვიდე, სიჩუმე, სიხალისე, სისუფთავე, ყველაფერი უსაზღვრო, შენს თავს ეკუთვნი, არავინ გიხიტინებს, არავინ გიშლის. თავს მინდობილი ხარ, შენი ფიქრით, შენი ძალით, შენი შეძლებით.
იყავი, იაზრე, იანგარიშე, ინატრე რაც მოგესურვოს, ყველაფერი შენი მონა-მორჩილია, ყველაფერი ირგვლივ შენ გისმენს, შენ შემოგცქერის, შენ გეალერსება.
ლოდიძირიდან წყაროს ჩუხჩუხი გავიგონე. კორდზე გავშალე ჩემი პაწაი სუფრა, გავხსენი ძაფით შეკონილი ფხლის ფოთოლი, ფრთხილად მოვიფერე, რათა მარილი არ დამპნეოდა. კაკალი კვერცხიც ბალახებში დავდე ერთხანს; მივედი, პეშვით წყარო მოვსვი და ისევ კორდზე გავგორდი. მერე თანდათან უფრო ყაირათით ვფქცვნიდი კვერცხს, რომ უფრო დიდხანს მყოფნიდა.
ავძვერი ტყეში და ზემოდან ნაბაკევის კორდიან მინდორს გადმოვხედე. ცულის პირს მამაჩემივით ხელი ავუსვი. ხაომ მიკბინა თითზე, მოვუქნიე და მალე წიფელი ლაწანით დავაწვინე. ტანები ჩავაბალთე. ტეზი (წვრილი მორი) შლიგინით დავბიძგე სახორხიალაში თავდაღმა და კაიხანს მესმოდა, როგორ მიშხუოდა. ასეთი ტეზი ასზე მეტი მაინც უნდა გავგზავნო დღეს თავდაღმა, მერე საღამპირზე, დაბლა ჩავიდე, ერთად მოვჭუჭკო, ერთმანეთზე დავახოხოლო, იბრეხაით შევკრა, რომ დამნახველებმა იცოდნენ, ეს პატრონიანია.
ეს უნდა ვქნა, ეს უნდა შევძლო, _ მერე სექტემბერში, მურთაზი გამიშვებს ზაქროსთან ერთად სასწავლებელში.
მაშინ ჯერ კიდევ ყმაწვილმა, რა ვიცოდი, როგორი მწარე, დაღრეკილი მომავალი მელოდა. რა ვიცოდი, რომ სულ რაღაც თვენახევარში, დედაჩემი აცრემლებული ჩამაცილებდა შარამდე, შემსვამდა კარტოფილის ტომრებიან `გურძავიკზე~ და, ლეჩაქის ურის ქნევით, გზას დამილოცავდა...
შემდეგ კი...
აი, რა:
ბუკნარის წითელი, მწებავი ტალახი. რეზინებგამოკერებული ძველი ჩაფულები ტალახმა წამაძრო და თავისთვის დაიტოვა, გაქლექილწინდიანი ფეხი წინ ცარიელად ჩამებიჯა ჩაქვის საქვეყნოდ ქებულ ტალახში. მეორე ფეხიც უკან ჩაბიჯებულ_ ჩაფლულიდან ამოშპა და ისიც, შეუკავებლად, ვსლიჭე ათასი ფეხით მოჩეჩქვილ მიწის მოწითალო ცომში.
შევდექი და გაშტერებულ-შეშინებულმა უკან დავიწყე ცქერა. ზაქრო მახლდა. იგი წინ მიმიძღვებოდა. იგი ჩემი პირველი პატრონი, დამრიგებელი და ზღვისპირის ამ კულტურულად დაწინაურებული ადგილების ღირსეული წარმომადგენელი გახლდათ. იგი ყველაფერს თავიდან მასწავლიდა, თვით პირში ლუკმის ჩადებასაც კი.
მე ხომ მთიელი ვიყავი. ტყეში, თხებში, ქარაფებში, უელექტრონო, უგზო ღელე-ღურდიან სოფელში გაზრდილი. აქ, აგერ, ქვემოთ, რკინიგზაა. რამსიგრძე მატარებელი ჩაიხრიგინებს ხოლმე. აქაურობას შეძრავს ორთქმავლის ყიჟინი, აქაურობას მოედება მისი დახვეული, დახუჭუჭებული ორთქლი და შავი, სქელი კვამლი. კვამლი ყველგან ბევროი ჩანდა. იქით, შორს, ზღვაში შესულ ნახევარკუნძულზე, მოქათქათე ბათუმს თავზე ადგა გემებისა და ფაბრიკების შავ-შავი მილებიდან ცაში აწვარადინებული ფუტი. მაგრამ ქალაქი, ზღვა, რკინიგზა, გემი, საშიში ხმებიც კი თანდათან ახლობელი, აუცილებელი, სანდო ჩემიანები უნდა გამხდარიყვნენ, ამაში, ზაქრო თავგამოდებულად მარწმუნებდა. არ შეშინდე, გული არ აიყარო. ჩვენ ერთად ვიქნებით. ასე სწავლა და კულტურულობა თუ გინდა, კვამლი და ეს ღრიალ-თანმხლები ნიშანია, ჩემო შუქრავ, ისე ალერსით, ზრუნვით მიხსნიდა და მიღებდა კარს სამომავლოსკენ ზაქრო. თუმცა, იმ პირველ დღეს, ტალახში ჩამშპარი, ვერაფრით ამომიყვანა. უკან მივიხედე, რას ვხედავ. _ უსინდისო ტალახი ჩემი ფეხებიდან წაძრობილ ცარიელ ჩაფულებში თავხედურად ჩადენას იწყებდა. წითელი ტლაპო ნელა, დინჯად, მაგრამ უსაშველოდ მითანთალებდა პირღია ფეხსაცმელში. დიახ, ერთი შეხედვით, იგი სრულებითაც არ ჩქარობდა, პირიქით, მგონი, ტალახი ერთგვარად პატივს მცემდა, თავს იკავებდა, დროს მაძლევდა, რათა სტუმარს საკუთარი ფეხსაცმლის შველა მომესწრო.
ზაბრომ დამიძახა:
_ მობრუნდი, ამოაძვრე შენი ჩაფულები, თვარა თლათ ჩეიძირება, ჭო!
_ მეც რომ ჩავიძირო, ვინ ამომაძროს მერე? _ ვკითხე გამწარებულმა.
რა ძალა შემიჯდა, რა ჭკვამ გამაბედვინა არ ვიც, _ ერთი კი გადავაბიჯე, წინდიანი, ტალახის ფაფაში ამოვლებულ-ამოგოზილი ფეხები ძლივს გადავახოხე უკან. დავიხარე, ტლაპოწავლებულ ფეხსაცმელებს ძლივს მივწვდი, თითო-თითოდ გაჭირვებით ამოვწიწე, ამოვათრიე და ისევ წინ, აღმართისაკენ წავბანცალდი.
სამშვიდობოს რომ გავედით, ჩაფულიები პირველ შეხვედრილ ღელის წყალში ჩავყარე, გავრეცხე იქვე ქვებზე დასაწრეტ-დასაწურად ჩამხობილები დავაწყვე და სხვა საქმეს შევუდექი.
_ ასე! _ მარიგებდა ზაქრო, _ ტალახი თუ ბევრია, დეისვრები, აგერ კი გარეცხავ, მარა შენ რა იცი, ეს ტალახი რა ტალახია. ამაში რომ ჩაი და მანდარინი მოდის, სხვაგან სად ნახავ ამფერს, იცი შენ თუ არა, _ ეს ტალახი ოქროა, ოქრო!
გადავიკითდე წუნწკლებიანი ფეხსაცმელები თავისი წინდებით მხარზე და მუხლებამდე წარვალამოკაპიწებული შევუყევი ბიძაჩემის სახლისკენ აღმართს.
იმ ღამეს, სულია ბიძამ, ხანგრძლივი თათბირის შემეგ, გამოგვიცხადა:
_ ინდუსტრიულში მინდოდით, მარა იქ ვინ მოგივლის თქვენ. იქ სასადილო თუ რაცხაა, ის ინტერნატი, დუუხურავენ. ჭამა-სმიანი შკოლაც ვნახე, საკლუბო, საბიბლიოთეკოაო, ტეხნიკუმიაო, ჰო! _ მე მომიბრუნდა სულია ბიძაი, _ წიგნებს ხიდის წკოლაში იპარავდი თურმე და შედი ახლა აგერ, ბიბლიოთეკაში, წახვალ მემრე წიგნის ბეღელში და, თუ გინდა, სულაც შეჭამე წიგნი, რაღა გენაღვლება.
აგვისტო იწურებოდა. გულის ფანცქალით მოველოდით `ტეხნიკუმში~ ჩასვლას, მაგრამ მეორე დღეს, სულია ბიძიამ გაგვიცხადა, ტეხნიკუმი სტავლას პირველი ოქტომბრიდან იწყებსო. ახლა აგერ, კალათები წამოიკიდეთ და ჩაიში წამყევიო. შავი `ბუხანკა~ დაგვიტეხა, კენჭი შაქარი ლანგრით დაგვიდგა, ადუღებულ თუნგში შინაური ჩაი პეშვით ჩაყარა, დიდრონი `მაშრაფები~ წინ დაგვიწყო, მალე სვით და გამომყევითო, გვითხრა და აივნიდან გოდრის კრაჭუნით ეზოში გავიდა.
რისხვიან-ჯავრიანი კაცი იყო სულია ბიძია. თვითონ ცხოვრებამ გაამწარა და გაადილიხორა, თორემ მაშინ, როცა შინ ყველაფერს თავის რიგზე დაიგულებდა, უცებ სახეზე ამინდი შეეცვლებოდა, გამოიღანილ-გამოიდარებდა. მისი გაღიმება იშვიათი იყო, როგორც მზის გამოჩენა ჩაქვის ცაზე, მაგრამ ბოლოს ა ბოლოს თუ გაიღიმებდა, მთელი ქვეყანა განათდებოდა, შიმშილი და გაჭირვების გრძნობა უცებ განელდებოდა, ხასიათები შეიცვლებოდა, სამყარო გათბებოდა, ხოლო თავად მას, ბიძაჩემს, თვალის გუგები უცნაურად ლამაზი სინათლეებით ამოევსებოდა. იგი ალერსიანი და ღიმილიანი ზეიმივით გადაუვლიდა მთელ ოჯახს, ეზოს, ბოსტანს, ჩაის ფერდობს. მგონი, ცისკენ აჭენებული თეთრი ევკალიპტები, არც შეშად, არც ფიცრად რომ არ ვარგოდა, უცებ აშარიშურებდნენ თავის მოთეთრო-მოგრძო ფოთლებს, ჩვენსავით, ბაღნებივით, მხიარულად აჩურჩულდებოდნენ და მგონი, თეთრი თუ ცისფერი სიმყუდროვიდან ათასფერადი თვალებით სულის ღიმილის დასანახად იცქირებოდნენ.
ჩაის ვეება ბუჩქები ერთმანეთზე შეზრდილი და, გადაბმული, მართლაც გადელებული, მწვანე ხანძრად მოდებოდა ბექობს. ბუჩქებზე ზემოდან, პირველად შევნიშნე, მოსაკრეფი დუყები მოწითალო-მოვარდისფროდ შექმოვლებულები, აკანკალებდნენ თავიანთ ახალამოჩითულ ნორჩ ფოთლებს და ადამიანის ხელის შესახებად თავებს იქნევდნენ, ჯერ კიდევ ყველაფერი დილის ჟვავში იყო და ბუჩქებს შორის დარჩენილ ვიწრო გასასვლელებში წითელი ტალახი ჩემს შიშველ ფეხებს ბიძაჩემზე უფრო უსიამო სიფიცხით ემუსაიფებოდა. ალაგ-ალაგ, თითებშუა ისე გაეჩხირებოდა, ისე გაიბოგებოდა, ისე გამაგრდებოდა, მერე მხოლოდ ჩხირით თუ გამოვფხეკდი, ხანდახან ფეხზე შემოკრულ და შემომხმარ ტალახს აღარ ვიშორებდით, პირიქით, თუ მზეც როგორღაც გამოაჭყეტდა, ტალახში გავდიოდით, ტალახამოგანგლულ ფეხებს ოდნავ შევიშრობდით, რათა მეტად გამაგრებულ-დამაგრებულიყო და, ასე, ფეხსაცმლის მაგიერადაც ვიყენებდით, მაგრამ თუ ტალახის იმ ნაზელში, სადაც ფეხი ჩაგრჩა, რაიმე პიწკ-პუწკა ან ეკალი მოყვებოდა, საქმე წამხდარი იყო.
ჟვავიანი ბუჩქები, როგორც კი დუყების მოკრეფას დავიწყებდი, მთელ სხეულს მისველებდა. სოფელ დუბედან წაყოლილი ჩემი კუთვნილი შარვალ-ბლუზა და ის ერთი წყვილი, რეზინგამოკერებული წუღა-ჩაფულები, დედაჩემის ხელით შეკერილი მიტკლის ნიფხავ-პერანგი, ცალკე ეწყო. იგი ტექნიკუმში წასვლამდე უნდა შემომენახა-გადამერჩინა როგორმე.
ეს ბიძაჩემმაც კარგად იცოდა და უფრთხილდებოდა, რომ შინიდან წამოყოლილი ჩასაცმელები არ გამფუჭებოდა, თორემ მაშინ მას მოუწევდა ჩემთვის რაიმე ახალი ეყიდა. ეს კი ჯერჯერობით. სანამ ჩაის სეზონი არ დამთავრდებოდა, სანამ თავის ახალგაზრდა და ამიტომ მცირემოსავლიან ბაღიდან მანდარინს არ ჩააბარებდა, ბიძას ამის გაკეთება არ შეეძლო. ფარა მარტო შაქრის და შავი პურის საყიდლად ძლივს მოენახებოდა.
ბიცოლაჩემი, რომელსაც ქმარი მხოლოდ `გოს~ ეძახოდა, იაზმის ყურში ინახავდა პურის ფულს. დილაზე ბიძაჩემი გადაუძახებდა:
_ გო, მეიტაი ფარნა, პურინა ამევტანო.
ბიცოლა უმალვე აახაჭუნებდა იაზმის ყურში ხურდებს, გამოარჩევდა იქიდან ზუსტად იმდენს, რამდენიც ერთი `ბუხანკისთვის~ იყო საჭირო და დაფხაჭნილ-დაჯღურკულ და დაშავებულ ციცქნა ხელისგულებს ქმრისკენ გაიშვერდა.
ერთგვარად მერიდებოდა, უფრო კი მრცხვენოდა, რომ იმ პატარა ხელისგულზე, რომელზეც რელიეფურ რუკასავით, თითქოს მთელი ჩაქვის მიდამოები, თავისი ულეველი წვიმებით მიმოღვარული, დაფხაჭნილ-დახენდეკებული და ტალახებით ნაზელი ზედაპირი იყო გადახატულ-გადასახული, აი, ასეთსაცოდავ, ნატანჯ ხელისგულზე, ჩემი სარჩენი გროშიც იდო. ჩაის ვკრეფი და ამეებზე ვფიქრობდი. ზაქრომ მიჩვენა თავიდან, როგორი დუყები უნდა მომეწყვიტა. სამ-ოთხ ფოთლიანი წვერეტაები წკაპაწკუპით, სულ უფრო ჩქარ-ჩქარა ვწყვიტე და ვწყვიტე. სულ უფრო შევეჩვიე, შევეგუე, შევეწყვე, ერთხანს კიდეც მომეწონა ამნაირი სამუშაო ეს უფრო სუფთა და კულტურული მომეჩვენა, ვიდრე ჩვენებურ, ზემოაჭარული სოფლების კოლექტიურ ყანებში თამბაქოს შეტეხვა.
მაგრამ მეჩაიე ქალების ხელები რომ დავინახე, ქალის საჩვენებელ და ცერათითებზე რომ ჩაკუპრებულ-დაბზარული სქელ-სქელი კოჟრები დავინახე, როცა კალათების სიმძიმით გადრეკილი წელი და ნაადრევად მოხრილი ზურგები შევნიშნე. დაყვითლებულ-დასევდიანებული სახეები, დაფხაჭნილ-დაშავებული მკლავები, უღიმილო სახეები ვიხილე, აქაური ქალები შემეცოდნენ, გული დამეწვა.
მაშინ შეიძლება მთლად ბოლომდე ამაზე ვერაფერს ვასკვნიდი ალბათ, მერე, მოგვიანებით, უფრო მიმხვდართაგან მეც მივხვდი, რომ ჩაის გაჩენიდან, მონურმა მძიმე შრომამ, ბევრგან ჩვენებური ქალები მთლად დაამახინჯა, დააგონჯა, დაასაწყლა.
იმ საღამოს ამისი თქმაც კი გავბედე ბიძაჩემის თანდასწრებით, როცა ბუზებიან ღრიჭე მაგიდას ვუსხედით, შავი პურის მოზრდილ ნახეთქებს ვილუკმებოდით და ქაფქაფა მდუღარ მაშრაფებიდან ჩაის ვხვრეპდით. მოეწონა ჩემი ნათქვამი ბიძას, შემომხედა, მგონ გაიკვირვა კიდეც, ჩემს ხვიტირა ხაპერა თავში, რომ ჭკუის ნამცეცი იპოვა.
მორიგი თქეში ცხელი ჩაისა ხმაურით რო გადაარბენინა ყიაში, ულვაშზე ცერი გადაიკრა და თქვა:
-შუქრავ, ბაღნებმა არსად გამამჟღავნოთ და... თურმი, აქ, ჩაქვში, ჩაის რგვა რომ დუუწყიან, რუსხელმწიფე ნიკოლას უთქვამს, მაგ ჩაის მონური მუშაობა ჭირია, ქართველი ქალები აზიზები არიან, მეცოდებიანო.
წითელმა ტალახმა, წკლერტა ბალახის მსუსხავმა ხოხვამ, დაშხამულმა ჟვავმა, თვით ჩაის ბუჩქების ქვეშეებიდან გამოშვერილმა წამხმარმა ჯგვერებმა ისე დაგვიფუფულეს ჭლიკები, ბოლოს და ბოლოს, სულია ბიძიას შევებრალეთ და, ერთ დღეს, კაიგაყოლა ფიქრის შემდეგ თქვა, ბერძენ ხრისტოს `პაგრიშკის~ ქალამანს შევაკერიებო.
~გურძავიკის~ საბურავს გახლეჩავდნენ რამდენიმე ფენად, გარეთა დაკბილულს საძირედ, თხელ, ძაფებიან შიგნითაებს კი საპირედ იყენებდნენ, ხოშორის გასანთლული ნაგრეხი კედით შეკერავდნენ და გეჯღარკუნებია რამდენიც გინდოდა, _ მთელ წელიწადს გაგიძლებდა, მაგრამ ფეხებსაც ჯანს გააცლიდა. პირველივე დღეს კარგად გავიცანი ის `პაგრიშკის~ ქალამანი. რეზინამ საწინლად მომაცხუნა, ფეხის გულები დამიოფლა და სიცხე მუხლებამდე შემეკიდა. მართალია, წყალი გარედან შიგ ვერ შედიოდა, მაგრამ რად გინდა, _ ფეხს საკუთარი წყლები გამოადინა. მუხლები და წვივის ძვლები ამატკივა. შემდეგში ძველი ღაზლის წინდები მომინახა დიდნენემ, რომელიც იმხანად სულიასთან ცხოვრობდა.
როგორც კი დიდნენე გამოჩნდა, შინაურობის საქმეები და მთელი ოჯახის, ესე იგი, ბუხართან საცხობ-სადუღებლის სამართავი წვერები მის ხელში გადავიდა. ბიცოლაჩემი ერთადერთ ძროხას დაბლა, ღელისპირს, პატარა საძოვარზე ჩაიყვანდა, იქ თოკით დააბამდა, რომ სხვის საკარმიდამოში არ გადასულიყო. ერთხანს ძროხას მიუჯდებოდა. თან რაღაცეებს ელაპარაკებოდა ცხოველს. აქ კი, შინ ყველაფერს დედამთილს უტოვებდა. ეს ერთადერთი რძალ-დედამთილი მაგონდება ცხოვრებაში, რომლებიც არ კინკლაობდნენ, მშვიდობიანად თანაარსებობდნენ.
სეირი რამ მჭირს, _ არასოდეს არ ვიცი, არც მიკითხავს, არც მსურვებია მცოდნოდა ნამდვილი სახელი დიდნენესი. მას ყველანი დიდნენეს ეძახოდნენ, შინაც და გარეთაც. ბავშვებიც და ხნიერებიც, არც თავად თხოულობდა, რომ მისთვის ნამდვილი სახელით მიემართა ვინმეს.
როგორც იქნა, სექტემბერი მიიწურა და დახარშულ-დაჯეჯგვილი ფეხები თბილ წყალში ჩაგვაწყობინეს, რომ დაბანილები და ახალწღაჩაცმულები ქალაქში წასასვლელად მოვმზადებულიყავით. ხელების მდგომარეობა კიდევ უფრო გონჯად იყო. ჩაის დუყების გამუდმებულმა წვეტამ საჩვენენებლი თითები ორივე ხელზე დაახოშრა, დააკოჟრა, დააშავა, დააუხეშა ისე, რომ რაიმე საგანზე შეხებისას ვეღარაფერს ვგრძნობდი. ზაქროს დედამისი ეხმიანებოდა, მე _ დიდნენეი. სულია ბიძია საღამოს კანტორიდან ამოვიდა, ვახშამს მიუჯდა, ლმობიერი თვალებით შეგვამოწმა და გვითხრა:
-შკოლაშინა ისტავლოთ კარქათ, თვარა ტრიფოლიატის ჯოხით ამოგდენი უკან და ჩაიში შეგყრი. ჰო, ამფრათ ვიქ, ესნა იცოდეთ... _ ტრიფოლიატი ყველაზე მაგარეკლიანი და ყველაზე მიუკარებელი ბუჩქია, რასაც ღობეთაც ხმარობენ. `ტრიფოლიატი~ ადვილად და კოლორიტულად დამკვიდრდა აქაურთა მეტყველებაში და თითოეული ამ სიტყვას რაც შეიძლება ხშირად წარმოთქვამდა თავისი განათლებულობის და კიდევ რაღაც უკეთესობათა გამოსაჩენად.
ერთ დილას, ჩვენ-ჩვენი წინდა-წუღები, კიდევ მცირე რამ ბარხანა გამოვკოჭეთ, ბოხჩებად, წამოვიკოსკოსეთ მხრებზე და ჩაქვის წითელტალახიან თავდაღმართში დავეშვით, ბუკნარის პლატფორმასთან, ღელის წყალში ფეხები დავიბანეთ და ახლა უკვე საფუძვლიანად ამოწეწილ წინდებზე ჩაფულიებიც ამოვიცვით.
ამ დროს მატარებელმაც მოაკივლა. სულა ბიძია წამოიჭრა, ხელი წაატანა ზაქროს და თითქმის სირბილით გაიქცა რკინიგზისაკენ, აქ მხოლოდ შეჩერდებოდა მატარებელი და იმწამსვე დაიძრებოდა, ამიტომ საჭირო იყო ფხიზელი ყურადღება.
მატარებლის გამოჩენა, მისი ჩავლა, მისი ხმა, ხალხის ჩოჩქოლი, რაღაცნაირ გამაუცხოებელ განცდას იწვევდა ჩემში. თითქოს ჩემს ირგვლივ არსებულ სინამდვილეს მომწყვეტდა, სრულიად უცხო გარემოში მომაქცევდა. ამ გარემოში თავისთაადაც სხვა ვიყავი. ესე იგი, ჩემი თავი ვითომ მეკარგებოდა. ვეძებდი წინანდელ, შეჩვეულ და მყუდროთავისთავადობას. აკუთარ მეს, იმ მეს, რომელიც მატარებლის გრუხუნმა და მის მიერ მოტანილმა სამყარომ წამართვა, ვეღარ ვპოულობდი, ამიტომ ვიყავი დაცარიელებული, დამფრთხალი, დაძაბული.
...
და... ეს იყო ქალაქში მატარებლით ჩემი პირველი ჩასვლა. მაგრამ რად გინდა, _ იღბალი არ მიმართლებდა. თავიდან ნამდვილ ვაზალში ვერ მოვხვდი, რომ მშვიდად ავსულიყავი ვაგონში, ახლა კი ნამდვილ სადგურამდე აღარ მიმიყვანეს, მშვიდად რომ გამევლო ვაგზალში. მთელი გზა სულია ბიძიამ ეს იძახა, `ტავარშინა ჩევდეთ~. შიშით მაშინ ვერ ვკითხე, რა ჯანაბაა ეს ტავარი-მეთქი, მერე ყველაფერს კი მივხვდი.
~ტავარი~ ის ადგილია თურმე, სადაც გაჩერებამდე მატარებელი შეჩერდება, თითქოს სულს ჩაითქვამს და ისევ, იმავე წამს დაიძვრება. უმრავლესობა ჩამსვლელებისა `ტავარში~ ჩასვლას ვერ ასწრებს, ბარგს წინასწარ ძირს ყრიან, მაზუთიან ხრეშებზე თუ ჟანგიან გაჭვარტლულ რკინის ნამსხვრევებზე, დააგდებენ და მერე თვითონაც ჩახტებიან. სულია ბიძამ თავს ტომარასთან და რაღაცეებთან ერთად, ჯერ ზაქრო და მეც ჩაგვიშვა, ხოლო შემდეგ მძიმე კრაჭუნით აძრული მატარებლის კიბიდან, თავადაც ჩამოეფხატა და, რავარც იქნა, ოდნავ წაფორთხილებული, გაშავებულ-გახოშრებულ ბოძს რბილად მიეჯახა. ავკრიფეთ ჩვენ-ჩვენი ბოხჩები და მაზუთებით მორწყულ ქვიშაში, რომელიც ფეხის ჩაბიჯებისას მართლაც მკვდარივით, ხმასაც ვეღარ იღებდა, ესე იგი, სრულებით არ ხრაშუნობდა, ჩვენ, ქურდობიდან გაქცეულ ზირკლებივით (ბოშები), მთავარი ქუჩისაკენ მოვუსვით.
გამუდმებული ბათუმური წვიმებით მორეცხილი ასფალტი შემებრალა ჩემი ტალახიანი ფეხების დასაბიჯებლად.
ერთ მწკრივად მივაბიჯებდით, წინ _ სულია ბიძია, მერე ზაქრო და მე. ისინი წინ, ძალიან კარგად უქცევდნენ გვერდს პირაქეთ მიმავალთ. მე კი სულ ვიღაცას ვეჯახებოდი, ბოხჩა, მართალია, მხარზე მეკიდა, მაგრამ მხარი ჩემი საკუთრება არ იყო? _ საითაც მინდოდა იქით გავწევდი. გადასარევია, იქით, საითაც ჩვენ მივდიოდით, არავინ მიდიოდა, ყველანი აქეთ, ჩვენს შესახვედრად მოისწრაფოდა. რამდენსაც შევდიოდით ქალაქის სიღრმეში, ხალხი მრავლდებოდა. მე კი ძალიან ვღელავდი, მეშინოდა, _ წინ მიმავალი ბიძიაი და ზაქრო არ დამეკარგა. სულია ბიძას უკან ერთხელაც არ შემოუხედავს, რა ზორში ვიყავი, არ უკითხავს, მაგრამ ერთგან, ვიყარე ჯავრი, _ ქალს დაეჯახა და, რაღა თქმა უნდა, იძულებული იყო შეჩერებულიყო. ქალს ხელიდან საზამთრო დაუვარდა, ასფალტზე გასკდა, იქაურობა მოისვარა. სხვებიც შეჩერდნენ, შექუჩდნენ, შეშფოთდნენ, მალე ხალხი თავთავისი გზით გაიფანტა.
ის ქალი კი, ვისაც ბიძაჩემი დაეჯახა, იდგა და იმსიფართე იყო, მთელი ტროტუარი თითქმის გადაეკეტა, მოძრაობა გააჩერა. სულიამ გზის გაგრძელება ინდომა. გაუხვია, გვერდი აუარა თითქოს, მაგრამ ქალი პირდაპირ ყელში წვდა ბიძაჩემს და თავისკენ მოაბრუნა.
-საით მიბრძანლდები, აღა? _ მამაკაცის ხმით, თანაც ჩახლეჩილი, დაფუშული, ხოშორი ხმით შეუძახა დასაცოდავებულ ბიძაჩემს. სულია ბიძამ ერთი კი უმწეოდ გადმოგვხედა შიშით და უბედურებით დამფრთხალ ბიჭებს და თითქოს ჩვენგან შველა ითხოვა. ჩვენ კი, დაბნეულ-გამოშტრებულები, ყველაფერში მხოლოდ უფროსის, სულიას, იმედზე ვიყავით მინდობილები.
რაღა უნდა გვექნა, რაფრათ უნდა მივშველებოდით, _ ჩვენ, მეცა და ზაქროსაც, თავადაც კაი გვარიანად შეგვეშინდა, რადგანაც სულია ბიძაზე დანატაკებმა ქალმა იმფერი თვალებით გადმოგვხედა, იმისთანა ფაშვიც უფამფალებდა, მეგონა, თითო ლუკმადაც არ ვეყოფით-მეთქი.
ამიტომ ენაჩავარდნილები თვალყურს ვადევნებდით მოვლენათა შემდგომ განვითარებას.
მართალი გითხრათ, _ ზეგნის ტყეში, ტიფლების ჭრისას რომ მცოდნოდა, რაც მომელოდა, ქალაქის სასწავლებელში წასვლის შემდეგ უარს ვიტყოდი სწავლის გაგრძელებაზე, დავეგდებოდი ჩემ ხმელ სექვეზე, ბუხართან და ნენე-ბაბას მოვუვლიდი, _ საკარმიდამოს მოვთხრიდი, კოლექტივის ყანებში ვიყოჩაღებდი მუქთად (მაშინ შრომადღეზე არაფერს იძლეოდნენ, მაგრამ საკარმიდამო რომ გქონოდა, შრომადღე უნდა გქონოდა), მოვიყვანდი ნენეს მიერ გამორჩეულ ქალს, ავხდიდი პირზე, გადავხდიდი ლეჩაქს თავზე, რათა კულტურული ყოფილიყო და, ვიქნებოდი სოფელში სოცალისტური ცხოვრების აქტიური მშენებელი.
მაგრამ ჯერ ამეებზე ხომ არ ვფიქრობდი. ეს ყველაფერი ხომ ჯერ წინ იყო. მოსახდენი იყო. ჯერ ხომ ისევ ტყეში, წიფლის ტეზებს ვჭრიდი. ხოლო რასაც ვყვები, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ უნდა მომხდარიყო. ხოლო ტყეში, წიფლებში, წიფლების ჭრისას, უცებ, ენაზე ისევ დამაფრინდა ერთი ჩვენებური სასიმღერო თუ საღიღინებელი კუპლეტი და მთელი ვეღარ მოვიცილე.
ყველა ხე რომ აყვავილდა,
შენ რას შობი წიფელა,
ერთი მაინც მაკოცნიე,
ჩემო ლოყაწითელა...

რაზეც არ უნდა მეფიქრა, ლექსი მაინც მიმეორდებოდა და მიმეორდებოდა ჭკვაში. არ იქნა, ვერ მოვიცილე, მერე, ერთ ჩაფიშმანებაზე, მართლაც მომინდა ის `ლოყაწითელა~. ნეტავ ვინ იქნება ჩემი ლოყაწითელა? თუმცა ისევ მოსახდენი მაგონდება...
ქალმა ბიძაჩემს ხელი არ გაუშვა, ჩაბღუჯა საკისური, თან ხიხინით ემუქრებოდა:
_ რას გიზამ, აღა, იცი? დაგაწვები ზეიდან და ეიმ ყალფუზივით (საზამთროსავით) დაგფუშავ-დაგაპნევ აქავე.
ვიღაცამ ხმამაღლა ჩაიკისკისა. რა აცინებდა იმ ვიღაცას, ვერ მივხვდი, იმხელა ქალის ზევიდან დაწოლა ღმერთმა აგაშოროს, თორემ კაცს მართლაც გაგლესავს ეს იბრეთობა, _ ვფიქრობდი.
ამ დროს, ერთი საშინლად იჭექა და, იმწამსვე მეგონა იქვე აყუდებული ძველი ფალანცხა სახლის ბალკონიდან ტაშტით წყალი გადმოაქციეს-მეთქი, _ დაუშვა ყიამეთი წვიმა.
-მომეცი ყალფუზის ფარა, თვარა დაგღეჭავ, აღა! _ ყვიროდა ხოშორი დედაკაცი და ახალმოჭრილ წასაქცევ ხესავით აქეთ-იქით აქანავებდა ბიძაჩემს. რაც ბათუმის წვიმა იყო, მეგონა სულ იმ ქალს ესხმებოდა. იმსიფართე იყო, რომ მართლაც ყველა ცის წვეთი იმის სხეულზე პოულობდა დასაცემ ალაგს. მხრებიდან, თმებიდან, ყალფუზებივით მომრგვალებული მკერდიდან მოჭუჭკული წუნწკლები კაბის ბოლოებს ღვარებად ჩამოსდიოდა და, არა მარტო სულია ბიძას, მგონი, ყველას წარღვნას გვიქადდა. შველა კი არსაიდან ჩანდა.
მაშინ სულიამ, ვხედავდი, ცალი ხელი ძლივს ჩააპარა შარვლის მარჯვენა ჯიბეში და ორი დაჭმუჭნული ხუთმანეთიანი ქალისკენ მომუჭულად გაიშვირა. ქალმა მტაცებელი ფრინველის ნისკარტივით ჩაჰკრა ხელი ბიძაჩემს ხელში და ახლა თავისი მომუჭული ხელი კაბის ქვეშ გააქანა. სულას ხელი უშვა, დაიღუნა, კაბა მაღლა ვეება მუცელზე ამოიხვეტა და, ყველას თვალწინ, ბიძაჩემზე წაგლეჯილი ორი ჯღურკი ქაღალდი თავისი ნიფხვის ხვანჯარში ჩაიპენჭა და წვიმაში ფრაწაფრუწით გაკორწიალდა, წავიდა.
სკოლასთან მისულებს უკვე ბეწვი მშრალი აღარ გვქონდა. მე და ზაქრო შენობის კედელთან, მაღალი ბალკონის ქვეშ შეყუდებულები დაგვტოვა ბიძამ, თვითონ დირექტორთან შევალო, გაგვეცალა. იქ იმდენხანს ვიდექით, წვიმა გადაიღო, ცაც მოიწმინდა და ჩვენმა ტანსაცმელმაც შრობა მოისრულა.
ეტყობოდა, სადღაც ახლო პურის დუქანი იყო, ყოველ ჩამომვლელს იღლიაში ამოდებული პური მიჰქონდა. ეჰ, ერთი ეს თითები ჩამაყოფინა ამ პურის თეთრ გულში, ამომაგლეჯინა მოზრდილი ნახვრეტებიანი ნაფრეწი და პირში ჩამადებინა-მეთქი, _ ვოცნებობდი ჩემთვის ჩუმად.
ბოლოს გამშრალი და გაღიმებული (ეს იშვიათად ხდებოდა) ბიძაჩემი გამოვიდა. თანაც ერთი მრეში, ხმელი, მაღალი ხეშტერა კაცი გამოყვა. წამოიღეთ ბარგი და წამომყევითო, გვიბრძანა და ჩვენსკენ არც მოუხედია, ისე, ქუჩაში გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანა.
კაიხანს ვიარეთ. ხურმებით დაჩრდილულ ეზოში რომ შეგვიყვანეს, დაბალი, ფიცრული ფაცხიდან, შავებში ჩაცმული, ჩამრგვალებული, შეწუხებული დედაკაცი გამოგვეგება. მოპირდაპირე მხარეს, შუშაბანდისკენ წაგვიძღვა. ეტყობოდა, სკოლა მისგან ქირაობდა ოთახებს. შიგნიდა მოზრდილი ოთახი, ესე იგი, ნამდვილი ოთახი, სტუდენტებს უკავიათო, განაცხადა ქალმა. თქვენი ბიჭები, აგერ, აქ იქნებიანო და მიგვითითა რკინს ორ დაჟანგულ საწოლზე, შუშაბანდიან (შევნიშნე ალაგ-ალაგ შუშები ჩატეხილი იყო) ლოჯებში იცხოვრებენო. ის, სიღრმის ოთახი, უფრო მყუდრო, საიმედოდ დაცული და მკვიდრი მომეჩვენა, მაგრამ ჩანდა,იქით ჩვენი გახედვაც კი დიასახლისს აჯავრებდა. ასე იყო თუ ისე, იქით რომ გავიხედავდი, წინ ამეფარებოდა. აქ გრილა, თან სინათლიანია, თავისი შემოსასვლელ-გასასვლელი ექნებათ. არავის შეაწუხებენო, ხომ იცითო, ბიჭები არიან, ამხანაგები მოუვათ, იხმაურებენ და რაცხა-რაცხა ამფერებიო, გვიმარტავდა ქალი. რა ვქნა, მიჭირსო, გაგვიმხილა დიასახლისმა, მიიხედ-მოიხედა, ყველანი სანდოდ ჩაგვთვალა და შეგვჩვილა, მეუღლე დამიპატიმრეს და მიჭირს, თვარა ოთახს ვინ გიაური გააქირავებდაო. ბიძაჩემმა უცებ მიგვითითა, აგერ შენ დაწვები, იქით შენაო.
მე შუშაბანდის მხარეს მომაკუთვნეს საწოლი, ზაქროს მოპირდაპირე ყრუ კედლისკენ. ბოხჩა ჩემს საწოლზე დავასვენე და უფროსების ლაპარაკში ერთი ჩამოჯდომა ჩამოვჯექი,. როგორც კი დავჯექი, საწოლმა ისეთი ღრაჭაღრუჭი ამოუშვა და ისე ღრმად ჩაიწია, შემეშინდა, ქვესკნელში არ ჩავვარდე-მეთქი და სწრაფადვე წამოვიჭერი. მივბრუნდი, დავხედე, ის ალაგი წეღან რომ ჩემი გამხმარ-გაფშეკილი საჯდომი დავდე, კარგა ღრმად ჩაკიდულიყო. მე, ძელის ხმელ, მაგარ სექვეზე ნაწოლ და ასე გაზრდილ ბიჭს რა მესმოდა კულტურული, ქალაქური, რბილი საწოლებისა? ვიფიქრე, ალბათ ისე რბილი და ისე ნაზია ჩემი საწოლი, შეხებითაც კი ირხევა; ის ხმაურებიც, ის ჭუჭრუტანებიც, ალბათ, ჩემთვის გაუგებარი კულტურულობის თვისებაა. ყველაფერს მერე მივხვდები, ზედ რომ გავიშხლართები, რბილად, საამოდ ჩავეფლობი, საკუთრად ჩემთვის დადგმულ ცალკე საწოლში გავკორწიალ-გამოვკორწიალდები, ერთხანს ჭერს შევაქცერდები, ჩემს ახალ ყოფაზე და საიმედო მომავალზე ვიოცნებებ. ძელებზე ნაწოლ ჩემს გვერდებს, ბოლოს და ბოლოს, დავიამებ. ეზოში ქვაფენილი ჩანს, ესე იგი, იქ ტალახი არ იქნება. თუმცა ის ჩაქვის წითელი ტალახი ისე იყო მიგლესილი ყველაფერზე, ჯერჯერობით ალბათ არ მოგვცლდებოდა. აი, ეზოს კუთხეში, ქვაფენილს რომ გადავკვეთავ, ეტყობა, ფიცრის ჩეჩმა დგას. იქიდანაა, რაღაცნაირი სუნი რომ მოიპარება, _ აი, ვგრძნობ, მგონი სოფელში ოდნავ სხვა სუნი აქვს ჩეჩმას, აქ ქალაქში უფრო მძიმე, სქელი, დაყურსული, გაუნელებელი სუნია, მაგრამ ეს სუნი ალბათ უფრო კულტურულია. სად სოფლის ჩეჩმის სუნი და სად ქალაქის.
ბუზებიც, ქალაქური ბუზები, უფრო კულტურული მომეჩვენნენ, გასუქებულები არიან, გათავხედებულები, თანაც ჭლიკებზე, მკლავებზე ხანდახან იკბინებიან. სოფლის ბუზები დაგაჯდებიან, მაგრამ ისე მწარედ არ გიკბენენ, დავფიქრდი, უმალვე ავხსენი, _ სოფელში ყველგან, ღიაზე ყრია ხილის ნაფცქვენები, საჭმლის ნარჩენები, მომპალ-მომპალი რაღაცები და ბუზები მაძღრები, კმაყოფილები არიან. ამიტომ ადამიანის სხეულზე, ალბათ, მხოლოდ ჩამოსასვენებლად სხდებიან.
კი, მაგრამ თუ ქალაქის ბუზებს ჭამა აკლიათ, რაღამ დაასუქა ასე? _ ვკითხე თავს და უმალვე დავასკვენი: სიზარმაცემ და უქნარობამ დაასუქა.
შუშები, დაძველებული ფარდები, პატარა ჭლიკმორყეულ მაგიდაზე გადაფარებული, ოდესღაც ნაქაგი გადასაფარებელი სულ ერთიანად მოწინწკლული იყო ბუზებისაგან, ჩვენი მოსვლა ძალიან ესიამოვნათ. მოგვაფრინდნენ, მოგვაზუზუნეს, ხელზე, ცხვირზე, ტუჩებზეც კი დაჯდომა მოინდომეს. ერთხელ ისე მაგრად მოვუქნიე, ხელი ზაქროს მოვარტყი. იმხანად ზაქროს თავის ბლუზაზე სამხედროების დიდაბზინდიანი ბრტყელი ქამარი ერტყა. საცოდავი ჩემი ხელი, ჩაის კრეფით დაკოჟრებული და მორცხვი, იმ სქელ აბზინდს მოხვდა. საშინლად მეტკინა, მაგრამ ენაც არ დამიძრავს,. მხოლოდ მწარედ გავუღიმე ბიძაშვილს და კარისკენ წავედი, რომ სახეზე ტანჯვის კვალი დამემალა.
ამ დროს ქვაფენილიან ეზოში, კუთხის დაბალი ფიცრულიდან, კისკისით გამოგრიალდა ორი გოგონა.
ჩემზე კარგად უმცროსები ჩანდნენ, ჩვენში რომ იტყვიან, _ ჭყაპი პრატები იყვნენ. ჩლარტებს მოატაშუნებდნენ და ერთმანეთს ეჯახებოდნნ. რატომღაც სოფელში, გაზაფხულზე, ახორიდან ახალგამოშვებული ნაზამთრი დეკეულები გამახსენდა. კიბეზე ამოფრაწუნდნენ, ერთი წამით ჩემს წინ შეჩერდნენ, ერთმანეთს შეხელეს და, ისევ გადმოაპნიეს სიცილი პირთაგან.
ვიდექი კართან და ამიტომ, რაღა თქმა უნდა, სირცხვილით ავილეწე, მაგრამ გოგონები კიბეზე უკანვე ჩაგრიალდნენ და ისევე, ჩლარტების ტაშა-ტუშით გადაირბინეს მოობილ-მოსველებული სიპი ქვაფენილი.
მირბოდნენ და მოკლე-მოკლე კაბებქვეშ კანჭებს თეთრად მიანათებდნენ. რად ამოვიდნენ, რად იცინეს, რატომ გაიქცნენ? ვერაფერი გავიგე. ოთახისკენ შევბრუნდი, დიასახლისი შემეფეთა. იგი ეზოს კუთხეში შეპერჭილ ფიცრულისაკენ იცქირებოდა ჯავრიანი თვალებით და მენიშნა, იმ გოგოებზე იყო გაბრაზებული, რაღაც ისე მეტკინა გული და შემებრალენ გოგონები, კინაღამ ვთხოვე `ხაზეიკას~ კაი ბაღნები არიან, ნუ გაუწყრები-მეთქი.
-მგონი ამ კარში ფეხსაც ვერ შემოადგამენ. მაგისი ნუ გეშინიან, _ დაამშვიდა ბიძაჩემი დიასახლისმა. ზაქროსი არ ვიცი, მე კი ძალიან დამწყვიტა გული ასეთმა განცხადებამ. მაგრამ რაღაც გულის სიღრმეში მაინც მიბჟუტავდა იმედის ნამწვავი, როგორც ყოველთვის, უფროსების დადგენილება არც ახლა აღსრულდება-მეთქი, უსაშველოდ ამიფორიაქა გული იმ ორმა ციცამ.
-მაგენი, _ მამაკაცური სისასტიკით და სიმძაფრით გაგვიმეორა კიბეზე შეჩერებულმა ქალმა. _ ჩემი არ გეგონონ, მაგრამ მაგენი მაინც ჩემი არიან. ამიზა, რომ ძმისშვილები არიან. ქალაქში გოგვების წყესვა უბედურებაა. ვინ მიეწებება ხოზიკასავით, ვინ იცის, ჰოდა, იყავ მემრე ამიზა `ატვეჩაი~! მარა ძმას რანდა უთხრა, ხო იცით... აჰა, ამფერი მჭირს... _ დაასრულა და ძირს ჩავიდა. ბიძაჩემი თანაგრძნობით უქანებდა თავს. ქვაფენილზე ქალმა ბიძაჩემი შეაჩერა, ჩვენ ზემოთ ამოგვხედა, რომ არ ესმითო და ხმადაბლა მიმათა.
-პაწა რაცხას ხომ არ დამიტევდი?
_ რანა დაგიტიო, სკოლა იხდისო და... _ გაცხარდა სულია ბიძია.
_ სკოლა და მაგენი რასაც იხდიან, მაგით გინდა შვილების დატიება? იმ ფარით ა, ამ ჩეჩმას არ გავრეცხავ მარტო, იცი შენ?!
_ ჭო! _ შემოუძახა ზაქროს სულია ბიძამ. _ არ იაროთ ამ ჩემაში, სხვაგან წაით!
_ კულტურულად რომ გევიდეთ?.. _ ალბათ უკულტუროდ ვკითხე მე.
_ კულტურულადო, რომ იძახი, რაი, პეშვით გეიტან თუ? _ ჩამარტყა ამდენი ხნის გაჩუმებულმა ზაქრომ და ოთახში შეიმალა.
_ რაცხას ჩამოვტან, გავყიდი და მემრე, თვარა ახლა რანდა დაგიტიო, _ გაამხილა ხვაშიადი ბიძაჩემმა.
-ყველა უქონელი მე მომადგება, _ განწირულად ჩაიგმინა ქალმა და მოპირდაპირე ფიცრულში შეძვრა.
ბიძაჩემი სულია ერთხანს ეზოში, სახლის ჩრდილებში, ქვაფენილზე, იდგა და ქაღალდში თუთუნს ახვევდა, ხანდახან ვატყობდი, იქით, დიასახლისის ფაცხისაკენ გააპარებდა თვალს, რაღაცა თითქოს უნდოდა ეთქვა იმ ქალისათვის, მაგრამ დაძახებას ვეღარ უბედავდა. ფაცია (თავისი სახელი თავიდანვე გააცნო ბიძაჩემს) შეიმალა იმ თავის ხოხოლაში და გარეთ აღარ იყურებოდა. სწორედ ამიტო წუხდა სულია, _ ქალს ალბათ ვაწყენინეო. დანგრეულ ჭიშკართან მისულმა ზაქროს დაუძახა. თავისთან მიიყვანა, რაღაცა დამატებით დაარიგა _ დაუბარა. მერე შარვლის ჯიბე იჩიჩქნა-იჩიჩქნა, რაღაცა ამოიღო მომუჭული და ბიჭს ხელში ჩაუდო. ფარა დაუტოვა, მივხვდი, მაგრამ იქ ნეტავი ჩემი წილიცაა?
საღამოს ჩვენ-ჩვენ საწოლებში ჩავცვივდით და ძილის მოსვლას დაველოდეთ. სოფელში რომ ძილისწინ ბნელში დიდხანს ათას რამერუმეებზე ვიჩურჩულებდით, ისე იქ ვეღარ მოვიქეცით.
სხვისი სახლი და მშობლის წასვლა, ის მარტოობა, პირველი დამოუკიდებელი ცხოვრების უცნაურობა მაინც იდუმალად გვაფორიაქებდა, სევდიანებდა, ოდნავ გვაშინებდა და შეუმჩნევლად გვასერიოზულედა. ახლა უკვე ისე აშვებულ-მოშველებულად ვერ იქნები. შენი თავი შენ ხელშია. დილას პერანგი თუ წინდა თავად უნდა მოინახო, მოიძიო, მოირგო, ჩაიცვა, პირი დაიბანო... ჰო, ჰო, აქ სხვები, უცხონი გიყურებენ, პირი ნამდვილად უნდა დაიბანო, ისე სოფლურად, ცალი ტოტით რომ შეიშხეფებდი ღაწვზე წყალს და ბებიის კაბის ჭუჭყიანი კალთით მოიხოცავდი, აქ აღარ გამოგადგება. აქ ორივე ხელით მოჭუჭკული ჭაჭვი (პეშვი) უნდა შეუშვირო ეზოში ონკანის წყალს და მართლაც უნდა სერიოზულად შეისხა პირზე. მერე ერთხელ შესხმაც კი არ კმარა. _ რიგში ჩამდგარი სხვა მდგურებიც გიმზერენ და გელოდებიან. მერე მხარზე სახოცი უნდა იქონიო, სად გაქვს სახოცი? ვითომ ზაქროს გამოატანეს? თუ მას გამოატანეს, შენ რაი მერე? რა უჭირს, ჯერ ზაქრო დაიბანს პირს, მერე სახოცს შენ გათხოვებს და გახვალ ეზოში შენც. `კრანს~ დიდად არ მოუშვებ, თორემ ძირითად ატყორცნილ-ჭუჭყიანი შხეფები შეგეშხეფება, შარვლის ბოლოები დაგისველდება, გამოსაცვალი _ `იოხ~ (არაა) და იარე მერე იმ დაჯღურკული შარვლის ბოლოებით.
მეზობელი ოთახელები გვიანზე მოვიდნენ. სამნი იყვნენ, დიდები, უცხოსუნიანები, ლამაზები, მაღლები, სუფთანი, კოსტუმშარვლიანები.
კარში კლიტემ რომ გაიჩხაკუნა, გავიგონე. საჩურჩულო მოთავებული გვქონდა. ზაქრო უკვე ფშვინავდა. მე ახლად შევდიოდი ძილის მოხალიჩებულ ხავერდოვან სამეფოში. თითქმის კიდეც მეძინა. ძილის და სიზმრის მოსვლა ერთად მოხდა. უფრო კი, მგონი, ჯერ არ მეძინა, სიზმარს კი ვხედავდი. ჩემ სოფელ დუბეში ავსულიყავი. ახალი `ბატინკები~ მეცვა, ახალი ბლუზა-შარვალი, ქოჩორი ქალაქურად უკან გადამევარცხნა, მივდიოდი, გზა ფეხქვეშ იკეცებოდა. უამრავი ვინმე მიყურებდა, მე იმათკენ, ნაცნობი სოფლელებისაკენ, ვერ ვიხედებოდი. მე თითქოს იმათი მრცხვენოდა, კაი ჩაცმულობის გამო მრცხვენოდა, ვერ ვიხედებოდი მათკენ და, სინამდვილეში, თავმომწონეობა გამომდიოდა. ეს ყველაფერი ერთ წამში მომელანდა, ახალი ბლუზა-შარვლის და ახალი ბატინკების შარიშური, კრაჭიკრუჭი თვალხელილსაც მესმოდა. სწორედ ამის გამო, მოწოლილმა სიზარულის ელდამ, დამიფრთხო მგონი ყველა ქალაქური ძილი. მიმოვიხედე, ჩემი დაჭმუჭნულ-დაჯღურკული შარვლისა და ტალახიანი კონდრების მეტი ბინდბუნდში, რა თქმა უნდა, რა უნდა ყოფილიყო. ზაქროს წყნარმა და კმაყოფილმა ფშვინვამ მალე ისევ მომტაცა ღვიძილი და ისევ ტკბილ უზრუნველობაში წამიყვანა და სწორედ ამ დროს, ღრჭიალით გაიღო კარი. შედგნენ, დაგვაკვირდნენ, ვიღაც ახლები მოუყვანია ფაცია დეიდასო, ჩაიღიღინა ერთმა ხმახოშრად.
ჩვენი ორი საწოლის შუა ჩაიარეს, თავიანთი დიდი ოთახის კარი შეაღეს, მაშინვე იქ სინათლე აანთეს და ეხლა უკვე ხმიერად ალაპარაკდნენ. ღრიჭედ დარჩენილი თავიანთი კარი მიხურეს, მაგრამ სიტყვები მაინც ისმოდა. აწი ეს შუაკაში უნდა ვკეტოთო, თქვა ერთმა, ჰო, ვინ იცის, ვინ მათხოვრები და ოხრები მოათრია ფაციამო, გამოთქვა მეორემ. იმ შუაკარის გვერდით ფანჯარაც იყო. ფანჯარაზე იმათი მხრიდან ჩითის ფარდაც ეკიდა,. დახუჭული თვალით შევნიშე, ფარდის კიდე თითით ოდნავ გვერდით გაიწია და ვიღაცის ბნელი, თანაც ბრიალა ცალი თვალი ჩვენსკენ გამოჭენდა. მოჭუტული თვალები მე მთლად დავიგლისე-დავიხუჭე. აგენი გურულები არ იქნებიანო, ტალახზე ეტყობათო, თქვა მესამემ. ალბათ ის იყო, თითით ფარდა რომ გადააჩოჩა.
მალე რაღაც ჭახაჭუზი და რაწკირუწკი მოისმა. მერე ხმას უფრო აუწიეს და ხარხარიც ატყდა. მივხვდი ღვინოს სვამდნენ და რაღაცას ძალიან გემრიელს ჭამდნენ. იმათი პირების მჭლაყა-მჭლუყი და ყლაპვის საცნაური და მადისამშლელი, თუ რაღაც უნელებელი შიმწილის გრძნობის გამომწვევი ხმები, ჩემამდე აღწევდა.
გამიჭირდა ძალიან, მაგრამ საშველი არ იყო. ერთი მწარედ გავიკრუსუნე და გადავბრუნდი. იმ გადაბრუნებამ ისეთნაირად ააჭრაჭუნა ჩემი დაჟანგული რკინის საწოლი, მივხვდი, ფანჯრის ფარდა კვლავ გადასწია ვიღაცის ხელმა და გაოცებული თვალი ერთხანს ჩვენსკენ მოაქცია.
იმედგადაწურული გადავბრუნდი. იმწამსვე სითბილეში, სირბილში, სიალერსეში ჩავეფალი: წამომეხურა თხელი მქრქალი სილურჯე ცხოვრებისა, სიმყუდროვისა, სიმსუბუქობისა და გამომპცალა სამყოფი და გარდავისახე უცხოდ, მაგრამ, ჩუ... ვხედავ, ვარ შინ, სექვეზე ვზივარ, ბუხართან. ნენეს ტაბლაზე შედგმული ფხალ-ლობიოიანი ჯამი მოაქვს. ჯამს ირგვლივ უწყვია ახალდატეხილი სქელი მჭადი, ადის ოხშივარი ცაში და ვყლაპავ მოხეთქილ ნერწყვის ნაკადულებს, სული მიკაწკაწებს, როდის წავატეხავ იმ ჭადის გოროხებს ყუას და ამოვაღებინებ ნივრით და კაკლით შეყივლებულ ფხალ-ლობიოს მთელ ბულულს. ტაბლას დადგმაც არ ვაცალე, _ წავეტანე მჭადს, ისე მეცხელა, შევკრთი, გავიღვიძე. მშიოდა კი, მშიოდა. იქიდან კი ისმოდა ხიხვინი და მჭლაყამჭლუყი და ჭიქების წკარაწკური, დაბალი ღიღინი, სინამდვილეში ის ხმები ფანჯარაზე საწყალ ჩამოპორწიალებულ ფარდას თითქმის აკანკალებდნენ, ქანაობდა თვითონ ოთახიც, სახლიც, დედამიწაც.
ვიშმუშნე და ვიშმუშნე. აღარ დამეძინა. თუმცა, არა მთლად მჭლაყა-მჭლუყის ბრალი არ აღმოჩნდა ჩემი უძილობა. კისერთან, აი იქ, მკერდი რომ მთავრდება და პატარა დუბე-მინდორია, მომეფხანა. მოვიფხანე გემრიელად. ასე გინდა შენაო და მომეფხანა ახლა უკვე მენჯზე. ვაძგერე იქაც მოლესილი ფრჩხილი. გავუსვი-გამოვუსვი, ოდნავ მაგრად მომივიდა, მგონი მოვიკაწრე; ამეწვა, თუმცა, სასიამოვნოდ, მაგრამ დახეთ, რაღაცა სველში გამისრიპინდა თითი. ამოვაძვრე ის თითი, ცხვირის მახლობლად გავიქნიე და მეცა სუნი კორიზასი (ბაღლინჯოსი), ახლა მუცელზე, ჭიპის ქვემოთ რომ თხელი მინდორია, იქ მიკბინა ოხერმა. მანამდე მისი ცივი, ლორთხო სიარულიც ვიგრძენი. კი, არხეინად მიდიოდა ჩემს ცარიელ მუცელზე და თავისთვის ადვილად მოსაწუწნ ალაგს არჩევდა. მივაპარე ხელი, აუჩქარებლად, ნელა დავადე ზემოდან, მოვუფერდე თითებით და, ისევე, მოქანავე, ცოცხლად ავიყვანე,. ქუჩიდან შიშველ შუშაში შუქი შემოდიოდა. წამოვწიე თავი, დავხედე, მთვარისფერ თითებში თრთოდა მსუქანი, საზიზღარი ბაღლინჯო.
იმდენი ღრიჭო დარჩენოდა შუშაბანდს, იქიდან გავისროლე გარეთ და მოვისვენე. მივეგდე კუჩხეში, გავინაბე, დავემალე ვითომ, მაშინ დაიძრა ახალი ჯარი, ძირიდან ზემოთკენ, აღმართებისკენ, მერე იქ მინდვრები, ნოყიერი საწუწნავები ეგულებოდათ. არა, სოფლის უკულტურო კორიზაები ასე არ იქცევიან. რამდენიმეს რომ მიაჭყლიტავ და საკუთარ სხეულს მიალესავ, მერე თავს განებებენ, დაძინებას გაცლიან მაინც. ესეც ხომ ნამუსია.
ესენი კი მთლად უნამუსოები ყოფილან, _ მთელი ფრონტით წამოვიდნენ, მარჯვნიდან, მარცხნიდან, არა, ვეღარ მოვუარე და ვეღარ დავიხსენი საკუთარი თავი, დავიღალე, დავუძლურდი, დავნებდი.
დილაზე მეზობელი ოთახის სტუდენტები მაინც ვერ დავინახე, წასულიყვნენ. ეყარა დაცლილ-დალოკილი ჭურჭელი, ნაოხრალი მაგიდა, ჭლიკმორყეული სკამები. იდგა სუნი, მჟავე, მჟაგე, გულისამრევი.
გოგონები გამოგოგმანდნენ ქვაფენილზე. ეზოს ონკანთან მივიდნენ, წყალი მოუშვეს, თან ჩვენკენ იჭყიტებოდნენ. შიშველი, თეთრი იდაყვები, ჩახსნილ-ჩაჭმუჭნილ ხალათებში ჩიჩქვი, მკვრივი, უკვე კარგა შეთვალული ნაყოფები, დაუბანელ პირთა ცინცხალი ღიმილები, მორცხვი, ეშმაკური, რაღაცისმთქმელი ღიმილები, მზის ამოსვლასავით რომ გადმოიღვრება მაღლიდან და წაგეკიდება, მოგრწყავს, მოგთუთქავს, მოგიპყრობს, მოგიმორჩილებს. სევდაა ეს? არა! იმედი ულევადაა, იმედი, _ რამდენიც გინდა, მაგრამ როდის, როგორ, რით გაანაღდებ იმედს? ასეთი, კორიზაების დაკბენილი, უშაურო, დაჯღურკული შარვლით? რა იმედი მოგივლის და მოგეხმარება? საცოდავო შენ!
ლია და ბელა. ბელა და ლია. ჩამეჭედა მათი სახელები ტვინში. ის, მომაღლო რომაა, ბელაა. გამომხედავს, ამომხედავს, გადმომხედავს, მგონი ეცინება. თითქოს რამეს მეუქნება ან თითქოს რამე ეთქვას წინათ და ახლა იმ ნათქვამს მახსენებს, მაჯაღინებს (მაღიზიანებს).
თვალები მჭრელი აქვს და თბილი, თავიდან ქერა მეგონა, ახლა შავგვრემანია უკვე, მაგრამ სწორედ ეს შავგვრემნობა უხდება. მეც ეს მომეწონა. აყვავილებულია, აფეთქებულია, ამზევებულია, იცის, მე რასაც ვფიქრობ მასზე. გადასარევად იცის, ა, მიყურებს, ტუჩებს ათრთოლებს, რაღაცას ამბობს თუ ლოცულობს? გამჩენელო ღმერთო, დამიფარე, მომეხმარე, გადამარჩინე მაგ ციცას შემოხედვებისგან, მიხსენი მაგის თვალებისაგან! აჰ, რას ვამბობ! ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, _ მაცოდინე, ჩემი იქნება ეს გოგო? ბელა, ბელა, ბელა! რანაირი ბელა (შარი) ავიტეხე, რამ შემახედა, რამ გამკოჭა, რამ გამთვალა, ვინაა ეს ფანძაკი, ეს ფლიკითრევია?.. დრეკით, რხევით, ცალ ფეხზე აკეთებს ოდნავშესამჩნევ გადახრას. რაც მგონი, ძალიან უხდება. მარტო ეს მისი გადარხევ-გადმორხევა ერთ რაღაცად ღირს. ღირს კი არა, მრევს, მაშფოთებს, მაგიჟებს. კი, კი იცის, მე რას ვფიქრობ მასზე, აი, ბაგეები რაღაცას მეუნებიან.
ის, მეორე, ვატყობ, უმცროსია. ბელა უფროსია, მაღალი, მძაფრი, ამაყი, გაბედული, მიურიდალი. მარტო დგას. პირს იხოცავს. მგონი მეძახის, ჩამოდი აქაო.
წავედი. ზაქრო მიყურებს.
_ ჰა, მიხვალ, ჭო?
_ რა იყო, ჭო?
_ გაგიჯავრდება ჩვენი ხაზეიკა და ნახავ მემრე.
ჰო, ვნახავ. გამიჯავრდეს, ბელას კი ეცინება, შფოთავს, პირსახოცს მხრებზე იფენს და გაბადრული შემომცქერის. ვუახლოვდები, ვღელავ! აბა, შენ იცი, შუქრავ, არ გაჩეჩდე ახლა დატეხილ თიხისჯამივით. მოიკრიფე ძალღონე, გაბედულება და ჭკუასაც დაუხმე ცოტა, ისიც დაგჭირდება. მარტო ძალა არაფერ ხეირს არ მოგიტანს. ჭკვაა მთავარი, მაგ, დუბის მზით გარუჯულ და დუბის ქარებივით გამოფშეკილ ხაპერში კი გიყრია ჭიჭკვი ჭკვა. ალბათ, მიდი, ჰო!
-რამენა მითხრა? _ მკითხა ბელამ, როცა მასთან ჩავედი.
_ მე მეგონა შენნა გეთქვა რამე, _ ა, უკვე შევცდი! ის კი უცნაურად შეკრთა, აცმუკუნდა. გვერდით მივდექით, მგონი მოვეფარენით. ისე ახლო მივედი, მისი სახისაგან თითქოს მეცხუნებოდა. მინდოდა ხელი მეხლო. ხელი ხელზე, მკლავზე მაინც... ბევრი რამ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ენა მთლად ჩამივარდა, გავშეშდი, დავიბენი, მიყურა, მიყურა და მოწყდა იქაურობას, გაიქცა, გაქრა. დავრჩი მარტო, ხაშარავით დასობილი. უცებ ზაქროს დაძახებამ დამძრა ადგილიდან და გამომაფხიზლა.

...
ბელასავით წავიდნენ, გაქრნენ, გაილიენ დღეებიც.
აგრილდა, აცივდა. წვიმებმა იმატეს და იმატეს წყალი ზემოდანაც, გვერდებიდანაც ცრიდა. სველდებოდა, ცივდებოდა, მყრალდებოდა. ჩვენი ოთახი ობდებოდა, ჩამოვიდა მთიდან მამაჩემი. ჩამოიტანა კვიხილა (ნაგვიანევი მწვანედ გამხმარი თუთუნი).
ასეთი თუთუნი როგორ გაიყიდებოდა. გაიტანა ჩაქვში, სულიას დაუტოვა, რაც გინდა უყავი, იქნება აქაურ მეჩაიეებს სოფელშივე მიაფეჩვო, მიაფაფო როგორმეო. იქნება პაწა ხარჯი მოაფერო, მოჭუჭკო და ამ ჩემს შუქრას საზამთროდ რამე მოთბილო, მხრებზე წამოსაფენი, უყიდოო. სუსტი ბაღვია, ხმელი, შაუძლო. ქალაქმა გლახა გაცივება იცის, გონჯად დაავადება იცის, არ მომიკლას ბღუშტი, სულიავ. რაცხა მომეხმარე, რაცხა მომიფერე, შენ შეძლებ. მე არაფერი გამომდის. გაყიდვა არ შემიძლია. ჩემი ხელიდან არავინ არაფერს იყიდის. ასეთი დამწვარი იღბალი მაქვსო, უჩიოდა მამაჩემი ბედს. არ ვიცი იმ თუთუნს სულია ბიძამ რა მოუხერხა მაგრამ ერთ დღეს გადადარებულ ნომებრის კვირა დღეს, მამაჩემთან ერთად, ჩამოგვაკითხა და შავ ბაზარზე გაგვიყვანა.
დიდი ვაჟკაცობა და გულუხვობა გამოიჩინა უფროსი, მთიელი, ხელმოკლე ძმის წინაშე სულიამ. თუთუნი თურმე შინ დაეტოვებინა, მაგას გვიან ზამთარში რაღაცას მოვუხერხებ, ვიღაცას ხათრით თუ ძალით დავკარგავ ზურგზე და რაცხა პაწა გროშებსაც ავაგლიჯავო. უთქვამს მამაჩემისთვის. ახლა წამოი, წავიდეთ ბაზარში და ერთად ვნახოთ რამე. ფარას მე დავდებ, ბიჭს რამე ჩავაცვათო.
იარეს, იარეს, იფიშმანეს, იფიშმანეს და, ბოლოს, ბიძა ერთ სქელ ქალს (ისევ სქელ ქალს) მიაჩერდა, ქალს ხელში გადაეგდო პალტო-ტუჟურკა, შუაზე წყვილ-წყვილად ჯიბეები ჰქონდა დატანებული. ირიბად გაჭრილი ჯიბეები ხელების გასაყოფია, იგი განდაგანა ჯიბეთა ზემოთაა, რომ ჩამცმელმა ხელები ადვილად გაყოს შიგნით და გაითბოს. შევხედე, პალტო ცოტა მედიდა. ამან კი მატკინა გული, რადგანაც `ტუჟურკა~, რასაც ბიძაჩემი ჩოხას ეძახოდა, ძალიან მომეწონა. ეს რომ მიყიდოს, ვფიქრობდი ჩემთვის, _ კოსტუმიც და პალტოც ერთად მექნება; ორივეს მოვალეობას იგი შემისრულებს-მეთქი. ჯიბეები მომეწონა ნამეტნავად. ჩავიყოფ ხელებს, ჩაივიღილავ და, თუ ფეხზე წყალშეუსავალი რამე მეღირსა, რაღა მიჭირს, გამითბება კუხმუნჯო (მხარბეჭი, ზურგი) და ვივლი ბათუმურ ჟუჟუნა წვიმაში ლაღად. აი, ვიქნები ბიჭი! დავენახვები ბელას უფრო გაბედულად და ხშირად, შეიძლება კინოშიც დავპატიჟო, თუ მექა პაწაი ფარა. ეჰ, თუ ის ჩოხა მიყიდა, თუ ფეხზე ბიძამ რამე მომიძებნა, რაღაცის ფარას დამიტიებს.
ჩოხა-ტუჟურკა მაღლა ასწია, შეხედა, შეაბრუნა, შემოაბრუნა. მამაჩემი ოდნავ ნაღვლიანი თუ ერთგვარად დარცხვენილი სახით შეჰყურებდა ყოველივე იმას, რაც იქ ხდებოდა.
ჩემი ბაღნური ჭკვით მივხვდი, _ ბაბას ერიდებოდა. საკუთარ ჯიბეში არა ედო რა, ამიტომ ბიძაჩემზე ჰქონდა მთლიანად მინდობილი ჩემი საზამთრო შემოსვის საქმე;
დარდიანი, დაღალული თვალებით აკვირდებოდა ყველაფერს, თითქოს წვერ-ულვაშიც დაღლოდა, _ დაფუშული, გაუფერულებული ბალნები უღონოდ ჩამოწუროდა ღაწვებიდან თუ ნიკაპიდან დაღმა. რადგან ფული ბიძას უნდა გადაეხადა, მამა აღარაფერში ერეოდა.
სულიამ პალტო რომ მაღლა ასწია, აღტაცება ვეღარ დავმალე. ჯიბეები ხომ მთლად ხატავდა. თუმცა რა ხვიტი უნდა ჩამედო იმდენ ჯიბეში. მაგრამ ჯიბე მაინც ჯიბეა, მამაკაცს შვენის ჯიბე. აი, თუ ეს ჩოხა მიყიდეს, მარტო გვერდებზე, ოთხი მოზრდილი ჯიბე მექნება, _ ორი ქვემოთ, ორი ოდნავ ზემოთ, ორიც ხომ შიგა ჯიბე მექნება. ვუყურებ, ვაკვირდები და ვატყობ, ჯიბეები საკმაოდ განიერებია. შეიძლება მთელი წიგნიც ჩამეტიოს და სასწავლებელში რომ წავალ, ხელში აღარ ვაპორწიალო. ჩანთა ხომ მაინც არა მაქვს. ფერიც მომეწონა პალტოსი. შავი იყო, ჭვარტლივით შავი. რაც მთავარია, ნაცვამი არ იყო. ახალი ქსოვილი იყო, სქელი, გამძლე და, ალბათ, შესაფერისადაც თბილიც.
ბიძამ ერთხელ კიდევ მაღლა ააფრიალა პალტო, მამაჩემს გადახედა, მეც თავის დუდიდან ფრჩხილებამდე საგანგებოდ შემამოწმა. სქელი ქალი კი, მხრებზე, მკლავებზე გადაკიდებულ-გადაფენილი სხვა ათას ძველ-ახალა ნაჭურტალებით დაბულულებული, სხვა მუშტრებს ეძახოდა, ზოგსაც წვრილმან რამეებს უკვე აძლევდა, აღებულ ფულებს კაბისქვეშ, ჩულქის თავში იპეჭავდა, თანაც ჩვენსკენაც ცალი თვალი ეჭირა. ოდნავ ვითომ მეცნო, ისე გვიყურებდა, ისე გვენდობოდა, ერთგვარი იმედი მომეცა, რომ ნამეტანი ძვირად არ დაგვიფასებდა ჩოხას.
_ ა! _ შეხედა ბიძამ ბაბას. _ რას იტყვი, ალიავ, შენ გადაწყვიტე.
_ რა ვიცი. შენ იცი, სულიავ, _ დაუთმო მამაჩემმა.
ბიძამ პატრონს შეხედა. ქალი უმალვე შემობრუნდა, რაღაც თავზეც გადაიყარ-გადაიფარა და სახე სულ შეისუდრა. მაგრამ თვალები, ბიძაჩემისკენ რომ იცქირებოდნენ, მე კვლავ მეცნაურა და უნებური სიამის ალმურმა ტანში დამიარა.
ერთი რომ ჩამაცვან, მომაზომონ? _ ვფიქრობდი ჩემთვის, თანაც იმავე მოზომვა-გასინჯვისა მეშინოდა. პალტო თვალში ცოტა მედიდა, ჰოდა, თუ ნახავდნენ, რომ მართლაც დიდი მაქვს, აღარ მიყიდიან-მეთქი, ვშიშობდი, ქალის თვალებმა ბიძას უთხრეს (პირი არ უჩანდა), გაასინჯეთ, ჩააცვით, ნახეთო.
-ჰა, ჭო, გუუყარე... _ მომაფინა ზურგზე სულიამ ჩოხა. როგორც კი ხელი გავყავი, სახელო მეგრძელა, მხრებში არა უშავდა, ბიძამაც თქვა, მხრებში პალტო გენგიშა უნდა იყოსო .ბათუმის წვიმა მაგას ისე მოთელავს და მოწირხავს, სულ მალე დაუპაწავდებაო. მერე, ბიჭია, ჯერ ხომ კაცი არაა, ჯერ მაგი იზრდება, ემატება, გაისად თლა გაავსებს მაგ ტუჟურკასო. _ წინ ფოლაქები ჩამიღილეს და ზემო ირიბად მიკერებულ ჯიბეებში ხელები ჩამაწყობინს. უცებ ძვლებმა სიამე იგრძნეს, მეც უკვე მოზრდილი კაცის იერი მივიღე. ზაქრო შორიახლო იდგა და მისებური გულგრილი, გაუგებარი და გაპარული ღიმილით იყურებოდა. იმას რა ენაღვლებოდა, _ შინ ღოჯეზე, ფიცრის კედელზე, მიკიდებული თავისი ჩოხა-შარვალი ეგულებოდა.
-რანდა აგვართვა ამაში? _ ჰკითხა ბიძამ. ქალმა პალტო გამოართვა და მხრებზე აზვინულ ძველმანებზე ზემოდან გადაიგდო, პირი იბრუნა. შეგვატყო, მოგვეწონა და ისე მოგვექცა, თითქოს გაგვიჯავრდა, თითქოს გადაიფიქრა, თითქოს უარს ამბობს.
_ რას კითხულობს ფასს, საქონელი ნახე? ჰოდა, ახალი, ნაღდი რა ეღირება აქა, ვერ უნდა მიხდე? ორნახევარი უნდა...
ეს ორასორმოცდაათს ნიშნავდა. ბიძამ თავი ჩაღუნა, ტუჩები ააქანავა, მგონი რაღათას ანგარიშობდა. მამაჩემი თითქოს ერთგვარი შიშით შესცქეროდა.
_ პაწაი დააკელი და მიმაქ.
_ წეიღე, ჰა, ხუთ გიკლებ. აღარაფერ გამაგონოთ! _ ბრძანა სქელმა ქალმა და თავზე გადაფენილი პერანგები მხრებზე გადაიყარა, სახე გამოუჩნდა, ღმერთო! _ ეს ხომ ის ქალია, სულია ბიძა რომ შეეჯახა ბაზართან და საზამთრო გაუხეთქა?
_ იმ ხუთ მანეთს გიბრუნებ. _ ჩაიხვივინა ქალმა და ახლა ბიძაჩემმაც იცნო.
მოკლე თათბირის შემდეგ გადაწყდა, ჯერჯერობით ჩემთვის კალოშები ეყიდათ. ძველ ფეხსაცმელს კალოში შეკრავდა, ფეხში წყალს არ შეუშვებდა. თანაც კალოში ისე ძვირი არაა. ბიჭს პალტო აქვს, ფეხიც მშრალად ექნება, აღარ გაუჭირდებაო.
პირფართო კალოშებს შიგნიდან წითელი ფანელი ჰქონდა გამოკრული და კიდეშემოღლეტილ ფეხსაცმელებს მყარად შემოეტმასნა. ბაზრიდან რომ ვბრუნდებოდით, ერთგან ქუდების მკერავთან შევდექით.
_ გებრას დეიხურავ, ჭო? _ ჩემს მაგიერ მამაჩემს შეხედა და იკითხა ბიძამ.
შუშისქვეშ იდო სამხედრო ყაიდაზე შეკერილი `კეპკა~, მოზრდილი კოზირი ჰქონდა, წინ ყირმიზა ვარსკვლავები უციმციმებდა. ა, ამას დავაჭირე თვალი. ბიძაჩემი იმ დღეს სხვანაირ ხასიათზე იყო. მისი მუდამ განრისხებული და უკმაყოფილო სახე ერთგვარად გამოდარებული, კეთილი, მოალერსე ჩანდა. როგორც კი შემატყო, ვარსკვლავიან კეპკას დავატანე თვალი, ხელოსანთან შეაბიჯა, ქუდი გადმოიღო და პირდაპირ ჩემს მოხვიტირებულ `დუდზე~ დამადო (ჩვენში კომბოსტოს დუდიფხალს, ესე იგი, თავიფხალს ეძახიან). ცოტა კი მომეჭირა, მაგრამ წინ წაშვერილ კოზირს ისე წავატანე ხელი, ვეღარავინ გამაშვებინებდა. ბიძამ იჩიჩქნა-იჩიჩქნა ჯიბე და ბნელი სათვალიდან ჩვენსკენ მომზირალ მკერავს რაღაცა ჩაუდო ჯიბეში. ქუდი თავზე დამრჩა.
მეორე დღეს სასწავლებლიდან შინ ადრე წამოვედი. ზაქრო ვიღაცა ბიჭებს ბულვარში წაყვა, იქ ერთ ალაგას, ჩინური ზღმარტლია და ვჭამოთო. ოთახში რომ შევედი, გულს ბაგიბუგი გაჰქონდა, ახალნაყიდები უნდა ჩამეცვა.
ჭაჭანება არსაიდან ისმოდა. ძველი გარდერობიდან გამოვაჟვრე ჩემი ახალნაყიდები და საწოლზე დავაწყვე აზიზად. მიხაროდა, არავინ მიყურებდა. ერთი ლაღად, სულდათქმულად, ჩავიცვამდი, სარკეში გავიხედავდი, მერე იქნებ ეზოშიც გავდიდოდი, იქნება ბელასაც დავენახებოდი. ჯერჯერობით გოგონები არსად ჩანდნენ, არც ხმა ისმოდა არავისი. ვიმეორებ, პალტოს ორი მოვალეობა ეკისრებოდა, _ პიჯაკადაც უნდა გამომდგომოდა, ამიტომ ბიძაჩემის ნაყიდი ჩოხა თითქოს ჩემი მთელი ცხოვრება იყო. სულმოუთქმელად ჩავიცვი და ძველი გარდერობს კარში ჩასმულ სარკეს მივაშურე. სარკე ისე იყო ჩაყვითლებულ-ჩაღრუბლული, შიგ სახეიროს ვერაფერს გაარჩევდი, მაგრამ ერთ ალაგას, ასე ორი ხელის სიფართეზე, აღმოვაჩინე ჯერ კიდევ საღლამი ტიალი ჩასახედი, სადაც მე და ჩემი პალტო დავიბადეთ! აი, _ დაბადება ოდნავ მაინც უახლოვდება ჯერ მიუგნებელ იმ სიტყვას, სიცოცხლეში პირველად პალტოჩაცმულის სიხარულს რომ სრულად იტყვის. ფოლაქები რომ ბოლომდე ჩავიღილე და ხელები დავუშვი, ახლა უკვე თვალში საცემად შევამჩნიე, სახელოები რამდენად გრძელი მქონდა, ასე ოთხი თითის სიბრტყეზე ბოლოები წამოვიკეცე და ხელები გამოვაჩინე, საყელო გავისწორე, შიგნით ძველი ტილოს პერანგ-ბლუზის დაგორვალებული საყელოს წვერებიც გავიჩეჩ-გავისწორე და თვალი ჩემივე თავს შევავლე. თითქოს სქელი გამოვჩნდი, შავი და უცხო. მე _ ნამდვილმა, თვალი ჩავუკარი და დავეჯღანე იმას, მე-ანარეკლს. ანარეკლი უძახე შენ, _ მე მჯობდა იგი. არა, მართლაც, უკვე პალტოში ჩემზე შეიხედებოდა. _ არა მიშავდა. ჩემივ სახეზე ალაგ-ალაგ, მეჩხერ-მეჩხერ ამოღერწილი ბალნები აღმოვაჩინე. ეტყობა, დროა პირის მოპარსვაზეც ვიფიქრო, _ ვთქვი.
ძველი შარვალი, რომლის გახუნებულ-დაჭმუჭნული ბოლოები შავი პალტოს ქვემოთ ახლა უკვე მკვეთრად გამოისახა, აუტანელი მეჩვენა, მაგრამ, ვეცადე, ეს დიდ უბედურებად არ ჩამეთვალა და ბედს შევრგებოდი. ვინატრე კი, ოდნავ მოგრძო რომ ყოფილიყო ჩოხა, შარვალს სულ დაფარავდა-მეთქი. მაგრამ... კალოშები? კალოშებმა იქნებ შეცვალოს რაღაცა. გამოვაძვრე კალოშები, შიგ ჩავჭუჭკე დაღლეტილი ფეხსაცმელები და ფეხზე წამოვიცვი.კალოშების ლაპლაპა სიშავემ მართლაც თითქოს წაშალა შარვლის ბოლოების სიგონჯე და ერთგვარი ჰარმონია თუ მოსათმენი მთლიანობა დაამყარა. ვუყურე, ვუყურე თავისთავს და, უცებ, სიცილი წამსკდა, მე მგონია, ეს ბედნიერებისა იყო.
ახლა, ახალი `გებრაც~ გამოვიღე და თავზე დავიდე. შავი პალტო, ძირს შავად მოლაპლაპე კალოშები, თავზე კაკლის წენგოსფერი ქუდი. თავი ბაზრის შემდეგ თითქოს უფრო გამზრდოდა, _ ქუდი გაჭირვებით წამომეტია. ფაქტიურად, მაღლა წამოკოკოსებული დამრჩა. იგი ცოტა წინ, შუბისკენ დავაქანე და კოზირმა იერი მთლად გამომიცვალა. ქუდი ნელ-ნელა თავზევე გაყალიბდება, გაიწევა, თავს მიეჩვევა და მოერგება, _ ვასკვნიდი ჩემთვის, პალტოს სახელოების ამბავი კი უფრო რთული ჩანდა. გარედან აკეცილი ახლა სრულიად მიუღებელი მეჩვენა, ამიტომ ვცადე სახელოთა ბოლოები როგორმე შიგნით შემეკეცა, ასე მეუკეთესა.
გარედან კიკისი გავიგონე. ბელა და ლია ვიცანი, მგონი შუშაბანდში თვალი მომკრეს და ჩემზე გაეცინათ. ბელა! იგი ჩემკენ ყურებაში ლიას ჩამორჩა, ნაბიჯს აუნელავა, ღიმილი კი მაშხალასავით უგიზგიზებდა პირზე. ეს ღიმილი ჩემი იყო, ამას კარგად ვგრძნობდი და გული საშინლად მექაჩებოდა, გარეთ გავსულიყავ.
ლია ფარდულში შეიმალა, ბელა კი, თითქოს ფეხს ითრევდა. მეც აღარ დავაყოვნე. დავძლიე ჭოჭმანს და კიბეზე ჭრაჭუნით დავეშვი. ცერის თითებით პალტოს სახელოთა შიგნით შენაკეც ბოლოებს ვაკავებდი, რომ ისევ გარეთ არ გამობერილიყო.
ბელა ფიცრულ კარს მიადგა, შეჩერდა, შემომხედა, რატომღაც სახეზე მკლავი მიიფარა და სახელი დამიძახა. ბელას ბაგეებიდან ჩემი სახელის წარმოთქმა, ჩემთვის ერთი ჩაცმა-დახურვის ღირებულებისა იყო. რაღაცა მკითხა, მაგრამ ვერ გავარჩიე, რა. ჩემი სახელის თქმამ დაბურა და წალეკა სხვა დანარჩენი. ბელა, ჰო-მეთქი, მეც დავემოწმე, რათა ამნაირად მეც მისი სახელი წარმომეთქვა. მისი ეშმაკური თვალები თითქოს წინანდელ, ველურ დაუმორჩილებლობას აღარ აშუქებდნენ, რაღაც ახალი, თვინიერი და რბილი სინათლეები მომეფინა მისი გამოხედვიდან; წამით იმნაირი შთაბეჭდილება დამრჩა, მეგონა, ბელას შევეცოდე ამ პალტოში. გაგიგონია კაცს ახალ სამოსელში ჩაჩმული შეებრალო? კი, ბატონო, საკმაოდ გრილოდა, მაგრამ საპალტოე ამინდი ჯერ არ იყო და, ბელა ალბათ მიმიხვდა, მის დასანახად რომ გამოვედი ასე შემოსილი.
შორიდან, წეღან, მაგარი ვიყავი. ბელასთან პირისპირ შეხვედრისათვს სათქმელებს ვაწყობდი, ვალაგებდი , წარმოდგენაში სულ თავისუფლად, სხარტად, ლაღად, ამაღლებული უშუალობით ვემუსაიფებოდი იმ იბრეთ (საოცარ) გოგონას, მაგრამ, როგორც კი შევხვდი, გული შიშნარევმა მღელვარებამ შემიბოჭა და სიტყვები აქეთ-იქით გამექცნენ. ახლის ჩაცმამაც ვერ მიშველა. კი, რა თქმა უნდა, პალტოში ვიყავი. მაგრამ ისე მეგონა, მე ცალკე ვიყავი, პალტო ცალკე იყო და ამ ახალუხში შემალულ სიფუხრე-სიშიშვლეს გოგო თითქოს ხედავდა.
მიყურა, მიყურა, მაგრამ ენა ვეღარ მოვიბრუნე, შეტრიალდა, წასვლა დააპირა, თუმცა, ვნახოთ. _ წამით ისევ მომიბრუნდა, ისევ გადამაყარა თავისი უსაშველოდ ცხელი ღიმილის ნაკვერცხლები და მომანათა ჩვენებური ოქტომბრის ცასავით უღრუბლო, მოიისფერებულ-მოწმენდილი თვალები. იცით? _ შევშინდი. აი, იმ სილამაზის უშველებლობამ რაღაცნაირად შემაკრთო. და, უცებ გულში გამიარა, ღმერთო, ჩამკარგე, ჩამახვიე, ჩამღუპე, ე, ამ სილამაზეში-მეთქი, მაგრამ (ტკივილივით მახსოვს) მარწყვისფერი ტუჩები გახსნა და ბელამ მითხრა:
_ შუქრი, იცი სულელი ვინაა?
_ არა. _ ვთქვი დაბნეულად და ახლა რატომღაც მკლავი მე თვითონ მივიდე სახეზე.
_ შენ ჩემი სულელი ბიჭი ხარ, შუქრი, _ განაგრძო თვალების ზეიმური ელვებით ბელამ და უხმო ჩაკისკისებამ მხრები შეუკანკალა.
ჯანდაბას, ვიყო სულელი, ჩემი ბიჭი ხარო ხომ წამოცდა? _ გავიფიქრე და ჩაღილულ პალტოზე სიამოვნებით დავისვი ხელი;
_ სულელი? _ ვიკითხე მაინც, რათა არ გონებოდა გოგოს, რომ ეს სიტყვე ვერ გავიგონე, ან ვერ გავიგე.
_ სულელი! მე მიყვარს სულელი...
ჭიშკარში `ხაზეიკა~ შემოზვინდა. იქვე ადგილზე დაესო და ბელას შეაშტერდა.
_ ოიკიდი, შე ღორის ნაგაზო, შენ! გამიხდი საწყესავი ხომ?!
მოვიხედე, ბელა ტანის რხევით, ოდნავ თითქოს გვერდით გადაზნექილი, თავისი ფიცრულისაკენ მირბოდა. ფაციას ჩემთვის არც შეუხედავს. ოთახში რომ ავედი, ზაქრო იქ დამხვდა. არ ვკითხე, საიდან შემოძვერი-მეთქი. ისედაც მივხვდი. პალტო გავიძრე და ღრჭიალა გარდერობში ფრთხილად შევმალე. ზაქროს ძალით დასერიოზულებულ სახეზე ვამჩნევდი, ყველაფერი დაენახა. ითმინა, ითმინა და ბოლოს გატყდა:
_ ძალიან შეგიყვარდა ჭო?
_ რა გინდა მემრე შენ?
_ ააფერი, რანდა მინდოდეს. იმას ვჩივი, მითხრეს, მაი გოგო კოჭლიაო და... _ არაფერი ვუპასუხე, გავჩუმდი, კალოშები გავიძრე და საწოლქვეშ შევაჩოჩე, წითელვარსკვლავიანი ქუდი ლურსმანზე ჩამოვკიდე, საწოლზევე ჩამოვჯექი და კანშემოგლეჯილი `გლახის ნაამბობი~ გადავფურცლე. გულის სიღრმეში რაღაც დამეწვა. თითქოს ვიღაცამ გამლახა.
-იყოს, რა ვქნა მერე! _ ჩავილუღლუღე.
_ არა, ისე ვთქვი, თვარა... _ მგონი მალული კმაყოფილებით მიპასუხა ზაქრომ.
რომელიღაც დღეს, გაკვეთილების მერე, კვლავ მარტო გამოვიპარე შინ, ეზო ისევ ცარიელი დამხვდა, ჩვეულებრივად, წვიმდა, წვიმაში და იმ ბათუმურ უსაშველო სველ აცივებულობაში, უფრო დავაფასე და შევიყვარე ჩემი ვარსკვლავიანი ქუდი. შუშაბანდიდან ვუყურე, _ გოგონების ფიცრულის კარი ღრიჭედ იყო, მაგრამ არავინ ჩანდა. პალტოს და ქუდს არ ვიხდიდი, თუ ბელა დამინახავდა, მერჩია ასე ჩაცმული ვენახე.
ვიდექი, ვიდექი, _ არსით ჭაჭანება. ბოლოს მაინც, საიდანღაც ბელას კისკისი მომწვდა, გული გამიპო იმ კისკისმა, იმიტომ, რომ მეგონა, დამცინის-მეთქი. კამა გაიღრჭიალა და ბელას თავი ვიცანი. გამოიხედა. გავუცინე, გამიცინა და თვალები დახარა. მგონი მანიშნა, ფაცია-ხაზეიკა შინაა და არაფერი გამოვაო.
ეზოს ბოლო კუთხეში ჩვენი საერთო ჩემა ჩანდა, წყვილი კარი ჩვეულებრივად იყო მიხურულ-მიგლესილი და ორივე კარზე სახელურების მაგიერ, ორი გაჭჭყიანებული ბაწრის ნაგლეჯი ეკიდა. ზედ კარზე ერთს ჩაქუჩი ეხატა, მეორეს _ ნამგალი. ერთხელ ზაქრომ ამიხსნა, ჩაქუჩი კაცს ნიშნავს, ნამგალი _ ქალსო.
პალტოს საწოლზე მივაგდე, ხოლო კალოში და ქუდი შევიტიე. ჩავირბინე კიბე, წვიმებიანი ეზო, ჩაქუჩიანი კარი შევაღე და შიგ შევიმალე.
მიხურული კარი შიგნიდან თოკის იმავე ნაგლეჯის ბოლოთი, ხელების მოსმით, გალეულ მოღრეკილ ლურსმანზე მივაკოჭე, თავისთავი მოვსინჯე და უცებ აღმოვაჩინე, რომ იქ შესასვლელი არაფერი მჭირდა. გამიკვირდა, თანაც გამეცინა, _ ბელას ნათქვამი გამახსენდა, სახელი რომ დამიძახა. ჰოდა, ჩეჩმაში, უეცრად საშინელმა ეჭვებმა დამკაწრეს, მართლა სულელი ხომ არა ვარ-მეთქი.
აბა, იქ რა მინდოდა, ტყვილად?.. რაც უნდა ვუმალო, რას დავმალავ. იქ იმის იმედმა შემაგდო, იქნება ნამგლიანში ბელა შევიდეს და რამე თხელ კედელში დავეჩურჩულო-მეთქი, სანამ ამნაირ აპუწკულ ფიქრებში დაბორკილივით ვესკმებ-ვეგლებოდი, მართლა გავიგონე, გვერდით კარი როგორ გაიღო და შიგ ვიღაცა შემოვიდა. სუნთქვა გავიკმინდე. კედლის იქიდან კი გარკვევით მესმოდა მისი სუნთქვა. ახლა უფრო ავიწურე და გავჩუმდი, ვთქვი, მოითაოს თავისი საქმე და გავიდეს, თორემ ასე სირცხვილია-მეთქი, მაგრამ იქითაც სიჩუმე დამკვიდრდა, მგონი სუნთქვაც შენელდა. აი, მაშინ თითქოს მდუღარე გადამესხა, მოულოდნელობის სიცხემ დაჭინჭრა, _ ვთქვი, ალბათ დამინახა რომ შემოვედი, თვითონაც იქნებ რაღაცის სათქმელად შემოვიდა-მეთქი.
მართლაც, ფანერის კედლის იქიდან ჩურჩული მომესმა.
_ ჩემო სულელო! _ დამიძახა. შევხედე, ფანერის კედლის შუაში ნეკისიმსხო ნახვრეტი ჩანდა. იმ ნახვრეტიდან რომ შეგეხედა, იქით მდგომს წელს ქვემოთ ვერაფერს დაუნახავდი, მაგრამ შეჭიტინება მაინც მომერიდა. ჰო-მეთქი, ჩურჩულითვე გავეპასუხე.
-ძალიან მიყვარხარ, ჩემო სულელო! _ მომაჩურჩულა ნახვრეტში იქითურმა. ჰო, ჰო, მეც-ვთქვი, ამოვილუღლუღე და გავჩუმდი, ენა ვერ დავძარი, გრილ ფანერზე ლოყა მივადე. სუნიც აღარ მცემდა. რას გაჩერდიო, მომიბრახუნა. სანამ ენას დავძრავდი, გარედან კარი მოქაჩა ვიღაცამ. ჩავახველე და კარზე მომდგარი ვიღაცა უკანვე წავიდა, მაგრამ მეც მალე კარი გამოვაღე და გაჭენებული შინ შევვარდი, გავიხედე, საწოლზე ზაქროს ჩანთა ეგდო. მოსულა? დავუძახე, ხმა არავინ გამცა. მეზობელი სტუდენტების ოთახის კარი ღრიჭედ იყო, შევიხედე, არც იქ არავინ ჩანდა, სანამ მოვბრუნდებოდი, ზაქრო გარედან შემოიჭრა. ჩიჩვირები ისე ჰქონდა მოკუმული და ისე ნაძალადევი სერიოზულობით მარიდებდა თვალებს, ჩემდა საუბედუროდ, აშკარად დავასკვენი, ქალების ჩეჩმაში თვითონ იყო წეღან. ამის მიხვედრამ კი იმასაც მიმახვედრა, _ მაშინ ბელა რომ ეზოში მელაპარაკებოდა, ზაქროს ყველაფერი გაუგონია-მეთქი. მეწყინა, გავჯავრდჟი, გავიბუტე თუ შემრცხვა, ეს ბოლომდე ვეღარ გავარჩიე. ისე, მართლაც სულელურად, სიცილი და ღიღინი დავიწყე, ვითომც წაქროს მივახვედრე, შენი ოინები ყველაფერი ვიცი-მეთქი.
ამ დროს თვალი გარეთ გამექცა. იქ, ბელამ წვიმიანი ეზო გადაკვეთა და ნამგალმიხატული კარი შეაღო. ცქვიტად მირრხეოდა, ისევე ოდნავ გვერდულად, რაც ჩემი შეგნებით ძალიან შვენოდა.
_ ჭო, რა მითხრეს, იცი? _ მომიჩოჩდა ზაქრო.
_ ჰო?
_ ეგ ბელაი თურმე კოჭლია.
_ რას დამიჩემე, კოჭლია, კოჭლიაო, რა ვქნა მერე?! _ ვითომ ფეხებზე დავიკიდე ყველაფერი. სინამდვილეში, გული კი არა, სხეული მეტკინა.
_ არა, გებნევი ისე.. _ გაიმეორა წინანდებურად, ჩაღუნა თავი და ქვეშქვეშ დამიწყო ჭიტინი.
შევხედე ბიძაშვილს და რაღაც ლიბრი სიძულვილივით გადამეფარა თითქოს. ტუჩების ერთ კუთხეში თავმოყრილი მისი უფერული ღიმილი თანდათან გაიცრიცა და გაშრა. მან ბიძაჩემივით შეიკრა შუბლი და ჯავრიანი თვალებით დამიწყო ჭკუის დარიგებანი. კი, ამას ვგრძნობდი მას შემდეგ, რაც მის მოწყალებაზე დამოკიდებულად ვითვლებოდი.
მაგრამ მაინც შეჩვეული ჭირი მერჩია, ზაქროს გარდა ახლოს ვერავის ავიტანდი. ბელას _ კი. მაგრამ ბელას სიახლოვე იმ აღუსრულებელ ოცნებათა რანგს მიეკუთვნებოდა, ჩემთვის ფიქრიც წარმოუდგენლად დაუშვებელი იყო. რად, რით, როგორ?!
დილით, შინ, პურის ნატეხით და ზეგნიდან მამაჩემის ჩამოტანილი ჩლეჩილი ყველის ნაფცქვენების ქექვით გავდიოდით. შუადღეზე, გაკვეთილების მერე, სკოლის საინტერნატო სასადილოში, დიდი ქვაბით ლობიო კეთდებოდა ჩვენთვის. ხანდახან, ეგრეთწოდებულ, კატლეტებსაც დაგვირიგებდნენ, მაგრამ კატლეტს ხორცის გემო არ ჰქონდა. იგი მთლიანად შავი პურის გულისაგან იყო მოზელილი, მაგრამ ზეთში რადგან იწვებოდა, მომშეულზე მაინც გემრიელად გვეჩვენებოდა, ლობიო შინ, სოფელში, მოწყენილი და შეჯავრებული მქონდა. აქ კი, ქალაქში, უკმაზავი, თხელი, ტლაპო, მაინც უფრო კულტურულ ლობიოდ მეჩვენებოდა, ისე ვეძგერებოდი ჩიჩვირმოჭეჭყილი კოვზით და ისე ამოვაშრობდი საინს, _ გენი მოწონებული. თუ ძალიან მშიოდა, თუ ის ნახევარი საინი ლობიო არ მეყოფოდა, ტაბურეტიდან არ ავდგებოდი, ვაგრძელებდი ცარიელ თეფშში კოვზის კაკუნს და პურის ცარიელ ფუნჩხებს ცარიელ პირში თითო-თითოდ ვისროდი. მზარეული, რუსი თუ გერმანელი, სახე ლეჩაქივით თეთრი და თეთრი პურივით მრგვალი რომ ჰქონდა, პატარ-პატარა, ჭიქის ნატეხივით ციმციმა, თვალები გაოფლილ სახეზე შებრალების თუ რაღაცნაირი თანაგრძნობის ნაჭუჭებით რომ ექსოვებოდა, თეფშების მისაძლევ სარკმელში თავს გამოყოფდა და, ისე უხმოდ, ხელის ქნევით მანიშნებდა, მოიტა საინი, ლობიოს დაგიმატებო. ეს წინასწარ ვიცოდი, ამას მივეჩვიე და, ხშირად, ერთხანს ვრჩებოდი მაგიდასთან, რომ მზარეულს დავენახე.
მაგრამ ნამდვილი ხორცის კატლეტზე ოცნება მუდამ თან დამყვებოდა. ყველაზე დიდი სანატრელი მაშინ ჩემთვის ეს იყო: მქონებოდა იმდენი ფარა, როცა მომინდებოდა, კატლეტი მეჭამა, კინოს ბილეთი მეყიდა და იქ ესკიმოც ამეღო. როცა ბელა გამოჩნდა ამ ქვეყანაზე, მერე ამ ნატვრას ცოტა რამ კიდევ მიემატა, მაგრამ ყოველივე ამეებს ახლა აღარ ჩავუღრმავდები.
არა, გლახას ნურავინ იფიქრებს, ქვეშ-ქვეშ ნუ ჩაიღიმილებთ. ა, ვიტყვი, თუ ასე გინდათ: ჩემი სურვილი იყო, ბელა წამეყვანა ჩემთან, სოფელში. მოვშორდებოდი იმ საშინელებას, სწავლა და სკოლა რომ ერქვა. ბელა თუ გვერდით მეყოლებოდა, ოყიან თოხსაც დავიჭერდი ხელში და ყანას მოვთხრიდი (თუმცა, საკუთრად ყანას ვიღან გაღირსებდა, სუყველაფერი კოლმეურნეობამ მოხვეტა და გლეხს გარეყანაში, სადღაც კაპან ღელისპირებში საფხეკი ხელისიფართე ნაწიბურიც კი აღარ დაუტოვა).
მერე, ჩემი ბელა მომიხარშავდა ჩვენებურად ფხალ-ლობიოს, გამომიცხობდა კეცში მჭადს... ეჰ, მისი ხელით მოზელილი და მისი ხელით კეცზე დაკრული მჭადი სულ სხვა გემოსი და სურნელისა იქნებოდა.
თანდათან აცივდა. თანდათან იმატა წვიმებმა. ქუჩები, სახლები, ხეები, ადამიანები სულ ერთიანად გაწუწულები, გალუმპულები ჩანდნენ. ასეთ ყიამეთ წვიმებზე ჩვენებური გამოთქმაც გამომიცხვა თუ გამომეცხადა: ბათუმის წვიმა ყველაზე სველი წვიმაა მთელ დედამიწაზე.
მაგრამ ჩემი ტუჟურკა _ პალტოს, ჩემი კალოშებისა და ჩემი ვარსკვლავდაბნეული ქუდის პატრონს ამისი დარდი მაინცდამაინც აღარ მაწუხებდა. სახელოები ისე შევაჩვიე ბოლოების შიგ შეკეცილობას, გადაჭრა-დამოკლების საჭიროება გაქრა. ისედაც სად იყო მაგისი ხარჯი, რომელი მკერავი გამიკეთებდა ნისიად.
ერთხელ, ერთ შეცივებულ წვიმიან დღეს, შინ რომ მარტო ვიყავი, გაიღო კარი და, ღმერთო ჩემო! _ თავად ბელა გამომეცხადა. მოკლე ხალათი წამოეგდო მხრებზე, შიგ მოკლე ჩითის დაფრეწილი კაბა ეცვა და ხანდახან მუხლები გამოუჩნდებოდა.
ძალიან პატარა და ჭყაპი კიტრივით მოკაკვული მეჩვენა იმ ნაჭურტალებში გამოხვეული ბელა.
თითქოს უფრო დასერიოზულებული, მოწყენილი თუ მოღუშული ჩანდა. ის, მისი აყვავილებული ღიმილი სულ გაწურულიყო სადღაც. იმფერი ბელა მე უფრო მომეწონა, შევხედე, რაღაც იმნაირმა წადილმა გამიქროლა და მომსუსხა ყურისძირები, სახეზე ფერი მეცვალა ალბათ. მინდოდა მეთქვა, ბელა, იცი, როგორი საყვარელი ხარ ამ წუთში-მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე, ჩემს ღრიჭინა საწოლზე ჩამოვჯექი და ბელაც გვერდით მომიჯდა...
ვაჟკაცობა რომ მეჩვენებინა, ინიციატივას წავეტანე, _ კინოში წავიდეთ დღეს-მეთქი, შევთავაზე, თან ტუჩზე ვიკბინე, _ რომ დამთანხმდეს, რით ვიყიდი ბილეთებს-მეთქი, ხვალო, დამეთანხმა. ხვალ წავიდეთო, ლიაც წამოვაო. ეს არ მომეწონა. მინდოდა, მარტო წამოსულიყო ბელა. დავუქანე თავი თანხმობის ნიშნად. გამიღიმა. ეს ღიმილი იმ წინანდელს, ეზოში რომ ვხედავდი, არ გავდა, რაღაც სხვანაირი გაღიმება იყო, მბუდრო, საბრალო, დამალული და, ეტყობოდა, ეს ღიმილი მხოლოდ ჩემი საკუთრება იყო. მომიახლოვდა, მენდო, მომეთბუნა თითქოს. ხვალ კინოში ლიასი წამოყოლა რომ მეწყინა, ეს ბელას გაუხარდა. იცი რაო? ნუ გეშინიაო, მე სულ მარტო ვიქნები, მე და შენ წავიდეთო. გადამრია სულ! აგერ გვერდით მეჯდა ანგელოზივით გოგო. წარმოვიდგენ: ხვალ ერთად წავალთ კინოში, დარბაზი ჩაბნელდება, ბელა კი იქვე მეყოლება. კი ხვალ ვეტყვი ყველაფერს, მეტი აღარ შემიძლია. ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარხარ-მეთქი, რაო, ბაღნები ვართ? არაფერიც! სადღაც წამიკითხავს, თამარ მეფე თხუთმეტის თუ უფრო ნაკლები წლისა იყო, როცა... ხო, ეს წიგნები! სულ ვეღარ ვკითხულობ წიგნებს, იქ ვიპარავდი, აქ სად ვიშოვი წიგნებს. ან ამ არეულობაში სად ვიკითხო. გაკვეთილებსაც ვერ ვსწავლობ, საერთოდ, არ მესმის, რას გვიკითხავენ მასწავლებლები, კარგები კი არიან ჩვენი მასწავლებლები.
-ხო, ხო. _ რა ჩაცმულები არიან! მერე რა, ჩემი პალტოც არაა ნაკლები. აი, კალოშები, ეს ვარსკვლავიანი ქუდი! ჩვენი სკოლის წიგნები ვერ ვიგდე ხელში, ამბობენ, აქ, ქალაქში კარგი ბიბლიოთეკააო. დარბაზი აქვს, თბილი, სუფთა, წყნარი, შედი, თავისუფლად დაჯექი, მოითხოვე წიგნი და მთელი დღე, თუ გინდა, იკითხე. მაგრამ მგონი, აღარ მეძახის გული წიგნისკენ. ვეღარ დავიჭირე და ერთი მიზნისკენ ვეღარ მივმართე ჩემი ინტერესი.
ზაქროს საიდანცაც, ეგრეთ წოდებული, ბაღის წაბლი მოიტანა. ბუჯგიდან გამომშპარა, დიდრონ-დიდრონი მოლივლივე მუქყაფისფერი კაკლები. ტყის წაბლზე მიჩვეული მივახტი მაშინვე, ვიკარ პირში, კბილი გავკარი და ტყავი შევაგლიჯე. კაი თეთრი გული გამოვბურღე, ამოვცენცქე. ნაცენცქი დავნაყე კბილებში და უმალვე გადავყლაპე, მაგრამ, უკაცრავად, გემო წაბლისა ვერ ვიგრძენი. ეს იყო მწარე, მძაგე ბითურობა. ჩემს ტყის წაბლს ვენაცვალე-მეთქი, გავივლე გულში ლოცვა, ხოლო მაშინდელი ჩინური ზღმარტლი, ბულვარში რომ უნდა ეჭამათ ბიჭებს, ჩემამდე არ მოღწეულა. რადგან ჩემამდე არ მოღწეულა, მართლაც დავიჯერე მისი არსებობა.
საღამოთი ზაქრო ისევ გამიქრა თვალსა და ხელს შუა. სად დაძვრებოდა ნეტავ? არც სტუდენტები მოსულან დიდხანს. მე სულ გაბუჟებული ვიყავი ბელასთან ერთად ხვალ კინოში წასვლაზე ფიქრით და ამით გამოწვეული უსაზღვრო, აუზერელი, აუწონავი სიხარულით. მთავარზე კი, იმაზე, თუ ბილეთის ფული სად უნდა მეშოვნა, არ ვფიქრობდი, თუმცა, როგორც კი მარტო დავრჩი, მომაგონდა ეს ყველაფერი და დამიმწუხრდა გული. რა მომელის ნეტავ? _ თავს ვეკითხებოდი. დედაჩემისაგან გაგონილ ლოცვებს ვიმეორებდი. დიდო გამჩენელო, გამთენიის ვარსკვლავის ხურმეთო (მადლო), მომხედე, მომეხმარე, ხვალ გამითენე დღე სიყვარულისა, იმედისა და ნატვრათა აღსრულებისა.
გათენდება და ხეირი იქნება-მეთქი, გულში ვამბობდი. იქნებ ბაზარში გავიდე, ვინმე ჩენებურს გადავეყარო და გროშებს დავესესხო, ბაბას შევუთვლი, რამეს იღონებს და გადაუხდის-მეთქი. თანაც მეხათრებოდა, პალტო, კალოში, ქუდი ბიძაჩემს აყიდია ჩემთვის, ახლა იქ აქედან ვალები გავუგზავნო, რაღა ნამუსი იქნება-მეთქი.
არადა, სულ თვალწინ მედგა ჩემი ბელა, სანთელივით ანთებული, ჩემკენ მოშვერილი პირისახით, დიდი, დამალული, იდუმალებით მობინდული გამოხედვით.
სტუდენტების ოთახის კარი ღრიჭედ იყო. მივედი, ოდნავ შევაღე, და ვაი! _ ძირს იატაკზე დაჯღურკულ-დაჭმუჭნული სამმანეთიანი ეგდო. ისე მაცდურად, ისე გამომწვევად ეგდო, ფეხი წავკარი, გასრიალდა, გაიშალა, სულმთლად გამოაჩინა თავისი ლურჯი ნაკეცები, თავისი ჯადოები, თავისი უსაშველო მიზიდულობა. რაა, ეს, ცის გახსნას შევხვდი და ღმერთმა წეღანდელი ლოცვების შემდეგ ჩამომიგდო თუ ვინმემ გამოსაცდელად მომიწყო? დავიხარე, ავიღე, გავშალე. სრულიად საღი სამმანეთიანი. თითებით გავასწორე, შუაში გავკეცე და ვუყურე ასე ერთხანს. აი, ამ ქაღალდს, ამ ოფლით და ჭუჭყით გამუშამბულ ქაღალდის ნაჭერს, შეუძდია ხვალ გამაბედნიეროს. ამითი ბილეთსაც ავიღებ, როგორც ჩემთვის, ისე ბელასთვის, თითო ესკიმოსაც ვიყიდი. კინოს მერე კი, თითქო სტაქან სეროფიან წყალსაც მივირთმევთ. პალტო, კალოში და ქუდი კი მაქვს, რა მენაღვლება, ამას ყველაფერს რომ კარგად ვიზამ, მერე ყველაფერს გულს დავუდებ, უქონლობასაც გავუძლებ, წიგნებსაც წავიკითხავ, გაკვეთილებსაც დავეწაფები. ამ სტუდენტებს ბევრი ფარა აქვთ ისედაც, ალბათ ჯიბიდან ამოუვარდა რომელიმეს. ისეთი ამპარტავნები და უკადრისები არიან, იმ ერთმა ალბათ არც იკადრა დახრილიყო და ფული ძირიდან აეღო.
კი, მაგრამ მაინც მოპარვად ჩაგითვლიან. იმას მაინც გაახსენდება, რომ, აი, ამ ალაგას, იატაკზე სამმანეთიანი დაუვარდა. სადააო, ვინ აიღოო, ხომ იფიქრებს ამაზე? მერე რა, _ მოვლენ და ვეტყვი, აგერა მაქვს, მე ავიღე. ეგდო და ავიღე... ხვალ მჭირია ძალიან. ისეთი ამბავია, რომ ძალიან მჭირია და მერე პასუხად რას მეტყვიან ნეტა? თუმცა, ვეტყვი, ვითომ? გავუბედავ ვითომ?
ამასობაში დაგვიანდა, დაბნელდა, დაღამდა. ფული კი მინდოდა ისევ იატაკზე დამედო, მაგრამ მომუჭული ხელი ისე შემეკოჭა, ვეღარ გავხსენი, მეორე ხელითაც ვცადე, მაგრამ მუჭი ვეღარ გავაღე. ისე, მომუჭული ხელით წამოვწექი, ჭერს შევაცქერდი, იქ ძველისძველი აბლაბუდები ქანაობდნენ, აბლაბუდების ძაფებზე იმდენი მტვერი დაგროვილიყო, ძაფები თოკებივით დამსხვილებულები ჩანდნენ. სადღაც, კუთხებში, გიდლის კუნჭულებში, მძლავრად გაშლილი და თავისსავე გაბმულ თოკებში ჩაზრდილ-ჩამკვიდრებული ობობა გალურსულიყო და მორიგ მსხვერპლს უდარაჯებდა. მას თავისი ძალაუფლება, თავისი სამფლობელო, თავისი ძლევამოსილება და თავისი ავლადიდება გააჩნდა. მას შეეძლო, რაც უნდოდა, ისე ეკეთებინა, მის მიერვე აგებულ-აშენებულ სამყაროში. მგონი, ობობას ბედი შემშურდა. თუმცა, როგორც კი გამახსენდა ხვალ ბელასთან შეხვედრა, ჩვენი სახვალიო ერთალ ყოფნა, ობობას თვალი მოვაშორე და კვლავ დაბლა, მიწაზე დავეშვი. ზაქრო იგვიანებდა, არც სტუდენტები ჩანდნენ. თავად კი საკუთარ ობობას ქსელში გაბმული დავრჩი. ერთობ მოვიწყინე, წამით სოფლის მონატრებამ გული მატკინა. ბუხრისპირას ჯდომა მომინდა, შინაურობა, სოფლელი ბიჭები, აღმა-დაღმა სირბილი, სადმე ღელე-ღურდანში შემალვა და მოპარული წიგნის კითხვა.
უცებ ზეზე წამოვიჭერი, ზაქროს რვეულში ერთი ჟვერი (ფურცელი) კოხტად ამოვხიე. ჯიუტი ფანქარიც მოვიმარჯვე, კუდით ცხვირზე მივიჭირე და მალე დავწერე:
~აგზე სამმანეთიანი ეგდო, სესხად წევღევი და...~ ფანქარი გამიჩერდა. რაღა უნდა დამეწერა, დაგიბრუნებ-მეთქი, აღარ დავწერე, თუ სესხად წავიღე, დაბრუნებაც იგულისხმება, ხომ?
ამ დროს კარზე აწიწკინა მოშვებული შუშები. ნუთუ სამმანეთიანის ნამყოფზე ბარათის დადებას ვეღარ მოვასწრებ? ზაქრო გამომეცხადა, ტუჩის კუთხეში მიწურული თავისი ქირდიანი ღიმილით შემათვალიერა.
_ შუქრავ, მარტვაი ხარ, ჭო? მეგონა... _ და ჩაიკისკისა. რა ეგონა, ვის ელოდა ჩემთან, რას ელოდა? აღარაფერი შევკითხვივარ, ავდექი, დაწერილი ქაღალდი, მასთან ერთად მომუჭული სამმანეთიანიც, პალტოს ჯიბეში ჩავაჩოჩე. კალოშები საწოლქვეშ ღრმად შევაჩოჩე, ვარსკვლავიანი ქუდი პალტოზე მივაკიდე და, სახვალიო ოცნებებით გულაჩქროლებული, ლოგინზე გავიშხლართე, ვიფიქრე, ზაქროც რომ დაწვება (მას ხომ ჩემზე ადრე დაეძინება), ავდგები და წერილს, იმ ალაგას, იატაკზე დავდებ-მეთქი.
მაგრამ, ეტყობა, ორივეს ერთად ჩაგვძინებოდა. დილის მზის სხივი, სტუდენტების ფანჯრიდან შემორჭობილი, ღრიჭედ დარჩენილ შუაკარში გამომძვრალიყო და ზედ ჩემზე გადახურულ საბნის შუაში დასობილიყო. როგორც კი გავინძერი, გაშვერილ მზის ლარში მილიონობით მტვრის ფიფქი ავარდა და ნისლივით გაიშალა. იქით გავიხედე. ზაქროს თავთან რომ ტაბურეტი იდგა, რომელზეც ჩვეულებრივ, საღამოს განახად ტანსაცმელს აწყობდა, რატომღაც ცარიელი ჩანდა. საბნიდან სწრაფად გამოვყარე ფეხები, დავიხარე და საწოლქვეშ კალოშების გამოსათრევად ხელი შევყავი. ვაცეცე, ვაცეცე, მაგრამ კალოშები ვეღარ მოვნახე, წამოვდექი, დავყუყდი (ჩავიჩოქე), შევიხედე ქვეშ, კარგად მოვათვალიერე, კალოშები კი მაინც არ ჩანდა.
დამეტაკა უცნაური ელდა, წავიბორძიკე, წავფორხილდი, თითქმის წავიქეცი. ბრუც დამესხა, მგონია შიშმა ამიტანა, მაგრამ რაიმე ცუდს მაინც არ მოველოდი, ძველი გარდერობის ცალ ყურზე დაკიდებული კარი ღია იყო და, მოკლული ჩხართვის ფრთასავით, ნელა ირხეოდა. `შკაფში~ ჯერ ისევ ბინდი იდგა, ამიტომ თვალს არ ვენდე, მივიჭერი, ხელები შიგ შევყავი და, გამწარებულმა, შიგნით ფხაკუნი დავიწყე. ვეღარც პალტო, ვეღარც ქუდი ვეღარსად ვეღარ ვიპოვე. ვიკადრე, სტუდენტების კარს მივადექი, შიგ შევიხედე. ავქოშინდი. ისინი წითელსატინიან საბნელში ჩაფლულები, ისევ ნებიერად ხვრინავდნენ. იქნებ გაგვეხუმრნენ, დაგვიმალეს, იქნებ... იქნებ იქ, იატაკზე აღებული სამმანეთიანის გამო გადაგვიხადეს? იქნებ... ერთმა თვალი აახილა, ცერად გამომიჭიტინა, მგონი, გამიჯავრდა კიდეც, რას დაგვადექი თავზეო. მაგრამ ჩემი აქოშინებული უმწეობა და განწირული ფიზიონომია რომ შენიშნა, საბანი დაბლა ჩააჩოჩა და თავისქანებით, უხმოდ მანიშნა, რა გჭირთ, რა მოხდა, რა დაგემართათო, ხელებით ვუპასუხე, სუყველაფერი წაღებულია, გაგვწმინდეს, ტიტვლები დავრჩი-მეთქი. ნე მოჟეტ ბიტო, ჩაილუღლუღა, ნაადრევად გამელოტებულ თავზე ხელი მიიტყაპუნა, საბანი ისე მაღლა აიჩოჩა და თავისსავე ძილში შეყვინთა.
გამოვბრუნდი, ზაქროს დავეჯახე და ფეხზე წამოვაგდე. არ დაიჯერა, ეცა აქეთ, ეცა იქით, გადაირია . მერე ადგა, კართან მივიდა, საკეტის სინჯვა დაიწყო. კარი ღია იყო. თავისი ძველი შარვალი იქვე, კიბეზე დავარდნოდათ.
_ კი, მარა ასე მკვდრებივით რაფერ გვეძინა, ა?
_ რანდა ვუთხრათ ბიძას, ა?
_ შინ არ შეგვიშვებს.
_ შენ შარვალი მაინც დაგრჩა. მე რანდა ვქნა, თვარა.
_ ვინცხა გამოჩნდება. თლათ არ წეიღებდა.
_ ჩავიმალოთ ლოგინში, თვარა.
_ ჭო, შუქრავ, ე, ბელა დგას ეიგერ, ეზოში. მგონი გიძახის.
_ აჰ, ჩავძვერი ლოგინში და ესაა.
თვალი მაინც გარეთ გამექცა. ბელა ანთებული თვალებით რაღაცას გვეძახოდა. ლია არ ჩანდა,. იქნებ... შუშაბანდის მხარეს მე ვიწექი. წამოვიწიე, მწუხარედ გავიღიმე, ხელით დავუხატე ჩვენი უბედურება. კიბე პაკიპუკით ამოიარა, კარზა მოგვადგა და ახალგაღვიძებული დღის სურნელი შემოგვაფრქვია. გაგვწმინდეს-მეთქი, მივახვედრე. სულ აღარაფერი დამრჩა, რომ უბრალოდ მაინც ფეხზე ავდგე და გარეთ გავიდე. შევებრალეთ. უკან დაეშვა და წავიდა. ცოტა ხანში თავისი ძველი სპორტული ბამბის გახუნებული შარვალი მომიტანა, ბოლოები რეზინით მოხუპული ჰქონდა, უფრო ნიფხავს გავდა, მაგრამ ვიკადრე, ამოვიცვი. დაღლარძული იყო, ჩონჩო, დაწიწული და ადვილად გაიჭიმა.
ფაცია-ხაზეიკა აყვირდა. მალე გაჩუმდა. ხდებაო, გაგვიცხადა; სტუდენტებმა თანაგრძნობით გააქნიეს თავები და ეზოდან გავიდნენ. ფაციამ ძველმანებში რაღაუები მოძებნა. მე ერთი ძველი, ქალის ღაზლის იდაყვებგამოცვეთილი ზედა ჩაქითა მომერგო. რაღაცა ქალის წაღების მოგვინახა.
ჩავღუნეთ თავები, გავძვერით ეზო-ეზო, გავხოხდით ვაგზლის ღობეში და ნაშუადღევის `კუკუშკა~ მატარებელზე ავიცურცლეთ. არა, ვაგონში არ შევსულვართ. კიბეზე ჩამოვებღატეთ. გაჩერდებოდა, ჩავხტებოდით, ამოძრავდებოდა, ისევ ზედ ავხტებოდით, ჩავაღწიეთ. გადავრჩით.
ჩაქვში თავგზას ავერიდეთ. ხევის ძირ-ძირ ავუყევით. ჟვავმა და ტალახმა სულ ერთიანად ამოგვწუნწკლა და ამოგვგანგლა. ზაქროს სახლი კორტოხიდან თავის შუშებჩატეხილი სარკმელთა ეგრია თვალებით ისე გადმოგვყურებდა, თითქოს მასაც ვებრალებოდით. მთავარი კი ბიძაჩემი იყო. როგორ უნდა ვუთხრათ, როგორ უნდა გავუმხილოთ, რა მოგველის, არავინ იცოდა.
დაბლა, პატარა სათიბის შუაგულში, თივის ზვინი იდგა. შევძვერით ზვინქვეშ, სათათბიროდ, დასველებულ-დატალახიანებულებს ოხშივარი აგვდიოდა. ზვინქვეშა რბილი და მშრალი იყო, მყუდრო, მოფარებული. შეგვეძლო დინჯად, წყნარად აგვეწონ-დაგვეწონა ყველაფერი. უცებ სულია ბიძას ყვირილი მოგვესმა. თითქოს ოდნავ კაი ხასიათზე იყო, მაგრამ მაინც ვერ გავბედეთ ასვლა. ვიჯდეთ, ველოდოთ, ვიფიქროთო.
_ ადი შენ. შვილი ხარ და უთხარი.
_ აჰ, ჯობია _ შენ. სხვისი ხარ მაინც, ვერ გცემს. _ თქვა ზაქრომ. ზვინქვეშ დიდი სიჩუმე ჩამოდგა.
_ მოდი, წერილი მივწეროთ. _ ვთქვი მე.
_ წერილი მაგან სხვასნა წააკითხოს და...
_ მერე? წააკითხოს. თეონაი იქ არაა?
_ თეონაი? _ ჩაფიქრდა. დაიწყო ჭოჭმანი. თანაც შეეტყო, აზრი მოეწონა.
ზაქროს გულისჯიბეში ჩაკეცილი ქაღალდი შევნიშნე. ამოვუღე. ცალ მხარეს გაკვეთილების ცხრილი ეწერა, მეორე ცარიელი იყო. ის, მეორე, მოვზომე თვალით და დავრწმუნდი, წერილისათვის მეყოფოდა. ერთი ჯგუტი, წვერწატეხილი, ფანქარიც მასვე აღმოვუჩინე რომელიღაც ჯიბის ფსკერში, შემოვახლიჩ-შემოვაკვნიტე წვერს ირგვლივ ხის სამოსელი, გამოვუჩინე შავი წანატეხი წვერი და მივიჭირე შუბლზე მოსაფიქრებლად.
საჭირო იყო ისე აგვეწერა ჩვენი გაქურდვის ამბავი, სულია ბიძია კი არ განრისხებულიყო, არამედ შევცოდებოდით, თანაც, ჩემი ფიქრით, პაწაი სახუმარო რამეც უნდა გარეულიყო ამაში, იქნება, ჭირშიც რამენაირი სიცილ-ღიმილის მოწოლით ჩაგვეფუშა მისი საშინელი გაჯავრება. იმ წუთას მომეჩვენა, რომ წერილის ლექსად გაკეთება აჯობებდა. მომეჩვენა კი არა, მომინდა, საიდანღაც მომაწვა ამის სურვილი. მაგონდებოდა, როგორ ირეოდა ზაფხულში სოფელ დუბეში ამოსული სულია ბიძა ჩემ დანამღერზე, _ ყველა ხემ რუმ აყვავილდა, შენ რას შვრები წიფელაო, ერთი მაინც მაკოცნიე, ჩემო ლოყაწითელაო.
ამ ლექსის თარგზე უნდა ავაწყო რამე-რუმეები, მაგრამ წინ ორი სათირი (სტრიქონი) რაცხაფერ ისეთი უნდა გავკოჭო, ჩვენი თავი შევაცოდო. ჰოდა, მგონი, ასეც დავიწყე: ბიძავ, აგერ დაბლა ზვინქვეშ ვართ. არავინ იცის ჩვენი ამბავი. ვის ვუთხრათ, ვის შევჩივლოთ. შენზე უკეთესი ვინ გვყავს, ვინცხამ ჩასაცმელები გადაგვიმალა (გაქურდვა ვერ ვთქვი, შევაჩვევ ნელა-მეთქი, ვიფიქრე) და თივაში შეხვეულები ვჯდივარ (აქ უკვე ლექსის მოშველიება დამჭირდება).
სულ თავში მიტრიალებდა, სულ ჩურჩულით ვიმეორებდი _ `ყველა ხე რომ აყვავილდა...~ ბოლოს რაცხა მივაკუდისძირე იმ ქაღალდზე. მგონია, რაღაცა ამნაირი დავიწყე:
ყველამ (ხემაც), მე და ზაქროს გაქურდვისა იციანო... _ მერა, აქ რაღაცეები ჩავაწყვე. აღარ მახსოვს რა. მაგრამ ბოლო კი მაგონდება, _ შენ რას შვრები, ბიძიაო... აბა, რაღა უნდა მექნა, იციანო და ბიძიავო, _ ბედაური რითმაც გამომივიდა, თანაც სულია ბიძას საყვარელი ლექსის წყობა შევუნარჩუნე. ერთი სიტყვით, დიდი იმედი მქონდა, რომ წერილი გაჭრიდა და საქმეს მოგვიკვარახჭინებდა.
უკანა გვერდზე ცხრილი გადავფხაჭნე, ფურცელი საგულდაგულოდ დავკეცე. (ჰო, ზაქროს წინასწარ ხმამაღლა წავუკითხე. ზაქრომ ტუჩების ცალ კუთხეში ღიმილის და სიამოვნების გორგვალი ვერ დამიმალა. თუმცა, ეჭვიც გამოთქვა, ღირს თუ არაო წერილის გაგზავნა. მე კატეგორიულად მოვითხოვე, წერილი გაიგზავნოს-მეთქი). ზვინის ქვეშიდან გამოვძვერი და, ტარიელს ან ავთანდლილს არ ვახსენებ, მაგრამ ფრიდონმა რომ ქაჯთა ციხეს გადაზედა, აი, იმნაირად კი გავიხედ-გამოვიხედე. იქით, მეზობლის ეზოში ბაღნები ჭურჭყულობდნენ. გავძახე, ჭოვ-მეთქი, წერილი გავატანე და ისევთ ჩვენს მთავარბანაკში შევედი, ცოტა თივა ჩამოვძლიძე, ქვეშ დავიგე, დავჯექი და ისე მოვეწყვე, ზვინის ქვეშიდან სახლის ნახევარს ვხედავდი. თუ ვინმე ჩვენსკენ წამოვიდოდა, მშვენივრად შევნიშნავდი. უკვე საღამოჟამი იყო და ბიძია შინ უნდა ყოფილიყო, ზაქრო შიშისაგან ენას ვეღარც ძრავდა. იქეთკენ ყურმიპყრობილი, მე ჩამცქეროდა სახეში და ყველაფრის პასუხს ჩემგან ელოდა. მე კი მხოლოდ აღმა, ოდისკენ ვიყურებოდი. სახლი სულ ლურჯ, სქელ ფუტში იყო გახვეული, _ ეტყობოდა, სულია ბიძიამ აკაციის ჯირკვი ჩადო ბუხარში. ის აკაცია ტრიფოლიატების მგლისკბილა ეკლებით დაკბენილი და მისავათებული, გაზაფხულზე,. ძგაფო, დააძახებია და, მოჭრა. ზაფხულში კი ცოტათი შეჭკნა, მაგრამ გახმობა ვეღარ მოასწრო, _ დაიწყო წვიმები. ახლა ამიტომ ცეცხლი ხეირიანად ვეღარ მოკიდებია, ამიტომაც ჯირკვი მხოლოდ კვამლად იხარჯება. აკაციის ჯირკვი ისედაც უვარგისია, _ ცეცხლში გონჯად იწვის, წრიპინებს, შიშინებს, წივის; ნაკვერცხალს ვერ იკეთებს. მაგისი ცეცხლი არაფერი ცეცხლი არაა.
ცეცხლი ჩემი სოფლისა ნახე და ისეირე, წიფლის, მუხის ჯირკვი ბუხარში დღესასწაულია.
სულია ბიძია მაინც არა და არ ჩანდა. ნუთუ იმ თავხაპერა ბიჭმა ჩემი უსტარი არ გადასცა? ან იქნებ, გარკვევით ვერ დავწერე ის, რაიც მოგვივიდა? აბა, თუ გაიგო, რატომ არ მოდის? ეს ძალიან ცუდად მენიშნა.
თანდათან ბინდმა იმატა. ეზოდან ბაღისაკენ და სათიბისაკენ ჩამომავალი საცალფეხო გზა ჯერ კიდევ შეიმჩნეოდა. უცებ იმ ბილიკზე, თითქოს ციცინათელა დაფრინდა, _ რაღაც წითელი წინწკალი აციმციმდა,. მგონი ჩვენსკენ მოიწევდა. ეს ძიგარას ცეცხლი იყო და იგი ვიღაცას პირში ეჭირა. ორ-სამ წუთში ის ვიღაცა ბიძაჩემად იქცა. ყაბალახი აღარ დაეხურა. ისე, _ თავპირღია ბიძა უფრო მრისხანე და მიუკარებელი მეჩვენა. ზაქრო ზვინის ქვეშ, კუთხეში, მიიწურა. მამას პირზე ვერ შევხედავო. ეს კი თქვა, მაგრამ მამასთან მაინც თავად პირველი წარსდგა. ბიძაჩემს წინანდებულად არ უყვირია. მოწყალებით შეგვათვალიერა და გვიბრძანა, შინ ამოეთრიეთ და ცეცხლაპირს დაეგდეთო. ოჰ, ამაზე დიდი ბედნიერება რა იყო! წავყევით, გალახულ ძაღლებივით, დასველებულ-დაწუნწკლულები და, მალიმალ, მე და ზაქრო ერთმანეთს შევათვალიერებდით ხოლმე.
შეთვალიერება არ ვიკმარე და ერთიც ზაქროს წავჯინქე (იდაყვი ვკარი), შემომხედა. წერილმა გაჭრა-მეთქი, თვალი ჩავუკარი, მართალია, ბიძაჩემის ყვირილი და ცემა ავიცილეთ, მაგრამ ბიცოლაჩემი ატირებული დაგვხვდა. მოთქმით ტიროდა. მკვდაროს რომ იტირებენ, ისე...
კვირას ბიძაჩემი მარტო წავიდა ბაზარში. ჩვენ კოლექტივის ჩაიში გაგვდენა, ლაო ჩაის საკრეფად, ამას სეზონზე ლორთქო დუყების წყვეტა ათასჯერ მერჩია, მაგრამ სამდურავის თქმის ნება ჩვენ არ გვქონდა. ჩავღუნეთ თავები და ძველი, ფსკერგამშპარი და მერე ქერქით გამოღვედილი კალათების კრაჭუნით გავუყევით გზაბაწარს, ჟვავიან პლანტაციაში გადაჟველებული, უხეში ფოთლების საკრეფად. კვირა საღამოს, სულია ბიძიამ ბაზრიდან ერთი ბაზმირის (ტილოსი) შარვალი და ისეთივე ხალათი ამომიტანა. ცოტა მედიდა, მაგრამ ჯერ გაიზრდებაო, მითხრეს და ჩავიცვი, _ სამდურავის თქმის ნება არ მქონდა.
ის ზამთარი ის ბლუზა-შარვლით გავედი. პალტო, ბაბას და სულია ბიძიას ნაყიდი პალტო, მხოლოდ მესიზმრებოდა. სიცივე, სისველე ძნელი ასატანი იყო, მაგრამ ზოგჯერ ბლუზა-ხალათის ზედა ორი ჯიბე ძალიან მშველოდა. დიდრონი ჯიბეები დაეკერებინა იმ დალოცვილ მკერავს, _ თითოში თითო ხელი ადვილად ეტეოდა. ახლა მკითხავთ: შარვლის ჯიბეში რატომ არ ჩაიყოფდი შეციებულ ხელებსო. საქმე ისაა, რომ ჩემ შარვალს ჯიბის ალაგები მართლაც ჩაჭრილები კი ჰქონდა, მაგრამ შიგნითა გამოკერებულები არ იყო. ჩავიყოფდი ხელს, ხმელ ბაყვებზე მივიდებდი, ამოვაშპენდი ისევ, ბოლოს სულ ამოვიკერე, რათა ქარი და სიცივე არ შემპარვოდა, ხოლო იმ ჯიბეთა ამბავი ბიძაჩემს ვერ გავუმხილე, ამისი თქმის ნება სადღა მქონდა გაქურდულს...
სკოლიდან შინისაკენ გავლისას, ქუჩის კუთხეში, მარქს-ენგელსის გადაკვეთაზე, განათებულ, ხალხით გაჭედილ დარბაზს ვხედავდი საღამოობით. ერთხელ (იმ ხალხისა შემშურდა) სითბოში, სიმყუდროვეში მჯდომ ხალხთან შევაღე კარი და ფრთხილად, ფეხაკრეფით, შიშით შევბედე შესვლა, ყველანი თავ-თავის პაწა-პაწა მაგიდებს მისხდომოდნენ და დიდ-დიდ წიგნებში თვალებჩაფლულნი, კითხულობდნენ. ტილოს ბლუზა-შარვალში შეცივებულს ამისთანა ჯენეთი (სამოთხე) განსაკუთრებით მეამა.
შიგნით იმნაირი სინათლე დამხვდა, შევკრთი, ყველა ალბათ მე შემომხედავს-მეთქი. საბედნიეროდ, არცერთს არ შემოუხედავს ჩემკენ. სიღრმეში, კედელთან, ერთ მომცრო მაგიდას მარტო ერთი მკითხველი მიჯდომოდა. მრეში წვერი შებიჯგინებული ხელის გაშლილ ხუთ თითში ჩაეპნია, ხოლო მეორე ხელი ვეება გაშლილ წიგნში ჩაეყო.
წვრილ თვალებს სქელშუშებიანი სათვალე უფრო აწვრილებდა, ხოლო სახეს, თმას, წვერს უფრო აფართოებდა, ისე იყო ჩაღრმავებულ-ჩაძირული კითხვაში, ჩემი მისვლა არც შეუნიშნავს, _ არც კი შერხეულა, არც კი გამოუხედავს. აქ ალბათ ასეა, _ გავიფიქრე. ამ დროს წვეროსანმა მკითხველმა რაღაცა ჩაიბუზღუნა, ხმადაბლა, მაგრამ მძლავრად, ბეჯითად მითხრა რაღაცა, მგონი უცხო, ჩემთვის გაუგებარ ენაზე მელაპარაკებოდა, შევაშტერდი. ის კი განაგრძობდა ბუზღუნს და ცერით იქით, წიგნების კარადებისკენ მითითებდა. იქ მართლაც ბიბლიოთეკარი ქალი იჯდა თავშალმოხურული, წინ ჟურნალი გაეშალა და შიგ რაღაცეებს ვიღაცებზე იწერდა.
-ფამბაგე-გე, იღაპაპა, მიცინგინე-ბებე... _ დაახლოებით ამნაირ სიტყვებს ბუზღუნებდა ჩემ წინ მჯდომი კაცი.
როცა ვერაფერი მიმახვედრა, სათვალე მოიხსნა და წვრილი თვალები უფრო მოჭუტ-მოწურა და გაჯავრებით დამიბრიალა. ნიკაპზე შებიჯგინებული ხელიც გამოიღო, თავის ხაპერზე იტკიცა და ჰაერში მოიქნია. მერე, მთელი ხელი, მკლავი, ცერიან-თითებიანა კარადებთან მჯდომ ქალისკენ გაიშვირა და, ისევ ისე, _ გაუგებარი სიტყვების ხოხოლა თავზე გადამაყარა.
თავი გამიქანა, _ რაო, ვერ გამიგეო, თავი მეც დავუქნიე, _ კი, ბატონო გაგიგე-მეთქი. ავდექი, ფეხაკრეფით მივადექი კარადებთან მჯდომ ქალს. რა წიგნი გნებავთო, მკითხა ჩურჩულით. რაც შეიძლება-მეთქი, ვუპასუხე. გადმოიღო და `როგორ იწრთობოდა ფოლადი~ მომაწოდა. არ გამხარებია, ფოლადის წრთობის წესები სულაც არ მაინტერესებდა., მაგრამ რადგან ამის წაკითხვა უფრო შესაძლებელი და საჭირო ყოფილა, რაღას ვიზამდი, წავიღე. ნამდვილი რკინა-ფოლადის მოდუღებისა იქ ვერაფერი ვიპოვე, მაგრამ საზიზღარი გაჭირვებისა იმდენი რამ ვიხილე, გული ამერია. ვითამ გაჭირვება საკუთარი არ მყოფნოდა. ეგ რაღა ჯანდაბად მინდოდა კიდევ? ისე, იგი პავლუშა კორჩაგინი, ცოტათი თავისთავს ვამგვანე, თუ თავი მივამგვანე იმას, არ ვიცი, მაგრამ იმდენი კრებები, თათბირები, სიტყვების, მოხსენების ლაპარაკი, გამცემლების, მოღალატეების ამბები ყელში ამომივიდა. მრეშწვერიანი მეზობელი შემომიჭიტინებდა ხანდახან, რატომღაც თვალს ჩამიპაჭუნებდა და რაღაცას მეტყოდა უცხო, თავის ენაზე.
კი, კი-მეთქი, დავუქანებდი მეც თავს. ვითომ მეც რაღაცას ვხვდებოდი. გამიცინებდა, მომიწონებდა, ესიამოვნებოდა. ასე ვმუსაიფობდით, წუთშესვენებაზე, შიგადაშიგ, კითხვათა შორის. მეორე დღესაც, მესამე დღესაც, მეოთხე დღესაც.
მეც ყოველ მისვლაზე მასთან ვჯდებოდი. მრეშწვერიანი შემეჩვია, ჰოდა, შემიჩვია მეც, ლაპარაკით სულ მელაპარაკებოდა, მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი, თუმცა არავის არაფერს ამის შესახებ არ ვეუბნებოდი, ვგრძნობდი, ყველანი გაკვირვებულნი რომ მიცქეროდნენ, ერთმანეთსაც გადახედავდნენ, თავებს გააქნევდნენ ხოლმე გაოგნებით და ისევ თავთავის საკითხავებში ჩაყურყუმალდებოდნენ. სითბო კი იყო მადლიანი და ყოვლისმომცველი. ყოველდღე სკოლიდან, ბოლო გაკვეთილის შემდეგ, უსათუოდ ბიბლიოთეკაში ვდრუზებდი თავს, ჩემი ბლუზა-ხალათის პატრონი, სულმუდამ სველი, შეცივებული, იქ სამკითხველოში, ბედნიერი ვხდებოდი, _ ვთბებოდი, წიგნებსაც ვკითხულობდი.
მრეშწვერიანი მკითხველი, სხვაგან არ მიშვებდა. თავისთან მიმიჯენდა მხოლოდ. კითხვათა შორის, წუთშესვენებებზე კი ისევ უცხო, თავის ენაზე გამიბამდა მუსაიფს. ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ ვეთანხმებოდი, ვუღიმოდი; ზოგჯერ ვითომ შევეკამათებოდი, მეც რაღაცას წავიბუზღუნებდი, ხელებსაც მივიშველიებდი. ის კი, მრეშწვერიანი, წვრილთვალება და წვრილსათვალიანი კაცი, მკითხველი, სწავლული, მწიგნობარი, ხარობდა ამით, _ ხითხითებდა, მხარზე ხელსაც დამკრავდა. ბოლოს თავზეც კი დამიწყო ხელის მოსმა. აშკარად მოვეწონე, აშკარად ვუყვარდი, მეფერებოდა. ბიბლიოთეკიდან რომ გამოვდიოდი, უკვე ბნელოდა. ხშირად წვიმდა. ციოდა. შეჩვეული ქუჩით ჩემი გაქურდული ბინისაკენ გავიქცეოდი.
ბელას ბოლო დღეებში ვეღარ ვხედავდი. ცოტა ვერიდებოდი კიდეც მის დანახვას. ბოლოს, ერთ საღამოს, ბიბლიოთეკის თბილი სამკითხველო დარბაზიდან მომავალი, ეზოში შევდექი. კუთხეში, ფიცრული ქოხმახი შევათვალიერე, შიგ ელექტრონის ლამპა ენთო. ღრიჭოში შევიჭყიტე, ლია იწვა, ბელა ტიტველი იჯდა ჯორკზე. არა, მთლად ტიტველი არ იყო. პატარა, თეთრი ტრუსი ამოჭირებული ჰქონდა. უკან მოვიხედე, თავბრუ დამესხა, მეშინოდა, სხვამ არ დამინახოს, ან სხვამაც არ დაინახოს ბელ-მეთქი.
ეზო რომ კარგად მოვათვალიერე და დავრწმუნდი, მარტო ვიყავი, დიდი სიფრთხილით, გულის ფანცქალით ისევ კარს მივადექი, ბელა წამომდგარიყო. შუშასავით გლუვი, მსუბუქი, გამჭვირვალე, თეთრი, ლამაზი ჩანდა. ლოგინზე დაგდებული რაცხა თენთენია აიღო, მკერდზე მიიდო, მოიზომა, მოირგო, მკლავები გაჰყო შიგ და პატარ-პატარა პარკუჭები ორივე ძუძუზე მოიცვ-მოისიმსა და, იცით, უფრო ლამაზი გამოჩნდა. ვისი გახდება ნეტავი? _ მწარედ გავიფიქრე ბელაზე და თვალები ამეწვა. ყველა და ყველაფერი დამავიწყდა, მხოლოდ ის, ბელა იყო ჩემი ქვეყანა, ჩემი სოფელი, ჩემი ქალაქი, ჩემი ხვალე და ჩემი დანარჩენი სიცოცხლე. სახურავიდან გადმონაწვეთი წვიმა თავის კვინდიხზე მეღვრებოდა, კაჩაში ჩადიოდა, ზურგ-ხერხემალის დუბე-ღარებს ჩაირბენდა, მაგრამ სიცივეს არ ვგრძნობდი.
-ხედავ, გავავსე უკვე... _ უთხრა ლიას და ბელამ თავისი მკერდი უჩვენა. ლია გადმობრუნდა, შეათვალიერა. კარგიაო, _ დაეთანხმა.
ეჰ, ნეტა ჩემთვის ეკითხა, ნეტა იქ მე ვყოფილიყავი, რა იქნებოდა. ბელაც თავის ლოგინში შეწვა, რეტდასხმული შევლაყუნდი ჩემს განაქურდ ოთახში. ზაქრო ჯერ არ მოსულიყო. სველი სიცივე ძვალს მიხრავდა.
ახლა ყოველივე ამას რომ ვწერ, ნოემბრის ცამეტია, სოფელში ვარ, ნაადრევად თოვს, იქ, ზღვისპირეთში, ნაყოფით დახუნძლულ მანდარინებს, ფორთოხლებს, ალბათ ამტვრევს და ლეწავს თოვლი. მეცოდებიან ადამიანები, ხეები, ნაყოფები და ვჩივი. მაგრამ იმჟამინდელ თავისთავს რომ ვიგონებ, იმჟამინდელ თავისთავთან რომ ვბრუნდები, მეცოდება ჩემი თავი.
ჩავირბინე სველი კიბე, გადავჭერი ქვაფენილი და ეზოს კიდეში მიყუჟებულ ჩეჩმას მივადექი, გამოვაღე ჩაქუჩმიხატული კარი. გაიღო მეზობელი კარი. გავისუსე. მერე, ჩავახველე. ჩამღერებასავით ჩავახველე. სიჩუმე ჩამოდგა. ბოლოს ნახვრეტში მართლაც ჩურჩული შემოჩქერდა. ტკრციალით გაიღო კარი. გავარდა ბელა გარეთ და, გავიგონე, კისკისით, ჩლარტების ტკაცატკუცით გაირბინა ქვაფენილი და თავის ფიცრულში შევარდა. გრძელ, ფართო ფანელის ხალათს მიაფრიალებდა.
ბელას სხვა წელიწადებისთვის ვინახავდი. მაგრამ ზაფხული რომ გავიდა, ახალ სექტემბერში, ბელა აღარ მოსულა. ფაციამ, სახლის პატრონმა, თქვა, ბელა სოფელში მოიტაცესო, ეს რომ თქვა, მე ვიდექი ფიცრულის კართან, ნული ამემღვრა, ტირილი მომაწვა; თვალები დავუმალე, _ შინ შევედი, საწოლზე დავეგდე. ავფლიკვინდი სასოწარკვეთით.
იმ ზამთარს აღარ მისწავლია. სასადილო გაგვიუქმეს, ბინის ქირასაც სკოლა ვეღარ გვიხდიდა. მურთაზმა მითხრა, გააგდე წინ ამოდი, ქალს მოგიყვან, ნენე-ბაბასაც მიხედავ, გაძღები, გათბები, გამოკაცდები, შენიანებში იქნები, შენსას ჭამ, არვინ ააფერს დაგაყვედრისო. აგერ მეც წაგეხმარები, გასწავლი, გაგიძღვები. გაგიყვან გაკაფულ-გაკაზმულზე, გაკვალულ-გაწარბულზე დაგაყენებ. მერე კი თავად მიხვდები ყველაფერს, ივლი, ისაქმებ, თავსაც მოუვლი, ქალ-ბაღანასაც დაარჩენ, სოფელიც მოგიწონებს, ხალხი დაგლოცავსო. აჰა, ბაბაი დაბერდა, ნენეი დაბერდა, მენა გამოვნაწილდე, ჩემი საკარმიდამო მოვაფერო, მოვაკეთონა და ჩემსას მე მოვუარო. შენ იქ, სასტავლში, რანდა გამოგიგზავნო, _ ააფერი.
იგი უკვე დაბერებულ გლეხკაცივით ლაპარაკობდა. ღაწვები ჩადუბებოდა, ყიაზე (ყელზე) გარედან ხოშორი ძარღვები დაბერვოდა, გრძელ ნიკაპზე წვერი წამოზრდოდა, საულვაშეზე ულვაში მოსქელებოდა; ხმელი ბიჭი კი არა, გამოქარულ-გახაწიწებული ბერი იყო უკვე, ნაღველმორეული თვალებით, დასერიოზულებულ-დახნიერებული გუგებით, ლოყებით, წარბებით, წამწამებით.
შენ წერა-კითხვა იცი, მონათხარ მიწას აზომავ, შრომადღეებს დაუწერო, მითხრეს და მერგოლურობა ამკიდეს. სავენახეს ვბარავდით. დიახ, მოდგმიდან ვბარავდით. ერთი ნიჩბის პირი მიწა იღებოდა, მეორე ნიჩბისა იმის ქვეშიდან იღებოდა, ესე იგი, ორი ნიჩბის სიღრმე უნდა დაბარულიყო. მეც ჩემი ნაპირი მოვზომე. დილიდან, _ თხრა, საღამოს, _ ზომვა, თავი და ბოლო გაიზომებოდა ჯოხით. ჯოხს ჯერ მტკავლით დავხომავდი, ჩემი ექვსი მტკაველი მეტრი იყო. სამმეტრიანი ჯოხით, _ თავი და ბოლო, ჯამი კი შუაზე იყოფოდა და სიგრძეზე მრავლდებოდა. აი ეს იყო დღიური ნათხარი, ზოგჯერ ორი დღის ნათხარ ფართობში შრომადღე ძლივს გამოდიოდა. შრომადღეზე წლის ბოლოს ფულსაც კი ანგარიშობდნენ კანტორაში. დეკემბრის ერთ გაშლეპილ ფუხარა დღეს, შეყვრიდნენ კანტორაში კრებაზე.
მანამდე, წინასწარ, სოფელში ხმები დადიოდა, შრომადღის ფული მოიტანესო. მანეთი და თხუთმეტი კაპიკი გამოსულაო. იყოს რაცაა, ოღონდ ხელზე თუ მოგვიწევსო, იქნება მარილის ფარა მაინც ავიღოთო, მივიდოდით კანტორაში, თავმჯდომარე (მაშინ უკვე სხვა იყო, _ სერდალი, რომელსაც ზედმეტ სახელად `სოციალ-დემოკრატიას~ ეძახოდნენ) მშვიდად აგვიხსნიდა: კი, ძიავ, მოგიწიათ თითო შრომადღეზე მანეთი და ამდენი კაპიკი. კი გვაქვს, ზოგიერთს ასი, ასორმოცი შრომადღე, მაგრამ ის ფარა, რაც გეკუთვნის, გადასახადის და დასახურავად გიკავდებაო. მოგცემთ, მარა ხვალ ისევ უკან მოსატანი გაქვთ, რაღათ გინდანან ტყვილაო. ჰა, მოაწერიე, ჭო, ხელიო, ეტყოდა მოანგარიშეს და დაჯეჯგვიო, ფეხმორყეულ მაგიდასთან მიგვიწევდა. შევცქეროდი დაჯორკებულ, დაშაშრულ, დაშავებულ ხელებს; როგორ მძიმე-მძიმედ მიხოხავდნენ, იმ ხელთა თითები ნელ-ნელა, ჭოჭმანით იღებდნენ ფანქარს, თავისი სახელისა და გვარის ბოლოში, ფურცლის მარჯვენა კუთხეში თავის თითებივით დაშაშრულ, დაღრეკილ ასოებს მიკელავ-მოკელავდნენ, _ წვალებით გამოყავდათ თავისი ხელმოწერა. ზოგიც ჯვრებს ხაზავდა, თუ წერა არ იცი, ხაჩი (ჯვარი) დასვიო, ეტყოდა ყბაჩამოშვებული ბუღალტერი, ქამილი ერქვა იმ ბუღალტერს,. სოკოსავით წელზედაურობა მსხვილი და მრგვალი ჰქონდა. თავზე ჯერ ქუდს დაიხურავდა, მერე იმ ქუდზე გარედან, ნაქსოვ დაქლექილ ყაბალახს მოიხვევდა. შეხედავდა, შეგეშინდებოდა, ახლოს მიხვდიდოდი, დაგელაპარაკებოდა თუ არა კეთილად განწყობილი, მიენდობოდი. გლეხები, ესე იგი, თავისი მეზობლები, არ სძულდა. ეს დიდი რამე იყო იმ დროში. მთელი წლის ნამუშევრის უკანვე დამტოვებელი, რომელიც უკმაყოფილოდ ხელის ჩაქნევას გაბედავდა, თანამდებობის კაცის რომ არ სძულდებოდა, ეს დიდი რამე იყო.
როცა მოუწერდა გლეხი და ხელში ვერაფერს აძლევდა, ქამილი ეტყოდა, _ გუუძელი პაწაი, ააფერი წამოგცდესო.
მეც ბევრი ვკრიჭე კბილები, მაგრამ ვეღარ `გუუძელი~ და გასაქცევი გზის ძებნის ჟიჟინა (სურდო) დამემართა.
თებერვალში, სოფელ დუბის კოლექტივს დაავალეს, ერთი ბიჭი რკინიგზის სასწავლებელში უნდა გააგზავნოთო. მეც მოვკარი ამ ამბავს ყური. დავფიქრდი, მომინდა, გადავწყვიტე. თავმჯდომარეს მივადექი და გავუცხადე. მართლა სასწავლებელია? _ ვკითხე. კიო, მითხრა: თანაც სამას მანეთს ვაძლევთო,. როგორ, სამას მანეთს ხელზე აძლევთ? _ ვკითხე. ხო, აბა ფეხზე?.. _ დამცინა `სოციალ-დემოკრატიამ~ და თავისივე გონებამახვილობით მოხიბლულმა მხარზე ხელი დამარტყა. ჰო, _ სწორედ დამარტყა; ბევრი მეხვეწება, მაგრამ ალი იმფერი კაცია, იმის შვილს უარს ვერ ვეტყვიო, დამითინგლა-დამიტკბილა სერდალა-თავმჯდომარემ და სიხარულით ავკანკალდი. ვუთხარი, კაი, წავალ-მეთქი. შენისთანა მერგოლურის გაშვება კი მეზარებაო, მაგრამ, ალი იმფერი კაცია, იმის შვილსო... მხოლოდ მერე, გვიან, მივხვდი, ჩემს გარდა იმ `სასწავლებელში~ წასვლა თურმე არავის ნდომებია. არ მიშვებდა მურთაზი, არ მიშვებდა მამა, არ მიშვებდა ნენეი (ტიროდა), მაგრამ ისე ამოვიჩემე, ვეღარაფერმა გადამათქმევინა. თავიდან რკინიგზა რკინებით გაჭედილ-გაყვანილი შარა მეგონა. მერე, როცა ვნახე, გადავირიე, _ ორი ღერი რკინის ლარტყა დაუჭედებიათ ძელებზე და რკინიგზას ეძახიან.
თავმჯდომარე სერდალამ, იმ ჩვენმა `სოციალ-დემოკრატიამ~, ერთ `პაჭკად~ შეკრული ასი ცალი სამმანეთიანი ხელში ჩამიდო. დავხედე, ბანკის ზოლიანი ქაღალდი ჯერ ისევ გარედან შემოკრული ჰქონდა. ტკიცინა, ლურჯი ფულები ერთმანეთზე მიწებებულები, სულ ახალთახლები, ხელუხლებელნი, ჩემთვის საგანგებოდ ბანკის რკინის ყუთიდან გადმოღებული, უბის ჯიბეში ჩავიძვრინე. გულში ვამბობდი: ალბათ ფორმის ტანსაცმელს ჩამაცმევენ (ასე მითხრა თავმჯდომარემ). კი დამინახავს, რკინიგზელები მუქ ლურჯ შარვალ-კიტელს ატარებენ. კიტელი იგივე კოსტუმია, პიჯაკია, რა მოხდა მერე, თუ ნამდვილი პიჯაკი არ იქნება? თვითონ სტალინსაც მაგრე არ აცვია? კიტელი აცვიათ ყველა მის თანამებრძოლ დიდკაცებს. მგონი, მხოლოდ მოლოტოვი ატარებს პიჯაკს და თეთრ პერანგს ზედ გამოკოჭილი ჰალსტუხით. იგი სათვალესაც იმიტომ ატარებს ალბათ, ინტელიგენტობა რომ აჩვენოს თავისი. არა მარტო თავისი, არამედ ქვეყნისაც. იქ კიდე ბევრი იცვამს პიჯაკს და ჰალსტუხსაც იკოჭავს კისერზე, მაგრამ მაგის ხსენებაც კი შიშსა მგვრის რატომღაც, ისე დამაჭყირდება სურათიდან...
ჰო, მერე, მალენკოვიც, სტალინივით, კიტელით გამოდიოდა, იმასაც ბელადივით, ცალი ხელი საღილეში ჰქონდა ჩამოსვენებული, მაგრამ მალენკოვი მართლაც პაწაი დარჩა, ვეღარ გაიზარდა.
სტალინი, აი კაც უბრალო და ნაღდი! კოლექტივის თავმჯდომარესავით აცვია, _ კიტელი, მოშვებული შარვალი, ჩექმებში ჩაყრილი ბოლოებით. არც ერთი ზედმექი რამ მოსართავი, ან განმასხვავებელი ნიშანი. ბაბაი ამბობს, არც ასე ვარგაო, ხელმწიფეს ხელმწიფურად უნდა ემოსოსო. სულ ნიკოლოზს აქებს (ეს რომ გავამხილო სადმე, ბაბაი, ჰაით,_ მარადიულ სიჩუმეთა სივრცეებს შეერევა უმალვე). ნიკოლაი და ნიკოლაი, შენატრის ძველ დროს. ფარა ფარობდა, საქონელი სავსე იყო, იაფი, ხარისხიანი, ლამაზი, ახლა? სოციალიზმს ვაშენებთო და გაჭირვებას გუუძლოთო, მერე კომუნიზმი როცა მოვა ყოლიფერი ბევრი გვექნებაო. რაცხა არ მგონია, რაიმე ხეირი გამოდინდეს ამ საქმიდანო, ჩიოდა ბაბი, რაფერ იქნება, გლეხს მიწა წაართვა და მიწა მოგეციო, უძახო, ჰადაა მიწა, მიწაში ჩავფალი მაი იბრეთები, მიაწყევლიდა ბაბაი და ქვეშქვეშ შემომხედავდა. მეც იქით მივბრუნდებოდი, ვითომც არ გამიგონია. ნიკოლას დროში ასე იყო. ჩამოთვლიდა და ამირევდა გულს. რაო, ახლა მე რომ რკინიგზის სასწავლებელში მივდივარ, ამფერს იზამდა ნიკოლაი? _ ვფიქრობდი ჩემთვის, თუმცა ბაბას არას ვუმხელდი. ვინ, ნიკოლაი ჩამიდებდა ტკიცინა `პაჭკას~, სამას მანეთს ჯიბეში? ა, ნახავ, ბაბი, წავალ, ვისწავლი, სტალინი მომივლის, ჩამაცმევს, დამახურავს, გზაზე დამაყენებს... მერე, იქნება რკინიგზა აქეთაც გამოვიყვანოთ. ჯერ ჭოროხის ნაპირს გამოვაყოლებ, მერე _ აჭარისწყლისას და ვიმსახურებ აქვე ჩემი სოფლის ბოლოზე...
მურთაზამ ძველი ლამფებით მომიჭედა ჩემოდანი. საქალამნე ტყავის ჩამონაჭერი ზედ სახელურად დააჭედა. ჩავყარე იმ ყუთში რაღაცეები, ჩავდე ნენეს მომზადებული საგზალიც და ხილის სოფსაბჭოში გამოსაცხადებლად თავდაღმა დავეშვი. რაიონში ჩემისთანები ასე ათი-თორმეტი ავთავდით. ხელმძღვანელი გამოგვიყვეს. მას უნდა წავეყვანეთ, ჩავებარებინეთ. იმ უფროსმა ყოველი ჩვენგანისაგან, კოლექტივის მიერ მოცემული ფარიდან, ასორმოცდაათები თავად აკრიფა, ესაო გზისა და კვების ხარჯიო.
კვება რომ წარმოთქვა, ბიჭებმა სიცილი ვერ შევიკავეთ, ჩვენში ხომ კვებას სხვა რამეს ეძახიან. მაგ დარჩენილ ასორმოცდაათ მანეთს მოუჭირეთ ხელი, იქ ადგილზე რომ ჩავალთ, ფორმის ტანსაცმელში დაგჭირდებაო. კი, მარა, აკი თავიდან დამპირდნენ, ტყვილა ჩაგაცმევენო? დაველოდოთ, მთავრობა ხომ არ მოატყუებს, ყველაფერი მშვენივრად აეწყობა. ფორმაში გამოწყობილი დავჯდები მერხზე, გადავშლი რვეულს და ჩავიწერ სარკინიგზო გაკვეთილებს. იქვე გვექნება ალბათ სასადილო თავისი `კვებით~. გავძღები, გავლამაზდები, ვისწავლი და ნახოს მერე მურთაზამ, რაფერი ძმა ვეყოლები. არა, მასაც დავეხმარები უთუოდ. ახლა ნენე-ბაბას მიმიხედოს, აქაურობას მიმხედოს და მერე ყველაფერს ასმაგად დავუბრუნებ... ჩაგვყარეს `გურძავო~ მანქანაში და ფახაფუხით გაგვახრიგინეს ბათუმისაკენ. შოფერი მიაგელვებდა; თან კაბინიდან ძარაზე მყოფთ გვიყვიროდა, ჩაჯეკილი ლურსმნებით იყო მოფენილი. ბორტებს ხელჩაჭიდებულები ხან აქეთ, ხან იქით ვეხეთქებოდით. ზოგმა ვეღარ გაძლო და ჩაჯდა. ჩვენი ჩანთა-ჩემოდნებიც აქეთ-იქით აწყდებოდნენ. მურთაზას მიერ მოჭედილი ჩემი კოლოფიც ასრიალდა. ხელის მოკიდების თავი აღარ იყო. ჯერ ჩემთან მოხაკუნდა-მოხოხდა, ერთი წამით შეჩერდა. თითქოს მეკითხებოდა, წავიდე, მივეხეთქო რასაც და ვისაც მინდა თუ დამიჭერ ხელში და მეპატრონებიო. მაგრამ მე თავის ზორში ვიყავი და არც კი შევხედე `ჩემოდანს~. ასე გეკუთვნის შენაო, და უცებ მოწყდა ადგილს, ფინდიხივით გაქანდა მოპირდაპირე მხრისაკენ. იქ ერთ ზენდიდედ ყმაწვილს მიაღლიტა კოჭი, მერე უკან დაიხია და ახლა დანდალოელ ყირმიზთმიან ბიჭს მივარდა, იმასაც ჭლიკზე ეტაკა. ბიჭი სიმწრით დაიგრიხა. ჩემი გადარეული ფანერის ჩემოდანი კი ახლა ცარიელ ბორტს მიერტყა. მგონი, თავადაც ეტკინა ფერდი და გამწარებული ყუთი ახლა ისევ ჩემსკენ გამოსრიალდა, მაგრამ გვერდზე გახტომა მოვასწარი და ფეხი გადავირჩინე, თუმცა, ჩემოდანი კი გაიბზარა. მაშინ ვიხელთე დრო, ჩავავლე ხელი სახელურში, შევაჩერე, მივახოხე ძარის კედლის ძირას და ზედ დავაჯექი. ერთი ბიჭი, ყაფლანი რომ ერქვა `სტაროსტად~ დაგვინიშნეს (ის კი, მთავარი ხელმძღვანელ-გამცილებელი, შოფერთან იჯდა კაბინაში).
როგორც პატიმრები, ბრძანებით ჩამოგვყარეს ძარიდან. ბათუმში, სამგზავრო ვაგზალში კი არა, `ტავარში~ _ გაგვიყვანეს და ჯარში გაწვეულებივით, იქიდან... საით მივდივართო, აი, ესეც ვერ ვკითხეთ, რა საჭიროა კითხვა. მოდიხართ სასწავლებელშიო, მორჩა და გათავდაო. მაგი სასწავლებელი საიდუმლოა, ვიღაცა გაიგონებს და მტერს გაუმხელსო. გავჩუმდით, გავიტრუნეთ, ენა ჩავიკვნიტეთ.
საღამოს მატარებელზე აგვყარეს. საით მიმავალი მატარებელი იყო, ვერ მივხვდით, შეკითხვა არ შეიძლებოდა, ვაგონში ორი იარუსი საწოლები იყო. ჩვენ მესამე იარუსზე ასვლა გვიბრძანეს. ბაღნები ხართ, აღიები ხომ არ ხართო. შორს მივდივართ, ეტყობა, კარგია შორს წასვლა. ნეტა რუსეთში, ციმბირში იყოს. სადღაც გადაკარგულმა. შორს, შორს... მინდა, ძალიან მინდა დავიკარგო, ყველას მოვენატრო, მოვუნდე. მაშინ სხვანაირად დამელაპარაკებიან შინ.
მთელი ღამე მირაკუნობდა ის მყრალი, ბნელი ტალაგანი მატარებელი. დილა. სოხუმი. მერე, ისევ `გურძავიკი~, ისევ ძარაზე შეყრა, ისევ გზაზე ჯაჯგური. და, _ ეშერა. აი, აქაა თქვენი სასწავლებელიო. მწვანეს ბექობზე თეთრი, ბრეზენტით გადაჭიმული პალატები, თითოში თორმეტი საწოლი. პირდაპირ მიწაზე. აღარავის მოსწონს, მაგრამ სად წახვალ, ჩაკეტილი, დამწყვდეული, დაცულები ვართ. სასწავლებლის შენობა, საერთოდ სასწავლებელი არსადაა. ირგვლივ საიდანღაც გამოზიდული მიზის ზვინებია, მიწის გორები, არა უფრო, _ გორაკები. მიწა კი არა, ქვაა, თირაქვა. ცისფერი, მტრედისფერი, სველი, ლოპოიანი, რბილი ქვების გორაკები. ახლოს ჩაუვლი, რაღაცნაური სუნი გეცემა, სხვა სამყაროს სუნი, უცხო, უხალისო სუნი. მერე ვიღაცამ გვითხრა, აქ გვირაბები ითხრება, სოხუმ-სოჭის რკინიგზა გაყავთ, თითქმის სულ მიწისქვეშ გადისო. მეორე დილით წერაქვები, ნიჩბები დაგვირიგეს და შეგვიძღვნენ გვირაბში. სკოლა? სადაა სკოლაო, კითხულობდნენ სასოწარკვეთილი ჩვენებური ბიჭები.
ჩვენი გამყოლ-წინამძღოლი უცებ გაგვიქრა. ალბათ ჩვენი თავები იმათ ჩააბარა და თავად შინ გაბრუნდა.
გვირაბის განათებამ გადაგვრია, დაგვტანჯა, მაგრამ რას არ ეჩვევა კაცი. გვირაბში უმრავლესობა ქალები მუშაობდნენ, რუსი ქალები, სქელ-სქელი, მკლავხოშორა, თეძოებფართო, ენერგიული, მაგარი ქალები. შეგვათვალიერეს, შუბლებზე ოფლები შეიმშრალეს, თვალები ჩაუკრეს ერთმანეთს.
_ მალჩიკი, მალჩიკიო, _ გვეძახდნენ. შეგვიბრალეს. _ მსუბუქი წერაქვები მოგვაწოდეს, აგვიხსნეს, დაგვამშვიდეს, მოგვეფერნენ, საღამოს ცეკვებზე წაგიყვანთო, დაგვპირდნენ. შარვლები ეცვათ, ფართობოლოებიანი ტილოს შავ-შავი შარვლები, ბევრი რამ გვასწავლეს იმ ქალებმა. ბევრი რამ... ერთი სიტყვით, სასწავლებელი მიწის ქვეშ მოგვცეს, ფორმის ტანსაცმელიც დაგვირიგეს, ქალებს რომ ეცვათ, ისეთი შავი სატომრე ტილოს შარვალ-ხალათები, მე ნამდვილ რკინიგზელის ფორმას ველოდი, ჩაქუჩ-ნამგლიანი, მოთეთრო ფოლაქები რომ აკერია, იმნაირს.
მაგრამ ლოდინი ლოდინად დარჩა.
გვირაბის შესასვლელთან, გარეთ, დღე-ღამის მანძილზე განუწყვეტლად გრიალებდა ვეებერთელა მანქანა, რომელიც შავი შლანგებით დაწნეხილ-დატკეპნილ ჰაერს შორის, მიწის სიღრმეში აგზავნიდა კლდის სანგრევი ბურღებისათვის. ზოგნი იმ სანგრევებს. ზოგნიც მონგრეული ქვების გასაზიდ ურიკებს მიგვასიეს. ერთი სანგრევი მეც მერგო. ხელი ჩამავლო მბურღავმა ქალმა და ხმაურის გამო მხოლოდ მიმიკებით ამიხსნა. თუ როგორ უნდა მეხმარა ავტომატი, იგი მძიმე იყო, არ არ ვიკადრე ქალთან, მაგრამ ავტომატის არა თუ ხმარება, აწევაც გამიჭირდა. ისე ძიგძიგებდა, მკლავები ჩამომაწყვიტა თითქოს, ბოლოს მიწის საზიდი ურიკა ვამჯობინე, _ მივაწვებოდი, ავასრიალებდი, ზედაც შევაჯდებოდი.
ერთ საღამოს აფხაზი ბიჭები წამოცვივდნენ მახლობელი სოფლიდან. ჩაუარ-ამოუარეს ბრეზენტის კარვებს, შეგვხედეს, შეგვსუნეს, შეკვეკითხნენ, ქართველები ხართუ თუ აჭარლებიო. ყაფლანას მივანდეთ პასუხის გაცემა. აჭარლებიო, უპასუხა.
ოდნავ ვიუკადრისე, რატომ უთხრა აჭარელი, _ გავჯავრდი. მეპაწავა ჩემი თავი. სიცოცხლეში პირველად მოვხვდი სხვა ენაზე მოლაპარაკეთა შორის და მაშინვე ეროვნებით აჭარელად გამომაცხადეს.
-აბა, თქვი რამე აჭარულად! _ გვითხრა ერთ-ერთმა აფხაზმა ბიჭმა, რომელსაც ხელში კუდმოგლეჯილი მათრახი ეჭირა. ისედაც ფეხებზე, ბაყვებზეც ვატყობდი, ცხენიდან ახალჩამომხტარი იყო. ალბათ თავიანთი ცხენები სადღაც მახლობელ დუბეში დატოვეს.
_ აჭარული ენა არ არსებობს, _ ჩავერიე მე, _ ყაფლან, რატომ აბლაყუნებ ხალხს?! არა, ბიჭებო,. აჭარლები ქართველები ვართ. აი, რა ენაზეც გელაპარაკები, ესაა აჭარული, _ ვიგრძენი, რაღაცა ჭკვასთან მიახლოებული რამე გამომივიდა, გავგულისდი, ხმა ავიმაღლე, _ ბიჭებო, ძმებო, მობრძანდით, ჩვენ ნაღდი ქართველები ვართ! _ ვთქვი და გავიმართე.
უცებ რაღაც მძიმე, მაგარი მომხვდა თავში, დამაბარბაცა და წამაქცია. ცალ თვალზე ცხელი სითხე გადამევლო. ხელი მოვისვი, სისხლი იყო. საკუთარი სისხლი, წამოვიწიე, ვერ წამოვდექი, თავბრუ დამესხა. დუნია დამიტრიალდა, თვალები დამეხუჭა და ისევ წამოვწექი კორდზე.
ვერ გავიგე, ვინ დამარტყა. ყველაზე ახლოს ჩვენვან ჩვენი ყაფლანი იყო. მერე ის მათრახიანი აფხაზი ბიჭი იდგა.
ჩემს ირგვლივ ჩოჩქოლი და ლაწალუწი ატყდა. არავითარი სიტყვები ან შეძახილები აღარ გაისმოდა.
მარტო მუშტების წყევადაწყვუდი, ბათქაბუთქი, მოხშირებული სულისთქმა და შიგ შეზელილი ქართულ-რუსულ-აფხაზური გინებები. თვალში კი სულ ვერ ვიყურებოდი. ამ დროს, ისევ ცალ თვალზე მოვისვი ხელი. სისხლის ლეკერტი შესქელებულიყო, იქვე, ვიღაცის ფეხით მოთხრილი მიწა მოვმუჭე და თვალზე დავიდე. მეგრილა, მეამა და მიბნედილი ჩურჩულით ღმერთს შველა ვთხოვე. თანაც, იმ წუთში, გულით დავიფიცე, _ თუ ცოცხალი გადავრჩი, აქ აღარ გავჩერდები-მეთქი.
საწოლზე წერილი დამხვდა სამკუთხა. მურთაზი მწერდა, ბაბაი გონჯადააო.
გამთენიას ლოგინიდან ჩუმად ავიპარე, ჩემი რაღაცეები პერანგში მოვბოხჩე, მურთაზას მოჭედილ ფანერის ყუთში ჩავპენჭე და, ზღვის ნაპირ-ნაპირ, სოხუმისაკენ, ფეხით გავიქეცი. ეშერას მახლობელ ალაგებს რომ გავცდი, ჯიბეში თავმჯდომარის მოცემული ორი ცალი სამმანეთიანი კიდევ მეგულებოდა; ვშიშობდი, _ მატარებლის ბილეთში არ მეყოფოდა. უცებ ცხენის თრახათრუხი მომიახლოვდა; უკან მიხედვაც ვერ მოვასწარი, მხედარი ჩემს წინ ჩამოხტა. ის გუშინდელი მათრაზიანი აფხაზი ვიცანი. ცხენმა უცაბედად დაიფრუტუნა და მიწიდან მთელი ბოლქვი მტვერი ააყენა. მართალი გითხრათ, ერთი შეკრთომა შევკრთი, _ რაშია საქმე, რატომ დამედევნა ეს აფხაზი-მეთქი. ბიჭს უფერული, უფრო სახის ყანისფერი თმა და მრეში თვალები ჰქონდა, ხმელი იყო, ოდნავ ჩემზე მაღალი. ცუდს ველოდი მისგან.
-ე, _ გაიხედა. _ მაღლა რომ ფაცხაა, ზღვისპირზე, _ ჩემია; ამოდი.
ალბათ დამადევნეს, _ ვიფიქრე ჩემთვის, _ შინ მიმიტყუებს და მერე ისევ ეშერაში წამათრევს ჩასაბარებლად. რა ვქნა, სად დავემალო? არაფერიც არ გამოვა. მამაჩემი გონჯადაა, ამას იტყვი, წასვლა მოუნდომებიაო, იტყვიან.
მაგრამ ეს აფხაზი რა შუაშია? აბა, გუშინ რისთვის იჩხუბა... შესიებული, დაჟეჟილი თვალი ისევ მტკიოდა.
ავიხედე ზევით. ფერდობზე გადმომდგარი ფიცრული ფაცხა, აივნებზე გამოკიდებული ზაფრანებისა და წითელი წიწაკების ჩანჩხურებით, ლურჯი ცისა და ზღვის ფონზე, პატარა გემი მეგონა.
უსიტყვოდ დავნებდი ბიჭს. მშიოდა. წავყევი.
დედამისი ისე შემხვდა, გეგონებოდა, ბაღნობიდან მიცნობდა, ჩვენებური აპოხტი ჩამოწყვიტა ბუხრიდან, მიწის იატაკიდან შუაცეცხლთან ღრიჭე მაგიდაზე დააგდო და ბიჭმა ხელით დათხრიშა-დაწიკვა. ნახლეჩები თიხის ჯამზე დაყარა. დედამ ყველი და ღომი მოიტანა. ღომს ოხშივარი ასდიოდა. აქ გავიცანი პირველად აჯიკა, _ ხის ციცქნა ჯამში იყო ამოგლესილი, სუნი შორიდან მეცა და ნერწყვი წამომადინა. აპოხტის ნამცეცა ჩლეჩი შიგ ამოვუსვი და აჯიკას ცეცხლი ჩამენთო, თვალები ამიწვა, მემწარა. ბოლოს შევრიგდით მე და აჯიკა. ის აჯიკა და ის ბიჭი სულ ერთმანეთს ჰგვანდნენ... საგზალიც შემიხვიეს გაზეთში და ეზოში გამყვნენ. ეშერასკენ წასვლაზე ყაბულს ვიყავი, მაგრამ ბიჭმა საჯინიბოსთან მიბმული მეორე მომცრო ტანის ყირმიზა ცხენი ახსნა, თხელი, გაცვეთილი უნაგირი შეუკოჭა-შეუმაგრა და მითხრა, შეაჯექიო, თავად თავისაზე წამოპორწიალდა, მაშინვე წინ წამიძღვა სოხუმისკენ.
საღამოს თბილისის მატარებელზე ავედი. ბიჭი კიბეზე მომადგა. ქიაზიმი ერქვა. თავისი სოფლის სახელი გამიმეორა და მითხრა, არ დამივიწყოო. მერე, მატარებლიდან ვხედავდი, როგორ გამოაბა პაწა ყირმიზა დიდ ცხენს, როგორ შეაჯდა წინას და ხელისქნევით, ჭახაჭუხით, გაუდგა თავის გზას. იმ აჯიკის უცნაური გემო და სიცხე ახლაც მითუთქავს ენას და ნუნებს და მესმის ქიაზიმის მყუდრო ხმა.
ნაშუაღამევს რომ გამეღვიძა, მატარებელი გრიალით მიქროდა. სამტრედია მძინარეს გამერბინა და მხოლოდ მორიგ გაჩერებაზე ჩავედი ძირს. არ მახსოვს, რომელი სადგური იყო. ჭაჭანება არავინ ჩანდა. მარტო სადგურის სარკმელში ჭინჭვალობდა კენტად წითელი შუქი...
კვირადღე იყო. ბათუმის ციხესთან ზღვა ხალხი ფუსფუსებდა. პატიმრებზე `პერადაჩების~ გადასაცემად გრძელი რიგები იდგა, ნამეტანი ხმამაღალი ხმაური არ შეიძლებოდა, იმოდენა ხალხი მოგუდულად ხმაგაკრეფილი ედუდუნებოდა ბედისწერას და ერთმანეთს, ვერ მიხვდებოდი, გარეთ მყოფთ უჭირდათ თუ შიგნით.
_ შუქრი, შუქრი, შუქრი! _ დამედევნა ვიღაცის უსაშველოდ განწირული და ჩაფერფლილი ხმა. ქალების რიგი ჩოჩქოლობდა, კვნესოდა, ქვითინებდა. ნამეტანი ნაცნობი და თანაც ნამეტანი გამოუცნობი იყო ის ხმა; საშინელმა გრძნობამ შემძრა და შემბორკა. რამ წამომიყვანა აქეთკენ, მთისკენ მიმავალ მანქანას ბაზართანაც მოვნახავდი, რამ წამომიყვანა აქეთ?.. იმისთანა საცოდაობა იყო, მიდღემჩი არ დამავიწყდება, ღმერთო, ვინ იძახის ჩემს სახელს? ქალების რიგიდან შავკაბიანი, ჩამრგვალებული ქალი გამოეყო (ეტყობოდა, ფეხმძიმე იყო) და ჩემკენ მოიწევდა გაჭირვებით. მომიახლოვდა, მოვიდა, ვაი, _ რას ხედავს ჩემი თვალი, _ ბელა! სწორედ ის, ჩემი ოცნების ბელა!
საფეთქლებზე ძარღვები დაბერვოდა, ოფლში გაწუწულიყო. კანკალებდა, ღიმილი აღარ უჩანდა, თითქოს სულ ერთიანად ჩამორეცხოდა. ვერც მომესალმა, ვერც, როგორ ხარო, მკითხა.
_ ორი დღე-ღამეა აქ ვდგავარ, ვერ მივაღწიე კარებამდე...
_ ვინ გყავს შიგ, ვინ?
_ ქმარია დაჭირული, მისმეტი დედამიწაზე აღარავინ მყავდა. ჰოდა, ისიც...
რატომ, რისთვის წაიყვანეს-მეთქი, მინდოდა კითხვა, მაგრამ ამისი დრო სადღა იყო. ვის რისთვის არ იჭერდნენ მაშინ;
_ შუქრი, რაცხა მომეხმარე, დღეს იატაფში მიყავთ. ეს რაცხა ორი ლუკმა და ეს რაცხა თბილი გადამაცემიე, _ და გულამომსკდარს ტირილი აუტყდა.
დავდგი ძირს მურთაზას მიერ მოჭედილი ფანერის ჩემოდანი. დაჯექი-მეთქი, ვუთხარი ბელას და ხალხში შევერიე.
მხოლოდ საღამოზე მივაღწიე ციხესთან, მაშინ კი, უცებ ყველაფერი შეწყვიტეს. ყველაფერი გადაკეტეს და იქიდან ყველასი გარეკვა გააჩაღეს. მივეყუდე იქვე ბედად გადარჩენილ ერთ ქერქშემოღლეტილ მაგნოლიას და უკან, მოშორებულზე, ბელას ძებნა დავიწყე თვალებით. იგი წამომდგარიყო, ხელში ჩემი ფანერის ჩემოდანი ეჭირა და გაოგნებული მომშტერებოდა. ამ დროს ციხის კარი გაიღო და `იატაფში~ გასაგზავნ პატიმართა გამოყვანადაიწყეს. უმალვე იქაურობას მოეფინა აუტანელი მძაგე სიმყრალის სუნი. პატიმრებს თითქოს თეთრი ფუტი ასდიოდათ. ეს უფერული სუნიანი ოხშივარი, ჭაობის ნისლივით, მძიმედ წვებოდა მიწაზე და შემრეშებულ-შებინდებულ სივრცეს თავისი არაამქვეყნიური სუნთქვით იმორჩილებდა.
ადამიანები მხოლოდ ყვითელ ლანდებად მოჩანდნენ და, ვითარცა ყიამეთის ჟამს, ირგვლივმყოფთა დანახვა-ცნობაც კი აღარავის აინტერესებდა. როგორც იტყვიან, თვითეული საკუთარი სულის დარდში ჩაძირულიყო. იქვე, საცოდავად მოკუნტული ორი მოხუცი ერთმანეთს ეჩურჩულებოდა. ისინი ზეგნის სოფლებიდან ჩამოსულებს მივამგავნე. გადასაცემად შეკოჭილ ბოხჩებზე ჩამომხლულუნი, ციხიდან გამდინარე ტუსაღთა მდინარეს შეცქეროდნენ, თავებს დამწუხრებით აძანძურებდნენ და უბადრუკ ხელებს ისრესდნენ. იმათი წუწუნიდან დავასკვენი, _ კამერებში ხალხი ვეღარ ეტეოდა, მუხლის მოხრაც აღარ შეიძლებოდაო. ჩამოჯდომაზე და. მით უმეტეს, ჩაწოლაზე ხომ ლაპარაკიც არავის შეეძლო. ოფლით, შარდით, თვით სუნქვით დამძიმებული ჰაერი არა თუ შიგ მყოფთ, ჭუჭრუტანებიდან გარეთ, დერეფნებში რომ გამოდიოდა, მცველ-ჩეკისტებსაც ახრჩობდა და ბუგავდა. ამიტომ ის `იატაფი~ დიდი ხნისა იყო. ციმბირის უსაზღვროებებში სამყოფი ფართო და სასუნთქი ჰაერი მაინც ექნებოდათ.
ამიტომ, ერთგვარი ხალისითაც მიაბიჯებდნენ, თითქოს უკვე თავისუფლებაში გაშვებულები იყვნენ. მიმავალთა შორის თუ ვინმე ვინმეს იცნობდა, `პერედაჩს~ ესროდა. ზოგი თავისას იჭერდა და წათრევასაც ახერხებდა. მადლობის ნიშნად ერთს მოიხედავდა გამოსავათებულ თვალებს მოავლებდა, მაგრამ გამორჩევით მოსულ ახლობელს ვერავის შეამჩნევდა. ამიტომ მხოლოდ თავის უმწეო დინებას გაყვებოდა,. ბევრი გაქნეული ბოხჩა პატრონამდე ვერ აღწევდა, ან სხვის ხელში ხვდებოდა. იმ სხვას ნამდვილი პატრონის გვარ-სახელს მიაძახებდნენ და პატიმარიც თავს უქნევდა, გავიგე _ გადავცემო. ამით კმაყოფილი, გაწამებული მნახველი სულდათქმული, ერთგვარი შვებით ბრუნდებოდა შინ.
უკვე სულ ჩამობნელდა, ბელამ კი ქმარი ვერა ვერ დაინახა. რომ ჩემთვის ენიშნებია, ხოლო მე `პერედაჩი~ მესროლა მისკენ. ბოლოს, კარში რამდენიმე წითელპეტლიანი, თოფიანი, წოწოლიანი, ჩექმებიანი, ქერათმიანი მცველი ჩადგა და პატიმართა გამოსვლა შეწყვიტეს. კარიც მალე ჩაიკეტა, თოფიანებიც გაქრნენ და ირგვლივ მძიმე, გაუგებარი სიჩუმე ჩამოწვა.
-მე აქ დავრჩები, დილაზე პირველი ვიქნები, _ მითხრა ბელამ და მუცელს ხელები გადააფარა, ქუჩაზე მთის გზას რომ ერთვოდა. `გურძაო~ გაჩერდა, ძარაზე მდგომ მგზავრებიდან ვიღაცა ხელს მიქნევდა, თან სახელს იძახოდა ჩემსას. იგი ბოროტს გადმოევლო, ძირს ჩამოხტა, ჩემთან მიირბინა და ხელი წამავლო.
_ რას იჯექი აქა, ჭო? ჰაიდე, წამოი!.. _ მურთაზი იყო, საშინლად მომერიდა, უცნობ ფეხმძიმე ქალთან ვიდექი. შორს, რკინიგზის სკოლაში წასული ბიჭი. მანქანასთან მიყვანილი წამით მაინც უკან გამოვიქეცი. ბელასთან მივირბინე, ფანერის ჩემოდანი ავიღე, ჩემი აფხაზური საგზალი შიგნიდან ამოვაძვრე და ქალს ხელში შევაჩეჩე.
-გამეიქეცი, თუ გამოგიშვეს, ჭო? _ ბაბასავით მკითხა მურთაზამ.
_ ბაბაი რაფრათაა? _ პასუხის მაგიერ ვკითხე მე.
_ მე შენ თავიდან გითხარი, მიხედე ოჯახს, მოუარე ნენე-ბაბას, შენც ყოფნა შეირიგე-მეთქი,. ნახე ახლა რა გემართება? ისტავწე ჭკვა? ბაბაი! ბაბაი! რაფერნა იყოს, წევს და გიცდის.
გავჯავრდი. როგორი სასტიკი გამხდარა ძმა, რაა, ეს ნუთუ ჩემი გულის გახეთქვა უნდა?
ამნაირი იყო ის გაზაფხული. ის დიდომამდელი ბოლო გაზაფხული. ორმოცდაერთის მაისი.
...
მაგრამ მე ხომ ჯერ ისე შეშის საჭრელად ვიყავი, ისიც ზეგნის ტყეში და კაი შლიგინა წიფლის ტეზებს ვჭრიდი, ვროკავდი და სახორხიალოში ვყრიდი, რომ დაბლა, ტიალში მომეჭუჭკა. იქ უნდა დამეჭახტა (დამეწყო) და დამეტოვებინა საზამთროდ.
ბინდისას ერთ წიფლის მორს ცულით გამოვუცხვირე, რცხილის წნელი დავიწირეხე, გამოვაბი, მორზე ცული დავასვი და მოღლილობით დათენთილ-დასერიოზულებული, შინისაკენ დავეშვი. წირეხის ბოლო მხარზე მქონდა გადადებული. ისე მივდიოდი, თითქოს ჰაერში ვეკიდე, ნედლი ქერქგაუძრობელი წიფელა მძიმე იყო, უკან მეწიკებოდა, არ მიშვებდა წინ, ამიტომ გაბედულად, მთელი სხეულით დავეკიდე ზედ და ერთგვარი სიამოვნება ვიგრძენი. მომეჩვენა, რომ წიფლის მორი კი არა, ჩემი სოფლური ბაღნობა, ეს ზეგანი, ეს ღელე-ღურდანი, ქარაფები, ეს შეყვითლებული ტყეები და ჩემი ქადამნიანი ქუსლებით ნარბენ-დაჯეკნილი თავდაღმართები არ მიშვებენ-მეთქი. მაგრამ ფიქრებმა მაინც წინ წამისწრეს.

??????