გოთუა ლევან
გაზიარება

სამხელა ღვთაება 

იქ, ქვევით, სუროს აბჯარში ჩამჯდარი მრგვალი კოშკი ოდესღაც სამთაგანად იყო ნაზრახი: წიგნსაცავად, იარაღსაცავად, გვირგვინოსან ბერთა სადგომად! გარეჯულავ, ესეც შენი სულის ნაერთი ნიშატია!

ახლა ეს “სამთაგანა” – ტახტის კარი, მრავალჯერ გადაკეთებულია, აღდგენილი, ხელახლად ნაშენი. მაგრამ საქართვველოში მაჩვენეთ ისეთი ციხე ან ტაძარი, რომელსაც ერთხელ ჰყოფნიდეს აღშენება!

... და მაინც შენდებოდა, გარეჯულავ, შენი ქვეყანა! კვლავაც შენდება!..

...

მონღოლები კი მძვინვარებდნენ. გარეჯს ირგვლივ ქვეყანაში აღარც “გზა” იყო, აღარც “ხიდი” აუკლებელი. ურდოები ხან ერთ მხარეს ანადგურებდნენ, ხან მეორეს. ხან ერთმანეთს ებრძოდნენ და მათი ურთიერთშუღლი ქართველობის კისერზე გადადიოდა.

ახლა ბერქა-ყაენი დაიძრა. სათვალავი აღარ ჰქონდა ლაშქართა და ხარგათა დენას. მტკვრის მარცხენა ნაპირი, შირვანი და ალაზანი ამოვლო, ამოტკეპნა, მოასირსვალა. იორის ზეგანს მოადგა. გარეჯის უდაბნოების ყოფნა-არყოფნის დღეები დადგა. იძირებოდა ოქროს ხანის უკანასკნელი კუნძული.

ხელშემორჩენილი ხატები და წიგნები გადამალეს. ხელი არ ახლეს მხოლოდ მიძინების ტაძარს. ერთი ღია სალოცავი მაინც დაიტოვეს. ან მსხვერპლად, ან სასწაულად. გაიოზ წინამძღვარი თავად არჩევდა სამალავსაც და დასამალავსაც.

ამბამ იფიქრა, იფიქრა და “ვეფხისტყაოსანიც” მიიტანა, მაგრამ წინამძღვარმა ტახტის კარიდანვე გამოაბრუნა.

- მე არ ვიცი, შენ რა მოგაქვს, მაგრამ ისეთი რამე არა გქონდეს ცოდვილსა და ჯერ აღუკვეცედს, რომ დაბადებასთან და ხატებთან არ ეგებოდეს მისი მალვა! ერის წინაშე ვდუმვარ, ღვთის წინაშე კი არ შემიძლია! მით უფრო ახლა- განკითხვის ჟამს-

- მე თავად ვეაპტრონები! ჩემი დაშნა დამიბრუნეთ! შუბიც მომეცით!

- მოგცემ, ოღონდ განუკითხავი ჟლეტა თუ დაგვიწყეს! ისე ხელი არ გამოიღო! იქნებ გადავრჩეთ და ყველაფერი გადავარჩინოთ?!

- ამაოა, მამაო! – წაიდუდუნა ამბამ, შუბი და დაშნა გამოართვა...

- წიორა კი უნდა გავხიზნო მაინც!..

- გვიანია! – ყრუდ აღმოხდა ამბას და მოძღვარი ცისკენ აახედა. კაკბის გუნდები აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადადიოდნენ.

ბერი შეშფოთდა, აჩქარდა, აამოქმედა ყველა... მაგრამ მალე გუნდებმა უკან იწყეს გადმოფრენა და ჰაერბორიალი.

ყველამ ინიშნა, მტერი აურაცხელი არამცთუ ახლოა და მოდის, არამედ უკვე ირგვლივ არის და გზაც მოჭრილია.

წინამძღვარი უეცრად დაცხრა, დადინჯდა, მოწამებრივი ფერი იკრა და სამგზის აკურთხა ყველა. სანიშნეზე აგზავნა ბერები, მაგრამ ნიშნის კვამლის აშვება აკრძალა. ასევე სდუმდნენ და ნიშანს არ იძლეოდნენ ბერთუბანი, დოდოს რქა, ნათლისმცემელი, განსაშორისი.

მხოლოდ ჩიჩხიტურის მაღალ კოშკზე იდგა დიდი კვამლის სვეტი. მას, შორიდანვე ისედაც შესამჩნევს, მეტი გზა აღარ ჰქონდა და თავისკენ იზიდავდა მტერს. დანარჩენთ კი არ უნდა ემჟღავნებინათ თავი. მხოლოდ ამაში იყო რომელიმე სავანის გადარჩენის იმედი.

მალევე ირმის რემა მოიჭრა. პირდაპირ ლავრაში შემოვარდნენ დამფრთხალნი. ზანზალაკების ხმით აავსეს განაბული ქვაბები.

- წიორავ! გადაიყვანე, ზანზალაკები შეხსენი და გაუშვი... იქნებ ესენი მაინც გადარჩნენ!

გახევებულმა ჭაბუკმა გადაიყვანა, ბჭეს გააცილა, ზანზალაკები შეხსნა, თვალები დაუკოცნა ოთხთა და შეუძახა.

როდესაც მობრუნდა – ბერები დავითის ცრემლის წყაროსთან მოგროვილიყვნენ. ასე ყველა ერთად შემოსილად და შემშვენებულად გარეჯელნი არც ენახა წიორას. უეცრად გაცოცხლებული, ქვაბებიდან გამოსული წმიდანების კედელხატულები ეგონა.

აქვე, დიდ ლაკვასთან, ურთიერთს წყალს უსხამდნენ, ხელ-ფეხს იბანდნენ, ცრემლის წყაროსაკენ საზიარებლად მიდიოდნენ.

იქ, მაღლა, ჩარჩოდაკარგული ხატივით იდგა გაიოზ-წინამძღვარი და ღაღადებდა. დილის მზეს კი უკვე ბუღის თუ მტვრის კორიანტელი სწვდებოდა.

წიორა გაოგნებული უმზერდა ერთიან სამზადისს და ადგილიდან არ იძროდა. უეცრად ვიღაცამ სტაცა ხელი და გაიყოლა: ამბა იყო, სახეზე თითქო ცეცხლი ეკიდა. ვეფხის ქვაბში შეიყვანა. წიგნი და წერაქვი აიტაცა. მიძინების ქვაბ-ტაძარში ჩაიტანა. წიორამ კართან მიყუდებული შუბი და დაშნა შენიშნა.

აქ სულ სხვა განწყობილება და ლტოლვა სუფევდა.

დიდ კანკელს უკან, ყრუ თახჩაში განიზრახა წიგნის ჩამალვა და ამოშენება, მაგრამ ვიდრე ქვებს მოზიდავდა, გარედან ყოველმხრივი დგანდგარი და ველური ყიჟინა შემოკრთა.

გარეთ გავარდნენ: ზევიდან, ქვევიდან, განიდან მტერი ნიაღვარივით დიოდა. თითქოს კლდეებიდან და ხაროებიდან ჩნდებოდნენ იარაღაღმართული ქვეითნი და ცხენოსანნი. გაღმა უბანში უკვე რბევა ბორიალობდა. ცრემლის წყაროს მხრიდან გალობა და ყიჟინი ერთად ჩამოდიოდა. ქვედა ეზოში კვამლად იბოლქვებოდა ბზისა და ზეთისხილის ნაზარდი. ტახტის კარზე უკვე თავგაჩეხილი ბერები ეყარნენ...

ამბამ ქვა-ტაძარში შემოაგდო წიორა, ტაძრის კარს ურდული და რაზა დაუგდო, ქვებითაც მიჯორგა.

მაგრამ ძველმებრძოლმა იაზრა, ყველაფერი ამაოაო. არც არის არსაით საშველი და გასაქანი. მონღოლები მცირე თარეშებად კი არ დადიოდნენ, უანგარიშო სპათა სიმრავლით დიოდნენ.

გარედან საზარელი ხმა მოდიოდა. მერმე ძლიერად შემოჰკრეს ტაძრის კარს. ვეფხივით დაბორიალდა შეაბჯრული ამბა. დაშნა აიტაცა... უკან მოიხედა. კანკელის ძირში ზედ მიკრულ წიორას გაჰკრა აკვესებული თვალი...

- მადლია, ერთბაშად მოვკლა... მეც მოვითავო! – მაგრამ წიორას ხელში ვეფხის წიგნი დაუნახა და დადრკა. თვალი არიდა, ზევით აიხედა... მაგრამ ზევითაც, კანკელის თავზე, ადამიანის სიმაღლე ჯვარზე ჯვარცმულია ცოცხლად მიხატული და იგი საოცრად ჰგავს წიორას. შებინდულ შუქში ერთნაირად ჩანს ორთა წამოზრდილი კაუჭა ღინღლი, წახრილად ჩამოკიდებული კისერი, მოგრძო თმა. მაგრამ ერთი შიშველია და ხელებგაშლილი, მეორე კი ჩაცმული და ხელშიაც ვეფხის წიგნი აქვს!

მსგავსებამ ულოდნელი აზრი წარმოშვა. მაგრამ ახლა რაღაც მძიმე შემოჰკრეს კარს და ჩარჩომ დრეკა დაიწყო. ფიქრის დრო აღარ იყო.

- ტანთ გაიხადე, სულ გაშიშვლდი! – დახშული ხავილით შესძახა ამბამ.

- მკლავ მაინც?!

- შენ ჩვენგან ისეც გეკუთვნის სიკვდილი. მაგრამ ახლა ჩქარა! ესენი კი მოგკლავენ! ამასაც დასწვავენ! რაღა ვიღონო?!

წიორამ ხელად გაიხადა სამოსი. გარედან უკვე კარს გრიალით ტეხდნენ.

- ადი მალე, ჯვარს გაეკარი! წიგნიც! თუ გადარჩი, მერე შენ იცი! ეპატრონე! – წიორა აახტუნა, თავად კართან მიიჭრა, მხარით შეუდგა და შემობრუნდა...

ჯვარზე თითქოს იგივე ქრისტე იყო გაკრული, ოდნავ ახალგაზრდა. ცოცხლისა და მიხატულის ერთობაში – სამხელა! მესამეში დიდი წიგნი ეპყრო და წელს უფარავდა... მხოლოდ ეკლის გვირგვინი აკლდა ახალ ქბრისტეს!

ამბამ შუბს სტაცა ხელი, სარკმლიდან ჭაღივით ჩამოკიდებული ეკუალი მოიწოდინა, ჩამოჭრა, დააგორგლა და ზევით აუგდო...

- ამიერით არა წიორა – გარეჯულა ხარ! ეკლის გვირგვინი გადგია და ვეფხის წიგნი ხელთა გაქვს! შენი სიკვდილი არ შეიძლება! სამხელავ თვალები დახუჭე, თავი უფრო ჩაჰკიდე! იდოცე, “მამაო ჩვენო” თქვი, სულ ჩუმად იმეორე ყველა ლოცვა! ყველაფერი, რაც ზეპირად გახსოვს!

- შენც ამოდი, შენც, - ჩურჩულებდა წიორა და საფეთქლებში გვირგვინის ეკლებს გრძნობდა.

- ეჰ, შენცა! ყველას თავისი ჯვარი აქვს!

ზედაც კარი გადმოეყუდა და ტაძარში მონღოლები შემოვარდნენ.

ამბას ქვაბის სიბნელე დაეხმარა, ვიდრე შემოსულები რაიმეს გაარჩევდნენ, ცეცხლაბერმა ერთი ველური ყიჟინი ამოუშვა და მეწინავეს დაშნა დაჰკრა, მეორეს, უკან შემობრუნებულს, გვერდში უწვდინა... კარს იქით გადაჰყარა, მაგრამ დიდი, მძიმე ფარი ახვედრეს, დაშნა ჩაუსხლიტეს და ხელიდან გააგდებინეს. ახლა შუბი იმარჯვა ამბამ, ქვევიდან ზედ წამოაგო ფაროსანი, მაგრამ ხელი უტაცეს და უკან ვეღარ დააძრო შუბი.

- ეჰეი, ჩემო ჯვარო და წერაქვო! – ყიჟინ-ყიჟინით შემობრუნდა! წერაქვს სწვდა, “სამხელასაც” თვალი უწვდინა... ახალი ქრისტე თვალდაკაკლულად და ტანაკანკალებულად უმზერდა ამბას...

ტაძრის ბინდბუნდში ახლა ხმლოსნები შემოდიოდნენ. ამბა წერაქვითა და ყიჟინით მიეტანა, თან გულიდან ამოსული ნართაული თქმა წამოაბა, ხმლებისა და წერაქვის ჩახაჩუხში არეული და ჩამარცვლული...

- ჰოიდა, ჩემო ჯვარო და წერაქვო, ჰოიდა...

მოვიდა დღე აღსასრულისაო, ჰოიდა...

არ შეშინდე, სამხელა გარეჯულავ, ჰოიდა...

თვალი დახუჭე და ილოცეო, ჰოიდა...

თუ არ გიშველა - ვეფხის თქვიო, ჰოიდა...

მე ვარ ბუბაქარ ერუშელიო, ჰოიდა...

წადი და ეს წიგნი იხსენიო, ჰოიდა...

მე კი კვლავ გარეჯულ კლდეს ვკოდავო, ჰოიდა...

არა, ლოცვა ვერ უშველის წიორას, ყველა ლოცვა დაავიწყდა ჯვარზე გაკრულს. მაგრამ ხელში შეჯავშნული ვეფხის წიგნი ხომ აქვს და ახსოვს კიდევაც! ბრძნული დასაწყისის შემდეგ ჯერ როსტევანის ამბავია... სულ ზეპირად ახსოვს. მერმეც – ნადირობისა! სულ შაირ-შაირ სთვლის. ქვემოთ ბრძოლის ხმაცა და ამბას ლექსიც ესმის. ამბა – ბუბაქარი ყოფილა! ერუშელი! აკი იცნო კიდევაც შავი გედის ფრთა-კალამი! მაგრამ ვეფხის წიგნს ამბობს ზეპირად – და ყველა სხვა ფიქრი გაჰქრა! ვგონებ, შიშიც! კანკალიც აღიკვეთა! ქვემოთ კი დიდი ხმაურია, ქვის ჭერი აძლევს ბანს! საფეთქლებზე ეკლის გვირგვინი აწევს და ამაგრებს. ხერხემალში თითქოს ჯვარი აქვს გაყრილი და ისიც შველის... არა, არ გაახელს თვალებს, არ გაიხედავს! მერმე ტარიელის ამბავი იწყება! მერმე მისი ძებნისა!.. რაც არ ახსოვს – გადაახტება, მაგრამ, ზეპირთქმას არ შეწყვეტს. რომ შეწყვიტოს, მერმე ყველაფერი გათავებულია! გამომჟღავნდება, რომ იგი მხოლოდ წიორაა, უბრალო მორჩილი, ირმების მწყემსი და არა ქრისტე, ჯერ ცოცხალი და არა უკვე ჯვარცმული! ლოცვის დამვიწყებელი, მაგრამ ვეფხის წიგნის ზეპირად მთქმელი!

ამბამ კი მოიგერია ხმლები, მაგრამ სიკვდილის ჟამი დგებოდა. არც ამას შიშობდა მებრძოლი, შიგ ტაძარში ეკრძალებოდა სიკვდილს. მერმე წიორას ვეღარაფერი უშველიდა, უნებურად ამჟღავნებდა თავს. ზედაც ისარი სტყორცნეს გარედან, ყბაში აძგერეს. ცეცხლა-ქერა წვერი ახლა წითლად შეეღება. ისარი ამოიგლიჯა და ამეტყველდა:

- ირმის გმირო და ვეფხის წიგნოო, ჰოიდა...

თავი დასდეთ და ერს უსაშველეთო, ჰოიდა...

სამი ხელითა და უკვდავ სულითა, ჰოიდა...

უბირ მებრძოლსაც მახსენებდეთო, ჰოიდა...

წერაქვი აღმართა და ჯგროდ შემოსულთ მიუხტა. ხმლები კი აიცდინა, მაგრამ მონღოლურ შუბზე წამოეგო, აღარშეეპუა და შუბის პატრონთან ერთად გარეთ გაიტანა... იქ, ზღურბლის მიღმა დაეცა.

წიორას არც გაუგია მისი დაღუპვა.

ტაძარში უეცარი სიჩუმე ჩამოვარდა, მერმე ვიღაცეები შემოვიდნენ. ხორხისებრი ხმა ეუცხოვა ჯვარზე გაკრულს, მაგრამ აბა სად ეცალა წიორას. ავთანდილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სრულ ძებნაშია. ქვეშეცნეულად კი გრძნობს, რომ უცხონი არიან ქვევით.

ხატების ჩხრიალიც ისმის. ალბათ, ძარცვავენ?! დახუჭული თვალებით თურმე რამდენი რამის დანახვა შეიძლება. არც ლექსის ზეპირად თქმა არის ძნელი, ძნელი ხელის ამდენ ხანს გაშეშებულად, ჯვრის გასწვრივ გაჩერება ყოფილა!

ისევ სიჩუმე ჩამოვარდა... ისევ ხმაური... ტალღა-ტალღა დაძრწიან,! მაგრამ ზევით არავინ აქცევს ყურადღებას შიშველ ქრისტეს, რა ბისონი უნდა გაჰხადონ?! რა თვალ-მარგალიტი უნდა გააცალონ?!

მაგრამ აი, უფრო დინჯად შემოვიდნენ. დგანან. ესენი არ დაძრწიან, არ სძარცვავენ ხატებს. ჩანს, ათვალიერებენ, ეცნობიან ქართველთ ღმერთებს და ხელოვნებას . ესენი, თუ საჭიროა, სულის დასაყრდენს უსპობენ ერს!

აი ბაასიც ესმის ჯვარზე გაკრულს, მაგრამ არ უსმენს, რუსთაველს უსმენს მხოლოდ, შოთას... იგი არა მარტო სიტყვის ჯავარია, არამედ სულიერი ფარი ქართველობისა! ამბამ რომ დაუბარა... თვით ამბა ბუბაქარზე ფიქრს კი გაურბის.

- უჩ ღოლი გურჯი ალაჰ!

შოთას ლექსში გაცრილად ესმის, ამიტომ არ აძრწუნებს ეს საუბარი. თითქოს არც ეხება მას! ამდენი კი ესმის – “სამხელა ქართველი ღვთაება!”.. მათ რა იციან, “სამხელას” რომ უპყრია “მესამე” ხელში, სწორედ ის არის ქართველთა სულიერი მრწამსის ღვთაება!

უეცრად ისარმა დაიწივლა, წიორამ იგრძნო – წიგნს მოხვდა ისარი. შიგ შეერჭო, ხელიც გაუკაწრა ქრისტეს მაგიერს. წიგნმა იხსნა, როგორც აბჯარმა, თორემ გულ-მკერდს შეუნგრევდა. ახლა კი არც შერხეულა სამხელა, მხოლოდ თანმიმდევრობა დაჰკარგა ლექსთ თქმაში, ისრის გეზი მიიღო.

- გული ძეს საგნად ისრისა, მესრვის საკრავად სამალი,

დრო სიცოცხლისა ჩემისა დღესით და ჩანს ნასამალი!

მერმე ესეც გაუწყდა და უეცრად ნესტან-დარეჯანის წერილზე გადავიდა, მერმე ქაჯეთის ციხის ომზე.

სრული სიჩუმე ჩამოვარდა. აღარც გარედან მოისმოდა ხმა რამ. მაგრამ ვიდრე ქაჯეთის ციხე არ აეღო, ვერ გაჰბედა შეჩერება, თვალის გახელა.

ბოლოს სარკმლიდან ირიბი ჩრდილი მოხვდა დახუჭულ თვალებს. მზეწვია შემოფრინდა. ეს იყო მონღოლური წარღვნის ჩავლის ნიშანი.

წიორას თავბრუ ეხვეოდა. ფეხებსა და ცალ ხელში თითქოს მართლა ჰქონდა ლურსმანი გაყრილი.

თვალი რომ გაახილა, ქვევით, პირველყოვლისა, თვალდათხრილი და გაძარცული ხატები დაინახა. ჯერ უძლურად ჩაჯდა კანკელის თავზე. აქედან გაჰხედა გასავალს. იქითაც არავინ ჩანდა. დავით-გარეჯში სრული მდუმარება სუფევდა და და აკლების ზათქზე არანაკლებ შემზარავი იყო.

ჯვარს რომ მოშორდა, კანკალი აუვარდა. თავისი სამოსი მოჰხელა, მაგრამ არ ჩაიცვა. ჯერ გაიხედა. თვალში მონღოლთ გვამები მოჰხვდა. მრავალრიცხოვანი მტერი აღარც თავისიანებს ითვლიდა და ნაღვლობდა.

ტახტის კართან შავჩოხიანნი ეყარნენ. მეტი გონება ვეღარ დაატანა წიორამ, თავისი სამოსი მოიგდო და გარეთ გავარდა.

ზღურბლს იქით ამბას თავმოჭრილ გვამს წააწყდა... წერაქვით იცნო. ერთიც შეფეთდა, მთელი სხეულით აიწურა, მაგრამ მეხსიერებამ სულ სხვა რამ მოაგონა...

- წიგნი ვეფხისა! – და ახლა მიხვდა, რომ შოთას ლექსთან ერთად ამბას წარმოთქმული “ჰოიდა” შეგონება სულ ყურთასმენაში უჟღერს, კვესავს, როგორც მისი წერაქვი! არა, ამასაც წაიღებს – ამბას წერაქვია! ახლა უკან შევარდა, ხელი დასტაცა წიგნს, ისარი ამოაძრო და თავადაც ისარივით გარეთ გავარდა.

ჩაურბინა შუა ეზოს, ამონგრეულ კიბის ძირს. დამწვარ-დახეულ წიგნებს, დახოცილ ბერებს. უნებურად ქვედა ეზოს გაჰკრა თვალი. იქაც დახოცილთა კალო იყო. გადაქცეული ბჭე გადაირბინა... ყველგან სიკვდილი და მონღოლები ელანდებოდა.

მირბოდა და ნათლივ ესმოდა ფლოქვების ხმა. მაშ შეამჩნიეს, დაედევნენ, ახლა კი მორჩა... თუ ვერ გაასწრო!

კლდეზე შევარდა, ბილიკს სულ უგანა. მხარი ც იცვალა და მაინც მოსდევს ფლოქვების ხმა! ეწევა გულშეხუთულს!.. და აქ ვეღარც “ვეფხის წიგნი” მისცემს საშველს! გათავდა ყველაფერი, მოსწვდნენ... წიორა დაემხო, წიგნს გადაეფარა და შოთას მიწას, ამბას მიწას ჩაებღაუჭა... და თითქოს ამბას ხმით, მიწამ ამოსძახა: “განა მარტო წიგნს უნდა მოერიო, ან კლდეს? მტერსაც, თორემ ყველაფერი ოხრად დაგრჩება!”

წიორა წამოვარდა და კლდეს წერაქვმოღერებულად ამოეფარა.

ფლოქვების ხმაც სულ ახლოს შედგა.

წიორა ისევ მიწაზე დაემხო და კარგა ხანს იქვითინა, ვიდრე ხაოიანი ენა არ იგრძნო კისერზე.

დიახ, მის სამწყსო ირმები იყვნენ.

არა, ღარიბულად და მარტოხელად აღარ ითქმოდა. ირმების არვე, ვეფხის წიგნი და ამბას წერაქვი. თითქოს ისევ სამხელად იყო გარეჯულა: მონღოლთა შემდეგ ნეტავ ყოველ ქართველს დარჩენოდეს ასეთი გულსაიმედო საგზალი!

ახალგაზრდა მწიგნობარი ადგა და ალღოსმიერ ბილიკს ბეჯითად გაჰყვა...

...

ხილვისეული ყველაფერი გადაიწურა. მე მარტო დავრჩი. ქვები და ქვაბები ისევ დადუმდნენ. დაღლილი მგზავრივით სადღაც ჩაწვა კორიანტელი. მზემ უმატა ხვატს. წამებულთა ხრიოკ ფერდოდან კაკბების კაკანი ჩამომესმა. უდაბნოს ეს მარადჟამიერი ხმა გარემოს ძილქუშივით ამყუდროებდა, თავისებურ აღთქმის კილოს საწყისს მაინც აძლევდა... ჩემ ფერხთით – გრძელი სტრიქონივით ჩაწკაპული ჭიანჭველები ახალ ბუდეში გადადიოდნენ, ყველას ჰქონდა მოდებული ზურგზე თეთრი საგზალი.

დანგრეული ციხის თაღზე მზეწვია ჰკენკავდა უხილავ საზრდოს. თაღში კი ობობას დაექსელა სასროლი ბადისოდენა აბლაბუდა და მსხვერპლს ელოდა.

გვირაბში ჯოჯოები დასდევდნენ პეპლებსა და ჭიამაიებს.

ქვევით, ვარვარა მზით გახურებულ ლორფინებზე, ხვეულ მორგვებად იწვნენ უხსენებლები და თვლემდნენ.

აქ, გარდა ადამიანისა, ყველას ჰყავდა შთამომავალი, მაგრამ ნაღვაწი მხოლოდ ადამიანისა ჩანდა!

დიდი მდუმარებაც შენი იყო, გარეჯულავ, ქვასა და კლდეში ხილვით ნათქვამო სიტყვავ! ყველა ელის შენს სამხელა შემობრუნებას!!!

1966

??????