ჩოხელი გოდერძი
გაზიარება

მოლოდინივით მძიმეა მიწა 

გზაგასაყრთან სხედან. შავი ძაძები აცვიათ. მუხლებზე იდაყვდაყრდნობოლნი ჩიქილის ტოტებით იმშრალებენ თვალებს. ყასიდად სახლიდან წინდები წამოუღიათ და ვითომ ჰყიდიან. სხედან და თან გზას გაჰყურებენ. გზა შორია და მოლოდინით სავსე. ათასნაირ ბორბლებზე შემდგარი მანქანები დაჰქრიან აღმა-დაღმა. ადიან და ჩადიან ადამიანები, მაგათთვის კი არავინ მოდის. გზის ქვემოთ მსგათ დარდებივით მღვრიე არაგვი მიერეკება ღორღიან ჭალას. ისე მიშრიალებს, თითქოს ეგეც ელოდეს ვინმეს, თითქოს წყალსაც ვიღაის მქუსვლელობა ჰკლავდეს.
ისხდნენ. აქამდის ორნი იყვნენ. ამ ბოლო დროს ერთი დედაბერი სადღაც გაჰქრა. მარტო ერთი შავოსანიღა შემორჩა გზაგასაყარს. სულ იმ ქვაზე ზის. მაგისთვის არც დარი არსებობს და არც ავდარი. წვიმის წვეთებს დედაბრის შავი მანდილი ღამის ნაგლეჯი ჰგონიათ და უკვირთ, იცინიან ზედ.
თავზე რომ ახვევია, ისეთივე შავი ჩიქილა მიწაზე გაუშლია და ზედ ახალმოქსოვილ წინდებთან ერთად, ძველი, რეცხვაში უკვე გაცვეთილი ჭრელი ხელთათმანებ უწყვია. გაივლის ხოლმე მგზავრი გაიყოლებს წინდებს, მერე წასასვლელად გამზადებული იმ ჭრელ ხელთათმანებზეც შეევაჭრება. არა ვყიდიო, - ჩაირჩულჩულებს დედაბერი, მგზავრ თვალს აარიდებს, ამოიოხრებს და არაგვისაკენ სახემიქცეული თავისთვის იტყვის: -მოგიკვდეს შავბნელი დედა, შვილო!
ხელთათმანებს აიღებს და უბეში ჩაიწყობს. მგზავრს უკვირს და უხერხულებისაგან აღარ იცის, სად დამალოს გაწვდილი ფული.
მერე მგზავრი წავა. მარტოდ დარჩენილი დედაბერს ელდა შეიპყრობს. ეშინია - ვაი თუ „გამოიაროს“ და ვერ მიცნოსო. ისევ ამოიღებს ხელთათმანებს უბიდან და ჩიქილაზე დააწყობს.
იმ დღესაც იქ იჯდა. ჭალაზე რატომღაც წმინდა მოდიოდა არაგვი. წყლის დასალევად ჩავიდა ქვემოთ. უკანმობრუნებულს ცარიელი ჩიქილა დაუხვდა. აღარც წინდები, აღარც ის ხელთათმანები. გზაზე ყაჩაღივით მიჰქროდა უზარმაზარ ბორბლებზე შემდგარი სატვირთო მანქანა და მიწისაგან ავარდნენ მტვერს მიიყოლებდა. ჯოხზე დაყრდნობილი ქალი მანამდის 
გაჰყურებდა, მანამ მოსახვევს არ მოეფარა. მერე ჩიქილის ტოტებით აცრემლებული თვალები მოიწმინდა და ჩაიჩურჩულა:
-მოგეცადნა და მიწას ხომ არ გამოვეკერებოდი, გეთხოვა და შენი ფულით კი არ გავმდიდრდებოდი, შე კაცობა დამწვარო შენა. 
სანთლისფერ ღაწვებზე მოლოდინით სავსე. გზა ვერ იტევს უკაცობას. გზა სავსე არის მოლოდინით და ხალხით. გზას პირველს სტკივა ქვეყნის სატკივარი. გზა პირველი მოელის შინმოუსვლელთ. გზას პირველ მოაქვს სიხარული:
მიწაზე ჯოხდაყრდნობილი დგას. გზაზე კი ათასობით ამვლელი და ჩამვლელი ჩადის. ვინ იცის, რამდენი ამისთანა გზა არის დედამიწაზე. 
ხანდახან დაღლილ მუხლებს მოიკეცავს ხოლმე ცივ მიწაზე და მაშინ გრძნობს, რომ მოლოდინივით მძიმეა მიწა . . . . .

??????