ინანიშვილი რევაზ
გაზიარება

ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში 

I

ამ წიგნს მელა წერს, როგორ წერს, რით წერს, საიდუმლოა. ხომ შეიძლება ერთი საიდუმლო მაინც დავიტოვო, როცა ქალაქის სიგრძე ამბავი უნდა გიამბოთ?!

დავიწყებ იმით, როგორ მოვხვდი ადამიანებთან. რით დავამთავრებ, ჯერ თვითონ არ ვიცი.

სანამ ადამიანებთან მოვხვდებოდი, საყუნჭია გორაზე ვცხოვრობდით. ეს გორა მდინარე იორს გადაჰყურებს. სხვა რამეებიც ბევრი მოჩანს აქედან - ჭალა, ივრის გადაღმა მთები, იმის იქითა მთები. ექვსნი ვიყავით - მე, ჩემი ოთხი და-ძმა და დედა. თვალები ახელილი არ გვქონია, რომ მამა დაკარგულა. დიდი მელები ამბობდნენ, მოჰკლესო. ვინ მოჰკლავდა ადამიანების მეტი?!

ჩვენი სოროს წინ ბალახიანი პატარა ფერდობია. შიგ კალიები და ჭრიჭინები დახტიან, პეპლები დაფარფატებენ. მზეზე თბებიან მუცელდაბერილი ხვლიკები. რცხილის ბუჩქებზე მოდიან შაშვები, ჩხიკვები (გაწყდა მაგათი ჯიში და გასაგისი), მწყერჩიტები, ჭინჭრაქები. ღამღამობით კი, სხვა ფრინველებს რომ სძინავთ, თვალების ბრიალით დაფარფაშობენ ბუები და ზარნაშოები.

ერთხელ ნაშუადღევზე გამეღვიძა. დედა შინ არ იყო.

ჩემს და-ძმებს ღრმა ძილით ეძინათ. ხან ერთ გვერდზე გადავბრუნდი, ხან - მეორეზე, მაგრამ ძილი აღარ მომეკარა. ავდექი და სოროს პირში გავედი. ჯერ ფრთხილად გავიხედე გარეთ, ჰაერი დავყნოსე, სმენადაც ვიქეცი (როგორც დედა გვასწავლიდა). რომ დავრწმუნდი, საეჭვო სულდგმულის ჭაჭანება არ იყო ახლოს, გარეთაც გავედი და სოროს წინ, მიწაყრილზე დავსკუპდი. ძალიან სასიამოვნო იყო ასე ჯდომა. სოროში ცხელოდა, აქ კი გრილი ნიავი უბერავდა.

უცებ საიდანღაც მამალი ჩხიკვი მოფრინდა და ბებერ კუნელზე დაჯდა. მე რომ დამინახა, თავი გვერდზე გადახარა, ხან ერთი თვალი მოხუჭა, ხან მეორე, კუდიც გააცახცახა რამდენჯერმე, ბოლოს გასწორდა, ყელი ჩაიწმინდა და მთელი თავ-ტანის ქნევით მომესალმა:

- ჩემს კარგ მეზობელს ვახლავართ! ხომ კარგადა ხარ, ყმაწვილო? ხომ კარგად ბრძანდება თქვენი დარბაისელი დედიკო?

ის ჩხიკვი სხვა დროსაც მყავდა ნანახი. კალიები ამბობდნენ, დიდად ზრდილი და განათლებული ფრინველია, მაგან რომ არ იცოდეს, ისეთი არაფერი იქნება ქვეყანაზეო. ყველას თავს უკრავდა, ყველას დიდი ამბით მოიკითხავდა ხოლმე, თან სულ ჭრელ ფრთებზე იყურებოდა. გამოგიტყდებით, ადრე მაინცდამაინც არ მსიამოვნებდა მისი დანახვა, მაგრამ, ყმაწვილი რომ მიწოდა, ამით უცებ მოიგო ჩემი გული - მე ხომ ჯერ სამი თვისაც არ ვიყავი!

- დედა კარგად არის, თქვენ ხომ კარგად ბრძანდებით, ბატონო? - მივუგე, რაც კი შეიძლებოდა ზრდილობიანად.

- გმადლობთ, ყმაწვილო, გმადლობთ, - უფრო დაბლა დაიხარა და ისევ გასწორდა. - ჩვენ კარგად გახლავართ, მაგრამ საერთოდ კი დიდი უბედურება დატრიალდა. წყარო მოკვდა.

- წყარო მოკვდა? რომელი წყარო?!

- ჩვენი წყარო, ჩვენ რომ ვსვამდით ხოლმე.

- ხევში?

- ჰო, ხევში, თელებთან.

ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე, წყარო როგორ უნდა მომკვდარიყო. ჩხიკვმა ეს შემატყო და უარესად დანაღვლიანებულმა მითხრა:

- წამომყევი, შენი თვალით გაჩვენებ.

ფრთა ფრთას შემოჰკრა და წინ გამიძღვა ფრენით, თან სულ უკან იხედებოდა, მივდევდი თუ არა. თვალები ცრემლებით მქონდა სავსე.

მე ყველაფერი მაინტერესებს, გუშინ, მაგალითად, მე და ჩემი პატრონი ტბასთან ვიყავით. ყელზე თასმა მება, იმ თასმის ბოლო პატრონს ეჭირა და ისე დავსეირნობდით. წყლის ნაპირიდან ბორცვის თავზე თეთრი მატყლის ბღუჯა დავინახე. ამ მატყლის ბღუჯას აქ რა უნდა-მეთქი, წავედი მისკენ, მომყვა პატრონიც, გაიზარდა ის მატყლის ბღუჯა, გაიზარდა და ბოლოს თეთრბოხოხიან მეცხვარედ არ იქცა? იჯდა ბორცვის იქითა დაქანებაზე, ორლულიანი თოფი კალთაზე ჰქონდა დასვენებული და ცხვრის ფარას სდარაჯობდა. გამოვიპარე და მერე როგორ! ჩემი პატრონი ხან დამცინოდა, ხან მეფერებოდა.

ადვილად წარმოიდგენთ, როგორი ვიქნებოდი თავისუფლად მყოფი. გული როგორ მომითმენდა, მკვდარი წყაროს სანახავად არ წავსულიყავი!

მივრბივარ ბალახიან ფერდობზე, მივყვები ჩხიკვს.

ო, რა მწარედ მახსენდება ყველაფერი!

დაბლიდან რაღაც შემომასხმარტალდა. თურმე დიდი მწვანე ხვლიკისთვის დამიდგამს ფეხი. გახტა ის ხვლიკი და შემომიღრინა:

- ხეპრევ! გაუთლელო!

ალბათ სხვა ვიღაც ვეგონე. რომ მომხედა და მიცნო, მიბრუნდა და გაიქცა თავ-პირის მტვრევით. ჩხიკვი კი მაღლიდან მარიგებდა:

- ნუ, ჩემო კარგო, მაგისთანა არარაობებს ნუ მიაქცევ ყურადღებას, ეგ საჭმელადაც კი არ უნდა იკადრო. თქვენს გვარში თაგვებსაც კი არ კადრულობენ და ხვლიკს ხომ... ფუჰ, ხვლიკი!

დავუჯერე და ისევ მას გავყევი. გავძვერით ჯაგრცხილებისა და შინდების ბუჩქებში, იქ კიდევ შაშვი მჯდარიყო, დამინახა და იმასაც თავზარი დაეცა - ჭახჭახით გავარდა მუხნარისაკენ.

მივუახლოვდით ჩამძვლეულ კბოდეს. მაღალი ბალახებიღა მიშლიდნენ, თორემ უკვე უნდა დამენახა კიდეც მკვდარი წყარო. მივდიოდი, იმ ბალახებს აქეთ-იქით ვწევდი ცხვირით და თათებით და უცებ - თითქოს დაღამდა. ჩემს მაღლა მოფარფატე ჩხიკვი გაკაპასებული დამაცხრა, ზემოდან გადამეფარა და ნისკარტი დამიშინა. მოვასწარი და თვალები დავხუჭე. კიდევ ისიც მოვასწარი, რომ ზურგზე გადავბრუნდი და ფეხები შევუშვირე, იმან კიდევ უფრო გამწარებით დამკრა და დამკრა ნისკარტი, მე მოვიკუნტე. გადავქანდ-გადმოვქანდი და კბოდეზე დავგორდი. მივგორავდი და ჩხიკვიც მომდევდა - უხმოდ, ბრჭყალებგაშლილი, ნისკარტის კაპუნით. ძირს ჩაგორება არ მაცალა, რომ კიდევ ერთხელ დამაცხრა. მაშინ კი გავიფიქრე, გათავდა-მეთქი ჩემი პატარა სიცოცხლე. ვუცდი ნისკარტის დარტყმას, მაგრამ იგვიანებს. ვუცდი კიდევ, მაინც იგვიანებს, ბოლოს ჩხავილი გავიგონე, ისიც შორეული. თვალების გახელას ვეღარ ვბედავ. და, აი, ვგრძნობ, რომ ვიღაცამ ამწია, მაღლა-მაღლა მივყავარ. მაშინ კი გავახილე თვალი და დავინახე, რომ კბილებდაკრეჭილ შავ კაცს ვუკავივარ ხელში, ხითხითებს ის კაცი, მე შემომცქერის და იძახის:

- მელუკავ! საიდან შენ აქა! აბა, მომხედე, საიდან შენ აქა.

გავშეშდი, გონება დამებინდა შიშისაგან. როდის-როდის ძლივს გავაქნიე ფეხები და ამოვიწკმუტუნე.

- გამიშვი! გამიშვი!

მაგრამ კაცს ჩემი ნათქვამი თითქოს არც გაეგონოს. სულ უფრო მაღლა მეწეოდა და ახლა ქვემოდან შემომხითხითებდა:

- მართლა მელუკა ხარ, კაცო?! უი, უი, უი! როგორი კიჭები გქონია! - თითი პირთან მომიტანა და ვითომ ძალიან მეკბინოს, უცებ ამოიფარა ზურგს უკან.

მე ვტიროდი და მაღლიდან ვიხვეწებოდი:

- გამიშვი, რა! გამიშვი!

მაგრამ კაცმა არ გამიშვა. პირიქით მკერდზე მიმიხუტა, თავზე ხელი დამადო და მოშორებით გაჩერებულ ცხენთან მიმიყვანა.

- შეხედე, ვინ მოვიყვანე! - უთხრა ცხენს.

ცხენმა მოწყენილი თვალებით შემომხედა. მერე, თითქოს თვალებს არ დაუჯერა, რამდენჯერმე აჩქარებით დაახამხამა, მერე მიცნო და ნესტოები დაბერა, ყურები აცქვიტა, გაუკვირდა.

- საიდან?

კაცს არც მისი სიტყვა გაუგონია. ცხენს გვერდიდან წამოუარა, აქ უნაგირზე გადაკიდებული ხურჯინის გაბერილი თვალიდან პატარა ბატკანი იჭყიტებოდა, კაცმა ამწია და ცხვირი იმ ბატკნის ცხვირზე მიმადებინა. ბატკანი შეშინდა, აფართხალდა და ბღავილს მოჰყვა. კაცმა ისევ მიმადებინა ცხვირი ცხვირზე, თან სულ იცინოდა. არც ცხენის ბუზღუნი გაუგონია:

- გაიჩინა საქმე! გაუშვი, რას აწვალებ!

კაცმა ხურჯინის პირი გამოხსნა, კარგად გასწი-გამოსწია და მეც ბატკნის გვერდით ჩამაბრძანა. ბატკანი გადაირია, მაგრამ კაცმა ისე გაგვხლართა ბაწრით, ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, ვერ ამოვხტებოდით.

და წარმოიდგინეთ ახლა: ვსხედვართ ხურჯინის ერთ თვალში ერთად ბატკანი და მე, მელა, მარტო თავები გვაქვს მაღლა ამოყოფილი, ბატკანი ბღავის, მე ხან ვწკმუტუნებ, ხან ვიღრინები. ცხენი მიდის, თავის პატრონზე ბრაზობს.

- იშოვა, რა, გასართობი!

კაცი კი მიბარგანობს, მალ-მალ შემოგვხედავს და იცინის.
II

ასე ვიარეთ ჯერ წყაროს ნაპირ-ნაპირ (რა თქმა უნდა, წყარო ჩვეულებრივად მოდიოდა), მერე ჭალაში გავედით. მე ცოტა დავმშვიდდი, ჯერჯერობით მაინც არავინ მცემდა, მოკვლით არავინ მემუქრებოდა. ჩხიკვის ჩანისკარტებულიც დამიამდა. მივუბრუნდი ბატკანს და ვეუბნები: ნუ ბღავი, შენს შეჭმას სულაც არ ვაპირებ-მეთქი. იმ სულელმა კი რა მიპასუხა, იცით?

- საძაგელი სუნი აგდისო.

როგორ გინდა ამ სიტყვების ატანა! შევხედე, კარგად დავაკვირდი და ვუთხარი:

- ახლა ვერ შეგჭამ, მაგრამ ამ სიტყვებისათვის დაგიმახსოვრებ, აი, მარცხენა ყური გაჭრილი გაქვს, და მერე, თავისუფალი რომ ვიქნები, მიწაში მოგძებნი და იქ ჩაგახრამუნებ.

ის სულელი უარესად აბღავლდა.

მაშინ ცხენმა თავი მოაბრუნა და გამოგვძახა:

- გაჩუმდით მანდ ერთიც და მეორეც, თორემ გამიწყდა მოთმინების ძაფი!

არ ვიცი, რას იზამდა ცხენი, მოთმინების ძაფი რომ მართლა გასწყვეტოდა, მაგრამ, რაც თქვა, ისე თქვა, ორივენი მაშინვე გავჩუმდით.

ვიარეთ ჭალა-ჭალა, ქაცვებს, წნორებსა და შრიალა ვერხვებს შორის, გავედით ქვიან რიყეზე და იქიდან დიდ წყალს მივადექით. კაცი ჩვენთან მოვიდა, მეც შემომღიმა და ბატკანსაც, მე ცხვირზე თითიც ჩამომისვა, - სულ ცოტას შეგაწუხებთო, და ცხენს ზემოდან გადაალაჯა. მივდიოდით ოთხივენი ერთად - ცხენი, კაცი, ბატკანი და მე - თანაც წყალში. ღრმად რომ შევედით, შემეშინდა, ნამდვილად წყალი წაგვიღებს-მეთქი, და წკმუტუნი მოვრთე. აბღავლდა ბატკანიც: კაცმაც ყვირილი დაიწყო:

- ჰა, აბა, ჰა, ჯავარიანო!

ცხენმა დაგვიტია:

- გაჩუმდით ყველანი, თავგზა ნუ ამიბნიეთ!

მე და ბატკანი გავჩუმდით, კაცი კი ყვირილს განაგრძობდა:

- ტურების სათრევო! ყორნების საწიწკნარო!

ცხენი ბოღმიანად ქშინავდა.

და, აი, აქ მივხვდი, რომ კაცს ცხენის ნათქვამიდან არაფერი ესმოდა; ცხენს ესმოდა კაცის ლაპარაკი, ჩვენც გვესმოდა, მე და ბატკანს, კაცს კი არაფერი გაეგებოდა ჩვენი.

დაბოღმილმა ცხენმა მაინც მშვიდობიანად გაგვიყვანა წყალში. მაგრამ კაცი ძირს აღარ ჩამოსულა. იჯდა ჩვენს მაღლა, მიქანაობდა, მიზაყუნებდა, მალ-მალე მოგვიბრუნდებოდა და დაგვძახებდა:

- ტურფებო! კოხტებო! ლამაზებო!

ცხენი ახლა ამაზე ბუზღუნებდა:

-იჯექი, რა, წესიერად, - ეუბნებოდა კაცს, - ბუზანკალი ხარ თუ რა ხარ!

მაგრამ, როგორც გითხარით, კაცს არაფერი ეყურებოდა ცხენისა!

ერთხანს ისევ ჭალა-ჭალა ვიარეთ, მერე ხეებით გადმობურულ ხევს ავყევით და დიდ, დაგვილ-დასუფთავებულ გზაზე ავედით, მივდივართ ამ გზაზე, ცხენი ფლოქვებს ხმამაღლა მიაპაკუნებს, და უცებ - მანქანა! მოდის, გვიახლოვდება ღმუილით. აშკარად ვხედავ, ოთხი კაცი უზის მუცელში, მაგრამ არც ჩვენი კაცი იბერტყავს ყურს, არც ცხენი და, წარმოიდგინეთ, არც ბატკანი. ავტეხე წკმუტუნი და ფართხალი, - გავიქცეთ-მეთქი! - ვყვირი. მაინც არავინ მისმენს! მაშინ ესღა მოვახერხე, რომ თვალები დავხუჭე და, რაც კი შეიძლებოდა, ხურჯინში ღრმად ჩავიყუნჭე.

ჩაიფრუტუნა კეთილმა ცხენმა და მითხრა:

- ავტომობილისა გეშინია, სულელო?! ეგ არავის ერჩის. გზაზე თუ არ დაუდექი, ზედაც არ შემოგხედავს.

სრული სიმართლე ყოფილა, ჩემო კეთილებო, ტყუილად გვშინებია მანქანა-ავტომობილისა, არც ადამიანებს ყლაპავენ, არც ცხოველებს. პირიქით, ადამიანები ატარებენ თავის ჭკუაზე. ჩვენ კიდევ, ტყიურნი, საკმარისია, ერთი კუდის გაშლაზე გადავიდეთ იმისი გზიდან, მორჩა, არავითარი საფრთხე აღარ გველის.

გამოჩნდა სოფელი, ამ სოფელს საყუნჭია გორიდანაც ვხედავდით ხოლმე, მაგრამ იქიდან მარტო სახლების სახურავები ჩანდა. აქ კი, პირველსავე სახლთან, წითელი მამალი დავინახე. იდგა გზის პირას არხეინად და ამვლელ-ჩამვლელს ათვალიერებდა. მე და ბატკანი რომ დაგვინახა, შეკრთა, ყელთან ბუმბულები აეწია, გაშტერებული მოგვჩერებოდა. უცებ, - კოკ-კოკოო, - მიბრუნდა და ელდანაცემი გაიქცა.

ჭინჭრებში თეთრი დედლებიც ყოფილიყვნენ და ისინიც კრიახით გაჰყვნენ.

ქათმები რომ ეზოს სიღრმისაკენ მიბრუნდნენ, იქიდან შავი ქოფაკი გამოვარდა. ჯერ ისე იყეფებოდა, სასხვათაშორისოდ, მერე მე მიცნო და გადაირია.

- არიქა, მელაო! არიქა, მელაო! - და სხვა ეზოებიდანაც გამოცვივდნენ ჭრელი, წითელი, თეთრი და მურა ძაღლები. ყველა იმას ცდილობდა, ამომხტარიყო და მე მცემოდა, მაგრამ ჩვენი ცხენი და კაცი არ შეუშინდნენ, კაცი მაღლიდან დაჰკიოდა და მათრახით სცემდა, ცხენმა ერთ-ორს კარგი წიხლი სდრუზა.

მე აქაც სიცოცხლის დიდი ნაწილი გავათავე.

ბოლოს ვიღაც სხვა კაციც გამოვიდა გზაზე, ძაღლები ქვების სროლით გარეკა და ჩვენს კაცს მიესალმა. ჩვენმა კაცმა უთხრა:

- მელას ლეკვი მომყავს და ეგ ძაღლები იმიტომ გადაირივნენ ეგრეო.

ის კაცი ახლოს მოვიდა. გაუკვირდა, გაეცინა. ხელი ცხვირზე დამკრა, მერე თითი პირთანაც მომიტანა (უცნაურია - ყველა ადამიანი ასე იქცევა, როგორც კი მომიახლოვდება). მე კბილები გავუკაპუნე, ის კი, ვითომც ძალიან შეშინებული, გახტა.

გამოჩნდა პატარა გაბრუნჩული ბიჭიც. პერანგი აეწია და მუცელს იფხანდა, თვალებს ძლივს ახელდა. თავი გვერდზე გადახარა და ასე დაგვიწყო ყურება თვალებმო- ჭუტულმა.

- რა არის, პაპაო.

- მელიკო, შვილო, პატარა მელა.

ბიჭმა არ დაიჯერა, როგორღაც უნდოდ გაიჭყანა, მერე ადგილს მოსწყდა და გამოიქცა. იმ ბიჭს სხვა ბიჭმა დაუძახა, სად მირბიხარო, მელააო. მელაო?! - გამოვარდა ის სხვა ბიჭიც. მერე კიდევ სხვა, მერე გოგოები, მერე ქალები, და შემოგვეხვივნენ ირგვლივ. ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული: სიცილი, ძაღლების ყეფა, გაკვირვების ამოძახილები. ჩვენი კაცი ცხენიდან ჩამოვიდა (ცხენი აქ უკვე დინჯად იდგა), მე ხურჯინიდან ამომიყვანა და მაღლა ამწია. ყველა ხელს იწვდიდა. ყველა იხვეწებოდა, მომეციო, მაგრამ ჩვენმა კაცმა არავის არ მიმცა. ცალი ხელით მკერდზე ვყავდი მიხუტებული, ცალითაც თავზე მეფერებოდა. ისე ვიყავი გადაოგნებული, ვეღარ ვიგებდი, ან საით მივდიოდით, ან ვინ რას ამბობდა. ერთი კი თავიდანვე ვიგრძენი: ადამიანებიდან აშკარად მტრულად არავინ მიყურებდა. პირიქით, როცა ერთი ცხვირპაჭუა ბიჭი მოვიდა, თვალებთან ჯოხივით რაღაც მომიტანა და წყალი შემომაშხაპუნა, იმ ბიჭს გაუწყრნენ, კინწიც კი წაჰკრეს და გააგდეს.
III

ვიარეთ, ვიარეთ და ერთ პატარა მოედანზე გავჩერდით. იქ სხვა ბავშვებიც შემოგვიერთდნენ, მოვიდნენ სხვა კაცებიც. იმათაც ძალიან გაუხარდათ ჩემი დანახვა. იცინოდნენ და ხან ერთი მხრიდან შემომივლიდნენ, ხან მეორე მხრიდან. ასე მგონია, ან პირველად ხედავდნენ ნამდვილ მელას, ან არადა, მე ვეჩვენებოდი რაღაც არაჩვეულებრივად.

- უყურე შენ, კაცო, რა ლამაზია, რა ყურებდაცქვეტილიაო.

ბოლოს ბავშვები გამოარღვია ერთმა თეთრწინსაფრიანმა მთლად დამრგვალებულმა შავმა კაცმა. მუცელთან, თეთრ წინსაფარზე, სისხლი ჰქონდა მოცხებული, სისხლისა და ხორცის სუნი ასდიოდა ხელებზედაც, არც არაფერი გაჰკვირვებია, არც თითი მოუტანია პირთან. იმ სისხლისა და ხორცისსუნიანი ხელებით დამწვდა, ამიყვანა, მაღლა ამწია, - მამალიაო, - ერთი ესა თქვა, მერე ჩემს დამჭერს მიუბრუნდა, - მე გამომყევი, ფშაველოო, - შებრუნდა და წავიდა.

მე გავშეშდი. ვიფიქრე, ეს გასისხლიანებული კაცი ახლა ჩემი სისხლით მოისვრის-მეთქი ხელებს. მოგვდევდნენ გოგო-ბიჭებიც, მაგრამ იმ კაცმა მიიხედა:

- ხომ არ გინდათ დავიღრიალოო.

გოგო-ბიჭებმა შეფიქრიანებულებმა დაიხიეს უკან, მე კი სახლში შემიყვანა. იქ, იმ სახლში, რამდენიმე მაგიდა იდგა, ირგვლივ კაცები ისხდნენ, პურსა და ხორცს ჭამდნენ, ღვინოს აყოლებდნენ. მე რომ დამინახეს, ყველანი წამოიშალნენ. ერთმა მაღალმა კაცმა, რომელიც მანამდეც ფეხზე იდგა, ღვინით სავსე ჭიქა ასწია და დაიძახა:

- ვინც მოვიდა, გაუმარჯოს!

- გაუმარჯოსო, გაუმარჯოსო! - დაიძახეს სხვებმაც.

მერე ყველანი ირგვლივ შემომეხვივნენ. მაღალმა კაცმა ჭიქა პირთან მომიტანა და ცხვირი შიგ ჩამაყოფინა, მე ავფრუტუნდი, დამრგვალებულმა კაცმა, მე რომ ვეჭირე, ხელი წაჰკრა, ე, გამოსულელებულოო! მაღალმა კაცმა ახლა იმას მიუტანა ჭიქა ცხვირთან, უნდოდა იმისათვისაც ჩაეყოფინებინა ცხვირი შიგ, მაგრამ დამრგვალებულმა კაცმა ზურგი შეუბრუნა, სხვებს სთხოვა, - უთხარით რამე, თორემ დავიღრიალებო, - მეორე ოთახში გამიყვანა, იქ ერთი დიდი ყუთი იდგა, შიგ ჩამსვა და სახურავი გადამაფარა.

დავრჩი იმ ყუთში მარტოდმარტო. ყრუ ხმაურიღა მესმოდა გარედან.

როცა მარტო ხარ, ან გძინავს, ან ფიქრობ. არ მეძინებოდა, მაშასადამე, უნდა მეფიქრა, ვიჯექი და ვფიქრობდი:

„ჩხიკვს შერჩეს ჩემი მოტყუება. მე ძირს დავდივარ, ის მაღლა დაფრინავს, ვერაფერს ვუზამ. ბატკანსაც შერჩეს, საძაგელი სუნი გაქვსო, რომ მითხრა... მაგრამ არა, ფიცი მაქვს მიცემული, მოგნახავ და შეგახრამუნებ-მეთქი. ესე იგი, უნდა მოვნახო და შევახრამუნო კიდეც, თუ ცოცხალი დავრჩი, რა თქმა უნდა... კაცი კი - რომ დამიჭირა და აქ მომიყვანა... იმავე კაცმა რომ ჩხიკვის ბრჭყალებიდანაც დამიხსნა?!“

ვერ იქნა და ვერ გავარკვიე, მადლიერი უნდა ვყოფილიყავი მისი თუ, პირიქით, მტრად უნდა მოვკიდებოდი, ბოლოს ამაზე ფიქრი სხვა დროისათვის გადავდე და უფრო გადაუდებელ რამეზე დავფიქრდი:

„მე ახლა საკუთარი თავის ანაბარა ვარ, მთავარია, არ შევშინდე, მთავარია, თავის დახსნის იმედი არ დავკარგო...“

ამას მასწავლიდა დედა, ამას ამბობდნენ ხოლმე მამაჩემის ამხანაგი ბებერი ბრძენი მელიები.

ავდექი და გავიარ-გამოვიარე - ჩვენებურად, მელურად: რბილად, წელის მიმოზნექით. არაფერი მტკიოდა, კიდევ გავიარე და გამოვიარე. სულ ცოტათი მეწვოდა ჩხიკვის ჩანისკარტებულები. ყუთის კედელზედაც ავტოტდი, სახურავსაც მივაწექი ცხვირით, მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი. სამაგიეროდ, თვითონ აიხადა ცოტა ხნის მერე, დამრგვალებულმა კაცმა გაბრწყინებული თვალებით ჩამოიხედა, ხელიც ჩამოყო, ხორცის ნაჭრები ჩამომიყარა. ხორცს ჯამში ჩასხმული რძეც მოაყოლა - ფრთხილად ჩამოდგა ყუთის შუაგულში. ჯერ კუთხეში მივიკუნჭე, ვფიქრობდი, პირი არ დამეკარებინა არაფრისათვის, მაგრამ მერე გამახსენდა - მთავარია, არ შევშინდე, მთავარია, თავის დახსნის იმედი არ დავკარგო, - და ხორცის ჭამა დავიწყე. ხორცი ძალიან მაგარი იყო, მაშინ ჯერ რძე ამოვსვლიპე და ხორცს მერე მივუბრუნდი. ვღრღნიდი ერთ ძვალს, ვღრღნიდი და ისევე ჩამძინებოდა ძვალზე პირმიდებულს.

თვალი რომ გავახილე, ჩემ წინ პატარა თაგუნა იჯდა. ხან წინ წამოიწევდა, ხან უკან დაიხევდა, მიეყრდნო ყუთის კუთხეს და წრიპინა ხმით მეკითხება:

- ვინა ხარ?

მე თავი ვალდებულად არ ჩავთვალე, პასუხი მიმეცა.

- ძაღლი ხარ? - ისევ მეკითხება ის და თან ცოტა წინ მოდის.

არც ამაზე ვუპასუხე არაფერი.

- კურდღელი ხარ? მაშ, მგელი ყოფილხარ! - თქვა და გადაიკისკისა.

აქ კი აღარ მეყო მოთმინება და ვუთხარი:

- მელა ვარ.

- მელა? - ერთი კი შეფიქრიანდა, მაგრამ მერე ისევ გაიცინა. - მელა - მაკარონის ყუთში?

ძალიან კარგად ვიყავი დანაყრებული, მაგრამ ჩემი მელობა რომ დამემტკიცებინა, ვისკუპე და ის წრუწუნა თვალის დახამხამებაში გავაქრე. თანაც მუქარით გავიარ-გამოვიარე, ბრჭყალებიც გავუსვი ყუთის ძირზე - მისიანები თუ იყვნენ სადმე ახლოს, ასეთი თავხედური ლაპარაკი აღარ გაებედათ ჩემთან.

თაგვთა სამეფოდან აღარავინ გამომცხადებია. რამდენჯერმე აიხადა ყუთის სახურავი, ხან მარტო ჩამოახედა გაპრიალებული ცხვირი და გაბრწყინებული თვალები დამრგვალებულმა კაცმა, ხან სხვებიც ჰყავდა გვერდით. მიყურებდნენ, იცინოდნენ, უკვირდათ, რომ ნამდვილად მელას ლეკვი ვიყავი, თავებს იქნევდნენ კმაყოფილებით, მიყრიდნენ ხან რას, ხან რას. ცოტა ხანში იმდენი და იმდენნაირი საჭმელი დამიგროვდა, აღარ ვიცოდი, თავი საით მიმებრუნებინა. ყველაფერი მეზიზღებოდა. „ალბათ, გამზრდიან, გამასუქებენ და მერე მომიღებენ ბოლოს“, - ვფიქრობდი როგორღაც გულის გარეთ. ჰო, არ მინდოდა, გულში შემეშვა ეს ფიქრი.
IV

კიდევ კარგი ყუთში დიდხანს არ ვმჯდარვარ. რომ დაღამდა, იმ დამრგვალებულმა კაცმა ფრთხილად ამიყვანა, კალათში გადამსვა და ზემოდან რაღაც ძონძი გამიჭიმა. კალათიდან უკვე ყველაფერს ვხედავდი, რაც გარეთ ხდებოდა. დამრგვალებულ კაცს თეთრი წინსაფარი აღარ ეკეთა, ხელებიც სუფთა ჰქონდა, მაგრამ ქონის სუნი მაინც ასდიოდა. მაგიდებთან აღარავინ იჯდა, მათი გაშეშებული ფეხებისქვეშ ერთი ბალანგამოთელილი ჭრელი კატა დადიოდა. ჩემი იქ ყოფნა არც კი გაუგია, ძვალი იპოვა და იმას მიუცუცქდა.

დამრგვალებულმა კაცმა სინათლე ჩააქრო, კალათიანად ამიყვანა, კარი გამოიხურა, დერეფანში მდგარ სხვა კაცს რაღაც ჩაუჩურჩულა და გზის აყოლიება წავიდა.

ჩვენ ხომ ღამითაც მშვენივრად ვხედავთ, მით უფრო, მთავარიან ღამეს, გზაზე აღარავინ იყო, მარტო ნიავი მოდიოდა ჩვენ შესახვედრად. შევყურებდი გორაზე გადმომდგარ დიდ, გაბრდღვიალებულ მთვარეს და გული მეწურებოდა, ამ მთვარეს ხომ დედაჩემიც უყურებს-მეთქი. მომენატრა დედის თბილ ფერდზე თავის მიდება, ჩემს და-ძმებთან ღლაბუცი, მწვანიან ველში სირბილი, ამიჩვილდა გული და ამოვიწკმუტუნე შეწუხებულმა, ამოვიწკმუტუნე ჩემთვის, ჩუმად, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, ძაღლები აღავღავებულიყვნენ. სადღაც შეშფოთებით დაიყივლა მამალმაც, ამოიყროყინა ვირმაც. ვიღაც კაცმა სახლის კარი გააღო და გადმოიძახა:

- ქსი! ქსი! მიდით, არ გაუშვათ!

ამან ხომ უფრო გააგულიანა ის ძაღლები, ჩვენკენ გადმოეშვნენ, მაგრამ დამრგვალებული კაცი არც იმ ძაღლების ღავღავს აქცევდა ყურადღებას და არც აივანზე გადმომდგარ კაცს. მიდიოდა აღმართ-აღმართ და მიღიღინებდა. ისეთი დაბალი ხმა ჰქონდა, ვერაფრით ავხსენი, რა იყო, რომ ყველას ამ ხმით აშინებდა.

ვიარეთ ასე, სულ აღმართ-აღმართ და ერთ ხეებით შემობურულ სახლს მივადექით. დამრგვალებულმა კაცმა რაღაც პატარა კარი გააღო და მერე შიგჩამდგარმა დაიძახა:

- ექიმო!

ამ დაძახებაზე ახლა აქ აღავღავდა ძაღლი (ეეჰ, ქვეყნად ჩვენ სულ ვცოტავდებით, ძაღლები კი მრავლდებიან და მრავლდებიან). დაიკრიახეს ხეზე მსხდარმა ქათმებმაც. სახლიდან კი კაცი გამოვიდა და იკითხა:

- რომელი ხარ?

- მელქო ვარ, ექიმო.

- რა გაგჭირვებია, მელქო.

- არაფერი, შენი ჭირიმე, ერთი რამე მოგგვარეთ.

- რა მომგვარე, კაცო?!

- პატარა მელა.

- რას მელაპარაკები!

- მააშ, ფშავლისგან ვიყიდე დღეს.

ძაღლს ხმა ჩააწყვეტინეს, კიბე ამატარეს და ელექტრონით გაჩახჩახებულ ოთახში შემიყვანეს.

დამრგვალებული კაცი ჩამომიცუცქდა, თან სულ ლაპარაკობდა:

- ერთხელ ბრძანებდით, ეგეთი რამე მინდაო, დამამახსოვრდა და, აი, მოგიყვანეთ.

კალათას თავსაფარი გადახსნა, ორივე ხელი მომდო ფერდებში და ამომიყვანა. ექიმმა უკან დაიხია და ღიმილით გაებადრა სახე. მე ცოტა კი გავაქან-გამოვაქანე ფეხები, ავაკაპუნე კბილებიც, მაგრამ ისევ მალე გავჩუმდი. რა აზრი ჰქონდა ფაფხურსა და წკმუტუნს! სჯობდა, ბედს მივნდობოდი, - რაც მოსახდენი იყო, მაინც ის მოხდებოდა ბოლოს.

- ნამდვილი მელაა, კაცო? - უკვირდა ექიმს.

- აბა, როგორ, ექიმო!

- დახედე შენ ამას!

დამრგვალებული კაცი ხან ასე შემატრიალებდა, ხან ისე, ჩემს მუცელს უჩვენებდა ექიმს.

- მერე, ხვადია, უყურეთ!

- მართლა, ხომ იცი.

- ძალიან ყოჩაღია, სულ იღრინება.

მუცელზე მიმიხუტა და ცხვირზე ხელი დამკრა. მე მართლა შევუღრინე.

- ხომ ხედავთ?

- რწყილები არ ეყოლება?

- როგორ გეკადრებათ, ბატონო, ძალიან სუფთა მელაა, აი, ნახეთ! - მუცელზე დამიწყო ბერვა.

- ჩასვი, ჩასვი, ისევ კალათში ჩასვი, კარგი ამხანაგისთვის მინდა ეგ მე.

კალათშივე ჩამსვეს და ძონძიც ისევ გადამაფარეს ზემოდან. ვიჯექი და ყურს ვუგდებდი კაცების ლაპარაკს.

- რამდენი უნდა მოგცე, მელქო, ახლა მე შენ.

- რასა ბრძანებთ, ექიმო. მე მაგაში ფულს როგორ გამოგართმევთ. რაც თქვენ ჩემზე სიკეთე გაქვთ გაწეული, რასა ბრძანებთ.

- ისე არ მივიღებ, მელქო.

- რა ბრძანებაა, ექიმოჯან, ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა, არც შენ გაკლია, არც მეო.

- ჰო, ეგეც მართალია. მაინც ჩემზე იყოს.

- არაფერი. რა ბრძანებაა!

დამრგვალებულმა კაცმა ხელები შარვლის უკანა უბეზე შეიწმინდა და კარისაკენ წავიდა.

- ღამე მშვიდობისა და კეთილად მოგახმაროთ ეგ მელა.

„მოგახმაროთო?!“ - მე ყურები ვცქვიტე, - რას ნიშნავს ეს „მოგახმაროთო?“

მაგრამ ამის შემდეგ ისეთი აღარაფერი უთქვამთ, ამ სიტყვის მნიშვნელობა გამეგო.

- დიდი მადლობელი, მელქო. ჰო, მართლა, რა უნდა ვაჭამოთ, კაცო.

- ყველაფერს გეახლებათ, ექიმო, ხორცს, რძეს, კარაქს, ყველს. ყველაფერს გეახლებათ.

- ჩემზე იყოს, მელქო, ჩემზე.

- რასა ბრძანებთ, ღამე მშვიდობისა, კარგად ბრძანდებოდეთ.

დამრგვალებული კაცი ოთახიდან გავიდა, მაგრამ ისევ შემობრუნდა.

- როგორ დამავიწყდა. მოდით, იცი რა? კალათიდან ამოვიყვანოთ და ყუთში ჩავსვათ. ეს გადასაფარებელი არ დახიოს და არ გაიპაროს. გექნებათ ყუთი რამე, სახურავიანი?

- მაქვს, როგორ არა მაქვს.

ექიმი სადღაც წავიდა და ყუთი მოიტანა. კალათიდან ამომიყვანეს და იმ ყუთში ჩამსვეს. ისეთი პატარა იყო, ძლივს ვახერხებდი მიბრუნ-მობრუნებას, თანაც დამპალ ძირხვენასავით ცუდი სუნი ჰქონდა. მთელი ღამე მოუსვენრად მეძინა. მაგრამ მეორე დღესაც იქ ვიჯექი, და თანაც მშიერი. გათენებისას ვიღაცები მოვიდნენ და ექიმი სადღაც წაიყვანეს. მე კი ვიდექი და ხან ერთ კუთხეს მივაჭერდი ცხვირს, ხან მეორეს. კუთხეებიდან სინათლის ვიწრო ზოლები შემოდიოდა, გარეთ რაღაც-რაღაცებსაც ვარჩევდი: მაგიდის ფეხებს, ცარიელ ქილებს, ვედროს, ცოცხს, ექიმის ჩექმებს. სულდგმული კი მთელ დღეს არ გაჭაჭანებულა ოთახში, ბუზებს თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, რომელთა ბზუილი ხან საიდან ისმოდა, ხან საიდან.

ექიმი საღამოს ძლივს დაბრუნდა. შემოაღო თუ არა კარი, მაშინვე ავიშვიშდა:

- რა დამემართა ეს, ცუგრუმელავ, რა დამემართა, როგორ დაგტოვე აქამდე უსმელ-უჭმელი!

ხან იქით გარბოდა, ხან იქიდან აქეთ გამორბოდა, რაღაცებს აჩხარუნებდა. ბოლოს ყუთის სახურავი ცოტაზე გადასწია და ჯამით რძე ჩამომიდგა. ერთხელ კიდევ ამეკვიატა ფიქრი, მოდი, სულ აღარაფერს ვახლებ პირს, შიმშილით მოვიკლავ თავს და მოვისვენებ-მეთქი. მაგრამ იმ საძაგელი სუნით გაჟღენთილ ყუთში რძის სუნმა რომ დამკრა, ვეღარ მოვითმინე და ენა მოვუქნიე. ექიმმა მოფერებით გადამისვა ხელი ზურგზე, მე კბილები გავუწკაპუნე. ამაზე იმას გაეცინა და ისევ სადღაც გაიქცა. ახლა ხორცი მომირბენინა, დიდი ქათმის მთელი ფრთა, მოხარშული. უკეთესი იქნებოდა, ის ფრთა უმი რომ ყოფილიყო, მაგრამ სულ უარარაობას მაინც ეს ჯობდა.

ჩავცუცქდი და ნელ-ნელა დავიწყე ღრღნა, ძვლების ტკვერვა.

ექიმი კი სულ დარბოდა, ღიღინებდა, ტანსაცმელს იხდიდა, სხვებს იცვამდა. ცოტა ხანში ისევ ჩემთან მოვიდა, ყუთის სახურავი გადასწია, ჩამომხედა და მითხრა:

- დალიე რძე?

მე არ ვუპასუხე, მაშინ ისევ იმან მკითხა:

- ხორცი ხომ მოგეწონა?

ჩემი პასუხისთვის აღარ დაუცდია, ჩამოყო ხელი, რძიანი ჯამი ამაცალა და მითხრა:

- ახლა ჩვენ ავტობუსში ჩავსხდებით და ქალაქში წავალთ, ხომ არ გეშინია ავტობუსისა? ნურაფრისა შეგეშინდება. ჩვენ იმ ავტობუსს... ავიღებთ ბილეთს და ხმას ვერავინ გაგვცემს. როცა ბილეთი გაქვს, სმენაზე უნდა დაგიდგეს ყველა.

ყუთს სახურავი დაახურა, ზემოდან რაღაც გადააკრა, იღლიაში ამოგვიდო, კარი გამოიხურა და შორეულ გზას გაგვიყენა ის ყუთიცა და მეც.
V

ავტობუსში რამდენიმე კაცი და ქალი დაგვხვდა. რომ გაიგეს, ყუთში მე ვიჯექი, ერთი ამბავი ატეხეს. შემოეხვივნენ ექიმს და დაუწყეს ხვეწნა: სახურავი ცოტაზე გადასწიე და გვაჩვენეო. ექიმი უარობდა, მაშინ კიდევ ერთმა ქალმა სთხოვა წყნარი, სასიამოვნო ხმით. ექიმმა ამ ქალს კი ვეღარ უთხრა უარი, ყუთიდან ამომიყვანა და ხან ერთის ცხვირწინ გამაჩერა ფეხებგაფარჩხული, ხან მეორის ცხვირწინ.

კაცებიც და ქალებიც ძალიან გახარებულები იყვნენ.

მერე ამას ის მოჰყვა, რომ ვიღაცამ ერთმანეთზე გადაბმული ქათმები ამოიყვანა და ზედ ცხვირთან დამიწყო. მხოლოდ თხელი, ძალიან თხელი ფიცარიღა გვყოფდა მე და იმ ქათმებს. მიხვდნენ ადამიანებიც ამ ამბავს და ატეხეს ხარხარი:

- ვანო! ვანო! მოდი, ყუთში ჩაუსვი ერთი ქათამი! - იძახდა ვიღაცა უკნიდან.

- ჩავუსვამ, რატომაც არ ჩავუსვამ, - თანახმა იყო ვანო. მაგრამ ექიმმა არ დაანება. ეს კი არადა, ყუთიც მოარიდა ყველას, ფეხებქვეშ ამოიდგა.

აღმუვლდა მანქანა და დაიძრა. მიუხედავად იმისა, რომ წინადღეს კეთილმა ცხენმა დამარიგა, ავტომობილები არავის ერჩიანო, მაინც შიშმა ამიტანა. თავგზააბნეული მივაწყდი ყუთის კედელს. მერე და მერე კი, ისეთი რომ არაფერი მოხდა, დავმშვიდდი. მივდიოდით. მივქანაობდით. კაცები ისევ ჩემზე ლაპარაკობდნენ. ჩემზე და სხვა მელებზე. აი, რა იამბო ერთმა არხეინად, სიტყვების დაგემოვნებით:

- შარშანწინ, შემოდგომაზე, კუკუნის ღელეში მივდიოდი და რასა ვხედავ: მორბის დაფეთებული კურდღელი და უკან ერთი ხვადი მელა მოსდევს. მორბის, მოხუხუნებს, კუდი მთელ სიგრძეზე აქვს გაჭიმული. თოფი მაქვს, გადმოვიღე. ბეცი კურდღელი ვერა მხედავს, მოდის პირდაპირ ჩემკენ. მელამ კი იმწამსვე დამინახა და, ხომ იცით მელას ხასიათი, მაშინვე მიწას გაეკრა. ეგონა, ვერ დავინახე. ჩამიარა კურდღელმა გვერდზე. არ ვესროლე. მინდა, მელას გავუწბილო ეშმაკობა, გავუშვირე და - ბაც! - იქვე, მიწაზე დავაკარი დალურსმულივით. ტყავი ჰქონდა, აი, ბალანი, ოთხი თითის დადება. დედაკაცს ქათიბი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ერთ ღამეს მოაჯირზე დარჩენოდა, გადაეთრიათ ძაღლებს და დაეგლიჯათ.

მოდი და გულმედგრად იყავი ამგვარი ლაპარაკის შემდეგ. გულისრევასავით რაღაცა ვიგრძენი. მოვიკუნტე, კუდი ცხვირზე დავიფარე, ყურებიც ჩამოვლურსე, რაც შეიძლება ნაკლები ხმები რომ გამეგონა, და ასე ვიყავი ქალაქამდე.

ქალაქი დიდი სახლებისა და სინათლეების ტყეა. ასეთი ხმა აქვს, თითქოს მდინარე ადიდებულიყოს. მოთქრიალებს, მომურმურებს, მოდგანდგარებს.

აღარ მშველოდა ცხვირის კუდქვეშ დამალვა და ყურების ჩამოლურსვა. მთელი სხეული დამიბუჟდა მღელვარებისაგან. თანაც ავტობუსმა მალ-მალე დაიწყო გაჩერება, მე - ფიცრის კედელზე მიხლა-მოხლა. რამდენჯერაც გაჩერდა, იმდენი ვიღაც ჩავიდა. ბოლოს ექიმმაც ამიყვანა, ჩვენც ჩამოვედით მიწაზე. ცოტა ხანს ასე მატარა, მერე სხვა მანქანაში ჩამსვა, იქ მარტო ერთი კაცი იჯდა. შევედით თუ არა, იმ კაცმა მაშინვე ეს წამოიძახა.

- ნადირი რამე ხომ არ მოგყავთ მაგ ყუთით?

- არ გადამრიოთ! - გაოცდა ექიმი. - როგორ მიხვდით?

- ნადირია?

- მელას ლეკვი. როგორ მიხვდი, კაცო!

-სუნით! სუნით! უჰ, რა სასიამოვნო სუნი დააყენა.

- ვაჰ! - კიდევ უფრო გაუკვირდა ექიმს.

მანქანა ჯერ წავიდა, მერე ისევ გაჩერდა და იმ კაცმა ხვეწნა დაიწყო:

- ერთი შემახედეთ, რა! შემახედეთ, თქვენ გენაცვალეთ. მაგათ რომ ვხედავ, ხუთი წლის სიცოცხლე მემატება.

- შენ ოღონდ ერთი წლის სიცოცხლე მაინც მოგემატოს და... - გაეცინა ექიმს. ყუთს სახურავი გადახადა. კაცმა ჯერ გაბრწყინებული თვალებით ჩამოიხედა, მერე ხელები ჩამოყო. კანკალით, დიდი სიფრთხილით მომკიდა ფერდებზე, მაღლა ამწია და ზედ ცხვირზე მაკოცა.

- შენ გენაცვალე, რა! ვახ, ხვადო, გულგოროზო!

ამ კაცის საქციელმა ხომ სულ გამაბრუა. აღარ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემ ირგვლივ. ჩვენ, ნადირთ, ყველას ასე გვჯეროდა, დიდსაც და პატარასაც, ადამიანზე დიდი მტერი არავინა გვყავს ქვეყანაზე. მაშ რაღას ნიშნავდა ამდენი ალერსი და აღტაცება?!

იქნებ ეს იმის აღტაცებაა... ჰო, მალ-მალე წამოტივტიდებოდა ხოლმე ეს აზრიც, - იქნებ ეს იმის აღტაცებაა, ხელში რომ ჩავუვარდი და წინასწარ ზეიმობდნენ ჩემი მოსპობის დღეს?

ამ აზრმა გული შემიჩქროლა და ამოვიწკნავლე, გავიბრძოლე.

- არა, არა, გენაცვალე, არ გაბრაზდე!

კაცმა ისევ ფრთხილად ჩამსვა ყუთში.

- ზოოპარკში მიგყავთ? - ჰკითხა ექიმს.

- არა, ამხანაგს უნდა მივუყვანო.

- ხომ... ხომ არ გაყიდით?

- როგორ გეკადრებათ!

- ვაჰ, შენ გენაცვალე.

მანქანა დაიძრა და წავედით. ვიარეთ, ვიარეთ და ისევ გავჩერდით. ექიმმა ძირს ჩამომიყვანა. მანქანაში მჯდარი კაცი მაინც მე მეძახდა.

- ცქვიტო! ეშმაკო! შენ გენაცვალე, შენ!

ექიმმა სახლში შემიყვანა. რაღაცებმა გაიჩხაკუნა და გავფრინდით მაღლა. გავჩერდით, იმ ოთახიდან გამოვედით და დიდ კარს მივადექით. იქ გაგრძელებული წკრიალი გაისმა. ცოტა ხანში ხმაურით გაიღო კარი.

- ოო! - ამოიძახა კარიდან გამოსულმა.

- მოვედი და დამხვდი! - შეაგება ექიმმა.

ერთმანეთთან ახლოს მივიდნენ და გადაეხვივნენ.

მერე შიგნით შევიდნენ. მეც შემიყვანეს.

- რა არის ეგ, კაცო? - იკითხა მასპინძელმა.

- აბა, რა იქნება, თუ მიხვდები.

- ინდაური?

- აჰ!

-ბატი?

- კაი, კაცო! რაზე მელაპარაკებოდი ამას წინათ?

- როდის?

- ჩემთან რომ იყავი, სოფელში.

- არ გადამრიო! ლეკვია რამე?

- მელასი.

- გადამრევ შენ, ნამდვილად.

- ა, ბატონო!

ექიმმა ყუთს სახურავი ახადა და მასპინძელმა კიდევ ერთხელ გადაკოცნა.

- რომ იცოდე, რა ბიჭი ხარ! წავედით ახლავე.

- სად, კაცო.

- ჩემს დასთან.

მასპინძელი დაფაცურდა. რაღაც ჩაიცვა, ყუთი იმან ამოიდო იღლიაში და ისევ გარეთ გამომიყვანეს. აქაც მანქანაში ჩამსვეს. მატარეს ცოტა ხანს. ჩამომსვეს. ისევ გავფრინდით მაღლა-მაღლა, კარს მივადექით. აწკრიალდა ზარი. გაგვიღეს, გამოვიდა კაცი, გაიხარა.

- ოო, მობრძანდით, მობრძანდითო.

- ნუკრი სად არის? - იკითხა ექიმის ამხანაგმა.

- ნუკრი, ნუკრი! - იძახდა ხან ერთი, ხან მეორე.

მოირბინა პატარა ბიჭმა.

- ხომ ჭამ ვაჟკაცურად, - ჰკითხა ექიმის ამხანაგმა.

- ვჭამ, - მიუგო ბიჭმა.

- ხომ აღარ აბრაზებ დედას?

- აღარ ვაბრაზებ.

- ვაჟკაცის სიტყვას ამბობ?

- ვაჟკაცის სიტყვას.

- მაშ, აი, ამ ყუთს სახურავი ახადე.

ყუთი ძირს დადეს. ნელ-ნელა აიხადა სახურავი. ბიჭმა ამოიკივლა:

- ვაი!

კაცებმა ხარხარი ატეხეს. ბიჭმა კი გაუბედავად წამოიღო ხელები ჩემკენ. უცებ დამწვდა, ამიყვანა, პატარა მანძილზე გაიქცა. კედელთან შედგა, მკერდიდან მომიცილა და მკითხა:

- გეშინია?

კაცები იდგნენ და იცინოდნენ.

მე აქეთ-იქით ვიხედებოდი.

არ ვიცოდი, მეშინოდა თუ არა.
VI

კედელზე გალია ეკიდა და შიგ ჭივჭავი იჯდა. პირველად ასე მომეჩვენა, რომ ეძინა, მაგრამ უცებ თვალები დაჭყიტა და ერთი ამბავი ატეხა:

- თქვენ მაგას არ იცნობთ, ეგ მელაა, მე ბებერი ჭივჭავი ვარ და არაფერი მესწავლება. ეგ მელაა, ეგ ყველას შეგვჭამს.

ფრთებს აფართხუნებდა, ერთი ქანდარიდან მეორეზე ხტებოდა, იმდენი ივიშვიშა და იქოთქოთა, ყველას ყურადღება მიიქცია.

ექიმმა თქვა:

- უყურეთ ერთი, ჩიტს როგორ გაუხარდა.

მეორე კაცმა, ბიჭის მამამ, თავი დაუქნია და იმანაც ღიმილით დაუდასტურა:

- რა თქმა უნდა. ეგეც ტყის შვილია და, რა თქმა უნდა, გაუხარდება. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: თხას თხა ურჩევნია ას სულ ცხვარსაო.

პატარა ბიჭმა კი ჯერ კაცებს შეხედა, მერე ჭივჭავს მიუბრუნდა:

- ნუ გეშინია, ფანცქალ, ეს არავის შეჭამს.

- ახლა არა, მაგრამ გაიზრდება და მერე შეგვჭამს.

- დაწყნარდი, დაწყნარდი. არც მაშინ შეჭამს არავის.

- მე ბებერი ჭივჭავი ვარ. მე არაფერი მესწავლება.

- ვიცი, ვიცი, მაგრამ მაინც დაწყნარდი.

ჭივჭავი ქოთქოთს განაგრძობდა და ერთი ქანდარიდან მეორეზე ხტოდა. მაშინ ბიჭმა გალიას ფარდა გადააფარა. ჭივჭავმა ცოტა ხანსაც იჯუჯღუნა და გაჩუმდა.

მე, ვგონებ, უკვე გითხარით, მომბეზრდა ხელიდან ხელში გადასვლა, გულგრილად ვხვდებოდი ყველაფერს, მაგრამ ჭივჭავისა და ბიჭის ლაპარაკი რომ მოვისმინე, ძალიან გამიკვირდა და ბიჭს ვკითხე:

- ჩვენი ენა გესმის?

ბიჭს გაეღიმა, თითქოს შერცხვა კიდეც.

- ცოტა.

- სხვა ადამიანებს რომ სულ არ ესმით?

- ზოგს ესმის. ვინც ისწავლის, გაიგებს კიდევაც.

- შენ როგორ ისწავლე?

- ეგ გრძელი ამბავია. თანაც, იცი... - ბიჭს სახე დაუნაღვლიანდა და უფროსებს შეხედა.

უფროსები იდგნენ და სულ ჩვენ გვიყურებდნენ.

- აი, ასეა, - თქვა ბიჭის მამამ, - ასე ელაპარაკებოდა ხოლმე ლეკვსაც. თითქოს მაგათი ენა და ნაფიქრალი ესმოდეს.

- ბავშვია, ბატონო, - თქვა ექიმმა, - ბავშვებს კი, მოგეხსენებათ, უზარმაზარი ფანტაზიის უნარი აქვთ.

ამ ლაპარაკის დროს ოთახში ქლი შემოვიდა. ის ჯერ კაცებს მიესალმა. ექიმის ამხანაგს აკოცა კიდეც. მერე ბიჭისაკენ მობრუნდა და სახტად დარჩა.

ბიჭი იატაკზე იყო ჩამომჯდარი და მე მეფერებოდა.

- ეს რა არის! - წამოიძახა ქალმა. - შენი ამბავია ეს, არა, სანდრო? რა გინდა, უნდა დაგვიღუპო ბავშვი? ამას კი ვეღარ აიტანს ზეინაბი.

ექიმის ამხანაგმა გადაიხარხარა.

- პასუხისმგებლები ვართ ორივენი. მეცა და ნუკრიც. ჩვენ ვიცით ჩვენი საქმისა.

ქალმა მაინც თავისი განაგრძო: ცოფიანი რომ იყოს? თურმე ნუ იტყვით, ოდესღაც, სადღაც, მინდვრიდან შინმიმავალ ქალებს სწორედ ჩემოდენა მელას ლეკვი უნახავთ. ერთს დაჭერა მოუნდომებია, ლეკვს ოდნავ გაუკაწრავს, ქალი გაცოფებულა და მომკვდარა.

ამაზე ექიმმა მიუგო, რომ ცოფს წყლის შიშსაც ეძახიან, თუ ცხოველი წყალს სვამს და საჭმელსაც აუღელვებლად მიირთმევს, არავითარი ცოფი არ არის საეჭვოო.

მაშინ ქალმა დაიჩემა, რწყილები მაინც ეყოლებაო.

ექიმმა ამაზედაც გამოიდო თავი, რასა ბრძანებთ, ქალბატონო, ძალიან სუფთა ლეკვიაო. მაგრამ აქ კი ამაო გამოდგა მისი თავგამოდება. წამიყვანეს და თბილი წყლით მაბანავეს. კიდევ კარგი, რომ ბიჭი თავზე მედგა და მამხნევებდა:

- ცოტა მოითმინე, სულ ცოტა მოითმინე და მორჩა! მე ყოველდღე ვბანაობ ასე! შენც ცოტა მოითმინე. ეგ კარგია.

მასხეს და მასხეს წყალი. მფხანეს და მფხანეს სავარცხლით. ყურს არ უგდებდნენ ჩემს წკმუტუნსა და ცხიკინს. როდის-როდის ამომიყვანეს წყლიდან, ძონძებით გამამშრალეს, მერე სხვა ძონძში გამახვიეს და ბიჭთან დამტოვეს. ბიჭს მკერდზე ვყავდი მიხუტებული, ძონძებიდან მარტო ცხვირი მიჩანდა, დამატარებდა აქეთ-იქით და მელაპარაკებოდა:

- აბა, ხომ არაფერი დაგიშავდა. რა იყო, რა ამბავში იყავი! ნახავ, როგორ მსუბუქად იგრძნობ თავს. ჩვენ ახლა... ჩვენ ახლა შენთვის სახელი უნდა მოვიგონოთ.

მე ვუთხარი, რომ სახელი უკვე მერქვა.

- აი, ჩემი სახელი: ბჰაჰ-ბჰაიჰ-ბიჰ!

- მაგას ჩვენს მეტი ვერავინ გამოთქვამს. მე დაგარქმევ... დაწყნარდი, თორემ კანკალას დაგარქმევ. აბა, რატომ კანკალებ? ხომ ხედავ, ცუდს არავინ გიპირებს. პირიქით, დიდებული ცხოვრება მოგელის.

- არავითარი დიდებული ცხოვრება არ მინდა. მე დედასთან და ჩემს და-ძმებთან მირჩევნია.

- დედას და და-ძმებსაც ნახავ.

- როდის?

- ჯერ იყავი ჩემთან და, თუ არ მოგეწონა, მერე დედაშენთან და შენს და-ძმებთან დაგაბრუნებ.

ისე სანდოდ მელაპარაკებოდა, ვეღარაფერი ვთქვი. ძონძიანად დამსვა ძირს და თბილი რძე დამიდგა. ის რძე დავლიე, მერე ყველის მოზრდილი ნაჭერიც შევჭამე და ფეხის გასაშლელად ცოტა გავიარ-გამოვიარე.

- ცხოვრებაში მთავარია მშიშარა არ იყო, - მეუბნებოდა ბიჭი. - თუ მშიშარა იქნები, ყველაფერი დამახინჯებულად მოგეჩვენება, ვერასოდეს ვერ იგრძნობ, როგორი ლამაზია ტყე, როგორი ლამაზია მდინარე, როგორი ლამაზია ვარსკვლავებიანი ზეცა. შენ უშიშარი უნდა გაიზარდო. ამიტომ უშიშას დაგარქმევ. უშიშ! უშიშავ! უშიშ!

მომეწონა ეს სახელი, მაგრამ მაინც არ მიგრძნობინებია, რომ კმაყოფილი დავრჩი. ვითომდა მხოლოდ კედლის ძირების სუნვითა და თვალიერებით ვიყავი გართული.

- მაშ, ასე, დღეიდან შენ უშიშა გერქმევა. მე, გაიგე, რასაც მეძახიან - ნუკრი. ფიჰ! არ მომწონს ჩემი სახელი, მაგრამ დედას და დეიდას მოსწონთ... დედას და დეიდას კი ყველაფერში უნდა დავემორჩილოთ.

ხსენებაზე ბიჭის დეიდა შემოვიდა და მკაცრად უთხრა:

- დაგავიწყდა, მუსიკა რომ გაქვს სამეცადინო?

- ახლავე, დეიდა, - დაიძახა ბიჭმა, ყუთში ძონძი ჩამიგდო, შიგ ჩამსვა, - დაიძინეო, - მითხრა მოფერებით, ყუთს სახურავი დააფარა და ოთახიდან გავიდა.

ცოტა ხანს ვიდექი, მერე დავწექი, მოვიკუნტე, კუდი ცხვირთან მივიტანე და საძილედ გავემზადე. ის იყო, ჩამთვლიმა კიდეც, რომ სასიამოვნო ხმები მომესმა - თითქოს გახარებული ჩიტები ჭიკჭიკებდნენ მზიან წვიმაში, თითქოს დავრბოდი ჩემს და-ძმებთან ერთად მაღალ ბალახებში. გამახსენდა საყუნჭია გორა, თელები, წყარო, ჩხიკვი. ყრუ ტკივილმა დამიარა მთელ სხეულში. გამგუდა, გამაშეშა ამ ტკივილმა, ჩამეძინა.

არ ვიცი, დიდხანს მეძინა თუ ცოტა ხანს.. როცა გამეღვიძა, ვხედავ, ბიჭს ყუთში ხელები ჩამოუყვია და გვერდებზე მკიდებს. მომკიდა რბილად, მოხერხებულად, ამომიყვანა, მიმიხუტა თეთრ, თხელ ხალათზე და მიმარბენინა თავის ლოგინთან.

მისი ლოგინი ფანჯარასთან იდგა. ფანჯარაში მთვარე იყურებოდა, ჩვენი მთვარე, საყუნჭია გორის მთვარე. მომინდა დედა, ჩვენი მყუდრო სორო, ამიჩვილდა გული, ამოვიწკმუტუნე რამდენჯერმე.

- შენ ნურაფრისა გეშინია. თუ გეძინება, მშვიდად დაიძინე, მე ცოტა ხანს ვიქნები ასე და მერე მაინც დავიძინებ. ამ დროს ყოველთვის მეღვიძება ხოლმე. მერე ვწევარ და ვწვალობ. იცი, უშიშავ, მე ერთი კარგი ძაღლი მყავდა.

გავოცდი და ვკითხე:

- განა შეიძლება ძაღლი კარგი იყოს?

- როგორ არ შეიძლება, სულელო! ყოველ სულდგმულთა შორის არიან კარგებიც და ცუდებიც. მეტსაც გეტყვი: კარგები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ცუდები, მით უმეტეს - ძაღლები.

- არა, მაგას ვერ დავიჯერებ, - დავიჟინე მე.

- კეთილი, ნუ დაიჯერებ. ვთქვათ, მარტო ჩემთვის იყო ის ძაღლი კარგი. ხომ შეიძლება ასე?

მე აღარაფერი ვთქვი.

- სულ ერთად ვიყავით მე და ის ძაღლი, - განაგრძობდა ბიჭი. - სულ ერთად დავდიოდით. იმან მასწავლა ცხოველებთან ლაპარაკი. მერე ერთ დღეს, ერთ საზიზღარ დღეს... მანქანა დაეჯახა. ჩემკენ რომ გადმორბოდა, მაშინ დაეჯახა. ო, რომ იცოდე, როგორ საშინლად დაიკივლა - მიშველეო. მივვარდი, მაგრამ ვეღარაფერი ვუშველე, რამდენიმე ნაბიჯი წვალებით, ფეხების თრევით გამოიარა, მოდიოდა და გატანჯული, ცრემლიანი თვალებით მიყურებდა. მერე, რომ ნახა, ღონე აღარ შესწევდა, მიბრუნდა და ისევ ქუჩა-ქუჩა წავიდა. და იქ... ვეღარ მოვასწარი. ახლა სხვა მანქანა დაეჯახა. სულ ვხედავდი, როგორ წავიდა წითელი სისხლი კლაკნით, როგორ დააღო პირი ხმის ამოსაღებად და ასევე დარჩა, ვეღარ მოკუმა.

არ ვიცი, ძაღლი შემეცოდა თუ ბიჭი - მეც ძალიან შვწუხდი, ბიჭს ხელები ავულოკე.

მაშინ მან სიმღერასავით რაღაც წამოიწყო:

ტირიან ირმები,

ტირიან შვლები,

ტირიან მელიები,

ტირიან მგლები,

ტირიან ტყეები,

ტირიან მთები,

მზევ, მოდი, მოგვხედე...

კარი სწრაფად გაიღო და ოთახში ქალი შემოვიდა. ეს უკვე ბიჭის დედა იყო, კართანვე გაჩერდა და შეწუხებულმა დაიძახა:

- ისიდორ, ისიდორ!

ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა ბიჭის საწოლისაკენ, საწოლამდე ვეღარ მოაღწია, ხელები თავზე შემოიწყო და თითქმის ტირილით თქვა:

- მკლავთ მე თქვენ, მკლავთ და არავის ვეცოდები.

ბიჭმა მიმიხუტა, ლოგინიდან წამოხტა, ყუთთან მიირბინა და შიგ ჩამსვა.

შემოვიდა კაციც.

- აიღეთ, დამარტყით რამე და ისე მომკალით, ან მამამ, ან შვილმა, რატომ მაწვალებთ?

- რა იყო, რა მოხდა? - იკითხა კაცმა.

- ჭირი ჩემი თავისთვის. ლოგინში ეწვა ის ბინძური ცხოველი. მომაშორეთ, მოაშორეთ აქაურობას, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ!

- მართლა ლოგინში გეწვა, ბიჭო? - ისევ იკითხა კაცმა.

- ხომ გაბანებულია, გასუფთავებული, - გაუბედავად თქვა ბიჭმა.

- გასუფთავებული ჭირი დაგეძგეროს შენ! მაგის ბეწვებიღა აკლია შენს ღვიძლს? მომაშორეთ. მოაშორეთ აქაურობას, თორემ აღარ მინდა სიცოცხლე უკვე!

კაცმა ყუთიანად ამიყვანა.

ბიჭი ლოგინიდან წამოხტა.

- მამა! მამა! ხომ იცი, როგორ მჭირდება...

- გამაგიჟებენ, გამაგიჟებენ! - იძახდა ქალი.

კაცმა კარი გამოიხურა და სადღაც ბნელ კუთხეში მიმიყვანა. ცოტა ხანს კიდევ მესმოდა გაუგებარი ხმები, ბიჭისა თუ ქალის ტირილი, ხანაც ორივე ერთად. მერე სიჩუმე ჩამოვარდა.

გარეთაც ჩაყუჩებული იყო ყველაფერი.

რა ხდება, რა ამბავია ჩემს თავს? - ვფიქრობდი, ვფიქრობდი და ამ ფიქრში ჩამეძინა.

როცა გამეღვიძა, ყუთი ძალიან ქანაობდა. მეგონა, აიხდებოდა სახურავი და ბიჭს დავინახავდი. მაგრამ კაცს უკვე ქუჩაში მივყავდი. მაშინ მივხვდი, რომ ბიჭს მართლა მაშორებდნენ. ავტეხე ხტუნვა, ფხაჭუნი, წკმუტუნი, ტირილი. მე ხომ უამრავი რამე დამრჩა საკითხავი. მე ხომ მხოლოდ ბიჭისგან შემეძლო გაგება, რატომაა, რომ ადამიანები გვხოცავენ, მე კი...… რა ამბავია ჩემს თავს, რა მომელის, რა უნდა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე...

მაგრამ ჩემი წკმუტუნ-ტირილისათვის ყურადღება არავის მიუქცევია.

სადღაც მიმიყვანეს. ვიღაცები ალაპარაკდნენ. ვიღაცამ ყუთზედაც მოაკაკუნა. ბოლოს სახურავიც გადამხადეს, დავინახე მთლად უცხო, ცხვირწითელა, სათვალიანი კაცი. ეს კაცი არც იღიმებოდა, არც იღრუბლებოდა. დაშტერებული დამყურებდა სათვალით და მარტო ეს თქვა:

- გასაგებია.

- რა რის გასაგები? მითხარით, მეც გამაგებინეთ! - წამოვიძახე შეშინებულმა.

სათვალიანმა კაცმა ყუთს სახურავი დააფარა და სხვაგან წავიდა.

გარედან ქალაქის გმინვა და დგანდგარი შემოდიოდა.

უცებ საოცრად აშკარად დავინახე საკუთარი თავი - ძალიან პატარა - დიდ, ადონდგოლებულ ქვეყანაში, თანაც მთლად მარტო.

და ისევ ავტეხე წკმუტუნი და ტირილი.

. . . . . . .

. . . . . . .

აქ წყდება ბოლომოხეული ხელნაწერი, რომელიც ქალაქის განაპირას, ხევში ჩაყრილ ნაგავში ვიპოვე ზამთრის სუსხიან დილას, როცა მე და ჩემი მეგობარი, ჩვენს ორ მეძებარ ძაღლთან ერთად, გამგელებულები მივდევდით ვიღაცის მიერ ფეხში დაჭრილ ბალანჩამოძენძილ კურდღელს.

??????