განდეგილი
გაზიარება

მარინე 

I

მთელი საქართველო ფეხზე დააყენა სპარსეთის შემოსევამ. დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველა გაააფთრა ასეთმა უსამართლობამ და ამიტომაც ყველა თავგამეტებით მიისწრაფოდა ბრძოლის-ველისაკენ, რომ პირნათლად აესრულებინათ თავისი ვალი _ საყვარელი საქართველო გამოეხსნათ მტრის ბრჭყალებისაგან. თუშ-ხევსურთა დედაკაცები ისეთი სისწრაფითა და ხალისით ამზადებდნენ ქმარ-შვილს, თითქო საქორწილოდ ისტუმრებენ და არა სისხლის დასაღვრელადაო. ზოგი იარაღს სწმენდდა, ზოგი ტანთ-საცმელს ამზადებდა და ზოგი რას აკეთებდა, ვინ იცის. ყველა მოძრაობდა, ყველას მოუთმენლობა ეტყობოდა, ისმოდა ხეზედ თავჩამოკრული ცხენების ჭიხვინი, თითქო პატრონებს იწვევენ _ ჩქარა შეგვადგით უნაგირი, თორემ დაგვიგვიანდებაო.
მარინეც ამზადებდა თავის ერთად-ერთს შვილს _ თედოს. დილიდანვე დაათვალიერა ყველა იარაღები, ჩამოიღო კედელზე ჩამოკიდებული ხმალი და თოფი, ამოიღო ხმალი ქარქაშიდან და ვაჟკაცურის მოხდენილობით გასჭვრიტა მარცხენა თვალით; მერე წვერი მიწაში ჩაურჭო, გადაღუნ-გადმოღუნა და როცა დარწმუნდა კარგიაო, ფრჩხილი ჩამოკრა ხმალს, რომელმაც ზარივით დაიწკრიალა, და ისევ ჩააგო ქარქაშში; თოფიც ამოიღო ბუდიდან, კარგად ამოწმინდა როგორც ფალია, ისე ლულა და კუთხეში მიაყუდა.
_ “ყოვლად მოწყალეო ღმერთო, შენ დამიფარე ჩემი თედო მტრის მახვილისაგან! _ ხელ-აპყრობით შეევედრა მარინე ღმერთს. _ შენ იცი, გულთამხილავო, რომ სამშობლოსა და სჯულის სიყვარული მამეტებინებს ამ ერთად-ერთს შვილს, რომელიც ჩემი თვალისჩინია და რომელსაც მე, ახალგაზრდამ, თავი შევწირე. ღმერთო, ისე პირ-ნათლათ ამყოფე საქართველოსთან ჩემი 18 წლის თედო, როგორც ცხონებული იმისი მამა იყო ყველასაგან ქებული და მხნე მეომარი თავისის ქვეყნის მტერთან”. _ ამ სიტყვებით მივიდა მარინე სკივრთან და დაუწყო შვილის ტანისამოსს ამოლაგება, მაგრამ საბრალო დედა-კაცს ისე აუდუღდა გული, რომ ის იყო მდუღარე ცრემლებს გადმოყრიდა, თუ ამ დროს თედოს ხმა არ გაეგონა.
_ დედი, აბა დედი, ბიჭები მზად არიან, მეც გავათავე ლურჯას მოვლა და ახლა-კი უნდა წავიდე. ნინიამ გვითხრა, არ დაიგვიანოთ, ყველა სოფლის ბოლოს მოგროვდითო.
_ კარგი, შვილო, _ მიუგო მარინემ და მიაწოდა წითელი შალის პერანგი.
_ იარაღი მზად გაქვს და აბა, შენ იცი, როგორც მოიხმარ. მართალია, ყმაწვილი ხარ, გამოუცდელი, მაგრამ მტერთან ბრძოლას როდის ისწავლი, თუ არ ომში!.. ცხონებული მამაშენი სამჯერ იყო ბრძოლის ველზე დ სამჯერვე მშვიდობით დაბრუნდა შინ. გაიგონებდა თუ არა, _ საქართველოს მტერი მოესიაო, _ ერთს წუთსაც აღარ დაიცდიდა სახლში, ამიტომ, რომ დიდად აფასებდა თავისს რჯულს, უყვარდა თავისი სამშობლო და იმის მტერს ზედ რომ შემოკვდომოდა, არად ნაღვლობდა. შენც აგრე გმართებს თავის გამეტება, თუ გიყვარს შენი ქვეყანა, შენი თემი. შენ, შვილო, შენის სურვილით მიდიხარ ლაშქრად, და მეც, როგორც დედა სამშობლოს მოყვარულის შვილისა და ცოლი _ მხნე მეომრისა, ვასრულებ მამაშენის ანდერძს: გაძლევ იმის ხმალს და გაფიცებ წმიდა გიორგის, თუ გული არ გერჩის საომრად, თუ გეშინიან, ნუ წახვალ და მამაშენის სახელს მიწასთან ნუ გაასწორებ...
_ ნუ გეშინია, დედი, ამ ხმალმა მევე გამკვეთოს, თუ შეგარცხვინო! _ მიუგო თედომ და გამოართვა ხმალი.
ხუთი წუთის შემდეგ მზად იყო თედო და ყელი-ყელს გადაჭდობილი დედა-შვილი მხურვალედ ჰკოცნიდნენ ერთმანეთს, მაგრამ გულ-გაცეცხლებული მარინე მსწრაფლად მოშორდა, წაღმა დაატრიალა, პირჯვარი გადასახა და დაუმატა: გამარჯვებულიც მომსვლიხარ და დამიკოცნიხარ შვილო!
_ დედი, დედი, ერთხელ კიდევ მომეხვიე! მიუბრუნდა თვალ-ცრემლიანი თედო მარინეს.
_ ე, ცრემლები რა არის?! წარბ-შეყრით შესძახა მარინემ და წელზედ დოინჯები შემოიწყო.
_ მომიტევე, დედი, გული ამიჩვილდა, თორემ ლაჩრობით არ მომდის. წყნარის ღიმილით მიუგო თედომ და გადაეხვია დედას, რეტ-დასხმული მარინე რაღასაც ლუღლუღებდა, მაგრამ თითონაც არ იცოდა, რა უნდა ეთქვა. ამ დროს იმათ ეზოს მიუახლოვდა მოხუცი მეომარი ნინია, რომელიც რამდენსამე ახალგაზრდა მეომარს მიუძღვებოდა და თედოც მალე შეუერთდა იმათ. საცოდავი დედა რამდენსამე წამს უძრავად იდგა ერთს ადგილს და გაშტერებული გაყურებდა იმ გზას, რომელზედაც ძუა-ფაფარ აშლილი “ლურჯა” მისს საყვარელ თედოს მიაქანებდა...
მხედრები გასცდნენ სოფლის ორღობეებს, გადადგნენ პატარა ბექზედ და მშვენიერის, მწყობრის ხმით შემოსძახეს სიმღერა:

ვაჟკაცის სახელს უკვდავს ჰყოფს
სამშობლოს მტერთან ომია:
მკლავი _ რკინისებრ მაგარი,
ფეხი _ კლდიდან კლდეს მხტომია,
თვალი, _ უტყვურად შორს მჭვრეტი,
გული _ მხნე, ვითა ლომია,
ხმალი _ მტრის სისხლში ნაწრთობი,
ჩახმახი _ ყალყზედ მდგომია,
წინ _ ბრძოლის ველი საომრად,
სარდალი _ რაზმთა მხმობია!
უკუ ქცეული ვაჟკაცი,
თემთაგან დასაგმობია...
II


საღამოს ბინდმა შესწყვიტა ომი. რამდენსამე დღეს თავ-გამეტებით ბრძოლისაგან დაღალულს ქართლის ჯარს უფრო მედგრად შეტაკება მოელოდა სპარსეთის ჯართან, რომელსაც დიდად გამოცდილი და მხნე მეომარი ჯაფარ-ხანი სარდლობდა.
ხალხის მოყვარე ქართველთა მეფე მამა-შვილურის დარიგებით ამხნევებდა, როგორც ჯარს, ისე სარდლებს.
_ ხვალ უკანასკნელად გადასწყდება საქართველოს ბედი და უბედობა, _ სთქვა მეფემ. _ ხვალ მე უნდა შევებრძოლო სპარსეთის ძლიერ ჯარს, რომელსაც სპარსელები მოელიან და რომელსაც ლომგმირი ჯაფარი ჰსარდლობს. საქართელოს აოხრებით ერთხელვე წათამამებულს ჯაფარს იმედი აქვს ეხლაც გაიმარჯვებს, მაგრამ მე და ჩემი საყვარელი ქართველები ან სულ ერთიანად გავწყდებით, ან შეუპოვარის ხანის თავს ბანაკის წინ შუბის წვერზედ აგებულს აღვმართავთ. დიახ, ეს ასე მოხდება, ჩემო ერთგულნო! ხმამაღლა დაიძახა მეფემ.
_ ასრულდეს ბრძანება მეფისა! გამარჯვება საქართველოს... სიკვდილი ჯაფარს!.. _ ერთხმად იგრიალა ქართველთა ჯარმა, მეფემ რამდენიმე სიტყვით კიდევ მიმართა ლაშქარს და ყველა თავთავის ადგილას წავიდა.


III

გათენდა დილა. ქვეყნის მანათობელმა მზემ თავისი ბრწყინვალე სხივი უხვად მოჰფინა ქვეყანას. რამდენისამე ხნის წინად, მწვანედ მობიბინე ველი ახლა ისე წითლად იყო შეღებილი ადამიანთა სისხლით, რომ ნარინჯში ამოვლებული ეგონებოდა კაცსა. ქართველთა და სპარსთა უანგარიშო მკვდრები გულ-შესაზარად იყო ერთმანეთში არეული. ზოგან თავი ეგდო, ზოგან _ ტანი, ზოგან _ ხელი, ფეხი და ზოგან _ გულ-განგმირული ვაჟკაცი, რომელსაც რამდენიმე კაცი ემსხვერპლა და ბოლოს თითონაც ზედ დაჰკვდომოდა. ამ საზარელს სურათს ფარდა ახადა ციურმა მნათობმა, მაგრამ სასისხლოდ გააფთრებული ლაშქართა გული ვერაფერმა ვერ მოალბო და ვერ შეარყია...
დაჰკრეს საომარს ბუკს, ააფრიალეს დროშა და ორთავე ჯარმა თავგამეტებით მიმართა ერთმანეთს. სპარსთა ლაშქარი, რომელსაც ჯაფარი წინამძღოლობდა, ისეთის სიმკაცრით შეებრძოლა ქართველ ჯარს, რომ ცის რისხვაზე უარესი იყო იმათი ომი; მაგრამ მუდამ ომის ალში გაწვრთნილმა ქართველმაც არ დააყენა კარგი დღე. ასი ქართველი ათასს სპარსელს ჰკლავდა და მიწასთან ასწორებდა.
საქართველოს სახელოვანი მოხუცი მეფე შუაგულ ბრძოლის ველზედ იყო და ცოტას, მაგრამ მხნე ქართველებს ციბრუტივით გარს უტრიალებდა და ამხნევებდა.
გაცხარდა ომი. ორსავე ჯარს თან-და-თან ცეცხლი ედებოდა. ხმალ ამოღებული სარდლები ხან ამ ჯარში შევარდებოდნენ ელვასავით და ხან იმ ჯარში, მაგრამ ჯერ არავინ იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა.
_ მარჯვნით!.. _ შესძახა ვიღაცამ რიხიანის ხმით სპარსელებს და ჯაფარის ჯარი წამზედ უმალესად მიაწყდა იმ ადგილს, სადაც ქართველთა მეფე იყო.
_ ჰკათ მაგას!.. _ დაიძახა მეფემ და თავ-გამეტებით გაექანა ჯაფარისაკენ; ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ თვალ-აბნეულნი ვეღარც კი არჩევდენ, ვინ მტერი იყო და ვინ მოყვარე: განურჩევლად ხოცდენ ყველას, მაგრამ გამოცდილს ჯაფარს ასე ადვილად ვერავინ შეაშინებდა, ის მარდად მიუხტა ქართველ მეფეს და ალმასივით მოელვარე მახვილი საიმისოდ ააპრიალა მზის სხივზედ. ამ დროს, ვიღაცის კურთხეულმა მარჯვენამ ელვის უმალისად სწყვიტა ხმალი ჯაფარის კისერს და ტანიდან განშორებული თავი ბურთივით გაგორდა ცხენების ფეხებქვეშ; ახალგაზდა მხედარმა მოკვეთილს თავს ხმალი ჩაჰკრა, ააგო იმის წვერზე და მიმართა მებაირაღტრეს, მაგრამ გამოუცდელს მხედარს ურიცხვი სპარსთა ჯარი დაედევნა.
აჰა ეს არის შუაზედ უნდა გასწყვიტონ მხედარი, რომელსაც ჯაფარის თავი მიაქვს. ამ დროს ვიღაცამ მარცხენა მხრიდან გამოახტუნა შავი ცხენი, გააქანა ქართველ მხედრისაკენ და თავ-განწირულის ხმით შესძახა:
_ არ შედრკე, თედო!..
ამ სიტყვით გამხნევებულმა თედომ იქით გადისროლა ჯაფარის თავი, საიდგანაც ეს ხმა მოესმა და თითონ მამაცურად შემოუტრიალდა მტერს. მას რამდენიმე კაცი მიეშველა და ასტყდა განცალკევებული, მაგრამ გულსაზარი ჩახა-ჩუხი.
ჯაფარ-ხანის თავს კი მეფისაკენ მიაქანებდა ჩოხის კალთებ მოკეცილი და თავ-პირ შებურვილი, შავ ცხენზედ გმირულად მჯდომი, უცნობი მხედარი.
მეფეს ალყად შემორტყმოდა ერთი ნაწილი ქართველთა ჯარისა, ხოლო, ჯაფარის სიკვდილით გამხნევებული, დანარჩენი უწყალოდ ჟლეტდა გზაკვალ აბნეულ სპარსელებს.
_ გამარჯვება, ბატონ მეფეს! _ შეშლილივით შესძახა გაფითრებულმა ახლად მოსულმა მხედარმა და ჯაფარის თავი შურდულივით გასტყორცნა მეფის წინ.
_ გაგიმარჯოს! გაგიმარჯოს! _ შემოსძახეს ქართველებმა და მობრუნდნენ იმისკენ, მაგრამ შავტაიჭოსანი გმირი იქითკენ მიაქანებდა თავის მერანს, საცა ჯაფარის თავის მომკვეთი მტრის მახვილს ქვეშ ეგულებოდა.
ხმალ ამოღებული მხედარი მეხივით თავზარ დამცემად შევარდა იმ ჯგუფში, სადაც თედო და სხვა ქართველები ერთად თავ-დაუზოგავად ებრძოდენ სპარსელებს. აგერ ცხენ-კაციანად დაეცა სპარსელი და მას მიჰყვა ქართველიც, აგერ ქართველის ხმალმა გაიელვა მტრის თავზე და მკერდამდე ჩააკარაბაკა; მაგრამ, მეორისთვის ხელ-ახლად მოქნეული ხმალი მკლავიანად გააგდებინა სპარსელმა, რომელიც თვალის დახამხამების უმალესად შუაზედ გააპო ახლად მოსულმა გმირმა.
_ სიკვდილი ჯაფარის მკვლელს! _ დაიძახა ერთმა წვერ შეღებილმა სპარსელმა და გაექანა თედოსაკენ, მაგრამ შავ-ცხენზე მჯდომმა ქართველმა ისე მედგრად დაჰკრა ხმალი მარჯვენა მხარზედ, რომ მარცხენა ფერდამდე ირიბად გაჰკვეთა.
ამ დროს უეცრად მივარდა თედოს ერთი ახალ-გაზრდა სპარსელი და მარცხენა მხარეს ისე ძლიერად დაჰკრა ხმალი, რომ მკლავი იღლიაში მოსწყვიტა და ხმლის წვერმა მუხლამდე უწია.
_ ოჰ! _ ერთი საზარლად შეჰყვირა თედომ და გადიზნიქა ცხენზედ მაგრამ თავი შეიმაგრა. ცხენმაც, ამ უენო არსებამ, თითქო თანაუგრძნო, იქითკენ გააქანა თავისი მხედარი, საითაც მისი მტერი იყო, საბრალო თედომ იმდენი ღონე კიდევ შემოიკრიბა, რომ ხმალი უპირდაპირა თავისს მკვლელს, მაგრამ, სანამდი სპარსელს თედოს ხმალი მოხვდებოდა, შავ-ცხენიანმა ქართველმა ისა და სამი სხვა სპარსელი შუა გაკვეთა და ხურჯნივით გადაჰკიდა თავიანთ უნაგირებს. ქართველი გმირი კვლავ შემოტრიალდა თედოს გარს მოსეულის მტრებისაკენ, მაგრამ სანამ ის მოასწრებდა, შეუბრალებელმა სპარსელმა ხმალი ისე საშინლად დაჰკრა ყმაწვილს, რომ თავ-გადაჩეხილი თედო ტყვიასავით გადმოეშვა ძირს. ამის დანახვაზედ ერთი საზარლად დაიკივლა შავ-ცხენზედ მჯდომმა მხედარმა და თედოს მკვლელი შუაზედ გაწყვიტა...
მტრის უმრავლესობამ სძლია და ეს მხნე მეომარი მალე მიადევნა თედოს კვალს. ორი სახელოვანი გმირი _ თედო და უცნობი მხედარი, ნაკუწ-ნაკუწად აკეპილი ეწყო ერთმანეთზედ.
IV

უზარმაზარ კავკასიონს შეუპოვარის სიამაყით გადმოადგა ბადრი მთვარე და თეთრის ღრუბლებით აჭრელებულს კამარას ისარივით სტყორცნა და გაუყარა თავისი მოციმციმე შუქის ხაზები.
ქართველთა ბანაკის მახლობლად, ხეების ჩრდილს შუა, ისე ქურდულად შემოკრთოდა მთვარის ნათელი და ისე აეჭრელებინა, სხვა და სხვა ფოთლების ჩრდილით, მინდორი, რომ ადამიანს ეგონებოდა საგანგებოდ მოქსოვილი, ჭრელი ნოხი გადაუფარებიათ დედა-მიწაზეო.
მეფის კარავის წინ აღმართული იყო ჯაფარის თავი, რომელიც საზიზღარ სურათს წარმოადგენდა. ღრმად ჩაფიქრებულს მეფეს მარცხენა ხელი შუბლზედ შემოედო და გაშტერებული მისჩერებოდა ერთ ადგილს. მეფის დიდებულნიც ხმა ამოუღებლად იყვნენ და მოწყენით შეჰყურებდენ მეფეს.
_ მერე, ნამდვილად იცით, რომ არა სცდება ნინია? _ სთქვა მეფემ, _ როგორ დავიჯერო, რომ ეს მართალი იყოს?..
_ დიახ, დიდებულო მეფევ, ნამდვილს მოგახსენებთ; და თუ ინებებთ, აქ გაახლებთ ნინიას და თქვენ თითონ ჰკითხეთ, _ მიუგო სარდალმა.
_ დაუძახეთ! _ ბრძანა მეფემ.
კარავში შემოიყვანეს მოხუცი ნინია, რომელიც წელში კოდალივით სწორი იყო. მოსული მხარ-ბეჭი ერთი-ორად უმშვენებდა, თეთრის წვერით დაფარულს, გმირულს მკერდს.
_ მართალია, ნინიავ, რაც შენ გითქვამს?
_ დიახ, ბატონო მეფევ. ნამდვილი გახლავთ. თუ არა გჯერათ, შეგიძლიათ თქვენის თვალით ნახოთ. თუმცა სრულიად დაკუწულები არიან, მაგრამ ორივე დედა-შვილი ჩემის ხელით მოვიტანე და აქვე, ჩვენს ბანაკთან დავაწყე. მძიმე ამოოხვრით მიუგო ნინიამ.
_ მერე, თქვენ შენიშნეთ, რომ დედა-კაცი იყო? _ მიუბრუნდა სარდლებს მეფე.
_ სრულიადაც ვერა. ის კი არა, გავბედავთ და მოგახსენებთ, ბტონო მეფევ, რომ ჩვენს ჯარში არც ერთი გმირი არ მოიპოვება ისეთი, რომელსაც ასეთის თავ-განწირულებით ბრძოლა შეეძლოს. იმისი ელვის მზგავსი სისწრაფე, იმისი ხმლის შეტრიალება და სპარსთა შუა გაწყვეტა, დევ-გმირს მოგაგონებდათ. რომელსაც მოასწრებდა, ცის რისხვა-მეხივით ეკვეთებოდა და მიწასთან ასწორებდა. მართლაც უთქვამთ, რომ გააფთრებულ დედა-კაცზედ უარესი სანახავი გამძვინვარებული ლომიც არ არისო. _ მოახსენა სარდალმა.
_ არ მეგონა, თუ მარინე მართლა აასრულებდა თავისს სიტყვას. ბევრჯერ მეტყოდა ხოლმე: ნინიავ, ვაი თუ მტერი კვლავ შემოესიოს საქართველოს და ჩემმა პატარა თედომ ვერ შესძლოს ქვეყნის სამსახური, ვაი თუ ზურგი უჩვენოს მტერს და შემარცხვინოსო. მაშინ, ჩემო ნინიავ, მე ავიღებ ხმალს და ნახავ, რა დღესაც დავაყენებ საქართველოს მტერსაო”. მარინემ გაამართლა ეს სიტყვები, მაგრამ თითონაც და იმისი თედოც გმირულად შეაკვდნენ მტერს... _ თავის ქნევით სთქვა ნინიამ.
_ ნეტარება იმ ქვეყანას, რომელსაც ასეთი დედები ჰყავს, ის არასოდეს არ დაეცემა და მტერი მას ვერ შემუსრავს, ღმერთო დიდებულო, ნუ მოაკლებ საქართველოს ასეთს გულმხურვალედ მოყვარულს დედებს... კურთხეულმც არის გმირის მარინეს სახელი, რომ მან მამულს შესწირა საყვარელი შვილი და თავისის მარჯვენით მოსპო რამდენიმე მტრის სიცოცხლე. ქება-დიდება ქართველს დედას და საუკუნო ხსენება მას... _ სთქვა მეფემ და ობოლი მარგალიტივით გადმოაკრიალა ცრემლები.
_ იკურთხოს ის ქვეყანა, რომელიც ასეთს დედებსა ზრდის!.. _ დაიძახეს ქართველებმა და გარედ მდგომმა ლაშქარმაც ხმა მისცა: იკურთხოს, იკურთხოს ქართველი დედა... გამარჯვება საქართველოსაო!..

??????