გოთუა ლევან
გაზიარება

ჩემი უსტარული 

ვუძღვნი ჩემს ნორჩ მეგობარს – კახა ფხოველიშვილს

ახლა მე უკვე ჭაღაროსანი ვარ და მაინც არ მიდგება გული, რომ ზაფხულში ცხრა ახალი წყარო არ ვნახო, გუნება არ მოვისალბუნო, უბის წიგნაკში არ ჩავიწერო... წყარო ხომ ყველაფრის დასაწყისია!

ეს რამდენიმე წელია არმაზში, მტკვრის პირას ვცხოვრობ და, ვიდრე სახლს დავამთავრებდი, საკუთარი ხელის ნუშის წყარო მოვაპირკეთე. ახლა ხშირად მივუჯდები, მის ჩუხჩუხს ვუსმენ და წერა მიადვილდება. ჩვენი წყაროები თურმე ლაპარაკობენ!

პირველად ეს მე ბავშვობისას – უსტარაულთან გავიგე. აქ მოვისმინე წყაროს ღუღუნი და ამის შემდეგ ყოველ ახალ წყაროსთან ამ ხმას ვამოწმებ, ჩემს სმენას ვაწყობ, გულის ჟღერას ვუთანაბრებ...

უსტარაულის კილომ ბევრი სხვა წყარო და ადგილი მომატარა, ბევრი ფიქრი მისაზრდოვა, გამომიმწიფა, ბევრი წიგნი დამაწერინა, დიდი წყურვილი, მძიმე დღე და შრომა მომისალბუნა. ნეტავ შევძლებ კია ჩვენი წყაროების ვალის გადახდას?!

* * *

ათი წლის ქალაქელი ბიჭი ვიყავი. სოფელში სამოგზაუროდ კი დავყავდი მამას, მაგრამ ქალაქური იერი უხილავად უკან დამდევდა... კოზაკი და ზაქი დედალ-მამალი ხბო მეგონა. ანწლსა და ძაღლყურძენას ვერ ვარჩევდი... ვერც – მერცხალსა და ნამგალას. არც ის ვიცოდი – ტყეში თუ ჩხიკვი განგაშობს, რაღაც ამბავია! რცხილა მხოლოდ სახრეებად იზრდებოდა მეგონა. წყაროს დანახვისას ღარის ძირში დასაკეტად ონკანს ვეძებდი, გუთნისდედა კი შარვლიანი დედაკაცი მეგონა.

არც შრომის მადლი და ბარაქა ვიცოდი. არა, ზარმაცი არ მეთქმოდა, არც უილაჯო, მაგრამ უილეთო, ცოტა მორცხვი, ცოტა მძიმე, ცოტა მოუხერხებელი... წიგნების ტრფიალი კი ვიყავი... ძალაც თავიდანვე მერჩოდა. დიდ ქვებს ვაბრუნებდი ხოლმე ქალაქურ ეზოში.

მამაჩემს შვილები თრიალეთის მხარეზე – ერთაწმინდაში დავყავდით აგარაკად. სიარული კარგი შემეძლო. ბიჭებმა მთელი მიდამო შემოვიარეთ. აბა, წყაროებს რას გავუშვებდით უნახავს... გარდა ერთისა – საოცარ სახელიანისა, რომელსაც ვერა და ვერ მივაგენი. მაგრამ, ჯერ ვინც მასწავლა, იმისას ვიტყვი...

სიზმარა ჩემი ტოლი ტლუ ბიჭი იყო. ტატაანთ კალოზე ჩვენი შეყრისას ჩუმად იდგა ხოლმე და თითქოს სთვლემდა...

- სიზმარა ღამის მეხრეა, ძილი არ ჰყოფნის... ახლაც სიზმარშია! – იცინოდნენ ხოლმე ბიჭები. იგი კი, თუ იტყოდა – ბასრს იტყოდა და მძიმეს. სულ ძარღვიანი სიტყვები იცოდა. ქვების აწევაში მე და სიზმარა ყველას ვჯობნიდით და ბარი-ბარში ვიყავით. წყაროების ცოდნაში აშკარად მჯობნიდა. წიგნის ყოჩი კი მე ვიყავი. მეც უფრო ხშირად ვდუმდი და ვუსმენდი სოფლის ზღაპარა ბიჭებს. მაოცებდა მათი მეხსიერება, ბუნებისა და ცხოვრების უშუალო ცოდნა და წვდომა. სწორედ ის, რაც მე მაკლდა და მეტად მწყინდა.

- - ტყემლის წყარო იცით?

- ვიცით... მაშ არა... ქაჩალ-ხევის თავშია...

- კოდის წყარო?..

- ქვახეთქილა?..

- ნერგის ფშანი?..

- წიფლიღარა?..

- ბაიდაანთ ხევი?..

- წაბლარა?..

- ეჰ, ტყუილი ლაპარაკია, აქაური წყაროების მეფე უსტარაულია! – სიტყვები ქვებივით გადმოაგორა სიზმარამ.

- უსტარაული! წყალიც ამდენია, რამდენიც სიგრძე სიტყვისა?

მე უკვე ლექსებს ვწერდი, ეს იყო ჩემი პირველი საიდუმლოება... სიტყვის სიგრძე-სიმოკლე უკვე ნაგრძნობი მქონდა.

- რას ამბობ, ქალაქელო! თითქმის ამ კალოს სიდიდისაა, ირგვლივ ქვიტკირშემოვლებული... შიგ კაკა-მეველეს წელამდე წყალია!

კაკა-მეველე სოფლის უმაღლესი კაცი იყო... და კაკას წელი მე მაშინ ყელამდე მწვდებოდა.

- ტბა ყოფილა! – ცოდნა გამოვიჩინე.

- არა... წყაროა, ყინტორი... ცხრა ბზარიდან ნაშენში გამონახეთქი...

- ანკარაა? – ცხრა ბზარის ცეცხლი მომეკიდა და ახლა მთხრობელს კრიჭაში ძალა-ძალა ვაძრობდი სიტყვებს. – გამჭვირვალეა?

- კენჭებდასათვალავი! კარგი წყარო, თუ მიწა გაწყრა, შრება, არკი იმღვრევა!

- ირგვლივ?.. სიზმარ-სიზმარ მაინც ამოღეჭე,

შევატყვე – ეწყინა, მაგრამ პასუხი მაინც ამოღეჭა:

- ირგვლივ გაუვალი თხილნარია... ზედ თრითინები დახტიან – აკრატუნებენ.

- სად არის?

- შენ ვერ მიაგნებ... უწიგნო ადგილია... – მრუდედ გადმომკრა და სულ ჩამიხლართა საუბარი: - დღე – მზე ადგას თვალებრიალა და ვარვარა გელაზად, ღამე – მთვარე ჩაყვითლებულ ბადიმად... გამგებმა გაიგოს...

ამდენი მძიმე-მძიმე სიტყვისაგან თავბრუ დამეხვა. ყინტორი, ალბათ, მეტისმეტად ცივს ნიშნავდა... თრითინა მხოლოდ ქალაქის სამხეცის ბინადარი მეგონა... გელაზმა და ბადიმმა ხომ სულ გამაოგნა. სირცხვილით ვეღარ ვიკითხე. ყოველმა გლეხის ბიჭმა იცოდა, მე კი, ქალაქელმა, სკოლის მოწაფემ - არა.

სიზმარამ, ალბათ, ინიშნა ჩემი ენის ჩაგდება და უფრო ააფრინა:

- ირგვლივ ღალღები და მოლაღურები შემოუსხდებიან ხოლმე.

- დილა-საღამოს?! – წიგნში წაკითხული წამომაგონდა, აღელვებულად ავყევი, - ღამე კი...

- ღამე კი ადგილის თხუნელები და მაჩვები გამოძვრებიან, ყელს იგრილებენ, თვალს იბანენ... მაჩქათელებს ეთამაშებიან...

ბნელაში კარგად ვერც შევამჩნიე: ვგონებ, სხვებს თვალი ჩაუკრა, მე ყბა მომიქცია ღამის მეხრემ.

არა, თხუნელა რომ ბრმა იყო, ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ წყალს სვამდა თუ არა, ეს არ გამეგებოდა...

- თხუნელა თვალებს...

- ახლა უნდა მაყბედო განა?! წადი და ნახე... მაგრამ მარტო... თუმცა შენ ქალაქში სკოლასა და ბაზარს მიაგნებ, ტყეში – უსტარაულს კი ვერა! – სიტყვა სახრესავით გადამიჭირა. – ჩხიტ-ბრიც! გზა არავინ ასწავლოს, ვნახოთ მაგის წიგნიკაცობა!

- წავალ და ვნახავ!.. მივაგნებ, თუ ზღაპარი არ არის, სიზმარავ, ეგ შენი უსტარაული! უწიგნო ადგილს კი ისევ და ისევ წიგნი მიმაგნებინებს!

* * *

ადრე ავდექი. შინ თხილის საკრეფად დავეთხოვე. კიდობნიდან დედის პური ამოვიღე, უჯრიდან – მამის “სიტყვის კონა” სულხან-საბასი, და უსტარაულის საძებრად წავედი.

ტყის ბილიკზე შაშვები და ჩხართვები მიმაცილებდნენ, ნახნავ-უხნავებში – ღალღები და ტოროლები. წიფლიანში თრითინამ გადაირბინა. მთაზე შეფენილ უაგნარში სოფლის ნახირის ნასხლეტი ირმებად მეჩვენა. ერთი სიტყვით – უკვე უსტარაულის კილოზე აწყობილი მივდიოდი. ცისა და მიწის შუა წყაროს დავეძებდი და მიმართულებს გარდა, მხოლოდ ცხირეთის ციხის ნანგრევები დავიმახსოვრე.

ბევრი ვიარე. დავისიცხე. მომწყურდა. წყაროს პოვნის სურვილი უფრო მომიძლიერდა. – მთიდან მთაზე გავხედე, ცხირეთის ნანგრევები დავინახე, - უკან დამრჩენოდა. უსიერი ტყე-ხეობა გამოვიარე და ცხირეთის ძირობებში ვიწყე ირგვლივ ბორიალი. მეხრეებსა და შეშის მჭრელებს მე თავად ვერიდებოდი. მილიციელი იქ არ იდგა და ცნობათა ბიურო არ იყო, რომ ზუსტი მისამართი გამეგო.

კოდალას ცმა-კაკუნი გაისმოდა. ხევ-ხევ ჩავყევი. ქვევით გაავებული ჩხიკვი განგაშობდა. თითქოს მთელ ქვეყანას ედავებოდა. ქორიც იქვე რკალავდა ჰაერში. მეც იქით მივეტანე.

მიჯრილ თხილნარში თითქოს ჟღურტული და ხვნეშა მომესმა. წავიწიე და სმენად ვიქეცი. ნაკაფს წავაწყდი. ფლატეში თითქოს ნოტიოც იგრძნობოდა. ახლა უფრო მკაფიოდ მომესმა ტლაშუნი... და ვგონებ – წყლის შეჩხრიალიც. ფეხაკრეფით ჩავყევი, დაბურულ ტაფობს თავს დავუარე... ბუჩქნარი გადავწიე და კრთომით გადავიხედე... ჩემს წინ უეჭველად უსტარაული იყო. არა ზღაპრული, არამედ ნამდილი... მართლაცდა მორჩილი კალოს ოდენა. მიწის პირამდე ქვიტკირდავლებული მოზრდილი ღრმული და შიგ განა სიზმარას ირმები – კამეჩები ეყარნენ და კუდებს სიამით ატლაშუნებდნენ.

დაოფლილ საფეთქელთან რაღაც მეტკინა. თითქოს კამეჩმა ჩემს ოცნებას შემოჰკრა, ისიც – არა რქა, არა წიხლი, არამედ სველი კუდი.

ბუჩქი გადავთელე და წყლის კალოს თავს წავადექი. კამეჩები არც შერხეულან. სწორედ ორი უღელი იყო, მე კი უამრავად მეჩვენებოდა... ჩხიკვიც აქ იყო... მხოლოდ მან უმატა ირგვლივ ფრენასა და ჩხავილ-ფორიაქს.

- ადე, ჰო! – უხერხულად შევძახე და ხელები ავუქნიე, მაგრამ... ნუთუ კამეჩებმაც გამოიცნეს ჩემი ქალაქელობა?! გაკვირვებით თავი იბრუნეს... ის იყო და ის. ჩხიკვზე მეტად არც მე ჩამთვალეს! სიბრაზისაგან თავი აღარ მახსოვდა. ფერხთით ქვიტკირს ბზარი შევამჩნიე, ქვა ავაგლიჯე და კამეჩებს ვახალე. ქვა დიდი და გვერდალესილი გამოდგა, ქედზე მოხვდა ერთ-ერთს და ტყავი ჩაუბალთა. სისხლი შეერია უსტარაულს. ახლა კი იკადრეს წამოვარდნა და წყაროდან გადანადენ მოზრდილ რუს მიაშურეს, უფრო გათქერეს და თხილნარში ლაწალუწით გაუჩინარდნენ.

ჩხიკვიც თითქოს დაწყნარდა და გაფრინდა.

ახლა მე და ამღვრეული წყარო მარტონი დავრჩით.

დაწდომამდე თვალი ვეღარ გავუმართე, თითქოს დამნაშავე ვიყავი. მოლოდინში “სიტყვის კონა” გადავშალე, სიზმარას ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობა გავარკვიე. ახლა “ცხრა ბზარა” გამონადენს დავუშყე ძებნა. წყლის შუა კალო კიდევ ნამღვრევი იყო, შემორგვალებული ნაშენის ბზარებში და ფსკერზე დაყრილი ქვების ძირიდან კი დანის პირივით მოძვრებოდა ანკარა ნაკადი. ზოგან ბათქა-ბუთქად ამოდიოდა. მაგრამ, რაც უფრო იწმინდებოდა დევ-წყარო, უფრო ვამჩნევდი ახალ ნაკადებსაც და შიგ ჩაშლილ თუ ჩაყრილ ლოდებსაც. და ისე შემეცოდა შარავანდდაზიანებული, ჩაქოლილი წყაროთა წყარო, რომ ბევრი აღარც მიფიქრია – გაუხდელად შიგ ჩავხტი და ქვების ამოყრა ვიწყე. წყარო, მართლაც, “ყინტორი” აღმოჩნდა, მაგრამ გავჯიქდი და ფეხი აღარ მოვიცვალე. ჩაშლილი კიდეების ამოშენება ვიწყე. ჯერ ვერ გამომდიოდა. მაგრამ ვიმუყაითე, სიპი ქვები შევურჩიე და მუშაობა ავაწყვე, თანაც გავხურდი.

შუა შრომაში თუ ვიყავი, რომ ვიღაცამ შემომძახა:

- შენ დამიშავე?!

და... ვიდრე მოვბრუნდებოდი, ვიღაც, პირდაპირ წყალშივე, ზურგზე შემომახტა და კისერში მუშტი ჩამცხო. მერმე ყველაფერი აირია... ორივე ერთად წყაროში ვგორაობდით... ხან მე ვიყავი ქვევით, ხან მომხვდური... განურჩევლად ვცემდით ურთიერთს... ისევ წყარომ გაგვაშველა. ბლომად გვაყლაპა წყალი და მალე გაგვყარა. მაშინღა ვიცანი სიზმარა.

გაღმა ის ჩამოჯდა კალო-წყაროს კიდეზე, გამოღმა მე. მას ორივე თვალის უპე ჰქონდა ჩალურჯებული, მე ცხვირიდან სისხლი მდიოდა.

- ქედზე ქვას დაჰკრავს კამეჩს ადამიანი?!

- ასეთ წყაროში კამეჩებს ჩადენის ადამიანი?!

სიზმარა დადუმდა, მერმე გამოცვლილი კილოთი მითხრა:

- ცხვირი ჩამოიბანე... გიამება უსტარაული... ჭკუასაც ისწავლი!

- შენც თვალის კილოებში ამოისვი, ყინტორია... არც შენ გაწყენს!

მან ახლა ჩემს ამოშენებულ კედლებსა და ამოყრილ ქვებს დაადგა თვალი...

მაშ მოაგენი, ახლა რაღას აკეთებ, უგუნურო?

წყაროს ვაშენებ... შენს ნათქვამს უნდა ვამსგავსო, უწიგნურო! ახლა წიგნი დაინახა...

ეგ არის შენი გამგნები და მარჩენალი?!

დიახ... შენი?

ჩემი კი – კამეჩებია!.. შენ რა იცი შრომის მადლი და ხვავი?ხვავი არ ვიცოდი, მაგრამ არ დავიხიე...

- არ ვიცი და, “ სიტყსვის კონა” აქ არა მაქვს?!

- აბა და ვნახოთ!

ეს უკვე მთელი საწიგნეთის გამოწვევა იყო... ვფურცლე და ვძებნე. იგი გაფაციცებით მიმზერდა. ჩვენს შორის მთავარი ჩხუბი ახლა იყო.

ვიპოვნე, ჩხრა წყაროსა და ცხრა ცას ვეწიე.

“ხვავი – შეგროვებული მარცვალი...”

მოჩხუბარი მონუსხულივით გაირინდა, თითქოს მასაც კისერში მოხვდა ჩემი ქვა... თავი დაჰხარა...

- ეს კონა-წიგნიც წყაროსავით ყოფილა...

- თუ მოუარე... – ერთი კენჭიც ვტყორცნე, ჩანს, მოვარტყი. უბრად ადგა და ბუჩქნარში გაუჩინარდა. მე ისევ ჩავდექი წყალში და შრომა განვაგრძე.

ისევ შრიალი შემომესმა. სიზმარა იყო – დიდი ლორფინები შოთებივით იღლიებში ამოედო, წყაროს ნაპირზე დამიყარა და კვლავ გაუჩინარდა. მერე აღარც მომიხედავს... ნაპირზე დაყრილი ქვების ხრიალი კი ხშირად მესმოდა.

ბოლოს, შორიახლოდან, კაფვის ხმა შემომესმა, მერმე – კამეჩების ყროყინი და სიზმარას დაყვავებული შეძახილი. კოდალამ სულ ახლოს შემოჰკრა თავისი სარაკუნა. ნიბლია შემოჯდა თხილის ტოტზე. ცხირეთის ნანგრევების მტრედები ჩამოფრინდნენ. მოლაღურმა უკვე “თავის შვილად” მიმიღო და გადმომძახა.

ბუნება თითქოს მეც თანდათან მიღებდა თავის ცხრაკლიტულს.

სიზმარას მოტანილ ქვებსაც გულდაგულ მივწვდი და კალო-წყაროს შენგრეული ოდრიკალას ზედაპირიც მოვულორფინე, ხავსი და ხვიფლი ჩამოვუწმინდე, ფსკერი ერთიანად მოვუსუფთავე, ჩაყრილი ლოდები გავაცალე. მალე დავრწმუნდი – მიწა არ გასწყრომია ჩაქოლილ წყაროს. ცოტაც და, უსტარაულის ლურჯ-ნაპერწკალა სივრცე უკვე პირველანკარა სილამაზით ლივლივებდა. მზეც, მართლაცდა თვალბრიალა და ვარვარა, გელაზად ადგა...

გადადენილ რუს თვალი გავაყოლე. ცოტა ქვევით, ბუჩქხე, შარვალ-ხალათი და ქალამნები გასაშრობად ეკიდა, მათი პატრონიც დავინახე... დედიშობილა მუშაობდა. სარებს ასობდა, უსტარაულს რუს მხარეს უღობავდა.

მეც გავიხადე სამოსი და მზეზე გავფინე. მერმე სიზმარას ჩავეშველე. არც დაუშლია, მაგრამ არც შერიგების სიტყვა უთქვამს. არც მე.

როცა ღობესაც თავი მოვუხვიეთ, სარების ამოშვერილი წვერების მოჭრა იწყო.

ახლა კი შევედავე:

- იყოს... რატომ აჭრი... უმჯობესია!

- კამეჩები ისედაც ვეღარ გადმოვლენ. წყალს ქვევითაც დალევენ... ტალახშიაც ჩაეყრებიან... ირმები კი არ დავაშავოთ!

- განა...

- ირმები მხოლოდ წყაროში სვამენ პირველანკარას!

ისევ ვიგრძენი – მე ადრეულად, წიგნით განსწავლული ვიყავი, იგი – ადრეულად ბრძენი და ბუნებით გაცნობიერებული.

შემოკავებას რომ მოვრჩით, ისევ წყლის კალოს მოვუბრუნდით. ჩვენი შიშველი სხეულები წყაროს სარკეში ლივლივად ჩანდა. უკვე კენჭების დათვლაც შეიძლებოდა.

სიზმარამ ჩაძიებით ჩაათვალიერა ჩემი ნამუშევარი. ჩანს, მოეწონა.

- აქამდე ჩემი იყო უსტარაული... ახლა ნახევარი შენია! ბარიბარში ვართ ყველაფერში.

მერე შემშრალი სამოსი ჩავიცვით და დედის პური გავტეხეთ. სიზმარამ პანტა, თხილი და ველური პრასა სახელდახელოდ გააჩინა. წყაროს მახლობლად თავისი შენახული ქვამარილიც მოიტანა. უკვე პირველანკარად დამწდარი უსტარაულის დაყოლებით ყველაფერი გემრიელი და ყუათიანი იყო.

თავჩახრილები ვისხედით და ცას აღარ ვუმზერდით – ყველაფერი წყაროს კალთაში ჩანდა... გადახრილი მზე, ადრეულად გამოჩენილი მთვარე, ცხირეთის მთის გადმოწოლილი ჩრდილი, ახლო – ხეებისა და თხილნარის წყალქსოვილა. თითქმის მთელი ქვეყანა უსტარაულის ანარეკლში იხატებოდა. და ახლა იგი საოცარ, ჩემთვის ჯერ არნახულ სამყაროში გასახედ თვალ-სარკმელივით იყო.

ღამის მეხრეს კი თავისი იდუმალი ნიშნები, ჩანს, კიდევ ბლომად ჰქონდა; წყალს პეშვი ამოჰკრა და უსტარაულს ქვის შარავანდედი მოუნახა...

- ახლა ჩემი “ბუნების კონაც” ნახე!

ნამცეცების გარდა ყველაფერი მოვასუფთავეთ და წყაროზედ გადმოწოლილ ბუჩქნარში გავინაბეთ. სიზმარამ წიგნი უხერხულად გადაფურცლა.

- აბა, ერთი “პრასა” ნახე. ოღონდ ჩუმად. ახლა “პანტაც”. ნუთუ “ღობეც” იქნება?

...და როდესაც “ღობეც” და “ზღუდეც” ვაჩვენე, ჩუმად წავუკითხე... ახლა “წყაროს” პიოვნა შემემუდარა. გატაცებით მისმენდა. აღარ ეყო თითები წყაროს სახეობათა დასათვლელად.

მაგრამ მალე უსტარაულმა სძლია საბა-სულხანურს. ჯერ ჩხიკვი მოფრინდა, ჩემს ახალშენზე ჩაკიდებულად წყალი მრავალგზის შესვა, ცას შეხედა. შყაროში არეკლილად – თითქოს ორი ჩხიკვი ჩხუბობდა წყალში... ჩვენი ჩხუბი მოგვაგონდა და სიცილი ძლივს შევიკავეთ. ზედაც ოფოფი მოფრინდა, სავარცხელა დაისველა და კოპწიად შეირხია. მერმე შაშვები მოჭახჭახდნენ... ყვითა-ყვითა მოლაღურები. ღაჟო ჩიტებითა და მესკიებით აივსო საუსტარაულო. ჩვენი დაყრილი ნამცეცები აკენკეს. წყვილად გვრიტი მოფრინდა, საოცარი შნო მისცა წყაროს. ქორის ჩრდილმაც გადაუარა ჩამუქებულ სარკეს და წვრილჩიტობა ჩვენსავით განაბა. უეცრად ფრთოსნები გაფრთხნენ და ბუჩქებიდან წყაროს კიდეზე თრითინები გადმოეკიდნენ. უკვე ბინდდებოდა, მაჩვი რომ ამობაჯბაჯდა, მისუნ-მოსუნა აქაურობა, წყალი დიდხანს, დაწაფებით აწკლაპუნა. რუს მხრიდან გრძელნისკარტა ტყის ქათამი გამოგოგმანდა, შემოფეთებულ თვალბრიალა ჭოტს გაერიდა, ნისკარტი მიუშვირა. ცხირეთის მხრიდან ტურების ჭყავილი მოისმა. მერმე ყველაფერი დადუმდა და შენივთებულ ბინდს შეეხიზნა.

... და მაშინ სულ მკაფიოდ გავიგე უსტარაულის ცხრავე ნაკადის ჟღურტული და ჩუმი ბაასი, დედამიწის სიღრმისეული სიტყვა-ბგერის ჩურჩულა ხმა და თითქოს შორი, მომხიბლავი გალობა, რომელიც მე მთელი სხეულითა და ყველა გრძნობებით მესმოდა...

- გესმის?! – ყურში ჩამჩურჩულა სიზმარამ.

- ახლა მესმის! ეს კი ჩემს “კონაში” აღარ წერია!

- ახლა შვლის ნუკრისა და ირმების მოსვლის დროა!...

* * *

ახლა, ნახევარი საუკუნის შემდეგ, პაპა სიზმარა ერთაწმინდელი მიწის მწერალია – გუთნისდედაა, სოფელში ხნიერი და, ალბათ, ყველაზე უფრო გულგამჭრიახი კაცი. ჩვენი შეყრისას კი “ძველბიჭურად”, მოლაღურის კილოზე ვსაუბრობთ ხოლმე:

- ბიჭო, იპოვე?

- ვერა... მრავალი ვნახე... ისეთი კი – ვერა!

- მაშინ ჩვენც წყაროებივით ვიყავით...

- ბიჭო, შენგან მახსოვს – “კარგი წყარო, თუ მიწა გაწყრა – შრება, არკი იმღვრევაო”.

- წიგნში ჩასწერე, წიგნში... კაციც წყაროსავით ანკარა უნდა იყოს!

* * *

წყაროს საიდუმლოება ბავშვობიდან გაგებული მაქვს. მისი ნახვა და ერთი პეშვის შესმა არ ყოფილა საკმაო. საჭიროა საკუთარი უსტარაულის პოვნა, ბეჯითი შრომით შეზიარება; ასაშენებლის აშენება, მოსამთავრებლის მოთავება, აღსადგენის აღდგენა. მხოლოდ მაშინ გაგიხსნის გულს წყარო და ენას ამოიბამს შენს გასაგონად. მე კი ახლაც, სადაც ხელი მიმიწვდება, ყველგან მოვინახულებ ხოლმე წყაროს, თითო ქვას მაინც ვუმატებ, ღარს ვუსწორებ, ჩინჩხვარს ვაცლი და მხოლოდ შემდეგ ვსალბუნობ და გულისყურით ვუსმენ მის უკვდავ ღუღუნს.

ნეტავ შევძლებ კია, ჩვენი წყაროების ჩემი წილი ვალის გადახდას?!

??????