გოთუა ლევან
გაზიარება

რკალი ჯაჭვისა 

უამრავი თავი გაახმო, ბევრი ციხე და ხერხემალი გასტეხა მონღოლთ შემოსევამ. ომის უნახაობა აბა ვით ითქმის კავკასიონის ქვეყანაში, მაგრამ ასეთი ულევი და უდეგი ლაშქართა ზვავი და ღვარი მანამდე არ ენახა “ქართლის ცხოვრებას”. ყველაფერი შეილეწა... შეირია მიწა და ერი... შეიბღალა სამოთხე, გატიალდა, გაუდაბურდა ვენახი და წალკოტი... მხოლოდ უდაბნოში ჯერ კიდევ ძვედსათვალავი ქორონიკონის სული და ნაშთი შეყუჟულიყო, მაგრამ ხილული და უხილავი ჯაჭვის რკალი თანდათან იწურებოდა.

მრავალმა შვებისა და თავშესაფრის მაძიებელმა განვლო გაიოზ წინამძღვრის ქვაბი და ცხრილვა. მაგრამ იგი შორსმჭვრეტელი კაცი იყო და ამიტომ მეტად მკაცრობდა... თუმცა კიდევ ერთხელ შეაძრწუნა “უხმლავმა ჯაჭვის რკალმა” ზოგ რამეზე “თვალების დახუჭვის” მომხრე.

ვიღაც ზორბა, ცეცხლაქერა შემოდგა და ქვაბი თითქმის ამოავსო, ჩამოაბნელა, მუშტი მკერდზე უროსავით შემოიკრა და სადა ჩოხის ქვეშ აბჯარი უნებურად დააზრიალა. თავწახრილად ქვაბის ჭერს მიებჯინა და მძიმედ შეჰხედა წინამძღვარს...

- მე ქართველი ვარ!

ქვაბმა უფრო ჩაბზარა და ჩაგუბა მოსულის ხმა.

- შენ ქართველი რომ ხარ, ეს ახლა – მონღოლობაში, აღარ კმარა საპირველსიტყვოდ! – დაღლილად უპასუხა ბერმა.

- დავითისი ვარ...

- ასე გასინჯე – აღარც ეს კმარა... რომელისა?

- ვაგლახ... ჩემი დამღუპველი მესაზღვრე – ულუსი იყო, მე – ნარინისი... ამან ჩამოაგდო ჩვენს შორის თიშვა... ისინი ბოლოს შერიგდნენ, ჩვენ კი შევაწყდით ერთმანეთს და ბოლომდე ნასისხლად დავრჩით.

- დამარცხებულთ ბანაკში თიშვის საბაბი და მიზეზი უამრავია... თავის მართლებისაც! – მწარლმობიერად უპასუხა წინამძღვარმა. ეს დარჩენაზე უარის თქმის დასაწყისი იყო.

- აბა რას მერჩოდა, მომიხტა, ციხე ამიფორიაქა! – უეცრად ჩხუბის ხმაზე გადახტა მოსული: - მე ლიხთიმერს ვიყავი... ოჯახი ერთიანად გამინადგურა... ახლა აღარცვინ მყავს... – უკვე ძლივს ამოგუდა მეომარმა და ისევ აბჯარი აახმიანა. – ახლა მე მივუხტი, ციხე გავუტეხე... მოვსრე, ვისაც წავასწარ მისიანს! თავად ერთი ვაჟით გამასწრო... ახლა მეტი აღარც იმას დარჩა ვინმე! მერმე მონღოლები მოვიდნენ და ორივეს ლაგვინგრიეს ჩვენ-ჩვენი, უკვე ბჭეშერყეული ციხენი.

- ამის იქით კიდევ თუ გაქვს გზა და სათქმელი? – დაღველფა ბერმა.

- ორფა შურისძიების გზა დავიდე – მონღოლები და თაყა!

- ვინა?

- თაყა ოთაისძე... ხომ არ გეცნობა?

- არც შენ მეცნობი! – ბერმა პირდაპირ შეჰხედა შურისმაძიებელს. ახლა უფრო ეცეცხლა ქერა, უსწორო წვერ-ულვაში. თავ-პირს ბურჩხად უფარავდა ბანჯგვლი, მაგრამ შუბლიდან ყბაზე ჩაგრეხილ ნაწიბურებს კი ვერ უმალავდა.

- სულ აგრე ხარ დაჩეხილი? – ხერხიანად სხვაგან გადუგდო სიტყვა.

- სულ აგრე... თავად და ტანად – თითქოს ქვაბმა დაიგუგუნა და ბანიც მისცა. როგორღაც ორ ხმაზე მოდიოდა კილო სიტყვისა. უდაბნოს წინამძღვარმა ისიც ინიშნა – კეთილი მგალობელი დადგებოდა, თუ დადგებოდა დაჩეხილი. ბერმა სხვაც ინიშნა და “თვალი დახუჭა”.

- ჰოდა, მერმე... მიაგენ თორღვას?

- თაყას და არა თორღვას... – დაჩეხილს ნაწიბური აუთამაშდა – მიწამ ჩაყლაპა! ბოლოს მივაგენ, თავის ციხის ნანგრევებში იყო მარტო, სნეულ-ხიზანი!

- ძე მისი ერთადერთი?

- მე არც ერთი არ შემატოვა მტერმა, მათ შორის პირველმა თაყამ, - ჩოხის ქვეშ აბჯარი ერთიც აძგრიალდა, - არ ახლდა! სადღაც შორს შეუფარებია... როგორც თავად მითხრა, მამის ცოდვათა მოსანანიებლად!

უეცრად სულ დადუმდა, სულიც საბერველივით მოითქვა, სულ დაბალი ბანით ჰკითხა ბერს და თვალებში შეაჩერდა:

- აქ ხომ არ არის? ერთი ძაფი აქეთ მოსდევდა?

- შემცნებული ვერ ვარ... თუ იმცნობ – გაჩვენებ ყველას! – აღარც ბერმა დაჰხარა თავი.

- არც მინახავს... ღმერთმა ნურც შემახვედროს! – ახმახმა ქერაბუსუსიანი ხელი გულზე იკრიფა, განზე მიდგა და ხმა გაიკმინდა.

- ამ უდაბნოში მაინც რაღამ მოგიყვანა, შვილო? – მოლბა ბერი, დააყოვნა და ისევ განაგრძო: - ვინაობას არ გკითხავ, მოსვლის მიზეზი კი უნდა ვიცოდე – სიყვარულმა და სასოებამ მოგიყვანა ღვთის საფარველში თუ სიძულვილმა და ცოდვამ?

- არ ვიცი! ასე მიიჩიხა წუთისოფელი! – ხელი ქვაბს გარეთ გაჰყო, თავის გუდა-ნაბადს წაავლო, თითქოს საყრდენებს ეძებდა. – ალბათ, დიდმა ცოდვამ და შურისძიების აბნეულმა გზამ! – გუდა მოწიწებით დაასვენა და უეცრად მორღვეულ კლდესავით აროხროხდა... – აი, ხვნის დროს რომ მოჰკლა გუთნისდედა! ან ლეწვის დროს კალოს გამშლელ თავკაცს გაუყარო გულში ხანჯალი! ან ციხის დაცვისას კეფაში დაჰკრა მოძმეს დაშნა!.. ხელი მოსჭრა ზარის რეკვისას მნათეს! საწნეხელში ჩამდგარს ფეხში ჰკრა შუბი!

მოსული აჩეხილ-დაჩეხილად, მაგრამ სულის მოუთქმელად სთვლიდა თითქოს დაზეპირებულს, ალბათ, არაერთგზის ნაფიქრსა და ნადარს.გაიოზ ბერმა შეაწყვეტინა...

- ყველა ამისა მოქმედი ხარ, დიდად ცოდვილო?!

- არა, არც ერთისა, მაგრამ უარესისა! წიგნის გადამწერი ვიმსხვერპლე! თვით წიგნს ნუ მკითხავ და ცოდვას თუ მომთხოვ, წვრილად ვაღიარებ! – ისევ გუდისაკენ წაუვიდა ხელი.

ბერმა შენიშნა, გუდაში დიდი წიგნისდაგვარი რაღაც ედო.

- გიჭირს თქმა?

- მიჭირს...

- უთქმელობა?

- კიდევ უფრო! ბოღმა მახრჩობს!.. ომში მოკლულებს ნუ მათვლით – იარებზე უმეტე მაქვს... გადამწერი კი არ მომიკლავს, მხოლოდ მიზეზი ვარ!

- გოროზობა და ხორცი გაწვალებს! წადი, მოემზადე აღსარებისთივის...

- არაფერს არ გედავები!

მაგრამ ეს ვეება კაცი შეკრთა. ისევ გაებზარა ხმა...

- მზად ვარ! – და სულმოუთქმელად აღსარებაზე გადავიდა: - ვეძებდი, ბოლოს წავადექი სულთამხუთავი, მაგრამ ის წერდა... სისხლი მომე-მეთქი! – ჩემი ბედისწერა ყოფილხარო!.. – სისხლი-მეთქი! – არა მცალიაო! – ეს რა პასუხია ვაჟკაცისა, რაისა გამო-მეთქი?! – საქვეყნო წიგნის გადაწერას ვეძალებიო!.. – რა დროს წიგნია?! – და ამ წიგნის დრო ყოველთვის არისო! მეც გვიან შევიგნე, შენ კი ჯერაც შეუგნებელი ხარო! მონღოლობას კიდევ გავუძლებთ, სულ უმეფობასაც... მაგრამ ეროვნულ შეუგნებლობას კი ვეღარო! – რა წიგნია-მეთქი? – მე განსწავლული აზნაური ვიყავი, ბიბლია მეგონა: ცოლ-შვილი ამომიწყვიტე და ახლა “დაბადებას” ეფარები-მეთქი? – განა ჩემი ნებითა და სურვილითაო... შენ ერთ მეფეს ექლესები და ემსახურები, მე – მეორესო... ქართველობა და მონღოლობა კი სულ სხვა – მესამე და მეოთხე ეროვნულ-ზნეობრივი საქმე ყოფილაო! მებრალებიო, მაგრამ შენ ამის გამგები ვეღარა ხარო, სხვა თაობა უნდა მოვიდესო!.. – აგრე რამ დაგაბრძენა-მეთქი!.. – და შენი წამებული ცოლის ნამზითევმაო... მეც, შენი არ იყოს, დიდად ცოდვილი ვარო... გადაწერას გავასრულებ და მერმე შენი წერა გახლავარო! უპრიანიაო! – თუ ვეღარ გაგასრულებინე-მეთქი?! – ხელნაწერზე შიშველი დაშნა დავუდე... – მაშინ ქართველთ ღმერთის წინაშე მიუტევებელ ცოდვას ჩაიდენო. მერმე შენ დაჯექ და გაასრულეო! უნდა შემომფიცოო! – და დამიხარა, კისერი წარმომიჩინა... არა, მშიშარა არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ ასეთი შემართება?!

ხელნაწერს თავფურცელი მოვუნახე და მივხვდი...

- გატყუებდა?! – შეშფოთებულად შესძახა წინამძღვარმა.

- არა, მართლა ჩემი დაღუპული მეუღლის ნამზითვი იყო, თაყას მიერ ჩემი ციხიდან გატაცებული!

- შენი მეუღლეც სამცხის გვართაგანი იყო? – ყრუდ იკითხა ბერმა.

- სამცხისა! – აღმოხდა და მუხლებზე დაეცა აღსარების მთქმელი.

გაიოზ ბერი უფრო შეშფოთდა:

- მოჰკალი? შურისგებამ გძლია?!

- არა, ვაცალე... ყოველ დღე დაშნას ვლესავდი – ის კი წერდა, სულ წერდა... ჩაკრიჭინებულად, მაგრამ სხარტად... გასრულებას ნამდვილად ეშურებოდა... მერმე კითხვა დავიწყე ვეღარ მოვშორდი... სულ დამავიწყდა თავი და დაშნა! დავეწიე კიდევაც გადამწერს! სიჩქარისათვის ვუკარნახებდი. მაგრამ შეცდომები მოუვიდა და ისევ დაშნას დავუწყე ლესვა! ახლა სნეულებამ დასძლია, მაგრამ არც უკლო შრომას, არც მე არ მანდო წერა, ვიდრე სათანადოდ არ გამომწურთნა... მერე, ჩანს, ვერ გაძლო, დამასწრო. თავადაც წაიწყმიდა სული და მეც წამწყმიდა!

- გაგეპარა?! – ცეცხლი მოიკიდა წინამძღვარმა.

- გამეპარა! წიგნის ბოლო მე – ერუშელს შემატოვა... უჩემოდ, ჩემივე დაშნით მოიკლა თავი!

წინამძღვარმა სანთელი აანთო და კარგა ხანს ილოც-იფიქრა... ერუშელი ისევ იდგა მუხლებზე. მისი გული შეფარულ აბჯართან ერთად ჟღერდა.

- მოინანიე... ამ სავანეში მოიპოვე სულის სიმშვიდე! შენს მძიმე ამბავს მეტს ნურც ნურავის გაუზიარებ... სხვასაც ნუ ჰკითხავ დიდ-პატარას... ძმობაში მოსვლა ახლა დაუცადელი ლოცვითა და შრომით დაიმსახურე! აბჯარი დაიტოვე, დაშნა ტახტის კარზე შეანახვინე, შენი დარდისა და სხეულის თანაბარი წერაქვი გამოართვი... იმ საერო წიგნს კი სამონასტრო საცავში ვერ მივიღებ, მაგრამ არც გკიცხავ! კეთილ გზას ათასი უხილავი ჯაჭვი გააჩნია... შენს ნამზითევს თუ მის პირს შენ თავად ეპატრონე... მე არც მინახავს, არცრაი მსმენია!

ბერ-წინამძღვარმა ერთიც გაიხედა გარეთ და გასძახა:

- წიორა მორჩილს მიხმეთ!

ქვაბიდან ქვაბში, უბან-უბან, გუთნის ღვედივით, წაღმა-უკჯღმა ჩაგრეხილად ჩაჰყვა ჩუმი ძახილი:

- წიორავ! ირმების წიორავ! სამოძღვროში მოგიწოდებენ!

- მოვდივარ! – ახლა ბჭისგარეთიდან ამობრუნდა ჩუმი პასუხი. მალე თავადაც მოჰყვა.

- ამბა ახალბერი წაიყვანე! მიძინების ქვაბტაძარი მოალოცვინე... ახლომახლო დადგეს, მოთხაროს ქვაბი. აღთქმის მისაღებად შეემზადება! ჯერ შენი სამფარველო იყოს. პური და წყალი მიაწოდე, ეგეც შენსავით მარტოხელაა!

“ამბა კი არა, ბუბაქარი!” – უნდა ეთქვა ცეცხლაქერა ერუშელს, მაგრამ მიხვდა, რომ ამიერით იგი მხოლოდ ამბა-ბერია და ამბა! გაიოზ წინამძღვარს ეამბორა ხელზე და თავისი გუდა-ნაბადით წიორას გაჰყვა.

??????