ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ხიდზე მოცეკვავე 

მესამე გაზაფხულია ხილის შვიდწლედში ვარ. მეშვიდეკლასელი!.. მოპარულ წიგნებს ისევ დიდი გატაცებით გაბის ღელისპირას ვკითხულობ, მაგრამ ახლა ძველებურად დიდხანს აღარ ვრჩები. შინაურობა მეძალება, მეწიწება, თავისკენ მქაჩავს. მრცხვენია, მგონი, უფრო მეშინია. არა, ალბათ მეხათრება მამაჩემისა, დედაჩემისა, ძმისა.
ძმა ყოველდღე მიჯავრდება, _ კმარა ამდენი სტავლა, ამოდი, შინ მიხედეო. წიგნები კი იქაა, კარადა გამოტენილია, ჩემს მეტი, სულერთია მაინცდამაინც არავინა ჰყავს კარადას შემწუხებელი.
მესამე გაზაფხულის მაისი ხანგრძლივი და ცივი წვიმების შემდეგ ამზიანდა. წვიმებით გარეცხილი ჩვენი წითელი რკინის ხიდი, თავისი მაღლა აზიდული გამოღმიდან გაღმა მდინარეზე ცისარტყელასავით გადავლებული, ერთიმეორეზე ახორხლილი ლითონის მშვილდებით, გამოსულის (გაზაფხულის) ბრდღვიალა მზეზე ალისფრად ალაპლაპდა.
ხიდის სასოფლო საჭო, სკოლა და თვით ხიდიც საპირველმაისოდ ირთვებოდა. მოგვაზიდინეს უამრავი ნეძვის ტოტები, შქერის, იელის ყვავილები. ზოგს სად ვკიდებდით, ზოგსაც სად ვაჭედებდით. აჭრელდა, მოირთო ყველაფერი. პირველი მაისის ზეიმი ხვალ იქნება.
ხვალ, მაღლა ხიდის რკინის ანძებზე განდაგანს იცეკვებს ისმეთ წოწოლაძე. ამას ყველა ამბობდა.
შიშის ჟრუანტელი ტანში მიბჟუოდა. მაღლა, ხიდის ცადაზიდულ რკინებს რომ შევხედავდი, წინასწარ ვშიშობი, იქ, იმ რკინის ლარტყებზე გასულ კაცს, ქვეშ სადღაც ჩაკიდულ, ჩავარდნილ, ლოდებიან და ღორღიან ხევში მღვრიედ მოყეფარ მდინარეს რომ წარმოვიდგენდი. გასულ ოქტომბრის დღესასწაულზე უცეკვია,. მაშინ მე ვერ ვნახე. არ ვიცი, არ მახსოვს რატომ ვერ ვნახე, რა მჭირდა, რად არ ვიყავი გასულ წელს საოქტომბრო სეირზე?
იუნუსაი კი, ჩემი თანაკლასელი, მოლა ყედირის ბადიში, ახმედის სიკვდილის შემდეგ რომ ისევ ჩემი მეგობარი გახდა, ამბობს, ისმეთ წოწოლაძის ცეკვა ნახული მაქვსო. საკვირველია, რატომ ან რაფერ დავაკლდი მე ამისთანა ისტორიულ ამბავს ხიდზე?
იუნუსა ახლა ისეთი აღარაა, დაწყებითში რომ იყო, ახლა გამართული, ამართული, გაწვართული და გადიდებულია.
იუნუსა ახლა ისეთი აღარაა, დაწყებითში რომ ავი, ახლა გამართული, ამართული, გაწვართული და გადიდებულია.
ერთხანს შვიდწლედში რომ პირველად ჩავედით, აი, იმ პირველ ხანებში, მე რატომღაც ამითვალწუნა, ჩემ სიახლოვეს ყოფნას აღარ კადრულობდა. მე რომ იმ საწყალ ახმედას მივეკედლე. ზურგი შემაქცია იუნუსამ მაშინ. სხვა ბევრი რამეებიც მაგონდება ახლა. ომის მიწურულის გადარეული წელიწადიც მაგონდბა. ჩვენებურებმა სახელების გამოცვლა რომ დავიწყეთ. მამუდ კაიკაციშვილმა, მაშინდელმა საოლქო დიდკაცმა წამოიწყო ეს და პირველმა თვითონ შეიცვალა სახელი, მამუდის მაგიერ მამია დაირქვა. თუმცა, ამბობენ, შემდეგში იმ დიდკაცმა, იმ დროისთვის შეუფერებელი თავმდაბლობა გამოამჟღავნა, _ აღიარა, ეს მე ერთი პოეტის მიბაძვით გავაკეთეო. მამია მამისა და მამულის ცნებასაც ეხმიანება, ენათესავება, ექსოვება, ეგვირისტება, გაზეთში დაიწერა.
ლექსებიც მიეძღვნა ამას. ზოგი ამბობდა, დასაფლავებული ჩვენი ძველი სახელები ამოვთხაროთ და ყველამ ისევ დავიბრუნოთო. ეს თვითონ მიწამ მოგვთხოვა, ჩვენმა ისტორიამ და ჩვენმა დავიწყებულმა თუ არდავიწყებულმა უბედურებებმა დაგვავალესო. ოჰ, რას წერდნენ მაშინ. ომი უკვე ნაღდად მოგებისკენ მიდიოდა. ყველას რაღაცის მოგების, ვიღაცასთან გამარჯვების, დაკარგულის დაბრუნების წადილები აწვალებდა.
გაზეთებში წავიკითხეთ სევდიანი წერილები ჩვენი ძველისძველი ისტორიული მამულისაგან მონაწყვეტი მამულების, უმშვენიერესი ქართული ტაძრების, ხიდების, ციხეებისა და, რაც მთავარია, იქით, არსიანის გადაღმა, შავშეთ-ერუშეთში, არტანუჯ-კლარჯეთში, იმერხეთში. ტაოში და, გამჩენმა ღმერთმა უწყის, კიდევ რა ალაგებში მცხოვრებ ჩვენებურებზე.
აშკარად არ ჩანდა გაზეთებში, რომ ის ძველი მამულები, სადაც ყოველ წყაროს, ბორცვს, გზას, სოფელს, ქალაქს თუ შუბლგაბზარულ ტაძარს ისევ ისე თავისი ძველისძველი ქართული სახელი ჰქვია, მის ამგებელ-ამშენებელ პატრონს ხალხს უნდა დაუბრუნდესო. მაგრამ ჩვენ, ყველანი კარგად ვხვდებოდით საითაც გვეძახოდა ასეთი წერილების გამოქვეყნება.
იმათ, ვინაც ეს ყველაფერი ჩაიფიქრეს, ძალიან კარგად იცოდნენ ისინი, ვისაც აგერ სამასი წელიწადია ალაგები ხელებშემოჭერილი უკავიათ, ლანგარზე დადებულს უკან არ მოგართმევენ, თუმცა ჩვენი დიდი `ულვაშა~ თუ წამოიწყებს, თუ თავად გადაწყვეტს და მართლაც მოინდომებს, ვინ დაუდგება წინ.
იქნებ ამდენი გამარჯვების შემდეგ იმ მსოფლიო კაცმა თავისი მშობელი პატარა ხალხისათვი მოიცალოს?
თქვეს, ალბათ, სტალინს, ბოლოს და ბოლოს, გაახსენდა, _ თავადაც ქართველია, შეებრალა თავისი დელულ-მამულეთი და, ეტყობა, გადაწყვიტა, ამხელა გამარჯვების ერთი მონაფრეწი თავის ღვიძლს, თავის მშობელ ხალხსაც უწილადოსო. იქნებ თავისი უსაშინლესი ცოდვების მონანიბაც უნდოდა ულვაშას. მაგრამ არ გამოვიდა. ეს ამბავი, ალბათ, შორი მომავლისათვის გადადო. ვინ იცის, იქნებ კი არ გადადო, საერთოდ ამოიღო გულიდან. ვინ იცის, იქნებ, ამნაირი ნაბიჯი რომ გადადგმულიყო, ომი დღესაც დაუმთავრებელი იქნებოდა. ერთი კი ცხადია, ულვაშიანმა მსოფლიო კაცმა, ისევ თავისი მშობელი კუთხის ხვაშიადები გასწირა, რათა თავისი დიდკაცობა კიდევ ერთხელ გაედიდებინა `დიდი ხალხის~ თვალში.
ვინ იცის, იქნებ ოდესღაც დაკარგული ეროვნული მიწების დაბრუნებისათვის იმოდენა ღონის ხმარება და ახალი ამოუხსნელი მომავლის მქონე კონფლიქტის გამოწევა `ვიწრო კუთხურობად~ ჩაეთვლებოდა მსოფლიო კაცს?
ასეა თუ ისე, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ენაჩავარდნილი მაინდელი პრესის მიერ გავრცელებულმა `პატრიოტულმა პროპაგანდამ~ ის ერთი ხეირი მაინც ჰქნა, რომ ჩვენ, დანაწევრებულ-დანაყოფ-განახევრებულ საქართველოს შვილებმა, დაკარგული მიწების თუ ვერა, დაკარგული სახელების დაბრუნება მაინც დავიწყეთ.
სეირ-სეირ სახლებს ვირჩევდით ჩვენ-ჩვენთვის თითოეული. მოლა-ყედირის ბადიშმა, ჩემმა ჭიჭლაყა მეგობარმა, იუნუსამ, მაგალითად, თავის ახალ სახელად ილია ინდომა. ვინ დაუშლიდა, მხოლოდ ბაბუა მოლა-ყედირაი გაჯავრდა, თლათ გაგიავრება მოინდაო, უყვირა, მაგრამ იუნუსაი მაშინ უკვე ბაბუას აღარ უსმენდა.
მეც შუქრის მაგიერ შიო დავირქვი. რას ერჩოდი შუქრისო, მაგაშიც ხომ ქართული სიტყვააო, მისაყვედურა ზოგიერთმა დუბელმა, მაგრამ სიტყვათა თამაშებში აყოლა ჯერ ჩემი საქმე არ გახლდათ. ჰოდა, ახლა ვამბობ, ნეტა მაშინ მარტო სახელი კი არა, ტანჯვით მიღებული და ტანჯვით წართმეული რელიგიაც დამებრუნებინა-მეთქი.
მაშინ ძალიან მწყინდა, მამაჩემი რომ ასე წყევლიდა `ულვაშიან მსოფლიო კაცს~, საყვარელ ბელადსა და მასწავლებელს. ახლა? დღეს ვრწმუნდები, ჩემი ბაბაი ყველა ბელადზე შორსმჭვრეტელი ყოფილა.
პირველი მაისი მოწმენდილი ცითა და დროშებივით გაშლილ-მოშარიშურე ტყეებითა და ხეებით შემოგვეგბა დილიდან. მზე ჩემ სოფელში რომ გადმოიხედავს, ამნაირი ბედნიერად გაბადრული სახით, ამნაირად დაელვებული თვალით, ალბათ სხვაგან არ იყურება. ამ ღარდა-ღურდებში, ამ მთა-გორებზე და მიმოღრეკილ ფრიალოებზე რომ უყვარს მზეს თავისი სირმის ხუჭუჭების გადმოფენა, ასე სხვაგან ალბათ არსად ეყვარება ნებივრობა.
აქ მართლაც სხვანაირად თბილია მზე. იცის მნათობმა ყველაფრი; იცის, რომ ნაჩაგრი და ნაბჩავები ხალხი ვართ ამ ფუხარა ხეობებში, ვებრალებით, ამიტომ საგანგებოდ თანაგვიგრძნობს, გვეხმარება. ყოველდღე დილიდან საღამომდე, ჩვენთანაა, თავს გვადგას, შუქს გვახვევს, ნაყოფებში შაქარს ყრის, ბოსტნებში, სარის ღობეებზე აბოტებულ გაგიჟებულ კიტრის ლერწებს მწვანე-მწვანე ეკლების ბუსუსებიან ჭიპაებს ასხამს. ხაპის ხოშორ-ხოშორ ლერწებს კი ვეებერთელა ხაპერებს უზრდის, სიმინდებზე, ჟვეროებისძირა ორპატიკებში, ჯერ თავის სხივებივით ლამაზ, ყირმიზ-ყირმიზა ქოჩრებს გადმოჰკიდებს, მერე კი ნელ-ნელა ქუნჭლით მწვანედ, რბილად, სათუთად შეხვეულ, ჩვილ ტაროებს ამოაპარებს და ჩუმ-ჩუმად მზისკენ, ესე იგი, თავისკენ წაიყვანს. ტაროებს თათქალა რძიან მარცვლებს ჩაურიგებს, დაამწიფებს ყველაფერს, შეკაზმავს ყველაფერს და მერე მოსატეხ-მოსაკრეფად გამოგვიშვერს.
ჯერ აღლუმზე გაგვიყვანეს, მედოლედ წინ იუნუსი დააყენეს. ულაწუნა და უფრაუნა სკოლაში ნაგორავებ, ცალ მხარეს გამოღლეტილ დოლზე კომბლები.
ისე არეულად უბრაგუნებდა, ორი კი არა თხასავით, ოთხი ფეხი უნდა გქონოდა, რათა ნაბიჯი თითო დარაკუნებას მორგებოდა. აღლუმი ერთი ჩავლისაგან შედგა. მალე დაგვშალეს და ჩვენც სეირში შევერიეთ, ყველაი ხიდისკენ მიიწევდა, ყველა იქით იყურებოდა, მართლაც, ხიდის მახლობლად, იმ ნაპირზე, სადაც სკოლა იდგა, ჩოჩქოლი და ყაყანი მატულობდა. უცებ ჭიბონმა ხორუმი ამოაზუზუნა.
ჭიბონის ხმა ხშირად გამიგონია. ის ხმა მართლაც მყვარებიან ცრემლიც გადმომდენია კარგი მელოდის მოსმენისას, მაგრამ მაშინ, საპირველმაისო სეირზ, ჩვენს ხიდთან განაგონი ჭიბონის ხმა სულ სხვანაირი იყო, _ უცნობი, თითქოს შორეული დავიწყებიდან, იქნება, უძველესი ნანგრევებიდან ამდგარი, ან სასაფლაოებიდან მოქროლილი, ამოკვნესებასავით მწველი, მაგრამიგი ხმა როდი იყო ჭახე, ჭინჭყილა.
ეს ხმა სულ სხვა იყო. _ ნელი, ღრმად, შორიდან დაწინწლული თანდათან გახოშრებულ-გაწვარადინებული, ლოცვასავით ცხელი და ულმობელი, ნენეს დართული ღაზლის ძაფივით გრძელი და რბილი, ჭვანელი გოგობის პაიჭ-სარტყლებივით ჭრელი, ლამაზი, ხორკლიანი, ნაღდი, წრფელი და მართალი. ის ხმა ჭიბონისა ახლაც ყურებში მიბჟუის, არა, უფრო გულში მირაკრაკებს, _ იგი ხომ სისხლს ჩემსას შეეია, იგი ხომ თვალთა გუგებში ტბებად ჩამიდგა, იგი ხომ შუქჩრდილად იქცა და ემ შუბლზე განერთხო, როგორც მთა-გვანცას აჩრდილი დუბის დაფერადებულ ველზე.
ეს ქოჩახელას ჭიბონის ხმა იყო. ქეჩხოწამოსხმული ქოჩახელა, სასრების (სალესი) ქვასავით გალეულ-გაცვეთილი, თავზე ჟამთდინებით დამდნარი ყურებმოფრეწილი ყაბალახით, მუხლებზე შეცვეთილი, კაკლის წენგოში შეღებილი ძიგვა შარვლით და ჩაღამებულ-ჩათუთქული თვალებით. მოკლე, მეჩხერი წვერლ-ულვაშით და გაცრეცილი, დაღლილი ტუჩებით, ხიდთან შექუჩულ ხალხის შუაგულში ჩაძირულიყო, იღლიაში მომცრო გუდაამოჩრილი, თავის მოკლექარახსიანი (რქიან) ჭიბონის ტირილ-ღიღინს აყოლილი. ისე ირწეოდა, გეგონებოდა, დედა ძუძუთა შვილს უნანიებსო. მე და თავმოპარსული, იუნუსი რომ მივუახლოვდით. ქოჩახელამ ჭიბონი უცბად ჩააქრო (გუდა არ დაუჩუტია, შიგ ჩაბერილი თავისივე სული მაღლა აეწია), ხალხის წრის გაფართოებას ითხოვდა. მერე განდაგან დაუკრა და გამოიჭრნენ მოცეკვავენი. ჩადრებმობურული ქალები, მორცხვობით, შიშით დამჩრდალები, მოშორებულ მომაღლო კოჟორაზე საცოდავად შექუჩულები, წარბებზ აწეული თავსაკოჭებიდან, შუშის ნატეხივით მოცქრიალე თვალებს მოისეირეებს უმიზნებდნენ და ეტყობოდათ, შუფუთულ-შეხვეულ სახეებზე სიამოვნება-აღტაცების ღიმილები ღვაებად ჩამოსდიოდათ (თუმცა, ამას ვერავინ ხედავდა). ქალები ვიცანი, _ ჩვენებურები, დუბელები იყვნენ. საცაა რაიკომის მდივანს უნდა ჩამოევლო, უნდა ენახა ხელმძღვანელს, როგორაა საქმე, უხარია თუ არა ხალხს მშრომელთა სოლიდარობის დღე, არის თუ არა წესრიგი ადგილებზე და სწორად უძღვებიან თუ არა საბჭოების თავმჯდომარეები მოსახლეობის ზეიმს, სწორი იდეურ-პოლიტიკური და ბოლშვიკური სიფხიზლის ნიშნით წარმართავენ, თუ არა სეირნობას. მთავარია მაინც, ბოლშევიკური სიფხიზლე არ მოადუნონ ადგილებზეო, აი, ეს მოთხოვნა ამოძრავებდა სუყველა ზემდგომს.
რაიკომის მდივნის მოლოდინში ადგილობრივი ხელმძღვანელები ნერვიულად ფაციფუცობდნენ, ჯემალ თავმჯდომარე საიდანღაც გამოენთო და კოჟორაზე შექუჩულ ქალებთან მივარდა.
_ ნუ იფუჩნით ახლა თქვენ პირებს, თვარა რაიკომი მუვა და... მემრე მე ააფეი დამაბრალოთ. თქვენ-თქვენ კაცებს უფრთხილდით, ეს იცოდეთ!
ქალები ერთობ შეფორიაქდნენ. მხრებზე მოხვეულ რაღაცეებიდან, ზოგ-ზოგებმა ხელები ამოიძვრეს და იაზმები ცხვირის წვერებამდე ჩამოაქანეს, შუბლზე კი უბრალოდ თითით აღქმა შეაქანეს თავსაკოჭელები და გაჩერდნენ.
ჩაიქროლა და ისევ მობრუნდა ჩვენი სოფლის თავმჯდომარე.
_ ქალებო, გებნევი, პიზე აიძრეთ ეგ ფართხუშები, თვარა რაიკომი მოვა და...
_ ეს ნამუსის საფარია, რაიკომმა უნამუსონა გაგვხადოს?
_ თუ დაჭირდა, გაგხდის და მეტსაც გიზამს. _ რისხვა შეეპარა თავმჯდომარემ.
ამ დროს, ხიდთან, სკოლის მხრიდან `ემადინი~ გაჩერდა. მტვრის თეთრი აფრა აღქმა აიშალა და ხიდის რკინის მაღალ კამარაზე დამაგრებულ ბელადების სურათამდე მიაღწია, საბჭოს თავმჯდომარე, მოედინი სირბილით მიიჭრა მანქანასთან და გამოღებულ კართან რაიკომის მდივანს წინ გაეჭიმა. მდივანი საბჭოს თავმჯდომარეზე მოდაბლო ჩანდა. თანაც ცალი ფეხი ოდნავ მუხლში მოდრეკილი ჰქონდა, ორი-სამი ნაბიჯი რომ გადადგა, აშკარად შეეტყო, _ კოჭლობდა.
მაგრამ თავისი თანამდებობრივი უპირატესობით და კიდევ თავისი რიხით, ხმამაღალი ლაპარაკით, ყველაფრით, ჩვენ მაინც ყველაზე მაღალი მოგვეჩვენა. კოჟორაზე მოჭუჭკულმა ქალებმა ლეჩაქები უფრო დაბლა ჩამოიჩოჩეს, ხოლო ვისაც ეს არ უნდოდა, პირი სულ მიიბრუნა, ყველას ზურგი შეაქცია.
მოედინმა მოშორებით მოფუსფუსე, დუბის კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, ჯემალს, ჯავრიანი მზერა ესროლა და წარბი ქალებისაკენ რისხვით გაუქნია.
ნაშუადღევი იყო. აღლუმები რაიონში ყველგან უკვე დამთავრდა, ახლა ნამდვილი სეირნობა უნდა დაწყებულიყო.
აზუზუნდა ქოჩახელას ჭიბონი, აგრიალდა დოლი, ყველა ხიდისკენ იყურებოდა. მე ვერ წარმომედგინა და არც მჯეროდა, თუ ვინმე იმ აყუდებულ რკინებზე გავლას შეძლებდა.
იუნუსი გვერდით მედგა. გვერდით სხვა ბევრნი მოგროვდნენ. ატყდა ხმაური, ყიჟინა, სტვენა. ამ დროს ხიდისკენ, მაუზერის ფართხშუით, ხალხს მოაპობდა შირინ დელიძე. მაუზერი მხრებზე ირიბად ეკიდა, ქამარზე კი, ცალკე, ვეებერთელა სამკუთხა ტყავის ყაბი უკორწიალებდა. ნაგანის მოშავო-მოყავისფრო ტარი, ყუნწზ ძეწკვის პორწიალით, თითქოს ერთგვარად ამშვენებდა შირინის შესქელებულ საჯდომს. კი, ბავშვი ვიყავი, მარა შემინიშნავს, მილიციელებს მაშინ საჯდომები თითქოს ყველას ერთნაირად ნაბურგალევი, უნაგირებზე ნასრესი, ღამით წიწვებსა და ეწრებიან მიშაზე ნახორხიალები ჰქონდათ. ყველა სიგონჯეს, შნოსა და ლაზათს ანიჭებდა ბრტყელი მხედრული ქამარი, რომელიც სანახევროდ იარაღის სიმძიმით დაბლა ჩამოწეულიყო.
იუნუსმა იდაყვი მომარტყა და ნაღმა ნაპირისკენ გამახედა. ქოჩახელა და მედოლე, კუკულა, როგორც იმ ქოსა ბებერ დამკვრელს ეძახოდნენ, შუა ხიდზე გასულიყვნენ, ქოჩახელამ თავისი გზნებიანი და გულის ამაფორიაქებელი ხორუმი ისე დაუკრა, მეგონა, მიწიდან აღმა კი არა, ციდან თავდაღმა ხოშკემკალივით ცვიოდა ხმები და მდინარის წყალიც კი იქ, დაბლა, ხიდის ქვეშ რიტმულად მილაპლაპებდა, დიახ, ამ ხორუმის მელოდიას აუწყო თავისი ლანქერიანი ზვირთები და მწყობრი რხევა-ცეკვით ვეება ლოდებს შორის მიედინებოდა. უცებ დავინახე, ზედ ხიდზე, ხალხმრავალი ცეკვა გაჩაღდა, ხოლო გაღმიდან აღმა, რკინების ლარტყებზე, ცკვით ვიღაცა ახტა და ასე ცეკვითვე, შეუნელებლად, აღმა და აღმა გაეშურა. კაცი კი არა ერთხანს ორ ფეხზე წამომდგარი რომელიღაც ნადირი მეგონა.
მაშინ მაიმუნი ჯერ ნახული არ მყავდა, თორემ უსათუოდ მაიმუნად ჩავთვლიდი იმ უცნაურ და გადარეულ მოცეკვავეს. ისიც გამომიშვა თავიდან, რომ ცოტა ხნის წინ ისმეთზე ლაპარაკობდნენ, ხიდზე იცეკვებსო.
მაგრამ ის, ვინც ახლა ხიდის ცაში აზიდულ, დაქსელილ რკინებზე, ჯამბაზივით აცეკვდა, სრულებითაც არ გავდა ისმეთ ბიძას. იმ კაცს ხომ მე ვიცნობდი განსვენებული ახმედის სახლიდან?
მოცეკვავე კიდე-კიდე აყუდებულ და მთელ მდინარეზე ცისარტყლასავით გადავლებულ რკინის საშინელ მაღალ კამარაზე, ხელმოუკიდებლად, სულ აღმა და აღმა არბოდა. თავზე კოლოფივით სწორგვერდება, მაღალი ფაფახი ეხურა; მოყირმიზო ულვაში მზეში მუგუზალივით უღვიოდა, წელზე ყაბალახი თუ ქალის ჩვენებური სარტყელი ჰქონდა, ბოლოს კი შევნიშნე, ფეხშიშველა იყო. წითლად შეღებილი რკინები ხოხოლაში თეთრი ფეხების ქნევა-ტრიალი სიზმარში ნახულს ჰგავდა, მაგრამ უნდა ვთქვა, ძალიან ლამაზი იყო. შიში ნელ-ნელა ჩამინავლდა. თუმცა სულ შუა, სულ უმაღლეს რკინის ლარტყაზე რომ შედგა მოცეკვავე და მკლავები გაშალა, სუნთქვა შევინელე და გარკვევით გავიგონე საკუთარი გულის დრაგადრუგი.
-ისმეთავ, ისამე (იცეკვე) ამოქნეული, ი-სა-მე! _ დაუძახა ვიღაცამ ძირიდან.
_ მაგას ქალი ჭირა, ძიავ! _ წელზე არხეინად დინჯშემოკრულმა გადმოსძახა ზემოდან, რაღა კითხვა უნდოდა,. _ ის მართლაც ისმეთ წოწოლაძე იყო. მაგრამ მიკვირდა, რამ დააპატარავა კაცი ასე ძალიან.
მილიციელი შირინი ისე გაჩერდა ხიდზე და ისეთი ბატონკაცური ირით დაუწყო ყურება სახიფათო რკინის ქსელებზე მოცეკვავე ისმეთ წოწოლაძეს, რომ წამით წარმოდგენა შემეცვალა დელიძეზე. მგონია, შირინი ისმეთს შეჰყურბდა, როგორც განწირულს, რომელიც შეიძლება გადმოვარდს, ხოლო თავად თითქოს ქვეშ უნდა შეშველებოდა.
სადღაც ჩემს ფიქრებში სურვილიც კი დამეწინწკლა, რათა ოდესმე, კაცი რომ გავხდები, მეც ამისთანა მილიციელი ვიყო-მეთქი, მაგრამ მოცეკვავე ისმეთი უფრო მომწონდა, იმით ხომ სულ აღტაცებული ვიყავი, არა, როცა კაცი გავხდებოდი _ უფრო ისმეთისთანა ჯამბაზი, ცეკვის გიჟი და გამბედავი ვყოფილიყავი მერჩია.
ისე თავისუფლად დახტოდა ისმეთი ხიდის რკინის ლარებზე, რომ ხალხში ხანდახან ერთიანი გმინვა იფეთქებდა.
ქოჩახელა კი, იღლიაში ამოჩრილი თავისი აყივლებული ჭიბონით, თვითონაც აცეკვებული და მელოდიით ატაცებული, სწორედ ისმეთის პირდაპირ, ქვეშ, ხიდზე, დათვის ბოკვერივით წახრილი დააბოტებდა და ჭიბონის ყოველ შეწყობილ ამოძახილს, ღრმა, მოგუდულ ამოკვნესებას ამოაყოლებდა. ეს იყო უცნაურობებით და, როგორც მოგვიანებით გავიგონე, შემოქმედებითი აღტყინებებით აბურდული, თანაც უმაღლესად აწეული ხასიათი, როცა ადამიანმა, არათუ მაყურებელმა, თვითონა ავტორაც კი, არ იცის, თუ საით მიაქანებს მას შთაგონების ატეხილი წყალდიდობა.
ის კი, ისმეთი, ისე ირხეოდა რკინის ქირიმებზე, ისე გარბი-გამორბოდა სიგრძე-სიგანაზე, ძირს არც იყურებოდა.
ყველაზ მაღლა აზიდული რკინის მოხილი თაღიდან, როგორც ვეშაპის ზურგიდან, იგი ახლა მოპირდაპირე ნაპირისაკენ, ესე იგი, იქით, საითაც ჩვენ ვიდექით, მოწყვეტით დაეშვა და ქვეშ ქოჩახელაც, ჭიბონის სულ უფრო ადუღებულ ხმაში გაბლანდული, გამოქანდა. ბელადების ბრტყელ-ბრტყელი პორტრეტის გასწვრივ, მან ახლა განდაგანა ახალი ძალით გაწელა, ხოლო იმ დროს, ხიდს გაღმა მხრიდა, ჭრაჭაკრუჭით და ბრახაბრუხით, მაღლა აზიდული მტვრით, მანქანა მოადგა. ირგვლივ ბორტებზე ისევ წინანდებურად, ხიშტიანი თოფებით ხელში, ყიმიზ `პეტლიცებიანი~, ყირმიზ-ყირმიზი ბიჭები ისხდნენ. `გურძავო~ ხიდზე გასვლამდე შეაყენეს.
რაიკომის მდივანი და თავმჯდომარეები აღარსად ჩანდნენ. იუნუსამ მიჩურჩულა, უფროსები სადილზე წაიყვანესო. სადილი მილიციის სადგომ ფაცხა-ფიცრულში მოეწყოთ (რა ვიცოდი მაშინ, რომ რაც ირგვლივ ხდებოდა. ოდესმე მოსაგონებლად დამჭირდებოდა, თორემ ყველაფერს უფრო ზედმიწევნით დავიმახსოვრებდი).
ქოჩახელა ხიდის მოაჯირ მიასკდა, ზურგით აეკრა და ჭიბონი ჩააქრო. დოლზე ბრახაბრუხი უმალვე მიწყდა. ხალხიც გაიკმინდა, მარტო აჭარისწყალი მიახათქუნებდა იმდენ კლდეებსა და ლოდებში ძლივს გამოტეულ თავის დაფეხვილ სხეულს.
შირინ დელიძე მაუზერის კორწიალით გაიქცა მანქანის შესახვედრად, ალბათ, ხიდზე გამოსატარებლად, მირბოდა, თანაც სირბილისას ხიდზე მდგომთ ანიშნებდა, იქით-აქეთ მიდექითო. ყველა მიხვდა, `გურძავოში~ დაჭეილები ისხდნენ. ძარას ფსკერზე ჩამჯდარ გლეხებს მარტო ყაბალახწაკრული თავები უჩანდათ, რომელიმე თუ ოდნავ წამოიწეოდა, რათა ძირს გადმოეხედა, ბორტზე მსხდომთაგან, რომელიმ ყირმიზ-~პეტლიანი~, წოწოლიანი ჯარისკაცი ხიშტს მიუშვერდა, ან კონდახს დაარტყამდა და უკანვე ჩააჯენდა. `გურძავოს~ რომ გზა გაუხსნა, დელიძემ ქოჩახელას დაუყვირა, რატომ გაჩერდი, დაუკარი ახლავე და ხალხი ასეირეო. მეჭობინეს თავისი წვიტი, ქუთუთოებქვეშ ჩაკარგული, ჭის წყალივით ციმციმა თვალები, წუხილით და შფოთით უკამკამებდა. მილიციის ბრძანებაზე არავითარი რეაგირება არ გაუუკეთებია, ხოლო შირინამ რომ ბრძანება გაიმეორა, რატომ არ უკრავ ჭიბონსო, ქოჩახელამ იყვირა:
-რანდა დუუკრა, ჭო?! ჩემი ჭიბონი ავათ გახდა.
იუნუსამ მაშინვე შემომაჭყიტა თვალები და თქვა, მაი ქოჩახელა თავს დააჭერიებს, ვატყობო. ხოლო, ამ დროს ნამდვილი დაჭერილობით ავსილი `გურძავოი~ შუა ხილს გამოსცდა. ბევრი პატიმარი ხელის აშვერას ბედავდა, ალბათ ემშვიდობებოდა ხიდელებს ან რაღაცას გვიბარებდა, მაგრამ ჩვენ ვხედავდით, _ ხელის აშვერაზეც უჯავრდებოდნენ. დელიძემ აღმა აიხედა, იქ ხიდის ანძათა ბოლოს წვრილ ბოგირზე გაყინულიყო გაშეშებულიყო ისმეთ წოწოლაძე და ნელა გამავალ მანქანის ძარაში იყურებოდა, ერთხანს მეგონა, ჭიბონის ხმას ელის, რათა ახლად აცეკვდეს-მეთქი, მაგრამ დაჭერილების დანახვამ ისე წაუხდინა გუნება, მგონი თავსაც ვეღარ იკავებდა, აქეთ-იქით ტორტმანობდა, სხეული ძლევდა. თითქოს საცაა ჩამოვარდებოდა. თავის შესაკავებლად ბელადის ჩარჩოს ჩაავლო ხელი და ასე მოფამფალებული ძლივს ადგა.
-ბაბავ, ბაბი! მეც ამწიეს. აღარ მომძებნო! _ ჭახე ხმით შეუძახა ვიღაცამ `გურძავოდან~ მოცეკვავეს. ისმეთი დაიხარა.
_ შვილოო! _ დაიჭექა ისმეთამ და იქვე ჩაიჩოქა. ბორტებზე მსხდომმა ხიშტებიანმა ყირმიზა ბიჭებმა მაღლა აიხედეს `გურძავოს~ წინ ხალხი ისევ შექუჩულიყო და სვლა ძალიან შენელდა. პატიმარი შვილის დანახვაზე ისმეთამ თავი ვეღარ შეიკავა, ხიდზე გადავლებულ რკინის თაღს მიმაგრებული ბელადის პორტრეტიც მოაგლიჯა და ორივე ერთად ძარაში ჩავარდნენ. მანქანა შედგა და დაბორკილ-დასაკლავ ხარივით ხროტინი გამოუშვა. ხიშტებიანი თოფები ასრიალდა. ყირმიზა წითელარმიელები ფეხზე წამოიჭრნენ და, შეშინებულები, არავინ გგვექცესო, ძარას ალყად შემოევლნენ.
ისმეთი პატიმრებში თავის შვილს ეხვეოდა და ღრიალებდა, მომეხმარეთო, ჭო, მე წამიყვაით და შვილი დამიტიეთო. ხიშტებიანებსაც ეხვეწებოდა, ჰა, მე წამიყვანეთ, შვილი კი ძირს ჩასვითო. მაგრამ ხიდზე მოცეკვავეს არავინ ყური არ ათხოვა, შვილი ხელიდან გამოგლიჯეს, თავად გაბორკილივით თავისსავე სამოსში შეხვეული ძირს გადმოაგდეს, თან ბელადის ვეება სურათიც გადმოაყოლეს.
რაიკომის მდივანი და თავმჯდომარეების მთელი კამპანია, პარაკვაშილებულ-აღაჟღაჟებულები, სკოლის ეზოდან ხიდისაკენ ჩამომწკრივდნენ. ძალიან ეტყობოდათ ჩხავერის ნამოქმედარი.
-აბა, აბა, ქოჩახელავ, დაუკარი, დაუკარი! _ ყვიროდა დელიძე და ისმეთას ექაჩებოდა. ადი, ისევ ხიდზე იცეკვე, ხომ ხედავ, უფროსები მოდიანო.
მე და იუნუსაი ვეღარაფერს ვხედავდით, იმდენი ჯგრო ხალხისა დაიძრა ხიდისკენ.

...
მერე, ჩვენ, დუბის აღმართს რომ შევუდექით და სერზე ცოტათი წამოვმაღლდით, ხიდის შემოგარენი კარგად, ხელისგულივით კვლავ დავინახეთ. ისეთი ჩოჩქოლი შევნიშნეთ, შევდექით, რათა ყველაფერი გაგვერჩია. ისმეთი მოკუზული და დასაცოდავებული, ზურგზე აკიდებული ბელადის სურათით, ისევ რკინის ახოლხილ ხიდის კამარაზე ადიოდა. აბა, მეტი ვინ შეძლებდა იმ სიმაღლე ყიამეთივით საშინელ რკინის ქირიმზე გასვლას?
ორიოდე დღის მერე, სკოლაში ვიღაცამ გვითხრა გუშინ ტყეში ისმეთ ბიძას მისივე მოჭილი ხე დაცემია და მომკვდარაო. ესე იგი, ხე მოჭრა, წამოქცეულს ვეღარ გაასწრო და ქვეშ მოყვა?
არც უყვირია, არც შველა უთხოვია, თორემ ვიღაცა უსათუოდ გაიგონებდა. არა, ისე ჩუმად და მორჩილად დანებებია პირველსავე შემთხვევას სიკვდილისას?

??????