ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ქურთი ქალის მოტაცება 

ის ზაფხული ცხელი და გვალვიანი იყო, მამაჩემი სოფლის ერთადერთ სასმელ წყალს ღამით ჩამოიყვანდა ეზოში, ჩაუშვებდა ყანა-ბაღჩაში და ხალხის გაღვიძებამდე რწყავდა, რომ დღისით მეზობლებისთვის წყალი არ მოეჭრა.
ზემოთ, ბენდზე, ღამით ასჯერ ასვლა მოუწევდა. ვიღაცა მოიპარავდა წყალს და თავისკენ გაუშვებდა, მამის ნაპირში მაშინ კი მოიწრიტებოდა.
მეცოდებოდა მამა, მიხმარება მინდოდა, მაგრამ ვერ ვაგნებდი ხერხს, რითაც მას გაჭირვებას შევუმსუბუქებდი, ჩემით, ჩემებურად, შინ მაინც საჩემო დროს რომ მოვიხელთებდი, დანას გარეთ გავიტანდი რამერუმეებს სათამაშოდ ვჩირტნიდი.
იმ დღეებში მეზობელთან, იმ წიაპა ზაალთან კედელზე ლამაზტარიანი, ძაფებგაბმული, ჩემთვის უცნობი რამე დავინახე, ზაალმა ჩამოიღო, ძაფებზე თითები ჩამოუსვა და ხის კოთხომ ლამაზი, საამო ხმები ჩამოაჟუჟუნა. ეს ჩონგურიაო, ტრაბახით ამიხსნა. აი, იმ ჩონგურის სევდა თან წამომყვა და მაწვალებდა, ტრაბახით ამიხსნა. აი, იმ ჩონგურის სევდა თან წამომყვა და მაწვალებდა, ვიცოდი, იმნაირ ჩონგურს ვინ მაღირსებდა, მაგრამ გულში მაინც ვთქვი: მექნება.
შინ რომ მივედი, ყავრის ნაფხრეწი მოვნახე, დანით ჩონგურისნაირად გამოვჩორტნე, ზედ კედის ძაფები გავჭიმეთ და თითებით ჩხაკუნი დავიწყე. ზოგჯერ, ნაშუაღამევს წუთით თვალს თუ გავაჭყეტდი, ნაღმა სექვეზე და გამოღმაც ლოგინები ცარიელი დამხვდებოდა. სად არიან? ერთხელ გამთენიას ასე გამოღვიძებულს ოდნავ შემეშინდა, აღარ ჩამეძინა: ავდექი და გაუბედავად, ფეხაკრეფით, მეორე ოთახისაკენ წავჩაჩურდი, იქ ზღვისპირელი ბაბუა და სხვები მეგულებოდნენ, ხოლო დერეფანში, _ მურთაზი, ზიქრი და ფადიმე უნდა წოლილიყვნენ.
მაგრამ ოდა მთლიანად დაცარიელებულიყო. მიყრილ-მოყრილი, მიხველმოხვეული, მიგორებულ-მოგორებული ლოგინები უწესრიგოდ მიმოფანტულიყო.
შიშმა უფრო იმატა, ღამის სიგრილემ შემაცივა. გავიქეცი და ისევ ჩემი საბნის ქვეშ შევძვერი, _ იქ დედაჩემის დატოვებული სითბო დამიფარავდა.
შემოთენებულმა ფეხის ხმა გავიგონე. ჩვენები შემოვიდნენ.
_ გო, დიდი იბრეთობა მოხდა წუხელი. მიქაილ ბიძამ, ბაბას უმცროსმა ძმამ, ქურთის ქალი მეიტაცა და, ჰა, ტყეშია დაკარგული. ეძებენ... _ სამივემ ერთად ჩაიკისკისა, _ ყველაი იქ ვიყავით წასულები. ქურთები გაჯავრებულან, იარაღით, `ყმა-ყლიჯით~ მოსევიან ჩვენ სოფელ დუბეს.
ახლა ქურთებთან დარიგებაა მთავარიო, თვარა ჩეკისტებამდე თუ მივა ამბავი, ყველას დედა-ბუჯაღიანა დაგვხვრეტენო, ჩივიან.
ზიქრი წამოდგა, ჯამ-ჭურჭლის თაროების ქვეშ მდგარ დედაჩემის ძველებურ სკივრს მიადგა, ააღო და იქიდან რაღაცა ამოაფრიალა, წამომკრა ხელი, იქით, მეორე ოთახისაკენ წამაფაცფაცა. მყუდროში კედელთან დამმალა. ჩამხადა ძველი დადღლეზილი შარვალი და ის, ახალი, უცხო, ცალ ფეხზე ამომაცვა, მაგრამ ძლივს ამომეტია. ვიწრო იყო, წვალებით, მუხლებამდე აწიწა, გამისწორა. მერე წელზე შემომარგო. დავიხედე, გადავირიე, _ ახალი გალიფე!
-სირცხვილია, მოტაცებული ქურთის ქალი რომ მეიყვანონ, ასე ტიტველი ხომ არ იქნები?! _ თქვა ნერვიულად ზიქრიმ, _ ეს მე შეგიკერე, იცი? მარა საბაირამოდ ვინახავდით. ჯერ არნა ჩამეცმევია.
გალიფე წელზე ერთადერთი ფოლაქით ჩამიკეტა, ოდნავ უკან დაიხია, დამაკვირდა, თავი გააქნია. შევატყვე, რაღაცა არ მოეწონა. რაღაც უნახავი, მოულოდნელი და დაუჯერებელი ნეტარების ელდა მთუთქავდა. ღმერთო ერთო, ნენევ ჩემო, ეს რაა, ახალი გალიფე მაცვია?!
ზიქრიმ საგულდაგულოდ რომ შემიკრა შარვალი, ზემოდანაც ჩითის დაჭმუჭნული ხალათი გადამაცვა. ეს დედაჩემის ძველი პერანგი გადაეკეთებინა ჩემთვის. არ მოეწონა. ვაჟკაცურ შალიფეს ჭრელი ზუბუნი, რაღაცნაირად ქალურ იერს აძლევდა, მაგრამ რაღა უნდა მექნა.
-შუქრი, არ გეწყინოს ახლა. მაშ შარვლის ნაჭერი შენახულია, დავჭრი და კარგ ზედას შიგიკერავ საბაირამოდ, გალიფეც მაგრე არ იქს, ძალიან განზეა გაბზეკილები.
_ არა, არა, მე ასე მინდა. არ დამიპაწავო, კაი?
_ ჰო, _ დამპირდა ცალყბად.
გალიფემ მუხლებში ისე მომიჭირა, დასაჯდომად რომ წავიწიე, პრაწუნი დაიწყო. შეეშინდა ზიქრის და ხელი წამავლო. გაიხადეო. მე კი სახლიდან გარეთ გავიქეცი. ვიღან დამიჭერდა? აბა, გალიფეს ვინმეს გავახევინებდი?
საღამოს ნენემ მაკარონი მოჭრა, ერიშტაც (წვრილი მაკარონი) მოჭრა და ვახშმის თადარიგს შეუდგა. ვიღაცეებს ელოდა. ქურთის ქალის მომტაცებლებს ელოდა, მაგრამ ჯერ არავინ ჩანდა. როგორც ჩამობნელდა, მეორე ოთახში შუშიანი ნავთის ლამპა აანთეს. მალე კიბე აჭრაჭუნდა. გავედი. ვხედავ, _ ამოდიან; მამა, მკრთაზაი და, უკან ჩადიან ქალს მიქაილი მოუძღვება. ქალს სახე არ უჩანდა. ჩარჩაფი არ ემოსა, მაგრამ იმხელა ჭრელ, ფუსკულა თავშალში იყო შეხვეული, არც სახე უჩანდა, არც ხელ-ფეხი. ბიძაჩემი და უცხო ქალი აზიზად შეაბრძანეს შუშალამპიან ოთახში და სექვის სათავეზე, ახალდაგებულ ხალიჩაზე გვერდიგვერდ დასვეს. მიქაილ ბიძაი აქეთ-იქით არ იყურებოდა, მგონი ღელავდა, თუ შინაურებისა რცხვენოდა. ქალმა კი პირსახეზე ოდნავ გაიხსნა თავშალი, თვალები და ცხვირი გამოაჩინა. ვერ ვიცანი, თუმცა მაინც ვინ გაცალა ცნობა, მიახლოვება როგორც კი ვცადე, ვიღაცამ საკისურში მტაცა ხელი და დერეფანში გამომათრია.
-რას გვედები ხოზიკასავით, შედი, დეეგდე ბუხართან! _ დამიყვირა მურთაზამ. რაღაცა ნამეტანი კაცობდა უკვე. მე კი, განსაკუთრებით დემირა ვაშლის ნამყენის მოტეხის შემდეგ, აღა მინდობდა, `რას გვედებიო~, გამოდიოდა, თავადაც თავს მამაჩემისა და ბიძაჩემის ტოლად თვლიდა, შევედი ბუხრიანში, ზიქრი და ფადიმე კედელს მისეოდნენ, _ ჭუჭრუტანებიდან დამუხლულები მიქაილს და ქურთის ქალს უჭიტინებდნენ.
-ჭო, _ დაუძახა დედაჩემმა ბაბას, _ ჩვენებურად თუ ლაპარაკობს?
_ ოჰ, არ კნაჭავს? _ დერეფნიდან ხმამაღლა უპასუხა მამამ.
_ კაი და! _ კმაყოფილება დაეტყო დედას.
_ კახაბრელმა ქურთებმა კი იციან ქართული, _ განმარტა მამაჩემმა. ასე სერიოზულად, ყურადღებით სხვა დროს არ გაუჩერდებოდა დედაჩემს, ახლა რა მოხდა? _ მაგი ქურთ-მემედას გოგოა, გო! ქურთ-მემედაი ხომ გახსოვს? იაილებისაკენ ავლისას, დანდალოს ხიდთან, არაბა-ურმებს დააყენებს მუდამ, წყლისპირის კორდებზე საქონელს შედენის, ჯალადობას ერთი ღამით დააბინავებს და ილლაქი (აუცილებლად) ჯორით ჩვენთან გამოირბენს. კაპიწებს, კათხებს, კოთხოებს, ცხრილებს, საცრებს აკეთეყენ მშვენიერს და სქელ-სქელ, ჭრელ-ჭრელ ღაზლის ბურთულ წინდებს ქსოვენ. ხომ გახსოვს?..
დედამ თავი დაუქნია, კიო. მამა ოთახში ქურთის ქალის მომტაცებელ ძმასთან შევიდა. მინდოდა ჩემი გალიფეთი დავნახებოდი იმათ, მაგრამ დედაჩემს უკვე ტაბლაზე დალაგებული ვახშამი შეჰქონდა. ამ დროს სტუმართან ჩემს გამოჩენას არავინ დაუშვებდა,
უცებ დერეფნის კუჩხისკენ თვალი გამექცა. იქ მამაჩემი მაჭახელა თოფს ტუჩში ჩასციცინებდა, რაღაცას უსინჯავდა. მალე იარაღი ბნელ კუთხეში საგანგებოდ მიაყუდა და თავადაც სტუმარ ძმასთან მიხოხდა. მეც დერეფნის მხრიდან ვიპოვე ერთი დამოუკიდებელი ჭუჭრუტანა და საგულდაგულოდ ჩავუჯექი. `ქურთულამ~ (მერე სულ ასე ეძახოდნენ ბიცოლაჩემს) თავშალი მოიძრო და ახლა მოქარგულ, ოქროსფერ იაზმაში დარჩა. მზედაკრული, შეშავებული პაწია შუბლი და მოგრძო ლოყები უსაშველოდ დაბინდული თვალების იშვიათი გამოელვებებით გადანათდებოდა ხოლმე. ეტყობოდათ, დიდხანს იხეტიალეს. _ მოშივებოდათ, უმალვე შეესიენ სპილენძის მოკალულ ლანგარზე ახოხოლებულ მაკარონს.
ქურთულას სებილეს ეძახოდნენ. მოტაცების სურათს მერე, უფრო მოგვიანებით დუბელები ასე ხატავდნენ:
შუაღამეზე, ცხენით მიპარებია მიქაილი ქურთების `არაბებს~. მძინარე ურმებს სქელი, ჭრელი შალის ჩადრები ჰქონდათ გადაჭიმული და კიდეები მაგარი თოკებით ამოხვეული. უცხოთა მიახლოებაზე ძაღლებმა ყეფა ატეხეს, მაგრამ მიქაილამ საგანგებოდ წაღებული ხორცის ნაჭრები გადაუყარა და გააჩუმა.
სებილე რომელ ურემშიც იწვა, ბიძაჩემს წინასწარ ცოდნია. იშიშვლა თურმე მიქაილამ ბებუთი, ურემზე გადაკრულ ღაზლის ჩადრს გარედან დაუსვა, უხმაუროდ ჩააპო და შიგნიდან სებილემ გამოიხედა. წაავლო მიქაელამ საყვარელ ქურთის გოგოს ხელი, მოიქნია, შემოიჯინა ცხენზე და მოკურცხლა.
უცებ, სადღაც ახლოს, თოფი გავარდა. სახლი შეზანზარდა. მომუჭული ლუკმები უკან ჩაუცვივდათ. პირველი მამაჩემი წამოიჭრა. საშინელი შფოთიანი თვალები მოავლო ირგვლივ, დერეფანში გამოვარდა, მურთაზა სადააო, შეიყვირა და თოფს ეცა. მურთაზა ბუხრიანიდან გამოვარდა, მამამ გულზე მიარტყა ხელი და უკან წაბიძგა, ისევ იქ შედი, არ გამომყვეო და თავად ეზოში გაუჩინარდა. აწუწუნებული დედაჩემი უკან გამოედევნა. შინ შემოდი, არ დაგვღუპოო. ერთი სროლაც გაისმა და სიბნელეში ცეცხლის მოგრძო წკეპლის მოქნევა შევნიშენთ, აცეტებული ქურთის ქალის წინ _ უკან დააბაკუნებდა ფეხებს ოთახში.
უცებ მიქაილს მივარდა.
_ ჯობია, მე ჩავალ, თვარა ჩემიანები მოგკლავენ.
_ რაფერ თუ ჩახვალ! _ აღშფოთდა ბიძაჩემი, _ მომკლან. შენ არ გაგიშვებ მაინც.
_ წევალ-მეთქი, გებნევი და!.. _ გაჯიქდა ქურთულაი და მრისხანებით სავსე მზერა შეაშუქა მიქაილს. ქალი სასწრაფოდ მოწყდა იქაურობას. გარეთ, ღამის სიბნელეში, გასროლილ ტყვიასავით გაქრა.
_ რა ქნა, დამტია ამ მამაძაღლმა?! _ ჩაიგმინა ბიძაჩემმა და დაბნეული თავადაც უკან გამოედევნა. დედაჩემი ეზოში ჩაჩოქილი ქვითინებდა, მურთაზი ბზიკივით დაკორწიალობდა, _ იქ, კაცებთან, ჩხუბში ჩასვლა უნდოდა.
_ სებილე, სებილეო! _ ეძახოდა ბიძაჩემი ბნელში თავის ქურთულას, მაგრამ სებილეს ხმა აღარსაიდან აღარ ისმოდა. თოფებიც მიჩუმდნენ, მაგრამ ტყისპირიდან მალე კაცების ცხარე შელაპარაკება და ყვირილი მოისმა. იმ ხმებში თანდათან ქალის ხმაც გამოიკვეთა. ეს ქურთულას ხმა იყო.
რა თქმა უნდა, მე ჩემი ბავშვური ჭკუით, მაშინ ყველაფერი იქ მომხდარს კარგად ვერ ვიგებდი, მაგრამ შემდეგში, გვიან, უფროსთა მიერ მოთხრობილი, იმ ღამისა და წინანდელი ღამის ამბები მაინც ჩამრჩა:
სებილემ მამის ხმა იცნო და იმიტომ გაიქცა ჩვენი სახლიდან. მემედს უყვირია, ჩემი თვალით თუ არ ვნახე ჩემი გოგო და ჩემი ყურით თუ არ მოვისმინე, რაფრათ გაიტაცეს, რატომ წაყვა, ისე მე არ ვიზამო. ის მე ძალით წამართვეს. და ამას როგორც კი მეტყვის, სულ ერთიანად გადავწვავ სოფელსო.
მემედი იცნობდა მამაჩემს და სწორედ ამიტომაც ნამეტანი გაჯავრებულა. ამიტომაც პირდაპირ ჩვენი სახლისკენ აუღია გეზი და თოფიც გამაფრთხილებლად შორიდან უსვრია, მოვდივარ, გამოდით, შემეგებეთო. მემედი უბედური კაცი ყოფილა, თუ ატყდებოდა, ხუთი კაცი ვერ გააჩერებდა, ან თავისას გაიტანდა, ან ვიღაც შემოაკვდებოდა. ამიტომ ყველა ერიდებოდა მასთან საქმის დაჭერას. ამიტომ ყველა ამტყუნებდა მიქაილსაც თურმე, რა ჯანდაბად უნდოდა, მაგ ქურთის ქალი და ქურთების გადაკიდება? რა მოხდა, რა დაემართა, ქალი გამოწყდა ქვეყანაზეო.
მამაჩემი წინ გასულა, თავად მიგებებია, მემედას, მაგრამ, ალიავ, არ მოხვიდე ახლოს, თვარა გაგაფუჭებო, მოაძახა თურმე ქურთმა.
ამ დროს მემედთან თვითონ სებილე გაჩენილა, შემართულ თოფზე გადაფარებია. მამას ქურთულად შეუძახნია:
_ მომაცილე ეგენი, სებილევ, და შინ წამომყევი, თვარა ერთად ამოვჟუჟავ ყველას.
_ ამათ რას ერჩი, მე აგერ ვარ, მამავ, ჰა, მესროლე!.. _ მინდოდა და წავყევი. ვინც მიყვარს, იმასთან ვარ, ჰა, მომკალი ახლა!
მემედამ თოფი დაუშვა, თავი ჩაქინდრა, რაღაცა მწარედ შეიგინა და თავისიანებს გადასძახა:
_ ძმებო, ერთი გოგოშვილი მყავდა, დღეს იგი აღარ მყავს. მომიკდა. ჰაით! _ ამოიგვნეშა მწარედ, მერე თოფი მხარზე გამოიდო და, უკანმოუხედავად დაღმართში დაეშვა.
მაგრამ საცოდავ ქურთ მემედას ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ უარესი დაემართა. კახაბრელი ქურთები ომის მიწურულს მოხვეტეს და გუა აზიას გაუყენეს. მარტო ერთადერთი სებილე, ერთადერთი ქურთი დარჩა ჩანს მხარში ბიძაჩემ მიქაილის ოჯახში.
იმ ღამის ვახშამი კი, მგონი პატარა, სახელდახელო ქორწილში გადაიზარდა. მიქაილ ბიძაი ტყისპირის შეხლა-შემოხლიდან ბედნიერად სულამაღლებული და შთაგონებული დაბრუნდა. იგი ძალიან დიდი მოწადინებით ეფერებოდა თავის ქურთულას. მამაც კმაყოფილი იყო და ნენეს ემუდარებოდა, რაც შეგიძლია გამოიტანე სუფრაზეო. საწყალ დედაჩემს კი რა ჰქონდა, რომ გამოეტანა. სასმელი მაშინ ჩვენსას არც კი გაჭაჭანდებოდა. მიქაილ ბიძიას, ვატყოდით, დალევის `ხოში~ ჰქონდა, შეიძლებოდა იმ ღამის იშვიათობის ხათრით, არც მამაჩემი წასულიყო წინააღმდეგი. მაგრამ თვით სასმელი ხომ ფიზიკურად, არა მარტო ჩვენსას, არამედ იმხანად, მთელ სოფელ დუბეშიც, არსად იპოვებოდა.
მიუჯდნენ ისევ სპილენძის ლანგარზე ახოხოლებულ მაკარონს.
მიქაილმა დედაჩემს ერთგან უჩურჩულა:
_ აიშევ! (დედას ხშირად მაზლებიც კი სახელით მიმართავდნენ) რამე ბეთმეზის ნარჩენაი გექნება და მომიტაი, _ დედამ გაიკვირვა, ამ შვაზაფხულს რაღაცის ბეთმეზიაო.
დედაჩემი დუბეში ყველაზე უკეთეს ბეთმეზს და ლეჩერს ხარშავდა. ეს იცოდა ალბათ მიქაილ ბიძამაც.
ერთ მიგდებულ დერგულაში მართლაც ცოტა ლეჩრის ნარჩენი ამოეფხიკა დედაჩემს. ლეჩერი ადესას ბეთმეზია. მოიტანა ფიალით და მიქაილი გაახარა, ბიძაჩემმა დიდი მონდომებით ლეჩრის ნაფხეკი წყალში გახსნა და ორი ფინჯანი გაავსო. სასმური მამაჩემს გაუშვირა, მამაჩემმაც მიჭახუნებით უპასუხა და უცნაური სიტყვებით ნეფე-დედოფალი დალოცეს. სებილე უხმოდ, მოწყენით და მოკრძალებით იჯდა. ლუკმასაც აღარ იღებდა, _ ალბათ მამის მუქარამ და გაჯავრებამ გული ატკინა. მაგრამ ჩემს თვალში სებილე მაინც იმ ღამის მთელი თავგადანახადის გმირთაგმირად ჩანდა.
მერე, ვითომ, მიქაილი შეზარხოშდა, სიმღერა დაბალზე წაიღიღინა, მამაც აყვა, ნეფემ ჯორკო მოაჩოჩა და ზედ განდაგანას საროკაო დაუბრახუნა. ყველაზე პაწაი მე ვიყავი. მომნახეს და მასამეს ძალით.
დღეს რომ ყოველივეს ვიხსენებ, გული ამბობს: ძეგლდასადმელია სებილე, მერე ქურთმა ქალმა თერთმეტი ქართველი გაზარდა. თავისიანთა სამარადისო დაშორება და სხვა ათასი ჭირ-ვარამი გადაიტანა... სიყვარულისათვის!.
შუაღამით რაღაც ფაჩაფუჩმა და კრაჭაკრუჭმა გამომაღვიძა. ვიცოდი, იმჟამად რამაზანი არ იყო, რომ ხმაური იასლუღისათვის სამზადისად ჩამეთვალა. არადა, რაღაცა გემრიელი საჭმელების სუნიც ტრიალებდა ოდაში.
ძილი გამექცა და ლოგინში ჯაჯგური დავუწყე. ამ დროს დერეფნიდან მომესმა.
_ ჰა, ადე, წამომყე. გათენებამდე მოვითავოთ და უკან დაუბრუნდეთ. _ მამაჩემის ხმა იყო.
_ შეიშალე? ეხლა ემსილესთან მიისლება? ვინცხამ რომ დაგინახოს, რას იტყვის, ა?! _ ნენემ უპასუხა.
_ არვინ არ უნდა დამინახოს, თვარა, თუ დამინახა, მაშინ რაღაი, მე შენ გებნევი, გათენება-გატიალებამდინა მოვასტრა სადილის მიტანა ემსილესან-მეთქი. არ მინდა ვინმემ დამინახოს, გეყურება? ქვეყანამ იცის, რომ იქ ქააფირ რიზასთან და ჩემგან გაქცეულ ემსილესთან არ მივალ-მეთქი, დაფიცული ვიყავი, მარა ახლა, ამ სებილემ შემაცოდვა ემსილეი. რა ვქნა. უნდოდა და წაყვა ხომ?! მივდეთ მე და შენ, ამ ჰეგებით (ხურჯინით) რაცხაები მუუტანოთ და...
ჩვენში გათხოვილ ქალს, ქორწილიდან რამდენიმე დღეში მშობლები ესტუმრებიან სიმბოლური პურმარილით; ამას სადილის მიტანას ვეძახით.
ჩემი ბაღნური ჭკუით დიდად გამახარა მამაჩემის ასეთმა გადაწყვეტილებამ.
_ ბაბი, მეც წამიყვაი. _ ამოვბედე საბანქვეშეთიდან.
_ ადე და წამეეთრიე! _ ბრძანა ბაბამ.
_ ქადა-ბიშებით, ორი კვირა ჩლეჩილი ყველით, დოთი, ყურუთით, კიდევ რაცხაებით ნახევრამდე მოყრილი ხურჯინი მხარზე გადაიდო მამამ. დედა უკან გაყვა, შუაში მე ჩავდექი და გავუდექით გზას.

??????