მაჩხანელი დიმიტრი
გაზიარება

სიყვარულის ამბავი 

(ხალხის ცხოვრებიდგან)

თვალ-გულ წარმტაცი და ნაზ-ნარნარი, ღაღანა მაისის მშვენიერი ოქროს დილა იყო, მზიანი, ათასფერად გაშლილ-აყვავებულს მცენარე-ვენახებში ჩამალული სოფელი მ-ნი სადედოფლოდ მოპრანჭულს კოპწია პატარძალს ემსგავსებოდა. დილის ნამით ნამტირალი ვარდ-ყვავილები სამოთხის სურნელებას უკმევდნენ ნელ-ნიავ-ქარის მიმოქროლვით ყველა ღვთის დანაბადს სულდგმულს განურჩევლად. და ამ სანეტარო სურნელებით დამთვრალი სხვადასხვა ფრინველი თავის დამბადებელ ზენას ათასგვარად უგალობდნენ და უჭიკჭიკებდნენ სამადლობელს ქება-დიდებას და თანაც სულ-გულს იტკბობდნენ მაღალი, დიდრონი ხეების კენწეროებიდგან იმ ტურფად აყვავებულ მცენარე-ვენახებიან სოფლის ცქერით. ალმასის წინწკლებსავით გახუნძლული დილის ცვარ-ნამი ისე საოცნებოდ იალ-ციალ-ბრჭყვიალებდა ახლად ამოსულ მზის სხივებზედ, როგორც მაღალნიჭიერების უფასო თვალ-მარგალიტებით ბრჭყვიალებენ მსოფლიო ლიტერატურაში სამთელქვეყნო მწერალ-პოეტთა უკვდავი ქმნილებანი, რომელშიაც ქვეყანა თავის სულ-გულ-გონებას კითხულობდა წარსულ საუკუნოებში, კითხულობს დღესაც და წაიკითხავს მომავალ საუკუნოებშიაც ადამიანთა საავკარგო ცოდვა-მადლის გასარჩევად და განუსჯელ პირუტყვთა მისწრაფებით აღსავსე კაცობრიობის მოსარჯულებლად...
ერთი ჩალური ქოხის წინ, უზარმაზარი კაკლის გრილოში, მწვანეზედ იჯდა სიყრმიდანვე ერთად შეზრდილი ორი დობილი ქალი: უმანკო ანგელოზივით დახატული მალალო და მთის ვარდივით ღაღანა, მთელი სოფლის ქალმანდილოსნებში განთქმული მოლაპარაკე - მომღერალი დარო. დობილები საბაზრო წინდებსა ჰქსოვდნენ ხელმარდად, ჩინებულად გავარჯიშებულის თითებით და თან ერთმანეთს კარგა ხნის გულის პასუხს უზიარებდნენ, რადგანაც მალალო ხუთი თვე ბებიანთას იყო, სხვა სოფელში.
- ეს მაისიც აღარაფერი. მალე დადგება გიორგობაც. წამოჰპოლორწიკდები სადედოფლოდ დაყაჯრულს ცხენზე, შე დასაქცევო, გუგუნ-გრიალით შემოსძახებენ შენი მაყრები: მოგვყავ და მოგვიხარიან დედალ-მამალი ხოხობიო, და, ჰერიიი, პრასიანისაკენ. ნეტავი შენ, დარო!
- იჰ, ნუ შემომნატრი, მალალო, ნუ, შენ გახარებას, ბოღმით ვივსები: მეშინიან, ცხენზე მუცელი არ წამიხდეს უეცრად და მეც თან არ გადავყვე ცოდვიშვილს. ამბობენ: ღვდელს კიდე თუ ერთი სამად არ მისცეს ჯვარისაწერი, უიმისოდ ფეხმძიმეს ჯვარს არ დასწერს, კანონი არარიო. ე, რაღა ქაჯ-ეშმაკური კანონი მოუგონიათ.
- საქმე არა გაქვს, მაგისათვის შენ რა განაღვლებს, შენმა კაცმა იდარდოს. რაც მოგივა, ალიაო, ყველა შენი ბრალიაო.
- ი, რას, ამბობ, მალალო, თავი ნუ მოგიკვდება, შენ არ იცი, რა ჭირის ოფლით მონაგრობს თითო აბაზობით საწყალი ნიკო და რამთენი ჯან-ღონე უნდა დაწყვიტოს სხვათა მუშაობაში, მინამ ჯვარისაწერს შააქუჩებს, და ახლა ჩემი ფეხმძიმობისა კიდევ სხვა უნდა იშოვნოს, რო ღვდელმა ჯვარი დაგვწეროს. ქორწილის სამზადისისათვის ხო ერთი ზღვა ფული უნდა, და, აბა, ეხლა იფიქრე: რამთენი ჭირის ოფლი უნდა დაღვაროს სიცხე პაპანაქებით თონესავით გავარვარებულ სამკალში ტრიალ მინდორზე საწყალმა ნიკომ, მინამ საქორწილო ფულს იშოვნის. მებრალება!.. - ათრთოლებული ხმა-ტუჩებით წარმოსთქვა გულაჩუყებულმა დარომ და შავი ჟუჟუნა თვალების წამწამებზედ უფასო ალმასის ბრჭყვიალა წინწკლებივით გადმოეკიდა ორი ცრემლი თანაგრძნობიანი სიბრალულისა: წმინდა, უმანკო სიყვარულისა. ეჰ, ღმერთმა რა უყოს ახლანდელ ადათ-ჩვეულობას. დღეს საითაც კი მივიხედავთ, ყველგან ეგრეა ჩვენს გლეხობაში: მისცემს თუ არა სამეფო თავის დანიშნულს სამ მანათს ბელგას, თითქმის წლამდინ ჯვარდაწერილებივითა ცხოვრობენ. განა ცოტა ქალები იღუპებიან?
- მაგრეც იღუპებიან და იგრეც იღუპებიან, რო ბევრი სამეფო ქორწილამდინა კვდება კიდეც და...
- ნაქვრივალი კაცებიც აღარ ირთავენ ისეთსაო, ეს უნდა გეთქვა, არა? - სიტყვა ჩამოართვა დარიკომ და ზედაც ეს დააყოლა ბრაზიანად: ის, ვინც თავდაპირველიდამვე მაიგონა და დააწყო ეგეთი აჯმური ადათი, დაინიშნე და ერთ წლამდინ ელოდე ჯვრის წერას, რათა, რისათვინ, რა მინდაო!.. აბა, ამას რა ჰჯობია, რომ დანიშნულები ორ-სამ კვირაშივე დაქორწინებულიყვნენ და ყველა თავის პატრონს ჩაჰბარებოდა. მაშინ ხო აღარც ამოდენა უბედურობა, დარდი, ბოროტი, სევდა, ნაღველი და ტანჯვა-წამება დაატყდებოდა დანიშნულ ქალს და აღარც თვალები დასწყდებოდა დღე და ღამ ლოდინში გზისაკენ: აცა, როდის მომივა გულის საყვარელი კაციო.
- რით ვერ გაჰძეხი ი შენი გულის საყვარლის სიყვარულით, შე დასაქცეო, დარიკოიავ!
- ალილო და ხვალეო, ღმერთო, შეგვიწყალეო, აი დღეს თუ ხვალ შენც დაინიშნები - არ გედროვება, თუ ცხრამეტის წლისა მე ვარ, თვრამეტისა შენ, და შენცა გნახავ, ქალო, რო თვალები შენი დანიშნულის ლოდინში გწყდებოდეს და უიმისოდ ყველა ჯოჯოხეთად და შხამ-ნაღველად გეჩვენებოდეს: თაფლიც, შაქარიც, შარბათიც, ჭამა-სმაც, ძილიც და სხვა სუყველა ღვთის დანაბადის ხილული თუ უხილავი, უსულო თუ სულიერი.
- რას ამბობ, დარიკო, შენ ჩემი ცოდვით სავსევ! გამიგონია, სიყვარულზე ტკბილი, იმაზე სანატრელი და კარგი სხვა არა გაუჩენია რა ღმერთს ქვეყანაზეო, და შენ კი ეხლავე გულს მიხეთქავ: დანიშვნის უმალვე სუყველა გაგიშხამდება და გაგიჯოჯოხეთდებაო. უი, ნეტავი გამაქრო, ეგ რა გამაგონე, ქა!
- მართალს მოგახსენებ, თუ ყურს დამიგდებ, ჩემო მალალო, უფრო მზესავით ცხადად დაგანახვებ და ჩაგახვედრებ ჩემი გულისა და სულის გამონაცადში. რო თუმცა, მართალია, სიყვარულზე სანატრელი და კარგი სხვა არა გაუჩენია რა ღმერთს და ესაც ხო გაგვიგონია ხალხში: სიყვარული რო არ გაეჩინა ღმერთს, მთელი ქვეყანა უსულ-გულო ქაჯ-ეშმაკების ჯოჯოხეთი იქნებოდაო, და რა ადამიანის გულშიაც სიყვარული დაბერებულა და მომკვდარა, ის ადამიანი აღარასფერში ვარგებულაო. მაგრამ ესაც კი მართალია: ქვეყნის მალამოსანატრელ სიყვარულს იგეთი ენით გამოუთქმელი ტანჯვა-წამებაცა სცოდნია ადამიანისა, რო მთელი ცა-ქვეყნის ჯოჯოხეთის გენიაც ვერ დაგტანჯავს იგრე უწყალოდ, იგრე უღვთოდ, იგრე შეუბრალებლად.
- მართალს ამბობ, დარიკო, მართალს, - ეხლა კი დაეთანხმა მალალო, რადგან ბევრი რამ მოაგონა დარიკოს სიტყვებმა.
- ჯერ დამაცა, გიამბო ჩემი სიყვარულის ამბავი და მაშინ უფრო კარგა გეცოდინება სიყვარულის ავ-კარგი და წყეულ ადამიანების ბოროტი სული. ხო ყურს დამიგდებ?
- რას ამბობ, ქალო, რატომ მაგრე ჰლაპარაკობ. მე არ შეგეხვეწე: არ მინახივხარ, რაც დაინიშნე და დაწვრილებით მიამბე შენი სიყვარულის ამბავი-მეთქი.
- ზეციერო მამაო! რა ჯოჯოხეთის ტანჯვა-წამება გამოვიარე ჩემი დანიშვნისწინა კვირეებში!.. ვინ იცის, ქვეყანაზე რამდენი უანგარიშო და უთვალავი ქალები დატანჯულან ჩემსავით და იტანჯებიან და იღუპებიან დღესაც ავი-ბოროტი ადამიანების წყეულ-კრული ენისაგან. ღმერთო, სად იყო შენი სამართალი, როცა მე სიკვდილს ვნატრობდი, და იმ ჩემი სიკვდილის მიზეზი ჩემი მტრები კი სიხარულით ცაში დაჰფრინავდნენ: მაგრამ დაილოცოს შენი ძლიერება, ცოდვას არავის შეარჩენ და დღეს არა, ხვალ მოჰკითხავ. შავ და უკუღმა ის დღე და საათი, როცა საწყალი მამა გაჯავრებული სახით შამოვიდა სახლში და გულნაღვლიანად უთხრა დედაჩემს: “ჩვენი დარიკო იმ ძაღლ დორაყაულს და სხვებსაც უძაგებიათ ნიკოსთან ათასი მოგონილი ჭორებითა და ცილებით და დღეს ყური მოვკარ ხალხში, ინიშნება ვიღაც ბატიაანთ ქალზეო”.
- მემრე, მემრე? - სულწასულ ცნობისმოყვარეობით, მოუთმენლობით შეეკითხა მალალო დარიკოს, რომელსაც უცბად თეთრშუქიან სახეზედ რაღაც სიმწარის ღრუბელი გადაეფარა, მისმა მგრძნობიარე გულმა კიდევ იგრძნო ნაგრძნობი ჭირი და, თითქმის ენა ჩაჰვარდაო, ისე გაჩუმდა.
- მემრე, რაღა, მალალო, ისე შენს ავათ მახსენებელ მტერსა და დუშმანს მოსწყდეს წელი, როგორც მე ამ თავზარდამცემმა ამბავმა ცივად წელი მომწყვიტა და გულში ათასი ცხელი ტყვია და გესლიანი ლახვარი გამიტარა, დარიშხანასავით მომშხამა უეცრად და სიკვდილი მომაწყურა. ღმერთო, უფალო, რა გამოსაცდელი გამოვცადე და რას მემართლებოდა: ყელთამდე მობჯენილმა გულის ბრაზმა-ვაებამ ყელში სახრჩობელის თოკივით წამიჭირა სიკვდილმოწყურებულს და მოჭრილ ხესავით ტორტმანი დავიწყე გადასაქცევად გულგაპარებულმა, მაგრამ თანაც ძალზე მრცხვენოდა, სიყვარული არ შემატყონ-მეთქი, რის გამოც გულსა და თავს იგრე ძალას ვატანდი, იგრე ვიჭერდი და ვიმაგრებდი, რითაც კი შემეძლო, რო თითონ ყველას გულთამხილავი მამაუფალიც ძნელად შემატყობდა გარედამ, თუ რა ჯოჯოხეთის ცეცხლი და ღველფი იყო გაშლილი ჩემს გულში. ხან იგრე ვაჩვენებდი თავს შინაურსაც და გარეულსაც, მტერსაც და მოყვარესაც რაღაც თილისმით მოჯადოებული თვალთმაქცობით ძალდატანებული, რო გეგონებოდა ამაზე უდარდელი და ბედნიერი ადამიანი აღარავინ იქნებაო! ღმერთო მაღალო! რამდენნაირი თვალთმაქცური ჯადობაზობა სცოდნია სიყვარულს!
- კარგი, ქალო, რაღას დადგები ხოლმე, თქვი და დაამთავრე! - უსაყვედურა დარიკოს მალალომ, რომელსაც ცხადად ეტყობოდა მინაზებულ სახეთვალების გამომეტყველებაზე, რომ ჩქარა უნდოდა გაეგო დაწვრილებით დობილ დაროს სიყვარულის ამბავი თავის სიყვარულთან შესაწონ-შესადარებლად და თავისავე სიყვარულის გამოუცდელ გრძნობისათვის სიყვარულში გამოცდილ გრძნობათა ცოდნის შესაძენად.
- ჰო, იმას ვამბობდი, ჩემო მალალო, უეცრად გაბედშავებული სიყვარულის ალით სანთელივით დამწვარ-დამდნარს ადამიანის არაქათი და ხალისი აღარაფრისა მქონდა. მთელი ცა და ქვეყანა საზარელ ჯოჯოხეთად მეჩვენებოდა და ძალზე მწყუროდა ჯერ ჩემი მაძაგებელი მეჭორე მტრები ნაჭერ-ნაჭერ დამეგლიჯა კბილით, გუდა ლეღვივით გადამეყლაპა და მემრე ლოგინათ ჩავვარდნილიყავ მომაკვდავივით. თავ-პირზე საბანი წამეხურა სულთმობრძავს და მზიანი ქვეყანა აღარ დამენახა, იგრე ჭირივით შამძაგდა და შამზიზღდა ყველა ღვთის დანაბადი და გაჩენილი უსულო თუ სულიერი, მაგრამ მრცხვენოდა, მალალო, ძალზე მრცხვენოდა, მეხათრებოდა და მეშინოდა: ეგრე რო მოვიქცე, მიმიხვდებიან და გამიგებენ დაფარულ სიყვარულს მეთქი, ვფიქრობდი ჩემ გუნებაში: ცოცხალმკვდარივით დავლასლასებდი თავ-ბედდავიწყებული და ხშირად თავის ტკივილს ვიგონებდი განგებ, მომაკვდავი გულის ტანჯვა-კვნესით ბატის ჭუკივით დაობლებული. აი, როგორ დამწვა და დამდაგა ჭორიკანა მტრების უსულ-ღმერთოდ მაძაგებელმა ცილისწამებამ. იგრე შაეშალნა და გადაერივნა ნიკო იმათ ბოროტ გველის ენას, რომ თურმე მუხლებში ცემით იძახდა: ვაიმე, ვაიმე, რაზე ი უნამუსო დარიკოს შევირთავდი და დავიღუპებოდიო?!
- ცა-ქვეყანაზე გამჩენმა ზეციერმა მამაუფალმა და ყოვლად წმინდა ღვთისმშობელმა ქალწულმა მარიამმა გააქროს იმათი თავლაფდასხმული თავ-ტანი და იმათი განაგისი, ვინც კი გასათხოვარ ქალს ათას ცილს და ჭორს უგონებს მტრობით და ემაგრე შენსავით ჯოჯოხეთის გენიაში აგდებს სატანჯველად ცამდე ალალმართალს!.. - ისეთი გულგამეხებულ მრისხანებით წარმოსთქვა აპილპილებულის ბრაზით თვალებანთებულმა მალალომ ეს სიტყვები, რომ ცხადად ეტყობოდა, მისთვის ეკბინა ვიღაც უწმინდურ სულის შხამ-გესლიან ენას.
- ღმერთო! როცა კი მაგონდება მაშინდელი ჯოჯოხეთის ტანჯვა, იმისი ცარიელი მოგონებითაც კი ჯანში ვიშლები უნდილ თიხასავით და იმ წყეულ-კრული დრო-ჟამის გახსენება იგრე ძალზე ამიკანკალებს ხოლმე მაშინდელ ნაკვნესარ-ნავაგლახარ გულს, რო იტყვი, ეს არი ბუდიდან გადმოვარდნას აპირებსო. ოხ, წმინდაო დედა, ღვთისმშობელო ქალწულო მარიამ, შენ გევედრები ჩემის ცოდვილის ენა-პირით: ჩემს მოსისხლე მტერ-დუშმანსაც ნუ მიარგუნებ იმ ტანჯვას, რაც ჩემმა სულმა და გულმა მაშინ ენით გამოუთქმელი ტანჯვა-წამება გამოიარა. წყეულიმც იყოს ის დრო და ის საათი, წყეულიმც, მოსაგონებლათაც კი საზარელია!
- ვაი, შე საწყალო, დარიკოიავ! როგო დასტანჯულხარ, მებრალები! - უნებურათ ამოსწყდა ამდუღრებულ გულისსიღრმიდან ეს სიტყვები ალმასივით ბრჭყვიალა ცრემლმორეულ მალალოს და ღაპაღუპით გადმოედინა ცრემლები საყვარელ დობილის სიბრალულისა და თავის დაფარულად მტანჯველ სიყვარულისა.
- მაშ, განა ხუმრობა საქმე იყო, სხვა მართმევდა ნიკოს - ი, ჩემი გულის საყვარელს, იმ ჩემი სულის მზეს, მთვარეს და სიცოცხლეს და რაღათ მინდოდა თავი ცოცხალი?.. - აქ კი დარიკოსაც გული აუჩვილდა, თვალნი მელნისა ტბისანი ცრემლებით აევსო, თურაშაული ვაშლივით მბზინვარე ლოყებზე გადმონადენი ცრემლები ნაზი, პაწია ხელით მოიწმინდა და რამდენიმე წუთის სიჩუმის შემდეგ ისევ განაგრძო თავის სიყვარულის ამბავი:
- საკვირველი ყოფილა ქალო, ადამიანის გული და ეხლაც მიკვირს და გამკვირვებია: იგრე როგორ შამიყვარდა შორიდამ და რათ შამიყვარდა ი, გულმკვდრის შვილი ნიკო, როცა დანიშვნამდინ ჩვენ სიცოცხლეში ხმაც არ გაგვიცია ერთმანეთისათვის: ჩვენ სოფლის ლხინსა და ჭირში კი ბევრჯერ გვინახავ ერთმანეთი და ბევრჯერაც ერთმანეთისათვინ თვალი თვალში გაგვიყრია ისარივით. რა დღესაც კი ნიკოს შავი, გიზგიზა ცეცხლივით თვალების ანთებული ნაპერწკლები გულში ელვასავით ჩამეკვესებოდა ხოლმე აბედივით დასაწველად, იმ ღამეს თვალზე ძილი აღარ მეკიდებოდა, ტანში სუ რაღაცა ტკბილი, შარბათივით ჟრუანტელი მივლიდა.
- ი, ღმერთმა გახაროს და გალხინოს, დარიკო, რო შენი სამახსოვრო ლაპარაკი მკვდარსაც კი გააღვიძებს ხოლმე და ცალი თვალით აცინებს და ცალით ატირებს, - ღიმილით მოუწონა მალალომ, რომელსაც ცხადად ეტყობოდა, თითონაც გამოეცადნა სიყვარულის ასეთი გრძნობანი.
- მთელი ორი წელიწადი ნიკო შორიდამ მიყვარდა მალვით-ფარვით და ეს ჩემი დაფარული სიყვარული მაღლა ღმერთმა იცოდა მარტო და ძირს დედამიწამ. როცა ვინმე მეტყოდა ხოლმე - და ეს ხო შენც გეხსომება - ლომგმირაანთ ნიკო ასლი შენი ფანდია და შენ და ის ზედგამოჭრილი ცოლ-ქმარი იქნებითო, ამ სიტყვის გაგონება და ჩემი ანთებული ბრაზით ამრეზა და გაანჩხლება ერთი იყო, სახე ბებრუცუნა მაიმუნის ცხვირ-პირივით მეპრანჭებოდა და გაკაპასებულის ხმითა ვჯავრობდი: დაიკარგოს იქიდამ, დაიკარგოს! ის ვინა გდია, რო მე ის შავირთო, ეგ ერთი გითქვამთ და მეორედ აღარ გამიჩაოთ მეთქი, და აბა ის კი ვინ რა იცოდა, თუ იმავ წამ-წუთში ჩემი გული რაღას ამბობდა თავის საყვარელ ნიკოზე!.. რა იცოდა მაშინ ნი...
- მეც შენსავით გული მქონია, დარიკო, შენსავითა!.. - გააწყვეტინა სიტყვა უნებურის წამოძახილით მალალომ.
- რა იცოდა მაშინ ნიკომ და ან ვინ რას შამატყობდა გარედამ, თუ მთელი ორი წელიწადი როგო ვიტანჯებოდი ნიკოს სიყვარულით, როცა ნიკოს ვერსად ვხედავდი, მწუხარე ვიყავ, როგორც მაკვნესებელი ღრუბლებით პირმოქუშული მარტის საღამო, და როცა ნიკოს თვალს მოვკრავდი სადმე, მაშინ კი სიხარულით ცაში ვფრინავდი. იგრე ღადღადებდა ჩემი გულნასიამოვნები სახე-თვალები, როგორც მშვენიერ-ღაღანა მაისის მზიანი დილა, მაგრამ როცა ნიკოს ნახვა დამიძვირდებოდა, მაშინ კი ვაი ქვასა და წყალს. სიცოცხლეში წილი აღარ მედვა. სუყველა ჯოჯოხეთად მეჩვენებოდა, შავბნელი ღრუბლებით მოქუშული გულიდამ სულის ამომხდელი სეტყვა-მეხის ქარ-ცეცხლი ამომდიოდა საზარელ ელვა-ჭექა-ქუხილით და ძალ-ღონე გამოლეული მოწყვეტილ ვარდივითა ვჭკნებოდი, ძველ მთვარესავით ვილეოდი, გამხვალ ყინვასავით ვდნებეოდი, გაზაფხულის ღრუბელსავით ცრემლათ ვიღვრებოდი და სანთლის ნამწვავსავით ვქრებოდი.
- ნეტავი მითხრა: შენ რომ მაგრე ძალზე გყვარებია ნიკო მალვით-ფარვით, ნიკოსაც უყვარდი მაშინ თუ არა? - დიდის ცნობისმოყვარეობით შეეკითხა მალალო და თვალი თვალში გაუყარა.
- უყვარდიო?.. მართლა იმასა ვყვარებივარ, თორე! დანიშვნის მეორე დღესვე სუყველაფერი დაწვრილებით მიამბო და ჩამიკენჭა ნიკომ, თუ როგორ იწვებოდა და იტანჯებოდა ჩემი სიყვარულით, მაგრამ თურმე ერთ ძე-ხორციელსაც არ უმჟღავნებდა თავის მტანჯავ-დაფარულ სიყვარულს, და როცა ვინმე ეტყოდა სწორ, ამხანაგურ ლაპარაკში: მოდი, კაცო, მეტყველაანთ დარიკო შაირთე ცოლადო, ნიკო თურმე უკადრისად აიმრიზებოდა ხოლმე და გულცივად ეუბნებოდა: “დაიკარგოს იქიდამ, აბა, რი მაქნისია, რა არი, რა ქალიაო”. თურმე ნუ იტყვი, ნიკოსაც ჩემსავით ადამიანური თავმოყვარეობა ალაჩრებდა, რო ეთქვა: რატომაც არ შევირთამ, რა ურიგო ქალიაო, ვაითუ დარომ დამიწუნოს, ან სხვა უყვარდეს და პირში ჩალაგამოვლებული დავრჩეო! და ამასობაში დრო მიდიოდა, დღეები და თვეები ერთმანეთს მიზდევდა დამწკრივებულ აქლემებივით და ნიკოც ჩემზე უარესად იწვებოდა და იტანჯებოდა თურმე დღე და ღამ ჩემი სიყვარულის ცეცხლის ალით, და მე კი, ღმერთგამწყრალმა და ჟამშამდგარმა, რა ვიცოდი, რო აღარ დამერცხვინა ქვეყნისა, მივვარდნილიყავ, მოვხვეოდი ყელზე და მეთქვა: მე შენი ვარ, გენაცვალე, ნუღა ჰკვდები-მეთქი, როგორც “ვეფხვის ტყაოსანში” ნესტან-დარეჯანი ეგეთი საამებელი სიტყვით ანუგეშებს თავის გულის საყვარელს ტარიელს.
- ეგ “ვეფხვის ტყაოსანი” რაღაა, ქა?
- წიგნი, ქალო, წიგნი, საგულისგულო აქიებით და ნატრის ნანატური სიყვარულის ამბებით სავსე. ამას წინად ჩვენმა ახალმა მღვდლის ნასწავლმა ცოლმა მაჩუქა და მას აქეთია ვერა ვძღები მის კითხვით.
- ნეტავი ჩემთვინაც ემაგრე შენსავით ესწავლებინა ჩემ დედ-მამას სოფლის სკოლაში, რო მეც წამეკითხნა, - გულნაკლულად ინატრა მალალომ.
- ღმერთო, ეს რა ბოროტი ხალხია, ეს რა წყეული ქაჯ-ეშმაკების ქვეყანაა, თქვენი ჭირიმეთ!.. - დაიწყო ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ დარიკომ, - ახლა აღარ მკითხავ, მალალო, ჩვენებიც როგორ შაშალეს და გადარივეს ნიკოს მტრებმა. ყური მოჰკრეს თუ არა, ნიკო დარიკოზე დანიშვნას აპირებსო, იმავ წუთას ნიკოს მტრები კიდევ ჩვენი სახლის დერეფნიდამ ამოჰსქდნენ ჭიანჭველების ბუინასავით და იგეთ საზარელ რაღაცეებს გველაპარაკებოდნენ ნიკოზე და ისეთი ჯადობაზური ენით აძაგებდნენ და სთხრიდნენ ბოლოკივით, რო თითონ გულთამხილავი ღმერთიც კი დაიჯერებდა ერთხანად იმ დაუჯერებელ ჭორებს და ჩემს საწყალს დედ-მამას ხო იგრე შაუცვალეს გული და გადარივეს მაშინვე, რო იქვე ჩემ თვალწინ ეუბნებოდნენ ჭორსიგუდებს: “დაღუპოს ღმერთმა, დახეთ, რა გდებულა ი შეჩვენებული და ჩვენ კი როდი ვიცოდით. ეხლა ჩვენ იმას ქალს კი არა, ძაღლსაც არ მივცემთ, ძაღლსაცო”. იცი რა დამემართა მე მაშინ, მალალო, აბა გამოიცან?..
- რა ვიცი, გულთმისანი ხო არა ვარ, რო გამოვიცნო.
- მაშ, მე გეტყვი: ნიკოს მტრებისაგან ათასნაირმა ჭორიანმა ძაგებამ უფრო ენით გამოუთქმელად შემაყვარა ნიკო, ქალური რიდი და სირცხვილი მთლად დამაკარგვინა იმათმა ძალზე საზიზღარმა უსვინდისობამ და გულგააფთრებული სეტყვა-მეხივით ვაყრიდი ნიკოს მაძაგებელ მტერ-დუშმანებს ამ სიტყვებს: “ნიკოზე ვაგლახი, იმაზე ცუდი და ავაზაკი ადამიანი რო ჯერ ღმერთს არ გაეჩინოს და თუნდ დღესაც საციმბირო საქმე ჩაიდინოს, მაინც მე ის მიყვარს და ის უნდა შავირთო ქმრად და სხვა არავინ ქვეყანაზე, თუნდაც რო ორთხემწიფის შვილმა მოიწადინოს ჩემი შერთვა-მეთქი”. ამ ჩემი სიტყვების გაგონებაზე ჩემი დედ-მამა გაკვირვებით მიჯავრდებოდა: “რეებს მიჰქარავს ეს უსირცხვილო! ხმა ჩაიწყვიტე, შე დედამიწა გასახეთქოო”, და ნიკოს მტერ-დუშმნები კი წელმოწყვეტილ გველებივით მიხოხავდნენ თავთავიანთ სახლისაკენ ჩემგან პირში ჩალაგამოვლებული, კუდამოძუებულები, ჰი, ჰი,! დაუდგეთ თვალი, ჰხეთქავდეთ მჭვალი, მოუკვდეთ გული, წაუწყდეთ სული!.. აი ეგრე ჯვარს...
- უჰ, შენ გიშველოს ღმერთმა, დარიკო, როგორც შენ მე მაგ ლაპარაკით გულზე საფლავის ლოდებივით დაწოლილი სევდა-ნაღველი გამიქარწყლე და გამაცოცხლე. დაფქვი, დარო, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, შენ გეთაყვანე, დაფქვი, აღარ გაგაწყვეტინებ, - რაღაც მადლობის კილოთი უთხრა ეს სიტყვები მალალომ, რომელსაც ცის ელვასავით უბრწყინავდნენ თვალნი მელნისა ტბისანი.
- რაღა დავფქვა, ქალაიავ, აი ეგრე ჯვარს მაცვა, დამტანჯა და მაწამა სიყვარულმა, და ბოლოს და ბოლოს, როცა ჩვენებსაც ჭორები ღვინოსავით გამოჰნელდათ და ნიკოს დასიძება ორი ხელით მოიწადინეს, როცა ნიკომაც გული დააჯერა, რო ჩვენი მტერ-დუშმნები მტრობით მაძაგებდნენ, და ნიკო ჩემი გახდა, ოხ, მაშინ კი ორი წლის მკვდარი დანდობილა გავცოცხლდი, სიყვარულის ცეცხლის ალით დამწვარი და ძვალ-ტყავად ნაქცევი უეცრად შუქნათლიან მთვარესავით გავივსე და გავიბადრე ენით გამოუთქმელი ბედნიერება-სიხარულით ყელთამდის ავსილი, მეტისმეტი ტკბილი, საამო ფიქრებით ღამეც აღარ მეძინებოდა, სულ რაღაცა სამოთხის ნეტარებაში დავფრინავდი და ჩემზე ბედნიერი ადამიანი აღარავინ მეგონა მთელს დუნიაზე!.. ღმერთო, რა ენით წარმოუთქმელი სამოთხე და ჯოჯოხეთი ყოფილა სიყვარული!.. ნეტავი გამაგებინა: სიყვარულის სამოთხესა და ჯოჯოხეთს სხვა რომელიღა სამოთხე და ჯოჯოხეთი შეედრება ცა-ქვეყანაზე?.. აბა, სხვა რაღა გითხრა, მალალო, მართალია, ჩემი ნიკო ღარიბი, ხელმარტო კაცია და დღიური შრომით უნდა მაცხოვროს, მაგრამ ნიკოსთან რო საუკუნოდ აფშრუკული ნაცარი ვჭამო, ის მირჩევნია, უფასო თვალმარგალიტებით სავსე სამოთხეში ყოფნასაც. აჰა, აი ესაც ჩემი სიყვარულის ამბავი, არც ეხლა დამეხსნები?
აქ კი ორნივ დობილნი გაჩუმდნენ. ორნივ რაღაც ფიქრებმა გაიტაცეს სადღაც ოცნების სამეფოში, და ბოლოს, ისევ დარიკომ დაარღვია სამარისებური სიჩუმე.
- ჩემო მეგულიპასუხე, მალალო, ჩვენ ხო, რაც თავი შეგვისწავლია, ერთმანეთისათვინ გულისპასუხი არ დაგვიმალავ და მოგიკვდეს, ვინც გულის საყვარელი გეგულებოდეს, თუ სიმართლით არ მითხრა, შენს მთხოვნელებში ვინ გიყვარს: მალაქო თუ მალხაზო?
- მალხაზო, - რაღაც დარცხვენის გაუბედაობით წარმოსთქვა მალალომ დაბალ ხმაკილოზედ, თეთრ-შუქიანი ლოყები ჭიაფერგადასხმულ ქაღალდივით აუწითლდა ყაყაჩოსფერად და შავი პრიალა თვალები მიწისაკენ დაეხარა თავჩახრილ იასავით.
- მალაქო რო ოჯახიშვილია, და მალხაზოს კი შინ კატა არას შეუჭამს და გარეთ ძაღლი?
- მეხი იმას ჩავათხლიშე და იმის ქონებასაც, რა ეშმაკად მინდა იმის ცარიელი ქონება, როცა ის ჩემ გულს იგრე არ ეკარება, როგორც კედელს ცერცვი არ უდგება და ყინვას ცეცხლი არ ეკიდება.
- იიი, ჩუმათ, ერთიიი, მა ი მამა-პაპის ვალებისაგან გამოხრული მალხაზო რაღა იგეთი წითელი კოჭია, ვინ არი, რა გდია, რო იმის გულისათვინ აიგეთ ოჯახის ახალგაზრდას ითვალწუნებ.
- ვინ არი, რა გდიაო?.. უკაცრაოდ!.. მალხაზო ცარიელ ქვაზედაც იცხოვრებს თავის გამრჯე ვაჟკაცობით და მალაქოს კი მამის მონაგარ ქონების მოვლის შნოც არა აქვს, - შუბლშეჭმუხვნილის სიამაყით წარმოსთქვა სახეზე წყენისალმურავარდნილმა მალალომ და ზედვე დააყოლა: - ათას ჭირსა და ლხინში ნაწრთობი მალხაზოს გულ-გონება, იმისი ყველასთან რიხიანი და უშიშარი სიტყვა-პასუხი, ვაჟკაცურად დაგრეხილი, არსენასავით ულვაშები, დიდრონი, შავი კუპრივით თვალები და იმის ბრგე, მხარბეჭიანი წარმოსადეგობა მთელი ქვეყნის სიმდიდრესაც მირჩევნია და სამოთხესაც, აი თუ სიმართლე გინდა გაიგო - ეს არი.
- არა, ქალო, არც მალაქოა დასაწუნარი შახედულობისა.
- დაიკარგოს იქიდაამ, მალაქოც კაცია რა! რა ქაჯად მინდა აიგეთი ახლად წვერ-ულვაშ ამწვანებული ბიჭი, უგერგილო მჩვარი. თვალები კიდე როგორი ჭოღრონია ჭრელი აქვ. დაჰლახვრა ღმერთმა, გარეულ კატას უგავ, ხა-ხა-ხა!.. რას ამბობ დარო, რას, ჩემი თავიც მეჯავრება ქალაჭუნა, ქალმა ლომივით გულძლიერი, აფთარივით ანჩხლი, ბრძენივით ჭკვადამჯდარი, კამეჩივით შავი-ბრიალა თვალებიანი და არსენასავით ულვაშებდაგრეხილი ვაჟკაცი უნდა შაირთოს ქმრად, რო ცოლის ყადრი ჰქონდეს და ცოლსაც აღარაფრისა ეშინოდეს და ყველასაგან თავიც მოსწონდეს თავის ქმრით.
- მაშ რაღას უყურებ და არ დაინიშნები, იქნება დედა გიშლის?
- მეც მაგასა ვჩივი და ვტირი, - მწარე ამოოხვრით წარმოსთქვა მალალომ.
- საქმე არა გაქვ, თუ შენ გინდა, დედას ვინღა ჰკითხავს ჩვენ დროში, - ანუგეშა დობილმა.
- არა, ქალო, ჩემი ბრალიც კია, ღვთის წინაშე, რო ვთქვა: ორჯელ უარი შეუთვალე მალხაზოს იმისაგან ჩემთან საკუთრად გამოგზავნილი მზეონას პირით.
- რათა, ქა, უარის შათვლით გულს რათ უკლამ, თუკი მართლა გიყვარს.
- მიყვარს და მაგრე: რა დღესაც მე შორიდამ მაინც თვალს ვერსად გადავკრამ ხოლმე მალხაზოს, შენი არ იყოს, ის ჩემთვის მტანჯავი ჯოჯოხეთია, მაგრამ რა ვიცი, ქა, რათ მამდის ეგრე. მეც ვერა გამიგია რა ჩემი თავისა: გულს მალხაზო სწყურიან ძალზე და იმასთან ყოფნა ენატრება ცხადივ თუ ძილში, მაგრამ ი ჩემი ენა-პირისათვის კი “ჰო” ვერ მითქმევინებია, ვერა და ვერა, სუ “არას” იძახის მალხაზისაგან გამოგზავნილ მზეონასთან, მიკვირს და გამკვირვებია!..
- ეგრეა, ეგრე, მალალოიავ, ჯერ შენ კიდევ გამოუცდელი ხარ და იმიტომ გიკვირს, თორე ყველა ქალმანდილოსნებს ეგეთი განაზება გვჭირს და გვიყვარს, მაშინაც კი, როცა ქმრის მკლავზედ გვძინავ. ალბათ თითონ ღმერთს დაუწესებია ეგრე ყველა სულდგმულებში... თუ მართლა ემაგრე ძალზე ძლიერად გიყვარს მალხაზო და კიდევ უარს შეუთვლი, დაიღუპები, იცოდე.
- როგორ, რათ დავიღუპები? - გაფაციცებით შეეკითხა მალალო.
- რათ დაიღუპები და მათ დაიღუპები, ჩემო თვალისჩინო, რო შენი უარით გულმოსული მალხაზო იფიქრებს: ალბათ სხვა უყვარს მალალოს, ან არ მოვწონვარ, ან სიღარიბეზე მიწუნებსო, გულიდამ ამოგირეცხავს და დაინიშნება სხვაზე. ქვეყანაზე ათასობით მომხდარა ეგეთი საქმე: გულნატკენი სიყვარული მალე სიმძულვარედ გადაიქცევა-ხოლმე.
- მეც მაგაზე ვფიქრობდი წუხელის. მთელი ღამე ოხვრითა და ვიშით გავათენე. უწინამც დღე გამიქრეს, მალხაზო რო სხვაზე დაინიშნოს, თავს აღარ ვიცოცხლებ.
- ჰოდა, რახან აგრეა, საქმეს ნუღა ახანებ, ნუღა, თორე ნათქვამია: ერთი ფეხით დაგვიანებას ადამიანი დაუღუპნია და მოუკლავ კიდეცო. დღესვე დაუძახე მზეონას და სუყველაფერი სიმართლით უამბე, ნუ შეგრცხვება და დაგეხათრება. როცა მალხაზოს უყვარხარ და შენც გიყვარს, ფიქრი აღარაფრისაა. მალხაზო რო გაიგებს მზეონას პირით, მალალოსაც ვყვარებივარო, სიხარულით ცათა ფრინველს მოეკიდება და უფრო ენით გამოუთქმელად შეუყვარდები.
- ეგ ყველა კარგი, დარო, მაგრამ დედაჩემი რო ცივ უარზე დგა: მე ი სიღარიბის ვალებით გამოხრული მალხაზო არ მინდა სიძედ თავცოცხალს და მალაქოს უნდა მიგცეო, რადგანაც მალაქოს ქონებისათვის კბილები უკაწკაწებს, ჩემს გულს კი აღარასა ჰკითხავს. რამთენი შუაკაცი მოუგზავნა მალხაზომაც და იმისმა დედამაც. მაგრამ დედაჩემმა ყველანი ამოაპანღურა: მე იმას ქალს არ მივცემო. და, აბა, რა ვქნა, მე თვალდამდგარმა, ქვეყანაში თავი როგო გამოვიჭენო და დედის უნებურად როგო გავთხოვდე? დედის გულსაკლავი წყევლა-ტირილი და შემოწყრომაც რო იქით იყოს, არ იცი, როგო მაშინვე ყბათ აგიღებენ ჩვენი ჭორისგუდები და ცამდე ალალმართალს, ლეჩაქმოხდილს, უნამუსოს დამიძახებენ.
- იჰ, მე ჭკვიანი მეგონე და უჭკო ყოფილხარ, ქალო, როცა შენი გულის საყვარელ კაცზე ჯვარს დაიწერ, ჭორის გუდებმა, რაც უნდათ, ის ატყაჭუნონ, რას დაგაკლებენ: მინდორში ცხვრის ფარას დაგიფრთხობენ, ხარ-კამეჩის ნახირს, ცხენის ჯოგს თუ ღორის ხროვას? ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო. ძაღლის ყეფას და ენაჭარტალა ჭორიკანას ღავღავს იმათივე ყადარი უგდებს ყურს და არა ჭკვათამყოფელი ადამიანი. მეორეც, ეს მთელ ქვეყანას მკითხავ ქადაგები ათამაშებენ თავიანთ ჭკვაზე და აი ამ სათიბ-სამკალის დროსაც კი მკითხავის სიტყვით თავს ანებებს ხალხი ორი კვირით თავის მაცხოვრებელ ვენახ-სათიბ-სამკალსაც; განა ცოტა წლის მოსავალი ეღუპებათ ეგრე და მოცდენა და ათასი ხარჯები კიდევ სხვაა, მაგრამ რა ქნან, მეტი რა ჩარა აქვთ, მკითხავი რო უბრძანებთ: მავანი ხატი გიბარებთ და თუ არ ეახლებით, ჭირი და ნაცილი არ დაგელევათო. აი ამ დღეებში ჯერ მარტო ჩვენი სოფლიდამ, სულ ცოტა რო ვთქვათ, ერთი ორასი კომლი მაინც წავიდა და გაიხვეტა ჭიჭრიკონა ფარდაგ-ჯეჯიმებით გადაკამარებულ ურმებით ას ორმოცის ვერსის სავალზე, თელავის წმიდა გიორგში სალოცავად, მამასისხლად აღებულ ვალ-ვახჩით ნასყიდ ათასი ცხვარ-კურატმზვარა-საწირავებით, და განა დედაშენს კი ვერ მოარჯულებენ შენი გულის ნებაზე დასაყოლიებლად ი მეოინბაზე მკითხავები თავიანთ სარფისათვინ რა, ამაზე ადვილი რაღაა შე ქრისტიანო!..
- როგორ, ქალო, აბა რანაირად? - მოუთმენლობის გაფაციცებით შეეკითხა მალალო.
- როგორ და აიგრე, თავი მოიავადმყოფე, გულისღონება მოიგონე, ჩალოგინდი. მე თვითონ წავალ მაშინვე ჩვენ ჯვრიან მკითხავ ნაირასთან და ვეტყვი: აბა, ეგრე ეგრე საქმეა, შენი პატივისცემა ჩვენ ვიცით, და მალალოს დედა რო მოვიდეს შენთან, უთხარ: რადგანაც შენს ქალს მალალოსა და მალხაზო ვალვახჩიშვილს ერთმანეთი ჰყვარებიათ და შენ მალხაზო არა გდომებია სიძედ, ამის მიზეზით სიყვარულის გულყრა დასჩემებია შენს ქალს, და თუ ეხლა მაინც მალხაზოს არ მიათხოვებ, ქალიც დაგიჭლექდება და შენც სულიან-ხორციანად დაიტანჯები, სააქაოსაც და საიქიოსაც-თქო. ეტყვის ამას და მორჩა და გათავდა, ჭირი იქა და ლხინი აქა, ქატო იქა და ფქვილი აქა. არ გაივლის ერთი თვეც, რო თითონ დედაშენივე მოგიმართავს ხელს და მალხაზოს მიგცემს. მალალო, შენ უყურე ჩვენს ნაირა მკითხავს, დედაშენი რო მივა, როგორ მაშინვე ქადაგად დაეცემა, ჯოჯოხეთის ტარტაროზივით მოაყოლებს წარამარა ტარტარს ეშმაკური სახე-თვალების მანჭვა-პრანჭვით და ბოლოს, ბოლოს, როცა გულს მოიოხებს ქაჯური ტარტარით, მაშინ კი გაუმჟღავნებს, ქალო, დედაშენს თავისებურად, მოზარის ხმამაღალი მოთქმა-ტირილით ა ეგეთ გაჭიანურებულ კილოზე ამისთანა სიტყვებს: - ი ი ი, ქრისტიანო, რათ ჩამდგარხარ ორი სულის ცოდვაშიიი, მალალოსა და მალხაზოს ერთმანეთი ჰყვარებიათ და შენ კი მალალო მალაქოსათვის მისაცემათ გდომებიააა; ჩამოხე, მარეხო, ჩამოხე ეშმაკის უბელო და ულაგმო ცხენიდაამ, თუ გინდა, რო ქალიც მოგირჩეს და ღმერთმაც გაპატიოს შენი სიკერპე-უჯიათობა, სახლში მისვლის უმალვე ანაგის მთავარანგელოზისათვინ სავედრებელი შანა-საწირავები შამოავლე შენს ქალს, თეთრი ლეკორტის კაბაც შეუკერე, წითელი სუდარის მოსახვევიც მოახვიე და ღამის სათევათაც წაიყვანეე: გულზე ხელებ-გადაჯვარედინებულმა და მუხლის კვერებზე დაჩოქებულმა სამჯერ სამების ძალზე ტაძარს გარშამო შამოუარე ბობღით და ცრემლით შეევედრეეე: თაქ მომირჩინე ჩემი დედისერთა, დახატული მალალო შენი მადლისა და სახელის ჭირიმე მთავარანგელოზის მადლო და ძალო და ღირსიც არა ვარ მალხაზოს დასიძევებისა-თქო!
- იი, ამოგაგდოს ღმერთმა, დარიკო, ამოგაგდოს, კაი ტრიატის მოჩვენება შენა ხარ! - წამოიძახა მალალომ, რომელიც სიცილით იჭაჭებოდა ნაირა მკითხავის მშვენივრად მბაძავ დარიკოს სასაცილო მოთქმა-ტირილზე და სახე-თვალების ვაგლახად მანჭვა-გრეხაზე.
- შენ უყურე მემრე დედაშენს როგო ათრახიჩაანთ ტარყაულას ტარაბუასავით დატრიალდება და მესამე დღესვე, ვენაცვალე იმის მადლსა და დიდებულობას, მთავარ ანგელოზის ეზოში ამოგაყოფინებს თავს იორდანას ორცხენიანი კაჭკით. ჰაი გიდი-ჰა, შე დასაქცევო მალალო, შენც კი თავმომკვდარუნებულ ნაბია, ნამილოკია კურდღელივით წამოაჭყეტავ მა ყველიპარია კატასავით ზიმზიმა თვალებს, მეორე დილით ღამენათევი და უღონო კნასი-კნუსით წამოილუღლუღებ: ეხლა პატა კარგა ვარ, დედიო, და თვალცრემლიანი დედაც სიხარულით გადაგეხვევა, სიყვარულით გადაგკოცნის ქვეშაგებში მწოლიარეს და ალერსიანად გეტყვის: თაქ შენ კარგა იყავ, შვილო, დედა გენაცვალოს და თავს შემოგევლოს და მალხაზო კი არა, რა მენაღვლება, თუნდა ასტრაბეთელი ატოცის გლახა შაირთე, მე აღარ დაგიშლი, გენაცვალეო! ნეტავი მეც იქა მქნა მაშინ, რეერთს ვიცინებდი მალვით - უჩუმრა, შე სახელგასაწყვეტო მუზმუზელავ!
- მართლა! ეგ რა კარგი მაიგონე, შენი ჭირიმე, დარო, დარიკო!.. - ამ სიტყვებით გადაკოცნა დობილი სიხარულით ფეხზე წამომხტარმა მალალომ.
- მე ცუდს მოვიგონებდი შენთვინ, რა. აკი წეღანაც გითხარ: დღეს ქვეყანას მკითხავ-ქადაგები ათამაშებენ თავიანთ ჭკვაზე, და რასაც ჩვენი გლეხი ადამიანი მკითხავს დაუჯერებს, იმას ზეციდამ ჩამოსულ მამაუფალსაც არ მოუსმენს და არ გაუგონებს. ბევრი ლაპარაკი და კოსე-კოსე რაღა საჭიროა, შენი საქმეც ჩემი ნიკოს ნამგალივით გაჩარხულია: შენი ლოგინად ჩავარდნა, ჩემი მკითხავთან გაქანება, დედიშენის მორჯულება და შენი მალხაზოზე დანიშვნა და “პროშტი” ერთი იქნება. ეს კია, რო ნაირა მკითხავიც ჯერაც ისევ თელეთშია და ორიოდე დღეს კიდევ მოიგვიანებს. თურმე, როცა მივა ხოლმე იქ, “ტერაცუები” დიდის ამბით უხვდებიან, მოფარდაგხალიჩულ ოთახში აყენებენ, და ბოლოს ბლომა საჩუქრებითაც ისტუმრებენ, რადგანაც ჯვრიანი ნაირა მთელ კახეთ-ქიზიყში განთქმული მკითხავია და ნაირას გაგზავნილ უანგარიშო მლოცველებისაგან ზღვისოდენა შეძინება ჰქონიათ. ბაზაზებმაც ეგრე იციან: რომელი დალალი დედაკაციც მეტ მუშტარს მიჰგვრით სხვა და სხვა სოფლებიდან, იმას უფრო გულუხვად ასაჩუქრებენ. ეხლა კი დროა, მეც ავდგე, მალალო, ქალო, და სახლს მივხედო. გონია, ეხლა ჩვენი ღოლო შეჭამანდი ჯოჯოხეთის ახტალასავით ტაყტაყებს ცეცხლზედ და თან გაბრაზებული მეძახის: “მოშავდი, დარო, მოშავდი, და პატა წყალი დამასხი შე გასაწყალებელო და გასაღვარებელო ჭიჭინავ, თორე თვალებს დაგიყენებ, ხავიწივით მოვიპრუწები, ავიმელები, ავილანძები და მიგცემ დედიშენის ნარ-ცეცხლიან ენაპირსო”.
დარომ რაღაცა წაჰჩურჩულა ყურში მალალოს, ორთავ მაღალის სიცილ-ხარხარით გადიკასკასეს გულიანად და გაჰშორდნენ ერთმანეთს. მალე სიტყვასიტყვით აცხადდა დაროს ყოველივე წინასწარმეტყველება და სამი კვირის შემდეგ მალხაზო გაზაფხულის მრავალფრად აყვავებულ მთა-ველ-მინდორსავით ტურფა-მშვენიერ მალალოზედ დაინიშნა.
1899 წ.

??????