გოთუა ლევან
გაზიარება

უფოთლო ხის ჩრდილი 

მე ახლა აღარ მახსოვს – რა ხე იყო ის, რომელზეც მაშინ, ბავშვობაში, გულის ფეთებით ავცოცდი და უეცრად ბევრ რამეზე თვალი ამეცრა.

იმ პატარა ბაღთან მერმეც არაერთგზის ამივლია და ჩამომივლია, როდესაც დროდადრო დიდებულ ქართველთ მთაწმინდისკენ მივასვენებდით. მაგრამ ვეღარ ვხედავ ამ ხეს... იგი ან მოსჭრეს, ან ისე გაიზარდა, რომ ვეღარც ვცნობ... აი, მის უფოთლო ჩრდილს კი ახლაც ვხედავ.

... მას შემდგომ დიდმა დრომ განვლო... ბევრ გზა-ღრანტებში მატარა. ხე და ხევი რა ბედენაა... არა ერთ მწვერვალზეც ავსულვარ – იალბუზსა და მყინვარწვერის ჩათვლით... იქიდან შორეთისთვის თვალი გამიყრია... მაგრამ იმ, არცთუ დიდ ხიდან ერთბაშად დანახულის ოდენა მაინც არაოდეს აღარ დამინახავს, არც შემიგნია... ასე გულალალი, ვგონებ, არაოდეს აღარც ვყოფილვარ.

ეს ხე, მთაწმინდის კალთაზე, მამადავითის ბაღში, ქუჩისპირა გისოსს თავზე ადგა და სხვა ხეებისგან არაფრით არ გამოირჩეოდა. მას ახლაც მთელი სხეულით ვგრძნობ... ახალ გამოზამთრებულს, ჯერ უფოთლოს, მაგრამ ნამშეპარულსა და კვირტებმოკითხულს. მაშინ მე უკვე ნასწავლი მქონდა:

...თებერვალი დადგაო...

ხეში წყალი ჩადგაო...

... ჰოდა, სწორედ თებერვალია, კვირა. ხეზე ბავშვებია შესეული. მე ყველაზე ქვევით ვარ. სამაგიეროდ ქუჩისაკენ გადახრილი ტოტია და ზედ გადამჯდარს სამზერი უფრო ხელსაყრელი მაქვს.

ქუჩა-მოედნის გასწვრის ხელი-ხელჩაჭიდებული ხალხი დგას. შუაში კი მოდიან, მოდიან... მწყობრად ჩამდგარი შავჩოხიანი, შავჩლიქიანი მგალობელნი... დიდნი, პატარანი... მოაქვთ წამოხრილი შავი დროშები, შეძაძული ჯვრები, ხატები... შავჩარჩოიანი სურათები... ნეტავ, ქვეყნად სად იყო ამდენი შავი?!

თვალებს ვაცეცებ, ხარბად ვეწაფები... გადახრილ ტოტზე უფრო წინ მივცოცავ. რაღაც ახალი, “ხალხის გრძნობა” მიტაცებს და თან ზარსა მცემს... ნეტავ, ქვეყნად სად იყო ამდენი ხალხი?!.

მიდამოს ხეები დახუნზლულია ჩვენი უბნის ბიჭებით. ყველა ჩემსავით გაფაციცებულია და შემკრთალი... გონებაზე უფრო გული გვიგრძნობს, რაღაც დიდი ამბავია! კიდევ კარგად მოვასწარით!

ჩვენი ოჯახი მაშიმნ – აქვე, მთაწმინდის შესახვევზე ცხოვრობდა. მე ჯერ ათისაც არ ვიყავი, ცხოვრებაში მოკლე შარვლით შესული. ცნობისმოყვარეობა გაუმაძღარი მქონდა, მაგრამ გარემო აგრე იოლად როდი მიმხელდა თავის გულისნადებს. ჩემს თვალსაბრუნავში და გულსაზრუნავში ათასი გაუგებარი ამბავი ხდებოდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ყველაფერი ხატოვანად მესახებოდა... ბუნებასა და ნივთებს თავისი იდუმალი ჩრდილი და ჭვირი ჰქონდათ... სიტყვებსაც რაღაც შეუცნობი ჩხრიალი ასდიოდათ და მუდამ ნათქვამზე უფრო მეტი, თავსატეხი მნიშვნელობა ჰქონდათ.

მე უკვე სკოლაში დავრბოდი – “დედა-ენასა” და “მამა-ანგარიშს” ვეწაფებოდი. ყური ცქვიტ ადგილზე მქონდა შებმული და ოჯახშიაც “საზოგადო და საქვეყნო” ბევრი რამ ნაადრევად გამეგონა, თუმცა ვერც თუ გამეგო.

დამწუხრებულმა მამამ მეც “უფროსივით” გამიზიარა, რომ “ჩვენს სამშობლოს ახალი დიდი უბედურება ეწვია”... გატყდა მისი “სალამური”... გმირების მაძებარი “დაფი და ნაღარა” და ახლა “მხცოვანი მწერალი” დიდ მთაწმინდელებს უერთდება, იქ უნდა დაიდოს “საუკუნო ბინა”. სურათიც კი მაჩვენა მხცოვანისა.

მომაგონდა, რომ ერთხელ ტფილისის მთავარ ქუჩაზე შევხვდი ამ “პირწმინდად დათოვლილ კაცს”, რომელიც “თავაღმართულად” ზეცისაკენ იხედებოდა და გზას “თავმოხრილ” ჯოხით მიიკვლევდა.

მე თვალი მომჭრა მისმა ნათელმა. მაშინ კიდევ ვსწავლობდით საღვთო სჯულს და მე ღმერთი მხოლოდ ასე წარმომედგინა.

ახლა კი ეს “თეთრი ღმერთი” მთაწმინდაზე აპირებდა “სამუდამოდ დასახლებას”.

მე სიკვდილი ჯერ მეტად ბუნდოვნად წარმომედგინა... ხანგრძლივ, არც უამო ძილისდაგვარად... ისიც თავისი სურვილით... რომელსაც რაღაც კავშირი ჰქონდა თეთრ წვერთან, ჭაღარა ნაწნავებთან და დიდ პატივისცემასთან და ყვავილებთან. ხოლო ეს ვერ გამეგო – რაღა მაინცდამაინც კუბოში და მიწაში ჩააწვენდნენ ხოლმე ლოგინსა და ბუმბულს ნაჩვევ ადამიანს?!

მამადავითის ბაღს რომ მივაშურეთ, უკვე გზები ხალხით გაჭედილი, ყოველი ხე ბიჭებით დახუნზლული აღმოჩნდა. ჩვენი ქუჩის ბიჭებიც ბაღის მაღალ გისოსს გადავევლეთ და ერთადერთ “თავისუფალ” ხეს მივაწყდით. ხის თავისუფლების მიზეზიც მის ძირში მუხლებზე იდგა, თავი ხის ტანზე მიედო, ხელებიც შემოევლო, ბრმა თვალებს აპარპალებდა და ხმამაღლა გაიძახოდა:

- გაიკითხეთ!.. აკაკის მადლითა და სახელით გაიკითხეთ! მაშ, მე უნდა ხის ძირში გავკიოდე და ის კი ხის კუბოში მუნჯად იყოს?!

მიწაზე კი მისი კაკვა-ჯოხი და თუნუქის ცარიელი ჯამი იდო.

ხეიბრის ძახილს ყურადღებას არავინ აქცევდა. არც ჩვენ გვეკითხებოდა რამე, მაგრამ ბრმის უკან თავისუფალი ხე იყო... ქუჩის ქვედა მხრიდან კი დაგუბული დუდუნი და შეუცნობი მოძრაობის ჩარბულალა მოდიოდა. მოთმინებისა და ლოდინინს დრო და გული, აბა, ვის გააჩნდა.

მე ეშმაკობისა თავიდანვე არა მქონდა რა... მაგრამ ერთმა კი ჯიქურხერხი იღონა...

- ფული გაქვთ ვინმეს?

მხოლოდ მე აღმომაჩნდა დედის მოცემული კაპიკიანი.

გამომართვა და ხეიბარს ხმიანად ჩაუგდო ჯამში... მაგრამ, ვიდრე ბრმა დაიხრებოდა, ბიჭმა ისევ ამოიტაცა ჯამიდან. სხვას გადასცა, დახრილ მთხოვარს გადაახტა და ხეზე შეფორთხდა.

ახლა მეორემ ჩააჩხრიალა ჯამში ჩემი კაპიკი და ხეზე შეხტა. კაპიკიანი კი მესამე ბიჭის ხელში იყო...

- ჯამში ჩააგდეთ... ხალხნო! ჯამში! მე – ბრმას არა მცდება და თქვენ აცილებთ? თვალები გაახილეთ... თვალები! – მთხოვარა ცარიელ ჯამში და მის ირგვლივ აფათურებდა ხელებს.

ბოლოს ჯერი ჩემზეც მოდგა. მე აღარ ამომიღია კაპიკიანი და თავზე რომ გადავახტი ბრმას, მისი ხმაც ფეხმობმით მომყვა:

- ეჰ, ჩვენი ცხოვრების ფასი კაპნიკია... მაგრამ შენ მაინც დაილოცე ერითა და ჯილაგითა... გაიხარე, თუ ქართველს უწერია სიხარული!.. ჰაი, დედასა... ცა ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტოო!.. გაიკითხეთ!..

ხალხი კი შუა ქუჩაში მწყობრად ვიდოდა და ვიდოდა... გალობდა და გალობდა... იცრემლებოდა და იცრემლებოდა... ქვევით, ქუჩის ვიწროში მიწა გუგუნებდა... მალე სულ აირია მწყობრი და რიგი... ახლა ყველა საზღვარი წაიშალა... ხალხი შავ დროშებს განიერ ხნულად წამოება. თითქოს თავად მიწა და ტალღა აღმაზვირთად მოგორავდა. გალობა უკვე ჩათხრობილ, გაურკვევ დუდუნში ინთქმებოდა. თითქოს სამგლოვიარო ზარის ხმა ისმოდა და აღარც იმსოდა... ისიც ვერ გამერკვია, მართლა ზარი იყო თუ დედა-ქალაქისა და მომდგარ ერის გულისცემა?!

ვუმზერდი ამ თავებისა და მხრების ზღვას და ტანში ჯერ განუცდელი ცახცახი მივლიდა. ჩემთან ცახცახებდა ტოტიც, მთელი ხე და ვგონებ, იქ, ხის ძირთან მყვირალი ხეიბარი.

- გაიკითხეთ! მე კი არა, სიკვდილი ყოფილა ბრმა და პირშავი! შევარცხვინე მისი სტუმარ-მასპინძლობა... ზნე-ხასიათი... – კაკვა-ჯოხი შემოჰკრა ჩვენს ხეს და მოზღვავებულ ხალხის დახშულ დგანდგარს კვინიხში ასული ძახილი შეჰმატა;

- გაიკივხეთ, ქართველებო!.. ეგ უპატრონო ჯერ რჩეულებს ირჩევს! რჩეულებს ირჩევს! დავიწყების პირსა და არა იყო რას ახვედრებს! გაიკითხეთ, გაუკითხავ საქართველოში!

... გაოგნებული ვუმზერდი, ვუსმენდი... ხარბად ვისრუტავდი ყველაფერს და თავბრუ მეხვეოდა... ვერკი ვერკვევოდი... ჩემს მიხვედრას რაღაც ძირითადი მარჭვალი აკლდა და აბნევდა... სად არის, სად... თავად “რჩეულთ-რჩეული?” სად არის ამ ზღვა-ხალხში “გმირების მაძებარი” აკაკი? ან რა საქმისთვის ეძებდა გმირებს? ან თუ იპოვნა გმირები “გაუკითხავ საქართველოში”? თუ არადა, ამდენი ხალხი რა ძალამ მოიყვანა? მხარი-მხარ შეჰყარა და ზვირთად შეანივთა ამ აღმართზე, მთაწმინდის კალთაზე თუ მამადავითის ქედზე... სადაც მე მრავალჯერ მირბენია, ქვები მისროლია, ასკინკილით ასკილი მიკრეფია, კლდის ფრიალოზე თუ გამზრდელისაგან გაგონილ “მოდინახეს ციხეზე” თავგანწირულად ავცოცებულვარ... ქართულ ზღაპრების “უკვდავების წყარო” მიძებნია, ეკლებთან და ჭინჭრებთან “დედა-ენის” მაგარი ყდით “სამკვდრო-სასიცოცხლოდ” მიბრძოლია... და გამიმარჯვია კიდევაც!

ერთხელ მაინც უნდა გაიმარჯვო კაცმა, რომ მერმე ათას დამარცხებას გაუძლო!

ხალხის ზვირთი კი ამოგორდა მამადავითის მოედანზე, ამოგორდა და თითქოს მხრებში გაიშალა, მორევივით შეტბორდა... ყველა ქუჩიდან ნაკადი შემოიმატა... თითქოს საქართველოს ყველა მდინარე აქ იყრიდა თავს... აქ იყრიდა თავს... და მაინც – საქართველოში რამდენი მდინარეა?.. რამდენი მამადავითის ქედი? ღმერთო, როდის დავივლი ყველას?

და უეცრად ამ თავების მორევზე დიდ შავ ნავივით რაღაც გადმოცურდა. ვიგრძენი, რომ ეს და სწორედ ეს, დიდი და უძრავი, არის ძალა შემკრები ამ მოძრავ ცოცხალ ტალღისა... და ყველა მას უმზერს ამოძრავებულ ქუჩებიდან თუ აცახცახებულ უფოთლო ხეებიდან, ჩაშავებულ სარკმელებიდან თუ ამოძაძულ აივნებიდან, თავჩაქინდრულ სახურავებიდან თუ ასულდგმულებულ მთის ფერდოებიდან.

- იგია, იგი! – ჩურჩული მოჰყვებოდა ბაღის უფოთლო ხეებს.

- იგია! – აჩურჩულდა ჩვენი ხეც და ზედ გახევებული ბავშვებიც. იგი კი თანდათან ახლოვდებოდა, იზრდებოდა... უკვე ვეებერთელა, გოლიათურად გადაწოლილიყო... თეთრქათქათა ლომფაფარით ნათელ სახის ირგვლივ შემოვლებული.

და მე ვიცანი... ნიშანცხადლივ მხოლოდ ახლა წარმომიდგა... იგი – აკაკი, “მხცოვანი მწერალი”, “პირწმინდად დათოვლილი კაცი”, “თეთრი ღმერთი”... თავაღმართულად ტფილისის მთავარ ქუჩაზე მომავალი... მას მაშინ თავმოხრილი ჯოხი ჰქონდა... ახლა კი ჯოხიც გადაუგდია. სახეშეუბრუნებლად სულ ზეცაში იხედება და ისე მიდის, ფეხებს არც კი აკარებს დედა-მიწას... აი, რა ყოფილა უკვდავება! კაცი ჯოხს რომ გადააგდებ და ისე მიხვალ... ისე მოგყვება ხალხი!.. ვეღარ გამიგია – ეს კაცის სიკვდილი თუ არის – რაღას ჰქვია კაცის გამარჯვება?!

ხალხის მთავარმა ტალღამ ჩემ ხემდე მოაღწია... და თითქოს თავი დაჰხარა უფოთლომ, მაგრამ ბავშვებით შეყურსულმა ხემ... მასაც გული ჰქონია და მას რომ ვეკვრი, ძგერასაც ვგრძნობ... გულის მიღმა კი მესმის ხეიბრის ხმაჩაკარგული დუდუნი:

- აბა რა სანუგეშოა და... ხანდახან ბედნიერი ვარ, რომ ბრმა ვარ!.. აბა, კარგს რასა ჰხედავთ, გეთაყვა! გაიკითხეთ და გამაგებინეთ!

- ვაი, რომ მართალს ამბობ! – შეეხმიანა ვიღაც გამვლელი. – გული გაგიტყდება, მაშ რა მოგივა... ჩვენ უკანასკნელ დიდებას მიასვენებენ!..

მაგრამ ახლა სხვა ხმაზე ადუღდუღდა უსინათლო:

- ნუგეშ-იმედიც გაიკითხეთ!... ხალხნო! სიცოცხლე მაინც სჯობნის სიკვდილსა... ერთი კვდება – ათი იბადება! თავი ვიტეხოთ და გული არა!

აკაკის წინ ერთადერთი, შავ-მწვანე ორსიტყვიანი გვირგვინი მოუძღოდა: - “აკაკის – საქართველო”...

- აკაკის გვარი საქართველო ყოფილა! – ჩვენ ხის კენწეროზე წაიჩურჩულა ბავშვმა. იმანაც გაიგო რაღაც! მე კი მაშინ პირველად, ნათლივ ვიგრძენი, რომ მეც საქართველოს ნაწილი ვარ... აკაკის საქართველოს ნაწილი!,

და მეც, ჩვენც, ყოველმა თაობამ, უნდა ვეძებოთ გმირები, ვისწავლოთ, ვიწვალოთ, ქვას, ხეს, რკინას შუბლი ვახალოთ... ერთი მოვკვდეთ, ათი დავიბადოთ... ოღონდ ხის ძირში ჯდომასა და სიბრმავეს თვალი და გული ავაცილოთ... ჩვენ თვითაონვე უნდა გავიკითხოთ ჩვენი თავი და საქმე... თავი და საქმე!.. თავი ვიტეხოთ და გული არა!

ხალხის მთავარმა ტალღამ აიარა. ახლა იგი მთაწმინდის ჩამონაოჭებულ კალთაზე მიჯრილად მიიკლაკნებოდა და მაღლა, როგორც ალამთ ალამი, ახალი მთაწმინდელის ნეშტი მიჰქონდა... ეს “ცა-ფირუზზე” ამაღლება უფრო იყო, ვიდრე დაკრძალვა!

ხიდან მე ყველაზე ბოლოს ჩამოვედი. მე კი ჩამოვედი, მაგრამ ჩემი ბალღობა სადღაც ამ ჯერ შეუფოთლავ ხის ტოტზე დამრჩა. უკვე ჭაბუკური ყურები ახლა სულ დალესილი მქონდა... კიდევ მსურდა რამის გაგება... და გავიგე კიდეც... ერთმა მოწიფულმა, შუბლღია კაცმა უთხრა მეორეს:

- ერმა, რომელმაც თავისი ღირსეული შვილის ასეთი დაფასება და სიყვარული იცის...

- ის ერიც უკვდავია და ის ღირსეული შვილიც! – დაასწრო მეორემ.

სიცოცხლეში ნეტავ რამდენჯერ უნდა ამეხილოს თვალი? ახლა ხის ჩრდილიდან უკვე “ბრძნულ-ჭაბუკურად” შევხედე მთაწმინდის ქვეყანას, მის ხალხს, სიცოცხლეს, შრომას, მოვალეობას... ისიც ბასრად და ნათლად ვიგრძენ, რომ სიკვდილი საბოლოოდ აუცდენელი “სტუმარ-მასპინძელია” დიდთა და მცირეთა, რჩეულთა და ურჩევთა... რომ ეს ყველასათვის ძველთაგანვე ცნობილია, მხოლოდ მე ვიჯექ ხეზე...

ხოლო შემდგომ “დავიწყების პირსა და არა იყო რას” მხოლოდ ის აღწევს თავს, ვინც თავის ნიჭსა და შრომას სამშობლოსათვის არ იშურებსა, ვინც თავის ხალხს თავზე ევლება... ხოლო სამშობლოს, ხალხის დიდი სიყვარული ადამიანს გულთამხილაობის ძალას უჩენს, ანიჭებს, უზრდის... იქნებ გმირადაც ხდის!

მეც გავყევი ხალხს. უკან კი მომდევდა ბრმა ხეიბრის ძახილი:

- გაიკითხეთ! ჰაი, დედასა მტრისასა! მე, ბრმა, ცოცხალი ვიყო... თვალნათელ აკაკის კი სიკვდილი აბრმავებდეს, მიწას აბარებდეს?!

მაგრამ მე ახლა უკვე ბრმაზე უკეთ ვიცოდი, რომ სიკვდილს აღარ შეეძლო აკაკის “დაბრმავება”, არც მისი სალამურის, დაფისა და ნაღარის დახშობა, დაჩუმება... მისი სახელი და სიტყვა უხმობდა თაობებს! ერთმა ნაპერწკალმა მეც ამინთო ჩუმი სანთელი და იმის შემდეგ გულში დამაქვს უფოთლო ხის ჩრდილთან ერთად.

პ.ს. როდესაც კაცი, სამხრობის ჟამს, ბავშვობის დღეებს იგონებს, - დროის ვარაუდი ეშლება კალამს. ბავშვი უნებურად უფრო ჭკვიანი, ადრე შეუფროსებული, მეამიტობადაკარგული გამოდის. ნაგრძნობიც და ნაფიქრიც შემდგომი ნალექით ივსება და ცხოვრების დახლართულ ფაცერ-კოდში იკარგება მოსაგონარ დილის ცვარ-ნამი. ჩანს, პირველგანცდილის ფხაშეურევი აღდგენა ისევე შეუძლებელია, ვით ბავშვობის შემობრუნება. ეს მარცვალიც ან სულ მომსპარი, ან უკვე ამოზრდილია... კბილიც მოცვლილი... ჩვენი ბავშვობა უკვე ჩვენივე შემოქმედების ნაწილად ხდება, ხანდახან მთავარ თემადაც იქცევა და არის ასე.

ამ გულწრფელ აღიარებას, კალმის გენიოსებიც, ალბათ, მაპატიებენ... მათ ეს უკეთ მოეხსენებათ...

... იმ ხის უფოთლო ჩრდილს კი ახლაც ვხედავთ, თუმცა მის შემდეგ მთაწმინდის მიწამ არაერთი დიდი ქართველი მიიბარა, ხოლო მთაწმინდის ხეებს ფოთლები ორმოცდახუთჯერ აუმწვანდათ და ჩამოსცვივდათ.

ახლაც ფოთოლცვენაა... მაგრამ გაზაფხული მუდამ სჯობნის შემოდგომას და ზამთარს; ერთი მოვკვდეთ, ათი ვიბადოთ!

??????