გოგოლი ნიკოლოზ
გაზიარება

პეტერბურგული მოთხრობები 

ნევის პროსპექტი

ნევის პროსპექტზე უკეთესი, ყოველ შემთხვევაში პეტერბურგში, არაფერია. პეტერბურგისათვის იგი ყველაფერს წარმოადგენს. რით გსურთ, რომ არ ბრწყინავდეს ჩვენი დედაქალაქის ეს ულამაზესი ქუჩა? მე ვიცი, რომ არცერთი აქ მცხოვრები, უჩინო თუ ჩინოსანი, არ გასცვლის ნევის პროსპექტს სხვა დანარჩენ სიკეთეზე. არა მარტო ის, ვისაც დაბადებიდან ოცდახუთი წელი შესრულებია, აქვს მშვენიერი ულვაშები და განსაცვიფრებლად შეკერილი სერთუკი, არამედ ისიც კი, ვისაც ნიკაპზე უკვე ჭაღარა შეჰპარვია და თავი ვერცხლის ლანგარივით მოპრიალებული აქვს, – აღტაცებულია ნევის პროსპექტით. ახლა მანდილოსნებსა ჰკითხეთ! ოჰ, მანდილოსნებისათვის ნევის პროსპექტი კიდევ უფრო საამურია, მაგრამ აბა ვისთვის არ არის იგი საამური? გახვალთ თუ არა ნევის პროსპექტზე, სეირნობის განწყობილება გეუფლებათ. თუ გინდ საჭირო და აუცილებელი საქმეც გქონდეთ, სულ ერთია – შედგამთ ფეხს პროსპექტზე და ყველაფერი გავიწყდებათ. მერკანტილური ინტერესებით შეპყრობილ პეტერბურგში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ ხვდებიან აუცილებლობის კარნახით და სადაც ისინი გაჭირვებას არ გამოურეკია. გეჩვენებათ, თითქოს აქ შეხვედრილი ადამიანი ნაკლებ ეგოისტია, ვიდრე მორსკაიას, გოროხოვაიას, ლიტენაიას, მეშჩანსკაიასა და სხვა ქუჩებზე ეტლით მიმქროლავნი თუ ფეხით მიმავალნი, რომელთა სახეზე აღბეჭდილია გაუმაძღრობა და ანგარება.

პეტერბურგისათვის ნევის პროსპექტი საყოველთაო კომუნიკაციას წარმოადგენს. ვიბორგის თუ პეტერბურგის მხარეზე მცხოვრებს, რომლებსაც რამდენიმე წელია არ უნახავს რიყეზე ან მოსკოვის საგუშაგოსთან მობინადრე მეგობარი, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ აქ აუცილებლად შეხვდება მას.

ვერც ერთი სამისამართო კალენდარი თუ საცნობარო ადგილი ვერ მოგცემთ ისეთ სწორ ცნობებს, როგორც ყოვლის შემძლე ნევის პროსპექტი, სასეირნო ადგილებით ღარიბი პეტერბურგის ერთადერთი გასართობი! რა სუფთად არის დაგვილი მისი ფილაქნები და, ღმერთო ჩემო, რამდენი ფეხის ნაკვალევი ამჩნევია! გადამდგარი ჯარისკაცის ბინძური, ულაზათო ჩექმები, რომელთა სიმძიმეს, ასე გასინჯეთ, გრანიტიც დაუხეთქავს; კოპწია, ღრუბლის ფთილასავით მსუბუქი ფეხსაცმელები ახალგაზრდა ქალისა, რომელიც კოხტა თავს ისე მიაბრუნებს ხოლმე მაღაზიის ბრჭყვიალა ფანჯრებისაკენ, ვით მზესუმზირა მზისაკენ; იმედებით აღვსილი პრაპორშჩიკის მოჟღარუნე ხმალი, მკვეთრ ნაფხაჭნს რომ ტოვებს ხოლმე ფილაქანზე, – ერთი სიტყვით, ძალას ძლიერებისას თუ ძალას სისუსტისას ზედ თავისი დაღი დაუმჩნევია. რა სწრაფად ხდება ნევის პროსპექტზე ფანტასმაგორიული ცვლილებები მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში! რამდენ ცვლილებებს განიცდის იგი ერთ დღე-ღამეში! დავიწყოთ სისხამ დილიდან, როცა მთელ პეტერბურგს ეფინება ახლად გამომცხვარი ცხელი პურის სურნელი და როცა იგი სავსეა დაფლეთილკაბიანი და სალოფიანი დედაბრებით, რომელთაც გეზი აუღიათ ტაძრებისა და გულმოწყალე მგზავრებისაკენ. ნევის პროსპექტი მაშინ დაცარიელებულია: ჰოლანდიურ პერანგებში გახვეულ მედუქნეებს და მათ ნოქრებს ჯერ ისევ სძინავთ, ან თავიანთ კეთილშობილ ლოყებს ისაპნავენ და ყავას მიირთმევენ. საშაქარლამოთა კარების წინ მათხოვრები იკრიბებიან; გამოუძინებელი ჰანიმედი, გუშინ რომ შოკოლადით ხელში ბუზივით დაქროდა, ახლა უყელსახვევოდ, ცოცხით ხელში გარეთ გამოდის და მათხოვრებს გამხმარ ნამცხვრებს და ნასუფრალს უყრის. ქუჩებზე საქმიანი ხალხი მიიზლაზნება. დროდადრო პროსპექტს გადაჭრიან ხოლმე სამუშაოზე სწრაფად მიმავალი რუსი გლეხები კირში გასვრილი ჩექმებით, რომელთა გარეცხვასაც ალბათ სისუფთავით საყოველთაოდ ცნობილი ეკატერინეს არხიც კი ვერ შესძლებს. ჩვეულებრივ ამ დროს მანდილოსანთა პროსპექტზე გამოჩენა უწესოებად ითვლება; იმიტომ რომ რუს ხალხს ისეთი უხეში გამოთქმები სჩვევია, რასაც ეს მანდილოსნები ალბათ თეატრშიაც ვერ გაიგონებენ. დროგამოშვებით გამოჩნდება გამოუძინებელი, იღლიაში პორტფელგაჩრილი მოხელე, რომელსაც ნევის პროსპექტით გზა უძევს დეპარტამენტისაკენ. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს, ე.ი. თორმეტ საათამდე ნევის პროსპექტი არავისთვის მიზანს არ შეადგენს. იგი მხოლოდ საშუალებაა: პროსპექტი თანდათან ივსება ადამიანებით, რომელთაც აქვთ თავიანთი საქმე, თავიანთი საზრუნავი, თავიანთი დარდი და სულაც არ ფიქრობენ ახლა პროსპექტზე. რუსი გლეხი უზალთუნზე ან სპილენძის შვიდ გროშზე ლაპარაკობს, დედაბრები და ბერიკაცები ხელებს იქნევენ ან საკუთარ თავს საკმაოდ მრავლისმეტყველად ებაასებიან, მაგრამ მათ არავინ უსმენს, არც არავინ დასცინის, გარდა ჭრელხალათიანი ბიჭუნებისა, რომლებიც ჩექმებით ან ცარიელი შტოფით ხელში ელვასავით დაქრიან ნევის პროსპექტზე. როგორც არ უნდა იყოთ მაშინ ჩაცმულნი, თუნდ შლიაპის ნაცვლად კარტუზი გეხუროთ თავზე, ან ყელსახვევს ზემოთ საყელო მეტად წამოშვერილი გქონდეთ, ამას ვერავინ შეამჩნევს.

თორმეტ საათზე ბატისტისსაყელოიან აღსაზრდელებთან ერთად პროსპექტს ყოველი ეროვნების გუვერნიორები შეესევიან ხოლმე. ინგლისელი ჯონსები და ფრანგი კოკები მათ მშობლიურ მფარველობას მინდობილ აღსაზრდელებთან ხელგაყრილნი დადიან და სათანადო სიდარბაისლით განუმარტავენ, მაღაზიებზე აბრებს იმისათვის ჰკიდებენ, რათა მათი საშუალებით გავიგოთ, თვით მაღაზიებში რა მოიპოვებაო. გუვერნანტები – ფერმკრთალი ინგლისელი და ვარდისფრედ მოღაჟღაჟე სლაველი ქალები – მედიდურად მოსდევენ დაუდეგარ, ცქვიტ გოგონებს და უბრძანებენ, გამართულად და ოდნავ მხარაწევოთ იარონ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ნევის პროსპექტი ამ დროს – პედაგოგიური ნევის პროსპექტია. ორი საათის მოახლოვებისთანავე გუვერნიორების, პედაგოგებისა და ბავშვების რიცხვი მცირდება: მათ ადგილს თანდათან იკავებენ მათივე მოსიყვარულე მამები, რომლებიც ნაირფრად აჭრელებულ და ძარღვებმოდუნებულ მეუღლეებთან ხელგაყრილნი მოდიან. ამათ საზოგადოებას თანდათანობით უერთდება ყველა ის, ვისაც უკვე მოუთავებია საკმაოდ მნიშვნელოვანი საოჯახო საქმეები, ასე მაგალითად: ულაპარაკნიათ საკუთარ ექიმთან ამინდზე, აგრეთვე ცხვირზე ამოსულ პატარა მუწუკზე; გაუგიათ საკუთარი ცხენებისა და ბავშვების ჯანმრთელობის ამბავი და ისიც, რომ ამ ბავშვებს, სხვათა შორის, დიდი ნიჭიც გამოუჩენიათ; წაუკითხავთ აფიშა და ფრიად საყურადღებო საგაზეთო სტატია დედაქალაქში ჩამოსულთა და იქიდან გამგზავრებულთა თაობაზე; ბოლოს ერთი ფინჯანი ყავის ან ჩაის დალევაც მოუსწრიათ. მათვე უერთდებიან ისინიც, ვინც სახარბიელო ბედს განსაკუთრებულ მინდობილობათა მოხელის დალოცვილი წოდებით დაუჯილდოებია. აქვე მოდიან აგრეთვე ისინიც, რომლებიც საგარეო საქმეთა კოლეგიაში მსახურობენ და სხვებისაგან თავიანთი საქმიანობისა და ჩვეულებების კეთილშობილებით გამოირჩევიან. ღმერთო, რამდენი საუცხოო თანამდებობა და სამსახურია! რარიგ აამებენ და ამაღლებენ ისინი სულს! მაგრამ რომ არ ვმსახურობ და მოკლებული ვარ სიამოვნებას საკუთრივ განვიცადო ნატიფი დამოკიდებულება უფროსებისა. ყოველივე, რასაც ნევის პროსპექტზე შეხვდებით აღვსილია წესიერებით: გრძელი სერთუკებით მოსილი, ჯიბეებში ხელჩაწყობილი მამაკაცები თუ ვარდისფერ, თეთრ და მკრთალ ცისფერ ატლასის რედინგოტებში გამოწყობილი მანდილოსნები, თავზე მშვენიერი ქუდებით. თქვენ აქ ნახავთ უმაგალითო ქილვაშებს, გასაოცარი, უჩვეულო ხელოვნებით რომ არის გატარებული ყელსახვევის ქვემოთ; ატლასისებურ, ხავერდოვან ქილვაშებს, ნახშირისა თუ სიასამურივით შავებს, მაგრამ ვაი რომ ისინი მხოლოდ საგარეო საქმეთა კოლეგიაში მომსახურე პირების კუთვნილებას წარმოადგენს. დანარჩენ დეპარტამენტთა მოხელეებს განგებამ უარი უთხრა შავ ქილვაშებზე: სამწუხაროდ, მათ მხოლოდ წითურის ტარება უწევთ. თქვენ აქვე შეხვდებიტ გასაოცარ ულვაშებს, რომელთა ასახვა არც ერთ კალამს და ფუნჯს არ ძალუძს, რომლებსაც ეწირება მათთა მფლობელთა სიცოცხლის საუკეთესო ნახევარი, რომლებიც წარმოადგენს საგანს ხანგრძლივი ფხიზლობისა დღისით თუ ღამით, რომლებსაც იშვიათი ხარისხის საცხებლებს უსვამენ, უძვირფასეს სუნამოს აპკურებენ და ღამით პირველხარისხოვან ქაღალდში ახვევენ, რომელთა მიმართ მათი მფლობელნი ყველაზე დიდ სინაზეს იჩენენ, ხოლო გამვლელნი შურით უცქერიან. თქვენ აქ შეხვდებით ატასგვარი ხარისხის ქუდებს, კაბებს და მსუბუქ მანდილებს, თვალისმომჭრელად რომ ელვარებენ და ზოგჯერ მთელი ორი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ თავიანთ პატრონთა სიყვარულს. გეჩვენებათ, თითქოს ყვავილთა ყლორტებიდან ნევის პროსპექტზე აფრენილა ზღვა პეპლებისა და ეს ზღვა ელვარე ღრუბლებივით ტოკავს ხოჭოების შავი ლაშქარივით გამოფენილ მამაკაცთა თავებზე. აქ თქვენ ნახავთ ქალებს, რომელთაც ბოთლის ყელივით წვრილი წელი აქვთ, ისეთი, როგორიც სიზმრადაც არ მოგეჩვენებათ. მათ დანახვაზე მოკრძალებით განზე გაიწევთ, რათა ტლანქი იდაყვი არ წაჰკრათ. შიში და რიდი იპყრობს თქვენს გულს, ვაი თუ თქვენმა მოურიდებელმა სუნთქვამაც კი გადატეხოს ბუნებისა და ხელოვნების ეს უმშვენიერესი ნაწარმოები. ახლა ქალების სამოსთა როგორ სახელოებს შეხვდებიტ ნევის პროსპექტზე! უჰ, რა მშვენიერებაა! ისინი რამდენადმე ორ საჰაერო ბურთს მოგვაგონებს, ასე რომ ქალის უეცრივ ჰაერში აფრენა მოსალოდნელი იქნებოდა, მამაკაცს რომ ხელმკლავით არ მოჰყავდეს. ხოლო ქალის ჰაერში ატაცება ისევე მსუბუქი და სასიამოვნო საქმეა, როგორც შამპანურით სავსე სასმისის ტუჩებთან მიტანა.

შეხვედრისას არსად არ მოგესალმებიან ისეთი კეთილშობილებითა და უშუალობით, როგორც ნევის პროსპექტზე. თქვენ აქ ნახავთ ხელოვნების მწვერვალს – განუმეორებელ ღიმილს, სიამისგან რომ დაგადნობთ, ხან საადმირალოს შპიცზე მაღლა რომ აგაფრენთ და ხან კიდევ ბალახზე უმდაბლესად გაგრძნობინებთ თავს. აქვე შეხვდებით ადამიანებს, რომელნიც კეთილშობილებით აღსავსე გრძნობითა და საკუთარი ღირსების შეგრძნებით ბაასობენ ამინდსა და კონცერტზე. ათასგვარ გამოუცნობ მოვლენასა და ხასიათს დაინახავთ აქვე. ღმერთო! რარიგ უცნაური ხასიათის ადამიანები გვხვდებიან ნევის პროსპექტზე! მრავალია ისეთი, რომელიც შეხვედრისას თქვენს ფეხსაცმელს დააცქერდება, ხოლო როცა გაივლით, ახლა უკან მოგხედავთ და თქვენი სამოსის კალთებს დააკვირდება. მე ჯერაც ვერ გამიგია, რატომ ხდება ეს. ერთხანად ვფიქრობდი, რომ ისინი მეწაღენი იყვნენ, მაგრამ ასე როდი ყოფილა. უმრავლესობა სხვადასხვა დეპარტამენტში მსახურობს, ბევრ მათგანს მშვენივრად შეუძლია მისწეროს მიმართვა ერთი სახელმწიფო უწყებიდან მეორეს; ხოლო დანარჩენთა საქმიანობას საშაქარლამოებში გაზეთების კითხვა და სეირნობა წარმოადგენს. ერთი სიტყვით, უმრავლესობას მათ შორის რიგიანი ადამიანები შეადგენენ.

ამ დალოცვილ დროს, ნაშუადღევის ორიდან სამ საათამდე, ნევის პროსპექტს მოძრავი დედაქალაქი შეიძლება ეწოდოს, სადაც ადამიანთა საუკეთესო ნაწარმოების მთავარი გამოფენა ხდება. ერთი გიჩვენებთ დარდიმანდულ სერთუკს საუკეთესო წავით, მეორე – საუცხოო ბერძნულ ცხვირს, მესამე – შესანიშნავ ქილვაშებს, მეოთხე – მშვენიერ ჟუჟუნა თვალებს და გასაოცარ ქუდს, მეხუთე – თილისმა ბეჭედს ნეკზე, მეექვსე – პაწია მომხიბვლელ ფეხსაცმელებს, მეშვიდე – წარმტაც ყელსახვევს, მერვე – გასაოცარ ულვაშებს. მაგრამ დაჰკრავს სამი საათი და გამოფენა მთავრდება, ბრბო თხელდება... სამ საათზე ახალი ცვლილებაა, – ნევის პროსპექტზე უეცრად გაზაფხული დგება: იგი იფარება მწვანე ვიცმუნდირებში გამოწყობილი მოხელეებით. ტიტულიარნი, ნადვორნი თუ სხვა მოშიებული სოვეტნიკები ცდილობენ რაც შეიძლება ჩქარი ნაბიჯებით იარონ. ახალგაზრდა კოლეჟსკი სეკრეტარები ჩქარობენ დროით ისარგებლონ და პროსპექტზე ისეთი იერით ჩაიარონ, თითქოს სულაც არ მსხდარან ექვსი საათი სახელმწიფო უწყებებში. მოხუცი კოლეჟსკი სეკრეტარები, ტიტულიარნი და ნადვორნი სოვეტნიკები კი თავჩაქინდრულნი სწრაფად მიდიან: გამვლელთა დათვალიერება მათ არ ესაქმებათ; თავში ჯერ ისევ დომხალი აქვთ და დაწყებული და დაუმთავრებელი საქმეების მთელი არქივი ულაგიათ; აბრების ნაცვლად მათ ჯერ კიდევ საქაღალდეები და კანცელარიის მმართველის ჩასუქებული სახე ელანდებათ.

ოთხი საათიდან ნევის პროსპექტი ცარიელდება, იქ იშვიათად შეხვდებით თუნდაც ერთ მოხელეს. ამ დროს პროსპექტს მაღაზიიდან გამოსული მკერავი ქალი თუ გადასერავს, ანდა კაცთმოყვარე განყოფილების უფროსი თანაშემწის რომელიმე საცოდავი მსხვერპლი, რომელიც ფრიზის შინელის ამარა დარჩენილა, ან ვინმე ჩამოსული ობროდი, რომლისთვისაც ყველა დრო და საათი ერთია, ან ახმახი ინგლისელი ქალი ჩანთითა და წიგნით ხელში, ან ვინმე მეარტელე, ან კიდევ რუსი მოქალაქე წელში გამოყვანილი დემიკტონის სერთუკით და ვიწროდ შეკრეჭილი წვერით, კაცი, რომელსაც მთელი მისი წუთისოფელი სადღაც ეშურება და როცა რიდით გაივლის ხოლმე ფილაქანზე, ყოველივე უმოძრავებს – ზურგიც, ხელებიც, ფეხებიც და თავიც. ხანდახან კი უბრალო ხელოსანი გამოჩნდება. სხვა ვერავის შეხვდებით ასეთ დროს ნევის პროსპექტზე.

მაგრამ როცა კი სახლები და ქუჩები მწუხრის ბინდში გაეხვევა და ნეჭამოსხმული ღამის დარაჯი ფარნების ასანთებად კიბეზე აცოცდება, ხოლო სავაჭროთა ფანჯრებში გამოჩნდება ის ესტამპები, რომლებიც დღისით ვერ ბედავს გამოჩენას, მაშინ ნევის პროსპექტი კვლავ ცოცხლდება და მოძრაობას იწყებს. მაშინ დგება ის იდუმალი ჟამი, როცა ფარნები რაღაც საოცარსა და წარმტაც შუქს ჰფენს გარემოს. ასეთ დროს მრავლად შეხვდებით თბილი სერთუკებითა და შინელებით შემოსილ უცოლო ახალგაზრდებს. სწორედ ამ დროს იგრძნობა ერთგვარი მიზანი, უკეთ, მიზნის მსგავსი რამ, რაღაც მეტისმეტი ანგარიშმიუცემელი. ნაბიჯები აჩქარებული, უსწორმასწორო ხდება. მოსეირნეთა გრძელი ჩრდილები ირხევა კედლებსა და ქვაფენილებზე და თავით თითქმის საპოლიციო ხიდს სწვდება. ახალგაზრდა კოლეჟსკი რეგისტრატორები, გუბერნსკი და კოლეჟსკი სეკრეტარები დიდხანს დასეირნობენ, მოხუცი კოლეჟსკი რეგისტრატორები, ტიტულიარნი და ნადვორნი სოვეტნიკები კი უმეტესად შინ რჩებიან, ან იმიტომ, რომ ცოლშვილიანები არიან, ან კიდევ იმიტომ, რომ მათ ოჯახებში მცხოვრები მზარეული გერმანელი ქალები მეტად გემრიელ კერძს ამზადებენ. აქ დაინახავთ დარბაისელ ბერიკაცებს, რომელნიც დღის ორ საათზე ასე მედიდურად და ასეთი გასაოცარი კეთილშობილებით დასეირნობდნენ ნევის პროსპექტზე. ახლა ისინი ისევე, როგორც ახალგაზრდა კოლეჟსკი რეგისტრატორები, მარდად მისდევენ მათ მიერ შორიდან შენიშნულ ქალს, რათა ქუდის ქვეშ შეუჭვრიტონ: ასეთი ქალების სქელი ტუჩები და ფერუმარილით უხვად შელესილი ლოყები ძალზე მოსწონს ხოლმე მოსეირნეთა უმრავლესობას, განსაკუთრებით კი ვაჭრებსა და მეარტელეებს, რომელნიც მუდამ გერმანული ყაიდის სერთუკს ატარებენ და ყოველთვის ერთად და აუცილებლად ხელიხელგაყრილნი დადიან ხოლმე.

– მოიცა! – წამოიძახა ამ დროს პორუჩიკმა და მის გვერდით მიმავალ, ფრაკით და საწვიმრით მოსილ ახალგაზრდა კაცს სწვდა მხარში. – დაინახე?

– დავინახე, მშვენიერია. ნამდვილი პერუჯინოს ბიანკაა.

– დაიცა, შენ რომელზე ლაპარაკობ?

– აი, იმაზე, შავი თმა რომ აქვს. რა თვალებია! ღმერთო, რა თვალები! ახლა ტანი, მოყვანილობა, სახის ნაკვთები – სასწაულია!

– მე შენ ქერაზე გეუბნები, შავგვრემანს რომ გაჰყვა აი იქით მხარეს. შენ რატომ არ გაჰყვები შავგვრემანს, თუ აგრე რიგად მოგივიდა თვალში?

– ოჰ, როგორ შეიძლება! – წამოიძახა ფრაკიანმა ახალგაზრდამ და წამოწითლდა, – თითქოს ერთი იმათგანი იყვეს, საღამოს ნევის პროსპექტზე რომ დადიან; ეს ქალი უთუოდ მეტად სახელოვანი მანდილოსანთაგანია, – ამოოხვრით განაგრძო მან, – მარტო მისი საწვიმარი ეღირება ოთხმოცი მანეთი!

– დოყლაპიავ! – წამოიყვირა პიროგოვმა და იქითკენ უბიძგა ახალგაზრდა კაცს, საითაც ჭრელი საწვიმარი მიფრიალებდა, – წადი, დოყლაპიავ, თორემ ხახამშრალი დარჩები! მე კი ქერას გავედევნები. – და ორი მეგობარი ერთმანეთს დაშორდა.

"გიცნობთ ყველას", – თვითკმაყოფილების ღიმილით გაიფიქტა პიროგოვმა, დარწმუნებულმა, რომ ვერცერთი ლამაზმანი ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას.

ფრაკით და საწვიმრით მოსილი ახალგაზრდა კაცი გაუბედავი, აკანკალებული ნაბიჯით მიდიოდა იქითკენ, სადაც შორით ფრიალებდა ჭრელი საწვიმარი, რომელიც ფარნის შუქთან მიახლოვებისას ცინცხლად ელავდა, ხოლო შუქს მოშორებული ანაზდად წყვდიადით იფარებოდა. ვაჟს გული უძგერდა და მის და უნებურად ნაბიჯს უჩქარებდა. ფიქრიც ვერ გაებედნა, რომ შორს გაფრენილი ლამაზი ქალის ყურადღებას დაიმსახურებდა. მით უფრო ვერ დაეშვა ის შეურაცხმყოფელი აზრი რომელზედაც ნართაულად გადაუკრა პორუჩიკმა პიროგოვმა. ვაჟს მხოლოს სურდა შეენიშნა, ენახა ბინა, სადაც ცხოვრობდა ეს საუცხოო არსება, რომელიც თითქოს ზეციდან პირდაპირ ნევის პროსპექტზე ჩამოფრენილა და ალბათ კაცი ვერ გაიგებს საით გაფრინდება. ვაჟი ისეთი სისწრაფით მიჰქროდა, რომ ქვაფენილიდან ძირს ჰყრიდა ჭაღარაქილვაშიან დარბაისელ მამაკაცებს; ეს ახალგაზრდა ეკუთვნოდა იმ კლასს, რომელიც ჩვენში საკმაოდ უცნაური მოვლენა გახლავთ და პეტერბურგელ მოქალაქეთა რიცხვს იმდენად ეკუთვნის, რამდენადაც სიზმრად ნახული სახე შეიძლება მიეკუთვნოს არსებულ სამყაროს. ეს განსაკუთრებული წოდება ადამიანებისა მეტად არაჩვეულებრივია იმ ქალაქში, სადაც ყველანი ან მოხელეები, ან ვაჭრები, ან კიდევ ხელოსანი გერმანელები არიან. ეს ახალგაზრდა მხატვარი იყო. ხომ მართლაც უცნაური მოვლენაა? პეტერბურგელი მხატვარი! მხატვარი თოვლის ქვეყანაში, მხატვარი ფინელების მიწაზე, სადაც ყოველივე უსახო, უსხივო, სველი, უფერული და ბურუსით მოცულია. ეს მხატვრები სრულიადაც არ ჰგვანან იტალიელ მხატვრებს, იტალიისა და მისი ზეცის მსგავსად ამაყთა და მგზნებარეთ. პირიქით, მათი უმეტესობა კეთილი და უწყინარი ხალხია – მოკრძალებული, უდარდელი, თავისი ხელოვნების ჩუმი მოყვარული. ისინი პაწია ოთახში თავის ორ მეგობართან ერთად შეექცევიან ხოლმე ჩაის. კრძალვით ლაპარაკობენ საყვარელ საგანზე და სულაც არ ფიქრობენ უზრუნველ ცხოვრებაზე. ამ ჯურის მხატვარი მუდამ რომელიმე ღატაკ დედაბერს მოიწვევს ხოლმე და აიძულებს იჯდეს მთელი ექვსი საათი მხოლოდ იმისათვის, რომ მისი საცოდავი, უგრძნობი სახე ტილოზე გადაიტანოს. იგი პერსპექტივაში ხატავს თავის ოთახს, სადაც ყოველგვარი მხატვრული აბდაუბდაა გამოფენილი: თაბაშირის ხელები და ფეხები, რომლებიც დროთა ვითარებამ და მტვერმა ყავისფრად აქცია, დამსხვრეული სახატავი დაზგები, გადმოყირავებული პალიტრა და გიტარაზე დამკვრელი მეგობარი, საღებავებით გასვრილი კედლები, ღია ფანჯარა, საიდანაც უფერული ნევა და წითელპერანგა მეთევზენი მოჩანან. ასეთი მხატვრების ტილოებზე მუდამ ჭარბობს ყომრალი ფერები, რაც ჩრდილოეთის წარუშლელი კვალია. მაგრამ ეს მხატვრები თავიანთ საქმეზე ჭეშმარიტი ნეტარებით მუშაობენ. ისინი ხშირად ნამდვილი ნიჭით არიან მომადლებულნი და იტალიის ცოცხალ სიოს ერთხელ მაინც რომ დაებერა უეჭველად ისევე გაიფურჩქნებოდნენ, როგორც ოთახიდან სუფთა ჰქერზე გატანილი მცენარე. საზოგადოდ ისინი მეტად მოკრძალებულნი არიან. ვარსკვლავი და სქელი ეპოლეტები ისე აბნევს მათ, რომ უნებურად საკუთარ ნაწარმოებთა ფასს ამცირებენ. ზოგჯერ კოპწიაობენ კიდევაც, მაგრამ ძალიან თავისებურად. მათ ტანზე დროდადრო საუცხოო ფრაკსა და ამოგანგლულ საწვიმარს იხილავთ, ძვირფას ხავერდის ჟილეტს, ხოლო სერთუკს ერთიანად საღებავებით დასვრილს; სწორედ ასევე მათ სამუშაო ოთახში ხანდახან ნახავთ თავდაყირა მოქცეულ ნიმფას, რომელიც სხვა ადგილის უქონლობის გამო ოდესღაც სიამოვნებით შესრულებული ძველი ნაწარმოების ჭუჭყიან გრუნტზე დაუხატავთ. ამ ჯურის მხატვარი არასოდეს თვალს არ გაგისწორებთ, მაგრამ თუ შემოგხედავთ – როგორღაც გაურკვევლად. ვერც დამკვირვებლის მომნუსხავ მზერას იგრძნობთ და ვერც კავალერიის ოფიცრის შავარდნისებურ თვალებს. ეს იმიტომ ხდება, რომ იგი ერთდროულად გიცქერით თქვენცა და თავის ოთახში მოთავსებულ თაბაშირის ჰერკულესის სახის ნაკვთებსაც, ანდა იმიტომ რომ ამ დროს ესახება სურათი, რომლის შექმნას მომავალში ფიქრობს. ამის გამოა, რომ ხშირად შეუსაბამოდ, ზოგჯერ კი არეულადაც გიპასუხებთ, ხოლო მის გონებაში არეული საგნები კიდევ უფრო აძლიერებს მის სიმორცხვეს. ამგვარ ადამიანთა წყებას ეკუთვნოდა ჩვენს მიერ აღწერილი ახალგაზრდა მხატვარი პისკარიოვი, – მოკრძალებული და მორიდებული ადამიანი; მაგრამ ის სულში ატარებდა იმ გრძნობათა ნაპერწკლებს, რომლებიც შემთხვევისთანავე ცეცხლად იქცევიან ხოლმე. ჩუმი თრთოლვით მიჰყვებოდა იგი ქალს, რომელმაც ასე ძლიერ გააოცა და, ეტყობოდა, საკუთარი გამბედაობითვე იყო გაკვირვებული. მისი გრძნობების დამპყრობმა უცნობმა არსებამ თავი უეცრად მისკენ მოაბრუნა და შეხედა. ღმერთო ჩემო, რა ღვთაებრივი ნაკვთებია! თვალისმომჭრელად მოელვარე მშვენიერი თეთრი შუბლი, გარემოცული გიშრის თმით. ქუდს ქვემოთ გადმოცვენილი ხუჭუჭი კულულები საღამოს სიგრილის გამო შევარდისფერებულ, ნატიფად მკრთომარე ლოყებს ეხებოდა. ბაგეებზე მომხიბვლელი ოცნება ეხატებოდა. ყოველივე ის, რაც ბავშვობის მოგონებათაგან რჩება, რასაც ლამპრის შუქზე ოცნება და ჩუმი აღმაფრენა იძლევა, მის ჰარმონიულ ბაგეებზე აღბეჭდილიყო. ქალმა შეხედა პისკარიოვს. მისმა გამოხედვამ ვაჟს გული აუტოკა. ქალის მკაცრ გამოხედვაში უტიფარი მდევნელის მიმართ აღშფოთების გრძნობას წაიკითხავდით, მაგრამ მის მშვენიერ სახეზე რისხვაც მომაჯადოებელი იყო. თვალებდახრილი ვაჟი გაუბედავად , რიდით შეჩერდა. მაგრამ ვით დათმოს ეს ღვთაება, ვით ვერ გაიგოს წმიდათაწმიდა ადგილი, სადაც იგი სტუმრად დაეშვა? ამგვარი ფიქრებით შეპყრობილმა ახალგაზრდა მეოცნებემ გადაწყვიტა დასდევნებოდა ქალს. მაგრამ, რათა ეს შეუმჩნეველი დარჩენილიყო, კარგა მანძილით დაშორდა, გარშემო გულგრილად იწყო ცქერა; თან აბრებს ათვალიერებდა, თუმცა თვალთაგან ქალის არცერთი ნაბიჯი არ გამოჰპარვია. გამვლელთა რიცხვი შეთხელდა, ქუჩა თანდათან წყნარდებოდა; ტურფამ მოიხედა და ვაჟს მოეჩვენა, თითქოს მსუბუქმა ღიმილმა იელვა ქალის ბაგეზე. ათრთოლებულ ვაჟს საკუთარი თვალებისაც არ სჯეროდა. არა, უთუოდ ფარნის მატყუარა შუქმა ასახა ქალის სახეზე რაღაც ღიმილის მსგავსი; ვაჟს მხოლოდ საკუთარი ოცნებები დასცინიან, სხვა არაფერი. გაურლვეველი თრთოლვით ატანილს სუნთქვა ეკვროდა. მის წინ ყველაფერი რაღაცნაირ ბურუსში ჩაიძირა, ფილაქანი მისრიალებდა ფეხქვეშ. ეჩვენებოდა, თითქოს გაქანებული ცხენები ეტლებითურთ უძრავად იდგნენ, ხიდი გრძელდებოდა და თავის თაღზე იმსხვრეოდა, სახლი თავდაყირა იდგა. საგუშაგო მისკენ იზნიქებოდა, დარაჯის ალებარდა აბრების ვარაყიან წარწერებსა და მათზე დახატულ მაკრატლებთან ერთად თითქოს მის წამწამებზე ბრწყინავდა. ეს ყოველივე ერთმა გამოხედვამ. კოპწია თავის ერთმა მობრუნებამ მოახდინა. დაბნეული, მხედველობა და სმენადახშული პისკარიოვი მშვენიერ ფეხთა კვალდაკვალ მიქროდა და გულისცემას აყოლილი ნაბიჯების შენელებას ცდილობდა. ზოგჯერ იჭვი სძლევდა, ნამდვილად ლმობიერი იყო თუ არა იმ ქალის სახის გამომეტყველება: ეს იჭვი წუთით აჩერებდა, მაგრამ გულისძგერა, გრძნობების უძლეველი ძალა და შეშფოთება კვლავ წინ მიაქანებდა. პისკარიოვის თვალწინ მისდა შეუმჩნევლად ოთხსართულიანი სახლი აიმართა. გაშუქებული ფანჯრების ოთხმა წყებამ ანაზდად მიანათა სახეში, ხოლო თვითონ სადარბაზო კარის რკინის მიაჯირს მიაწყდა. ვაჟმა დაინახა, რომ უცნობმა ქალმა, რომელიც უკვე კიბის საფეხურებზე მიქროდა, პირმობრუნებულმა ტუჩებთან თითი მიიტანა და ანიშნა, გამომყევიო. ვაჟს მუხლები ეკეცებოდა, გრძნობა და გონება უხურდა, სიხარულის ელვის ისრები მწვავედ ესობოდა გულზე. არა, ეს უკვე ოცნება არ არის! ღმერთო! ამდენი ბედნიერება ერთ წამში! ასეთი სასწაულებრივი სიცოცხლე ორ წუთში!..

მაგრამ ვაითუ ყოველივე სიზმარია? ნუთუ ის ქალი, რომლის ერთი ციური გამოხედვისათვის ვაჟი მზად იყო მთელი სიცოცხლე გაეწირა, ნუთუ ის ქალი, რომლის ბინასთან მიახლოებას გამოუთქმელ ნეტარებად თვლიდა, ესოდენ ყურადღებასა და ლმობიერებას იჩენდა მისდამი? ვაჟი კიბეზე აფრინდა. არავითარი მიწიერი აზრი არ ამოძრავებდა, არც ვნებათა ღელვის ცეცხლით იყო ანთებული; არა, სიყვარულის სულიერი მოთხოვნილებით შეპყრობილი ახალგაზრდა კაცი უცოდველ ყრმასავით სპეტაკი და უბიწო იყო. მის გრძნობებს სწორედ ის აფაქიზებდა, რაც გარყვნილ მამაკაცს უტიფარ აზრებს აღუძრავდა. ნდობა, რომელიც ამ სუსტმა მშვენიერმა არსებამ აღმოუჩინა, რაინდულ მკაცრ აღთქმას ავალებდა, მონურად შეესრულებინა ყოველი მისი ბრძანება. მას სურდა, ეს ბრძანებანი რაც შეიძლება მძიმე და ძნელად შესასრულებელი ყოფილიყო, რათა ძალთა უკიდურესი დაძაბვით გაფრენილიყო მათ დასაძლევად. ვაჟს ეჭვი არ ეპარებოდა რომ რაღაც იდუმალმა და მნიშვნელოვანმა შემთხვევამ აიძულა უცნობი ქალი მას მინდობოდა; რომ მისგან უთუოდ დიდმნიშვნელოვან სამსახურს ითხოვდნენ, რომლის შესასრულებლად უყოყმანო გადაწყვეტილება უნდა მიეღო და ძალაც შესწევდა.

მიხვეულ-მოხვეულ საფეხურებს ვაჟის ფრთამალი ოცნებებიც მიჰყვებოდა. "ფრთხილად იარეთ", – ქნარივით საამო ხმა მოესმა პისკარიოვს და ამ ხმამ კვლავ თრთოლვით აავსო იგი. ბნელ სივრცეში, მეოთხე სართულის სიმაღლეზე, ქალმა კარს მიუკაკუნა, იგი გაიღო და ორივე ერთად შევიდა ოთახში. საკმაოდ მოხდენილი გარეგნობის ქალი, სანთლით ხელში, მიეგება მათ. პისკარიოვმა თვალები უნებურად დაჰხარა ძირს, – იმდენად უცნაური და უტიფარი იყო ქალის სახის გამომეტყველება. პისკარიოვს ოთახში შესვლისთანავე სხვადასხვა კუთხეში მსხდომი სამი ქალი წარმოუდგა თვალწინ. ერთს ბანქო გაეშალა, მეორე ფორტეპიანოზე ორი თითით ძველი პოლონეზის უბადრუკ მინამსგავსს უკრავდა, მესამე სარკის წინ თმას ივარცხნიდა. რისთვისაც თავის განებება არც უფიქრია, მიუხედავად უცხო მამაკაცის შემოსვლისა. აქ ბატონობდა უწესრიგობა, რომელიც შეიძლება დაინახოთ უზრუნველი უცოლო მამაკაცის ოთახში. საკმაოდ კარგი დგამი მტვრით იყო დაფარული, ხოლო ჩუქურთმიან ლავგარდანს ობობას ქსელი მოსდებოდა. მეორე ოთახის კარიდან დეზებიანი ჩექმები ბზინავდა და წითლად ელავდა მუნდირის არშია. მოურიდებლად გაისმოდა მამაკაცის მაღალი ხმა და ქალის სიცილი.

ღმერთო, სად მოხვდა იგი! ერთხანად არც სურდა ერწმუნებინა, ბეჯითად აკვირდებოდა გარშემო ნივთებს, მაგრამ შიშველი კედლები და უფარდო ფანჯრები არ ამხელდნენ მზრუნველი დიასახლისის არსებობას. ერთი ამ საცოდავ, გაცრეცილ არსებათაგანი მის ცხვირწინ დაჯდა: ისევე მშვიდად ათვალიერებდა ვაჟს, როგორც სხვის სამოსელზე ლაქას აცქერდება კაცი. ყოველივე ამან ვაჟი დაარწმუნა, რომ იგი იმ საზარელ თავშესაფარში მოხვდა, სადაც დასადგურებულია უბადრუკი გარყვნილება, აღმოცენებული მოჩვენებითი განათლებისა და დედაქალაქის საშინლად ჭარბი მოსახლეობის წყალობით; ეს იყო თავშესაფარი, სადაც ადამიანმა დაახშო და მკრეხელურად დასცინა ყოველივე წმინდასა და სპეტაკს, სადაც ქალი, სიცოცხლის დამამშვენებელი და დედამიწის გვირგვინი, ორაზროვან არსებად გადაქცეულა, სულიერი სიწმინდე დაუკარგავს, მამაკაცის უტიფრობა და ჩვევები საზიზღრად აუთვისებია და უკვე აღარ არის ის ნაზი და მშვენიერი, ესოდენ ჩვენგან განსხვავებული არსება. პისკარიოვი გაოცებული თვალებით თავიდან ტერფამდე ზომავდა ქალს, რათა დარწმუნებულიყო, ნამდვილად ის ქალი ედგა თუ არა თვალწინ, რომელმაც ასე ძლიერად მოხიბლა და ნევის პროსპექტიდან გამოიტაცა. დიახ, ისევ ის ტურფა, გიშრისთმიანი, ცისფერთვალება ჩვიდმეტი წლის ნორჩი ქალი იდგა პისკარიოვის წინ; ჩანდა, რომ საზარელი გარყვნილება ახლახან წამოსწეოდა და ჯერ კიდევ ვერ გაებედნა ნორჩ ლოყებს შეხებოდა. ქორფა ლოყები ნატიფად ელვარებდნენ. ქალი იშვიათი სილამაზისა იყო.

ვაჟი გახევებული იდგა მის წინ და უკვე მზად იყო კვლავინდებურად გულუბრყვილო თავდავიწყებას მისცემოდა. მაგრამ მშვენიერ ქალს დიდი ხნის სიჩუმე მობეზრდა და მრავლისმეტყველი ღმილით თვალები გაუსწორა. მაგრამ ეს იყო რაღაც საცოდავი, სიბრალულის გამომწვევი უტიფარი ღიმილი: ის ისევე უხდებოდა ქალს, ვით ღვთისმოსაობა უხდება მექრთამეს, ხოლო საბუღალტრო წიგნი – პოეტს. პისკარიოვი შეკრთა. ქალმა ლამაზი ბაგენი გახსნა და ბაასი გაუბა, რარიგ უხამსი და სულელური იყო მისი ნათქვამი! თითქოს ადამიანი უბიწოებასთან ერთად გონებასაც ჰკარგავდეს. ვაჟს უკვე არაფრის მოსმენა არ სურდა. იგი მეტად სასაცილო და ბავშვივით გულუბრყვილო იყო. ნაცვლად იმისა, რომ ქალის კეთილგანწყობით ესარგებლა, რაც სხვას მის ადგილას სიხარულს აღუძრავდა, – ნაცვლად ამისა გარეულ თხასავით დაფრთხა და ქუჩაში გაიჭრა.

თავჩაქინდრული და ხელებდაშვებული იჯდა იგი თავის ოთახში, როგორც მათხოვარი, რომელმაც ფასდაუდებელი მარგალიტი იპოვა და უმალვე ზღვაში გადაუვარდა. "ასეთი ტურფა, ღვთაებრივი სილამაზის პატრონი და მერე სად? როგორ ადგილას! – მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ვაჟმა.

მართლაც, არასდროს სიბრალული ისე ძლიერად არ გვეუფლება, როგორც მაშინ, როცა გარყვნილების სუნთქვით შებღალულ სილამაზეს ვჭვრეტთ. დეე მასთან სიმახინჯე მეგობრობდეს, მაგრამ სილამაზეს, ნაზ სილამაზეს რა უნდა მასთან!.. ჩვენს ფიქრებში იგი ხომ მხოლოდ სისპეტაკეს და უბიწოებას ერწყმის. ქალი, რომელმაც პისკარიოვი მოხიბლა, მართლაც უჩვეულოდ მშვენიერი ვინმე იყო. მით უფრო არაბუნებრივად გეჩვენებოდათ მისი ამ საზიზღარ წრეში ყოფნა. კეთილშობილებით აღსავსე სახის თვითეული ნაკვთი ისე ფაქიზად იყო გამოძერწილი, მისი მშვენიერი სახის გამომეტყველება ისეთი კეთილშობილებით იყო აღბეჭდილი, რომ ფიქრადაც არ გაგიელვებდათ, თუ გარყვნილებას თავის საზარელ კლანჭრბში ჰყავდა მოქცეული. ქალს შეეძლო ფასდაუდებელი ობოლი მარგალიტი, მთელი სამყარო, სამოთხე და სიმდიდრე ყოფილიყო მოყვარული მეუღლისა; ის მშვენიერი, მშვიდი ვარსკვლავი იქნებოდა მყუდრო ოჯახურ წრეში, მის უტურფეს ბაგეს ოდნავი შერხევით საამო ბრძანებების გაცემა შეეძლებოდა. იგი ღვთაება იქნებოდა სანთლებით გაჩახჩახებულ ხალხმრავალ ბრწყინვალე დარბაზში, მის ფეხქვეშ უსიტყვო მოწიწებით განრთხმულ მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა შორის; მაგრამ ვაი რომ ცხოვრების ჰარმონიის დარღვევის მოსურნე რომელიღაც ეშმაკისეულ სულს ხარხარით გადაესროლა იგი თავის მორევში.

გულისმომკვლელი სიბრალულით გამსჭვალული ვაჟი იჯდა ჩამწვარი სანთლის წინ. შუაღამე დიდი ხნის გადასული იყო, კოშკის სამრეკლომ უკვე პირველის ნახევარი ჩამოჰკრა, – იგი იჯდა გახევებული, ძილგამკრთალი და გონებაგაყინული. უძრავად მჯდომარეს თვლემა მოერია. თითქოს უნდა ჩასძინებოდა კიდეც, უკვე ოთახიც გაურკვეველ ბურუსში იძირებოდა და მხოლოდ სანთლის მოციაგე შუქი აღწევდა ზმანებებში ჩაფლულ მის გონებამდე, როცა კარზე უეცარმა დაკაკუნებამ, შეაკრთო და გამოაფხიზლა. მის განმარტოევულ ოთახში, სადაც არასდროს არ შემოუხედავს მდიდრულად მორთულ ლაქიას, მით უმეტეს ასეთ უჩვეულო დროს, ახლა ძვირფასი ლივრეით მორთული მსახური შემოვიდა... გაოცებული ვაჟი მოუთმენლად უცქეროდა ლაქიას.

– ის ქალბატონი, – თავაზიანი ღიმილით წარმოთქვა მსახურმა, – რომელთანაც რამდენიმე საათის წინ ბრძანდებოდით, გთხოვთ ეწვიოთ, თან კარეტაც გაახლათ.

გაოცებული პისკარიოვი მდუმარედ იდგა: "კარეტა, ლაქია ლივრეით! არა, აქ უთუოდ რაიმე შეცდომასა აქვს ადგილი".

– ყური მიგდეთ, ჩემო კეთილო, – გაუბედავად დაიწყო ვაჟმა, – თქვენ უეჭველად შეგეშალათ. ქალბატონმა ალბათ სხვა ვინმესთან გაგაგზავნათ და არა ჩემთან.

– არა, ბატონო, არ შევმცდარვარ, სწორედ თქვენ მიაცილეთ ქალბატონი ლიტეინაიაზე, მეოთხე სართულზე, არა?

– მე მივაცილე.

– მაშ, გთხოვთ საჩქაროდ წამობრძანდეთ. ქალბატონს აუცილებლად სურს თქვენი ნახვა და გთხოვთ ეწვიოთ.

პისკარიოვმა კიბე ჩაირბინა. გარეთ მართლაც კარეტა იდგა. პისკარიოვმა ჩაჯდომა ძლივს მოასწრო, რომ უმალ კარი დაიხურა, ერთბაშად ქვაფენილიც ახმაურდა ბორბლებსა და ფლოქვებქვეშ, – და ბრჭყვიალა აბრებისა და განათებული სახლების რიგმა ჩაუქროლა. პისკარიოვი მთელი გზა ფიქრობდა: არ იცოდა, როგორ აეხსნა ეს შემთხვევა. საკუთარი კარეტა, ლაქია მდიდრული ტანსაცმლით!.. ეს ყოველივე არაფრით არ ეთანხმებოდა ოთახს მეოთხე სართულზე, დამტვერიანებულ ფანჯრებსა და მოშლილ ფორტეპიანოს. კარეტა გაჩირაღდნებულ სადარბაზო შესასვლელთან გაჩერდა. ვაჟი გააკვირვა ეკიპაჟთა წყებამ, მეეტლეთა ბაასმა, განათებულმა ფანჯრებმა და მუსიკის ხმამ. მდიდრულად მორთულმა ლაქიამ გადმოსვა ის კარეტიდან და მიაცილა მარმარილოს სვეტებიან წინკარამდე, სადაც ოქრომკედით მოქარგულტანისამოსიანი კარისკაცი იდგა. იქვე ეწყო საწვიმრები და ქურქები. ჰაეროვან კიბეზე, დიდებული მოაჯირი რომ ჰქონდა, ნელსაცხებლის სურნელი ტრიალებდა. ვაჟი უკვე ავიდა კიბეზე. მაგრამ პირველ დარბაზში შესვლისთანავე უკუიქცა მრავალრიცხოვანი საზოგადოების ხილვით დამფრთხალი, სახეების უჩვეულო სიჭრელემ იგი სრულიად დააბნია. პისკარიოვს მოეჩვენა, თითქოს რომელიღაც დემონს მთელი სამყარო უთვალავ ნაკუწებად ექცია და უშინაარსოდ, უაზროდ აერია ერთმანეთში. მანდილოსანთა მოქათქათე მხრები და შავი ფრაკები, ჭაღები და ლამპები, სიფრიფანა დოლბანდები, ჰაეროვანი ბაფთები, ზორბა კონტრაბასი, საუცხოო ქანდარის მოაჯირიდან რომ გამოიყურებოდა, – ეს ყოველივე პისკარიოვისათვის ბრწყინვალებით იყო აღსავსე. ახალგაზრდა კაცმა ერთბაშად იმდენი მოხუცი და ნახევრად ჭაღარა მამაკაცი დაინახა ვარსკვლავებით მკერდზე; მანდილოსნები ისე ნარნარად დასეირნობდნენ რიგ-რიგად ან ისე ამაყად ისხდნენ; იმდენი ფრანგული და ინგლისური სიტყვა მოისმინა; შავ ფრაკებში გამოწყობილი ახალგაზრდები ბაასშიაც და დუმილშიაც ისეთი კეთილშობილებითა და ღირსებით აღვსილნი ჩანდნენ, ისე მედიდურად ოხუნჯობდნენ და თან თავაზიანდ იღიმებოდნენ, ისეთ მშვენიერ ქილვაშებს ატარებდნენ, ყელსახვევის გასწორების დროს ისე ოსტატურად გვიჩვენებდნენ საუცხოო ხელებს; უსაზღვრო თვითკმაყოფილების გრძნობით შეპყრობილი მანდილოსნები ისეთი ჰაეროვანნი იყვნენ, თვალებს ისე მომხიბვლელად ნაბავდნენ, რომ... სვეტზე მიყრდნობილი, შიშით ატანილი პისკარიოვის გარეგნობა დასტურ მოწმობდა, რომ სრულიად დაბნეულიყო. ხალხი ამ დროს მოცეკვავეთა გარშემო შეჯგუფდა. მოცეკვავე ქალთა ნარნარი სხეულები გახვეული იყო ნიავივით მსუბუქ, საოცარ პარიზულ კაბებში, რომლებიც ალბათ თვით ჰაერისაგან იყო ნაქსოვი. ქალები მომხიბვლელი პაწია ფეხებით მსუბუქად დაცურავდნენ პარკეტის იატაკზე და ისეთი ჰაეროვანნი ჩანდნენ, იფიქრებდით, სულაც არ აკარებენ ფეხს იატაკსო. მაგრამ მათ შორის ერთი ყველაზე მშვენივრად, ყველაზე ბრწყინვალედ, ყველაზე მდიდრულად იყო ჩაცმული. ენიტ გამოუთქმელი ნატიფი გემოვნება მჟღავნდებოდა მის ტანსაცმელში და ამავე დროს ისიც ეტყობოდა, რომ სრულიად არ უზრუნია ამაზე. ქალი უცქერდა კიდეც და არც უცქერდა გარშემოკრებილ მჭვრეტელთ. მისი მშვენიერი გრძელი წამწამები გულგრილად დაეშვნენ, ხოლო მსუბუქმა ჩრდილმა, რომელიც თავის დახრისას მის მომხიბვლელ შუბლს გადაევლო, უფრო მკაფიოდ გამოაჩინა მისი სახის თვალისმომჭრელი სითეთრე.

პისკარიოვმა ყველაფერი იღონა, რათა გაერღვია ბრბო და კარგად დაენახა ქალი მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ვიღაცის უზარმაზარი ხუჭუჭთმიანი თავი წამდაუწუმ ეფარებოდა. გარდა ამისა, ბრბომ ისე მიიმწყვდია, რომ განძრევასაც ვერ ბედავდა იმის შიშით, რომელიმე ტაინი სოვეტნიკს არ დაჯახებოდა. მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხა დაწინაურება და ტანსაცმელზე დაიხედა, რათა წესრიგში მოეყვანა. ღმერთო, ამას რას ხედავს! თურმე ერთიანად საღებავებით გასვრილი სერთუკი აცვია: წამოსვლის დროს ნაჩქარევ ფუსფუსში ტანისამოსის გამოცვლაც კი დავიწყებოდა. ყურისძირებამდე ალმოდებულს და თავჩაქინდრულს მიწის გახეთქვა და შიგ ჩაძვრომა ეწადა, მაგრამ სწორედ რომ ადგილი არსად იყო. მის გარშემო ურღვევ კედლად აღმართულიყვნენ ბრწყინვალედ ჩაცმული კამერიუნკრები. ვაჟს ახლა უნდოდა, რაც შეიძლება შორს ყოფილიყო მშვენიერწამწამებიან ქალისაგან. შიშით ატანილმა თავი აიღო, რათა ენახა, ქალი ხომ არ უცქედა. ღმერთო, იგი მის წინ იდგა... მაგრამ რა მოხდა? ეს რა ამბავია? – ის, ის ქალი იყო! დიახ, ვაჟის წინ ის ქალი იდგა, რომელსაც პისკარიოვი ნევის პროსპექტზე შეხვდა და სახლამდე მიაცილა.

ქალმა მშვენიერი წამწამები ამართა და თავისი ნათელი მზერით შეათვალიერა ყველანი. "ჰაი, ჰაი, რომ მშვენიერებაა!" – მხოლოდ ამის თქმა მოახერხა სუნთქვაშეკრულმა ვაჟმა. ქალმა თვალი მოავლო მისი ყურადღების ესოდენ მოსურნეთა წრეს, მაგრამ დაღლილი, უყურადღებო თვალები მალე მოაშორა მათ და პისკარიოვს გაუსწორა მზერა. ჰოი, ზეცავ! ჰოი, სამოთხევ! შემოქმედო, მიეც ძალა ამას გაუძლოს! სიცოცხლე ვერ დაიტევს ამას, იგი გაანადგურებს, თან წარიღებს სულს! ქალმა ნიშანი მისცა, მაგრამ არა ხელით, არა თავდახრით, არა, ნიშნის მიცემა მისი მწველი თვალების შეუმჩნეველი გამომეტყველებით აღინიშნა. ამისი შენიშვნა არავის შეეძლო. მაგრამ ვაჟმა შენიშნა, ვაჟი მიუხვდა. ცეკვა კარგა ხანს გაგრძელდა. დაღლილი მუსიკა ხან თითქოს ნელდებოდა და ქრებოდა, ხან კვლავინდებურად წივილსა და გრიალს იწყებდა. მაგრამ, აჰა, დასასრულიც. ქალი დაჯდა. დოლბანდის ნაზ საბურველქვეშ მკერდი აუდ-ჩაუდიოდა. მისი ხელი ( ღმერთო ძლიერო, რა საოცარი ხელია! ) მუხლისთავებს დაეცა და მსუბუქი, ჰაეროვანი სამოსელი დაჭმუჭნა; ხელს ქვემოთ თითქოს სამოსელმაც მუსიკით იწყო სუნთქვა, ხოლო ნაზმა იასამნისფერმა მეტის სიცხოვლით გამოავლინა იმ ხელის თვალისმომჭრელი სითეთრე. მხოლოდ შეხება იმ ხელისა, სხვა არაფერი! არავითარი სხვა სურვილები, – სხვა ყველაფერი კადნიერებაა. იგი იდგა ქალის სკამს უკან და ვერ გაებედნა ვერც სუნთქვა და ვერც ლაპარაკი.

– თქვენ მოწყენილი იყავით? – წარმოთქვა ქალმა, – მეც აგრეთვე მოწყენილი ვარ. მე ვამჩნევ, რომ გეზიზღებით... – დასძინა მან და გრძელი წამწამები დაჰხარა.

– მეზიზღებით?! მე?.. თქვენ?!... – უნდოდა ეთქვა სრულიად დაბნეულ პისკარიოვს და უთუოდ უთავბოლო სიტყვათა კორიანტელს დააყენებდა, რომ მათთან ამ დროს ქოჩორდახუჭუჭებული კამერგერი არ მოსულიყო და გონებამახვილი სასიამოვნო შენისვნები არ წარმოეთქვა. იგი მოხდენილად აჩენდა საკმაოდ კარგ კბილებს, ხოლო თითოეული მისი მოსწრებული სიტყვა ისარივით ესობოდა ახალგაზრდა კაცის გულს. საბედნიეროდ ბოლოს ვიღაც გარეშეთაგანმა რაღაცა ჰკითხა კამერგერს.

– რაოდენ აუტანელია ყოველივე ეს! – თქვა ქალმა და თავისი ციური თვალები მიაპყრო პისკარიოვს, – დარბაზის მეორე ბოლოში ვიქნები. იქ დამელოდეთ.

ქალი შეცურდა ბრბოში და გაუჩინარდა. პისკარიოვმა შეშლილივით გაარღვია ბრბო და დანიშნულ ადგილზე გაჩნდა.

დიახ, ეს ის იყო! ის დედოფალივით იჯდა, ყველაზე კარგი, ყველაზე მშვენიერი, თვალებით ეძებდა მას.

– თქვენა აქა ხართ? – ჩუმად თქვა ქალმა. – მე გულახდილი ვიქნები თქვენთან: უთუოდ უცნაურად გეჩვენებათ ჩვენი მაშინდელი შეხვედრა. ნუთუ ფიქრობთ, რომ მე შეიძლება ვეკუთვნოდე იმ საზიზღარ არსებათა კლასს, ვისთანაც შეგხვდით? უთუოდ ჩემი საქციელი უცნაურად გეჩვენათ. საიდუმლოს გაგანდობთ: შესძლებთ თუ არა არასდროს არ უღალატოთ მას? – თქვა ქალმა და თვალები გაუსწორა პისკარიოვს.

– ჰო, შევძლებ! შევძლებ! შევძლებ!..

სწორედ ამ დროს ქალს ვიღაც ხანშიშესული მამაკაცი ეახლა, პისკარიოვისათვის გაუგებარ ენაზე დაელაპარაკა და ხელი გაუწოდა. ქალმა ვედრებით შეხედა პისკარიოვს და ანიშნა, დალოდებოდა. მოუთმენლობით შეპყრობილ ვაჟს კი უკვე არავითარი ბრძანებების შესრულება არ შეეძლო, თვით ქალის ბაგეთაგან წარმოთქმულისაც კი. ვაჟი დაედევნა, მაგრამ ბრბომ გათიშა ისინი. უკვე ვეღარ ხედავდა იასამნისფერ კაბას; შეწუხებული ოთახიდან ოთახში გადიოდა, მოურიდებლად ჰკრავდა ხოლმე ხელს იქ შეკრებილთ. ყველგან სამარისებურ სიჩუმეში ჩაფლული ვისტის მოთამაშე დიდკაცები ისხდნენ. ოთახის ერთ კუთხეში რამდენიმე ხანშიშესული კაცი კამათობდა სამხედრო სამსახურის უპირატესობაზე სამოქალაქოსთან შედარებით; მეორეში – დიდებული ფრაკებით მოსილი ადამიანები ზერელე შენიშვნებს იძლეოდნენ რომელიღაც მაშვრალი პოეტის მრავალტომიან ნაწარმოებებზე. პისკარიოვმა იგრძნო, რომ ვიღაც ხანშიშესული დარბაისელი კაცი სწვდა მისი ფრაკის ღილს და მსჯელობის საგნად წარუდგინა ერთი თავისი მეტად მართებული შენიშვნა. პისკარიოვმა უხეშად ჰკრა ხელი, ისე რომ არც კი შეუნიშნავს მის კისერზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ორდენი. ვაჟი ერთი ოთახიდან მეორეში დარბოდა, მაგრამ ქალი არსად ჩანდა. "სად არის იგი! ოჰ, მის უნახველად სიცოცხლე არ შემიძლია! მე უნდა მოვისმინო, რისი თქმაც უნდოდა ჩემთვის!" ძებნა ამაო გამოდგა. დაღლილი, შეშფოთებული ვაჟი კედელს მიეკრა და ბრბოს დაუწყო ცქერა. მაგრამ დაძაბული თვალები ყოველივეს როგორღაც ბუნდოვნად უსახავდნენ. ბოლოს აშკარად დაინახა თავისი ოთახის კედლები. ვაჟმა თავი აიღო; მის წინ შანდალი იდგა ოდნავ მბჟუტავი ალით, – მთელი სანთელი დამდნარიყო და ქონი მაგიდაზე დაღვრილიყო.

მაშ სძინებია! ღმერთო, როგორი სიზმარია! ან გამოღვიძება რისთვის იყო საჭირო! რად არ დააყოვნა ერთი წუთით მაინც: ქალი უთუოდ კვლავ მოეჩვენებოდა. უსიამო, მქრქალი სინათლე იმზირებოდა ფანჯრებში. არეული ოთახი მღვრიე, ნავრისფერი ბინდბუნდით ავსილიყო... ჰო, რა საზიზღარია სინამდვილე! ან კი რა არის იგი ოცნების წინაშე? პისკარიოვმა საჩქაროდ გაიხადა და დაწვა იმ განზრახვით, რომ გაფრენილი ზმანება წუთიერად მაინც ეხმო. ძილი მართლაც მალე ეწვია, მაგრამ სრულიად ის არ ეზმანა, რაც სურდა: ხან პორუჩიკი პიროგოვი ეჩვენებოდა ჩიბუხით, ხან აკადემიის დარაჯი, ხანაც დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი; ერთხელ მოელანდა ჩუხონელი ქალის სახე, რომელსაც ის ოდესღაც ხატავდა, და სხვა ამგვარი აბდაუბდა.

შუადღემდე ლოგინიდან არ ამდგარა, მაგრამ ქალი არ სჩვენებია. ერთი წუთით მაინც ეხილა მისი მშვენიერი სახის ნაკვთები, ერთი წუთით მაინც სმენოდა მისი მსუბუქი ნაბიჯები, ერთხელ მაინც დამტკბარიყო ქალის თოვლივით სპეტაკი შიშველი ხელის ცქერით!

ვაჟმა ყოველივე დავიწყებას მისცა, ყოველივე უკუაგდო. იგი უიმედო, განადგურებული სახით იჯდა და მხოლოდ ზმანებით იყო აღსავსე. იგი არ ფიქრობდა რაიმესათვის ხელი ეხლო. მისი ჩინგამოლეული, უსიცოცხლო თვალები უაზროდ მიშტერებოდნენ ფანჯარას და ეზოს, სადაც ბინძური მეთულუხჩე ღვრიდა წყალს, რომელიც ჰაერშივე იყინებოდა. ისმოდა ხრინწიანი, კიკინა ხმა დამტარებლისა: "აბა, ძველი ტანისამოსი გავყიდოთ!" სინამდვილე და ყოველდღიურობა ეჩოთირებოდა მის სმენას. ასე იჯდა იგი მთელი დღე და საღამოს დახარბრბულივით მიაშურა საწოლს. დიდი ხნის წვალების შემდეგ, როგორც იყო, დასძლია უძილობა. მაგრამ კვლავ რაღაცნაირი სიზმარი, რაღაც საზიზღარი, უმსგავსი სიზმარი ნახა. "ღმერთო, მოიღე მოწყალება, მხოლოდ წუთით, მხოლოდ ერთი წუთით მიჩვენე იგი!" მეორე დღესაც კვლავ დაღამებას ელოდა, კვლავ ჩაეძინა, კვლავ ვიღაც მოხელე ეზმანა, რომელიც ერთსა და იმავე დროს მოხელეც იყო და ფაგოტიც. ოჰ, ეს აუტანელი იყო! ბოლოს იგი გამოჩნდა, აგერ მისი კოხტა თავი და კულულები... იგი უცქერის... ოჰ, სულ მცირე ხნით! ისევ ბურუსია, ისევ სულელური ზმანება.

ბოლოს სიზმრები სიცოცხლედ ექცა და ამ დროიდან მისმა ცხოვრებამ უცნაური სახე მიიღო: შეიძლება გვეთქვა, რომ ვაჟს ცხადლივ ეძინა, ხოლო ძილში ფხიზლობდა. ქუჩაში მიმავალი ან მაგიდასთან უსიტყვოდ მჯდომი პისკარიოვი რომ ენახა ვინმეს, აუცილებლად მთვარეულად ან მაგარი სასმელებისაგან განადგურებულ ადამიანად ჩათვლიდა; მისი გამოხედვა სრულიად უშინაარსო იყო. ბუნებით თანდაყოლილი გაფანტულობა ბოლოს იმდენად განუვითარდა, რომ სავსებით განდევნა გრძნობებისა და მოძრაობის ყველა ნიშანწყალი მისი სახიდან. ვაჟი მხოლოდ დაღამებისას ცოცხლდებოდა.

ასეთმა მდგომარეობამ ძალ-ღონე შეურყია. მაგრამ მისთვის ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ძილი სრულიად დაეკარგა. მან ყოველივე იღონა იმისათვის, რომ ეს ერთადერთი განძი შეენარჩუნებინა. გაგონილი ჰქონდა, რომ ძილის აღსადგენად საჭირო იყო ბანგის მიღება. მაგრამ სად იშოვოს ეს ბანგი? მოაგონდა შალების მაღაზიის პატრონი, ვინმე სპარსელი, რომელიც ყოველი შეხვედრის დროს სთხოვდა, ტურფა ქალი დამიხატეო. გადაწყვიტა მასთან წასულიყო, რადგან იფიქრა, უსათუოდ ექნება ბანგიო. სპარსელმა პისკარიოვი დივანზე ფეხმორთხმულმა მიიღო.

– ბანგი რად გინდა? – შეეკითხა იგი. პისკარიოვმა უძილობის შესახებ უამბო.

– კეთილი, ბანგს მოგცემ, მაგრამ აუცილებლად ტურფა ქალი უნდა დამიხატო. ძალიან კარგი ქალი უნდა იყოს, შავი წარბები და ზეთისხილივით თვალები ჰქონდეს. თვით მე მის ფერხთით უნდა ვიჯდე და ჩიბუხს ვეწეოდე! ხომ გესმის, ტურფა ქალი ძალიან კარგი უნდა იყოს! – პისკარიოვმა ყოველივე აღუთქვა. სპარსელი ერთი წუთით გავიდა და ისევ შემობრუნდა. ხელში მუქი სითხით სავსე პატარა შუშა ეჭირა. იქიდან ნაწილი მეორე შუშაში გადაასხა და პისკარიოვს მიაწოდა, თან დაარიგა, წყალში შვიდ წვეთზე მეტი არ ჩაესხა და ისე მიეღო ყოველდღე. ვაჟმა შუშას ხარბად ხელი ჩასჭიდა, როგორც საუნჯეს, რომელსაც ოქროზეც არ გაცვლიდა, და შინისაკენ მოჰკურცხლა.

მისვლისთანავე ჭიქა წყალს ბანგი ჩააწვეთა, გადაყლაპა და ძილს მისცა თავი.

ღმერთო, რა სიხარულია! ის არის, ისევ ის! მაგრამ უკვე სხვა სახით. ოჰ, რარიგ მოხდენილად ზის იგი სოფლის პატარა, ნათელი სახლის ფანჯარასთან! რა მოხდენილად და თანაც სადად აცვია! მხოლოდ შთაგონებული პოეტური აზრი გვხიბლავს ხოლმე ასეთი სისადავით. ახლა თმა! ზეციერო, რა სადად დაუვარცხნია თმა და რარიგ შვენის! მოკლე თავსაფარი მოხდენილ ყელზე გადაუგდია. ყოველივე უებრო, კდემამოსილი გემოვნების გამომხატველია. რა ნარნარია მისი სიარული! რარიგ მუსიკალურია მისი ნაბიჯების ხმა და ტანისამოსის შრიალი! რა მშვენიერია მისი ხელი ძუის სამაჯურში. ქალი თვალცრემლიანი ეუბნება: "ნუ შემიზიზღებთ, მე სრულიადაც არა ვარ ისეთი, როგორადაც მთვლით, შემომხედეთ, დაკვირვებით შემომხედეთ და თქვით: განა ძალმიძს ის გავაკეთო, რასაც თქვენ ფიქრობთ? – ოჰ, არა, არა! დეე, ვინც გაბედავს და ამას გაიფიქრებს..." მაგრამ ვაჟს გაეღვიძა გულაჩუყებულს, გაწამებულსა და თვალებზე ცრემლმორეულს: "სჯობდა, რომ არ არსებულიყავ, არ გეცხოვრა ქვეყნად და მხოლოდ მხატვრის ზეგარდმო ნიჭის ქმნილება ყოფილიყავი! მე კი ტილოს წინ ბიჯმოუცვლელად ვიდგებოდა, მარად შენი მჭვრეტელი და ამბორისმყოფელი. შენ ჩემი სუნთქვა, ჩემი უმშვენიერესი ოცნება იქნებოდი და ჩემს თავს ბედნიერად ჩავთვლიდი. უფრო შორს ჩემი სურვილები არ წავიდოდა. ძილისა და ფხიზლობის დროს გიხმობდი, ვით მფარველ ანგელოზს, შენს მოლოდინში ვიქნებოდი, როცა ღვთაებრივისა და წმინდა ხატების ასახვას განვიზრახავდი, მაგრამ ახლა... რა საზარელი სიცოცხლეა! ან რა საჭიროა შენი სიცოცხლე? განა შეშლილის არსებობა საამურია ერთ დროს მისი მოყვარული ნათესავ-მეგობრებისათვის? ღმერთო, რასა ჰგავს ჩვენი სიცოცხლე! მარადიული განხეთქილება ოცნებასა და სინამდვილეს შორის!" თითქმის ასეთი აზრები ფლობდნენ პისკარიოვს. არაფერზე ის არ ფიქრობდა, ჭამაც კი დავიწყებოდა. მოუთმენლად, შეყვარებული კაცის ვნებიანობით ელოდა დაღამებას დასასურველ ზმანებას. ბოლოს გონების განუწყვეტელი მისწრაფება ერთი საგნისკენ იმდენად დაეუფლა მთელ მის არსებას, რომ სასურველი ჩვენება თითქმის ყოველდღე ევლინებოდა, თუმცა სინამდვილის საწინააღმდეგო მდგომარეობაში: ეს იმიტომ, რომ მისი აზრები ბავშვია აზრებივით სრულიად უბიწო იყო, ხოლო ამგვარ ზმანებათა გამო თვით საგანიც სრულიად უმწიკვლო და სახეცვლილი ხდებოდა.

ბანგის მიღებამ კიდევ უფრო აღაგზნო მისი აზრები, და თუ ოდესმე არსებულა სიგიჟის უკანასკნელ მიჯნამდე მისული, ყველაფრის შემმუსრავი ტრფიალების გრძნობით შეპყრობილი, მშფოთვარედ, სულსწრაფად, უზომოდ შეყვარებული მამაკაცი, ეს უბედური პისკარიოვი იყო.

ყველა სიზმართაგან ერთი მაინც უნეტარესი იყო: თავისი სახელოსნო მოეჩვენა მხიარულსა და განცხრომით მჯდომარეს, ხელში ფუნჯი ეჭირა. ქალიც, უკვე მისი მეუღლე, აქვე იყო, მის გვერდით იჯდა. მშვენიერი იდაყვით ვაჟის სკამის საზურგეს დაყრდნობოდა და მის ნახატს უცქეროდა. ქალის დაღლილსა და მიბნედილ თვალებში ნეტარება იკითხებოდა; ნათელ და წესიერად მორთულ ოთახში სამოთხის სუნთქვა იგრძნობოდა. ღმერთო! ქალმა მშვენიერი თავი მის მკერდზე დაჰხარა... ზმანება ამაზე უკეთესი ჯერ არ ენახა. სიზმარს აყოლილი ვაჟი წარსულთან შედარებით ნაკლებად დაფანტული ჩანდა, – იგი განახლებული წამოდგა. მის თავში უცნაური აზრები ირეოდა: "შესაძლებელია, – ფიქრობდა პისკარიოვი, – ქალი ჩათრეულია გარყვნილებაში უნებური შემთხვევით. შეცდომის მოსანანიებლად განწყობილს იქნებ თვითონვე სურდეს საზარელი მდგომარეობიდან თავის დაღწევა. ნუთუ მე გულგრილად დავუშვებ, რომ ის ქალი დაიღუპოს, ისიც სწორედ ახლა, როცა საკმაოა მხოლოდ ხელის გაწოდება, რომ გადაარჩინო?" მისი ფიქრები უფრო შორს გაიჭრა: "მე არავინ მიცნობს, – ეუბნებოდა იგი თავის თავს, – თუნდაც მიცნობდეს, ვის რა საქმე აქვს ჩემს ცხოვრებასთან, ან მე რა საქმე მაქვს მათთან. თუ იგი ცოდვებს გულწრფელად მოინანიებს, ცოლად შევირთავ, ვალდებული ვარ კიდევაც ეს გავაკეთო და მე უთუოდ ბევრად უკეთ მოვიქცევი, ვიდრე მამაკაცები, რომელნიც თავიანთ მეკუჭნავე ქალებს ან კიდევ უფრო მეტად საზიზღარ არსებებს ირთავენ ცოლად. ჩემი გმირობა უანგარო იქნება, თუ გნებავთ, დიდებულიც, – სამყაროს მე უმშვენიერეს სამკაულს დავუბრუნებ".

ასეთი ქარაფშუტული გეგმა შეადგინა და სახეზე სიწითლე იგრძნო. სარკესთან მივიდა: ჩაცვვნულმა ლოყებმა და გაცრეცილმა სახემ შიში მოჰგვარა. გულდასმით შეუდგა გაკოხტავებას: ხელ-პირი დაიბანა, თმა გადაივარცხნა, კოხტა ჟილეტი და ახალი ფრაკი ჩაიცვა, საწვიმარი მოისხა და ქუჩაში გავიდა. წმინდა ჰაერი რომ მოხვდა, გულზე ისე მოეშვა, როგორც მოკეთებულ ავადმყოფს, რომელიც დიდი ხნის წოლის შემდეგ ახლა პირველად გამოვიდა სახლიდან. პისკარიოვს გული უძგერდა, როცა უახლოვდებოდა ქუჩას, სადაც საბედისწერო შეხვედრის შემდეგ ფეხი არ დაუკარებია.

დიდხანს ეძებდა სახლს, – თითქოს მეხსიერებამ უღალატაო, ორგზის გაიარა ქუჩა და არ იცოდა, რომლის წინ შეჩერებულიყო. ბოლოს ერთი მათგანი მიამსგავსა, საჩქაროდ აირბინა კიბე, კარს მიუკაკუნა. კარი გაიღო და მერე ვინ გამოვიდა მის შესახვედრად? მისი იდეალი, მისი შეუცნობელი ხატი, ოცნებებით წარმოსახულ სურათთა ორიგინალი, ის, ვისითაც იგი ცხოვრობდა, – ასე წამებით, ასე ნეტარებით. თვით იგი იდგა მის თვალწინ. პისკარიოვი ათრთოლდა, სიხარულით ატაცებულს ღონე გამოელია და ფეხზე ძლივს იდგა. ქალი კვლავინებურად მშვენიერ იყო, – თვალები თუმცა ნამძინარევი ჰქონდა, სახეც ფერმკრთალი და ოდნავ გავრეცილი, მაგრამ მაინც მშვენიერი იყო.

– აა! – წამოიძახა ქალმა, დაინახა თუ არა პისკარიოვი, თან თვალები მოიფშვნიტა (იმ დროს უკვე ორი საათი იქნებოდა). – რად გაიქეცით მაშინ ჩვენგან?

ღონემიხდილი ვაჟი სკამზე დაეშვა და ქალს მიაჩერდა.

– მე მხოლოდ ახლა გავიღვიძე; დილის შვიდ საათზე მომიყვანეს. ძალზე მთვრალი ვიყავი, – დასძინა მან ღიმილით.

ოჰ, სჯობდა სულაც მუნჯი ყოფილიყავი, ვიდრე ამ სიტყვებს წარმოთქვამდი! ამ სიტყვებმა უეცრივ ქალის მთელი ცხოვრება გადაუშალა თვალწინ. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ვაჟმა გული გაიმაგრა და გადაწყვიტა ეცადნა, იქონიებდა თუ არა ქალზე რაიმე გავლენას შთაგონება. მთრთოლვარე ხმით, მაგრამ მგზნებარე სიტყვებით დაუხატა მისი საშინელი მდგომარეობა. ქალი უსმენდა ყურადღებით და გაოცების იმ გრძნობით, რასაც ჩვენ ვამჟღავნებთ ხოლმე, როცა უცნაურსა და მოულოდნელ რასმე ვხედავთ. ქალმა კუთხეში მჯდომ მეგობარს გადახედა და გაუღიმა. ამ ქალსაც სავარცხლის წმენდისათვის თავი გაენებებინა და ახლად მოვლენილ ქადაგს ყურადღებით უსმენდა.

– მართალია, მე ღარიბი ვარ, – კარგა ხნის ლაპარაკისა და ჭკუის დამრიგებლური შთაგონების შემდეგ განაგრძო ვაჟმა, – მაგრამ ჩვენ ვიშრომებთ, გულმოდგინედ ვეცდებით ცხოვრება გავიუმჯობესოთ. ან იმაზე საამური რა არის, როცა ყოველივეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა უმადლოდე. მე სურათებს დავხატავ, შენ კი ჩემ ახლოს იქნები, რათა ჩემი შრომა აღაფრთოვანო. ჩვენ ნაკლს არაფერში ვიგრძნობთ.

– როგორ შეიძლება, – შეაწყვეტინა ქალმა ზიზღით, – მე არც მრეცხავი ვარ, არც მკერავი, რომ ვიმუშაო.

ღმერთო ძლიერო! ამ სიტყვებმა გამოაჩინა მდაბალი, საზიზღარი სიცოცხლე, აღსავსე უსაქმურობითა და სიცარიელით, – გარყვნილების ამ ერთგული თანამგზავრებით.

– მე შემირთეთ! – უტიფრად წამოიძახა ამ ქალის მეგობარმა, რომელიც აქამდე წყნარად იჯდა კუთხეში. – თუ მე თქვენი მეუღლე ვიქნები, აი ასე ვიჯდები ხოლმე! – თქვა მან და თავის საცოდავ სახეს ისეთი ყეყეჩი გამომეტყველება მისცა, რომ ლამაზი მეგობარი გულიანად გააცინა.

ოჰ, ეს უკვე მეტისმეტია! ამის ატანა ყოველგვარ ძალას აღემატება. გრძნობა და გონებაარეული ვაჟი ქუჩაში გაიჭრა. უაზროდ, უმიზნოდ, უგრძნობლად, მხედველობა და სმენადახშული დაეხეტებოდა იგი მთელი დღე; არავინ იცოდა, სადმე გაათია ღამე თუ არა. მხოლოდ მეორე დღეს რაღაც ინსტიქტმა მიიყვანა თავის ბინაზე პისკარიოვი, გაფითრებული, სახეარეული, თმააბურძგვნილი, სიგიჟის ნიშნებით სახეზე. ვაჟი თავის ოთახში ჩაიკეთა, არავის უშვებდა, არც ითხოვდა რაიმეს, მისი ოთახის კარი ოთხი დღის განმავლობაში არ გაღებულა. ერთი კვირის შემდეგ კვლავინდებურად დაკეტილი იყო. ახლა კი მისცვივდნენ კარს, ეძახდნენ მას, მაგრამ პასუხს არავინ იძლეოდა. ბოლოს კარი შელეწეს და ოთახში ყელგამოჭრილი, უსულო გვამი იპოვეს. გასისხლიანებული სამართებელი იატაკზე ეგდო. დაკრუნჩხულ ხელებსა და საზარლად შეცვლილ სახეზე ემჩნეოდა, რომ ვაჟს ხელმა უმტყუნა და იგი კარგა ხანს იტანჯებოდა, ვიდრე მისი ცოდვილი სული სხეულს გაეცლებოდა.

ასე იმსხვერპლა უგონო ვნებამ საცოდავი პისკარიოვი, ჩუმი და მორიდებული, ბავშვივით გულმართალი და თავმდაბალი ადამიანი, რომლის სულში ნიჭის ნაპერწკლები ღვიოდა, რასაც დრო ალბათ ლაღად და ცხოვლად გამოავლენდა. მიცვალებულს არავინ დასტიროდა, მის უსულო გვამთან არავინ მისულა, გარდა სავალდებულო დამსწრე პირის – პოლიციის უბნის ზედამხეველისა და ქალაქის გულგრილი ექიმისა. მისი კუბო ჩუმად, წესაუგებლად წაიღეს ოხტაზე. მიცვალებულს მხოლოდ გუშაგი ჯარისკაცი მისტიროდა, – ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმდტი ბოთლი არაყი გადაეკრა. ასე გასინჯეთ, მიცვალებულის დასახედად პიროგოვიც არ მისულა, რომელიც პისკარიოვს სიცოცხლეში თავის მფარველობას არ აკლებდა. თუმცა პიროგოვს საამისოდ არცა სცალოდა. იგი მეტად მნიშვნელოვანი საქმით იყო გართული.

მაშ მივუბრუნდეთ პიროგოვს. თვით მე ცხედრები და მიცვალებულები არ მიყვარს და ყოველთვის უგუნებოდ ვხდები, როცა გზას გადამიჭრის ხოლმე გრძელი დამკრძალავი პროცესია კაპუცინად შემოსილი ინვალიდი ჯარისკაცის თანხლებით, რომელიც მარცხენა ხელით ბურნუთს ყნოსავს, რადგან მარჯვენაში ჩირაღდანი უჭირავს. მდიდრული ბალდახინისა და ხავერდით მორთული კუბოს დანახვისას ჩემს გულს სინანული ეუფლება. მაგრამ ჩემს სინანულს სევდა ერთვის ხოლმე, როცა ვხედავ, როგორ მიათრევს ჯაგლაგი მედროგე ღარიბის უსაბურველო წითელ კუბოს, რომელსაც გზაჯვარედინზე შემთხვევით შეხვედრილი უსაქმური მათხოვარი დედაკაცი თუ გაჰყვება მხოლოდ.

ჩვენ, მგონი, პორუჩიკი პიროგოვი მაშინ დავტოვეთ, როცა იგი პისკარიოვს დაშორდა და ქერა ქალს აედევნა. ეს ქერა ქალი საკმაოდ საინტერესო ცუგრუმელა არსება იყო; იგი ყოველ მაღაზიასთან ჩერდებოდა: გამოფენილ თავსაფრებს და ქამრებს, საყურეებს, ხელთათმანებს და სხვა წვრილმანებს ათვალიერებდა, შეუსვენებლივ ცქმუტავდა, გარშემო აცეცებდა თვალებს და უკან იხედებოდა. "ჩემი ლუკმა ხარ, მტრედო!" – გულდაჯერებით ამბობდა პიროგოვი, როცა უკან მისდევდა და თან სახეს მაზარის საყელოთი იფარავდა, ვინმემ არ მიცნოსო. მაგრამ ზედმეტი არ იქნება, რომ მკითხველს პიროგოვის ვინაობა გავაცნოთ.

ვიდრე ვიტყვით ვინ იყო პორუჩიკი პიროგოვი, ზედმეტი არ იქნება ცოტა რამ ვთქვათ იმ საზოგადოებაზე, რომელსაც პიროგოვი ეკუთვნოდა. არიან პეტერბურგში ოფიცრები, რომლებიც საზოგადოების რომელიღაც საშუალო კლასს შეადგენენ. რომელიმე მათგანს თქვენ უეჭველად შეხვდებით საღამოზე თუ სადილად სტატსკი სოვეტნიკთან ან დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკთან, რომელსაც ეს წოდება ორმოცი წლის შრომით დაუმსახურებია. აქ თქვენ ნახავთ ამათ ასულებს, ისევე უფერულთა და უსხივოთ, როგორც თვით პეტერბურგია. ამ ბანოვანთა შორის ზოგი გადამწიფებულიც გახლავთ. აქვე ნახავთ ფორტეპიანოს, საჩაიე მაგიდას და საშინაო ცეკვებს, – ეს ყოველივე განუშორებელია ბრწყინვალე ეპოლეტისაგან, რომელიც ლამპის შუქზე ბრჭყვიალებს ქერა ქალსა და მისი ძმის ან შინაური ნაცნობის შავ ფრაკს შორის. ამ სისხლგაყინული ქალიშვილების გამოცოცხლება და გაცინება მეტად ძნელია, ამისათვის დიდი დახელოვნება გახლავთ საჭირო – ან უკეთ, არავითარი დახელოვნება არ უნდა გაგაჩნდეთ. ისე უნდა ილაპარაკოთ, რომ თქვენი ნათქვამი არც მეტად ჭკვიანური იყოს, არც მეტად სასაცილო, რომ ყველაფერში არ დაივიწყოთ ის წვრილმანები, რაც აგრე რიგად უყვართ ქალებს. ხსენებულ ვაჟბატონთა უნარი კი ამ საქმეში სათანადოდ უნდა დავაფოსოთ. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსაკუთრებული ნიჭით, ეს უფერული ლამაზმანები გააცინონ. შეკავებული სიცილით დახშული წამოძახილები: "ოჰ, გეყოფათ! არც კი გრცხვენიათ, რომ აგრე გვაცინებთო!" საუკეთესო ჯილდო გახლავთ მათთვის. მაღალ წრეში იშვიათად ან, უკეთ, არასოდეს არ ხვდებით მათ; იქიდან ისინი სრულიად განდევნილნი არიან მათ მიერ, ვისაც ამ საზოგადოებაში არისტოკრატებს უწოდებენ. ამისდა მიუხედავად, ესენიც ნასწავლ და ზრდილობიან ადამიანებად ითვლებიან. მათ უყვართ ლიტერატურაზე მუსაიფი; აქებენ ბულგარინს, პუშკინსა და გრეჩს, ზიზღით და მახვილი ენამჭევრობით ლაპარაკობენ ა. ა. ორლოვზე; არც ერთ საჯარო ლექციას არ გამოსტოვებენ, თუნდაც ეს ლექციები ტყის მოშენებას ან ბუღალტერიას ეხებოდეს. თეატრშიც ყოველ პიესას ესწრებიან, გარდა "ფილატკისა", რომელიც მათ ფაქიზ გემოვნებას მეტად შეურაცყოფს. თეატრალური დირექციისათვის ეს ხალხი მეტად ხელსაყრელია. მათ განსაკუთრებით უყვართ, რომ პიესაში კარგი ლექსები იყოს ჩართული, ასევე ძალიან უყვართ მსახიობების ხმამაღლა გამოწვევა. ბევრი მათგანი სახაზინო სასწავლებლებში გაკვეთილებს აძლევს, ან სახაზინო სასწავლებლებისათვის მოწაფეებს ამზადებს და ბოლოს კაბრიოლეტისა და წყვილი ცხენის შეძენას ახერხებს. მაშინ მათი წრე იმდენად ფართოვდება, რომ ბოლოს ცოლად ირთავენ ვაჭრის ქალიშვილებს, რომლებმაც იციან ფორტეპიანოზე დაკვრა, მოეპოვებათ ასი ათასი ანდა დაახლოებით ამდენი მზითევი და მთელი არმია წვეროსანი ნათესავებისა. მაგრამ ასეთ პატივს ისინი აღწევენ მხოლოდ მას შემდეგ, როცა სულ ცოტა პოლკოვნიკის წოდებას მაინც დაიმსახურებენ, რადგან რუს წვეროსნებს – თუმცა მათ ჯერ ისევ მჟავე კომბოსტოს სუნი ასდით – სურთ თავიანთი ქალიშვილები გენერლის თუ არა, პოლკოვნიკის მეუღლეებად მაინც იხილონ. ასეთი გახლავთ ამ ჯურის ახალგაზრდების ნიშანდობლივი თვისებები. მაგრამ საკუთრივ პორუჩიკი პიროგოვი, გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვა მრავალ ნიჭთა პატრონიც გახლდათ: მას დიდებულად შეეძლო წაეკითხა ლექსები "დიმიტრი დონელიდან" და " ვაი ჭკუისაგან "; განსაკუთრებული დახელოვნებით ახერხებდა ჩიბუხიდან თამბაქოს ბოლის კლაკნილ რგოლებად გაშვებას, – ისე რომ ათს ზედიზედ მიაყოლებდა ერთმანეთს; მეტად სასიამოვნოდ მოჰყვებოდა ანეგდოტსაც იმის შესახებ, რომ ზარბაზანი ერთია, ხოლო მარტორქა – სულ სხვა რამ. თუმცა ესეც კია, რომ არც ისე ადვილი საქმეა იმ ნიჭთა ჩამოთვლა, რომლითაც პიროგოვი ბედს ასე უხვად დაეჯილოებინა. მას უყვარდა მსახიობებსა და მოცეკვავე ქალებზე მუსაიფი, მაგრამ არა ისე ცხარედ, როგორც ეს ახალგაზრდა პრაპორშჩიკებს სჩვევიათ. პიროგოვი მეტად კმაყოფილი იყო თავისი წოდებისა, რაც ახლახან მიიღო, და თუმცა სავარძელზე წამოწოლილი ზოგჯერ ამბობდა ხოლმე: "ოჰ, ოჰ! ამაოებავ ამაოებათა! მერე რა, რომ პორუჩიკი ვარ?" – ამისდა მიუხედავად ეს ახალი ღირსება მის იდუმალ პატივმოყვარეობას მაინც მეტად ელამუნებოდა. ამის აღნიშვნას იგი ხშირად ცდილობდა მუსაიფში მოიარებით. ერთხელ კი, როცა ქუჩაზე მიმავალი რომელიღაც გადამწერი არასაკმაოდ თავაზიანი ეჩვენა, დაუყოვნებლივ შეაჩერა და მოკლე, მაგრამ მკაცრი სიტყვებით აგრძნობინა, რომ მის წინაშე პორუჩიკი იდგა და არა ვიღაც უმნიშვნელო ოფიცერი. მჭერმეტყველების გამოჩენას მით უფრო შეეცადა, რომ ამ დროს ქუჩაში ორი მოხდენილი მანდილოსანი შენიშნა. საერთოდ კი პიროგოვი სილამაზისა და სიკოხტავის დიდ ტრფიალებას ამჟღავნებდა და ამიტომაც იყო, რომ მხატვარ პისკარიოვს მფარველობდა, თუმცა შესაძლოა იმიტომაც, რომ გულით უნდოდა საკუთარი ვაჟკაცური ფიზიონომიის ტილოზე ხილვა. მაგრამ კმარა პიროგოვის თვისებებზე ლაპარაკი. ადამიანი ისეთი საოცარი ქმნილებაა, რომ მის თვისებათა ამომწურავი დახასიათება ყოვლად შეუძლებელია და, რაც უფრო აკვირდები, მით მეტი ახალ-ახალი თვისებები მჟღავნდება მასში. მაშასადამე, მათი აღწერაც დაუსრულებელი იქნებოდა.

ასე და ამგვარად, პიროგოვს არ შეუწყვეტნია უცნობი ქალის დევნა. დროდადრო შეკითხვებს აძლევდა, მაგრამ პასუხი მკვახე და ნაწყვეტ-ნაწყვეტი იყო, რაღაც გაურკვეველი ბგერებით ნათქვამი, ყაზანის ბნელი ჭიშკარით გავიდნენ მეშჩანსკაიაზე, – თამბაქოთი და წვრილმანებით მოვაჭრეების, გერმანელი ხელოსნებისა და ჩუხონელი ნიმფების ქუჩაზე. ქერა ქალი მიქროდა და საკმაოდ ჭუჭყიანი სახლის ჭიშკარში შეფრინდა სწრაფად. პიროგოვი გაედევნა. ქალმა ვიწრო, ბნელი კიბე აირბინა და კარში შევიდა, – პიროგოვიც თამამად შეჰყვა. პორუჩიკი დიდ ოთახში მოხვდა, სადაც კედლები და ჭერი გაჭვარტლული იყო და სადაც ბლომად ეყარა სახელოსნო იარაღები და რკინის ხრახნილები. მაგიდაზე ბრჭყვიალა ყავადნები და შანდლები ელაგა. იატაკი რკინისა და სპილენძის ნახერხს დაენაგვიანებინა. პიროგოვი მიხვდა, რომ იგი ხელოსნის ბინაზე მოხვდა. გვერდის კარით ქალი მეორე ოთახში შევარდა. პორუჩიკი შეყოყმანდა, მაგრამ რუსული წესის თანახმად წინსვლა გადაწყვიტა. ეს ოთახი სრულიად არა ჰგავდა პირველს და ფაქიზად იყო მორთული, რაც ამტკიცებდა, რომ პატრონი გერმანელი უნდა ყოფილიყო. ვაჟი არაჩვეულებრივმა სანახაობამ გააოცა.

მის წინ შილერი იჯდა, – არა "ვილჰელმ ტელისა" და "ოცდაათწლიანი ომის ისტორიის" დამწერი, არამედ ცნობილი შილერი, თუნუქის ნაწარმთა ოსტატი მეშჩანსკაიადან. შილერის გვერდით ჰოფმანი იდგა, – მწერალი ჰოფმანი კი არა, არამედ საკმაოდ კარგი მეწაღე ოფიცერსკაიადან, შილერის დიდი მეგობარი. სკამზე მჯდომი მთვრალი შილერი იატაკს უბაკუნებდა ფეხებს და რაღაცაზე აღგზნებით ლაპარაკობდა. ყველაფერი ეს კიდევ არ გააოცებდა პიროგოვს, საოცარი მისთვის ამ ორი ადამიანის მდგომარეობა გახლდათ: თავაღებულ შილერს საკმაოდ მსხვილი ცხვირი წინ წამოეშვირა, ხოლო ჰოფმანს ეს ცხვირი ორთითშუა მოემწყვდია და სახელოსნო დანის პირს ზედ ატრიალებდა. ორივენი გერმანულად ლაპარაკობდნენ, რის გამოც პორუჩიკმა პიროგოვმა ამ ისტორიისა ვერაფერი გაიგო, რადგან გერმანულად მხოლოდ "გუტ-მორგენ" იცოდა. შილერი კი აი რას ამბობდა:

– მე არ მინდა, მე არ მჭირდება ცხვირი! – გაიძახოდა იგი ხელების ქნევით. – მხოლოდ ამ ერთ ცხვირზე თვეში სამ გირვანქა თამბაქოს ვხარჯავ და მის საფასურს საძაგელ რუსულ მაღაზიაში ვიხდი, იმიტომ რომ გერმანელთა მაღაზია რუსული თამბაქოთი არ ვაჭრობს. იმ საძაგელ რუსულ მაღაზიაში კი თითოეულ გირვანქაზე ორმოც კაპიკს ვიხდი, – ეს იქნება მანეთი და ოცი კაპიკი. თორმეტჯერ მანეთი და ოცი კაპიკი – ეს იქნება თოთხმეტი მანეთი და ორმოცი კაპიკი. გესმის, ჩემო მეგობარო, ჰოფმან? მხოლოდ ერთ ცხვირზე თოთხმეტი მანეთი და ორმოცი კაპიკი! დღესასწაულზე კი რაპეს ვხმარობ, რადგან უქმეებზე არა მსურს ვიხმარო მყრალი რუსული თამბაქო. სულ წელიწადში ორ გირვანქა რაპეს ვხმარობ, გირვანქა კი ორი მანეთი ღირს. ექვსი და თოთხმეტი მანეთი – ოცი მანეთი და ორმოცი კაპიკი მხოლოდ თამბაქოზე! ეს დაქცევაა! ასეა თუ არა? შენ გეკითხები, ჩემო მეგობარო ჰოფმან! – ჰოფმანი, რომელიც თავად იყო მთვრალი, დასტურს აძლევდა. – ოცი მანეთი და ორმოცი კაპიკი! მე შვაბელი გერმანელი ვარ, გერმანიაში მე მყავს მეფე. არ მინდა ცხვირი! მომჭერით ცხვირი! აი ჩემი ცხვირი!

პორუჩიკ პიროგოვის მოულოდნელი გამოჩენა რომ არა, ჰოფმანი უეჭველად მოსჭრიდა ცხვირს შილერს. ამას ჰოფმანის ხელის მდგომარეობა ამტკიცებდა: ასე უჭირავთ ხელი მაშინ, როცა საძირეს გამოჭრა სურთ.

შილერი მეტად ნანობდა, რომ უცნობმა დაუპატიჟებელმა სტუმარმა ასე უდროოდ შეუშალა ხელი. ლუდითა და არაყით გაბრუებული მაინც გრძნობდა, რომ ასეთ პირობებსა და მდგომარეობაში უცხო პირის შემოსწრება უხერხული იყო. ამასობაში კი პიროგოვი ოდნავ მოიხარა და მისთვის ჩვეული თავაზიანობით თქვა:

– მაპატიეთ გეთაყვა..

– გაეთრიე აქედან! – დამარცვლით უპასუხა შილერმა.

პიროგოვი დაიბნა. ასეთი მიმართვა მისთვის სრულიად ახალი იყო. პორუჩიკს სახეზე წამსვე გაუქრა ღიმილი, საკუთარი ღირსების შეურაცხყოფა იგრძნო და თქვა:

– ჩემთვის საოცარია, მოწყალეო ხელმწიფევ... თქვენ უთუოდ ვერ შეამჩნიეთ... მე ოფიცერი ვარ...

– ოფიცერი რა არის! მე შვაბელი გერმანელი ვარ, მე თვით გავხდები ოფიცერი, – შილერმა მაგიდას მჯიღები დაუშინა, – რა დიდი ამბავია ოფიცრობა: წელიწადნახევარი იუნკრობა, ორი წელიწადი პორუჩიკობა და ესეც შენი ოფიცერი! მაგრამ მე სამსახური არ მინდა, ოფიცერს კი აი რას ვუზამ: ფუ! – შილერმა ხელისგული გაიშვირა და შეუბერა.

პორუჩიკი მიხვდა, რომ სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, გასცლოდა იქაურობას. მაგრამ მისი წოდებისადმი სრულიად შეუფერებელი მოპყრობა დიახაც არ იყო სასიამოვნო. საგონებელს მიცემული კიბეზე რამდენჯერმე შეჩერდა; ფიქრობდა, თუ როგორ ეგრძნობინებინა შილერისათვის მისი უხამსობა. ბოლოს განსაჯა, რომ შილერს საქციელი ეპატიებოდა, რადგან თავი ლუდით ჰქონდა გაბრუებული. ესეც რომ არა, სანდომიანი ქერა ქალი დაუდგა თვალწინ. ამიტომ გადაწყვიტა ყოველივე დავიწყებისათვის მიეცა. მეორე დღეს, დილაადრიან პორუჩიკი შილერის სახელოსნოში გამოცხადდა. წინა ოთახში ქერა ლამაზმანი შეხვდა, რომელმაც მკაცრი ხმით, რაც მეტად უხდებოდა ქალს, ჰკითხა:

– თქვენ რა გნებავთ?

– აა, სალამი, ჩემო კარგო! ვერ მიცანით? ეშმაკუნავ, რა კარგი თვალები გაქვთ! – ვაჟს სურდა ნაზად აეწია ქალისათვის ნიკაპი, მაგრამ შეშინებულმა ქერა ქალმა რაღაც გაურკვეველი წამოიძახა და იმგვარადვე სიმკაცრით ჰკითხა:

– რა გნებავთ?

– არაფერი, გარდა თქვენი ნახვისა, – გაეპასუხა პიროგოვი საამო ღიმილით და თანაც ქალს მიუახლოვდა. მაგრამ რაკი შენიშნა, რომ დამფრთხალი ქალი კარში გაძრომას აპირებდა, დასძინა:

– მე, ჩემო კარგო, დეზების დაკვეთა მსურს. თქვენ შეგიძლიათ დამიმზადოთ ისინი – თუმცა იმისათვის, რომ თქვენ მიყვარდეთ, დეზები ზედმეტი არის. უფრო მეტად აღვირი იქნებოდა საჭირო. რა მშვენიერი ხელები გაქვთ! – ასეთ გრძნობათა აღსარების დროს პორუჩიკი პიროგოვი მუდამ მეტად თავაზიანი იყო.

– მე ახლავე ჩემს მეუღლეს ვიხმობ, – თქვა ქალმა და გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ნამძინარევი, გუშინდელი ლოთობისაგან ძლივს გამოფხიზლებული შილერი შემოვიდა. ოფიცრის დანახვისთანავე ბუნდოვან სიზმარივით მოაგონდა გუშინდელი ამბავი. თუმცა არაფერი არ ახსოვდა, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც სისულელე ჰქონდა ჩადენილი. ამიტომ ოფიცერი მეტად მკაცრი სახით მიიღო.

– დეზებში მე თხუთმეტ მანეთზე ნაკლებს ვერ ავიღებ, – თქვა მან, რათა პიროგოვი თავიდან მოეშორებინა. შილერს, როგორც პატიოსან გერმანელს, სინდისი აწუხებდა, მისი უწესო მდგომარეობის მნახველი ადამიანის ცქერა უმძიმდა. შილერს სმა უმოწმეებოდ უყვარდა, ორ-სამ მოკეთეს შორის; ამ დროს ყველას, თვით ხელქვეითებსაც ერიდებოდა.

– რატომ აგრე ძვირად? – დაუყვავა პიროგოვმა.

– გერმანული ნახელავი გახლავთ, – ცივად წარმოთქვა შილემა და ნიკაპზე ხელი ჩამოისვა. – რუსი ორ მანეთადაც გაგირიგდებათ.

– ინებეთ, ვიხდი თხუთმეტ მანეთს, რათა ამით ჩემი სიყვარული და თქვენი გაცნობის სურვილი დაგიმტკიცოთ.

შილერი წამით დაფიქრდა: როგორც კეთილსინდისიერ გერმანელს, ცოტა არ იყოს სინდისი აწუხებდა. რათა დაკვეთისაგან თავი დაეღწია, განაცხადა, რომ დაკვეთას ორ კვირაზე ადრე ვერ შეასრულებდა. პიროგოვი ხმისგაუღებლივ დათანხმდა.

გერმანელი საგონებელს მიეცა, რარიგ შეესრულებინა დაკვეთა ისე, რომ დეზები ნამდვილად თხუთმეტი მანეთი ღირებულიყო. ამ დროს შემოსულმა ქალმა მაგიდაზე, სადაც ყავადნები იდგა, რაღაცის ძებნა დაიწყო. პიროგოვმა შილერის დაფიქრებით ისარგებლა და ქალს მხრებამდე გაშიშვლებული მკლავი დაუჭირა. შილერს ეს ძალზე არ მოეწონა.

– მეინე ფრაუ! – იყვირა შილერმა.

– ვის ვოლენზი დოჰ? – გამოეხმაურა ცოლი.

– გენზი ნაჰ კიუჰე! – ქალი გავიდა.

– მაშ, ორი კვირის შემდეგ? – მიუგო პიროგოვმა.

– დიახ, ორი კვირის შემდეგ, – მიუგო ჩაფიქრებულმა შილერმა, – ჯერჯერობით ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს.

– მე კვლავადაც შემოგივლით. ნახვამდის!

– ნახვამდის! – უპასუხა შილერმა და კარი მიხურა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალი აშკარა წინააღმდეგობას უწევდა, პიროგოვი ცდას კვლავინდებურად განაგრძობდა. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა მისთვის წინააღმდეგონის გაწევა, მით უფრო, რომ იგი ასეთი თავაზიანი ახალგაზრდა და თანაც ბრწყინვალე წოდების პატრონი იყო. ეს კი, მისი ფიქრით, ყურადღების მოპოვების სრულ უფლებას აძლევდა. უნდა ითქვას, რომ სანდომიანობის მიუხედავად შილერის მეუღლე მეტად ყეყეჩი ვინმე იყო. ესეცაა, რომ ლამაზ ცოლს სისულელე განსაკუთრებულ მომსიბლაობას ანიჭებს. ასეა თუ ისე, მე ბევრ ისეთ ქმარს ვიცნობ, რომელნიც თავიანთი მეუღლეების სისულელით აღტაცებულნი არიან. ამ სისულელეში ისინი ბავშვური გულუბრყვილობის უტყუარ ნიშნებს ხედავენ. სწორედ რომ სასწაულმოქმედია სილამაზე! ლამაზ ქალში სულიერი ნაკლიც არაჩვეულებრივად წარმტაცი ხდება; მათში თვით ბიწიერებაც მიმზიდველი ჩანს; მაგრამ საკმაოა გაქრეს სილამაზე და მაშინ ქალს მამაკაცთან შედარებით ოცჯერ მეტი ჭკუა სჭირდება, თუ სიყვარული არა, პატივისცემა მაინც აღგიძრათ. სიყეყეჩის მიუხედავად, შილერის მეუღლე თავისი მოვალეობის ერთგული გახლდათ. ამიტომ პიროგოვისათვის საკმაოდ ძნელი იყო საკუთარი ზრახვების განხორციელება. მაგრამ სიამოვნება სწორედ წინააღმდეგობათა დაძლევაშია. ამიტომ ქერა ქალიც დღითიდღე უფრო საინტერესო ხდებოდა პორუჩიკისათვის. იგი ხშირად შეუვლიდა ხოლმე შილერს და ხელოსანს იმდენად მოაბეზრა თავი, რომ მან ყოველივე იღონა დაკვეთის სწრაფად შესრულებისათვის. ბოლოს დეზებიც მზად იყო.

– ოჰ, რა დიდებული ნამუშევარია! – წამოიძახა პიროგოვმა დეზების ნახვისთანავე. – ღმერთო, რა კარგად არის გაკეთებული! ასეთი დეზები ჩვენს გენერლებსაც არა აქვს.

შილერის სული თვითკმაყოფილების გრძნობამ მოიცვა, თვალებიც მხიარულად აუციმციმდა. იგი სავსებით შეურიგდა პიროგოვს. "რუსი ოფიცერი ჭკვიანი კაცია!" – ფიქრობდა შილერი.

– მაშ თქვენ ქარქაშის გაკეთებაც შეგიძლიათ, მაგალითად, ხანჯლისა თუ სხვა რამისა?

– ოჰ, ძალიან კარგადაც! – ღიმილით უპასუხა ხელოსანმა.

– თუ ასეა, მშვენიერი თურქული ხანჯალი მაქვს, მაგრამ მისთვის სხვაგვარი ქარქაში მწადია. მე მოგიტანთ მას.

შილერს ნათქვამი მეხივით დაატყდა თავს. უეცრად შუბლი შეეკრა. "ესეც შენ! სამუშაო გაიჩინე ახლა", – ფიქრობდა იგი და გუნებაში საკუთარ თავს ლანძღავდა. უარის თქმა არაკეთილსინდისიერ საქციელად მიაჩნდა, თანაც რუსმა ოფიცერმა ნამუშევარი უქო. მცირე ყოყმანის შემდეგ შილერი დათანხმდა. მაგრამ კოცნამ, შიგ ტუჩებში რომ მიაწება პიროგოვმა ქერა ქალს, შილერი საგონებელში ჩააგდო.

მე არ ვთვლი ზედმეტად მკითხველისათვის შილერის უფრო ახლო გაცნობას. იგი, ამ სიტყვის სრული გაგებით, ნამდვილი გერმანელი იყო. ჯერ კიდევ ოცი წლიდან, იმ ბედნიერი ასაკიდან, როცა რუსი ალალბედზე ცხოვრობს, შილერმა მთელი თავისი ცხოვრება დაგეგმა და არავითარ გამონაკლისს არ უშვებდა: დგებოდა დილის შვიდ საათზე, სადილობდა ორ საათზე, სიზუსტეს იცავდა ყველაფერში და კვირაობით აუცილებლად ითვრებოდა. ათი წლის განმავლობაში ორმოცდაათი ათასის დაგროვება განიზრახა. და ეს განზრახვა ბედისწერასავით გარდაუვალი გახლდათ, რადგან შესაძლებელია უმალ მოხელემ დაივიწყოს უფროსის საკარისკაცოში შეჭვრეტა, ვიდრე გერმანელმა თავისი სიტყვა შესცვალოს. არავითარ შემთხვევაში ზედმეტს არ დახარჯავდა: თუ კარტოფილის ფასი ჩვეულებრივს გადაამეტებდა, იგი ერთ კაპიკსაც არ დაუმატებდა, – უბრალოდ, ნაკლებ კარტოფილს იყიდდა. თუმცა ამის გამო ზოგჯერ შიმშილობაც უწევდა. შილერის წინდახედულობა იქამდე მივიდა, რომ ცოლსაც დღეში მხოლოდ ორჯერ ჰკოცნიდა. რომ ზედმეტად არ ეკოცნა, წვნიან შეჭამანდს პილპილის მხოლოდ ერთი პაწია კოვზით ანელებდა. ეს იყო, რომ დათქმული წესი კვირაობით არც ისე ზუსტად სრულდებოდა, რადგანაც იმ დღეს შილერი ორ ბოთლ ლუდსა და ქიმანურ არაყს მიირთმევდა, თუმცა უკანასკნელს ნიადაგ აძაგებდა. იგი ინგლისელივით კი არა სვამდა, რომელიც ნასადილევს კარს გადაჰკეტავს და მარტოკა გაილეშება ხოლმე. პირიქით, ვით ნამდვილი გერმანელი, შთაგონებით ითვრებოდა ხოლმე მეწაღე ჰოფმანთან ან თავისსავე თანამემამულე დურგალ კუნცთან – უსაშველო ლოთთან ერთად. ასეთი ხასიათისა გახლდათ კეთილშობილი შილერი, რომელიც უკანასკნელად მეტად შევიწროვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა ფლეგმატიკოსი და გერმანელი იყო, პიროგოვის საქციელმა მაინც ეჭვის მსგავსი რამ აღუძრა. ხელოსანი ჭკუას ძალას ატანდა და მაინც ვერ მოესაზრებინა, როგორ მოეშორებინა თავიდან ეს რუსი ოფიცერი. პორუჩიკი პიროგოვი კი, ამხანაგებს შორის რომ მოხვდებოდა და ოფიცერთა წრისათვის განგების ძალით აუცილებელ ჩიბუხს აბოლებდა, მრავლისმეტყველი და საამო ღიმილით სიტყვას ჩამოაგდებდა, – აქაოდა გერმანელ ქალთან სრულიად ახლობელი დამოკიდებულება და სამიჯნურო კავშირი მაქვსო. თუმცა მდგომარეობის ნამდვილი ვითარება ისეთი იყო, რომ ქალის თავის მხარეზე გადაბირების იმედს ჰკარგავდა.

ერთ დღეს პიროგოვი მეშჩანსკაიაზე დასეირნობდა, თან უთვალთვალებდა შილერის სახლს, რომელსაც სამოვრებითა და ყავადნებით დასურათხატებული აბრა ამშვენებდა. მისდა სასიხარულოდ ფანჯარაში გამვლელ-გამომვლთა საცქერად გადმოხრილი ქალის ქერა თავი დაინახა. პიროგოვი გაჩერდა, ქალს ხელი დაუქნია და დილა მშვიდობის უსურვა.

ქალი ისე მიესალმა, როგორც ნაცნობს.

– თქვენი მეუღლე შინ არის?

– დიახ! – მიუგო ქერამ.

– სახლში როდის არ არის ხოლმე?

– სახლში კვირაობით არ არის ხოლმე, – უპასუხა ჭკუათხელმა ქერა ქალმა. "ეს ურიგო არ არის, – გაიფიქრა თავისთვის პიროგოვმა, – ამით უნდა ვისარგებლო".

შემდეგ კვირას იგი მოულოდნელად თავს დაეცა ქალს. შილერი მართლაც არ იყო შინ. ახალგაზრდა დიასახლისი დაფრთხა, მაგრამ ახლა პიროგოვი ქალს ჯეროვანი სიფრთხილითა და თავაზიანობით მოექცა. სალმის მიცემის დროს მოხდენილად გამოაჩინა თავისი გამოყვანილი, მოქნილი წელი. ფრიად სასიამოვნოდ და ზომიერად ოხუნჯობდა, მაგრამ გონებაჩლუნგი გერმანელი ქალის პასუხები ერთფეროვანი იყო. პიროგოვი ამჩნევდა, რომ ვერაფრით ართობდა ქალს. დასასრულ ცეკვა შესთავაზა. ქალი წამსვე დათანხმდა, რადგან საერთოდ გერმანელი ქალები ცეკვის მოტრფიალენი არიან. პიროგოვი ცეკვაზე დიდ იმედებს ამყარებდა: ჯერ ერთი იმიტომ, რომ თვით ქალს ცეკვა სიამოვნებას ჰგვრიდა; მეორეც, ვაჟს შეეძლო უკეთ გამოეჩინა თავისი სხეულის მოქნილობა; მესამეც, ცეკვის დროს ყველაზე მეტად არის შესაძლებელი დაახლოება, თუნდაც მოხვევა ქალისა, რასაც ველაფერი შეიძლება მოჰყვეს. მოკლედ, ვაჟს სრულ წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა. პიროგოვმა რაღაც გავოტი დაიწყო, რადგან იცოდა, რომ გერმანელ ქალებს თანამიმდევრობა უყვართ. ქალი შუა ოთახში გაჩერდა და მშვენიერი ფეხი მოსწყვიტა იატაკს, – საცეკვაოდ შეემზადა. ამით აღტაცებული პიროგოვი საკოცნელად მიეჭრა. ქალმა ყვირილი მორთო, რამაც პიროგოვის თვალში ქალს სიმშვენიერე შეჰმატა და კოცნა ერთმანეთზე მიაყოლა. სწორედ ამ დროს გაიღო კარი და ოთახში შილერი შემოვიდა. მას შემოჰყვნენ ჰოფმანი და დურგალი კუნცი. სამივე ღირსეული ხელოსანი გალეშილი იყო.

თვით მკითხველისათვის მიმინდვია შილერის რისხვისა და აღშფოთების განსჯა.

– ხეპრევ! – წამოიძახა გაცოფებულმა შილერმა, – როგორ ბედავ ჩემი ცოლის კოცნას?! შენ არამზადა ხარ და არა რუსი ოფიცერი! დალახვროს ეშმაკმა, ჩემო მეგობარო ჰოფმან, მე გერმანელი ვარ და არა რუსული ღორი!

ჰოფმანი ყოველივეს უდასტურებდა.

– ოჰ, მე არ მსურს რქები! ჩაავლე ხელი საყელოში, ჩემო მეგობარო ჰოფმან, თვით მე არა მსურს, – ხელების ქნევით ამბობდა შილერი და სახე თავისივე ჟილეტის მაუდივით წითლად უღვიოდა. – პეტერბურგში მერვე წელიწადია ვცხოვრობ. შვაბიაში დედა მყავს, ხოლო ნიურბერგში ბიძა, მე გერმანელი ვარ და არა რქოსანი საქონელი! ჰოფმან, ჩემო მეგობარო! შემოაცალე ყოველივე; ხელ-ფეხი დაუჭირე, ჩემო კამრად კუნც!

გერმანელები ხელ-ფეხში სწვდნენ პიროგოვს.

პიროგოვი ამაოდ ცდილობდა თავის დაღწევას. ეს სამი ხელოსანი პეტერბურგელ გერმანელთა შორის ყველაზე ღონიერი ხალხი იყო. ისინი ისე უხეშად და უზრდელად მოექცნენ პორუჩიკ პიროგოვს, რომ, გამოგიტყდებით, და სიტყვები ვერ მიპოვნია ასეთი სამწუხარო შემთხვევის აღსაწერად.

დარწმუნებული ვარ, რომ მეორე დღეს შილერი შიშისაგან ციებ-ცხელებიანივით თრთოდა, წამიდან წამზე ელოდა პოლიციის გამოჩენას. ღმერთმა იცის, რას არ მისცემდა, რომ გუშინდელი ამბავი სიზმარი ყოფილიყო, მაგრამ შეცვლა იმისა, რაც მოხდა, შეუძლებელია. არც პიროგოვის რისხვას და აღშფოთებას შეედრებოდა რამე. საშინელ შეურაცხყოფაზე მარტოოდენ ფიქრიც კი აშმაგებდა, გაწკეპვლა და გაციმბირება შილერისათვის ყველაზე მცირე სასჯელად მიაჩნდა. პორუჩიკი შინ იმ განზრახვით მიქროდა, რომ ტანისამოსის გამოცვლისთანავე წასულიყო გენერალთან და ცხოველი ფერებით დაეხატა ხელოსანთა თავგასულობა. გადაწყვიტა ერთდროულად მთავარ შტაბშიც შეეტანა წერილობითი მიმართვა, ხოლო თუ სასჯელი დამაკმაყოფილებელი არ იქნებოდა, მაშინ პირდაპირ სახელმწიფო საბჭოსათვის და ბოლოს თვით ხელმწიფისათვის მიერთმია თხოვნა.

მაგრამ უოველივე ეს უცნაურად დამთავრდა: გზადმომავალმა საშაქარლამოში შეიარა, ორიოდე ნამცხვარი შეჭამა. იქვე "სევერნაია პჩელა" გადაათვალიერა და მრისხანებაც გაუნელდა. გარდა ამისა, საღამოს საამო სიგრილემ ნევის პროსპექტზე გასეირნება მოასურვებინა. ცხრა საათისათვის კი სრულიად დამშვიდდა და სცნო, რომ გენერლის შეწუხება კვირა დღით არ ივარგებდა; ესეც რომ არა, გენერალი უთუოდ მიწვეული იქნებოდა სადმე. ამიტომ პიროგოვი გაემართა საკონტროლო კოლეგიის მმართველთან, სადაც მოხელეების და ოფიცრების სასიამოვნო კრებული დახვდა. საღამო საამურად გაატარა და მაზურკაში ისეთი წარმატება მოიპოვა, რომ არათუ მანდილოსნების, კავალრების აღტაცებაც გამოიწვია.

"რა საოცრად არის მოწყობილი ეს ქვეყანა! – ვფიქრობდი ამ სამი დღის წინათ ნევის პროსპექტზე მიმავალი, როცა ეს ორი შემთხვევა მომაგონდა, – რა უცნაურად, რა საოცრად გვათამაშებს ბედი ჩვენი! განა კი ოდესმე ვიღებთ იმას, რაცა გვსურს? განა კი ვაღწევთ იმას, რისთვისაც ჩვენი ძალები თითქოს საგანგებოდ არის განკუთვნილი? ყველაფერი უკუღმართადაა გაჩენილი: ერთს ბედი უმშვენიერეს ცხენებს აძლევს, მაგრამ იგი მათ სილამაზეს ვერ ამჩნევს და გულგრილად სეირნობს, მაშინ როცა მეორეს ცხენის სიყვარულით ეწვის გული, მაგრამ ფეხით დადის და მხოლოდ იმით კმაყოფილდება, რომ ნერწყვსა ყლაპავს ხოლმე როცა ბედაურს გაატარებენ. მესამეს იშვიათი მზარეული ჰყავს, მაგრამ, სამწუხაროდ ისეთი პატარა პირი აქვს, ორ ლუკმაზე მეტს ვერ ყლაპავს. სხვა კი მთავარი შტაბის თაღების ოდენა პირის პატრონია, მაგრამ ვაი რომ იძულებული ხდება კარტოფილისაგან გაკეთებული გერმანული სადილით დაკმაყოფილდეს. რა უცნაურად გვათამაშებს ბედი!"

მაგრამ ყველაზე უცნაური მაინც ნევის პროსპექტზე მომხდარი ამბები გახლავთ. ოჰ, ნუ ერწმუნებით ამ ნევის პროსპექტს! იქ გავლის დროს მე ყოველთვის მაგრად ვეხვევი ხოლმე საწვიმარში და ვცდილობ სრულიად არ ვუცქირო საგნებს. ყველაფერი სიცრუეა, ყველაფერი მოჩვენებითია! თქვენ გგონიათ, ის საუცხოო სერთუკით მოსეირნე ვაჟბატონი მდიდარია? სრულიადაც არა: მთელი მისი ავლადიდება ამ სერთუკისაგან შედგება. იქნებ წარმოგიდგენიათ, ის ორი ჩასუქებული კაცი, ახლად დაწყებული ეკლესიის წინ რომ შეჩერებულა, მის არქიტექტურაზე მსჯელობს? სრულიადაც არა: ისინი ერთმანეთის პირისპირ უცნაურად ჩამომსხდარ ორ ყვავზე ბაასობენ. იქნებ ფიქრობთ, ხელების ქნევით მოლაპარაკე ენთუზიასტი იმ ამბავს ჰყვება, თუ როგორ ესროლა მისმა ცოლმა ფანჯრიდან პაწია ბურთი სრულიად უცნობ ოფიცერს? არა, ის ლაფაიეტზე მუსაიფობს. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მანდილოსნები... მაგრამ მანდილოსნებს ყველაზე ნაკლებ ერწმუნეთ. მაღაზიის ფანჯრებს ნაკლებად უცქირეთ, იქ გამოფენილი ფუფუნების ნივთები მშვენიერია, მაგრამ საოცრად ბევრი ასიგნაციების სურნელი ასდით. ღმერთმა დაგიფაროთ ქალების ქუდების ქვემოთ შეჭვრეტისაგან! რარიგ არ უნდა ფრიალებდეს შორიდან მშვენიერი ქალის წამოსასხამი, მე არასოდეს არ ავედევნები მას. შორს, ღვთის გულისათვის, შორს ფარნისაგან! სწრაფად, რაც შეიძლება სწრაფად აუქციეთ მას გზა: ეს კიდევ ბედნიერება იქნება, თუ მხოლოდ მყრალი ზეთით გაგითხუპნით დარდიმანდულ სერთუკს. ნევის პროსპექტი მუდამჟამ სტყუის, მაგრამ ყველაზე მეტად სტყუის მაშინ, როცა ღამის წყვდიადი სქელ ჯანღად აწვება სახლების თეთრ და ჩალისფერ კედლებს, როცა ქალაქი გრგვინავს და ელვარებს, ურიცხვი ეტლი მოქრის ხიდებიდან, ხოლო ცხენზე წამოსკუპული ფორეიტორები ხტიან და გაჰკივიან და როცა თვით დემონი ანთებს ლამპებს მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველივე არანამდვილი სახით წარმოგვიდგინოს.
შინელი

დეპარტამენტში... მაგრამ სჯობს არ დავასახელოთ დეპარტამენტი. ყოველგვარ დეპარტამენტზე, პოლკზე, კანცელარიაზე, ერთი სიტყვით, ყოველგვარ თანამდებობდივ წოდებაზე ბრაზიანი რამ არაფერი არსებობს, ახლა უკვე ყოველ კერძო კაცს თავის პიროვნების სახით შეურაცხყოფილად მიაჩნია მთელი საზოგადოება, ამბობენ, რომ სულ ახლახან მიუღიათ, აღარ მახსოვს, რომელიღაც ქალაქის კაპიტან-ისპრავნიკის თხოვნა, რომელშიც იგი გარკვეულად ასწერს რომ იღუპება სახელმწიფო დადგენილებიანი და რომ სულ ამაოდ იხსენიება მისი წმიდათაწმიდა სახელი. ამის დასამტკიცებლად თხოვნისათვის თან დაურთავს უშველებელი ტომი რომელიღაც რომანტიკული თხზულებისა, სადაც თურმე ყოველ ათ გვერდზე ვხვდებით კაპიტან-ისპრავნიკს, ზოგ ადგილას უგონო მთვრალსაც კი. ამრიგად, ერთ დეპარტამენტში მსახურობდა ერთი მოხელე; ვერ ვიტყვით, რომ ეს მოხელე მეტად შესამჩნევი ყოფილიყო; ტანდაბალი, მოჩოფურო, ცოტათი წითურა, ცოტათი მოელმოც, შუბლთან ოდნავ გამელოტებული, ორსავე მხარეს ლოყებდანაოჭებული და ისეთი ფერის სახისა, როგორსაც ბუასილიანი ადამიანის ფერი ეწოდება... რას იზამ! პეტერბურგის ჰავის ბრალია. რაც შეეხება ხარისხს (რადგან ჩვენში უპირველეს ყოვლისა ხარისხი უნდა დაასახელო), მისი ხარისხი ის იყო, რასაც მუდმივი ტიტულიარნი სოვეტნიკი ეწოდება: როგორც ცნობილია, ამ ხარისხის მოხელეების აბუჩად აგდებით და გამასხარავებით საკმაოდ იჯერეს გული სხვადასხვა მწერლებმა, რომელთაც საქებარი ჩვეულება აქვთ დაესიონ იმათ, ვისაც კბენა არ შეუძლია. მოხელის გვარი იყო ბაშმაჩკინი. უკვე თვით გვარი გვიჩვენებს, რომ იგი ოდესღაც ბაშმაკისაგან წარმომდგარა: მაგრამ როდის, რა დროს და როგორ წარმოსდგა ეს გვარი ბაშმაკისაგან, – არავინ არაფერი იცის. მამასაც, პაპასაც, მათ მოყვრებსაც კი, ერთი სიტყვით, ყველა ბაშმაჩკინს ჩექმა ეცვა, მხოლოდ წელიწადში სამჯერ უცვლიდნენ ძირს. სახელად აკაკი აკაკიევიჩი ერქვა. ეს სახელი მკითხველს შესაძლოა ეუცხოოს ან ეჩვენოს, განზრახ გამოუნახესო, მაგრამ შეგვიძლია დავარწმუნოთ, რომ სრულიად არ გამოუნახავთ და თავისთავად შეიქმნა ისეთი გარემოება, სხვა სახელის დარქმევა არასგზით არ შეიძლებოდა. აი, როგორ მოხდა ეს: აკაკი აკაკიევიჩი დაიბადა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ოცდასამი მარტის წინაღამეს. განსვენებული დედამისი, მოხელის ცოლი და ძალიან კარგი ქალი, უკვე მოემზადა იმისათვის, რომ ბავშვი მოენათლა, როგორც წესი და რიგი მოითხოვდა. დედა ჯერ კიდევ ლოგინიდან ამდგარი არ იყო, კარის პირდაპირ იწვა; მარჯვნივ იდგნენ ნათლიმამა – საუცხოო ადამიანი, ივან ივანიჩ ეროშკინი, რომელიც განყოფილების გამგედ მსახურობდა სენატში, და ნათლიდედა, უბნის ზედამხედველი ოფიცრის ცოლი, იშვიათი სათნო ქალი, არინა სემიონოვნა ბელობრიუშკოვა. მელოგინეს მიანდეს სამში ერთი სახელი აერჩია სურვილისამებრ: ან მოკი, ან სოსი, ან კიდევ წამებული ხოზდაზატის სახელი დაერქმია ბავშვისათვის. "არა, – გაიფიქრა განსვენებულმა. – სულ რაღაცნაირი სახელებია". მისი ხათრით სხვა ადგილას გადაშალეს კალენდარი; ისევ სამი სახელი მოიკითხეს: ტრიფილი, დულა და ვარახასი. "ეს რა უბედურებაა, – წაილაპარაკა ქალმა, – სულ რაღაც ისეთი სახელებია, მართალი გითხრათ, არასოდეს არ გამიგონია. ვარადატი ან ვარუხი მაინც რომ იყოს, კიდევ ჰო, თორემ ტრიფილი და ვარახასიო". კიდევ გადაშალეს ერთი ფურცელი და გამოვიდა პავსიკახი და ვახტისი. "ეჰ, – თქვა ქალმა, – ჩანს, ასეთი ბედი ჰქონია. რახან ასეა, სჯობს მამამისის სახელი ეწოდოს. მამას აკაკი ერქვა, შვილსაც აკაკი ერქვას". ამგვარად წარმოიშვა აკაკი აკაკიევიჩი. ბავშვი მონათლეს. მონათვლის დროს ისე ატირდა და დაიმანჭა, თითქოს წინასწარ გრძნობდა, რომ ტიტულიარნი სოვეტნიკი გახდებოდა. აი ასე მოხდა ყოველივე. ჩვენ ეს იმისათვის გავიხსენეთ, რომ მკითხველმა თვითონ დაინახოს ამ ამბის სრული აუცილებლობა. როდის და რა დროს შევიდა იგი დეპარტამენტში, ან ვინ მოაწყო, ეს აღარავის ახსოვდა. რამდენი დირექტორი და სხვადასხვა უფროსი არ გამოიცვალა, იმას მაინც სულ ერთსა და იმავე ადგილზე, იმავე მდგომარეობაში, იმავე თანამდებობაზე ხედავდნენ, იმავე გადამწერ მოხელედ; ასე რომ შემდეგ კიდეც ირწმუნეს, ალბათ ასეც დაბადებულა ამ ქვეყნად, ვიცმუნდირით გამოწყობილი და თავმოტვლეპილიო. დეპარტამენტში მას არავითარ პატივს არა სცემდნენ. დარაჯები არამცთუ ფეხზე არ დგებოდნენ, როცა გაივლიდა, ზედაც არ შეხედავდნენ ხოლმე, თითქოს მისაღებ ოთახში უბრალო ბუზმა გაიფრინაო. უფროსები რაღაც დესპოტური გულცივობით ეპყრობოდნენ. რომელიმე განყოფილების უფროსის თანაშემწე პირდაპურ ცხვირში მიახლიდა ქაღალდებს და არც კი ეტყოდა: "გადასწერეთ", ან კიდევ "აი, საინტერესო, კარგი საქმე", ან რაიმე სასიამოვნოს, როგორც წესიერ სამსახურში იქცევიან. ისიც მხოლოდ აიღებდა ქაღალდს, არც კი შეხედავდა, ვინ მიაჩეჩა და ჰქონდა თუ არა ამის უფლება. აიღებდა ქაღალდს და მაშინვე მოემზადებოდა გადასაწერად ახალგაზრდა მოხელეები დასცინოდნენ, რამდენადაც ჰყოფნიდათ კანცელარიული გონებამახვილობა; აქვე, მისი თანდასწრებით ჰყვებოდნენ მასზე შეთხზულ სხვადასხვა ისტორიებს: ამბობდნენ, სამოცდაათი წლის მოხუცი დიასახლისი სცემსო, ეკითხებოდნენ, როდის იქნება თქვენი ქორწილიო, თავზე ქაღალდის ნაკუწებს აყრიდნენ, და ეუბნებოდნენ, თოვლიაო, მაგრამ ამის პასუხად აკაკი აკაკიევიჩი კრინტსაც არ სძრავდა. თითქოს მის წინ არავინ არ ყოფილიყოს. ეს არც მის მუშაობაზე ახდენდა გავლენას: მთელი ამ აბეზრობის მიუხედავად ერთი შეცდომაც კი არ მოსვლია წერის დროს. მხოლოდ როცა მეტისმეტად აუტანელი იყო ხუმრობა, როცა ხელს აუკრავდნენ და წერას შეუშლიდნენ, მაშინ ეტყოდა ხოლმე: "თავი დამანებეთ, რად მჩაგრავთო". და რაღაც ისეთი უცნაური რამ ისმოდა ამ სიტყვებსა და კილოში, რაღაც ისეთი სიბრალულის აღმძვრელი, რომ სამსახურში ახალშესული ერთი ახალგაზრდა, რომელმაც სხვებს მიჰბაძა და თავს ნება მისცა აბუჩად აეგდო იგი, ერთბაშად გაჩერდა, თითქოს გულში ლახვარი მოხვდაო; მას აქეთ თითქოს ყველაფერი შეიცვალა ამ ახალგაზრდის თვალში, ყველაფერი სხვა სახით ეჩვენა. რაღაცა უძლეველმა ძალამ ჩამოაშორა ამხანაგებს, რომლებიც ადრე ზრდილობიან, მაღალ საზოგადოებაში გამოსულ ადამიანებად მიაჩნდა. ამის შემდეგ დიდხანს, უმხიარულეს წუთებშიც კი, თვალწინ წარმოუდგებოდა ხოლმე შუბლთან გამელოტებული ტანდაბალი მოხელე მისი გულში ჩამწვდომი სიტყვებით: "თავი დამანებეთ, რად მჩაგრავთო", – და ამ გულში ჩამწვდომ სიტყვებში სხვა სიტყვები მოისმოდა: "მე ძმა ვარ შენიო!" ახალგაზრდა კაცი სახეზე ხელს მიიფარებდა ხოლმე. თავის ცხოვრებაში ბევრჯერ შეძრწუნებულა, როცა დაუნახავს, თუ რამდენად ულმობელია ადამიანი, რამდენი ფარული გულშემზარავი უხეშობაა დახვეწილ, განათლებულ დარბაისლობაში და, ღმერთო ჩემო, იმ ადამიანშიც კი, რომელიც კეთილშობილად და პატიოსნად მიაჩნია საზოგადოებას...

ძნელად თუ სადმე მოიძებნებოდა ისეთი ადამიანი, რომ ასე შესისხლხორცებოდა თავის თანამდებობას. როდი კმარა, თუ ვიტყვით, რომ ერთგულად მსახურობდა, – არა, იგი სიყვარულით ასრულებდა საქმეს. ამ გადაწერაში რაღაც მრავალფეროვან და საამურ სამყაროს ხედავდა. მისი სახე სიამეს გამოხატავდა: ზოგიერთი ასო განსაკუთრებით უყვარდა და, თუ შეხვდებოდა, გულით ხარობდა: უცინოდა კიდევაც, თვალსაც ჩაუკრავდა, ტუჩებსაც მიიშველიებდა, ასე რომ თითქოს შეიძლებოდა მის სახეზე ამოგეკითხათ ყოველი ასო, რომელიც კალამს გამოჰყავდა. ბეჯითობის მიხედვით რომ ეძლიათ ჯილდო, მისდა გასაკვირად შესაძლოა სტატსკი სოვეტნიკებიც კი მიეღო; მაგრამ, როგორც მისივე ოხუნჯი ამხანაგები ამბობდნენ, საბოლოოდ მან მიიღო ღილკილოში გასაკეთებელ ჯილდოდ ბალთა, წელს ქვევით კი – ბუასილი. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მის მიმართ არავითარი ყურადღება არ გამოუჩენიათ. ერთმა გულკეთილმა დირექტორმა მოიწადინა დაეფასებინა მისი ხანგრძლივი სამსახური და ბრძანა ჩვეულებრივ გადაწერაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე დაევალებინათ: სახელდობრ, უბრძანეს უკვე გამზადებული საქმიდან შეედგინა რაღაც მიმართვა სხვა სახელმწიფო დაწესებულებისადმი; საჭირო იყო მხოლოდ სათაური შეეცვალა და აქა-იქ ზმნა პირველი პირის ნაცვლად მესამე პირით დაეწერა. ამან ისეთი ჯაფა დაატეხა თავს, რომ მთლად ოფლში გაიწურა, ისრისა შუბლი და ბოლოს თქვა: "არა, სჯობს მომეცით რაიმე გადავწეროო". მას აქეთ სამუდამოდ დატოვეს გადამწერად. ამ გადაწერის გარეშე მისთვის თითქოს არაფერი არ არსებობდა. ტანსაცმელზე სრულიად არ ზრუნავდა: მისი ვიც-მუნდირი მწვანე კი არა, რაღაც მოწითალო-მოყვითალო ფერისა იყო. ვიწრო დაბალი საყელო ჰქონდა, ასე რომ, თუმცა გრძელკისერა არ იყო, საყელოდან ამოწეული კისერი მაინც არაჩვეულებრივად გრძელი უჩანდა, როგორც თაბაშირის კატებს, რომლებიც თავს აქნევენ და რომლებსაც გასაყიდად თავზე შედგმულს დაატარებენ რუსეთში მცხოვრები უცხოელები. ვიცმუნდირზე ყოველთვის რაღაც ჰქონდა მიკრული: ან ჩალა, ან რაიმე ძაფი; თანაც განსაკუთრებით დახელოვნებული იყო იმაში, რომ ქუჩაში სწორედ იმ სარკმლის ქვეშ ჩაევლო, საიდანაც რაიმე ნაგავს ჰყრიდნენ, ამიტომ მუდამ ეყარა ქუდზე საზამთროს ან ნესვის ქერქები თუ სხვა ამის მსგავსი ნაყარნუყარი. თავის სიცოცხლეში ერთხელაც არ მიუქცევია ყურადღება, თუ რა ხდება ყოველდღე ქუჩაში; როგორც ცნობილია, ასეთ რამეს ყოველთვის შეხედავს მისივე მოძმე, ახალგაზრდა მოხელე, რომელიც იმდენად ცნობისმოყვარეა და ისე უჭრის თვალი, ქუჩის გადაღმა ქვაფენილზეც კი შენიშნავს, ვის მოსძვრა შარვლის სამაგრი პაჭანგი, რაც მუდამ ცბიერ ღიმილს იწვევს მის სახეზე. აკაკი აკაკიევიჩი კი, როცა რამეს უყურებდა, ყველაფერში თავის სუფთად დაწერილ, ჩაწიკწიკებულ სტრიქონებს ხედავდა. ხოლო თუ ღმერთმა უწყის საიდან გაჩენილი ცხენის თავი მხარზე დააწვებოდა და დაასუნთქებდა ლოყებზე, მხოლოდ მაშინ შენიშნავდა რომ შუა სტრიქონზე კი არა, უფრო სწორედ, შუა ქუჩაში იყო. შინ რომ მივიდოდა, მაშინვე მაგიდას მიუჯდებობდა და ისე ჰაიჰარად შესვლიპავდა კომბოსტოიან სუპს და შეჭამდა ხახვით შეკაზმულ ხორცის ნაჭერს გემოს ვერც კი შეამჩნევდა. ჭამდა ბუზებიანად თუ ყოველივე იმიანად რასაც ღმერთი ინებებდა იმჟამად. როცა შეატყობდა, რომ მუცელმა ბერვა დაუწყო, ჭამას თავს ანებებდა, პატარა ქილაში ჩასხმულ მელანს აიღებდა და შინ მოტანილი ქაღალდების გადაწერას შეუდგებოდა. თუ გადასაწერი არ ექნებოდა, მაშინ საგანგებოდ, საკუთარი სიამოვნებისათვის გადაიღებდა პირს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ქაღალდი შესანიშნავი იყო ენის სილამაზით კი არა, რომელიმე ახალი ან წარჩინებული პიროვნების მისამართით.

იმ საათებშიც კი, როცა პეტერბურგის მოღუშულ ცაზე სრულიად გაქრებოდა მზის სინათლე, როცა მთელი მოხელეობა გაძღებოდა და ისადილებდა, ვისაც როგორ შეეძლო თავისი ჯამაგირისა და წადილის მიხედვით – როცა უკვე ყველაფერი დაისვენებდა დეპარტამენტის მოსამსახურეთა კალმის წრიპინის, ფაციფუცის, თავისი თუ სხვის მაგიერ მუშაობისა და ყოველივე იმის შემდეგ, რასაც დაუდევარი ადამიანი ნებაყოფლობით კისრულობს იმაზე უფრო მეტადაც, ვიდრე საჭიროა, – როცა მოხელეები მიეშურებოდნენ, რომ სიამოვნებით გაეტარებინათ დანარჩენი დრო. ვინც უფრო მკვირცხლი იყო, თეატრში მიქროდა, ზოგი ქუჩაში მიიჩქაროდა გოგონების დასათვალიერებლად, ზოგი საღამოზე, რომ ამ ხნის განმავლობაში ქათინაურები ეფრქვია მოხელეთა ვიწრო წრის მშვენებად აღიარებული რომელიმე სანდომიანი ქალიშვილის წინაშე, ზოგი, – ეს კი ყველაზე ხშირად ხდება, – უბრალოდ მიდიოდა მეოთხე ან მესამე სართულზე მცხოვრებ თავის ამხანაგთან, რომელსაც მრავალი მსხვერპლის, უსადილოდ დარჩენისა და დროს ტარებაზე ხელის აღების ფასად მოდური ნათურით ან რაიმე სხვა ნივთით მცირეოდენი პრეტენზიით მოწყობილი დერეფნიანი ან სამზარეულოიანი ორი პატარა ოთახი ეჭირა; ერთი სიტყვით, იმ დროსაც კი, როდესაც მოხელეები თავიანთი მეგობრების პატარა ბინებში წავიდ-წამოვიდოდნენ, რომ ვისტი ეთამაშნათ, ჩაი ეხვრიპათ და თან კაპიკიანი ორცხობილა შეეტანებინათ, გრძელი ჩიბუხი ებოლებინათ და სათამაშო ქაღალდის დარიგებისას მოჰყოლოდნენ მაღალ წრეში გაგონილ რაიმე ჭორს, რაზედაც რუსი კაცი ვერასოდეს, ვერავითარ მდგომარეობაში ვერ აიღებს ხელს; ან კიდევ, როცა სიტყვის მასალა გამოლეულია, ისევ გაემეორებინათ ანეგდოტი კომენდანტზე, რომელთანაც იმის შესატყობინებლად მისულან, ფალკონეს ქანდაკების ცხენს კუდი მოაჭრესო, – ერთი სიტყვით, მაშინაც კი, როცა ყველა ცდილობს დრო გაატაროს, აკაკი აკაკიევიჩი არც კი ფიქრობდა გართობაზე. ვერავინ იტყოდა, როდისმე თუ უნახავს იგი რომელიმე საღამოზე. გადაწერით რომ გულს იჯერებდა, დასაძინებლად დაწვებოდა და ღიმილით წინასწარ ოცნებობდა ხვალინდელ დღეზე: ნეტავი განგება სახვალიოდ გადასაწერად რას გამიმზადებსო? ასე მიმდინარეობდა უშფოთველი ცხოვრება იმ ადამიანისა, რომელიც ოთხასმანეთიანი წლიური ჯამაგირით კმაყოფილი იყო თვისი წილხვედრისა. შესაძლოა ასეც მიეღწია ღრმა მოხუცობამდე, თუ რომ არ არსებობდეს მრავალნაირი უბედურება, რითაც არა მარტო ტიტულიარნი სოვეტნიკის, არმედ ტაინი, დეისტვიტელნი, ნადვორნი თუ ყოველგვარი სხვა სოვეტნიკების ცხოვრების გზაც უხვად არის მოფენილი, – იმათიც კი, ვინც არც არავის აძლევს და არც თვითონ იღებს რჩევას ვისგანმე.

პეტერბურგში ბუდობს ყველა იმ ადამიანის საშინელი მტერი, რომელსაც წელიწადში ოთხასი მანეთი ან დაახლოებით ამდენი ჯამაგირი აქვს. ეს მტერია ჩვენებური ჩრდილოეთის ყინვა, თუმცა კი ამბობენ, ყინვა მეტად მარგებელია ჯანმრთელობისათვისო, დილის ცხრა საათისათვის სწორედ იმ დროს, როცა ქუჩები დეპარტამენტში მიმავალი ხალხით ივსება, ყინვა ისე მაგრად იჩხვლიტება და განურჩევლად ყველას ისე უწიწკნის ცხვირს, რომ საცოდავმა მოხელეებმა აღარ იციან, სად დამალონ თავიანთი ცხვირები. ამ დროს, როცა დიდი თანამდებობის პირებსაც კი შუბლი ეთოშებათ და თვალებზე ცრემლი ადგებათ ყინვისაგან, საბრალო ტიტულიარნი სოვეტნიკები ზოგჯერ უმწეონი არიან. ერთადერთი ხსნა იმაში მდგომარეობს, რომ თხელ შინელებში გახვეულებმა რაც შეიძლება სწრაფად გადაირბინონ ხუთი-ექვსი ქუჩა და შემდეგ მეკარის სამყოფელში მანამდე აბაკუნონ ფეხები, სანამ ამ საშუალებით არ დაიბრუნებენ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების უნარსა და ნიჭს, რაიც გზაში გაჰყინვიათ. აკაკი აკაკიევიჩმა ერთი ხანია იგრძნო, რომ ყინვამ განსაკუთრებით მძლავრად დაუწყო წვა ზურგსა და მხარში, თუმცაღა ცდილობდა რაც შეიძლება სწრაფად გადაერბინა კანონით დაწესებული სივრცე. ბოლოს იფიქრა, ჩემს შინელს ხომ არაფერი ცოდვა სჭირსო. როცა შინ კარგად დაათვალიერა შინელი, აღმოჩნდა, რომ ორ-სამ ადგილას, სახელდობრ, ზურგსა და მხრებში, მაუდი იმდენად გაცვეთილიყო, რომ ლანდი გასდიოდა, სარჩულიც დაძენძილიყო. უნდა მოგახსენოთ, რომ აკაკი აკაიევიჩის შინელი მოხელეთა დაცინვის საგნად იყო გადაქცეული: შინელს მისი კეთილშობილი სახელიც კი აჰყარეს და კაპოტი შეარქვეს. მართლაც რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა მისი შინელი: საყელო წლითიწლობით სულ უფრო და უფრო პატარავდებოდა, რადგან სხვა ადგილებში საკერებლის დადებას ხმარდებოდა. ამ საკერებლებით თერძი დიდ ოსტსტობას ვერ დაიკვეხებდა, – შინელი ხალვათად და უშნოდ ადგა. როცა აკაკი აკაკიევიჩმა ნახა, როგორც იყო საქმე, გადაწყვიტა მიეტანა შინელი პეტროვიჩთან, – იმ თერძთან, რომელიც სადღაც უკან კიბით ასავალ მეოთხე სართულზე ცხოვრობდა; ეს თერძი, მიუხედავად იმისა, რომ ცალთვალა იყო და მთელი სახე ნაყვავილარით ჰქონდა დაფარული, საკმაოდ კარგად ახერხებდა მოხელეთა თუ სხვათა შარვლებისა და ფრაკების შეკეთებას, რასაკვირველია, როცა ფხიზელი იყო და სხვა საქმე არაფერი ჰქონდა გუნებაში ნავარაუდევი. რა თქმა უნდა, ამ თერძზე ლაპარაკიც კი არ ეღირებოდა, მაგრამ რახან მიღებულია, რომ მოთხრობაში ყველა პიროვნება სრულად უნდა დაახასიათო, ამიტომ სხვა გზა არ არის, პეტროვიჩიც უნდა წარმოგიდგინოთ. თავდაპირველად მას გრიგორი ეწოდებოდა და ვიღაც მებატონის ყმა იყო; პეტროვიჩი იმის შემდეგ უწოდეს, რაც აზატობის სიგელი მიეცა და საკმაოდ ბლომად დაიწყო გადაკვრა ყველა უქმეზე – ჯერ დიდი დღესასწაულების, ხოლო შემდეგ განურჩევლად ყველა საეკლესიო დღესასწაულის დღეს, რომელსაც კი წინ ჯვარი ესვა კალენდარში. ამ მხრივ პეტროვიჩი ბეჯითად იცავდა მამა-პაპათა ზნე-ჩვეულებას და როცა ცოლს ეჩხუბებოდა, მიწიერ ქალსა და გერმანელ დედაკაცს უწოდებდა. რაკი ცოლი ვახსენეთ, ორიოდე სიტყვა იმაზედაც უნდა ვთქვათ; მაგრამ, საუბედუროდ, ამ ქალზე ცოტა იყო ცნობილი, კერძოდ ის, რომ პეტროვიჩს ცოლი ჰყავდა, რომელიც თავსაბურს იხურავდა და არა მოსახვევს; მაგრამ, მგონია, სილამაზით ვერ დაიკვეხნიდა; ყოველ შემთხვევაში, შეხვედრისას მარტო გვარდიელი ჯარისკაცები თუ შეუჭვრეტდნენ თავსაბურის ქვეშ, ულვაშს აათამაშებდნენ და რაღაც უცნაურ ხმას გამოსცემდნენ.

აკაკი აკაკიევიჩი რომ პეტროვიჩთან ადიოდა კიბეზე, – სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ეს კიბე მთლად მოწუწული იყო ნარეცხი წყლით და გამჯდარი ჰქონდა სპირტის ის სუნი, რომლიც თვალებს სწვავს და, როგორც ცნობილია, პეტერბურგის ყველა სახლის უკანა კიბის განუყრელ კუთვნილებას შეადგენს, – ჰოდა, პეტროვიჩთან რომ ადიოდა, აკაკი აკაკიევიჩი უკვე იმაზე ფიქრობდა, თუ რამდენს მოსთხოვდა პეტროვიჩი, და გუნებაში გადაწყიტა, არ მიეცა ორ მანეთზე მეტი. კარი ღია იყო, რადგან დიასახლისი რაღაც თევზს ამზადებდა სადილად და სამზარეულოში იმდენი კვამლი დაეყენებინა, ტარაკანებიც კი აღარ ჩანდნენ. აკაკი აკაკიევიჩმა სამზარეულო ისე გაიარა, თვით დიასახლისსაც კი არ შეუმჩნევია; ბოლოს ფეხი შედგა ოთახში, სადაც შეუღებავ ხის ფართო მაგიდაზე თურქ ფაშასავით ფეხმოკეცილი იჯდა ფეხშიშველი პეტროვიჩი, როგორც თერძებს სჩვევიათ მუშაობის დროს. პირველ ყოვლისა, აკაკი აკაკიევიჩს თვალში ეცა მისთვის კარგად ცნობილი ცერი, კუს ბაკანივით სქელი და მაგარი დამახინჯებული ფრჩხილით. პეტროვიჩს კისერზე აბრეშუმისა და ძაფის შულო ეკიდა, მუხლზე კი რაღაც ძველმანი ედო. ის უკვე სამიოდე წუთსა ცდილობდა ნემსის ყუნწში ძაფის გაყრას, მაგრამ ვერ ახერხებდა; ამიტომ ძალზე მოსდიოდა გული სიბნელეზეც, ძაფზეც და ხმადაბლა ბურტყუნებდა: "არ ეყრება წყეული! გადამიყოლე, შე შეჩვენებულო, და ესაა!" აკაკი აკაკიევიჩს არ ესიამოვნა, რომ ისეთ დროს მივიდა, როცა პეტროვიჩი ჯავრობდა. მაშინ უყვარდა ხოლმე პეტროვიჩისათვის რისამე შეკვეთა, როცა იგი უკვე რამდენადმე შეზარხოშებული ან, როგორც მისი ცოლი ამბობდა: "არყით გახეთქილი იყო წყეული ცალთვალა". ასეთ მდგომარეობაში პეტროვიჩი ჩვეულებრივ დიდ ხათრს უწევდა და ფასს უკლებდა, მუდამ თავსაც კი უკრავდა და მადლობას უხდიდა. მართალია, მერე ცოლი მოდიოდა და წუწუნებდა, ჩემი ქმარი მთვრალი იყო და ასე იაფად იმიტომ იკისრაო, მაგრამ ერთ უზალთუნს დაუმატებდა და საქმეც გაიჩარხებოდა ხოლმე. ახლა კი პეტროვიჩი, როგორც ეტყობოდა, ფხიზელი იყო და ამიტომ მტკიცე ხასიათზე დახვდა, ისე, რომ ვერ დაიყოლიებდა და, ვინ იცის, რა მამასისხლად დაუფასებდა. აკაკი აკაკიევიჩი მიხვდა ამას და, როგორც იტყვიან, უკან დახევა დააპირა, მაგრამ საქმე უკვე დაწყებული იყო: პეტროვიჩმა თავისი ერთადერთი თვალი მოჭუტა და დაჟინებით მიაშტერა; აკაკი აკაკიევიჩმაც უნებურად წარმოთქვა:

– გამარჯობა, პეტროვიჩ!

– გაგიმარჯოს, ჩემო ბატონო! – უპასუხა პეტროვიჩმა და თვალი გადაავლო აკაკი აკაკიევიჩის ხელებს, რომ დაენახა, თუ რა საკბილო მოუტანა.

– აი, მოვედი, პეტროვიჩ, იმაზე რომა...

უნდა მოგახსენოთ, რომ აკაკი აკაკიევიჩმა აზრის გადმოცემა მეტწილად თანდებულებით, ზმნისართებითა და ბოლოს ისეთი ნაწილაკებითაც იცოდა, რომელთაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ხოლო თუ საქმე მეტად ძნელი იყო, მაშინ ხომ ჩვეულებრივ სრულიად აღარ ამთავრებდა წინადადებებს. ასე რომ ძალიან ხშირად დაუწყია ლაპარაკი სიტყვებით: "მერწმუნეთ, ეს სრულიად ისა...", რის შემდეგ უკვე აღარაფერს იტყოდა, თვითონაც ავიწყდებოდა და ფიქრობდა, უკვე ყველაფერი ვთქვიო.

– რაშია საქმე? – თქვა პეტროვიჩმა და თავისი ერთადერთი თვალი მოავლო მის ვიცმუნდირს საყელოდან დაწყებული ვიდრე სახელოებამდე, ზურგამდე, კალთებამდე და ღილკილოებამდე. ყოველივე ამას ძალიან კარგად სცნობდა, რადგანაც მისი საკუთარი ნამუშევარი იყო. ასეთი ჩვეულება აქვთ თერძებს: შეხვედრისას პირველად ამით იწყებენ ხოლმე.

– აი, პეტროვიჩ, ისა... შინელის მაუდი... აი, ხედავ, სხვა ადგილებში ყველგან ძალიან მაგარია, ცოტათი გამტვრიანდა და ძველი გეგონება, თორემ ისე ახალია... მხოლოდ ერთ ადგილას ოდნავ ისა... ზურგში და კიდევ აი, ცალ მხარში ცოტათი გაცვთა და აი, ამ მხარში ოდნავ – ხედავ? მეტიც არაფერია. სამუშაოც სულ ცოტაა...

პეტროვიჩმა კაპოტი გამოართვა. ჯერ მაგიდაზე გაშალა, დიდხანს სინჯა, თავი გაიქნ-გამოიქნია და ხელით მისწვდა სარკმელზე ბურნუთის მრგვალ კოლოფს, რომელზედაც ვიღაც გენერლის სურათი ეხატა, – არ ვიცი, სახელდობრ რომელი გენერლისა, იმიტომ რომ ის ადგილი, სადაც სახე უნდა ყოფილიყო, თითით იყო გახვრეტილი და შემდეგ ზედ ოთხკუთხედი ქაღალდის ნაგლეჯი ჰქონდა დაწებებული. პეტროვიჩმა ბურნუთი მოსწია, ხელებზე გაშალა კაპოტი, სინათლეზე გახედა და ისევ გაიქნ-გამოიქნია თავი. მერე ისე გადააბრუნა, რომ სარჩული ზემოთ მოექცა, და კვლავ გააქნია თავი; ხელახლა ახადა კოლოფს ქაღალდდაწებებული გენერლის სურათიანი სახურავი, ბურნუთით გამოიტენა ცხვირი, კოლოფი დახურა, შეინახა და ბოლოს თქვა:

– არა, ამის შეკეთება არ შეიძლება, უვარგისი გარდერობია!

აკაკი აკაკიევიჩს ამის გაგონებაზე გული შეუქანდა.

– რატომ არ შეიძლება, პეტროვიჩ? – ისეთი კილოთი შეეკითხა, თითქოს ბავშვი ემუდარებაო. – მარტო მხრებშია გაცვეთილი, სხვა ხომ არაფერია; ხომ გაქვს რამე ნაჭრები...

– ნაჭრებს კი ვიშოვი, ნაჭრები მოიძებნება, – თქვა პეტროვიჩმა, – მაგრამ დაკერება არ შეიძლება: მასალა მთლად დამპალია, ნემსს მიაკარებ თუ არა, მაშინვე დაიძენძება.

– დაიძენძოს რა, შენც აიღე და მაშინვე საკერებელი დაადე.

– მერე რაზე დავადო საკერებელი, როცა დასამაგრებელი ადგილიც აღარ დარჩენილა, ძალიან არის გაცვეთილი. მარტო ის არის, რომ მაუდი ჰქვია, თორემ, ქარმა რომ დაუბეროს, ხელად დაიშლება.

– გეთაყვა, როგორმე დაადე საკერებელი. აბა, როგორ იქნება, ისა!..

– არა, – გადაჭრით უთხრა პეტროვიჩმა, – არაფერი გამოვა, საქმე ძალიან ცუდად არის. უმჯობესი იქნება, როგორც კი ზამთრის ცივი დღეები დადგება, მაგისგან ფეხსახვევები გაიკეთოთ, იმიტომ რომ წინდა არ ათბობს. წინდები გერმანელებმა გამოიგონეს, რომ მეტი ფული ხვეტონ (პეტროვიჩს უყვარდა გერმანელებისათვის კბილის გაკვრა, როცა შემთხვევა მიეცემოდა); შინელი კი, როგორც ხედავთ, ახალი უნდა შეიკეროთ...

სიტყვა "ახალის" გაგონებაზე აკაკი აკაკიევიჩს თვალთ დაუბნელდა; რაც კი რამ იყო ოთახში, ყველაფერი აირ-დაირია მის თვალწინ. ნათლად ხედავდა მხოლოდ პეტროვიჩის ბურნუთოს კოლოფზე დახატულ გენერალს, სახეზე რომ ქაღალდი ეწება.

– როგორ ახალი? – თქვა მან, თითქოს ჯერ ისევ სიზმარშიაო, – საამისო ფული სად გამაჩნია.

– დიახ, ახალი, – ბარბაროსული სიმშვიდით გაიმეორა პეტროვიჩმა.

– მერე, ვთქვათ, ახალი შინელის შეკერვა გახდა საჭირო, მაშინ როგორ იქნება... ისა...

– ესე იგი, რა ეღირება?

– დიახ.

– სამ ხუთთუმნიანზე მეტი უნდა გადასდოთ, – თქვა პეტროვიჩმა და თან ღრმააზროვნად მოკუმა პირი. მეტად უყვარდა ძლიერი ეფექტები, უყვარდა უეცრად ადამიანის რითიმე საგონებელში ჩაგდება და შემდეგ ცერად თვალის დევნება, თუ რანაირად დაემანჭება სახე საგონებელში ჩავარდნილს ასეთი სიტყვების გაგონებაზე.

– ას ორმოცდაათი მანეთი შინელში! – შეჰყვირა საბრალო აკაკი აკაკიევიჩმა. ასე არ უყვირია ალბათ დაბადების შემდეგ, რადგან ყოველთვის წყნარი ხმით გამოირჩეოდა.

– დიახ, ასე გახლავთ, – თქვა პეტროვიჩმა. – მერე რა შინელი იქნება! თუ კვერნის საყელოს გაუკეთებთ და კაპიშონს აბრეშუმის სარჩულს დაუდებთ, მაშინ ორასიც დაჯდება.

– პეტროვიჩ, გეთაყვა, – ემუდარებოდა აკაკი აკაკიევიჩი, რომელსაც არ ესმოდა და არცა ცდილობდა გაეგონა პეტროვიჩის სიტყვები და ყველა მისი ეფექტები, – როგორმე შეაკეთე, რომ კიდევ რამდენიმე ხანს გამყვეს.

– არა, ეგ არ გამოვა: მუშაობაც ფუჭად ჩაივლის და ფულიც ტყუილად დაიხარჯება, – თქვა პეტროვიჩმა. ამ სიტყვების შემდეგ აკაკი აკაკიევიჩი სრულიად იმედდაკარგული გამოვიდა გარეთ. პეტროვიჩი კი, მისი წასვლის შემდეგ, კიდევ დიდხანს იდგა პირმოკუმული, მუშაობას აღარ უბრუნდებოდა და კმაყოფილი იყო, რომ არც სახელი გაიტეხა და არც თერძის ოსტატობას უღალატა.

ქუჩაში რომ გავიდა, აკაკი აკაკიევიჩს თავი სიზმარში ეგონა. "მაშ ასე ყოფილა საქმე, – ამბობდა გულში. – სიმართლე რომ ვთქვა, არ მეგონა, ისა..." მერე, ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინა: – "მაშ ასე ყოფილა საქმე! ჰოდა, აი რა გამოვიდა ბოლოს! მე კი, სიმართლე რომ ვთქვა, სრულიადაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე იქნებოდა საქმე." კვლავ ხანგრძლივ დადუმდა და მერე თქვა: "მაშ, ასეა! აი როგორ არის საქმე, სწორედ სრულიად მოულოდნელია, ისა... ამას ვერაფრით... ასეთი ამბავია!" – და იმის მაგივრად, რომ შინ წასულიყო, თავისდა შეუმჩნევლად სრულიად სხვა მხარეს გაემართა. გზაში ბუხრის მწმენდავმა მხარი მოსდო და გვერდი გაუმურიანა; კარგა დიდი გროვა კირიც გადაეყარა ახლად აღმართულ სახლის კედლიდან; არაფერი არ შეუმჩნევია და მხოლოდ მერე გამოერკვა, როცა ყარაულს დაეჯახა, რომელსაც გვერდით მიეყუდებინა თავისი აფთი და რქიდან თამბაქოს იყრიდა დაკოჟრებულ ხელზე. მაშინაც იმიტომ გამოერკვა, რომ ყარაულმა დაუყვირა: "რა შიგ ცხვირ-პირში მიძვრები? რაო, ტროტუარი აღარ გყოფნის?" ამ გარემოებამ მიაბრუნა და შინისკენ აბრუნებინა პირი. მარტო შინ მოვიდა გონს, ნათლად და სინამდვილით წარმოიდგინა თავისი მდგომარეობა და თავის თავს დაუწყო საუბარი უკვე ნაწყვეტ-ნაწყვეტად კი არა, გონივრულად და გულახდილად, როგორც ჭკვიან მეგობარს, რომელსაც ადამიანი შეიძლება გამოესაუბროს უსაიდუმლოეს და უსაჭიროეს საქმეზე. "არა, არა, – თქვა აკაკი აკაკიევიჩმა, – ახლა პეტროვიჩთან ლაპარაკი არ შეიძლება: ახლა ისა... ჩანს, ცოლმა მიბეგვა. უმჯობესი იქნება კვირა დილით მივიდე: შაბათის შემდეგ გაბრუებული იქნება, თვალის ბლეტას დაიწყებს, ნაბახუსევზე დალევა ენდომება. ცოლი ფულს არ მისცემს, მე კი ამ დროს უზალთუნიანს ჩავუდებ ხელში და დაყოლიებაც უფრო ადვილი იქნება, მაშინ შინელიც ისა..." ასე განსაჯა გულში აკაკი აკაკიევიჩმა, თავი გაიმხნევა. პიველ კვირა დღეს დაელოდა და, როცა შორით თვალი მოჰკრა, რომ თერძის ცოლი სადღაც წავიდა, პირდაპირ პეტროვიჩს მიაშურა. მართლაც, პეტროვიჩს შაბათის შემდეგ ძალიან ებლიტებოდა თვალები, თავს იატაკამდე ჰქინდრავდა, ნამძინარევი ჩანდა. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, როგორც კი გაიგო, რაში იყო საქმე, გამოფხიზლდა, თითქოს ეშმაკმა ხელი წაჰკრაო. "არ შეიძლება, – თქვა მან, – ახალი უნდა შეიკეროთ". სწორედ ამ დროს აკაკი აკაკიევიჩმა ხელში უზალთუნიანი ჩაუდო. "გმადლობთ, ჩემო ბატონო! თქვენს სადრეგრძელოს გადავკრავ და ცოტა ჯანზე მოვალ, – თქვა პეტროვიჩმა. – შინელზე კი ნუღარც იფიქრებთ, აღარაფრად არ გამოდგება. ახალს კი სანაქებოდ შეგიკერავთ, ამაზე შევთანხმდეთ საბოლოოდ!"

აკაკი აკაკიევიჩმა კიდევ სცადა შეკეთებაზე დაეწყო ლაპარაკი, მაგრამ პეტროვიჩმა ბოლომდე არც მოუსმინა და დასძინა: "ახალს კი აუცილებლად შეგიკერავთ, მერწმუნეთ, ძალიან ვეცდები. შეიძლება ისეც შეგიკეროთ, როგორც ახლა მოდად არის შემოღებული: საყელო აპლიკეს დუგმებით შეიკვრება.

აქ კი მიხვდა აკაკი აკაკიევიჩი, რომ ახალი შინელის შეკერვა არ ასცდებოდა, და მთლად სასოწარკვეთილებას მიეცა. მართლაცდა როგორ, რით, რა ფულით შეეკერა? რასაკვირველია, ნაწილობრივ შეიძლებოდა მომავალ დღესასწაულზე დასაჩუქრების იმედი ჰქონოდა, მაგრამ ეს ფული უკვე რა ხანია, განაწილებული იყო წინდაწინ. უნდა შეეძინა ახალი შარვალი, ძველი ვალი მიეცა მეჩექმისათვის, რომელსაც ყელებზე ახალი პირი მიაკერებინა, მკერავი ქალისთვის უნდა შეეკვეთა სამი პერანგი და ორი ცალი სხვა საცვალი, რის დასახელებაც ბეჭდვით სიტყვაში უზრდელობად ჩაითვლება. ერთი სიტყვით, მთელი ფული სრულიად უნდა დახარჯულიყო. დირექტორი თუ იმდენად მოწყალე გამოდგებოდა, რომ ორმოცი მანეთის ნაცვლად ორმოცდახუთი ან ორმოცდაათი მანეთით დაასაჩუქრებდა, მაინც სულ უმნიშვნელო რამ დარჩებოდა, რაც შინელისათვის საჭირო თანხასთან შედარებით წვეთი იქნებოდა ზღვაში. მან, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ პეტროვიჩს ზოგჯერ ხუშტური მოუვლიდა, უზომო ფასს ითხოვდა, ასე რომ ცოლიც კი ვერ შეიკავებდა თავს და შეჰყვირებდა ხოლმე: "რამ გადაგრია, შე სულელო! სხვა დროს თითქმის მუქთად იღებ სამუშაოს, ახლა კი რაღაც ღმერთი გაგწყრომია და ისეთ ფასს მოითხოვ, რომ მაგ ფასად შენ თვითონ არ ღირხარო"; ისიც იცოდა, რომ პეტროვიჩი რვა თუმნადაც იკისრებდა შეკერვას, მაგრამ ეს რვა თუმანი საიდან გაეჩინა? ნახევარი კიდევ შეიძლებოდა ეშოვნა: ნახევარი და შესაძლებელია ცოტა უფრო მეტიც გამოინახებოდა; მეორე ნსხევარი კი სადღა ეშოვნა?.. მაგრამ ჯერ მკითხველმა უნდა გაიგოს, საიდან გაჩნდა პირველი ნახევარი. აკაკი აკაკიევიჩს ჩვეულებად ჰქონდა ყოველ დახარჯულ მანეთზე თითო გროში გადაენახა გასაღებით დაკეტილ ყულაბაში, რომლის სახურავზე პატარა ნახვრეტი იყო ამოჭრილი ფულის ჩასაგდებად. დაგროვებულ სპილენძის ფულს ნახევარ წელიწადში ერთხელ ითვლიდა და ვერცხლის წვრილი ფულით სცვლიდა. ასე სჩადიოდა დიდი ხნიდან. ჰოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული თანხა ორმოც მანეთზე მეტი აღმოჩნდა. ამრიგად, ნახევარი ხელში ჰქონდა; მაგრამ მეორე ნახევარი სადღა ეშოვნა? სად ეშოვნა დანარჩენი ორმოცი მანეთი? აკაკი აკაკიევიჩმა იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა შეემცირებინა ჩვეულებრივი ხარჯები, უკიდურეს შემთხვევაში ერთი წლით მაინც: საღამოობით ჩაი აღარ დაელია, სანთელი აღარ აენთო და, თუ რამე ექნებოდა გასაკეთებელი, დიასახლისის ოთახში შესულიყო და მისი სანთლის შუქზე ემუშავნა; ქუჩაში სიარულის დროს რაც შეიძლება მსუბუქად და ფრთხილად დაედგა ფეხი ქვასა და ფილაქანზე, თითქმის თითის წვერებზე ევლო, რომ მალე არ გაცვეთილიყო ძირები; რაც შეიძლება იშვიათად გაერეცხინებინა მრეცხავისათვის თეთრეული, დიდხანს ხმარებით რომ ჭუჭყი არ ჩაჰკვდომოდა, შინ მისვლისას ყოველთვის გაეხადნა, მარტო ბამბაზიის ხალათი სცმოდა, რომელიც დიდი ხნის წინათ ჰქონდა შეძენილი და ჟამსაც კი დაეზოგნა. სიმართლე უნდა ითქვას, თავდაპირველად გაუჭირდა. ვერ შესჩვეოდა ასეთ შეზღუდვას; მაგრამ შემდეგ როგორღაც მიეჩვია და ყველაფერი რიგზე მიდიოდა; საღამოობით შიმშილსაც კი თითქმის სავსებით შეეჩვია; სამაგიეროდ სულიერად საზრდოობდა, მისი ფიქრი განუწყვეტლივ დასტრიალებდა ახალ შინელს. ამ დროიდან მისი არსებობა თითქოს შინაარსიანი გახდა, თითქოს ცოლი შეირთო, თითქოს ვიღაც სხვა ადამიანი იყო მასთან,თითქოს მარტო კი აღარ იყო, არამედ ვიღაც საამურმა თანამგზავრმა თანხმობა გამოუცხადა ერთად გაევლოთ ცხოვრების გზა. ეს თანამგზავრი კვლავ და კვლავ იგივე შინელი იყო, სქლად დაბამბული, გამძლე სარჩულით, უცვეთელი. როგორღაც გამოცოცხლდა, ხასიათიც კი უფრო მტკიცე გაუხდა, როგორც ისეთ ადამიანს, რომელსაც უკვე გარკვეული და დასახული აქვს თავისი მიზანი. სახეზე და ქცევაში თავისთავად გაუქრა იჭვნეულობა, გაუბედაობა, ერთი სიტყვით, მერყეობის და გაურკვევლობის ყოველგვარი ნიშანი. მის თვალებში ზოგჯერ ნაპერწკალი გაჩნდებოდა, თავში უაღრესად გაბედული და თამამი ფიქრებიც კი გაუელვებდა ხოლმე: მართლაცდა იქნებ კვერნის საყელოც დავუდოო? ამ ფიქრებმა კინაღამ გულმავიწყობამდე არ მიიყვანა. ერთხელ, ქაღალდის გადაწერისას კინაღამ შეცდომაც კი მოუვიდა, ასე რომ თითქმის ხმამაღლა შეჰყვირა: "უჰ!" და პირჯვარი გადაიწერა. თვეში ერთხელ მაინც შეივლიდა პეტროვიჩთან, რომ შინელზე ესაუბრა: სად ემჯობინება იყიდოს მაუდი, რა ფერისა და რა ფასიანი, და თუმცა რამდენადმე შეფიქრიანებული, მაგრამ მუდამ კმაყოფილი ბრუნდებოდა შინ, თანაც ფიქრობდა, ბოლოს ხომ მაინც დადგება დრო, როცა ყოველივე ამას შევიძენ და შინელიც შეკერილი მექნებაო. საქმე იმაზე უფრო სწრაფადაც კი წავიდა, ვიდრე ეგონა. ყოველგვარი მოლოდინის წინააღმდეგ დირექტორმა აკაკი აკაკიევიჩს ორმოცი ან ორმოცდახუთი მანეთი კი არა, მთელი სამოცი მანეთი დაუნიშნა: წინასწარ გრძნობდა, რომ აკაკი აკაკიევიჩს შინელი ესაჭიროებოდა, თუ ეს თავისთავად მოხდა, არავინ იცის, მაგრამ ამის მეოხებით მას ზედმეტი ოცი მანეთი გაუჩნდა. ამ გარემოებამ საქმის მსვლელობა დააჩქარა. კიდევ რაღაც ორი-სამი თვის მცირეოდენი შიმშილი და აკაკი აკაკიევიჩს მართლაც ოთხმოც მანეთამდე დაუგროვდა. საერთოდ მეტად მშვიდი მისი გული ატოკდა. პირველსავე დღეს პეტროვიჩთან ერთად დაიარა მაღაზიები. იყიდეს ძალიან კარგი მაუდი – და არცაა საკვირველი, იმიტომ რომ ამაზე ჯერ კიდევ ნახევარი წლით ადრე დაიწყეს ფიქრი და იშვიათი თვე იყო, რომ მაღაზიებში არ შეევლოთ ფასების გასაგებად; სამაგიეროდ თვით პეტროვიჩმა თქვა, უკეთესი მაუდი არ მოიძებნებაო. სასარჩულედ ყალამქარი აირჩიეს, მაგრამ ისეთი კარგი ხარისხისა და ისეთი მკვრივი, რომ, პეტროვიჩის სიტყვით, აბრეშუმს სჯობდა და შესახედავადაც უფრო ლამაზი და პრიალა იყო. კვერნა არ უყიდნიათ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძვირი იყო; მის ნაცვლად საუკეთესო კატის ტყავი აარჩიეს, როგორიც კი მოიძებნებოდა მაღაზიაში,– ისეთი ტყავი, რომ შორიდან კვერნა გეგონებოდათ. პეტროვიჩმა შინელის შეკერვას სულ ორი კვირა მოანდომა, რადგან ბევრგან იყო დასალიანდაგებელი, თორემ უფრო ადრე იქნებოდა მზად. გასამრჯელო პეტროვიჩმა თორმეტი მანეთი აიღო – ნაკლები არასგზით არ შეიძლებოდა. ყველაფერი აბრეშუმით იყო ნაკერი, ორმაგი გვირისტით, რის შემდეგ პეტროვიჩმა ყველა გვირისტს საკუთარი კბილებით დაუარა და ნაირ-ნაირი ფიგურები გამოიყვანა. ეს იყო... ძნელია იმის თქმა, თუ სახელდობრ რა დღე იყო, მაგრამ ის დღე, როცა პეტროვიჩმა ბოლოს შინელი მოუტანა, ალბათ უდიდესი ზეიმის დღე იყო აკაკი აკაკიევიჩის ცხოვრებაში. პეტროვიჩმა შინელი დილით მოუტანა, სწორედ იმის წინ, როცა აკაკი აკაკიევიჩი დეპარტამენტში უნდა წასულიყო. სწორედ რომ დროზე მოუსწრო შინელმა, იმიტომ რომ უკვე კარგა მაგარი ყინვა იწყებოდა და თითქოს უფრო მეტადაც აპირებდა გაძლიერებას. პეტროვიჩი შინელიანად ისე გამოცხადდა, როგორც კარგ თერძს შეშვენის. მის სახეზე აღბეჭდილი იყო ისეთი მედიდური გამომეტყველება, როგორიც ჯერ არასოდეს არ ენახა აკაკი აკაკიევიჩს. პეტროვიჩი თითქოს მთელი არსებით გრძნობდა, რომ პატარა საქმე როდი გააკეთა, რომ ამ საქმით ცხადყო ის უფსკრული, რაც ჰყოფს სარჩულის დადებაზე და გადაკეთებაზე მომუშავე თერძებს იმ თერძებისაგან, რომლებიც ახალს ჰკერავენ. შინელი გახვეული ჰქონდა გაკეწკეწებულ ხელსახოცში, რომელიც მრეცხავს ის-ის იყო მიეტანა: შინელი რომ ამოიღო, ხელსახოცი დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო სახმარებლად. უდიდესი სიამაყით შეხედა აკაკი აკაკიევიჩს, ორივე ხელით დაუჭირა შინელი და ძალიან მარჯვედ შეუგდო მხრებზე; შემდეგ უკანიდან დაბლა დასწია და დასჭიმა ხელით: მერე აკაკი აკაკიევიჩს ისე წამოასხა, რომ კალთები ოდნავ გადაშლილი ჰქონოდა. აკაკი აკაკიევიჩმა, როგორც ხანში შესულმა ადამიანმა, მოისურვა სახელოებში გაეყარა ხელები; პეტროვიჩი ხელების გაყრაშიც დაეხმარა. აღმოჩნდა, რომ ასეც კარგი იყო. ერთი სიტყვით, შინელი სავსებით კარგად მოერგო. ამასთან პეტროვიჩმა შემთხვევით ისარგებლა და აკაკი აკაკიევიჩს უთხრა: ასე იაფად იმიტომ შეგიკერეთ, რომ პატარა ქუჩაზე ვცხოვრობ, უაბროდ ვმუშაობ, თანაც დიდი ხანია გიცნობ; ნევის პროსპექტზე კი მარტო შესაკერს სამოცდათხუთმეტ მანეთს გადაგახდევინებდნენო. აკაკი აკაკიევიჩს არ სურდა ამაზე საუბარი პეტროვიჩთან, თანაც ეშინოდა ყველა იმ დიდი თანხისა, რითაც პეტროვიჩს ბაქიბუქი უყვარდა. პეტროვიჩს გაუსწორდა, მადლობა გადაუხადა და ახალ შინელში გამოწყობილი გაემართა დეპარტამენტისაკენ. პეტროვიჩი ფეხდაფეხ მიჰყვა, ქუჩაში დადგა, კიდევ დიდხანს უყურა შინელს და შემდეგ განგებ სხვა მხარეს წავიდა, რომ მრუდე შესახვევით მოევლო, კვლავ დახვედროდა ქუჩაზე და ერთხელ კიდევ შეეხედა შინელისათვის სხვა მხრიდან, ე.ი. წინიდან. აკაკი აკაკიევიჩი კი უაღრესად საზეიმო გუნებაზე იყო. ყოველ წუთსა და წამს გრძნობდა, რომ მხრებზე ახალი შინელი აქვს წამოსხმული, რამდენჯერმე კიდევაც ჩაიცინა შინაგანი კმაყოფილებით. მართლაც ორნაირად მოგებული იყო: ერთი იმით, რომ შინელი ათბობდა, მეორე კიდევ იმით, რომ კარგი იყო. გზა სრულიად არ შეუმჩნევია და უცბად გაჩნდა დეპარტამენტში; მეკარის სამყოფელში შინელი მოიხსნა, გარშემო შეათვალიერა და მეკარის განსაკუთრებულ ზედამხედველობას მიანდო. არავინ იცის, რა გზით, მაგრამ დეპარტამენტში უცბად ყველამ გაიგო, აკაკი აკაკიევიჩს ახალი შინელი აქვს და კაპოტი უკვე აღარ არსებობსო. იმ წუთშივე ყველანი მეკარის სამყოფელში გაცვივდნენ, რომ აკაკი აკაკიევიჩის ახალი შინელი ენახათ. დაუწყეს მილოცვა, მისალმება; აკაკი აკაკიევიჩი ჯერ მხოლოდ იღიმებოდა, შემდეგ კი შერცხვა კიდევაც. ხოლო როდესაც ყველანი მიადგნენ და ლაპარაკი დაუწყეს, ახალი შინელი უნდა დაასველო და საღამო მაინც გაგვიმართოო, აკაკი აკაკიევიჩი მთლად დაიბნა, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რა ეპასუხნა და რა მოემიზეზებინა. მთლად გაწითლებულმა მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ საკმაოდ გულუბრყვილოდ დაუწყო დაჯერება, შინელი სულაც არ არის ახალი, ძველიაო. ბოლოს ერთ-ერთმა მოხელემ, რომელიც, ასე გასინჯეთ, რომელიღაც განყოფილების უფროსის თანაშემწეც კი იყო, ალბათ იმისთვის, რომ ეჩვენებინა, სრულიადაც არა ვარ ამაყი და ჩემზე დაბალ მოხელეებსაც კი არა ვთაკილობო, თქვა: "რაც იყოს, იყოს, აკაკი აკაკიევიჩის ნაცვლად მე ვმართავ საღამოს და გთხოვთ დღეს ჩაიზე მეწვიოთ: თითქოს ბედად, დღეს ჩემი დღეობაც არისო". რასაკვირველია მოხელეებმა მაშინვე მიულოცეს განყოფილების უფროსის თანაშემწეს და სიამოვნებით მიიღეს მიპატიჟება. აკაკი აკაკიევიჩმა სცადა უარზე დამდგარიყო, მაგრამ ყველამ უთხრა, თავაზიანი საქციელი ვერ გამოგივა, სირცხვილია, თავის მოჭრა იქნებაო, და უარის თქმა აღარაფრით არ შეიძლებოდა. თუმცა შემდეგ კიდევაც ესიამოვნა, როცა მოაგონდა, რომ ამით შემთხვევა მიეცემოდა საღამოს ჟამს ახალ შინელში გამოწყობილს გაესეირნა. მთელი ეს დღე აკაკი აკაკიევიჩისათვის მართლა უდიდესი ზეიმის დღე იყო. შინ უაღრესად ბედნიერი განწყობილებით დაბრუნდა; შინელი მოიხსნა, ფრთხილად ჩამოჰკიდა კედელზე, ერთხელ კიდევ დატკბა მაუდისა და სარჩულის ცქერით და შემდეგ საგანგებოდ ამოიღო შესადარებლად თავისი სრულიად დაძენძილი კაპოტი. რომ შეხედა, თვითონაც კი გაეცინა: ისეთი დიდი განსხვავება იყო! სადილობის დროს კიდევ დიდხანს იღიმებოდა, როგორც კი მოაგონდებოდა, თუ რა სანახაობას წარმოადგენდა კაპოტი. მხიარულად ისადილა, შემდეგ უკვე არაფერი, არავითარი ქაღალდი აღარ გადაუწერია, ცოტა ხანს განცხრომითაც კი წამოწვა ლოგინზე, სანამ დაბნელდებოდა. ამის შემდეგ აღარ დაუყოვნებია, ჩაიცვა, მხრებზე შინელი წამოიცვა და ქუჩაში გავიდა. სად ცხოვრობდა მასპინძელი მოხელე, სამწუხაროდ ვერ ვიტყვით: მეხსიერება ძალიან გვღალატობს. ყველაფერი, რაც კი რამ არის პეტერბურგში, ყველა ქუჩა და სახლი ისე აირია თავში, რომ ძალიან ძნელია რისამე წესიერად გახსენება. ასეა თუ ისე, ყოველ შემთხვევაში, ნამდვილი ის არის, რომ ეს მოხელე ქალაქის საუკეთესო ნაწილში და, მაშასადამე აკაკი აკაკიევიჩისაგან საკმაოდ შორს ცხოვრობდა. აკაკი აკაკიევიჩს ჯერ რამდენიმე ოდნავ განათებული მიყრუებული ქუჩის გავლა მოუხდა, მერე კი, რაც უფრო უახლოვდებოდა მოხელის ბინას, მით უფრო მეტი სიცოცხლე ემჩნეოდა ქუჩებს, უფრო მეტად ჩანდა მოსახლეობა და ქუჩებიც უფრო განათებული იყო. უფრო ხშირად ხვდებოდა მოსიარულეებს და კოხტად ჩაცმულ ქალებს; კაცებში წავისსაყელოიანებიც ერივნენ: ნაკლებად ჩანდნენ ვანკები, მათი რიკულიანი ოქროსფერთავიანი ლურსმნებით მოოჭვილი ხის მარხილები; პირიქით, სულ უფრო და უფრო ხშირად მიმოქროდნენ დათვის ტყავის მოსახურიანი, კოხტა, გასანდალოზებული მარხილები, რომლებზედაც ჟოლოსფერი ხავერდის ქუდით შემკული მეეტლეები ისხდნენ; სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდებოდა კოხტა კოფოიან კარეტებს, რომელთა თვლებქვეშ ხრაშახრუში გაუდიოდა თოვლს. აკაკი აკაკიევიჩი ისე უყურებდა ყოველივე ამას, თითქოს არასოდეს არ ენახა. უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც ფეხი არ გაედგა ქუჩაში საღამოობით. ცნობისმოყვარეობით შეჩერდა მაღაზიის განათებულ ფანჯრებთან, რომ დაეთვალიერებინა სურათი, რომელზედაც ვიღაც ლამაზი ქალი იყო დახატული; ქალი ფეხსაცმელს იხდიდა და იმგვარად იჯდა, რომ მთლად მოშიშვლებული კოხტა ფეხი უჩანდა. მის ზურგს უკან კი, მეორე ოთახის კარიდან, თავი გამოეყო ვიღაც ქილვაშებიან კაცს, რომელსაც კოხტა პატარა წვერი ჰქონდა. აკაკი აკაკიევიჩმა თავი გააქნია, ჩაიცინა და თავის გზას გაუდგა. რად ჩაიცინა? იმიტომ ხომ არა, რომ ასეთ რამეს შეხვდა, რაც მისთვის სრულიად უცნობი იყო, მაგრამ რის მიმართაც მაინც ყველა ინარჩუნებს რაღაც ალღოს? ან იქნებ ბევრ სხვა მოხელესავით ასე გაიფიქრა: "დიდი ეშმაკი ხალხია ეს ფრანგები! რაღა ლაპარაკი უნდა, თუკი რასმე მოიწადინებენ, ის..." შესაძლოა არც ეს უფიქრია – სულში ხომ ვერ ჩაუძვრები ადამიანს, რომ ყველაფერი გაიგო, რასაც ფიქრობს. ბოლოს მიაღწია იმ სახლს, სადაც განყოფილების უფროსის თანაშემწე ბინადრობდა. განყოფილების უფროსის თანაშემწე ხელგაშლით ცხოვრობდა: კიბეზე ფარანი ენთო, ბინა მეორე სართულზე ჰქონდა. დერეფანში რომ შევიდა, აკაკი აკაკიევიჩმა იატაკზე რამდენიმე რიგად ჩამწკრივებული კალოშების გროვა დაინახა. იქვე, შუაგულ ოთახში, თუხთუხი გაჰქონდა და ორთქლი ბოლქვებად ასდიოდა სამოვარს, კედლებზე შინელები და ლაბადები ეკიდა, რომელთა შორის ზოგიერთს წავის საყელოც კი ჰქონდა შემოკერებული, ან ხავერდის გადაკეცილი საყელო. კედელს იქით ხმაური და ლაპარაკი მოისმოდა; ხმაური უფრო მკაფიო გახდა და გაძლიერდა, როცა კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა ლაქია, რომელსაც ხელში ლანგარი ეჭირა. ლანგარზე დაცლილი ჭიქები, ნაღების ჭურჭელი და კალათზე დაყრილი ორცხობილა ეწყო. ჩანდა, რომ მოხელეებს უკვე დიდი ხანია თავი მოეყარათ და თითო ჭიქა ჩაიც დაელიათ. აკაკი აკაკიევიჩმა თვითონ ჩამოკიდა თავისი შინელი და ოთახში შევიდა. ერთბაშად აუჭრელდა თვალები, როცა სანთლები, მოხელეები, ჩიბუხები და ბანქოს სათამაშო მაგიდები დაინახა, შეაკრთო გაცხოველებულმა ლაპარაკმა, რომელიც ყოველი მხრიდან მოისმოდა, და მიწეულ-მოწეული სკამების რიხინმა. მეტად უხერხულად გაჩერდა შუაგულ ოთახში და ცდილობდა მოესაზრებინა, როგორ მოქცეულიყო, მაგრამ ის უკვე შენიშნეს, ყვირილით შეეგებნენ. ყველანი მაშინვე დერეფანში გაცვივდნენ და ხელახლა დაათვალიერეს მისი შინელი. აკაკი აკაკიევიჩმა თავდაპირველად დაიმორცხვა, მაგრამ რადგან გულწრფელი ადამიანი იყო, არ შეიძლება არ გახარებოდა, ასე რომ უქებდნენ შინელს. მერე, რასაკვირველია, ყველამ მიატოვა ისიც და მისი შინელიც და, როგორც ჩვეულებრივ ხდება, ვისტისათვის განკუთვნილ მაგიდებს მიაშურეს. ყოველივე ეს: ხმაურობა, ლაპარაკი და ამდენი ხალხი აკაკი აკაკიევიჩს როგორღაც ეუცხოვა. პირდაპირ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, საით წაეღო ხელ-ფეხი ან ტანი; ბოლოს ბანქოს მოთამაშეებს მიუჯდა, ქაღალდში უყურებდა, სახეზე აჩერდებოდა ხან ერთს, ხან მეორეს; რამდენიმე ხნის შემდეგ მთქნარება დაიწყო, მოწყენა იგრძნო, მით უმეტეს, რომ უკვე დიდი ხანია დამდგარიყო ის დრო, როცა ჩვეულებისამებრ დასაძინებლად წვებოდა. უნდოდა გამომშვიდობებოდა მასპინძელს, მაგრამ არ გაუშვეს, უთხრეს, ახალი შინელის შეძენის აღსანიშნავად აუცილებლად თითო ჭიქა შამპანური უნდა დაილიოსო. ერთი საათის შემდეგ მოიტანეს ვახშამი – ვინეგრეტი, ცივად მოხარშული ხბოს ხორცი, პაშტეტი, საკონდიტროდან მოტანილი ღვეზელები და შამპანური. აკაკი აკაკიევიჩს ძალით დაალევინეს ორი ჭიქა, რის შემდეგ იგრძნო, რომ ოთახში უფრო მეტი მხიარულება ჩამოვარდა, თუმცა ვერაფრით ვერ დაევიწყნა, რომ უკვე თორმეტი საათი შესრულდა და დიდი ხანია შინ წასვლის დრო იყო. მასპინძელს მისი დაყოვნება რომ არ განეზრახა, ოთახიდან ჩუმად გავიდა დერეფანში და შინელი მოძებნა. მცირე გულისტკივილი როდი იგრძნო, როცა დაინახა, მისი შინელი რომ იატაკზე ეგდო; აიღო შინელი, ჩამობერტყა, ბურტყლი ჩამოაცალა, მხრებზე წამოისხა, კიბეზე დაეშვა და ქუჩაში გავიდა. ქუჩა ჯერ კიდევ განათებული იყო. აქა-იქ ღია ჩანდა მეწვრილმანეთა დუქნები, შინაყმებისა და ყოველნაირი ჯალაბობის ეს მუდმივი კლუბები; ზოგიერთები, თუმცა დაკეტილი იყო, მაინც შუქის გრძელი ზოლი გამოდიოდა კარის ნაპრალის გაყოლებაზე. ეს იმას ნიშნავდა, რომ დუქანში ჯერ კიდევ იყო საზოგადოება. შინაყმა ქალებს ან კაცებს ალბათ ჯერაც არ დაემთავრებინათ მითქმა-მოთქმა, ლაპარაკი და ამით საგონებელში ჩაეგდოთ თავიანთი ბატონები, რომელთაც ვერ გაეგოთ, სად არიან ისინი. აკაკი აკაკიევიჩი მხიარულ გუნებაზე იყო; უცბად, თვითონაც არ იცოდა რისთვის, ვიღაც ქალსაც კი აედევნა, რომელმაც ელვასავით ჩაუქროლა მთელი სხეულის არაჩვეულებრივი რხევით, მაგრამ მაშინვე გაჩერდა და კვლავ ძალიან ნელი ნაბიჯით გაემართა. თვითონვე გაუკვირდა, ეს რამ მომიარაო. მალე მის წინ მიყრუებული ქუჩები გადაიჭიმა, რომლებსაც დღისითაც კი არ ეტყობოდა მხიარულება, არამცთუ ღამით. ახლა ეს ქუჩები კიდევ უფრო მიყრუებული იყო. ფარნებიც უფრო იშვიათად ენთო, ეტყობოდა, საწვავს უკვე ნაკლებად იძლეოდნენ; ერთმანეთს წაეწყო ხის სახლები, ღობეები; ძე-ხორციელი არსად ჩანდა; მარტო თოვლი ბრწყინავდა ქუჩებში, ხოლო დარაბებჩახურული, ჩაძინებული, დაბალი, ჩაშავებული ქოხმახები სევდიანად გამოიყურებოდა. აკაკი აკაკიევიჩი იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ქუჩას უდაბნოს მსგავსი უშველებელი მოედანი სჭრიდა. მოედნის გადაღმა ძლივს მოჩანდა სახლები.

შორს, ღმერთმა უწყის სად, რომელიღაც საყარაულოში, რომელიც თითქოს ცხრა მთას იქით იდგა, შუქი ციმციმებდა. აკაკი აკაკიევიჩის სიმხიარულემ აქ როგორღაც შესამჩნევად იკლო. მოედანზე უნებლიე შიშით შესდგა ფეხი, თითქოს გული რაღაც არასასიამოვნოს უგრძნობსო. გარშემო მიმოიხედა: ირგვლივ თითქოს უკიდეგანო ზღვა იყო. "არა, სჯობს არც კი მივიხედო", – გაიფიქრა. თვალებდახუჭულმა განაგრძო გზა და როდესაც თვალები გაახილა, რომ გაეგო, მალე გავიდოდა თუ არა მოედნის ბოლოში, დაინახა, რომ თითქმის მის ცხვირწინ ვიღაც ულვაშებიანი კაცები იდგნენ. სახელდობრ, ვინ იყვნენ, – ეს უკვე ვეღარ გაარჩია. თვალთ დაუბნელდა და გულმა ბაგაბუგი დაუწყო. "ვა, ეს ხომ ჩემი შინელია!" – დაიგრგვინა ერთმა მათგანმა და ხელი ჩაავლო საყელოში. აკაკი აკაკიევიჩმა ის იყო დააპირა დაყვირება – მიშველეთო, რომ მეორემ ზედ პირთან მიუტანა მოხელის თავისოდენა მუშტი და თან დააყოლა: "აბა ერთი გაბედე დაყვირება!" აკაკი აკაკიევიჩმა მარტო ის იგრძნო, რომ შინელი გახადეს და კუკუ ამოჰკრეს. გულაღმა დაეცა თოვლზე და უკვე აღარაფერი უგრძვნია. რამდენიმე წუთის შემდეგ გონს მოვიდა, ფეხზე წამოდგა, მაგრამ იქ უკვე აღარავინ იყო. გრძნობდა, რომ მინდორში ციოდა და შინელი აღარ ეცვა. ყვირილს მოჰყვა, მაგრამ მისი ხმა არც კი სწვდებოდა მოედნის ბოლოს. სასოწარკვეთილმა ყვირილით გადაირბინა მოედანი და პირდაპირ საყარაულოსთან მიიჭრა, რომლის მახლობლადაც აფთზე დაყრდნობილი ყარაული იდგა და თითქოს ცნობისმოყვარეობით უყურებდა, რა ეშმაკი აყვირებს და მოარბენინებს ამ კაცსო. აკაკი აკაკიევიჩმა, რომელიც სულს ძლივს ითქვამდა, ყვირილი დაუწყო: გძინავს, არაფერს უყურებ და ვერა ხედავ, როგორ ძარცვავენ კაცსაო. ყარაულმა უპასუხა, რომ არაფერი დაუნახავს, ის კი დაინახა, რომ შუაგულ მოედანზე ორმა კაცმა გააჩერა, მაგრამ მისი მეგობრები ეგონა; ჰოდა, იმის ნაცვლად, რომ ტყუილუბრალოდ ილანძღებოდეს, სჯობს დილით ზედამხედველთან წავიდეს, ის იპოვის იმას, ვინც შინელი გახადა. აკაკი აკაკიევიჩი საშინლად აფორიაქებული მივარდა სახლში: მცირეოდენი თმა, რაც ჯერ კიდევ შერჩენოდა საფეთქლებსა და კეფაზე, სრულიად ასწეწოდა; ცალი გვერდი, მკერდი და მთელი შარვალი თოვლში ჰქონდა ამოსვრილი. კარის მოუთმენელ ბრახუნზე ბინის პატრონი, მოხუცი დედაკაცი, სწრაფად წამოხტა ლოგინიდან და ცალ ქოშში ფეხგაყრილი გაიქცა გასაღებად. თან მორცხვად იფარებდა ხელით პერანგს მკერდზე. კარი რომ გააღო და ასეთ მდგომარეობაში დაინახა აკაკი აკაკიევიჩი, უკან დაიხია. ხოლო როცა მან უამბო, რაც მოხდა, ხელი ხელს შემოჰკრა და უთხრა: პირდაპირ ბოქაულთან უნდა წახვიდეთ, თორემ უბნის ზედამხედველი მოგატყუებთ, დაგპირდებათ და ტყუილუბრალოდ გატარებთ; ამიტომაც ისა სჯობს პირდაპირ ბოქაულთან მიხვიდეთ, მე მას ვიცნობ კიდევაც, იმიტომ რომ ანა ჩუხონელი, ქალი, რომელიც წინათ ჩემთან იყო მზარეულად, ახლა გამდელად არის ბოქაულთან, თვითონ მას კი ხშირად ვხედავ, როცა ჩვენს სახლთან გაივლის ხოლმე ეტლით; ყოველკვირა ეკლესიაშიც დადის, ლოცულობს და ამავე დროს ყველას მხიარულად უყურებს. მაშასადამე, ყველაფრით ჩანს, კეთილი კაცი უნდა იყოსო. ასეთი გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ დაღონებული აკაკი აკაკიევიჩი თავის ოთახში შეჩანჩალდა. თუ როგორ გაათენა ღამე, ამის მიხვედრა იმისათვის მიმინდვია, ვისაც რამდენადმე მაინც შეუძლია წარმოიდგინოს სხვისი მდგომარეობა. დილაადრიან ბოქაულთან გაემართა, მაგრამ უთხრეს, ბოქაულს სძინავსო: მივიდა ათ საათზე – კიდევ უთხრეს, სძინავსო, მივიდა თერთმეტ საათზე – უთხრეს, ბოქაული შინ არ არისო; სადილობის დროს მივიდა, მაგრამ დერეფანში მყოფმა გადამწერებმა არაფრის გულისათვის არ შეუშვეს, მოინდომეს იმის გაგება, თუ რა საქმეზე ან რა საჭიროებისათვის იყო მისული და რა შეემთხვა. მაშინ კი აკაკი აკაკიევიჩმა თავის სიცოცხლეში პირველად გადაწყვიტა გამოეჩინა ხასიათის სიმტკიცე და გადაჭრით გამოუცხადა, მსურს პირადად ვნახო ბოქაული, უფლება არა გაქვთ არ შემიშვათ მასთან, დეპარტამენტიდან ვარ მოსული სახელმწიფო საქმეზე. აი, ბოქაულთან რომ გიჩივლებთ, მაშინ ნახავთ თქვენს სეირსო. გადამწერებმა ამის საწინააღმდეგოდ ვერაფრის თქმა ვეღარ გაბედეს და ერთი მათგანი ბოქაულის გამოსაძახებლად წავიდა. ბოქაულს რაღაც მეტისმეტად ეუცნაურა შინელის ამბავი. იმის ნაცვლად, რომ საქმის მთავარი გარემოებისათვის მიექცია ყურადღება, აკაკი აკაკიევიჩს გამოკითხვა დაუწყო: შინ ასე გვიან რად ბრუნდებოდითო? რომელიმე უწესო სახლში ხომ არ შეგივლიათო? ასე რომ აკაკი აკაკიევიჩს მეტისმეტად შერცხვა. ბოქაულის ოთახიდან ისე გამოვიდა, აღარ იცოდა, შინელის საქმე ჯეროვან მსვლელობას მიიღებდა თუ არა: მთელ ამ დღეს დეპარტამენტში არა ყოფილა (ეს ერთადერთი შემთხვევა იყო მის ცხოვრებაში). მეორე დღეს ფერმიხდილი გამოცხადდა თავისი ძველი კაპოტით, რომელიც კიდევ უფრო სავალალო სანახავი გამხდარიყო. შინელის წართმევის ამბავმა, იმის მიუხედავად, რომ გამოჩნდნენ ისეთი მოხელეები, რომელთაც აქაც შემთხვევით ისარგებლეს და აბუჩად აიგდეს აკაკი აკაკიევიჩი, მაინც ბევრი დააღონა. გადაწყვიტეს, იქვე შეეგროვებინათ მისთვის ფული, მაგრამ მეტად უმნიშვნელო თანხა შეგროვდა, რადგანაც მოხელეებს ისედაც დიდი ხარჯი გაეწიათ: ხელი მოეწერათ დირექტორისათვის მისართმევ პორტრეტზე და განყოფილების უფროსის წინადადებით – ერთ რაღაც წიგნზე, რომლის შემთხზველი განყოფილების უფროსის მეგობარი ყოფილა, ამრიგად, თანხა სულ უმნიშვნელო აღმოჩნდა. ვიღაცამ გულშემატკივრობით გადაწყვიტა კეთილი რჩევით მაინც დახმარებოდა აკაკი აკაკიევიჩს, ჰოდა, ურჩია წასულიყო არა უბნის ზედამხედველთან, რადგან უბნის ზედამხედველს რომც რაიმე გზით ეპოვნა შინელი, რათა უფროსის ქება დაემსახურებინა, შინელი მაინც პოლიციაში დარჩებოდა, თუ აკაკი აკაკიევიჩი არ წარადგენდა კანონიერ საბუთს, შინელი მე მეკუთვნისო; ამიტომ ყველაფერს ის აჯობებდა, თუ მიმართავდა ერთ წარჩინებულ პირს, ხოლო წარჩინებული პირი მისწერდა, ვისაც ჯერ არს და უფრო მეტი წარმატებით წააყვანინებდა საქმეს. სხვა გზა არ იყო, აკაკი აკაკიევიჩმაც გადაწყვიტა წასულიყო წარჩინებულ პირთან. სახელდობრ, რა თანამდებობა ეჭირა ამ წარჩინებულ პირს და რაში მდგომარეობდა მისი თანამდებობა, ეს აქამდე გაურკვეველი დაჩა. უნდა მოგახსენოთ, რომ ეს წარჩინებული პირი ახლახან გახდა წარჩინებული პირი, თორემ მანამდე არაწარჩინებული პირი იყო. თუმცა მისი ადგილი სხვა, კიდევ უფრო წარჩინებულებთან შედარებით არც ახლა ითვლებოდა წარჩინებულად. მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ისეთ ადამიანთა წრე, რომელთათვისაც სხვებისთვის უმნიშვნელო დიახაც მნიშვნელოვანია. ესეც კია, რომ წარჩინებული პირი ბევრი სხვა საშუალებით ცდილობდა გაეძლიერებინა თავისი წარჩინებულობა, სახელდობრ წესად შემოიღო, რომ დაბალი მოხელეები კიბეზევე დახვედროდნენ, როცა სამსახურში მივიდოდა; არავის გაებედნა პირდაპირ მასთან შესვლა და ყველაფერი უმკაცრესი წესის მიხედვით წარმოებულიყო: კოლეჟსკი რეგისტრატორს გუბერნსკი სეკრეტარისათვის მოეხსენებინა, გუბერნსკი სეკრეტარს – ტიტულიარნი სოვეტნიკისათვის ან სხვა ვინმესათვის, ვისაც ეკუთვნოდა და ასეთი წესით მისულიყო საქმე მასთან. რას იზამ, ყველაფერი ასეა მოწამლული მიმბაძველობით ჩვენს კურთხეულ რუსეთში, ყველა თავის უფროსს ჰბაძავს და უფროსად მოაქვს თავი. იმასაც კი ამბობენ, რომ ვიღაც ტიტულიარნი სოვეტნიკმა, როცა რომელიღაც პატარა კანცელარიის მმართველად დანიშნეს, მაშინვე გადაიღობა ცალკე ოთახი, "საკრებულოს დარბაზი" უწოდა, კართან წითელსაყელოიანი, სირმებიანი კაპელდინერები დააყენა, რომლებიც კარს უღებდნენ ყველა მიმსვლელს, თუმცა "საკრებულოს დარბაზში" ძლივს დაეტეოდა ჩვეულებრივი საწერი მაგიდა. წარჩინებული პირის ხერხები და ჩვეულებანი დარბაისლური და მედიდური იყო, მაგრამ არც ისე რთული. მისი სისტემის მთავარ საფუძველს სიმკაცრე შეადგენდა. "სიმკაცრე, სიმკაცრე და სიმკაცრე", – ამბობდა ჩვეულებრივ და უკანასკნელი სიტყვისას ერთობ გოროზად შეხედავდა ხოლმე იმას, ვისაც ეუბნებოდა. თუმცა ამისათვის არავითარი მიზეზი არ იყო, იმიტომ რომ ათეული მოხელე, რომლებიც კანცელარიის მთელ სამმართველო მექანიზმს შეადგენდნენ, უიმისოდაც ჯეროვან შიშში ჰყავდა: შორიდანვე რომ თვალს მოჰკრავდნენ, მაშინვე საქმეს თავს ანებებდნენ, გაჭიმული იდგნენ და უცდიდნენ, სანამ უფროსი ოთახებს არ გაივლიდა. დაბალ მოხელეებს მკაცრი კილოთი და თითქმის მხოლოდ სამი წინდადადებით ელაპარაკებოდა: "როგორ ბედავთ? იცით თუ არა, ვის ელაპარაკებით? გესმით თუ არა, ვინ დგას თქვენ წინაშე?" თუმცა გულით კეთილი ადამიანი იყო, ამხანაგებს კარგად, თავაზიანად ექცეოდა, მაგრამ გენერლის ხარისხმა მთლად დააბნია. გენერლის ხარისხი რომ მიიღო, თავგზა აერია და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. თუ თავის ტოლებში მოხვდებოდა, მაშინ კიდევ ადამიანს ჰგავდა, ფრიად წესიერ ადამიანს, ბევრ მხრივ საკმაოდ ჭკვიანსაც. მაგრამ როგორც კი ისეთ საზოგადოებაში მოხვდებოდა, სადაც ხალხი მასზე თუნდაც ერთი ხარისხით დაბლა იდგა, იქ სულ ხელიდან წასული იყო: დუმდა და მისი მდგომარეობა სიბრალულს იწვევდა, რადგანაც თვითონვე გრძნობდა, შეიძლებოდა ბევრად უკეთ გამეტარებინა დროო. ზოგჯერ თვალებში ეტყობოდა, რომ ძალიან უნდოდა ჩარეულიყო რომელიმე საინტერესო საუბრაში ან წრეში, მაგრამ ის აზრი აჩერებდა, მეტისმეტი ხომ არ იქნება ჩემი მხრივ, გაშინეურებულად ხომ არ ჩამთვლიან და ამით წონა ხომ არ დამაკლდებაო? ამიტომ მუდამ დუმილს არჩევდა, მხოლოდ იშვიათად წარმოთქვამდა რაღაც ერთმარცვლიან ბგერებს, რის გამოც ძალზე მოსაწყენი ადამიანის სახელი დაიმსახურა. აი, ასეთ წარჩინებულ პირთან მივიდა ჩვენი აკაკი აკაკიევიჩი, მივიდა თავისთვის მეტად არახელსაყრელ, ერთობ უდროო, მაგრამ წარჩინებული პირისათვის კი მარჯვე დროს. წარჩინებული პირი თავის კაბინეტში იყო და ერთობ მხიარული ლაპარაკი ჰქონდა გაბმული ახლახან ჩამოსულ ერთ ძველ ნაცნობსა და სიყრმის ამხანაგთან, რომელიც რამდენიმე წელი იყო არ ენახა. ამ დროს მოახსენეს, ვიღაც ბაშმაჩკინი მოვიდაო. მოკლედ იკითხა: "ვინ არისო?" უპასუხეს: "ვიღაც მოხელეაო". – "ჰოო! შეუძლია დაიცადოს, ახლა დრო არა მაქვსო!" აქ უნდა ითქვას, რომ წარჩინებულმა კაცმა მტკნარი სიცრუე ბრძანა: დრო ჰქონდა; მას და მის მეგობარს რა ხანია გამოლეოდათ სალაპარაკო მასალა და მეტად ხანგრძლივ დუმილს ურთავდნენ ლაპარაკში, ერთმანეთს ხელს უტყაპუნებდნენ ბარძაყზე და თან დააყოლებდნენ ხოლმე: "ჰოდა ასე, ივან აბრამოვიჩ!" – "ჰოდა ესე, სტეფან ვარლამოვიჩ!" მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ბრძანა, რომ მოხელეს დაეცადნა, რათა ეჩვენებინა მეგობრისათვის, რომელიც დიდი ხანია აღარ მსახურობდა და თავის სოფელში ცხოვრობდა, თუ რამდენ ხანს ელოდებიან ხოლმე მოხელეები დერეფანში. ბოლოს როცა ლაპარაკით, უფრო კი დუმილით საკმაოდ გაძღნენ და მოძრავსაზურგიან, დასასვენებლად მეტად მარჯვე სავარძელში სიგარის წევა გაათავეს, თითქოს უეცრად მოაგონდაო, მოსახსენებელი ქაღალდებით შემოსულ და კართან გაჩერებულ მდივანს მიმართა: "ჰო, მართლა, იქ, მგონი, მოხელე იცდის; უთხარით, რომ შეუძლია შემოვიდეს". წარჩინებულმა პირმა რომ მორჩილებით მდგომი აკაკი აკაკიევიჩი და მისი ჩველი ვიცმუნდირი დაინახა, უცბად მიუბრუნდა და მტკიცე ხმით უთხრა, რაშიც თავის ოთახში განმარტოებული წინასწარ საგანგებოდ ვარჯიშობდა სარკის წინ ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე, სანამ ახლანდელ თავის ადგილზე დანიშნავდნენ და გენერლის ხარისხს მისცემდნენ: "რა გნებავთ?" – აკაკი აკაკიევიჩმა წინასწარვე იგრძნო ჯეროვანი შიში, ცოტა დაიბნა და როგორც შეეძლო, რამდენადაც ენა ემორჩილებოდა, განუმარატა "ისა"-ს მოხშირებული წამატებით, რომ შინელი სრულიად ახალი იყო, ახლა უსინდისოდ გაძარცვეს, და მიმართავს მას, რათა უშუამდგომლოს როგორმე, ბატონ ობერ-პოლიცმეისტერს ან სხვა ვინმეს მისწეროს და მოაძებნინოს შინელი. გენერალს, არავინ იცის, რა მიზეზებით, ასეთი მოქცევა შინაურულად ეჩვენა. "როგორ, მოწყალეო ხელმწიფევ, – შეუყვირა მან მკვახედ, – წესი და რიგი არ იცით? სად შემოხვედით? საქმის მსვლელობის წესი არ იცით? ამაზე ჯერ კანცელარიაში უნდა შეგეტანათ თხოვნა, რომელიც საქმის მწარმოებელს, მერე განყოფილების უფროსს გადაეცემოდა, შემდეგ – მდივანს, ხოლო მდივანი უკვე მე მომახსენებდა..."

– კი, თქვენო აღმატებულებავ, – თქვა აკაკი აკაკიევიჩმა, რომელიც ცდილობდა მოეკრიბა მთელი ის მცირეოდენი მხნეობა, რაც კი მოეპოვებოდა, და ამავე დროს გრძნობდა, რომ მთლად ოფლში იწურებოდა, – მაგრამ მე, თქვენო აღმატებულებავ, იმიტომ გავბედე თქვენი შეწუხება, რომ მდივნები ისა... არასაიმედო ხალხია...

– რაო, რაო, რაო? – შესძახა წარჩინებულმა პირმა. – სად შეითვისეთ ასეთი განწყობილება? სად შეითვისეთ ასეთი აზრები? ეს რა თავხედობა გავრცელდა ახალგაზრდობაში უფროსებისა და მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ! – წარჩინებულმა პირმა, მგონი, ვერ შეამჩნია, რომ აკაკი აკაკიევიჩი უკვე ორმოცდაათ წელს გადასცილებოდა. მაშასადამე, თუკი შეიძლებოდა ახალგაზრდად წოდებულიყო, მარტოოდენ შეფარდებით, ესე იგი იმის მიმართ, ვინც უკვე სამოცდაათი წლისა იყო. – იცით თუ არა, ვის ეუბნებით ამას? გესმით თუ არა, ვინ დგას თქვენ წინ? გესმით თუ არა? გესმით თუ არა? მე თქვენ გეკითხებით.

აქ მან ფეხები დააბრაგუნა და ისე ძლიერ აუწია ხმას, რომ აკაკი აკაკიევიჩს კი არა, სხვასაც შიშის ჟრუანტელი დაუვლიდა. აკაკი აკაკიევიჩს გულს შემოეყარა, წაბარბაცდა, მთელი სხეულით აკანკალდა, მუხლები ჩაეკეცა და, დარაჯები რომ არ მისცვივნოდნენ და ხელი არ შეეშველებინათ, იქვე იატაკზე გაიშხლართებოდა. თითქმის ცოცხალმკვდარი გაიტანეს. წარჩინებულმა პირმა კი, იმით კმაყოფილმა, რომ ეფექტმა მოლოდინსაც გადააჭარბა, და იმ ფიქრით სრულიად დამტკბარმა, რომ მის სიტყვას შეუძლია გრძნობაც დაუკარგოს ადამიანს, ცერად გადახედა მეგობარს, რომ გაეგო, ის როგორ უყურებდა ამას. ჰოდა, სიამოვნებით დაინახა, რომ მისი მეგობარი სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თავის მხრივ თვითონაც უკვე შიშს გრძნობდა.

როგორ ჩავიდა კიბეზე, როგორ გავიდა ქუჩაში, – არაფერი არ ახსოვდა აკაკი აკაკიევიჩს. ხელ-ფეხი წართმეული ჰქონდა. მის სიცოცხლეში არასოდეს ასე ძლიერ არ დაუტუქსავს გენერალს და ისიც უცხოს. პირდაღებული, ტორტმანით მიდიოდა ქუჩაში, სადაც ზუზუნი გაჰქონდა ქარბუქს; პეტერბურგის ჩვეულებისამებრ, ქარი ოთხივე მხრიდან, ყოველი შესახვევიდან უბერავდა. სიცივემ ერთბაშად ყელში წაუჭირა და, შინ რომ მივიდა, ხმის ამოღების არაქათი აღარ ჰქონდა; მთლად დასივდა და ლოგინად ჩავარდა. ასე ძლიერად მოქმედებს ხოლმე ზოგჯერ ჯეროვანი დატუქსვა! მეორე დღეს აკაკი აკაკიევიჩს საშინელი ციებ-ცხელება აღმოაჩნდა. პეტერბურგის ჰავის დიდსულოვანი შემწეობით ავადმყოფობამ უფრო სწრაფი მიმდინარეობა მიიღო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. როცა ექიმი მოვიდა და მაჯა გაუსინჯა, სხვა ვერაფერი იღონა, ცხელი კომპრესი გამოუწერა მხოლოდ იმისათვის, რომ ავადმყოფს მედიცინის კეთილმყოფელი დახმარება არ დაჰკლებოდა; თუმცა იქვე უწინასწარმეტყველა, რომ დღენახევარში, აუცილებლად გათავდებოდა. შემდეგ დიასახლისს მიუბრუნდა და უთხრა: "თქვენ კი, დედი, დროს ტყუილუბრალოდ ნუღარ დაკარგავთ, ახლავე შეუკვეთეთ ფიჭვის კუბო, იმიტომ რომ მუხისას მისი ჯიბე ვერ გასწვდებაო". გაიგონა თუ არა აკაკი აკაკიევიჩმა ეს მისთვის საბედისწერო სიტყვები ან თუ გაიგონა, თავზარი დაეცა და დაენანა თავისი ბედშავი სიცოცხლე, – არავინ იცის, რადგან გამოუნელებელი სიცხე ჰქონდა და ერთთავად ბოდავდა. განუწყვეტლივ ელანდებოდა უცნაური ამბები: ხან პეტროვიჩს ხედავდა და უკვეთავდა ისეთ შინელს, რომ რაღაც მახეები ჰქონოდა ქურდებისათვის, რომლებიც განუწყვეტლივ ეჩვენებოდნენ საწოლქვეშ. წარამარა უძახდა დიასახლისს გამოეყვანა ერთი ქურდი, რომელიც თურმე საბანქვეშაც შესძვრომოდა; ხან ეკითხებოდა, მანდ რად ჰკიდია ჩემი ძველი კაპოტი, როცა ახალი შინელი მაქვსო? ხან მოელანდებოდა, რომ გენერლის წინ დგას, მის ჯეროვან ტუქსვას ისმენს და თან უპასუხებს: დამნაშავე ვარ, თქვენო აღმატებულებავ; ხან კიდევ ისეთი უწმაწური სიტყვებით ილანძღებოდა, რომ მოხუცი დიასახლისი პირჯვარსაც კი იწერდა, რადგან თავის სიცოცხლეში მისგან მსგავსი არაფერი არ გაეგონა, მით უმეტეს, რომ ეს სიტყვები უშუალოდ მოსდევდა სიტყვებს "თქვენო აღმატებულაბავ". შემდეგ ისეთ უაზრობას მოჰყვებოდა, რომ არაფრის გაგება აღარ შეიძლებოდა; ეს კი იყო, რომ არეული სიტყვებიც და აზრებიც ერთთავად შინელს ეხებოდა. ბოლოს საბრალო აკაკი აკაკიევიჩმა სული გალია. არც ოთახი, არც მისი ნივთები არ დაულუქავთ, ვინაიდან მემკვიდრეც არავინ იყო და სამემკვიდრეოც ძალიან ცოტა რამ რჩებოდა, სახელდობრ: ერთი კონა ბატის ფრთის კალამი, ერთი დასტა თეთრი სახელმწიფო ქაღალდი, სამი წყვილი წინდა, ორი-სამი ღილი, რომლებიც შარვალზე ასწყვეტოდა, და მკითხველისათვის უკვე ცნობილი კაპოტი. ვის ერგო ყოველივე ეს, ღმერთმა უწყის. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამით არც კი დაინტერესებულა ამ ამბის მთხრობელი. აკაკი აკაკიევიჩი წაასვენეს და დამარხეს. დარჩა პეტერბურგი უაკაკი აკაკიევიჩოდ, თითქოს არც უცხოვრია აქ როდესმე. გაქრა და გაუჩინარდა არსება, რომელიც არავინ დაიცვა, არავისთვის არ იყო ძვირფასი და არავის არ აინტერესებდა, რომელსაც ბუნების მკვლევარის ყურადღებაც კი არ მიუქცევია, თუმცა იგი შემთხვევას არ გამოტოვებს ქინძისთავზე არ წამოაგოს და მიკროსკოპით არ დაათვალიეროს ჩვეულებრივი ბუზი; გაქრა არსება, რომელიც მორჩილებით იტანდა კანცელარიის მოხელეთა დაცინვას, და სამარეში ჩავიდა თუმცა იქ არავითარი განსაკუთრებული საქმე არა ჰქონდა; არსება, რომელსაც, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ წუთს, მაგრამ მაინც ჩაუქროლა მომხიბლავმა სტუმარმა შინელის სახით და ერთი წუთით გაუნათა ბედშავი ცხოვრება; არსება, რომელსაც შემდეგ ისევე დაუნდობლად დაატყდა თავს უბედურება, როგორც დასტეხიათ მეფეთა და ძლიერთა ამა სოფლისა... მისი სიკვდილიდან რამდენიმე დღის შემდეგ დეპარტამენტიდან ბინაზე დარაჯი გამოგზავნეს, რომელსაც უნდა გადაეცა ბრძანება – დაუყოვნებლივ გამოცხადდი სამსახურში, უფროსი გიბარებსო; მაგრამ დარაჯი გაწბილებული დაბრუნდა და მოახსენა, ვეღარ მოვაო. როცა ჰკითხეს "რატომო?" ასე უპასუხა: "ისე, მომკვდარა. ოთხი დღის წინათ დაუმარხავთო".

ასე შეიტყვეს დეპარტამენტში აკაკი აკაკიევიჩის სიკვდილის ამბავი. მეორე დღესვე მის ადგილზე უკვე სხვა, ბევრად უფრო მაღალი ტანის მოხელე იჯდა, რომელსაც ასოები ისეთი სწორი ხელით კი არ გამოჰყავდა, არამედ ბევრად უფრო დახრილად და ირიბად.

მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ აქ ჯერ კიდევ არ დამთავრდებოდა აკაკი აკაკიევიჩის ამბავი, რომ სიკვდილის შემდეგ ბედად ეწერა კიდევ რამდენიმე დღე ეცოცხლა, ალიაქოთი აეტეხა თითქოს იმის სანაზღაუროდ, რომ მისი სიცოცხლე არავის შეუმჩნევია. მაგრამ ასე კი მოხდა და ჩვენს სამწუხარო ისტორიას მოულოდნელად ფანტასტიკური დასასრული მიეცა. პეტერბურგში უცებ ხმა დავარდა, კალინკას ხიდთან და ბევრად უფრო შორსაც ღამღამობით მიცვალებული გამოდის მოხელის სახით, რომელიც რაღაც წართმეულ შინელს დაეძებს და ამ შინელის საბაბით განურჩევლად ხარისხისა და წოდებისა ყველას ხდის შინელს: კატისა თუ კვერნის საყელოიანს, დაბამბულსა თუ ენოტის, მელიისა და დათვის ქურქებს, – ერთი სიტყვით, ყოველგვარი ბეწვეულისა და ტყავეულისას, რაც კი ადამიანს საკუთარი ტყავის დასაფარავად მოუგონიაო. დეპარტამენტის ერთ-ერთ მოხელეს თავის თვალით უნახავს მიცვალებული და მაშინვე უცვნია აკაკი აკაკიევიჩი; მაგრამ ისე შეშინებულა, რომ თავზარდაცემული გაქცეულა და ამიტომ კარგად ვეღარ გაურჩევია, მხოლოდ დაუნახავს, შორიდან რომ მუქარით დაუქნევია თითი. ყოველი მხრიდან განუწყვეტლივ მოდიოდა საჩივარი, რომ არა მარტო ტიტულიარნი სოვეტნიკების, არამედ თვით ტაინი სოვეტნიკების ზურგსა და ბეჭებს გაციების საფრთხე მოელით ღამღამობით შინელის გაძრობის გამო. პოლიციას განკარგულება მიეცა, რაც უნდა დასჯდომოდა, დაეჭირა მიცვალებული – გინდ ცოცხალი, გინდ მკვდარი – და სასტიკად დაესაჯა სხვათა სამაგალითოდ; ეს საქმე კინაღამ წარმატებითაც კი დააგვირგვინეს. სახელდობრ, რომელიღაც უბნის ყარულმა კირიუშკას შესახვევში მიცვალებულს მიუსწრო და ხელიც ჩაავლო საყელოში, როცა იგი ფრიზის შინელს ჰხდიდა ვიღაც ყოფილ მემუსიკეს, რომელიც ერთ დროს ფლეიტას უკრავდა. ხელი რომ საყელოში ჩასჭიდა, ყარაულმა მერე თავის ორ ამხანაგს დაუძახა და ბოროტმოქმედი მათ ჩააბარა, თვითონ კი მარტო ერთი წუთით დაიღუნა, რომ ჩექმის ყელიდან ბურნუთის კოლოფი ამოეღო. მაგრამ თამბაქო ალბათ ისეთი იყო, მიცვალებულიც ვერ გაუძლებდა. ყარაულმა ვერც კი მოასწრო თითით დაეცო თავისი მარჯვენა ნესტო და ნახევარი მუჭა შეეყნოსა მარცხენაში, რომ მიცვალებულმა ისეთი ძალით დააცემინა ცხვირი, სამთავეს მთლათ დორბლებით ამოუვსო თვალები. სანამ ისინი თვალებს ამოიწმენდნენ, მიცვალებული უკვალოდ გაქრა, ასე რომ აღარც კი იცოდნენ, ნამდვილად ხელში ჰყავდათ თუ არა. მას აქეთ ყარაულებს ისე ეშინოდათ მიცვალებულებისა, რომ ცოცხლების დაჭერასაც კი ვეღარ ბედავდნენ და მხოლოდ შორიდან გასძახებდნენ ხოლმე: "შენ ეი, შენი გზა მონახეო!" მკვდარი მოხელე უკვე კალენკას ხიდს გადმოღმაც კი ჩნდებოდა ხოლმე და შიშის ზარს სცემდა ყველა მშიშარა ადამიანს. მაგრამ ჩვენ სრულიად მივატოვეთ ერთი წარჩინებული პირი, რომელიც სიმართლე რომ ითქვას, უეჭველად მიზეზი გახდა ამ სავსებით ნამდვილი ისტორიის ფანტასტიკური მიმართულებისა. უპირველეს ყოვლისა სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, მეტისმეტად დატუქსული აკაკი აკაკიევიჩის წასვლის შემდეგ მალე რაღაც სინანულის მსგავსი რამ იგრძნო. სიბრალულის გრძნობა მისთვის უცხო არ იყო; მის გულში ბევრ კეთილ გრძნობას შეეძლო დაესადგურებინა იმის მიუხედავად, რომ ხარისხი ძალიან ხშირად უშლიდა ხელს მათ გამომჟღავნებას. ჩამოსული მეგობარი კაბინეტიდან გავიდა თუ არა, წარჩინებულ პირს საბრალო აკაკი აკაკიევიჩი მოაგონდა და კიდევაც ჩაფიქრდა. მას აქეთ თითქმის ყოველდღე წარმოუდგებოდა ხოლმე ფერმიხდილი აკაკი აკაკიევიჩი, რომელმაც ვერ აიტანა თანამდებობრივი დატუქსვა. აკაკი აკაკიევიჩზე ფიქრმა იმდენად შეაწუხა, რომ ერთი კვირის შემდეგ გადაწყვიტა მოხელეც კი გაეგზავნა მასთან და გაეგო, რას აკეთებდა, ან როგორ იყო, ან ხომ არ შეიძლებოდა მართლა რითიმე დახმარებოდა. როდესაც მოახსენეს, აკაკი აკაკიევიჩი უეცრად მოკვდა ციებ-ცხელებითო, ელდაც კი ეცა, სინდისის ქენჯნა იგრძნო და მთელ დღეს ცუდ გუნებაზე იყო. ცოტათი რომ თავი გაერთო და გაეფანტა არასასიამოვნო შტაბეჭდილება, საღამოზე ეწვია ერთ-ერთ თავის მეგობარს, რომელთანაც კარგი საზოგადოება დახვდა; ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ ყველანი თითქმის ერთი და იმავე ხარისხისანი იყვნენ, ასე რომ არაფრით არ იქნებოდა შეზღუდული. ამ გარემოებამ გასაოცრად იმოქმედა მის სულიერ განწყობილებაზე, თავი ლაღად იგრძნო, სასიამოვნო და თავაზიანი მოსაუბრე გახდა, ერთი სიტყვით, ძალიან კარგად გაატარა საღამო. ვახშამზე ორიოდე ჭიქა შამპანური დალია, ეს კი, მოგეხსენებათ, მხიარულებას დიახაც ხელს უწყობს. შამპანურმა სხვადასხვა მოულოდნელი წადილი აღუძრა გონებაში, სახელდობრ: გადაწყვიტა ჯერ შინ კი არ წასულიყო, არამედ შეევლო ერთ ნაცნობ ქალთან, კაროლინა ივანოვნასთან, რომელიც წარმოშობით, მგონია, გერმანელი იყო და რომელთანაც სავსებით მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. უნდა ითქვას, რომ წარჩინებული პირი ახალგაზრდა კაცი აღარ იყო, კარგი ქმარი და დარბაისელი მამა გახლდათ ოჯახისა. ორი ვაჟი, რომელთაგან ერთი უკვე კანცელარიაში მსახურობდა, და თექვსმეტი წლის მოხდენილი ქალიშვილი, რომელსაც ოდნავ აბზეკილი, მაგრამ კოხტა ცხვირი ჰქონდა, ყოველდღე ეახლებოდნენ ხოლმე ხელზე საკოცნელად და თან ეუბნებოდნენ: ბონჯოურ, პაპა. მისი მეუღლე, კარგად შენახული და არც ურიგო სილამაზის ქალი ჯერ თავის ხელზე აკოცნინებდა, შემდეგ ხელს გადაუბრუნებდა და ზედ ჰკოცნიდა. მაგრამ წარჩინებულმა პირმა, რომელიც სავსებით კმაყოფილი იყო შინაური, ოჯახური ალერსით, შეუფერებლად არ სცნო ქალაქის სხვა ნაწილში აეჩინა მეგობარი გულითადი ურთიერთობისათვის. ეს მეგობარი არაფრით არ იყო მის ცოლზე არც უკეთესი და არც ახალგაზრდა; მაგრამ ასეთი უცნაური ამბები ხდება ხოლმე ქვეყანაზე და ჩვენი საქმე არ არის ამაზე მსჯელობა. ამრიგად, წარჩინებულმა პირმა კიბე ჩაიარა, მარხილში ჩაჯდა და მეეტლეს უთხრა: "კაროლინა ივანოვნასთანაო", – თვითონ კი სიამოვნებით გაეხვია თბილ შინელში იმ საამური განწყობილებით, რის უკეთესსაც რუსი კაცისთვის ვერც კი ინატრებ: ისე იგი, როცა შენ თვითონ არაფერზე არ ფიქრობ და ფიქრები კი – ერთიმეორეზე უკეთესი ფიქრები – მისდათავად გიტრიალებს თავში, ისე რომ არც კი გჭირდება მათი ძებნა. სიამოვნების ბურანში გახვეული იგონებდა გატარებული საღამოს ყოველ მხიარულ წუთს, ყოველ სიტყვას, რომლებმაც მეგობართა ვიწრო წრე აცინა; ბევრ მათგანს ხმადაბლა იმეორებდა კიდევაც და რწმუნდებოდა, რომ ისევე სასაცილო იყო, როგორც მაშინ; ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თვითონაც გულიანად იცინოდა. მაგრამ დროდადრო ხელს უშლიდა მძაფრი ქარი, რომელიც, ღმერთმა უწყის, საიდან და რა მიზეზით ამოვარდებოდა ხოლმე უეცრად, ბღუჯა-ბღუჯად აყრიდა თოვლს პირში, სახეს აფხაჭნიდა, აფრასავით გადაუფრიალებდა ან უეცრად არაჩვეულებრივი ძალით წამოაცმევდა თავზე შინელის საყელოს, რის გამოც წარამარა უხდებოდა წვალება საყელოდან ამოსაძრომად. უცბად წარჩინებულმა პირმა იგრძნო, რომ ვიღაცამ ძალიან მაგრად ჩასჭიდა ხელი საყელოში. მოიხედა და დაინახა გაცვეთილმუნდირიანი ტანდაბალი კაცი. თავზარდაცემულმა აკაკი აკაკიევიჩი იცნო. მოხელეს სახე გათეთრებოდა და ნამდვილად მკვდრისას მიუგავდა. მაგრამ წარჩინებული პირის შიში ყოველგვარ საზღვარს გადასცილდა, როცა დაინახა, რომ მიცვალებულმა პირი მოიღრიცა, სამარის საზარელი სუნთქვა შეაფრქვია და ასეთი სიტყვებით მიმართა: "აჰა! ბოლოს და ბოლოს ხომ ჩამივარდი ხელში! ბოლოს და ბოლოს ხომ ჩაგავლე, ისა, ხელი საყელოში! სწორედ შენი შინელი მჭირდება! ჩემსაზე არ იზრუნე და კიდევაც დამტუქსე, – მაშ ახლა შენი მომეცი!" საბრალო წარჩინებულ პირს შიშით რამის გული გაუსკდა. თუმცა კანცელარიაში და საერთოდ უმცროსთა წინაშე ხასიათის დიდ სიმტკიცეს იჩენდა და მისი ვაჟკაცური გარეგნობისა და ტანის დანახვაზე ყველა ამბობდა: "უჰ, რა ხასიათის პატრონიაო!" მან, ბუმბერაზული გარეგნობის ბევრ სხვათა მსგავსად ისეთი შიში იგრძნო, რომ კიდეც შეფიქრიანდა რაიმე შეტევა არ მომივიდესო. სწრაფად მოიხსნა საკუთარი ხელით შინელი და საზარელი ხმით დაუყვირა მეეტლეს: "შინისაკენ! ჩქარა! ჩქარაო!" მეეტლეს რომ ისეთი ხმა მოესმა როგორსაც ჩვეულებრივად გადამწყვეტ წუთებში თუ გაიგონებთ და რასაც თან სდევს ბევრად მოქმედი რამ, ყოველი შემთხვევისათვის თავი მხრებში ჩამალა, შოლტი მოიქნია და ისარივით გაჰქროლა. ექვსიოდე წუთზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ წარჩინებული პირი უკვე თავის სახლის შესასვლელთან გაჩნდა. გაფითრებული, გულგახეთქილი, უშინელო, იმის ნაცვლად, რომ კაროლინა ივანოვნას სწვეოდა, შინ მივიდა, ძლივძლივობით მიჩანჩალდა თავის ოთახამდე და დიდ შფოთში გაატარა მთელი ღამე, ასე რომ მეორე დილას, ჩაიზე ქალიშვილმა პირდაპირ უთხრა: "დღეს ძალიან ცუდ ფერზე ხარ, მამაო". მაგრამ მამა დუმდა და არავისთან კრინტი არ დაუძრავს იმაზე თუ რა დაემართა, სად იყო და სად აპირებდა წასვლას. ამ შემთხვევამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ამის შემდეგ ბევრად უფრო იშვიათად ეუბნებოდა ხოლმე ხელქვეითებს: "როგორა ბედავთ? გესმით თუ არა, ვინ არის თქვენს წინ?" ხოლო თუ ეუბნებოდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოისმენდა, რაში იყო საქმე. მაგრამ კიდევ უფრო შესანიშნავია ის, რომ მას აქეთ აღარსად გამოჩენილა მკვდარი მოხელე; ეტყობა, გენერლის შინელი კარგად მოადგა: ყოველ შემთხვევაში აღარსად ისმოდა ვინმესთვის შინელი გაეძროთ. თუმცა ბევრ გამრჯესა და საქმიან ადამიანს არამც და არამც არ უნდოდა დამშვიდებულიყო: კვლავაც ლაპარაკობდნენ, ქალაქის შორეულ უბნებში კიდევ არაერთხელ გამოჩენილა მკვდარი მოხელეო. მართლაც ერთმა კოლომნელმა ყარაულმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ გამოჩნდა ერთი სახლის უკანიდან მოჩვენება; მაგრამ ეს ყარაული ბუნებით რამდენადმე ძაბუნი იყო, ასე რომ ერთხელ რომელიღაც კერძო სახლიდან გამომხტარმა ჩვეულებრივმა მოზრდილმა გოჭმა წააქცია, რამაც გულიანად ახარხარა გარშემომყოფი მეეტლეები, რომელთაც ასეთი თავხედობის გამო ყარაულმა ნახევარ-ნახევარი კაპიკი დააყაჭინა თამბაქოსათვის. – ჰოდა, რადგან ძაბუნი იყო, ვერ გაბედა გაეჩერებინა და უჩუმრად სდია სიბნელეში მანამდე, სანამ ბოლოს მოჩვენებამ უცბად უკან არ მოიხედა, შეჩერდა და ყარაულს ჰკითხა: "შენ რა გნებავსო?" თან ისეთი მუშტი უჩვენა, როგორიც ცოცხალ ადამიანსაც კი არა აქვს. ყარაულმა უპასუხა: "არაფერიო", და მაშინვე უკან გამოტრიალდა. მაგრამ ეს მოჩვენება ბევრად უფრო მაღალი იყო ტანად, უშველებელი ულვაშები ჰქონდა; როგორც ჩანდა ობუხოვის ხიდისაკენ გაემართა და მალე სრულიად გაქრა ღამის წყვდიადში.
შეშლილის წერილები

ოქტომბრის 3

დღეს არაჩვეულებრივი ამბავი მოხდა. დილას კარგა მოგვიანებით ავდექი, და როცა მავრამ გაწმენდილი ჩექმები შემომიტანა, შევეკითხე, რომელი საათია-მეთქი. შევიტყვე თუ არა, დიდი ხანია უკვე ათი დარეკაო, სასწრაფოდ ჩავიცვი. მართალი გითხრათ, სულაც არ წავიდოდი დეპარტამენტში, რადგან წინასწარვე ვიცი, რა უგემურად დაიღრიჯება ჩვენი განყოფილების უფროსი. კარგა ხანია, მეუბნება: "რა არის, ძმობილო, მუდამ რომ არეული გაქვს ტვინი? ხანდახან დამთხვეულივით დარბიხარ აქეთ-იქით, საქმეს ზოგჯერ ისე აწეწ-დაწეწავ, თვით ეშმაკიც ვერას გაარჩევს, ტიტულს პატარა ასოთი დაწერ, არ დაუსვამ არც რიცხვს, არც ნომერს". წყეული ყანჩა! შურს ალბათ, დირექტორის კაბინეტში რომ ვზივარ და საკალმე ფრთებსა ვთლი მისი აღმატებულებისათვის. ერთი სიტყვით, დეპარტამენტში არ წავიდოდი, მოლარის ნახვის იმედი რომ არა მქონდეს, – იქნებ როგორმე გამოვთხოვო იმ ურიას ცოტაოდენი რამ ჯამაგირის ანგარიშში. ერთი ეგ არის კიდევ კაი სულიერი! ოდესმე რომ წინასწარ ჯამაგირი გასცეს – ღმერთო ჩემო, უწინამც განკითხვის დღე მოვა. ეხვეწე, თუნდ გასკდი, სულიც რომ გხდებოდეს გაჭირვებისაგან – მაინც არ მოგცემს ბებერი ქაჯი, შინ კი საკუთარი მზარეული დედაკაცი სილებით უმასპინძლდება. ეს მთელმა ქვეყანამ იცის. არ მესმის, რა ხელსაყრელია დეპარტამენტში სამსახური? სრულიად არავითარი შემოსავალი არ არის. აი, საგუბერნიო სამმართველოში, სამოქალაქო და სახაზინო პალატებში სულ სხვა საქმეა: იქ გაიხედავ და, მიმჯდარა ვიღაც კუთხეში და წერს ნელ-ნელა თავისთვის. საძაგელი ფრაკი აცვია, სახე ისეთი აქვს, ზედაც არ შეაფურთხებ, მაგრამ დახე შენ იმას, როგორ აგარაკს ქირაობს! ოქროთი მოვარაყებული ფაიფურის ფინჯნის მირთმევით თავს ნურც კი შეიწუხებ! "ესაო, მოგახსენებს, ექიმის საკადრისი საჩუქარიაო"; მას კი წყვილი ბედაური მიჰგვარე, ან მსუბუქი ეტლი, ან სამასმანეთიანი წავის ბეწვი მიართვი.შესახედავად ისეთი წყნარია, ისე თავაზიანად იცის თქმა: "მიბოძეთ დანაო, გავთალო კალამიო", და ამავე დროს ისე გააძრობს ტყავს მთხოვნელს, არაფერს არ დაუტოვებს. ეს კია, რომ ჩვენი სამსახური უფრო კეთილშობილურია. ისეთი სისუფთავეა ყველგან, როგორიც თავის დღეში არ ეღირსება საგუბერნიო სამმართველოს: ყველგან წითელი ხის მაგიდებია და ყველა უფროსი თქვენობით მოგმართავს. დიახ, უნდა გამოვტყდე, სამსახურის ეს კეთილშობილურება რომ არა, დიდი ხანია, თავს დავანებებდი დეპარტამენტს.

ჩავიცვი ძველი შინელი და ქოლგაც თან წავიღე, რადგან კოკისპირული წვიმა მოდიოდა. ქუჩები ცარიელი იყო; მარტოოდენ თავზე კალთაწამოფარებული დედაკაცები, ქოლგიანი რუსი ვაჭრები და შიკრიკები მხვდებოდნენ გზაში. კეთილშობილთაგან მხოლოდ ვიღაც მოხელე მიჩანჩალებდა. მე იგი გზაჯვარედინზე შევნიშნე. დავინახე თუ არა, მაშინვე გავიფიქრე: "ერიჰა, ძვირფასო, შენ დეპარტამენტში როდი მიბრძანდები, შენ აგერ იმას მისდევ, წინ რომ მირბის, იმის პაწია ფეხებს უყურებ". რა ეშმაკი ხალხია ეს მოხელეები! არც ერთ ოფიცერს არ ჩამოუვარდებიან, ღმერთმანი: თვალს მოჰკრავენ თუ არა რომელიმე "შლაპკიანს", მაშინვე აედევნებიან. ამის ფიქრში რომ ვიყავი, მაღაზიასთან, რომლის წინაც მე მივდიოდი, კარეტა გაჩერდა. მაშინვე ვიცანი: ჩვენი დირექტორის კარეტა იყო. "მაგრამ მას რა ესაქმება მაღაზიაში, ეს უთუოდ მისი ქალია-მეთქი", – გავიფიქრე და კედელს ავეკარი. ლაქიამ კარები გამოაღო და ქალიც ჩიტივით გადმოფრინდა კარეტიდან. გაიხედ-გამოიხედა მარჯვნივ და მარცხნივ, გაიელვა მისმა თვალ-წარბმა... ღმერთო ჩემო, დავიღუპე, დავიღუპე და ეგ არის! ან რისთვის გამოდის სახლიდან ამ წვიმიან ამინდში! მოდი და ამტკიცე ამის შემდეგ, ქალები ზიზილ-პიპილებისათვის არა გიჟდებიანო. მან ვერ მიცნო და მე თვითონაც შევეცადე, რაც შეიძლება უფრო მაგრად გავხვეულიყავი ჩემს შინელში, რადგან ჭუჭყიანი და მასთან ძველებური ყაიდისა მეცვა. ახლა ლაბადებს გრძელსაყელოიანებს ატარებენ, მე კი ერთმანეთზე გადადებული მოკლესაყელოიანი მქონდა; მასთან მაუდიც სრულიად დაუნამავი იყო. ქალიშვილის პატარა ძაღლი, მაღაზიის კარებში შეხტომა რომ ვერ მოასწრო, ქუჩაში დარჩა. ვიცი მე ეს ძაღლი, მეჯი ჰქვია. ერთ წუთსაც არ გაუვლია, რომ უეცრად წვრილი ხმა შემომესმა: "გამარჯობა, მეჯი!" ეს რა ამბავია! ვინ ლაპარაკობს? მივიხედ-მოვიხედე და ქოლგით მომავალი ორი მანდილოსანი დავინახე: ერთი მოხუცი, მეორე ახალგაზრდა; მაგრამ მათ უკვე ჩაიარეს, როცა ჩემ ახლოს კვლავ გაისმა: "გრცხვენოდეს მეჯი!" ეს რა ეშმაკებია! დავინახე, რომ მეჯი და ის ძაღლი, რომელიც მანდილოსნებს მისდევდა, ერთმანეთს სუნავდნენ. "ეჰე! – ვუთხარი ჩემს თავს, – მთვრალი ხომ არა ვარ! ასეთი რამ, ვგონებ, იშვიათად მემართება". – "არა, ფიდელ, შენ ტყუილად ფიქრობ, – წარმოთქვა მეჯიმ. მე თვითონ გავიგონე, თუ როგორ წარმოთქვა მან ეს, – მე ვიყავი, აუ, აუ! მე ვიყავი, აუ, აუ, აუ! ძალიან ავად!" ერთი ამას დამიხედეთ! სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგონე, როგორ ადამიანივით ლაპარაკობდა ძაღლი, მაგრამ მერე, როცა ყოველივე კარგად განვსაჯე, მივხვდი, რომ საკვირველი აქ არაფერი იყო. მართლაც ბევრი მომხდარა ქვეყნად ამგვარი რამ მაგალითი. ამბობენ, ინგლისში თევზი ამოცურებულა და ორი სიტყვა უთქვამს ისეთ უცნაურ ენაზე, მეცნიერები უკვე სამი წელია ცდილობენ გამოიკვლიონ, მაგრამ ჯერ კიდევ აქამდე ვერაფერი დაუდგენიათო. მე წავიკითხე აგრეთვე გაზეთში იმ ორი ძროხის ამბავი, რომლებიც დუქანში მივიდნენ და ერთი გირვანქა ჩაი მოითხოვეს. მაგრამ მე უფრო მეტად გავკვირდი, როცა მეჯიმ წარმოთქვა: "მე მოგწერე შენ, ფიდელ; ალბათ პოლკანს არ მოუტანია ჩემი წერილი!" ჯამაგირის მიღებაც ნუ მღირსებია, თუ ჩემს სიცოცხლეში ოდესმე გამეგონოს, ძაღლს რომ წერა შეეძლოს. წესიერი წერა მხოლოდ აზნაურს შეუძლია. მართალია, ზოგიერთ კანტორაში მომსახურე ვაჭრუკანები და ხანდახან ყმებიც კი ჯღაბნიან რაღაცეებს, მაგრამ ისინი უმთავრესად მექანიკურად წერენ: არც მძიმე, არც წერტილი, არც წყობა არ გააჩნიათ.

ამ ამბავმა ნამდვილად გამაკვირვა. უნდა გამოვტყდე, რომ ეს რამდენიმე ხანია ზოგჯერ ისეთ რამეებს ვხედავ და ვისმენ, რაც ჯერ არავის უნახავს და გაუგონია. "მოდი ერთი, გავყვები ამ ძაღლს და შევიტყობ, ვინ არის და რას ფიქრობს-მეთქი", – ვთქვი ჩემთვის, გავხსენი ჩემი ქოლგა და იმ ორ მანდილოსანს გავყევი. გავედით გოროხოვაიაზე, შევუხვიეთ მეშჩანსკაიაზე, იქიდან სტოლიარნაიაზე, ბოლოს კოკუშკინის ხიდთან მივედით და ერთი დიდი სახლის წინ შევჩერდით. "ვიცი მე ეს სახლი, – ვთქვი ჩემთვის, – ზვერკოვის სახლია". რა უზარმაზარი რამაა! რა ჯურის ხალხი არ ცხოვრობს შიგ: რამდენი მზარეული დედაკაცი, რამდენი ჩამოსული ხალხი! მოხელეები ხომ ძაღლებივით ერთმანეთს ასხედან. აქ ერთი მეგობარი კაციცა მყავს, რომელიც კარგად უკრავს ბუკს. მანდილოსნები მეხუთე სართულზე ავიდნენ. "კეთილი, – გავიფიქრე მე, – ახლა არ გავყვები, მაგრამ დავიხსომებ ადგილს და პირველი შესაძლებლობისთანავე უსათუოდ ვისარგებლებ შემთხვევით".

ოქტომბრის 4

დღეს ოთხშაბათია და ამიტომ ჩვენი უფროსის კაბინეტში ვიყავი. განგებ ადრე მივედი, ჩავჯექი და გავთალე ყველა საკალმე ფრთა. დიდი ჭკვიანი კაცი უნდა იყოს ჩვენი დირექტორი. კაბინეტში სულ წიგნებით სავსე კარადები უდგას. წავიკითხე ზოგიერთის სათაური: სულ ისეთი მეცნიერებაა, ჩვენთვის, მოხელე კაცისათვის სრულიად მიუწვდომელი: ყველა წიგნი ან ფრანგულ ან გერმანულ ენაზეა. სახეში შეხედავ ჩვენს დირექტორს და: უჰ, რა მედიდურად იმზირება! ჯერ არასოდეს გამიგონია, ზედმეტი სიტყვა ეთქვას. ქაღალდებს რომ მივუტან ხოლმე, მაშინ თუ შემეკითხება: "როგორი ამინდია გარეთ?" "ნოტიოა, თქვენო აღმატებულებავ-მეთქი!" აბა, სად ჩვენ და სად ის! სახელმწიფო ჭკუის კაცია. ვამჩნევ, მე განსაკუთრებულად ვუყვარვარ. მის ქალიშვილსაც რომ... ეჰ, რა უთხრა წუთისოფლის სიმუხთლეს!.. არაფერი, არაფერი, სუ, ჩუმად!.. წავიკითხე "პჩელკა". რა ტუტუცი ხალხია ეს ფრანგები! აბა, რა უნდათ ნეტა? ავიღებდი, ღმერთმანი, და სუყველას კარგად გავწკეპლავდი! იქვე ამოვიკითხე მეტად სასიამოვნო აღწერილობა ბალისა, კურსკელი მემამულის მიერ დაწერილი. კარგად წერენ ეს კურსკელი მემამულეები. მერე შევნიშნე, უკვე პირველის ნახევარი დაერეკა და "ჩვენი" ჯერ კიდევ თავისი საწოლი ოთახიდან არ გამოსულიყო. ორის ნახევარზე კი ისეთი შემთხვევა მოხდა, რომლის კალმით აღწერა ყოვლად შეუძლებელია. გაიღო კარი, ვიფიქრე, დირექტორია-მეთქი, და წამოვვარდი სკამიდან ქაღალდებით ხელში, მაგრამ ეს თვითონ ის იყო! ღმერთო მაღალო, როგორ იყო ჩაცმული! კაბა ისეთი თეთრი ეცვა, გეგონებოდათ, გედიაო. უჰ, რა საუცხოო! ახლა როგორ შემომხედა – მზე იყო, ღმერთმანი, ნამდვილი მზე: თავი დამიკრა და შემეკითხა: "მამა აქ არ ყოფილაო?" აჰ, აჰ! რა ხმა აქვს! იადონია, ნამდვილად იადონი! "თქვენო აღმატებულებავ, ის იყო დავაპირე მეთქვა, – ნუ ინებებთ ჩემს დასჯას, ხოლო თუკი მაინც თქვენი ნებაა დავისაჯო, დაე, დამსაჯოს გენერლის ქალის პატარა ხელმა". მაგრამ, რაღაც ეშმაკად, ენა ვერ მოვაბრუნე და ეს ვუპასუხე მხოლოდ: "არა-მეთქი". მან ჯერ მე შემომხედა, მერე წიგნებს გადაავლო თვალი და ცხვირსახოცი დაუვარდა. გავქანდი, რაც ძალი და ღონე მქონდა, დამისხლტა ფეხი იმ წყეულ პარკეტზე და კინაღამ ცხვირი გავიტეხე, მაინც თავი შევიკავე და ცხვირსახოცი ავიღე. ღმერთო, რა ცხვირსახოცი! უნაზესი ბატისტისა, სურნელოვანი, ნამდვილი ამბრა! მაშინვე იგრძნობდით, რომ გენერლის პირმშოსი იყო! მან მადლობა გადამიხადა და ოდნავ გაიღიმა, ისე რომ მისი თაფლის ბაგენი თითქმის არ შერხეულა. მერე წავიდა. ერთი საათი კიდევ ვიჯექი იქ. უეცრად შემოვიდა ლაქია და მითხრა: "წადით შინ, აქსენტი ივანოვიჩ, ბატონი უკვე წავიდა სახლიდანაო". ვერ ვიტან ლაქიების საზოგადოებას: გაიშხლართებიან დერეფანში და თავის დაკვრასაც არა კადრულობენ. ეს კიდევ რა არის: ერთხელ ამ ტუტუცთაგანმა მჯდომარემ შემომთავაზა თუთუნი. იცი თუ არა შენ, სულელო ყმავ, რომ მე მოხელე ვარ, კეთილშობილი წარმოშობისა გახლავარ!.. ბოლოს ავიღე ჩემი ქუდი, თვითონ ჩავიცვი შინელი – ეს ვაჟბატონები ხომ არასოდეს არ მოგართმევენ – და წამოვედი. შინ მეტწილად ლოგინზე ვიწექი. მერე გადავიწერე ერთი ძალიან კარგი პატარა ლექსი: "ტურფას ერთ საათს რომ ვერა ვნახავ, ვფიქრობ, წელია, რაც არ მინახავს; მომძულებია რადგან სიცოცხლე, ვამბობ: რადა ღირს ცხოვრება ჩემი". ეს ალბათ პუშკინის ნაწარმოებია. საღამოთი შინელში გავეხვიე და მისი აღმატებულების სახლისაკენ გავეშურე; დიდხანს ველოდი, იქნებ გამოვიდეს მისი ქალიშვილი სადმე კარეტით წასასვლელად და ერთხელ კიდევ შევხედო-მეთქი, მაგრამ არ იქნა, არ გამოვიდა.

ნოემბრის 6

განყოფილების უფროსმა გამაცოფა. დეპარტამენტში რომ მივედი, მიხმო და ასე დამიწყო ლაპარაკი: "მითხარი ერთი, თუ შეიძლებოდეს, რასა სჩადიხარ?" – "როგორ თუ რას? მე არაფერს არ ჩავდივარ-მეთქი". – ვუპასუხე. "აბა, დაფიქრდი კარგად! შენ ხომ ორმოცზე მეტი წლისა ხარ – დროა გონს მოეგო. როგორ წარმოგიდგენია? შენ გგონია, მე ვერ ვამჩნევ შენს ოინებს? შენ ხომ დირექტორის ქლიშვილს დასდევ! აბა შეხედე შენს თავს, დაფიქრდი ერთი, რა ხარ? შენ ხომ არარაობა ხარ და მეტი არაფერი. სულს იქით ხომ არაფერი გაბადია. სარკეში მაინც ჩაიხედე, – რა შენი საქმეა მაგაზე ფიქრი!" დასწყევლოს ღმერთმა, სახე რომ აფთიაქის შუშას მიუგავს, ორიოდე ღერი თმა ზევით აუქოჩრია, რაღაც საცხებელს ისვამს ზედ და თავი მაღლა აუწევია, ამიტომაც ჰგონია, მარტო მე მაქვს ყველაფრის უფლებაო. ვიცი, ვიცი, რატომაც ბრაზობს ჩემზე. შურს ჩემი: შეამჩნია ალბათ ის კეთილგანწყობილება, რომელსაც უპირატესად ჩემდამი იჩენენ. ფეხებზე მკიდია ეგ ვაჟბატონი! ვითომ რა დიდი რამეა ნადვორნი სოვეტნიკობა! გადმოუკიდებია საათზე ოქროს ძეწკვი, ოცდაათმანეთიანი ჩექმები ჩაუცვამს – ეშმაკსაც წაუღია მაგისი თავი! მე ხომ ვიღაც რაზნოჩინეცი არა ვარ მხოლოდ. – ამ ასაკში იწყებენ ნამდვილ სამსახურს. მოიცა, მეგობარო! ჩვენც გავხდებით პოლკოვნიკი და, თუ ღმერთმა ინება, იქნება კიდევ უფრო მეტიც. ჩვენც შევიქმნით სახელს და შეიძლება შენზე უკეთესსაც. საიდან ჩაიდე თავში, რომ შენზე რიგიანი ამ ქვეყნად აღარავინ არის? აბა ერთი ჩამაცვით რუჩესეული ფრაკი, მოდაზე შეკერილი, გამიკეთეთ ისეთივე ჰალსტუხი, როგორიც თქვენა გაქვთ, – მაშინ ჩემი ფეხის მტვრადაც არ ეღირებით. მაგრამ ვაი რომ ხელმოკლე ვარ.

ნოემბრის 8

თეატრში ვიყავი. წარმოადგინეს სულელი რუსი ფილატკა. ბევრი ვიცინე. გვიჩვენეს კიდევ რაღაც ვოდევილი, სასაცილო ლექსები გამოუთქვამთ სასამართლოს მოხელეებზე, განსაკუთრებით ერთ კოლეჟსკი რეგისრატორზე; მეტად თამამადაა დაწერილი, ასე რომ გამიკვირდა კიდეც, როგორ გაუშვა ცენზურამ; ვაჭრებზე ხომ პირდაპირაა ნათქვამი, ხალხს ატყუებენო, მათი შვილები კი ჩხუბისთავები არიან და გააზნაურებას ცდილობენო. ჟურნალისტებზედაც სასაცილო კუპლეტია გამოთქმული: ყველაფრის ძაგება იციანო, და ამიტომ ავტორი საზოგადოებას სთხოვს – დამიცავითო. ძალიან სასაცილო პიესებს წერენ ახლა მწერლები, მიყვარს თეატრში სიარული. როგორც კი ორიოდე გროში გამიჩნდება ჯიბეში – ვერაფრით ვერ მოვითმენ და გავწევ ხოლმე. ამ ჩვენს მოხელეებში კი ისეთი ღორები ურევია, არასგზით არ წავლენ მუტრუკები თეატრში. იქნებ მაშინ წავიდნენ, თუ უფასო ბოლეთი მისცა ვინმემ. ძალიან კარგად მღეროდა ერთი მსახიობი ქალი. მე მომაგონდა ის... ეჰ, ჯანდაბას!.. არაფერი, არაფერი... სუ, ჩუმად.

ნოემბრის 9

რვა საათზე დეპარტამენტში წავედი. განყოფილების უფროსმა ისე დაიჭირა თავი, თითქოს ჩემი მისვლა ვერ შეამჩნია. მეც ჩემი მხრივ ისეთი სახე ვუჩვენე, ვითომც ჩვენ შორის არაფერი არ მომხდარიყოს. გადავსინჯე და შევადარე ქაღალდები. დეპარტამენტიდან ოთხ საათზე გამოვედი. დირექტორის სახლს ჩავუარე, მაგრამ ვერავინ დავინახე. ნასადილევს მეტწილად ლოგინზე ვიყავი წამოწოლილი.

ნოემბრის 11

დღეს ჩვენი დირექტორის კაბინეტში ვიჯექი, გავთალე მისთვის ოცდასამი საკალმე ფრთა, მისი ქალიშვილისათვის კი, აჰ, აჰ!.. მისთვის ოთხი საკალმე ფრთა. მის აღმატებულებას ძალიან უყვარს, როცა კალმები ბლომად ულაგია. უჰ! რა ჭკუის პატრონია! ერთთავად სდუმს. თავში კი, მე მგონია, სულ დიდი აზრები უტრიალებს. ნეტავი გამაგებინა, რაზე ფიქრობს უფრო მეტად, რა აზრები მოსდის თავში. როგორ მინდა ერთი ახლო დამანახა მაგ ბატონების ცხოვრება, მათი ფართიფურთი და სხვა რამერუმეები. როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ თავიანთ წრეში – აი რისი გაგება მსურს! რამდენჯერმე დავაპირე ლაპარაკი ჩამომეგდო მის აღმატებულებასთან, მაგრამ, დასწყევლის ღმერთი, როგორღაც ენა ვერ დავიმორჩილე. ვეტყვი მხოლოდ, ცივა თუ თბილა გარეთ და მეტს ვეღარაფერს წარმოვთქვამ ხოლმე. როგორ მინდა შევიხედო იმ სასტუმრო ოთახში, რომლის კარიც მხოლოდ ხანდახან არის გაღებული, და სასტუმრო ოთახის შემდეგ კიდევ ერთ ოთახში. ეჰ! რა მდიდრული მორთულობაა! რა სარკეები, რა ფაიფური! ნეტავი ერთი იქ შემახედა, იმ მხარეს, სადაც მისი აღმატებულების ქალიშვილი ცხოვრობს, – აი სად მინდა შევიხედო! მე მინდა შევიხედო მის ბუდუარში, რომ ვნახო, როგორ დგას იქ პატარა შუშები და ქილები, როგორი ყვავილებია იქ, – მათი გაკარებაც კი შეაკრთობდა კაცს, როგორ დევს სავარძელზე გადაფენილი მისი კაბა, რომელიც ჰაერს უფრო ჰგავს, ვიდრე კაბას. ნეტა ერთი მის საწოლ ოთახშიაც შემახედა... იქ კი ალბათ საკვირველებაა ნამდვილი, იქ კი ალბათ სამოთხეა ისეთი, როგორიც ზეცაშიაც კი არ იქნება. ნეტა მანახა ის პატარა სკამი, რომელზედაც საწოლიდან წამოდგომის დროს დააწყობს ხოლმე თავის ფეხებს, ნეტა მანახა, როგორ წამოიცვამს იმ პაწია ფეხებზე თოვლივით თეთრ წინდას... აჰ! აჰ! არაფერი, არაფერი... სუ, ჩუმად.

დღეს თითქოს გონება გამინათდაო: უეცრად მომაგონდა იმ ორი პატარა ძაღლის ლაპარაკი, ნევის პროსპექტზე რომ გავიგონე. " კეთილი, – ვიფიქრე ჩემს გულში,– ახლა კი შევიტყობ ყველაფერს. ოღონდ ხელთ ვიგდო წერილები, რომლებსაც ეს ორი საძაგელი ძაღლი ერთმანეთს უგზავნიდა. იქიდან ნამდვილად გავიგებ რამეს". უნდა გამოვტყდე, ერთხელ კიდევაც დავუძახე მეჯის და ვუთხარი: " გამიგონე, მეჯი, ჩვენ ახლა მარტონი ვართ, თუ გინდა, კარსაც დავხურავ, რომ არავინ დაგვინახოს. მიამბე ყველაფერი, რაც კი იცი შენი ქალბატონისა: როგორაა და რასა შვრება? შემოგფიცავ, რომ არავის გავუმხელ". მაგრამ იმ ეშმაკმა ძაღლმა კუდი ამოიძუა, მოიკუნტა და ისე ჩუმად გაძვრა კარში, თითქოს არაფერი გაუგონია. დიდი ხანია ვფიქრობდი, რომ ძაღლი ბევრად უფრო ჭკვიანია ადამიანზე; დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ მას ლაპარაკი შეუძლია, ოღონდ ერთგვარი სიჯიუტე ახასიათებს. ის დიდი პოლიტიკოსია: ყველაფერს ამჩნევს, იცის ადამიანის ყოველი ნაბიჯი. არა, რადაც უნდა დამიჯდეს, ხვალვე წავალ ზვერკოვის სახლში, დავკითხავ ფიდელს და, თუ მოვახერხე, ჩავიგდებ ხელში ყველა წერილს, რომელიც კი მისთვის მეჯის მიუწერია.

ნაშუადღევის ორ საათზე გავემგზავრე იმ განზრახვით, რომ აუცილებლად მენახა ფიდელი და დამეკითხა იგი, ვერ ვიტან კომბოსტოს, რომლის სუნიც მცემს მეშჩანსკაიაზე მდებარე ყველა საწვრილმანო სავაჭროდან; ამასთანავე ყველა სახლის ჭიშკრიდან ისეთი ჯოჯოხეთური სიმყრალე გამოდის, რომ ცხვირზე ხელმოჭერილი გავრბოდი რაც ძალი და ღონე მქონდა. ეს საზიზღარი ხელოსნები კიდევ თავიანთი სახელოსნოებიდან იმდენ ჭვარტლსა და ბოლს უშვებენ, რომ კეთილშობილი კაცისათვის ყოვლად შეუძლებელია იქ სეირნობა. როცა მეექვსე სართულზე ავედი და ზანზალაკი დავაწკარუნე, გამოვიდა საკმაოდ მოხდენილი გოგონა, რომელსაც წვრილი ჭორფლი ჰქონდა სახეზე. ვიცანი: ის გოგონა იყო, რომელიც მოხუც ქალს ახლდა. გოგონა ცოტა გაწითლდა,. მე მაშინვე მივხვდი: შენ, ჩემო მტრედო, გათხოვება გინდა-მეთქი. "რა გნებავთ?"– შემეკითხა გოგონა. "თქვენს ძაღლს უნდა მოველაპარაკო-მეთქი", ვუპასუხე. გოგონა სულელი გამოდგა! მაშინვე მივხვდი რომ სულელი იყო. ამ დროს ძაღლმა მოირბინა ყეფით; მინდოდა დამეჭირა, მაგრამ იმ საძაგელმა კინაღამ ცხვირში ჩამასო კბილები. იქვე დავინახე კუთხეში მიდგმული მისი ხოკერა. აი, სწორედ ეს მჭირდება-მეთქი! მივედი, გადავქექე ყუთში ჩალა და ჩემდა სასიამოვნოდ ამოვაძვრინე იქიდან მომცრო დასტა პატარ-პატარა ქაღალდებისა. ეს რომ დაინახა, იმ საძაგელმა ძაღლმა ჯერ კანჭში მიკბინა, ხოლო ალღო რომ აიღო, ქაღალდები მიაქვსო, წკმუტუნი და ლაქუცი დაიწყო; მაგრამ მე ვუთხარი: "არა, ძვირფასო, მშვიდობით-მეთქი", და გამოვიქეცი. მგონია, გოგონას გიჟი ვეგონე, რადგან ძალიან შეეშინდა. შინ რომ დავბრუნდი, მაშინვე მინდოდა ჩავჯდომოდი სამუშაოს და გადამესინჯა წერილები, ვინაიდან სანთლის შუქზე ცუდადა ვხედავ. მაგრამ მავრამ იატაკის რეცხვა დაიწყო. ამ სულელმა ჩუხონელმა დედაკაცებმა უდროო დროს იციან დასუფთავება. ამიტომ ქუჩაში გავისეირნე და თან ამ შემთხვევაზე ვფიქრობდი. ახლა კი შევიძლებ ბოლოს და ბოლოს გავიგო ყოველი საქმენი, ზრახვანი, მათი ფარული მოსაზრებანი და საბოლოოდ მივაკვლიო ყველაფერს. ეს წერილები ყველაფერს ამიხსნიან. ძაღლები ჭკვიანი ხალხია, მათ იციან ყოველგვარი პოლიტიკა და ამიტომ იქ იქნება სუყველაფერი ჩვენის შესახებ: პორტრეტიც და საქმენიც იმ ადამიანისა. იქ იქნება ზოგი რამ იმაზედაც, რომელიც... არაფერი, სუ, ჩუმად! საღამოთი დავბრუნდი შინ. მეტწილად ლოგინზე ვიყავი წამოწოლილი.

ნოემბრის 13

აბა, ერთი ვნახოთ: წერილი საკმაოდ გარკვევითაა დაწერილი, მაგრამ ხელს მაინც ემჩნევა რაღაც ძაღლური. წავიკითხოთ:

ჩემო კარგო ფიდელ! ვერა და ვერ შევეჩვიე შენს მეშჩანურ სახელს, ნუთუ არ შეეძლოთ შენთვის უკეთესი სახელი დაერქმიათ? ფიდელი, როზა – რა უხამსი რამაა! მაგრამ ეს ყველაფერი განზე გადავდოთ. მე დიდად მოხარული ვარ, რომ გადავწყვიტეთ ერთმანეთს წერილები ვწეროთ.

წერილში სავსებით დაცულია მართლწერა, პუნქტუაცია და ასო "ъ"-იც კი თავის ადგილზეა. ასე ჩვენი განყოფილების უფროსიც ვერ დაწერს, თუმცა გაიძახის, სადღაც უნივერსიტეტში მისწავლიაო. ვნახოთ შემდეგ:

მე მგონია, რომ აზრთა, გრძნობათა და შთაბეჭდილებათა მეორე არსებისათვის გაზიარება ერთ-ერთი პირველი ბედნიერებაა ამ ქვეყნად.

ჰმ! აზრი ამოღებულია რომელიღაც ნათარგმნი გერმანული თხზულებიდან. სათაური ვერ მომიგონებია.

მე ამას ჩემი გამოცდილებით ვლაპარაკობ, თუმცა ჩვენს ჭიშკარს არ გავცილებივარ. განა ჩემი ცხოვრება სრულ კმაყოფილებაში არ მიდის? ჩვენს ქალიშვილს, რომელსაც მამა სოფის ეძახის, თავდავიწყებით ვუყვარვარ.

ვაი, ვაი! .. თუმცა არაფერი, არაფერი, სუ, ჩუმად!

მამამისიც ძალიან ხშირად მეალერსება. ჩაისა და ნაღებიან ყავას ვსვამ. აჰ, მა ცჰერე, უნდა გითხრა, რომ ვერავითარ სიამოვნებას ვერ ვხედავ იმ დიდ გამოხრულ ძვლებში, რომლებსაც ჩვენი პოლკანი ღრღნის ხოლმე სამზარეულოში. ძვლები კარგია მხოლოდ ნანადირევისა და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ტვინი არავის არ გამოუწუწნია. ძალიან კარგია რამდენიმე საწებლის ერთმანეთში შერევა, ოღონდ უმწვანილოდ და უჯონჯოლოდ; მაგრამ არ ვიცი, თუ არსებობს იმაზე ცუდი ჩვეულება, ძაღლებს რომ დასოსოლებულ პურის გულს მისცემენ ხოლმე. სუფრაზე მჯდომი რომელიმე ვაჟბატონი, რომელსაც ხელში, ვინ იცის, რა საძაგლობა არა სჭერია, დაიწყებს ამ ხელით პურის სრესას, მერე დაგიძახებს და ჩაგჩრის პირში სორსალს. უარის თქმა როგორღაც უხერხულია, შენც სჭამ ზიზღით, მაგრამ მაინცა სჭამ...

ეშმაკმა უწყის, რა არის ეს! რა სისულელეა! თითქოს სხვა რამ უკეთესი არა იყო რა მისაწერი! ვნახოთ მეორე გვერდზე, იქნებ იქ მაინც იყოს საქმეზე.

მზად ვარ დიდი სიამოვნებით გაცნობო ხოლმე ყოველივე, რაც კი ჩვენთან ხდება. უკვე გიამბე ზოგიერთი რამ იმ მთავარ ადამიანზე, რომელსაც სოფი მამას ეძახის. ის მეტად უცნაური კაცია.

ძლივს არ მივაგენი! მე ვიცოდი, რომ ძაღლებს თავისი პოლიტიკური თვალსაზრისი აქვთ ყველა საგანზე. ვნახოთ, რას იტყვის მამაზე.

...მეტად უცნაური კაცია. უმეტეს შემთხვევაში დუმს, ძალიან იშვიათად ლაპარაკობს; მაგრამ ამ ერთი კვირის წინათ სულ ერთთავად ელაპარაკებოდა თავის თავს: "მივიღებ თუ არ მივიღებო?" ცალ ხელში ქაღალდს აიღებდა, მეორე ხელს კი მოკუმშავდა და იტყოდა "მივიღებ თუ არ მივიღებო?" ერთხელ მეც მომმართა კითხვით: "როგორ გგონია მეჯი, მივიღებ თუ არ მივიღებო?" მე სრულებით ვერაფერი გავიგე, დავსუნე მისი ჩექმა და გავწიე ჩემთვის. მერე, მა ცჰერე, ერთი კვირის შემდეგ, მამა დაბრუნდა შინ მეტად გახარებული. მთელი დილა მოდიოდნენ მასთან ვიღაც მუნდირიანი კაცები და რაღაცას ულოცავდნენ. სუფრაზე ისეთი მხიარული იყო, როგორიც ჯერ არასოდეს მინახავს, ანეგდოტებსაც კი ამბობდა.სადილის უკან ამწია, ზედ ყელთან მიმიტანა და მკითხა: "დახე, მეჯი, ეს რა არის". დავინახე რაღაც პატარა ლენტი. დავსუნე, მაგრამ ვერავითარი სურნელება ვერ ვიგრძენი, ბოლოს ჩუმად ავლოკე: ოდნავ მარილიანი იყო.

ჰმ! მე მგონი, ეს ძაღლი რაღაც მეტისმეტად... არ გაილახოს! ოჰო! მაშ ის, ჩვენი პატივმოყვარე ყოფილა! უნდა მივიღოთ მხედველობაში.

მშვიდობით, ჩემო ძვირფასო, მე მივრბივარ და სხვა... ხვალ დავამთავრებ წერილს. გამარჯობა! მე ისევ შენთან ვარ. დღეს ჩვენი ქალიშვილი სოფი...

ოჰო! ვნახოთ, რაო სოფი. ეჰ, ჯანდაბას! არაფერი, არაფერი... განვაგრძოთ.

...ჩვენი ქალიშვილი სოფი დიდ ფაციფუცში იყო. ბალზე წასასვლელად ემზადებოდა. მე კი გამეხარდა, რომ მისი წასვლით ვისარგებლებდი და წერილს მოგწერდი. ჩემს სოფის ძალიან უხარია ბალზე წასვლა, თუმცა ჩაცმის დროს ყოველთვის ბრაზობს. არ მესმის, მა ცჰერე, რა სიამოვნებაა ბალზე წასვლა.სოფი ბალიდან შინ მუდამ დილის ექვს საათზე ბრუნდება. მის გამხდარსა და გაცრეცილ სახეზე ყოველთვის ვამჩნევ, რომ ამ საწყლისათვის იქ არაფერი უჭმევიათ. მართალი გითხრა, ვერასდროს ასე ვერ ვიცხოვრებდი: ჩემთვის რომ არ მოეცათ გარეული ქათამი საწებლით ან შემწვარი ქათმის ფრთა, არ ვიცი, რა მომივიდოდა. კარგია აგრეთვე საწებელი ქაშით, ხოლო სტაფილო, ბოლოკი და ოქროფხალა არაფრად არ ვარგა.

ძალიან არეული სტილია! მაშინვე შეატყობ, რომ ადამიანის დაწერილი არ არის; დაიწყებს ისე, როგორც საჭიროა და გაათავებს ძაღლურად. ჩავიხედოთ კიდევ ერთ წერილში. რაღაც მოგრძოა! ჰმ! დათარიღებულიც არ არის.

აჰ, ჩემო კარგო, როგორ იგრძნობა გაზაფხულის მოახლოება. გული ისე მიცემს, თითქოს რაღაცას მოელისო. ყურებიც მუდამ ისე მიშხუის, რომ ხშირად ცალფეხაწეული რამდენიმე წუთი ვდგავარ კართან სმენად გადაქცეული. უნდა გაგიმხილო, რომ ბევრი მოტრფიალე მყავს. ხშირად ფანჯარასთან ვზივარ ხოლმე და ვათვალიერებ მათ. აჰ, რომ იცოდე, რამდენი მახინჯია მათ შორის! ზოგი უშნოზე უშნო ნაგაზი, საშინელი სულელი, თვით სახეზედაც კი რომ სისულელე აწერია, მედიდურად მოაბიჯებს ქუჩაში. – თავი წარჩინებულ ვინმედ წარმოუდგენია და ჰგონია, რომ ყველას იმაზე რჩება თვალი. არაფერიც! მე იმისთვის ყურადღება არ მიმიქცევია – ვითომ არც კი დამინახავს. აჰ! როგორი საშინელი დოგი ჩერდება ხოლმე ჩემს ფანჯარასთან! უკანა ფეხებზე რომ შედგეს, რასაც ეგ ხეპრე ალბათ ვერ მოახერხებს, მთელი თავით უფრო მაღალი იქნებოდა ჩემი სოფის მამაზე, რომელიც კარგა მაღალი და სქელი კაცია. ეს ბრიყვი ალბათ საშინელი თავხედია. მე შევუღრინე, მაგრამ იმას აინუნშიაც არ ჩაუგდია: წარბიც არ შეუხრია, გადმოაგდო ენა, ჩამოყარა უზარმაზარი ყურები და იცქირება ფანჯარაში – ტეტია! მაგრამ ნუთუ შენა ფიქრობ, მა ცჰერე, რომ ჩემი გული დახშულია ყველასათვის? აჰ! არა... შენ რომ დაგანახვა ერთი კავალერი, რომელიც გამოძვრება ხოლმე მეზობელი სახლის ღობიდან, სახელად ტრეზორი... აჰ! ჩემო ძვირფასო, როგორი ცხვირ-პირი აქვს!

ფუი, ჯანდაბას!.. ეს რა საძაგლობაა! როგორ შეიძლება წერილში ასეთი სისიულელეების დაწერა! მომეცით მე ადამიანი! მე მსურს დავინახო ადამიანი; მე მოვითხოვ სულიერ საზრდოს, რომელიც დაატკბობს ჩემს სულს. ამის მაგიერ კი ამისთანა უმნიშვნელო რაღაცეები!.. გადავაბრუნოთ შემდეგი გვერდი, იქნებ იქ იყოს უკეთესი.

...სოფი მაგიდასთან იჯდა და რაღაცას კერავდა. მე ფანჯარაში ვიცქირებოდი, რადგანაც მიყვარს გამვლელ-გამომვლელთა თვალიერება. ამ დროს უეცრად შემოვიდა ლაქია და თქვა: "ტეპლოვიაო!" – "სთხოვე!" შეჰყვირა სოფიმ, მერე წამოვარდა და მომეხვია, "ეჰ, მეჯი, მეჯი, რომ იცოდე, ვინ არის. შავგვრემანია, კამერ-იუნკერი, ახლა როგორი თვალები აქვს! შავი, ცეცხლივით ანთებული!" სოფი თავის ოთახში გავარდა. ერთი წუთის შემდეგ შემოვიდა შავქილვაშებიანი ახალგაზრდა კამერ-იუნკერი. მივიდა სარკესთან, გაისწორა თმა და მოათვალიერა ოთახი. მე ცოტა შევუღრინე და დავჯექი ჩემს ადგილზე. სოფი მალე გამოვიდა და მხიარულად მიესალმა. მე კი ისე, ვითომც ვერაფერს ვამჩნევდი, განვაგრძობდი ფანჯარაში ცქერას, მხოლოდ თავი ოდნავ გვერდზე დავხარე და ვცდილობდი გამეგონა, რაზე საუბრობდნენ. აჰ, მა ცჰერე, რა სისულელეებზე ჰქონდათ ლაპარაკი. ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ გააკეთა ვიღაც ქალმა ცეკვის დროს ერთი ფიგურის მაგიერ მეორე, იმაზე, თუ რა ძალიან ჰგავს ყარყატს ვიღაც ჟაბოიანი ბობოვი, რომელიც კინაღამ არ წაიქცაო, აგრეთვე ვიღაც ლიდინაზე, რომელსაც წარმოუდგენია, ცისფერი თვალები მაქვსო, მაშინ, როდესაც სინამდვილეში მწვანეთვალებააო, – და სხვა მისთანებზე. "ერთმანეთს რომ შევადაროთ, აბა სად მივა კამერ-იუნკერი ტრეზორთან-მეთქი!" – გავიფიქრე ჩემთვის. მაღალო ზეცაო, რა დიდი განსხვავებაა! ჯერ ერთი, კამერ-იუნკერს სრულიად გადატკეცილი ფართო სახე აქვს, ქილვაშებით შემოსილი, თითქოს შავი ცხვირსახოცი აუკრავსო; ტრეზორს კი წვრილი ცხვირ-პირი აქვს და ზედ შუბლზედ თეთრი ნიშანი აზის. ტრეზორის მოყვანილობის შედარებაც კი არ შეიძლება კამერ-იუნკერის მოყვანილობასთან. თვალები, საქციელი და მხვრა-მოხვრა ხომ სულ სხვა აქვს. ოჰ, როგორი განსხვავებაა! არ ვიცი, მა ცჰერე, რა ნახა სოფიმ თავის ტეპლოვში, რა მოსწონს ასე ძალიან მისი?!...

მე თვითონაც მგონია, რომ აქ რაღაც ისე არაა. შეუძლებელია, რომ სოფი ასე მოეჯადოებინოს ტეპლოვს. ვნახოთ შემდეგი:

მე მგონია, თუ კამერ-იუნკერი მოსაწონია, მალე ის მოხელეც მოეწონება, მამამისის კაბინეტში რომ ზის აჰ, მა ცჰერე, რომ იცოდე, რა მახინჯი ვინმეა! ნამდვილი კუ არის, ტომარაში გამოკრული.

ეს ვინ მოხელე უნდა იყოს?

გვარი მეტად უცნაური აქვს. მუდამ ზის და საკალმე ფრთებსა თვლის. თმა ძალიან მიუგავს თივას. სოფის მამა ხშირად გზავნის ხოლმე მას მოსამსახურის მაგივრად...

მგონი, ეს საზიზღარი ძაღლი მე მიმიზნებს. როდის მიგავს მერე თმა თივას?

სოფი სიცილს ვერ იკავებს, როცა მას უყურებს.

სტყუი, შე წყეულო ძაღლო! რა საზიზღარი ენის პატრონია! განა არ ვიცი, რომ ეს სულ შურის ამბავია? განა არ ვიცი, ვისი ოინებია? სულ განყოფილების უფროსის ოინებია. დაიფიცა ხომ ჩემი საშინელი სიძულვილი – და მტრობს და მტრობს ყოველ ნაბიჯზე. ვნახოთ მაინც კიდევ ერთი წერილი. იქნებ იქიდან თავისთავად გამოირკვეს ყოველივე.

მა ცჰერე ფიდელ, მაპატიე, რომ აქამდე არ მომიწერია შენთვის. მე ნეტარებისაგან მთლად თავბრუდასხმული ვიყავი. სამართლიანად უთქვამს რომელიღაც მწერალს, სიყვარული მეორე სიცოცხლეაო. ამასთანავე ახლა ჩვენს სახლში დიდი ცვლილებებია. კამერ-იუნკერი ყოველდღე დაიარება ჩვენთან. სოფის იგი გაგიჟებით უყვარს. მამამისიც ძალიან მოლხენით არის. მე კიდევაც გავიგონე ჩვენი გრიგორისაგან, რომელიც იატაკებს გვიგვის და თითქმის ყოველთვის თავის თავს ელაპარაკება, მალე ქორწილი იქნებაო; იმიტომ რომ მამას ძალიან სურს თავისი სოფი მიათხოვოს ან გენერალს, ან კამერ-იუნკერს, ან სამხედრო პოლკოვნიკსაო...

დასწყევლის ღმერთი! მეტი კითხვა არ შემიძლია... სხვა აღარაფერია, ან კამერ-იუნკერი ან გენერალი, რაც კი რამ კარგია ამ ქვეყნად, ყველაფერი ან კამერ-იუნკერებისაა ან გენერლების. მონახავ შენთვის რაღაც საცოდავ დოვლათს, ფიქრობ, ხელი მიმიწვდებაო, მაგრამ დახედავ და გამოგტაცებს კამერ-იუნკერი ან გენერალი. დასწყევლის ღმერთი! მსურდა მეც გავმხდარიყავი გენერალი: არა იმისათვის, რომ შემერთო ცოლად და სხვა, ო, არა; მე მინდოდა გენერალი ვყოფილიყავი მხოლოდ იმისთვის, რომ მენახა, როგორ დამიწყებდნენ ლაქუცს, თავიანთებურ ცერემონიებსა და რაღაც-რაღაცეებს, შემდეგ კი მეთქვა, რომ მიმიფურთხებია ორივესათვის. დასწყევლის ღმერთი, მეტად საწყენია! ნაკუწ-ნაკუწად ვაქციე იმ სულელი ძაღლის წერილები.

დეკემბრის 3

შეუძლებელია! სიცრუეა! ქორწილი არ იქნება! მერე რა, რომ კამერ-იუნკერია? კამერ-იუნკრობა ხომ სხვა არაფერია, გარდა ღირსებისა; ხილული რამ, ხელშესახები ნივთი ხომ არ არის. კამერ-იუნკერი რომ არის, მესამე თვალი ხომ არ გამოებმება, ოქროს ცხვირი ხომ არ აქვს, არამედ ისეთივე, როგორიც მე და როგორიც სხვას; ის ხომ ცხვირითა ყნოსავს და არა ჭამს, ცხვირით აცემინებს და არა ახველებს. მე უკვე რამდენჯერმე შევეცადე გამომერკვია, თუ საიდან მოდის ყველა ეს სხვაობა. რატომ ვარ მე ტიტულიარნი სოვეტნიკი და საიდან ვარ ტიტულიარნი სოვეტნიკი? იქნებ სულაც არა ვარ ტიტულიარნი სოვეტნიკი? იქნებ რომელიმე გრაფი ან გენერალი ვარ და მხოლოდ ისე ჩანს, თითქოს ტიტულიარნი სოვეტნიკი ვიყო? იქნებ მე თვითონაც არ ვიცი, ვინა ვარ. რამდენი ასეთი მაგალითია ისტორიაში: ვინმე უბრალო, არამცთუ აზნაური, არამედ მდაბიო და ხანდახან გლეხიც უცბად დიდებული და ხელმწიფეც კი აღმოჩენილა. თუკი ზოგჯერ გლეხკაცისგან შეიძლება ასეთი ვინმე გამოვიდეს, მაშ აზნაურისაგან რაღა იქნება? ვნახოთ და, მაგალითად, შევედი მე დირექტორთან გენერლის მუნდირში გამოწყობილი: მარჯვენა მხარზე ეპოლეტი მაქვს, მარცხენა მხარზეც ეპოლეტი, მხარზე – ცისფერი ლენტი. რაო? როგორ ჰანგზე ამღერდება მაშინ ჩემი ლამაზი? რას იტყვის თვითონ მამამისი, ჩვენი დირექტორი? ო! ეგ დიდი პატივმოყვარე ადამიანია! ეგ მასონია, უთუოდ მასონია; მართალია თავს იკატუნებს ასედაც და ისედაც, მაგრამ მაშინვე შევამჩნიე, რომ მასონია: თუ ვისმე ხელი ჩამოართვა, მხოლოდ ორ თითს გაუწვდის. განა არ შეიძლება, რომ მე ახლა ამავე წუთს მიბოძონ გენერალ-გუბერნატორობა ან ინტენდანტობა, ან სხვა რამ მისთანა? მე მსურს შევიტყო, რატომ ვარ ტიტულიარნი სოვეტნიკი? რაღა მაინცდამაინც ტიტულიარნი სოვეტნიკი?

დეკემბრის 5

დღეს მთელი დილა გაზეთებს ვკითხულობდი. უცნაური ამბები ხდება ესპანეთში. კარგად ვერც კი გავერკვიე. წერენ, ტახტი გაუქმდა და დიდებულები გასაჭირში იმყოფებიან ტახტის მემკვიდრის არჩევის გამოო; ამიტომაც აჯანყებები ხდებაო. მეტისმეტად უცნაურად მეჩვენება ეს ამბავი. როგორ შეიძლება ტახტი გაუქმდეს? ამბობენ, ვიღაც დონა უნდა ავიდეს ტახტზეო. არ შეიძლება, რომ დონა ავიდეს ტახტზე, არასგზით არ შეიძლება. ტახტზე მეფე უნდა იყოს. მერედა მეფე რომ არ არისო? – არ შეიძლება მეფე არ იყოს. სახელმწიფო უმეფოდ არ იქნება. მეფე არსებობს, მხოლოდ არ იციან, სად იმყოფება. შესაძლებელია მეფე იქვე იყოს, მაგრამ რაიმე საგვარეულო მიზეზებით ან ისეთ მეზობელ სახელწიფოთა შიშით, როგორიცაა საფრანგეთი და სხვანი, იმალებოდეს. იქნებ სხვა მიზეზებიც არსებობს.

დეკემბრის 8

მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა დეპარტამენტში წასვლა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებმა და მოსაზრებებმა შემაბრკოლა. თავიდან არ მშორდება ესპანეთის საქმეები. როგორ შეიძლება, რომ დონა გამეფდეს? ამის ნებას არ მისცემენ. უპირველეს ყოვლისა ინგლისი არ მისცემს ამის ნებას. ამასთანავე მთელი ევროპის პოლიტიკური ვითარება: ავსტრიის იმპერატორი, ჩვენი ხელმწიფე... მართალი გითხრათ, ამ ამბებმა იმდენად შემაშფოთა და მომიღო ბოლო, რომ მთელი დღე არაფერი მიკეთებია. მავრამ მითხრა, ძალიან გართული იყავით ჭამის დროსო. მართლაც იმდენად დაბნეული ვიყავი, მგონი, ორი თეფში გადავაგდე იატაკზე. თეფშები იქვე დაიმტვრა. სადილის უკან გორებისკენ გავისეირნე. ვერაფერი ჭკუის სასწავლებელი ვერ ვიპოვე იქ. მეტწილად ლოგინზე ვიწექი და ესპანეთის საქმეებზე ვფიქრობდი.

წელი 2000 აპრილის 43

დღევანდელი დღე – უდიდესი ზეიმის დღეა! ესპანეთში აღმოჩნდა მეფე. ეს მეფე ვარ მე. სწორედ დღეს შევიტყვე ეს ამბავი. გამოგიტყდებით, უცებ თითქოს ელვასავით გამინათა გონება ამ აზრმა. არ მესმის, როგორ შეიძლებოდა მეფიქრა და წარმომედგინა, რომ მე ტიტულიარნი სოვეტნიკი ვარ. როგორ მომივიდა თავში ეს სულელური აზრი? კიდევ კარგი, ვერავინ მოიფიქრა მაშინ საგიჟეთში ჩემი მოთავსება. ახლა კი ჩემთვის ყოველივე ნათელია. ახლა ყველაფერს ხელისგულივითა ვხედავ. წინათ კი, არ მესმის, როგორ და, ყველაფერი ბურუსში იყო ჩემთვის გახვეული. ყოველივე ეს კი, მე ვფიქრობ, იმიტომ ხდება, რომ ხალხს წარმოუდგენია, თითქოს ადამიანის ტვინი თავში იყოს მოთავსებული; სულაც არა: ტვინი ქარს მოაქვს კასპიის ზღვიდან. პირველად მავრას გავუმჟღავნე ჩემი ვინაობა. როდესაც მავრამ შეიტყო, ჩემ წინაშე ესპანეთის მეფეაო, ხელები გაასავსავა და შიშისაგან კინაღამ არ მოკვდა. სულელს ჯერ არასოდეს არ უნახავს ესპანეთის მეფე. შევეცადე დამემშვიდებინა და ლმობიერად ჩამეგონებინა, რომ კეთილად ვარ მისდამი განწყობილი და სულაც არ ვუწყრები იმის გამო, რომ ზოგჯერ ცუდად მიწმენდდა ჩექმებს. ეს ხომ ბნელი ხალხია. შეუძლებელია მაგათთან მაღალ საგნებზე საუბარი. მავრას იმიტომ შეეშინდა, რომ დარწმუნებულია, ესპანეთში ყველა მეფე ფილიპე II-ს ჰგავს, მაგრამ მე ავუხსენი, რომ ჩემსა და ფილიპე II-ს შორის არავითარი მსგავსება არ არის და რომ მე არც ერთი კაპუცინი არა მყავს. დეპარტამენტში არ წავსულვარ. ჯანდაბას მაგათი თავი! არა, მეგობრებო, ახლა უკვე ვეღარ მიმიტყუებთ, აღარ გადავწერ თქვენს საზიზღარ ქაღალდებს!

მარტობრის 86 რიცხვი

დღე და ღამის შუა

დღეს ჩვენი ეგზეკუტორი მოვიდა ჩემთან. დეპარტამენტში მიხმობენ, – უკვე სამ კვირაზე მეტია, სამსახურში არ დაიარებაო.

სეირისთვის წავედი დეპარტამენტში. განყოფილების უფროსს ეგონა, მივესალმებოდი და ბოდიშს მოვუხდიდი; მაგრამ მე გულგრილად შევხედე, არცთუ ძალიან მრისხანედ, არცთუ ლმობიერად და ისე დავჯექი ჩემს ადგილზე, თითქოს ვერავის ვამჩნევო. ვუყურებდი ამ კანცელარიის არამზადებს და ვფიქრობდი: რომ იცოდეთ, თქვენ შორის ვინა ზის?.. ღმერთო ჩემო! რა აურზაურს ასტეხდით; თვით განყოფილების უფროსი მდაბლად მომესალმებოდა, როგორც ჩვენს დირექტორს ესალმება ხოლმე. წინ რაღაც ქაღალდები დამიწყეს ამონაწერების გასაკეთებლად. თითიც არ დამიკარებია. რამდენიმე წუთის შემდეგ ყველანი დაფაცურდნენ. დაიძახეს, დირექტორი მოდისო. მოხელეების უმეტესობა ერთმანეთს აღარ აცდიდა, რათა მასთან თავი გამოეჩინათ. მე კი ადგილიდანაც არ დავძრულვარ. როდესაც დირექტორმა ჩვენს განყოფილებაზე გამოიარა, ყველამ შეიკრა ფრაკის ღილები; მე კი ვითომც არაფერი! ეგ რა დირექტორია? ფეხზე წამოვუდგე? არასოდეს! რა დირექტორია-მეთქი? დირექტორი კი არა, გუდურაა, ჩვეულებრივი გუდურა და მეტი არაფერი. ყველაზე მეტად იმან გამახალისა, როცა ქაღალდი დამიდეს ხელმოსაწერად, ეგონათ ქაღალდის ბოლოში მოვაწერდი: საქმის მწარმოებელი ესა და ესაო. როგორ არა! მე კი მთავარ ადგილზე, იქ, სადაც დეპარტამენტის დირექტორი აწერს ხოლმე ხელს, მოვაწერე: "ფერდინანდ VIII ". უნდა გენახათ, როგორი მოკრძალებული სიჩუმე ჩამოვარდა; მე კი მხოლოდ ხელი ჩავიქნიე და წარმოვთქვი: "ქვეშევრდომული მორჩილების ნიშნები საჭირო არ არის-მეთქი", და გამოვედი. იქიდან პირდაპირ დირექტორის ბინისაკენ გავეშურე. დირექტორი შინ არ დამხვდა. ლაქიას არ უნდოდა შევეშვი, მაგრამ მე ისეთი რამ ვუთხარი, რომ სახტად დარჩა. პირდაპირ დირექტორის ქალიშვილის ოთახში შევედი. ქალიშვილი სარკესთან იჯდა. ჩემს დანახვაზე წამოვარდა და უკან დაიხია. მე არ მითქვამს მისთვის, ესპანეთის მეფე ვარ-მეთქი. ვუთხარი მხოლოდ, რომ ისეთი ბედნიერება მოელის, რომლის წარმოდგენა მას არც კი შეუძლია და, მიუხედავად მტრების მრავალგვარი ხრიკებისა, ჩვენ ერთნი ვიქნებით-მეთქი. მეტის თქმა აღარ მოვისურვე და წამოვედი. ო, რა ცბიერი არსებაა ქალი! მხოლოდ ახლა გავიგე, თუ რა ყოფილა ქალი. აქამდე ვერავინ გაიგო, ვინ უყვარს მას: მე პირველმა აღმოვაჩინე ეს. ქალს უყვარს ეშმაკი. ხუმრობის გარეშე. ფიზიკოსები სისულელეებს წერენ, ქალი ესა და ისააო – ქალს უყვარს მხოლოდ ეშმაკი. აი, შეხედეთ, პირველი იარუსის ლოჟიდან მან მოიმარჯვა ლორნეტი. თქვენ ფიქრობთ, ქალი აი იმ ვარსკვლავიან ბღენძს უყურებს? სრულებითაც არა, ის უყურებს ეშმაკს, რომელიც ბღენძის ზურგს ამოჰფარებია. აი ეშმაკი მიიმალა ბღენძის ვარსკვლავში და იქიდან უქნევს თითს! ქალიც გაჰყვება მას ცოლად... აი ესენი კი, მათი ჩინოსანი მამები, ყველა ესენი, ვინც აქეთ-იქით მლიქვნელობს, მეფის კარს ეტანება და გაიძახის, ჩვენ პატრიოტები ვართო და ესაო და ისაო: იჯარა, იჯარა სურთ მაგ პატრიოტებს! დედას, მამას, ღმერთს გაჰყიდიან ეგ პატივმოყვარენი, ეგ ქრისტეს გამყიდველები! ყოველივე ეს პატივმოყვარეობაა, ხოლო პატივმოყვარეობა იმის მიზეზია, რომ ენის ქვეშ მოთავსებულია პატარა შუშა, სადაც იმყოფება პატარა, ქინძისთავისოდენა ჭია, ყველაფერ ამას კი გოროხოვაიაზე მცხოვრები დალაქი ჩადის. არ მახსოვს მისი სახელი; მაგრამ ამ საქმის ძირი და ფესვი თურქეთის სულთანია, რომელსაც მოსყიდული ჰყავს დალაქი და სურს მთელ ქვეყანაზე გაავრცელოს მაჰმადიანობა. ამბობენ, საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობამ უკვე აღიარა მაჰმადის რჯულიო.

არავითარი რიცხვი

ურიცხვო დღე იყო.

ინკოგნიტოდ დავიარებოდი ნევის პროსპექტზე. გამოიარა ხელმწიფე იმპერატორმა. მთელმა ხალხმა ქუდი მოიხადა, მეც მათთან ერთად; მაგრამ არ შევამჩნევინე, რომ მე ესპანეთის მეფე ვარ. შეუფერებლად მივიჩნიე გამემხილა ეს ამბავი იქვე, ყველას წინ; უპირველეს ყოვლისა საჭიროა მეფის კარზე წარსდგომა. მხოლოდ ის გარემოება მაბრკოლებს, რომ აქამდე ვერ შევიძინე ესპანეთის მეფის ტანსაცმელი. ნეტავი რაიმე მანტია მაინც მაშოვნინა. მინდოდა შემეკვეთა მკერავისათვის, მაგრამ ისინი ხომ ნამდვილი ვირები არიან; ამასთანავე მკერავები თაკილობენ თავიანთ ხელობას, ყალთაბანდობას მიჰყვეს ხელი და მეტწილად ქვაფენილს აგებენ ქუჩებში. გადავწყვიტე მანტიის შეკერვა ახალი ვიცმუნდირიდან, რომელიც ორჯერ მეცვა, მეტად არა. იმ არამზადა მკერავებმა რომ არ გააფუჭონ, თვითონ უნდა შევიკერო, რომ არავნ დამინახოს. მთლიანად დავჭერი მაკრატლით ჩემი ვიცმუნდირი, რადგანაც მანტია სულ სხვა ყაიდაზე უნდა იყოს გამოჭრილი.

რიცხვი არ მახსოვს. თვეც არ ყოფილა. ეშმაკმა უწყის რა იყო.

მანტია უკვე შეკერილია, მზადაა. მავრამ შეჰყვირა, ჩაცმული რომ დამინახა. მიუხედავად ამისა, ჯერ ვერ გამიბედნია მეფის კარზე წარსდგომა. აქამდე არ ჩანს დეპუტაცია ესპანეთიდან. უდეპუტატებოდ წარსდგომა კი რა საკადრისია. არავითარი ფასი არ ექნება ჩემს ღირსებას. წუთით წუთზე ველი დეპუტაციას.

1 რიცხვი

მეტისმეტად მაკვირვებს დეპუტატების დაგვიანების ამბავი. რა უნდა იყოს მიზეზი მათი დაბრკოლებისა? ნუთუ საფრანგეთი? დიახ, ეს ყველაზე უფრო მტრულად განწყობილი სახელმწიფოა. წავედი ფოსტაში საკითხავად – ესპანეთის დეპუტატები ხომ არ ჩამოსულან-მეთქი. ფოსტის უფროსი ძალზე სულელია, არაფერი არ იცის: "არაო, – მითხრა, – აქ არავითარი ესპანეთის დეპუტატები არ არიანო, ხოლო თუ წერილის გაგზავნა გსურთ, ჩვენ მას დადგენილი ფასის მიხედვით მივიღებთო". ეშმაკსაც წაუღია! რა არის წერილი? წერილი – სისულელეა. წერილებს მეაფთიაქენი წერენ...

ფებრუარის ოცდაათი. მადრიდი

ამრიგად, მე ესპანეთში ვარ. ეს ისეთი სისწრაფით მოხდა, გონზე ძლივს მოვედი. ამ დილით გამოცხადდნენ ჩემთან ესპანეთის დეპუტატები და მათთან ერთად ჩავჯექი კარეტაში. გამაკვირვა არაჩვეულებრივმა სიჩქარემ. ისე სწრაფად მივდიოდით, რომ ნახევარ საათში მივაღწიეთ ესპანეთის საზღვრებს. თუმცა ახლა ხომ ევროპაში ყველგან რკინიგზებია და გემებიც დიდი სიჩქარით დადიან. უცნაური ქვეყანაა ესპანეთი: როდესაც პირველ ოთახში შევედით, დავინახე უამრავი თავგადაპარსული ხალხი. მაშინვე მივხვდი, ეს გრანდები ან ჯარისკაცები უნდა ყოფილიყვნენ, მხოლოდ ისინი იპარსავენ თავს. მეტისმეტად გამაკვირვა სახელმწიფო კანცელარიის მოპყრობამ, რომელსაც ხელიხელჩაკიდებული მივყავდი; შემაგდო ერთ პატარა ოთახში და მითხრა: "იჯექი აქ, და თუ კვლავ შენი თავისათვის მეფე ფერნანდი გიწოდებია, მე დაგავიწყებ მაგ ამბავსო". მივხვდი, ეს სხვა არა იყო რა, გარდა ცდუნებისა და უარყოფითი პასუხი მივეცი, რისთვისაც კანცლერმა ორჯერ ისე მტკივნეულად დამარტყა ზურგში ჯოხი, რომ კინაღამ დავიყვირე. მაინც თავი შევიკავე, მომაგონდა, რომ ასეთია რაინდთა წესი უმაღლესი წოდების მიღების დროს, ხოლო ესპანეთში ამ რაინდულ წესებს დღემდე იცავენ. მარტოდ რომ დავრჩი, გადავწყვიტე შევდგომოდი სახელმწიფო საქმეებს. აღმოვაჩინე, რომ ჩინეთი და ესპანეთი ერთი და იგივე ქვეყანაა მხოლოდ უმეცრების გამო თვლიან მას სხვადასხვა სახელმწიფოებად. ყველას ვურჩევ განგებ დასწერონ ქაღალდზე ესპანეთი – გამოვა ჩინეთი. ყველაფერზე უფრო კი ხვალინდელი ამბავი მაწუხებს. ხვალ შვიდ საათზე მოხდება უცნაური მოვლენა: დედამიწა დაჯდება მთვარეზე. ამის შესახებ ცნობილი ინგლისელი ქიმიკოსი ველინგტონიცა წერს. მართალი გითხრათ, პირდაპირ გულზე შემომეყარა, რომ წარმოვიდგინე მთვარის სინაზე და სისუსტე. მთვარეს ხომ ჩვეულებრივ ჰამბურგში აკეთებენ და ძალიან ცუდადაც აკეთებენ. მიკვირს, რად არ აქცევს ინგლისი ამ ამბავს ყურადღებას. მთვარეს კოჭლი მეკასრე აკეთებს. იმ სულელს კი, ეტყობა, არავითარი წარმოდგენა არა აქვს მთვარეზე. შიგ უყო კუპრიანი ბაგირი და ზეითუნის ზეთი; ამიტომაცაა მთელ ქვეყანაზე ისეთი საშინელი სიმყრალე, რომ ცხვირზე ხელი უნდა მიიჭირო. ამიტომაცაა თვითონ მთვარე ისეთი ნაზი, რომ ხალხს არ შეუძლია იქ ცხოვრება და ცხვირები ცხოვრობენ ზედ. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ჩვენს ცხოვრებას ვერა ვხედავთ, რადგან ყველანი მთვარეზე იმყოფებიან. როდესაც წარმოვიდგინე, რომ დედამიწას, ამ მძიმე ნივთიერებას, დაჯდომის დროს შეუძლია გააცამტვეროს ჩვენი ცხვირები, იმდენად შევწუხდი, რომ ჩავიცვი წინდები, ფეხსაცმელი და გავეშურე სახელმწიფო სათათბიროს დარბაზისაკენ, რათა მებრძანებინა პოლიციისათვის არ დაეშვათ დედამიწის დაჯდომა მთვარეზე. გრანდები, რომელნიც სახელმწიფო სათათბიროში უამრავი დამიხვდა, მეტად ჭკვიანი ხალხი აღმოჩნდა. ვთქვი თუ არა: "ბატონებო, გადავარჩინოთ მთვარე, დედამიწა აპირებს მასზე დაჯდომას-მეთქი", ყველა იმ წუთშივე გაიქცა ჩემი მეფური სურვილის შესასრულებლად. ბევრი მათგანი კედლებზედაც კი აცოცდა, რომ მთვარეს მისწვდომოდა. მაგრამ ამ დროს შემოვიდა დიდი კანცლერი. მის დანახვაზე ყველა გაიქცა. დავრჩი მარტო, როგორც მეფე. კანცლერმა კი, ჩემდა განსაცვიფრებლად, დამარტყა ჯოხი და შემაგდო ჩემს ოთახში. ასეთი ძალა აქვს ესპანეთში ხალხურ ადათებს.

იმავე წლის იანვარი. რომელიც დადგა თებერვლის შემდეგ

აქამდე ვერ გამიგია, რა ქვეყანაა ეს ესპანეთი. ხალხური ადათები და სასახლის ეტიკეტი სრულიად არაჩვეულებრივია. არ მესმის, არ მესმის, სრულიად არაფერი არ მესმის. დღეს თავი გადამპარსეს, მიუხედავად იმისა, რომ რაც ძალი და ღონე მქონდა, ვყვიროდი, არ მინდა-მეთქი ბერობა. ხოლო როდესაც თავზე ცივ წყალს მაწვეთებდნენ, მაშინ აღარც კი მახსოვს, რა მომივიდა. ასეთი ჯოჯოხეთი ჩემს დღეში არ განმიცდია. კინაღამ გავცოფდი, ისე რომ ძლივს დამაკავეს. სრულებით არ მესმის ამ უცნაური ადათის მნიშვნელობა. სულელური და უაზრო ადათია! ჩემთვის გაუგებარია იმ მეფეების უგუნურება, რომლებმაც აქამდე არ მოსპეს ეს ადათი. როგორც ეტყობა, მგონი, ხელთ ჩავუვარდი ინკვიზიციას. იქნება ის, ვინც კანცლერი მგონია, თვით დიდი ინკვიზიტორია. ხოლო ეს ვეღარ გამიგია, როგორღა შეიძლება მეფეს სდევნიდეს ინკვიზიცია. მართალია, ეს შეეძლო მოეწყო საფრანგეთს და განსაკუთრებით პოლინიაკს. ოჰ, ეს გაიძვერა პოლინიაკი! დაიფიცა, არ გამახაროს სიკვდილამდე, და აი მდევნის და მდევნის; მაგრამ ვიცი, მეგობარო, შენ ინგლისი გატარებს თავის ნებაზე. ინგლისელი დიდი პოლიტიკოსია. ის ყველგან თვალთმაქცობს. მთელმა ქვეყანამ იცის: როცა ინგლისი ბურნუთსა ყნოსავს, საფრანგეთს ცხვირს აცემინებს.

25 რიცხვი

დღეს დიდი ინკვიზიტორი შემოვიდა ჩემს ოთახში, მაგრამ შორიდანვე გავიგონე მისი ფეხის ხმა და სკამქვეშ დავიმალე. რომ ვერ დამინახა, დაიძახა ჯერ: "პოპრიშჩინ! – არ ვუპასუხე, შემდეგ: "აქსენტი ივანოვ! ტიტულიარნი სოვეტნიკო! აზნაურო!" – მე ხმა არ გავეცი, "ფერდინანდ V111, ესპანეთის მეფევ!" – მინდოდა თავი გამომეყო, მაგრამ მერე გავიფიქრე: "არა, ძმობილო, ვერ მომატყუებ! გიცნობ, ვინცა ხარ; კიდევ დამასხამ თავზე ცივ წყალს". მაინც დამინახა და ჯოხით გამომაგდო სკამქვეშიდან. ძალზე მწარეა ის წყეული ჯოხი. თუმცაღა ყოველივე ეს ამინაზღაურა ახალმა აღმოჩენამ: შევიტყვე, რომ ყველა მამალს თავისი ესპანეთი აქვს, ფრთებქვეშ მოთავსებული. დიდი ინკვიზიტორი კი მაინც ძალიან გაჯავრებული წავიდა ჩემგან, მემუქრებოდა რაღაც სასჯელით. ყურადღება არ მიმიქცევია მისი უკბილო სიბრაზისათვის. ვიცი, მოქმედებს როგორც მანქანა, როგორც ინგლისელის იარაღი.

მეტის მოთმენა არ ძალმიძს, არა! რას მიშვრებიან! ცივ წყალს მასხამენ თავზე! არ ესმით ჩემი ტანჯვა, არ ისმენენ ჩემს ვედრებას. რა დავუშავე? რისთვის მტანჯავენ? რა უნდათ მე უბედურისაგან? რა შემიძლია მივცე მათ? მე ხომ არა გამაჩნია რა. აღარ შემიძლია ამდენი ტნჯვის ატანა, თავი მიხურს, ყველაფერი მიტრიალებს თვალებში. მიხსენით! წამიყვანეთ! მომეცით ეტლი! გრიგალივით მალი ცხენები! დაჯექ, ჩემო მეეტლევ, დააწკარუნეთ, ჩემო ზანზალაკებო, გაფრინდით, ჩემო ცხენებო, და გამაქროლეთ ამ ქვეყნიდან! შორს, შორს, რომ აღარ ჩანდეს აღარაფერი. აი, ცაზე ღრუბელი ირევა; შორს მაღლა ვარსკვლავი ბრწყინავს; ტყე მოქრის ჩაშავებული ხეებითა და მთვარით; შავ-მოიისფრო ნისლი მეგება ფეხქვეშ; სიმი წკრიალებს ნისლში; ერთ მხარეზე ზღვაა, მეორეზე იტალია; აი, რუსული ქოხებიც გამოჩნდა. ის ჩემი სახლი ხომ არ არის, ლურჯად რომ მოჩანს შორს? ის დედაჩემი ხომ არ არის, ფანჯარასთან რომ ზის? დედიკო, იხსენი შენი საბრალო შვილი! დააპკურე ცრემლი მის სნეულ თავს! ხედავ, როგორ სტანჯავენ! ჩაიკარ გულში შენი საცოდავი ობოლი! აღარ აყენებენ ამ ქვეყნად! სდევნიან! დედიკო, შეიბრალე შენი სნეული შვილი!..

...იცით თუ არა, რომ ალჟირის დეის ზედ ცხვირქვეშ მეჭეჭი აზის?

??????