ხალხური
გაზიარება

უფროსი ედა 

ძველი ისლანდიური
სიმღერები ღმერთებსა
და
გმირებზე


I სიმღერა ღმერთებზე

ვოლვას წინასწარმეტყველება

(Völuspa)

1. ისმენდით ნათქვამთა
ჩემთა, უწმინდესნო,
დიდნო და მცირენო,
შვილნო ჰაიმდალის.
მამავ ომებისა,
შენა გსურს - ვიამბო
არსთა და სულდგმულთა
წარსულზე, რაც მახოვს.

2. მახსოვს მე თაობა
პირველ გოლიათთა,
შორეულ წარსულში
ვარ მათგან შექმნილი;
ვიცი ცხრა ქვეყანა,
ცხრა ფესვი გადგმული
ხისა ზღვარმდებისა -
დიდი იგდრასილის.

3. პირველი არრა იყო,
კიდეგან იმირის, -
არც ქვიშა, არცა ზღვა
ცივ ტალღით მრხეველი,

არც ზეცა, არც მიწა,
არც მწვანე ბალახი -
იყო საოცარი
ბნელი რამ უფსკრული.

4. სანამ ნიადაგი
ღვთისშვილთ არ აზიდეს
და შექმნეს მიდგარდი
მძლავრი, მშვენიერი;
და მზემ სამხრეთიდან
უწყო ქვებს ნათება,
გაღვივდა მიწა და
ზრდა იწყო ბალახმა.

5. მზე - მთვარის შეგირდი -
შორეულ ცის კიდეს
შორი სამხრეთიდან
უწვდენდა მარჯვენას.
მზემან არ უწყოდა,
სად ჰქონდა სადგომი,
ვარსკვლავთ არ უწყოდნენ,
სად ხამდა ნათება,
მთვარემ არ უწყოდა
ძალა საკუთარი.

6. მაშინ ძლიერების
ტახტებზე ღმერთები
დასხდნენ და გამართეს
ბჭობა უწმინდესთა.
ბნელს ღამე უწოდეს
და ღამის ნაშიერთ
საღამო, დილა და
შუადღე შეარქევეს -
ჟამთა აღსათვლელად,
დროთა აღსარიცხად.

7. იდავლის მინდორზე
შემოკრბნენ ასები
და იწყეს შენება
დიდთა მათ ბომონთა,
ძალას არ ზოგავდნენ
ჭედვად საუნჯეთა,
კერავდნენ მარწუხებს,
აწრთობდნენ იარაღს.

8. უყვარდათ გართობა,
თამაში კოჭისა,
ჰქონდათ ყოველივე
ოქროსგან ნაკეთი,
სანამ სამეული
გოლიათ ქალწულთა
მათ არ მოევლინათ
ოტუნჰაიმიდან.

9. მაშინ ძლიერების
ტახტზე ღმერთები
დასხდნენ და გამართეს
ბჭობა უწმინდეთა,
თუ ვინ ვით წარმოქმნას
მოდგმა ჯუჯაკაცთა,
სისხლით ბრიმირისა,
ძვლებით ბლიანის.

10. მოსტოგნირს ჯუჯათა
პირველი უფროსი
და დურინს მეორე -
უწოდეს ღმერთებმა.
ჯუჯებმა თიხისგან
იწყეს გამოძერწვა
კაცთა მსგავსს არსთა მათ,
ვით ბრძანა დურინმა.

11. ნიი და ნიადი,
ნორდრი და სუდრი,
აუსტრი და ვესტრი,
ალთიოფრ, დვალინ,
ნარი და ნაინ.
ნიჰინგრი, დაინ,
ბივურ და ბავურ,
ბომბურ და ნორი,
აან და ანარ,
აი, მიდვიტნირ.

12. განდალვ და ვეიგ.
ვინდალვ და თრაინ,
თეკრი და თორინ,
თროორ, ვიტი, ლიტი,
ნარი და ნურადრ,
რეგინ და რაბსვიდრ -
აჰა, მათ ჯუჯათა
სახელნი ესე.

13. ფილი და კილი,
ფუნდინი, ნალი,
ჰეფტი და ვილი.
ჰანარ და სვიორ,
ბილინგრი, ბრუნი,
ბილდრი და ბური,
ჰორნბორი, ფრარი,
ფრეგრი და ლონი,
აურვანგრ, იარი,
ეიკინსკიალდი.

14. დვალინის ჯილაგის
ჯუჯათა სახელნი
კვლავადმცა თაობებს
ვამცნობთ ლოვარამდე;
თუ ვით წამოიშვნენ
შორს, კლდოვან მხარეში
და ჭაობების გზით
მოვიდნენ ქვიშნარში.

15. ეს იყო დრაუპნირ,
თან ახლდნენ დოლგთრაზირ,
ჰარ და ჰაუგსპორი,
გლოი და ჰლევანგრი,
სკირვირ და ვირვირ,
სკაფიდრ და აი,
ალვი და ინგვი,
ეიკინსკიალდი.

16. ფიალარ, ფროსტი,
ფინრი და გინარ,
ჰოგსტარი, ჰერი,
ჰლინდოლფრ და მოინ.
ლოარის წინაპართ
იქნება ხსენება,
სანამ იარსებებს
კაცთა ნაშიერი.

17. სამნი ამ ტომიდან,
ასების მოდგმიდან,
სათნო და ძლიერი
მოვიდნენ ზღვის პირას,
სადაც მათ იხილეს
ასკი უსუსური
და ემბლა უწმეო,
უძლურ-უბედური.

18. სული მათ არ ედგათ,
სუნთქვა არ შეეძლოთ,
არცა მოძრაობა,
არ ჰქონდათ ფერ-სისხლი.
და მისცა ოდინმა
სუნთქვა და ჰორირმა
სული, და ლოდურმა
სისხლი და ელფერი.

19. ვიცი მე იფნის ხე -
დიდი იგდრასილი, -
თეთრი წყლით ნაბანი,
მარად ტენიანი,
ცვარ-ნამს რომ აპკურებს
მუდამ დედამიწას -
დგას ურდის წყაროზე
იგი, მარადმწვანე.

20. იქ სამი ჩქერელი
ჩუხჩუხებს ხის ძირას
და ბრძენი ქალწულნი
იქიდან წარმოსდგნენ:
ურდი და ვერდანდი,
მჭრელნი რუნებისა,
სკულდი დავიხსომოთ -
მესამის სახელი.
განსჯის კაცთა ბედს,
ადგენენ სიცოცხლეს
და ყველას საკუთარ
წილხვედრს უმზადბენ.

21. და ახსოვს ამქვეყნად
მას ომი პირველი:
შუბით განგმირული
დაეცა გულვეიგ,
ოდინის დარბაზში
იწვოდა დაჭრილი,
ის სამჯერ ნაშობი
და სამჯერ დამწვარი,
სამჯერვე აღმდგარა
და დღემდე კვლავ
ცოცხლობს.

22. ჰეიდს უწოდებდნენ
ქალსა მას ჯადოქარს,
კვერთხით ჯადოსნურით
სადაც მივიდოდა,
მისნობას იმისას
ყველა მორჩილებდა,
მეტად კი ხარობდნენ
ცოლნი ბიწიერნი.

23. მაშინ ძლიერების
ტახტზე ღმერთები
დასხდნენ და გამართეს
ბჭობა უწმინდესთა:
ასნი აიტანენ
ამ შეუარცხყოფას,
თუ სისხლის სასყიდელს
მოსთხოვდნენ სანაცვლოდ.

24. ოდინმა ლაშქარში
გასტყორცნა ისარი,
მოხდა ეს ჟამსა მას
პირველი ომისა;
ასების ციხეთა
დაინგრა კედლები,
სრავდნენ, იმარჯვებდნენ
ბრძოლაში ვანები.

25. მაშინ ძლიერების
ტახტებზე ღმერთები
დასხდნენ და გამართეს
ბჭობა უწმინდესთა:
ვის სურს, გოლიათებს
ვინ ანგრევს ცადაქნილს,
დაუთმოს ღმერთქალი
მეუღლე ოდისა.

26. და თორმა მრისხანემ
აღმართა მახვილი,
ოდეს მოისმინა
მან ესე ამბავი -
ფეხქვეშ გაუთელავთ
ფიცი და პირობა,
მტკიცე, უწმინდესი,
მანადემ დაცული.

27. იცის მან, გრძნეულმა -
სმენა ჰაიმდალის
მარხია ზეცამდე
ამართულ ხის ძირას,
ხედავს, რომ მეუფის
წმინდა საიწნდარად
დის მღვრიე ჩქერალი,
გესმით, თქვენ, თუ არა?

28. მას, ერთხელ იდუმალ
მარტომ მჯდომს, მოხუცმა
ასების მთავარმა
ჩახედა თვალებში,
"ნეტავ რად მიყიურებ?
რას მკითხავ, რადა მცდი?
ვიცი, სად დამალე,
ოდინ, შენი თვალი.
ვხედავ მას მიმირის
დიდებულ წყაროში!"
იქ ყოველ ცისმარე
წმინდა საწინდრიდან
მიმირი თაფლსა სვამს,
გესმით, თქვენ თუ არა?

29. ოდინმა მას უძღვნა
შიბი და ბეჭედი,
და გრძნეულისაგან
მიიღო სანაცვლო
ხედვა საოცარი -
ჭვრეტდა მთელ სამყაროს.

30. მან, ვალკირიები
შორეულ მხარიდან,
ნახა, ისწრაფოდნენ
გოთების ტომისკენ;
სკულდი ფაროსანი,
ჰუნი და სკიოგული,
ჰილდი და გონდული,
გერისკ იოგული -
ქალნი ნიავქარნი
მის ღვთისა ოდინის,
ყველგან რომ დაჰქრიან
მხნე ვალკირიები

31. მე ბალდრი ვიხილე,
ვაჟი ოდინისა,
სისხლში შეღებილი,
მკვდარი რომ დაეცა.
მინდვრად აზიდული
იდგა მშვენიერი,
წვრილი, ტანკენარი
ყლორტი რამ ფითრისა.

32. იქცა იგი ყლორტი,
ნორჩი, ტანკენარი,
სასტიკ იარაღად,
ჰოდმა რომ გასტყორცნა.
მალე ძმა ბალდრისა
იშვა ქვეყანაზე,
იყო ერთი ღამის -
ბრძოლაში ჩაება,

33. ხელებს არ იბანდა,
თმას არ ივარცხნიდა,
სანამდის ბალდრის მკვლელს
იგი არ მოკლავდა;
ფრიგმა დაიტირა
ნათელ ფენსალირში
დარდი ვალჰალისა,
გესმით, თქვენ, თუ არა?

34. ვალიმ საშინელი
დაბლანდა ბორკილი,
ნაწლავებისაგან
დაწნა უმტკიცესი.

35. იხილა ტყვე ვინმე
მან ხვერალიუნდთან,
სახით მინამსგავსი
მუხანათ ლოკისა.
იქა ზის სიგუნი.
დარდით დასეტყვილი
და ქმარზე მწუხარე,
გესმით, თქვენ, თუ არა?

36. დის ცივი ნაკადი
აღმოსავლეთიდან -
მახვილებს აელვებს
სილდრი საშინელი,

37. იდგა ჩრდილოეთში,
შორს, ნიდაველირში,
ოქროს რომ დარბაზი -
ჯუჯათა სასახლე,
დარბაზი მეორე
იდგა ოკოლნირსი,
სახლსა გოლიათთა
უხმობენ ბრიმირად.

38. იხილა სასახლე
მზისგან დაშორებით,
მკვდართა სანაპიროს
დგას ჩრდილო-კარებით;
და წვიმდა წვეთ-წვეთად
შხამი საკვამურში
გველებით მოწნული
იყო ის სასახლე.

39. ნახა მან - მრისხანე
ნაკადებს მოჰქონდათ
ფიცის გამტეხელნი,
მკვლელნი მუხანათნი,
ვინც სხვათა ცოლებსა
მუხთლად აცდუნებდნენ;
იქ ხრავდა ნიდჰოგრი
მკვდართა ძვლებს უწყალოდ
და გვამებს სძიძგნიდა,
გესმით, თქვენ, თუ არა?

40. ბებერი დიაცი
იჯდა რკინის ტყეში
და იგი ჰკვებავდა
მოდგმას ფენრირისა;
ფენრირის მოდგმიდან
ტროლი გაიზრდება,
ბილწი, მუხანათი,
მზის მომტაცებელი.

41. დაღრღნის ის კაცთა ძვლებს
და გვამებს დასძიძგნის,
ის სისხლით წალეკავს
ღმერთების სამყოფელს.
ჟამს ზაფხულისასა
მზე ჩამობნელდება,
ატყდება ქარბუქი,
გესმით, თქვენ, თუ არა?

42. იჯდა და უკრავდა
ჩანგს ბორცვზე ეგდერი -
გოლიათ ქალისა
მწყემსი მხიარული;
მაღლით დაჰყიოდა
მამალი წითელი -
მის ზემოთ, ხის ტოტზე
მჯდომი ფიალარი.

43. ვალჰალას დაჰყივის
ასებს გულინკამბი
და გმირებს აღვიძებს -
ოდინის ლაშქარსა;
მამალი მეორე,
ფერად შავწითელა,
დგას ჰელის დარაზთან
და პირველს ხმას აწვდენს.
44. გარემი ჰყეფს, ირყევა
ბჭე გნიპაჰელირის,
დაწყვეტს არტახებსა,
აიწყვეტს უძღები.
ვარ მაცნე გრძნეული,
წინასწარმხილველი
ღმერთთა მათ ძლიერთა
ავი ბედისწერის.

45. ატყდება ძმებს შორის
შუღლი და ბრძოლები,
ნათესავ-თვისტომნი
დახოცენ ერთურთსა;
ძნელია უგვანო
სიძვა და მრუშობა,
დრო მახვილთ ქნევისა;
დასკდება ფარები,
ჟამია მგლების და
ქარიშხლის თარეშის,
ქვეყნის დაღუპვისა. . .
ძმა ძმას არ დაზოგავს.

46. თამაში დაიწყეს
მიმირის შვილებმა,
აღსასრულს აუწყებს
ხმა გიალარჰორნის,
ძლიერად ჩაჰბერა
ბუკში ჰაიმდალმა,
მიმირის ქალასთან
საუბრობს ოდინი.

47. თრთის ხე იგდრასილი -
მაღალი იფანი,
გუგუნებს ბერი ხე,
თურსი ხელთ უსხლტება.
რისხვა დაატყდებათ
ქვესკნელის ბინადართ
ჟამსა, როს აიწყვეტს
სურთრის მეგობარი.

48. რა მოსდით ასებსა?
რა ხდება ალფებთან?
დუღს ოტუნჰაიმი,
გუგუნებს და თინგზე
გასულან ასები;
აკვნესდნენ ჯუჯები
ქვის მაღალ ბჭეებთან,
გესმით, თქვენ, თუ არა?

49. გრამი ჰყეფს, ირყევა
ბჭე გნიპაჰელირის,
დაწყვეტს არტახებსა,
აიწყვეტს უძღები.
ვარ მაცნე გრძნეული,
წინასწარმხილველი
ღმერთთა მათ ძლიერთა
ავი ბედისწერის.

50. ჰრიმრი აღმოსავლეთით
მოდის, ფარს იფარებს
მრისხანედ მობრუნდა
გველი ორმუნგანდრი;
აღელვებს ზღვის ტალღებს,
ყიპყიპებს არწივი,
სძიძგნის დაცემულებს,
მიცურავს ნაფლფარი.

51. მაშრიყით მოცურავს
ჯარი მუსპელისა,
ზღვასა ნავი მოაპობს,
ლოკი დგას მესაჭედ;
მგლითურთ მოცურავენ
შვილნი გოლიათთა,
ძმა ბულეიტსისა
მოცურავს მათთანვე.

52. სურთრი სამხრეთიდან
ცეცხლით ეშურება
და მახვილს აელვებს
მზისგან უნათლესსა.
მთანი ინგრევიან,
ზეცა გაიბზარა,
შფოთვენ გოლიათნი,
ხალხსა ნთქავს ჰელვეგი.

53. ჰლინს დარდი ახალი
გულს შემოსწოლია,
მგელთან ფიცხელ ომში
ჩაება ოდინი;
აქ მკვლელი ბელისა
სურთრს ებრძვის მრისხანეს,
ფრიგის სიხარულის
დგება აღსასრული.

54. გარმი ჰყეფს, ირყევა
ბჭე გნიპაჰელირის,
დაწყეტს არტახებსა,
აიწყვეტს უძღები;
ვარ მაცნე გრძნეული,
წინასწარმეტყველი
ღმერთთა მათ ძლიერთა
ავი ბედისწერის.

55. ვაჟი ოდინისა -
ვიდარი - მოვიდა,
ბრძოლა გაუმართა
მხეცს, ლეშის მოყვარულს;
მახვილი აძგერა,
სისხლს იღებს მამისას,
შიგ გულში დაკოდა
მან შვილი ხვედრუნგის.

56. მოდის მშვენიერი
მოდგმა ჰლოდუნისა,
გველთან საბრძოლველად
მოდის ძე ოდინის,
მრისხანემ დაკოდა
გუშაგი მიდგრადის,
უნდა დაიღუპოს
კაცთა ნაშიერი;
შედგა, უკან იხევს
შვილი ფორგიუნის,
გველისგან მოკლული
ღირსია დიდების.

57. მზეს ბინდი გადეკრა,
ზღვაი ნთქავს ხმელეთსა,
ზეცას სხივოსანნი
ვარსკვლავნი სწყდებიან,
ალმური მძვინვარებს
სიცოცხლის მკვებავსი,
ორთქლის შემხუთველი
ზეცამდე ავიდა.

58. გრამი ჰყეფს, ირყევა
ბჭე გნიპაჰელირის,
დაწყვეტს არტახებსა,
აიწყვეტს უძღები;
ვარ მაცნე გრძნეული,
წინასწარ მხილველი
ღმერთთა მათ ძლიერთა
ავი ბედისწერის.

59. ხედავს ის, რომ ზღვიდან
კვლავ ამოიზიდა,
გამოჩნდა, ვით უწინ,
მწვანე დედამიწა;
მოჰქუხს წყალვარდნილი,
მიფრინას არწივი,
ტალღებს დაჰფარფატებს,
სურს თევზის დაჭერა.

60. იდავლის მინდორზე
შემოკრბნენ ასები,
ქვეყნის მძლავრ სარტყელზე
იწყეს საუბარი,
გარდასულ ამბავთა
იწყეს მოგონება,
ძველთა მათ ამბავთა
ღვთის უზენაესის.

61. კვლავ უნდა იპოვონ
ოქროსგან ნაკეთი
კოჭი, დაკარგული
იდავლის მინდორზე.
რომ ისევ, ვით უწინ,
ჰფლობდნენ მას ასები.

62. ათავთავდებიან
უთესი ყანები,
ბოროტს სძლევს კეთილი,
ბალდრი დაბრუნდება,
ის ჰოდთან იცხოვრებს
ჰროფტის დიდ დარბაზში,
ღმერთების ოჯახში,
გესმით, თქვენ თუ არა?

63. ჰონირმა აიღო
ჩხირი წილსაყარი
ხვედრთა ორთა ძმათა;
ორნივე ცხოვრობენ
ქართა სასახლეში,
გესმით, თქევნ, თუ არა?

64. ხედავს ის დიდ დარბაზს,
თვით მზეზე უნათლესს,
გიმლსზედან აღმართულს,
ოქროსფრად ელვარეს.
იქ მარად იცხოვრებს
ღირსეულთ კრებული,
მარად ნეტარება
ხვედრია მართალთა.

65. ჩამოვა მიწაზე
სამართლის მიგებად
სამყაროს მეუფე,
ღმერთი უძლეველი.

66. შავი მწვერვალიდან
მოფრინავს ურჩხული,
შავად მოელვარე
გველი საშინელი;
მინდორს გადაუფრენს
და მიაქვს კლანჭებით
ლეში გაუმაძღარს -
გაჰქრეს აწ, დრო არის.

სიტყვანი უზენაესისა

(Hovamal )

I

1. სახლსა სადგომელსა
სანამ შეხვიდოდე,
ნახე და გასინჯე
ყველა შესასვლელი,
რამეთუ, ვინ უწყის,
იქ, სადმე, ფარულად
მტერი ჩაგისაფრდა.

2. მშვიდობა გულუხვებს!
სტუმარი მოვიდა!
ადგილს სად მონახავს?
იჩქარის ის, ვისაც
კერასთან სასწრაფოდ
გათბობა ეწადა.

3. სითბო ძვირფასია
სახსრებგაყინული
ნამგზავრი კაცისათვის;
საზრდო და სამოსი
სჭირდებათ ყარიბებს
კლდოვან მხარეებში.

4. სტუმარს ზრუნვა უნდა:
წყალი, ხელსახოცი,
შინ შეპატიჟება;
შენი მხიარული
სიტყვა უნდა უთხრა,
მასაც მოუსმინო.

5. ჭკუა ეჭირვება
შინიდან შორს გასულს -
შინ ყოვლის მცოდნე ხარ;
უვიცს ბრძენთა შორის
აუგად შეხედავს
მხილველი ყოველი.

6. ვაჟკაცს არ შეჰფერის
ჭკუიტ თავის ქება -
ხამს მალვა ჭკუისა;
ბრძენი თუ იყუჩებს -
ბევრ ხიფათს ასცდება,
რამეთუ უმჯობეს
ყოველთა მეგობართა
არს სიბრძნე ცხოვრების,

7. სტუმარი ჭკვიანი
დუმილით მოისმენს
ნათქვამს ყოველივეს -
ფხიზელი ყური და
თვალი გამჭრიახი -
ბრძენთა თვისებაა.

8. ბედნიერ არიან,
ვინც დაიმსაუხრეს
ქება, სიყარული;
უფრო საძნელოა
რჩევა სასიკეთო
სხვის გულში იპოვო.

9. ბენიერ არიან, -
ვინც კეთილ გონებით
განთქმულან საქვეყნოდ;
რჩევა უკეთური
ხშირად შეგიძლია
სხვისგან მიიღო.

10. ტვირთი არ არსებობს
მგზავრთათვის უმჯობეს
ცხოვრების სიბრძნისა:
სჯობს ძვირფას
საგანძურს -
ის უცხო მხარეში
ღატაკთ სიმდიდრეა.

11. ტვირთი არ არსებობს
მგზავრთათვის უმჯობეს
ცხოვრების სიბრძნისა;
ყველაზე ცუდია,
სამგზავროდ გასული,
ლუდის სმით დამძიმდე.

12. ლუდს უფრო მცირედი
მოაქვს სარგებლობა,
ვიდრე ბევრს ჰგონია;
რაც უფრო ბევრსა სვამ,
მით უფრო გონებას
ნაკლებ იმორცილებ.

13. ყანჩა დავიწყების
დაფრინავს ამქვეყნად
და განსჯას იპარავს;
იმა ფრინველისა
ფრთებმა მიმაჯაჭვეს
მე სახლსა გუნლოდის.

14. მე მთვრალი ვიყავი,
ლუდის სმით დამათრო
ბრძენმა ფიალარმა;
ლუდის სმა კარგია,
თუ სიმთვრალისაგან
ჭკუას არ დაჰკარგავ.

15. სიფრთხილე მართებს და
ომში სიმამაცე
კონუნგის ნაშიერს;
დე, ყველამ იხაროს
და სთესოს სიკეთე
სიკვდილის პირამდე.

16. ლაჩარს იმედი აქვს
სიკვდილს არ შეხვდება,
თუ ომს გაექცევა;
დადგება სიბერე
და სიკვდილს ვერავინ
ვერ დაემალება.

17. უგუნური ან ლაყბობს,
ან დუმს უადგილოდ,
სტუმრად თუ გეწვევა;
ყლუპს როგორც კი შესვამს,
მყისვე გაამჟღავნებს,
რა მცირე სიბრძნეს ფლობს.

18. მხოლოდ მან, მრავალი
ვინც მოვლო ქვეყანა
და მიმოიხილა, -
თუ გონიერია, -
უწყის, ვინ რას ფიქრობს,
ვის რა გაეგება.

19. შესვი ზომიერად,
ჭკუით ისაუბრე,
ანდა სულ გაჩუმდი;
არვინ არ დაგძრახავს,
ადრე თუ დავწვები
შენ დასაძინებლად.

20. ხარბი უხეიროდ,
უზომოდ ბევრსა ჭამს,
მით ღუპავს თავისთავს;
ბრიყვი ღორმუცელა
ბრძენთა დასაცინი
გამხდარა სუფრაზე.

21. ჯოგი პირუტყვისა
ჯერზე რომ გაძღება,
დატოვებს საძოვრებს;
უგნურს კი სჩვევია
უზომოდ ძღომა და
მუცლის ამოყორვა.

22. უგუნურ სხვებს განსჯის,
უზრდელად დასცინის,
თავის ხინჯს ვერა გრძნობს:
მას არ შეუძლია
მიხვდეს და შეიგნოს
ნაკლი საკუთარი.

23. უგნური მთელ ღამეს
უქმ ფიქრებს ანდომებს,
მშვიდად არ იძინებს;
დადგება დილა და
ისევ საზრუნავად
რჩება საზრუნავი.

24. კაცი გულუბრყვილო
ყველას რაცხს მეგობრად,
ვინც მას გაუღიმეს:
ბრიყვი ვერ მიმხვდარა,
ვერ გრძნობს ბრძენთა გვერდით,
მას რომ დასცინიან.

25. კაცი გულუბრყვილო
ყველას რაცხს მეგობრად,
ვინც მას გაუღიმებს;
თინგზე კი, რომ ძებნოს,
ძნელად თუ მონახავს
ის ერთგულ მომხრეებს.
26. უგუნურს ჰგონია, -
ის ყოვლის მცოდნეა,
თუ სდუმს ან მარტოა:
თუ ჰკითხე რაიმე,
პასუხს ვერ მონახავს -
სიტყას ვერ წარმართავს.

27. უგუნურს ურჩევნის
ხალხში მდუბარებდეს,
ხმა არ ამოიღოს;
მყისვე უმეცრება
მისი გამოჩნდება,
როგორც კი ილაყბებს.

28. ბრძენი სხვის ნათქვამში
შერჩევს ჭკვიანურს,
საკუთარ სათქმელსა:
კაცნი საუბარში
იმას ვერ ფარავენ,
რაიც მათ შეემთხვათ.

29. ვინც ბევრს ლაპარაკობს,
ის სიტყვას ვერასდროს
ვერ იყტვის ჭკვიანურს;
ზედმეტსიტყვაობა
მას ხიფათს შეამთხვევს,
ვინც ენას ვერ იჭერს.

30. გწამდეს, რომ არა ხამს
დაცინვით შეხედვა
მოწვეულ სტუმრისა;
გახსოვდეს, თავისთავს
სხვაც ჭკვიანს უწოდებს,
ზის დრომდე წყნარადა.

31. სტუმრის დამცინავი
სუფრიდან გაძვრება
და კმაყოფილია;
იმას კი ვერა გრძნობს,
რომ სხვისი გაქირდვით
მტრები გაიჩინა.

32. ქეიფში ხანდახან,
ნაფიც მეგობრებსაც
მოსდით კინკლაობა;
მიზეზი შფოთისა
მზადაა, თუ სტუმარს
შეუბღვერს სტუმარი.

33. ადრე ისაუზმე,
სტუმრად მიმავალი
ხამს კარგად დანაყრდე,
თორემ იქ, სუფრაზე,
თუ ჭამას მოჰყევი,
ხმას ვერ ამოიღებ.

34. გზა ცუდ მეგობრამდე
გრძელია სულ მუდამ,
თუნდ ახლოს ცხოვრობდე;
კარგი მეგობრისკენ
გზა მუდამ მოკლეა,
თუნდ შორს ბინადრობდე.

35. სტუმარი არა ხამს
გულგამწყალებელი
და დიდხანს დამრჩენი;
კარგი მეგობარიც
სტუმრად მოგბეზრდება,
და დიდხანს დაყოვნდა.

36. დაე, შენი სახლი
დიდი ნუ იქნება,
იქ შენ ხარ ბატონი;
ქოხი და წყვილი თხა,
შენი, საკუთარი
გიჯობს სხვის ნასუფრალს.

37. დაე, შენი სახლი
დიდი ნუ იქნება,
იქ შენ ხარ ბატონი;
სისხლისგან იცლება
შიგ გულში დაჭრილი,
ვინც სხვას სთხოვს ნასუფრალს.

38. ვაჟკაცმა იარაღს
ჟამსა მგზავრობისა
ხელი არ გაუშვას;
რამეთუ ვინ უწყის,
როდის დასჭირდება
ხმარება მახვილის.

39. არ ვიცნობ მე ისეთს
უხვსა და ხელგაშლილს,
ხელი ჰკრას საჩუქარს;
საჩუქრის სანაცვლოდ
საჩუქრის მიღება
ყველას ეამება.

40. ნუ გშურს მონახვეჭი,
დახარჯვას, გაცემას
დაკარგვად ნუ ჩათვლი;
მოყვრისთვის შენახულს
მტერი გაუჩნდება,
მოვა და მოგტაცებს.

41. აჩუქე მეგობრებს
იარაღ-სამოსი,
თვალნი განუბრწყინე,
ურთიერთსაჩუქრით
ძმობა განმტკიცდება,
ბედი თუ დაგინდობს.

42. იყავი ერთგული,
მეგობრის საჩუქარს
საჩუქრით მიაგე;
სიცილზე სიცილით,
ტყუილზე ტყუილით,
ღირს, რომ უპასუხო.

43. მეგობრის ერთგული
იყავ და მეგობრეს
მისას ემეგობრე;
მტერს კი მეგობრისას,
გახსოვდეს, მეგობრად
ნურასოდროს გაიხდი.

44. თუ გყავს მეგობარი,
ენდობი და მისგან
სიკეთეს მოელი, -
სულში ჩაიძვრინე,
ავსე საჩუქრებით,
ხშირად ინახულე.

45. მაგრამ, თუ ცუდს ვისმე
მიენდე შეცდომით,
კარგის მომლოდინე -
უთხარ ტკბილი სიტყვა,
შენს ფიქრს ნუ გაანდობ.
გიმტყუნოს - უმტყუნე.

46. ასევე მოექეც
მასაც, ვინც გაეჭვებს
მზაკვრობით ფარულით -
გული არ გაანდო,
გიცინის, პასუხად
შენაც გაუცინე.

47. როს ვიყავ ჭაბუკი,
ბევრს ვხეტიალობდი
და გზა ამერია;
თავს ვგრძნობდი მდიდრადა,
თუ მგზავრს შეგხვდებოდი -
კაცი კაცს ახარებს.

48. უხვნი ბედნიერნი,
მამაცნი არიან -
დარდი არ იციან;
ძუნწს სულ ეშინია, მ
საჩუქრის გაცემა
მის გულს არ ახარებს.

49. მინდორში ორ ხის კაცს -
ორ შიშველს უმწეოს -
ჩავაცვი სამოსი;
ორნივ დაემსგავსნენ
მყისვე ადამიანს:
ცოდოა განძარცვილი

50. ცაცხვი იღუპება,
გახმარბა სახლის წინ,
კანს თუ შემოაცლი;
კაციც დაიღუპოს,
თუ არვის არ უყვარს,
რად უნდა სიცოცხლე!

51. ხუთი დღით ანთია
ცეცხლი მეგობრების
უგვან მეგობართა;
დგება მეექვსე დღე,
ნელდება სახმილი,
ქრება მეგობრობა.

52. საჩუქარს სიდიდით
როდი აფასებენ,
შესწირვენ მცირედსაც;
ნაკლულმა დოქმა და
ნატეხმა პურისამ
მოყვასი შემძინეს.

53. პატარა ქვიშას და
პატარა ზღვის ტალღებს
პატარა სიბრძნე აქვთ;
არ ყველა ბრძენია,
ბევრია ამქვეყნად
ბრძენიც და უგნურიც.

54. კაცს ჭკუა-გონება
ჰქონდეს ზომიერი,
ზედმეტად არ ბრძნობდეს;
რადგან ბედნიერად
ცხოვრობს ქვეყანაზე
მცოდნე ზომიერი.

55. კაცს ჭკუა-გონება
ჰქონდეს ზომიერი -
ზედმეტად არ ბრძნობდეს;
გარნა სიხარული
გულისთვის უცხოა,
თუ ჰმეტობს გონება.

56. კაცს ჭკუა-გონება
ჰქონდეს ზომიერი -
ზედმეტად არ ბრძნობდეს,
ვინც ხვედრი თავისი
წინასწარ არ უწყის,
ის უზრუნველია.

57. მუგუზალს მუგუზლით
ანთებენ და ცეცხლი
ცეცხლითვე ღვივდება;
მხოლოდ საუბარში
შეიცნობს კაცი კაცს,
დუმილში ჩლუნგდება.

58. ხამს ადრე ადგომა,
თუ გსუს მტერს სიმდიდრე
ან სული წაართვა;
მგელს, მწოლარს - ნადავლი
მტრის ძლევა - მძინარას
როდი ეღირსებათ.

59. ხამს ადრე ადგომა,
შრომასი დამხარე
თუ არ გყავს არვინა;
დიდხანს თუ იძინებ,
დოვლათს ვერ შეიძენ,
ფხიზელი მდიდრდება.

60. რამდენი ყავრი
სჭირდება სახურავს,
ჰკითხეთ სახლის პატრონს,
ან შეშა რამდენი
ნახევარ წელიწადს
მის კერას გაათბობს.

61. თინგს გამგზავრებისას
ტანს სუფთად ჩაიცვი
და კარგდ დანაყრდი;
ღარიბულ ტანსაცმლის,
დაე, ნუ შეგრცხვება,
ნურც ცხენის, თუნდ იგი
თვალად არ ვარგოდეს.

62. ძველ ზღვას გადაუფრენს
და ზვერავს არწივი
კისერწაგრძელებით;
ასევე ვაჟკაცი
უცქერის უცხო ბრბოს,
როს მომხრეს ვერ ხედავს.

63. ჰკითხე და მიუგე,
ჭკვიანის სახელი
თუ გსურს დაიმკვიდრო:
ერთს ენდე, ორს ერთად
გული არ გაუხსნა -
ქვეყანა გაიგებს.

64. კაცმა გონიერმა
ხამს ძალა თავისი
ზომიერ გვაჩვენოს;
შეხვდება მამაცსა -
მიხვდება, რომ მასზე
ძლიერნიც არიან.

65. სიტყვასა, საქმისა
ხამს მეგობართანაც
კარგი დაკვირვება,
ასედაც მოხდება;
ზედმეტს წამოროშავ
და მერმე ინანებ.

66. ყოფილა შემთვევა,
მე სტუმრად ხან ადრე,
ხან გვიან მივსულვარ:
ლუდს ვერ მივუსწარი -
ვინაც სძულთ, ის მუდამ
ცხადდება უდროოდ.

67. უპურ-უმარილოდ,
ვიცი, რომ მე სტუმრად
ყველგან მიმიწვევენ,
ანდა მეგობრისას, -
ერთ ბარკალს რომ შევჭამ,
ორს თუ ვდებ სანაცვლოდ.

68. ცეცხლი ყველასათვის
დიდი სიკეთეა
და მზის ბრწყინვალება;
საღი ხარ სხეულით -
გწამდეს, გაქვს სიცოცხლე
ჯანსაღი, უხინჯო.

69. სნეულიც არ არის
ქვეყნად მთლად უბედო:
ზოგს შვილი ახარებს,
ზოგს ნათესავები,
ზოგს საქმე კეთილი
და ზოგსაც სიმდიდრე.

70. მკვდრად დებას სიცოცხლე
სჯობია ყოველთვის,
ცოცხალს ეშველება;
ვნახე, ცეცხლს ანთებდნენ
მდიდრისთვის, ხოლო მას
სიკვდილი ელოდა.

71. კოჭლს ძალუძს ცხენს ჯდომა,
უხელოს მწყემსობა,
ყრუს ჩაბმა ბრძოლაში;
დამწვარს ბრმა სჯობია,
ბრმა უქმად არ ივლის -
მკვდარი ვის რას არგებს!

72. ვაჟი მამისათვის
არს ბედნიერება,
თუნდ მას ვერც მოესწროს;
გზის პირას ქვას შენთვის,
კიდეგან შვილისა,
არ დადგამს არვინა.

73. ორნი - ერთს სიკვდილი:
ენა სულ თავსა მტრობს,
სადაც სახელია,
იქ მუშტსაც ელოდე.

74. ღამე ვერ აშინებს,
ვინც იჭერს თადარიგს.
მზად აქვს გემსართავი:
ავდრობს შემოდგომა -
ხუთ დღეში გრიგალი
მრავალგზის იცვლება,
თვეში კი - ვინ მოთვლის.

75. უგუნური ვერა გრძნობს,
რომ ზოგჯერ სიმდიდრე
აბნელებს გონებას:
ერთი მდიდარია,
მეორე ღარიბი,
ბრალს ვერც ერთს ვერ დავდებთ.

76. ჯოგი იღუპება,
კვდება ნათესავი,
ბოლოს შენც მოკვდები,
უკვდავი ამქვეყნად
არს მხოლოდ დიდება
ღვაწლთა ღირსეულთა.

77. ჯოგი იღუპება,
კვდება ნათესავი,
ბოლოს შენც მოკვდები;
ვუწყი მე ერთი რამ,
რაიც უკვდავია -
სახელი, დიდება.

78. მდიდრულად ცხოვრობდნენ
ფიტუნგის შვილები,
ნახეს სიღარიბეც;
გწამდეს, წამიერად
გაქრება სიმდიდრე -
ყალბი მეგობარი.

79. უგუნურს ხვედრად თუ
ერგუნა სიმდიდრე,
ანდა სიყვარული,
ჭკუას ვერ მოიხმარს;
იწყებს ქედმაღლობას,
გაამპარტავნდება.

80. თუ ღვთიურ რუნებზე,
რაც შექმნეს ძლიერთა,
და ბრძენმა ამოჭრა,
გსურს რომ შემეკითხო,
მე შენ გიპასუხებ:
დუმილ არს სიკეთე
ყოვლთა სიკეთეთა.

81. დღე აქ დღის ბოლოს,
ცოლი - დაწვის შემდეგ.
შუბი - ომის შემდეგ,
ქალწული ქორწილის,
ყინული გაძლების,
ლუდი შესმის შემდეგ.

82. ტყე ქარში მოჩეხე,
ზღვას გაჰყევს ქარკეთილს,
მიჯნურს ღამით შეხვდი,
დღეს ბევრი თვალი აქვს:
ნავი ცურვისათვის,
ფარი დაცვისათვის,
ქალწული კოცნისათვის.

83. ლუდის სმა კერასთან.
სრიალი ყინულზე;
ცხენს გამხდარს იყიდდე,
მახვილს დაჟანგებულს;
ცხენს შინ გამოჰკვებდე,
ძაღლს სხვათა კარებზე.


II


84. გახსოვდეს, არ ენდო
არც სიტყვას ქალწულის,
არც ცოლის ნათქვამსა,
თუნისა ბორბალზე
ძერწეს მათი გული.
ტრიალეს, იცვლეა.

85. მშვილდ-ბზაკალს მანკიერს
ცეცხლსა მას მგზნებარეს,
მგელს მშიერ-მწყურვალსა,
ყვავსა მას ყრანტალას,
ტახსა და ტრუხუნას,
ხესა მას უფესვოს,
ტალღას ქეჩოაშლილს,
ქვაბსა მას მდუღარეს;

86. ისარს გამოფრენილს,
ზვირთსა უკუქცეულს,
ყინულს სიფრიფანას,
გველსა მძორმს, მხოხავსა,
ცოლსა მოფიცარსა,
მახვილს წვერმოტეხილს,
დათვსა მოალერსეს,
შვილთა მეფისათა;

87. საქონელს სნეულსა
და მონას თავნებას,
სალამს ჯადოქრისას;
მტერსა დამარცხებულს;

88. ძმის მკვლელს, გზად შემხვედრსა,
სახლსა ცეცხლმოდებულს,
ცხენს შმაგსა, ფიცხელსა,
მალე ფეხს მოიტეხს,
უფეხო რას გარგებს!
ამას ყოველივეს
ხამს კაცი არ ენდოს.

89. ადრე ამოწვერილ
ჯეჯილს ნუ შეჰხრი,
ნურც შვილს, ჯერ უმწიფარს:
ჯეჯილს დარი უნდა,
შვილს ჭკუა-გონება,
მოვლა ორთავესა.

90. მაცდურ ქალისადმი
ტრფობა იგივეა -
ყინულზე აჭენო
ხამი, უხედნელი,
ქედფიცხი, უნალო,
ორი წლის ულაყი,
ან მიჰყვე ზღვის ზვირთებს,
უსაჭო ხომალდით;
გაფრენილ ისრისა
კოჭლს გსურდეს დაჭერა.

91. ვიტყვი გულგახსნილად
ქმრებზე და ცოლებზე,
რომ ქმრებიც ცრუობენ:
ლამაზ საუბარში
მზაკვრობას მალავენ,
თაფლავენ ჭკვიანთაც.

92. ლამაზსიტყვაობით
და კარგი საჩუქრით
ქალის გულს მოიგებ;
ქალწულს სილამაზე
უქე და უდიდე -
ჰპოვებ წარმატებას.

93. დე, სიყარულისთვის
ნურსად და ნურასდროს
სხვას ნურვინ ნუ განსჯის;
ბრძენს ხშირად იმონებს
ძალა სიყვარულის,
ბრიყვი მას ვერა გრძნობს.

94. კაცს მისთვის ნუ განსჯი,
რაიც შეიძლება
ყველას თავს გარდახდეს;
ბრძენსაც ძლიერ ხშირად
ღელვანი ვნებათა
განსჯას უკარგავენ.

95. მხოლოდ სულმა შენმა
უწყის, რაც შენს გულში
არის დამარხული;
არს ყოვლთა სენთაგან
სენი უარესი -
სევდა სიყვარულის.

96. ეს მეთ ვით ვიწვნიე,
როს სატრფოს ველოდი
ადგილს ლელიანსა;
ის მიჩნდა უტკბესად
სულის და ხორცისა,
მაგრამ ვერ ვეღირსე.

97. მზე მანათობელი -
ასული ბილინგის
ვპოვე სარეცელზე:
ბედი მეუფისა
მე უიმქალწულოდ
მეჩვენა არარად.

98. "ოდინ, საღამო ხანს
მოდი, რომ ქალწულმა
მიგიღოს თანხმობით;
კიდეგან ჩვენ ორთა
ჩვენი საიდუმლო
ხამს არვინ უწყოდეს".

99. მე იგი დავტოვე
და მყის მომეჩვენა -
ამემღვრა გონება;
გამომყვა იმედი,
რომ იმის სიყვარულს
ღამით ვიგემებდი.

100. საღამოს მივედი,
ვიხილე გუშაგნი,
იქ ჯარად დამდგარნი;
ენთო ჩირაღდნები
და ხეთა ხერგებმა
გზა გადამიღობეს.

101. ჟამს გამთენიისა,
როს ყველას ეძინა,
კვლავ უკან მივბრუნდი;
ქალწულის საწოლზე
ქოფაკი მიებათ,
თვითონ კი არ ჩანდა.

102. ქალსა ცბიერება -
თუ მას გამოიცნობ -
სულ ხშირად სჩვევია;
ეს მე თვით ვიწვნიე.
ბილინგის ასულთან
როს მსურდა ალერსი.
სასტიკად დამცინა,
დამამცრო ცბიერმა,
ვერ მივწვდი საწადელს.


III


103. შინ იმხიარულე,
სტუმარს მიეფერე,
იყავ გონიერი;
თუ გსურს ბრძნად გიხმობდნენ,
სიტყვის ხელოვნებას
უნდა დაეუფლო;
ქვეყნად უბრიყვესის
სახელს დაიმკვიდრებს,
ვინც მუდამ მდუმარებს.

104. ვიყავ მოხუც თურსთან,
მშვიდობით დავბრუნდი;
რომ ვერრა მეთქვა-რა?
სიტყვით მოხდენილით
საწადელს ვეწიე
სუთუნგის დარბაზში.

105. გუნლოდმა ძვირფასი
თაფლით მიმასპინძლა
ოქროს სავარძელში;
მე ავი სასყიდლით
მივაგე სანაცვლო
ქალწულის ალერსსა,
სევდას და სიყვარულს.

106. მე კბილეს რატისას
ვუბრძანე კლდოვან მთის
დაღრღნა და გაბურღვა;
ოტუნთა კედლები
ირგვლივ შემომერთყნენ
დაღუპვა მელოდა.

107. დავტკბი მოხერხებით;
ქვეყნად ყოველივეს
შეძლებს გონიერი;
ახლა ოდრორირი
არის სასახლეში
ხალხთა მფარველისა.

108. მე გოლიათების
ადგილ-სამყოფელსა
თავს ვერ დავაღწევდი,
რომ ჩემი მხვევნელი
გუნლოდ მშვენიერი
არ დამხმარებოდა.

109. ხვალისთვის ჰრიმთურსებს
სურთ უზენაესის
დარბაზებს ესტუმრონ
და ჰკითხონ უმაღლესს:
დაბრუნდა ბოლვერკი
უკანვე ღმერთებთან,
თუ მოკლა სუთუნგმა.

110. ოდინმა ბეჭედზე
ჰფიცა საფიცარი;
ფასი აქვს ასეთ ფიცს?
სუთუნგს გამოსტაცა
სასმელი გუნლოდის
საწუხ-სავალალოდ.

IV


111. აწ ურდის წყაროსთან
მე თულის ტახტიდან
ვთქვი ჩემი სათქმელი;
ვუცქერდი დუმილით,
ვჭვრეტდი დაფირებით,
მესმოდა სიტყვები;
მრჩევლობდნენ რუნებით,
რჩევას იძლეოდნენ
სახლთან უმაღლესის,
სახლში უმაღლესის
ასე საუბრობდნენ:

112. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
ღამით ხამს ადგომა
ან მოსასაქმებლად,
ან მტერთან საომრად.

113. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
დიაცთან გრძნეულთან
შენ ნუ დაიძინებ,
მის ხვევნას არ ენდო.

114. გრძნებით დაგიმონებს,
თინგს გადაგავიწყებს,
ხალხთა თავყრილობებს;
ჭამას არ ისურვებს,
მეგობრებს დაკარგავ,
ძილი გამწარდება.

115. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნანს სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
სხვის ცოლს ნუ აცდუნებ
იდუმალ ვნებათა
შენთა დასაცხრომლად.

116. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო.
მთებში, ფიორდებში,
თუ მგზავრობ, თან გქონდეს
საკმაო საგზალი.

117. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
უღირსს და უკეთურს
შენს უბედურებას
ნუ გაუზიარებ;
ცუდი ნდობისათვის
სანაცვლოს სიკეთით
არ გადაგიხდიან,

118. ვიხილე ვაჟკაცი
ბოროტი დიაცის
სიტყვამ რომ დაღუპა:
ის ენამ მუხთალმა,
ცილისწამებელმა,
მოკლა ვერაგულად.

119. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
თუ გყავს მეგობარი,
გულით, რომ ენდობი,
ხშირად ინახულე;
ხავსით და ბალახით
არის დაფარული
ბილიკი უვალი.

120. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
მცოდნე მეგობრისგან
მიიღე, ისწავლე,
სიბრზნე რუნებისა.

121. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
ემწყსე მეგობრობას,
ეცადე პრიველმა
ის შენ რომ ჩაშალო;
სევდა გულს დაგიწვავს,
სატკივარს გულისას
რომ ვერვის გაანდობ.

122. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
სულელს არ ეურჩო,
კაცთან უგუნურთან
დავა არ გამართო;

123. რამეთუ ავსა კაცს
არ ძალუძს სიკეთს
სიკეთით მიაგოს,
კარგი კი სიკეთის
და ქების სანაცვლოს
სიკეთით გადიხდის.

124. ძმობა მაშინ გწამდეს,
როს თქმა ყველაფრისა
გულით შეიძლება;
სიმართლე უთხარი
მოყვასს და არა ის,
რაც მას სიამოვნებს.

125. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
შენ შენზე უღირსთან
დავა არ გამართო,
ხდება, რომ უღირსი
ჯანით სჯობს ღირსეულს.

126. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
ხისგან ფეხსაცმელი
ფრთხილად გამოთალე
შენთვის მარტოოდენ,
თუ ცუდს გაამზადებ,
თუ ხე გაგიმრუდდა,
წყევლა არ აგცდება.

127. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
ბოროტ მოქმედბას
ბოროტი უწოდე,
ავს ავით მიაგე.

128. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
ავით კმაყოფილი
არასდროს არ დარცე,
კეთილს გაუფრთხილდი.

129. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
ბრძოლაში არასდროს
აღმა არ იცქირო, -
მტრებმა ვერ გაგთვალოს, -
მეომართ სიშმაგეს
მოსდევს დამარცხება.

130. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
ლამაზთან შეხვედრას
და მისი ალერსით
დატკბობას თუ ეძებ, -
დაჰპირდი საჩუქარს
და უხვად მიაგე!
ის ყველას ახარებს.

131. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
იყავი ფრთხილი და
არა გულმოშიში;
ნურც ლუდს მიენდობი,
ნურც ქურდს მოხერხებულს,
გახსოვდეს ასევე,
არც სხვის ცოლს მიენდო.

132. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
მგზავრი შორეული
მასხრად არ აიგოდ,
სტუმარს ნუ გაჰქირდავ.

133. ხშირად ვინაობა
მოსული მგზავრისა
შინ მჯდომთ არ უწყიან;
კარგ ადამიანში
ავსაც აღმოაჩენ,
ავში სიკეთესაც.

134. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
არასდროს დასცინო,
სიტყვა დაუფასე,
სიბრძნე იწურება
ძველი საბერვლიდან,
გაშოლტილ ტყავების
გვერდით რომ ჰკიდია
დანაოჭებული.

135. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
სტუმარს არ დასცინო,
გარეთ არ გაჰყარო,
მწედ ეყავ უბედურს.

136. ურდული გაცვდება,
ყველას განურჩევლად
თუ შინ შემოუშვებ;
აჩუქე ბეჭედი,
რომ შენზე ავს და ცუდს
არავინ ფიქრობდეს.

137. ისმენდე აწ ჩემთა
რჩევათა, ლოდფაფნირ,
გექმნან სასიკეთოდ,
თუ სცნა და გაიგო:
მთვრალს მიწა მოარჩენს,
უწყოდე, რომ მიწით
სიმთვრალეს ჰკურნავენ;
ცეცხლით სნეულებას
და მუხით ფაღარათს,
ჯადოქნილს თავთავით,
ბედნიერს მთვარითა,
სიყვითლეს ანწლითა,
ნაკბენებს ჭიებით,
მუწუკებს რუნებით,
ტენს მიწა შეიწოვს.


V


138. ვიცი, რომ ცხრა ღამე
ვეკიდე ტოტებზე,
ქარში მოქანავე,
შუბით განგმირული,
ოდინის ზვარაკად
საკუთარ თავისა
მსხვერპლად შემწირველი,
ხეზე - შორს, იდუმალ,
ღრმად ფესვებგადგმულზე.

139. არცა ვინ მაჭმევდა,
არცა ვინ მასმევდა,
მიწას დავცქეროდი;
კვნესით ზე ავზიდე
მიწიდან რუნები,
მიწას დავენარცხე.

140. ვცან მე ცხრა სიმღერა
ძისაგან ბოლთორნის,
ბესთლას გავუსინჯე
მე თაფლსა ჩინებულს,
ესხა ოდრორიში.

141. ვიწყე მომწიფება,
ცოდნის გამრავლება,
ზრდა-აღორძინება,
სიტყვა სიტყვისაგან
სიტყვასვე ჰბადებდა,
საქმე საქმისაგან
საქმესვე ჰბადებდა.

142. შენ რუნებს იპოვი,
გახსნი მათ ქარაგმებს,
იდუმალ ნიშნებსა,
უძლეველს, უმტკიცესს,
ჰროფტმა რომ შეღება,
ღმერთებმა რომ შექმნეს,
ოდინმა ამოჭრა.

143. ოდინმა ასებთან,
დაინმა ალფებთან,
დვალინმა ჯუჯებთან,
ალსვიდმა თურსებთან,
მეც ბევრი ამოვჭერ.

144. იცი შენ ამოჭრა?
იცი ამოცნობა?
შეღებვა თუ იცი?
იცი ამოკითხვა?
ლოცვები თუ იცი
და მსხვერპლთა შეწირვა?
გაყოფა მსხვერპლისა
ან დაკვლა ზვარაკის?

145. უზომურ შეწირვას
სჯობს სულ არ ილოცო,
მსხვერპლს ჯილდო ეკუთვნის;
დაკვლას უზომურად
ჯობს სულაც არ დაკლა.
თუნდმა დასაბამით
ასე ამოკვეთა,
ოდეს უკუიქცა,
აღდგა და ამაღლდა.

VI

146. ვიცი შელოცვები -
არვინ რომ არ იცის,
არც ცოლმან კონუნგის;
არის დ ა ხ მ ა რ ე ბ ა
სახელი პირველის -
ის შველის სევდიანს
ფიქრის ჟამს, დარდის ჟამს.

147. ვიცი მე მეორე -
იგი მკურნალთათვის
არის სასარგებლო.

148. ვიცი მე მესამე -
მებრძოლს რომ დაიცავს
ბრძოლის დროს მტერთაგან;
ვუჩლუნგებ მახვილებს,
ვადუნებ მათ მკლავეს,
შუბებს უვნებელვყოფ.

149. ვიცი მე მეოთხე -
მაგრამ რომ შემბოჭონ,
შემკრან ბორკილებით,
რაწამს შევულოცავ,
მყისვე დაცვივდება
ხელთაგან, ფეხთაგან -
ხელხუნდი, ბორკილი.

150. ვიცი მე მეხუთE-
თუ მტერი ბრძოლის ჟამს
ისარს გამოსტყორცნის,
მზერას შევაგებებ,
მყისვე შეჩერდება
ისარი ფრთიანი.

151. ვიცი მე მეექვსე -
თუ მტერს სურს ფესვებით
მე დამაზიანოს,
თავად დაატყდება
თავს უბედურება
ჩემთვის ავისმზრახველს.

152. ვიცი მე მეშვიდე -
თუ ცეცხლი გაუჩნდა
სახლს ხალხით ავსილსა.
ვიტყვი იმ შელოცვას
და მყისვე დაცხრება
ხანძარი მძვინვარე.

153. არს მერვე შელოცვა
ყველასთვის საჭირო,
ვინც მას დაიხსომებს;
თუკი გულმამაცნი
ერთურთს წაეკიდნენ,
ძალმიძს შერიგება.

154. არს მეცხრე შელოცვა -
ოდეს ქარიშხალი
ხომალდს ემუქრება,
ვუბრძანებ ქარიშხალს
და ტალღებს ბობოქარს
დაცხრნენ და დაოკდნენ.

155. ვიცი მე მეათე -
თუ ვცან, რომ გრძნეულნი
ჰაერში აფრინდნენ,
გონებას ავუბნევ,
რომ გარდასახულნი
ვეღარ დაუბრუნდნენ
სახეებს პირვანდელს.

156. ხამს მეთერთმეტეთი
ომში გამხნევება,
დაცვა მეგობართა;
ფარში ჩავუმღერებ,
მარჯვედ იომებენ,
მტრისგან უვნებელნი,
მტრის დამმარცხებელნი
შინ დაბრუნდბიან.

157. ვიცი მეთორმეტე -
თუ ხეზე ჩამომხრჩვალს
ვნხავ, დაკიდებულს,
რუნებს ამოვკვეთავ
და ისევ შევღებავ -
მკვდარი გაცოცხლდება,
საუბარს დამიწყებს.

158. ვიცი მეცამეტე -
ყრმას ძუძუმწოვარას
წყალს ისე ვასხურებ,
მახვილი ვერ მოჰკლავს,
მუდამ უვნებელი
იქნება ომებში.

159. ვიცი მეთოთხმეტე -
თოდრორირ მღეროდა
დელინგის კარებთან;
ასებს ძალა მისცა,

ალფებს სიმამაცე,
სიბრძნე უზენაესს.

161. ვიცი მეთექვსმეტე -
ქალწულის გულისა
სიმების შემრხევი,
ამაყი ასულის
ფიქრს დავიმორჩილებ,
გონებას დავიპყრობ.

162. ვიცი მეჩვიდმეტე -
თუ ვითარ შევბოჭო
სული ქალწულისა;
ესე შელოცვანი,
ლოდფაფნირ, მარადის
გექმნან უცნობელნი:
გარნა ძვირფასია,
თუ მათ სასიკეთოდ
შენდა შეიმეცნებ.

163. ვიცი მეთვრამეტე -
არც ქალწულს, არც ქმრიანს
მე იმას არ ვეტყვი -
რჩება საიდუმლოდ
ის, არც ერთმა უწყის;
აქ წყდება სიმღერა -
გავანდო ეგების
ან დას, ან მეუღლეს
იგი საიდუმლო.

164. ჰა, ესე სიტყვანი
უზენაესისა,
კაცთა სასარგებლო,
ოტუნთა ურგები.
სიკეთე მთმელსა და
სიკეთე მსმენელსა!
ირგე, გაიხსენე!
სიკეთე გამგებელს.

სიტყვანი ვაფთრუდნირისა

(Vafthrudnismal)

ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:
1. "ფრიგო, დარიგება
მომეც, ბრძენ ვაფთრუდნირს
მსურს სტუმრად ვეახლო!
სიბრძნეში, ცოდნაში
მინდა გავეჯიბრო
ბრძენაბრძენ გოლიათს".

ფ რ ი გ მ ა თ ქ ვ ა:
2. "გირჩევთ აქ დარჩე,
ღმერთთა დარბაზში,
მამავ ომების!
ოტუნთა მოდგმაში
მხცოვან ვაფთრუდნირის
არვინ არს მძლეველი"

ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:
3. "ბევრს ვმოგზაურობდი,
ბევრი რამ მინახავს,
ღმერთებთან ვდაობდი;
აწ მსურს ვაფთრუდნირი
თვისსა სახლსა შინა
ვნახო ვითარ ცოხოვრობს".

ფ რ ი გ მ ა თ ქ ვ ა:
4. "მშვიდობით წადი და
მშვიდობით დაბრუნდი,
გზა მშვიდობისა!
მუნ შენმა სიბრძნემა
გიხსნას, ჩვენო მამავ,
თურსთან მოპაექრე".

5. მყისვე გაემართა
მამა ომებისა
თურსთან საპაექროდ,
იგრი იმრის მამის
საუფლოს ეახლა,
დარბაზში შევიდა.

ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:
6. "სალამი, ვაფთრუდნირ!
მოველ შენს დარბაზში
რომ თვალით გიხილო,
ჩავსვდე შენს სიბრძნესა
და ვსცნა ყოველივე,
თურსო ბრძენთაბრძენო".

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
7. "ვინ არის, უეცრად
შინ რომ შემომეჭრა
და სიტყვა მესროლა?
აქედან ვერ წახვალ,
თუ ჩემთან შეჯიბრში
შედრკი და დამარცხდი".

ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:
8. "სახელმდევს გაგნრადი,
გზაში დავიღალე,
დამტანჯა წყურვილმა,
ძნელი გზით ვიარე,
ოტუნო, მიიღე
დაღლილი სტუმარი".

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
9. "გარეთ რად დამდგარხარ,
გაგნრადო, ჩამოჯექ
აქ, ახლოს, ჩემს გვერდით!
ვცნათ, ვინ ძლიერია -
ჭაღარა თურსი თუ
ყარიბი სტუმარი".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
10 "ღაიბი მდიდართან
ხამს ან მდუმარებდეს,
ან ბრძნულად უბნობდეს;
კაცსა სტუმრად მყოფსა
ზედმეტსიტყვაობა
კარგს არას შეამთხვევს".

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
11. "რადგან შენ ასე გსურს,
გაგნრადო, დგომელამ
მომაგე პასუხი:
რა ჰქვია ბედაურს,
რომელსაც დილ-დილა
დღე მოაქვს კაცთათვის?

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
12. "სკინფაქსი ჰქვია ცხენს,
რომელსაც დილ-დილა
დღე მოაქვს კაცთათვის;
განთქმულა საქვეყნოდ,
ფაფარი იმისი
ცეცხლისფრად ელვარებს".

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
13. "რადგან შენ ასე გსურს,
გაგნრადო, დგომელამ
მომაგე პასუხი:
რომელი ცხენია
მაშრიყით ღმერთათვის
წყვდიადის მომტანი?"

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
14. "ჰრიმფაქსი ჰქვია ცხენს
მაშრიყით ღმერთათვის
წყვდიადის მომტანსა;
ლაგმიდან დორბლსა ჰყრის,
დილით რომ ველ-მინდვრებს
აჩნია თრთვილადა.

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
15. "რადგან შენ ასე გსურს,
გაგნრადო, დგომელამ
მომაგე პასუხი:
რა ჰქვია მდინარეს,
ღმერთთა და თურსთ შორის
საზღვრად დადებულსა"?

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
16. "იფინგ არს მდინარე,
ღმერთთა და თურსთ შორის
საზღვრად დადებული;
სულ მუდამ თბილია,
არასდროს ცივდება.
და არ იყინება".

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
17. "რადგან შენ ასე გსურს,
გაგნრადო, დგომელამ
მომაგე პასუხი:
რა ჰქვია მინდორსა,
სად სურთრი ღმერთებთან
ბრძოლაში ჩაებმის?"

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
18. "ვიგრიდ არს მინდორი,
სად სურთრი ღმერთებთან
ბრძოლაში ჩაებმის;
ას-ას ასპარეზზე
ოთხი მხრივ გაშლილი
ველი საომარი".

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
19. "ბრძენი ხარ, სტუმარო,
ჩამოჯექ სკამზე და
ისე ვისაუბროთ!
დავა ვინც წააგოს,
დასდოს სანაძლეოდ
თავი საკუთარი".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
20. "პასუხი პირველი
მომაგე, ვაფთრუდნირ,
თუ ყოვლისმცოდნე ხარ:
ცა და დედამიწა
როგორ წარმოიშა,
ბრძენო გოლიათო?"

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
21. "იმირის ხორცისგან
მიწა წარმოიშვა,
ძვლებისგან კლდეები:
თურსის თავის ქალა
ზეცად გარდაიქმნა,
სისხლი ოკეანედ".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
22. "პასუხი მეორე
მომაგე, ვაფთრუდნირ,
თუ ყოვლისმცოდნე ხარ;
მთვარე ვით შეიქმნა
წყვდიადში კაცთათვის,
ან მზე როგორ გაჩნდა".

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
23. "ჰქვია მუნდილფორი
მამას, წარმოშობსა
მზისა და მთვარისა,
რომელნი მარადმჟამს
ცის თაღზე დადიან,
წელთა დროს ზომავენ".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
24. "პასუხი მესამე
მომაგე, ვაფთრუდნირ,
თუ ყოვლისმცოდნე ხარ;
ვინ მისცა დღე-ღამეს,
ან მთვარეს, კაცთათვის,
ქვეყნად დასაბამი?"

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
25. "დღის მამა დელინგრად
არის წოდებული,
ნორვი შობს ღამესა;
მთვარის ცვლა ღმერთებმა
ქვეყნად მოიგონეს
დროის გასაზომად".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
24. "პასუხი მეოთხე
მომაგე, ვაფთრუდნირ,
თუ ყოვლისმცოდნე ხარ;
ვინ შექმნა ზამთარი
ან თბილი ზაფხული,
ღმერთთა საუფლოში?"

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
27. "ზამთარისა ვინდსვალრი,
ზაფხულის სვასუდრი
არიან მამები;
ისინი მარადჟამს
მოსდევენ ერთმანეთს
ღმერთთა დაღუპვამდე".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
28. "პასუხი მეხუთე
მომაგე, ვაფთრუდნირ,
თუ ყოვლისმცოდნე ხარ;
ჟამთა დასაბამზე
ვინ გაჩნდა პირველად
თურსთა თუ ასთაგან?"

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
29. "იშვა უწინარს
ქვეყნის წარმოქმნისა
თურსი ბერგელმირი;
თრუდგელმირ - სახელი
მამისა მისისა,
აურგელმირ - პაპისა".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
30. "პასუხი მეექვსე
მომაგე, ვაფთრუდნირ,
თუ ყოვლისმცოდნე ხარ;
თურსთა წინაპარი -
თურსი აურგელმირი -
საიდან მოვიდა?"

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
31. "ელივაგარისა
ნაწვეთი შხამისგან
თურსი წარმოიშვა,
მოდგმა გოლიათთა,
მკაცრთა, სუსხიანთა -
იმისგან იწყება"

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
32. "პასუხი მეშვიდე
მომაგე, ვაფთრუდნირ,
თუ ყოვლისმცოდნე ხარ;
ოტუნს ვით შეეძლო
შვილების გაჩენა -
მარტოხელს, უცოლოს?'

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
33. "ვაჟი და ასული
ოტუნს იღლიიდან,
თურმე, დაებადნენ;
ფეხით ფეხს შეეხო -
თურსს ექვსთავიანი
ვაჟი შეეძინა".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
34. "აწ მერვე პასუხი
მომაგე, ვაფთრუდნირ,
თუ ყოვლისმცოდნე ხარ:
პირველ ვის იგონებ,
ვინ გახსოვს ძველთაგან,
თურსო ბრძენთაბრძენო?"

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
35. "იყო უწინარეს
ქვეყნის წარმოქმნისა
თურსი ბერგელმირი:
პირველად ეს მახსოვს -
წარღვნას გადაურჩა,
ნავში შეიხიზნა.

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
36. "მეცხრე მიპასუხე
თურსო ბრძენთაბრძენო,
თუ ყოვლისმცოდნე ხარ:
ქარი უხილავი
საიდან მოფრინავს,
ტალღებს რომ აღელვებს?"

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
37. "ჰრესველგრს უწოდებენ,
ზის შორს, ცის კიდესთან,
არწივის სახითა,
მის ფრთათა რხევისგან
იქმნება ქარი და
უბერავს ქვეყანას".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
38. "პასუხი მეათე
მომაგე, ვაფთრუდნირ,
ღმერთთა ბედს თუ განსჭვრეტ:
ნორდი ასებს შორის
საიდან აღმოჩნდა?
ბომონებს უგებენ,
ტაძრებს უშენებე,
თვით ასი არ არის".

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
39. "ვანებშინ შობილი,
ასებთან საწინდრად
იქმნა წარგზავნილი;
ქვეყნის დაღუპვის ჟამს
ვანებტან უკანვე
ნორდი საბრუნდება".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
40. "კითხვას მეთერთმეტეს
ჩემსას უპასუხე,
ღმერთთა ბედს თუ განსჭვრეტ:
ის რა ადგილია,მ
სად ყოველ ცისმარე
ომია ფიცხელი?

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
41. "ეინჰერიები
ებრძვიან ერთმანეთს
ოდინის დარბაზში;
ბრძოლას ამთავრებენ,
კლვავ ერთად სხდებიან,
მშვიდად მოილხენენ".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
42. "კითხვას მეთორმეტეს
ჩემსას უპასუხე,
ღმერთთა ბედს თუ განსჭვრეტ:
ღმერთთა და ოტუნთა
ყველა საიდუმლოს
როგორ დაეუფლე,
თურსო ბრძენთაბრძენო?"

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
43. "ღმერთთა და ოტუნთა
ყველა საიდუმლო
სიმართლით გიამბე:
სრულად მომივლია
მთელი ცხრა ქვეყანა,
ვნახე ნიფლჰაიმიც -
სიკვდილის სამეფო".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
44. "ბევრს ვმოგზაურობდი,
ბევრი რამ შევიცან,
ბევრ რამეს ვეუფლე;
საშინელ ზამთრისა
დასასრულს ცოცხალი,
მარქვი, ვინ დარჩება?"

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
45. "ლიფი და ლიფთრასირ
ტყესა ჰოდმიმირსა
თავს შეაფარებენ:
ცის ნამი გამოჰკვებთ,
შემდგომ კაცთა მოდგმა
მათგან შეიქმნება".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
46. "ბევრს ვმოგზაურობდი,
ბევრი რამ შევიცან,
ბევრ რამეს ვეუფლე;
მარქვი, ცის ტატნობზე
მზე ვითღა გაჩნდება,
მგელი თუ ჩაყლაპავს?"

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
47. "ალფრედულ, სანამ მას
მგელი ჩაყლაპავდეს,
ქალიშვილს დაბადებს;
ღმერთების აღსასრულს
ქალწული, დედის გზით,
ზეცას გააბრწყინებს".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
48. "ბევრს ვმოგზაურობდი,
ძნელ პაექროქბაში
ღმერთებს ვამარცხებდი;
სამნი ვინ არიან
ქალწულნი გრძნეულნი.
ზღვებს ზედან მფრინავნი?"

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
49. "სამნი - მოგთრასირის
ასულნი არიან,
ზღვებს ზედან მფრინავნი;
კაცთათვის კეთილნი,
თუმცა თურსნი არიან
მათი წინაპრები".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
50. "ბევრს ვმოგზაურობდი,
ბევრი რამ შევიცან,
ბევრ რამეს ვეუფლე;
ალი რომ ჩაქრება,
ასების სამკვიდროს
ვინ დაეუფლება?"

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
51. "ალი რომ ჩაქება,
ვალი და ვიდარი
ასგარდს დაიპყრობენ;
მოდი და მაგნი მყის
დაღუპულ თორისა
მოლნირს ხელთ იგდებენ".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
52. "ბევრს ვმოგზაურობდი,
ბევრი რამ შევიცან,
ბევრ რამეს ვეუფლე;
ღმერთთა დაღუპისას
ოდინის სიცოცხლე
როგორ დასრულდება?"

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
53. "ფენრირი ჩაყლაპავს
ომების მეუფეს;
შურს შვილი იძიებს -
ვიდარი შეებმის
მგელს, ხახას გაუგლეჯს,
მოკლავს მხეცს მუხანათს".

გ ა გ ნ რ ა დ მ ა თ ქ ვ ა:
54. "ბევრს ვმოგზაურობდი,
ბევრი რამ შევიცან,
ბევრ რამეს ვეუფლე;
რა უთხრა ოდინმა
იდუმალ თავის შვილს,
კოცონზე მდებარეს?"

ვ ა ფ თ რ უ დ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
55. "ვერვინ ვერ ამოხსნას,
რაიც შენ იდუმალ
მკვდარ შვისლ ჩასჩურჩულე!
მე განწირული ვარ,
ღმერთთა დაღუპაზე
გითხარ თქმულებანი!
ოდინს გავეჯიბრე:
ბრძენთაგან ამქვეყნად
შენა ხარ უბრძნესი".

სიტყვანი გრიმენირისა

(Grimnismâl)

მეფე ჰრაუდრუნგს ჰყავდა ორი ვაჟი: ერთს ერქვა აგნარი, მეორეს - გეიროდი. აგნარი ათი ზამთრისა იყო, გეიროდი - რვისა. ერთხელ ძმები სათევზაოდ გაემგზავრნენ ნავით. ქარმა ისინი შორს გაიტაცა, ღია ზღვაში. ღამის სიბნელეში მათი ნავი ნაპირს მიეჯახა და დაიმსხვრა. ძმები ხმელეთზე გადავიდნენ, იქ ერთ მოხუც მიწის მუშას შეხვდნენ და მასთან გამოიზამთრეს. დედაბერი აგნარას უვლიდა და ჭკუას არიგებდა, მოხუცი კი გეროდისათვის ზრუნავდა. გაზრფხულზე ძმები ზღვის ნაპირთან მიაცილეს. მოხუცმა მისცა მათ ნავი და გამგზავრების წინ გეიროდს საიდუმლოდ რაღაც უთხრა. ამოვარდნილმა ზურგის ქარმა მათი ნავი მალე მშობლიურ ნავმისადგომთან მიაცურა. გეიროდი წინ იდგა, ნავის ქიმზე. იგი ნაპირზე გადახტა, ნაპირიდან ნავს უკან უბიძგა და დაიძახა: "წადი, წაგიღონ ტროლებმა!" ნავი ზღვაში შეცურდა, ხოლო გეიროდი გაეშურა მამის სასახლისაკენ, სადაც იგი ჩინებულად მიიღეს. მამამისი გარდაცვლილიყო. გეიროდი გამეფდა და სახელგანთქმულ პიროვნებად იქცა.
ერთხელ ოდინი* და ფრიგი** ისხდნენ ჰილდსკიალფზე*** და გასცქეროდნენ ქვეყნებს. ოდინმა თქვა: "ხედავ აგნარს, შენს გაზრდილს, რომელიც გოლიათ ქალთან გამოქვაბულში შვილებს ამრავლებს? ხოლო გეიროდი, ჩემი გაზრდილი, - მეფეა და ქვეყანას მართავს!"
ფრიგმა თქვა: ეგ მეფე ისეთი ძუნწია, თუ ბევრი სტუმარი ეწვია, საჭმელს არ აღირსებს და შიმშილით ხოცავსო. ოდინმა თქვა, რომ ეს უდიდესი სიცრუეა. ამაზე მათ დადეს სანაძლეო.
ფრიგმა გაგზავნა გეიროდთან თავისი პირფარეში ფულა და უბრძანა - განერიდებინა მეფე გრძნეულებთაგან მის ქვეყანაში მოვლენილი ჯადოქრისა, რომელიც ადვილად იცნობდა იმის მიხედვით, რომ მას არც ერთი ძაღლი არ შეუტევდა, რადგან ავიც არ უნდა ყოფილიყო. გეიროდის სიძუნწის ამბავი სიცრუე იყო. მაგრამ მან უბრძანა შეეპყროთ ადამიანი, რომელსაც ძაღლები არ უყეფდნენ. უცნობს ლურჯი ლაბადა ესხა და გრიმნირად* იწოდებოდა. მან თავისთავზე სხვა არაფერი არა თქვა, თუმცა ბევრს ეკითხებოდნენ. მეფემ ბრძანა ორ კოცონს შორის მოეთავსებინათ იგი, ეწამებინათ და ამ გზით მიეღოთ მისგან პასუხი. რვა ღამე გაატარა მან ამ მდგომარეობაში
მეფე გეიროდს ჰყავდა ვაჟი, დაბადებიდან ათი ზამთრისა, რომელსაც მამის ძმის პატივსაცემად, აგნარი ერქვა. აგნარი მივიდა გრიმნირთან, მიუტანა მას წყლით სავსე რქა, მიაწოდა და უთხრა, რომ მეფე ცუდად იქცევა, რადგან უდანაშაულოდ აწამებს მას. გრიმნირმა მოსვა სასმისი. ამ დროს მას ცეცხლი ისე მიუახლოვდა, რომ მის ლაბადას მისწვდა. მან თქვა:


1. ცხელი ხარ, ალმურო,
მდაგავ და მედები,
ცეცხლო, განმერიდე!
განელებ - ღვივდები,
იწვის ბეწვეული,
ინთქმება ლაბადა.

2. რვა ღამე ვეწამე
უჭმელი, უსმელი,
არვინ არ მომხედა;
აგნარს შევებრალე -
წყალი მომაწოდა,
გოთების ქვეყნისა
იქმნას გამგებელად
ვაჟი გეიროდის.

3. აგნარ, გაიხარე -
სიკეთეს მოგაგებს
მხედართა მეუფე:
ჯილდო უმჯობესი
ხვედრად ვის რგებია
ყლუპი წყალისათვის!

4. ჩანს მხარე ნათელი,
ასების, ალფების
მახლობლად მდებარე;
შორს კი, თრუდჰაიმში
თორი იბინადრებს
ღმერთთა დაღუპვამდე.

5. იდალირ სახელდევს
ადგილს, სად დარბაზნი
ულრმან აიშენა.
ფრეირს ალფჰაიმი
ასებმა აჩუქეს
კბილის ამოსვლისას.

6. დარბაზი მესამე
ვერცხლით მოუჭედავთ
ღმერთთა მათ კეთილთა -
არს ვალასკიალფი, -
ოდესღაც, ძველ დროში,
ოდინს აუგია.

7. მეოთხე - სოკვაბეკ,
ცივ წყალთა ნაკადი
სცემს მუდამ მის კედლებს;
საგა და ოდინი
ოქროს თასებიდან
სვამენ მას დღემუდამ.

8. მეხუთე - გლადსჰაიმ,
სად მოოქროვილი
ელვარებს ვალჰალა:
იქ ჰროფტი აგროვებს
დახოცილ მეომრებს
შუბთაგან განგრმირულთ.

9. ადვილად იცნობა
ოდინის დარბაზი,
ოდეს თვალს შეავლებ:
ფართა - სახურავი,
შუბთა - ნივნივები,
მერხებზე ჯავშნები.

10. ადვილად იცნობა
ოდინის დარბაზი,
ოდეს თვალს შეავლებ:
იქ მგელი ჰკიდია
დასავლეთ კარებთან,
ზემოთ ზის არწივი.

11. თრიმჰაიმ - მეექვსე,
ოდესღაც იქ თურსი
თიასი ცხოვრობდა;
აწ სკადი ბინადრობს -
ნათელი ღმერთქალი -
მამის ძველ დარბაზში.

12. ბრეიდაბლიკ - მეშვიდე,
ბალდრმა იქ ნათელი
სასახლე აღმართა:
სად სრული სიკეთე
სუფევდა მარადჟამს,
ავი ვერ ხარობდა.

13. მერვე - ჰიმინბორგი,
სადაც ჰაიმდალი
განაგებს სასახლეს;
სად ღმერთთა გუშაგი
თაფლსა სვამს საამოს,
ეგზომ მხიარული.

14. მეცხრე არს ფოლკვანგი,
იქ ადგენს ფრეია -
დასასხდომ ადგილებს.
დახოცილ მხედრობას,
ოდინან თანაბრად,
იგი ინაწილებს.

15. გლიტნირი - მეათე,
ვერცხლის სახურავით
და ოქროს სვეტებით;
იქა წყვეტს ფორსეტი
სასჯელ-სამართალსა,
საქმეებს სადაოს.

16. ნორდმა აიშენა
ნათელი ნოათუნში
სასახლე მაღალი;
ფლობს წმინდა სამყოფელს
კაცთა მათ ყოველთა
კეთილი მფარველი.

17. მხარე ვიდარისა
ბუჩქნარს დაუფარავს,
ბალახს მობიბინეს;
იქ გმირი მხედარი
მზად არის მამისთვის
შურის საძიებლად.

18. ანდრჰიმნირ სეჰრიმნირს -
ტახსა გარეულსა -
ხარშავს ელდრჰიმნირში;
მცირედნი იცნობენ
ეინჰერიების
საზრდოს გერმიელსა.

19. მგელსა ორს უძღებსა
მამა ომებისა
ლეშით ასაზრდოებს;
თვით ღვინოს მიირთმევს
და მხოლოდ მით ცოცხლობს
ასგარდის თავადი.

20. ჰუგინ და მუნინი
მუდამ თავს დაჰფრენენ
მიდგრადს მას ქვეყნისას;
ვშიშობ, რომ ყორნები
შინისკენ ვერასდროს
ვერ დაბრუნდებიან.

21. ქაფსა ჰყრის თუნდირი,
თევზი თოდვიტნირის
თამაშობს ტალღებში;
გმირეს ვალჰალისკენ
უჭირთ გადაცურვა
მრისხანე ნაკადის.

22. ვალგრინდ არს კარები
მინდვრად აგებული,
წმინდა ალაყაფთან -
არის ძველთაძველი,
კაცთა არ უწყიან
კართა გასაღები.

23. სულ ხუთას ორმოცი
კარი აქვს სასახლეს
ნათელ ვალჰალაში;
თითოდან რვაასი
გამოვა მხედარი
მგელთან საბრძოლველად.

24. სულ ხუთას ორმოცი
ნათელი დარბაზი
ამშვენებს ბილსკილნირს;
ფლობს დარბაზს უდიდეს,
იმ დარბაზებიდან,
ჩემი ვაჟიშვილი.

25. ოდინის დარბაზთან
დგას თხა ჰეიდრუნი,
ტკვერს ნეკერს ლერადრის;
გეჯები ივსება
იმისი რძისაგან
თაფლით ულეველით.

26. ოდინის დარბაზთან
ირები ეიქთირნირ
ტკვერს ნეკერს ლერადრის;
ჟონავს ჰვერგელმირში
რქებიდან ტენი რამ -
მდინარეთ სათავე:

27. სიდი და ვიდი.
სოკინ და ეიკინ,
სვილი და გუნთრო,
ფიმბულთულ, ფორმ,
რენანდი, რინი,
გიპულ და გოპულ,
გეირვიმულ, გომულ-
ღმერთთა სამკვიდროში.
(თინი და ვინი,
თოლი და ჰოლი,
გუნთორინ, გრადი).

28. ერთს ჰქვია ვინა,
მეორეს - ვეგსვინ,
ტონდუმა - შემდგომს,
ნიტი და ნოტი,
ნონი და ჰრონი,
სილდი და ჰრიდი,
სილგრი და ილგრი,
ვიდი და ვანი,
ვონდი და სტრონდი,
გიოლ და ლეფტერ -
კაცთა სამკვიდროდან
ჰელისკენ მიმსრბოლნი.

29. ორმტისა, კორმტისა,
ორთავ კერლაუგის
ფონს თორი გადივლის.
ოდეს იგდრასილთან
ასების სამსჯავრო
ბჭობად იკრიბება;
დუღს სხვა წმინდა წყლები
და ხიდი ღმერთების
ცეცხლმოდებულია.

30. გლადრი და გულირ,
სკეიდბრიმირ, გლერი,
ფალჰონირ, გისლი,
ლეტფეტი, გულტოპ -
სახელნი ცხენთა მათ,
ასნი რომ გადაჰყავთ
ადგილს მას სამსჯავროს
იფან იგდრასილთან.

31. სულ სამი ფესვი აქვს
სამ მხნარეს გაწვდილი,
იფანს მას იგდრასილს:
ერთი - ოტუნჰაიმს,
მეორე - ჰელს ზემოთ,
მესემა - მიდგარდზე.

32. ხტის ციყვი რატატოსკრ
ტოტიდან ტოტებზე
იფან იგდრასილის;
ისმენს არწივისა
სიტყვებს ის ზემოდან,
ქვე ნიდჰოგრს გადასცემს.

33. დგას ოთხი ირემი
დაბლა რქებდახრილი
და ტკვერენ ნეკერსა:
დაინი, დვალინი,
დუნეირ, დურათრორ.

34. უვიცთ არ უწყიან,
თუ გველი რამდენი
დაცურავს იმ ხეზე:
გოინ და მოინი -
ძენი გრავიტნირის,
გრაბაკრ და გლავოლუდრ,
ოფნირ და სვაფნირი,
დღემუდამ რომ ღრღნიან
იფნის ხეს, იგდრასილს.

35. კაცთა არ უწყიან
ავნი ფათერაკნი
იფან იგდრასილის:
ყლორტსა ტკვერს ირემი,
ფესვსა ხრავს ნიდჰოგრი,
ქვესკნელის ურჩხული.

36. ჰრისტმა და მისტმა, დე,
რქაი მომაწოდონ:
სკეგოლდი, სკოგული,
ჰილდრი და თუდრი,
გოლი, გირლოული,
რანდგრიდი, რადგრიდი
და რეგინლაიფი,
ლუდის ჩამომსხმელნი.

37. არვაკრ და ალსვიდრი,
დაღლილ-დაქანცულნი,
მზეს მიაგორებენ:
ღმერთებმა შეუდგეს
მხრებქვეშ საბერვლები,
მათ ღონე შეჰმატეს.

38. სვალინი - მზის ფარი -
მბრწყინავი ღმერთქალის
სახეს ეფარება;
ის თუ ჩამოვარდა,
ზღვები და ხმელეთი
ცეცხლში გაეხვევა.

39. სკოლი საშინელი
მზეს დასდევნებია,
მისდეს რკინის ტყემდე;
ჰატი კი - მეორე
ძეი ჰროდვიტნირის -
წინ უძღვის ცის სასძლოს.

40. ხორცი იმირისა
მიწად გარდაიქმნა,
სისხლი - ოკეანედ,
ძვლები მთებად იქცა,
თმა-წვერი - ტყეებად,
ზეცად - თავის ქალა.

41. წამწამნი თურსისა
კეთილმა ასებმა
მიდგრადად გარდაქმნეს;
ტვინისგან შავბნელი
ღრუბლები წარმოსდგა,
ღმერთთა ნებისამებრ.

42. ულრი და ღმერთები
ჯილდოს მიაგებენ
მას, ვინც ალს ჩააქრობს;
ასების ქვეყანას
თვალწინ გადამიშლის,
ვინც ქვაბებს ჩამოხსნის.

43. ივალდის შვილებმა
ააგეს ძველ დროში
ხომალდის სკიდბლადნირ,
მტკიცე და მაგარი,
მამაც ფრეირისთვის -
ძისათვის ნორდისა.

44. ხეებში პირველი
არის იგდრასილი,
ნავებში - სკიდბლადნირ,
ასებში - ოდინი,
ცხენებში - სლეპნირი,
ხიდებში - ბილროსტი,
სკალდებში - ბრაგი და
ქორებში - ჰაბროკი,
გარმი - ქოფაკებში.

45. გაიხსნა . . . ვუჩვენე
მე სახე ღმერებსა,
მალე მეშველება;
მალე მოსალხენად
მოდგმა ასებისა,
ეგირის დარბაზში
ეგირს ესტუმრება.

46. მე გრიმრად მიხმობდნენ,
მე მერქვა განგლერი,
ჰამბლერი, ჰერიან,
თეკრი და თრიდი,
თუდრი და უდრი,
ჰელბლინდი, ჰარი;

47. მერქვა სანგეტალი
სადრი და სვიპალი,
ჰერტაიტ, ჰნიკარი,
ბილვეიგრ, ბალვეიგრ,
ბოლვერკი, ფოლნირი,
გრიმრი და გრიმნირი,
გლაფსვიდრი, ფოლსვიდრი;

48. სიტჰოტრი, სიდსკეგრი,
ზიგფორდი, ჰნიკუდრი,
ალფოდრი, ვალფოდრი,
ატრიდრი, ფარმატირ;
ბევრ სახელს ვატარებ
მის შემდეგ, რაც ქვეყნად
მე ხალხში დავდივარ.

49. გრიმნირი სახელად
მერქვა გეიროდთან,
ასმუნდთან - იალკი;
კიალარს მეძახდნენ,
როს ხომალდს ვმართავდი;
თინგებზე - თრორი და
ბრძოლებში - ვიდური,
ოსკი და ომი,
იაფჰნარ, ბიფინდ,
ჰარბარ და გონდლირ.

50. მერქვა სოკმიმირთან
სვიდურ და სვიდრირი,
ოდეს მოხერხებით
მოხუც თურსს ვაჯობე -
მოვკალ მიდვიტნირის
ძე უმამაცესი.

51. დამთვრალხარ, გეიროდ,
უზომოდ შეგისვამს!
მოგაკლდეს დღეიდან
ჩემი სიყვარული -
ეინჰერიების და
ოდინის წყალობა.

52. მე ბევრი გიამბე,
შენ ქარს გაატანე;
მოძმემ გიღალატა;
მალე დავინახავ
მახვილს მეგორისას
სისხლისგან შეღებილს.

53. იგრი მიგიბარებს
მახვილით განგმირულს,
კარს გადგას სიკვდილი;
დისნი განგირისხდნენ,
შენ წინ დგას ოდინი,
მიცან, მომეახლე!

54. სახელმდევს ოდინი,
წინათ იგრს მეძახდნენ,
ფუნდრსაც მიწოდებდნენ,
ვარკსაც და სკილფინგსაც,
გაუტრს, ალკრს - ღმერთებთან,
ოფნირს და სვაფნირსა -
და ჩემგან წარმოდგა
ყველა ეს ასხელი.


მეფე გეიროდი იჯდა და ქარქაშიდან ნახევრად ამოწვეული მახვილი მუხლებზე ედო. როგორც კი მოისმინა, რომ ოდინი მის წინაა, წამოხტა, რათა იგი ცეცხლისაგან განერიდებინა. მახვილი, ტარით დაღმა, ხელიდან გაუსხლტა; მეფემ წაიფორხილა და წამოეგო მახვილზე. რომელმაც იგი სასიკვდილოდ განგმირა. მაშინ ოდინი გაქრა, აგნარი გამეფდა და დიდხანს მართავდა ქვეყანას.

სკირნირის გამგზავრება

(Fôr Skrinis)

ერთხელ ფრეირი, ძე ნორდისა*, იჯდა ჰილდსკიალფზე** და ათვალიერებდა ქვეყნიერებას. მან გაიხედა ოტუნჰაიმისაკენ*** და დაინახა მამის სახლიდან თავისი საწოლი ოთახისაკენ მიმავალი მშვენიერ ასული. ქალწულის ხილვამ ფრეირი ძალზე დააღონა. სკირნირი იყო მსახური ფრეირისა. ნორდმა სთხოვა მას გამოლაპარაკებოდა ფრეირს და გაეგო მიზეზი მისი ეგზომ დაღონებისა.
მაშინ სკადიმ**** თქვა:

1. ადექი, სკირნირო,
მიდი შენს ბატონთან
და ჩვენი ძისაგან
შეიტყვე სიმართლე -
რად დაღონებულა
ჭაბუკი ჭკვიანი.

ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
2. ავ სიტყვას მომაგებს
პასუხად ფრეირი,
თუკი შევეცდები
შევიტყო სიმართლე -
რად დაღონებულა
ჭაბუკი ჭკვიანი.

სკირნირი მივიდა ფრეირთან
და უთხრა მას:

3. ფრეირო, მისმინე,
ღმერთთა მბრძანებელო,
მამცნე, გევედრები:
რატომ განმარტოვდი
დარბაზში, მეუფევ,
რას ნაღვლობ დღემუდამ?

ფ რ ე ი რ მ ა თ ქ ვ ა:
4. ვით გამცნო, მოყვასო,
ეგზომ ახალგაზრდავ,
ნაღველი გულისა?
ალფების მნათობი
ანათებს ყველას გულს,
გულ ჩემსას კი - არა.

ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
5. ვეჭვობ, სიყვარული
გტანჯავდეს იმგვარი,
მასზე ვერ მიამბო;
სიყრმიდან ყოველდღე
ჩვენ მუდამ ერთად ვართ,
ვენდობით ერთმანეთს.

ფ რ ე ი რ მ ა თ ქ ვ ა:
6. ბმირის ეზოში
ვიხილე ასული,
სატრფო, საოცნებო;
ქალწულის ხელთაგან
სხივნი გამოკრთოდნენ,
ცის და ზღვის მმოსავნი.

7. ვნებანი ჩემებრნი
ჯერ არვის ჰქონია,
გარნა უიმედო:
ასები, ალფები
მასთან შეუღლების
ნებას არ დამრთავენ.

ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
8. მომეცი მერანი -
გავკვეთო, გავაპო
ალმური წყვდიადი,
მომეცი მახვილი
საკუთარ ძალითა
ოტუნთ განმგირავი.

ფ რ ე ი რ მ ა თ ქ ვ ა:
9. ჰა, ჩემი მერანი,
გაჰკვეთე, გააპე
ალმური წყვდიადი,
ჰა, ჩემი მახვილი -
ოტუნს თვით განგმირავს,
როს ხელთ აქვს ჭკვიანსა.

ს კ ი რ ნ ი რ მ ა უ თ ხ რ ა
მ ე რ ა ნ ს:

10. ჩამოდგა ბინდბუნდი,
დროა გამგზავრბის
თურსთა ქვეყნისაკენ;
დანამულ გზებითა
ნეტავ დავბრუნდებით
შინ, თუ ტყვედ ჩაგვიგდებს
ოტუნი ძლიერი?


სკირნირი ცხენდაცხენ შეიჭრა ოტუნჰაიმში. გმირის სასახლესთან შეჩერდა. იქ იყვნენ ავი ძაღლები, გერდის დარაზის კარებთან მიბმულნი. მან ბორცვზე მჯდომარე მწყემსი შენიშნა, მივიდა მასთან და ჰკითხა:


11. მწყემსო, მიპასუხე,
მანდ, ბორცვზე მჯდომარევ,
დარაჯო გზებისა, -
გიმირის ასულთან,
სიტყვა მაქვს სათქმელი,
ქოფაკთ ვით გავუსხლტე?

მ წ ყ ე მ ს მ ა თ ქ ვ ა:
12. ან სიკვდისლ დაეძებ,
ან უკვე მკვდარი ხარ;
გიმირის ასულთან
სიტყვის თქმას ვერასდროს
შენ ვერ ეღირსები.

ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
13. სჯობს აწ სიმამაცე
სევდას უიმედოს,
რაკი აქ მოვსულარ;
გარნა სიცოცხლისა
ჩემის ხანგრძლივობა
ნორნებს განუსაზღვავთ.

გ ე რ დ მ ა თ ქ ვ ა:
14. ეს რა ხმაურია,
მსგავსი ქუხილისა,
აქ, ჩვენს დარბაზებში?! -
იძვრის დედამიწა,
გმირის სასახლე
ძაგძაგებს ირყევა.

მ ო ა ხ ლ ე მ თ ქ ვ ა:
15. მხედარი ვინმეა,
ჩამოხტა და ცხენი
საძოვრად გაუშვა.

გ ე რ დ მ ა თ ქ ვ ა:
16. სთხოვე, ჩვენს დარბაზში
მობრძანდეს სტუმარი
და თაფლი იგემოს!
თუმც, ვშიშობ, უცნობი,
აქ სტუმრად მოსული,
ჩემი ძმის მკვლელია.

17. ვინა ხარ, ასების,
ალფების მოდგმა ხარ,
თუ ძე ხარ ვანების?
ვით გამოიქროლე
ალმრუი წყვდიადი
და ჩვენთან მოხვედი?

ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
18. არც მოდგმა ასების,
არც მოდგმა ალფების,
არც ძე ვარ ვანების,
თუმცა გმოვიქროლე
ალმური წყვდიადი
და თქვენთან მოვედი.

19. თერთმეტი ვაშლი მაქვს,
ყველანი ოქროსი,
ყველას შენ მოგიძღვნი,
თუ გერდი სანაცვლოდ
სიცოცხლის უტკბესად
ფრეირს შეიყვარებს.

გ ე რ დ მ ა თ ქ ვ ა:
20. მე ოქროს ვაშლებზე
არ გავცვლი არასდროს
ჩემს თას, ჩემს სიყვარულს:
გერდი და ფრეირი.
ცოლ-ქმრად ერთმანეთის
ვერ იქმნან ვეროდეს.

ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
21. ბეჭედს გისახსოვრებ,
ბალდრთან რომ იწვოდა
მგზნებარე კოცონზე!
ყოველ მეცხრე ღამეს
ის თავის თანაზომ
რვა ბეჭედს წარმოქმნის.

გ ე რ დ მ ა თ ქ ვ ა:
22. არ მინდა ბეჭედი,
ბალდრთან რომ იწვოდა
მგზნებარე კოცონზე!
სასახლე გიმირის
სავსეა ოქროთი,
ვფლობ მამის ქონებას.

ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
23. მახვილს ხომ უყურებ,
მე რომ ხელთ მიპყრია,
მოქარგ-მოკაზმული?
მყის წაგაგდებინებ
ამაყ თავს, ასულო,
თუ გაჯიუტდები.

გ ე რ დ მ ა თ ქ ვ ა:
24. ამაო მუქარით
ქმრად არვის შევირთავ,
არ მივცემ თანხმობას:
მაგრამ თუ გმირი
გიხილავს, სტუმარო,
ვეჭვობ, უბრძოლველად
გახვიდე აქედან.

ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
25. მახვილს ხომ უცქერი
მე რომ ხელთ მიპყრია
მოქარგ-მოკაზმული?
ამ ბასრი მახვილით
გავგმირავ მოხუც თურსს
მე ორთაბრძოლაში.

26. დაგკრავ კვერთხს ჯადოსნურს,
მყის დაემონები
ჩემს ნებას ქალწულო;
გაგგზავნი ადგილს მას,
სად თვალნი კაცისა
ვერასდროს გიხილვენ.

27. არწივს კლდესზედან
მარად იჯდომები
ჰელისკენ მზირალი:
საზრდოს შეიძაგებ,
ვითა სძაგს კაცთ მოდგმას
გველის ნაშიერი.

28. ურჩხულად იქცევი
მათთვის, ვინც გიხილავს;
ჰრიმნირმა გიჭვრიტოს!
დაგწყევლი - გახდები
ცნობილი უმეტეს
ღმერთთა გუშაგისა,
ტყვე, საკნით მზირალი.

29. სევდა და ტკივილი,
სიშლეგე, სიმხდალე,
დაე, გაგიმრავლდეს!
დაჯდე დასვენებად,
კვლავ ისე დაგწყევლო,
სასოწარგეკვეთოს,
ჭირი გეორკეცოს.

30. ტროლნი გაშინებდნენ.
გტანჯავდნენ დღედაღემ
ოტუნთა მიწაზე;
ჰრიმთურსთა ბინაში
შენ, სასომიხდილი,
დაძრწოდე დღედაღამ
და დახანხალებდე,
სიხარულს განშორდე,
ცრემლი მწუხარების
გდაღავდეს მარადჟამს.

31. ცოლად მისთხოვდები
თურსსა სამთავიანს,
ან უქმროდ დარჩები!
გახმე ავხორცებით,
სენმა დაგამჭლევოს!
ნარსა შავს ემსგავსო,
ბუხრის საკამურში
მკის შემდეგ შენახულს.

32. ჭალას გავემგზავრე
ჯადოსნურ სახრისა
საპოვნ-საძებნელად;
სახრე მოვიძიე.

33. გაგიწყრა ოდინი -
ასების მთავარი,
მტრად გექმნა ფრეირი:
ქალწულო უგულო,
ღმერთთა მათ კეთილთა
მოდგმა განარისხე.

34. ისმინეთ, ოტუნნო,
ისმინეთ, ჰრიმთურსნო,
სუთუნგის ოჯახო;
ისმინეთ ასებო:
შევკრავ გრძნეულებით
ქალწულის სიამეს,
დავადებ ყადაღას -
მამრთან ვერ იხაროს!

35. თურსი ჰრიმგრიმნირი
მკვდართა სამეფოში
ჩაგკეტავს, ჩაგამწყვდევს;
ქვესკნელის ტროლები
მწყურვალს, სასომიხდილს, -
თხის შარდს შეგასმევენ;
სასმელს მის უკეთესს
შენ ვერ ეღირსები,
შენდა იძულებით,
ჩემდა ნებისამებრ.

36. რუნებს ამოვკვეთავ
"თურსსა" და კიდევ სამს:
შეგყრი ავხორცობას,
შავნაღვლიანობას,
ავსა მას სიშმაგეს:
მაგრამ თუ ვისურვებ,
მყის მოვსპობ სამთავეს,
ვითარ ამოვკვეთე.

გ ე რ დ მ ა თ ქ ვ ა:
37. სკირნირო, შეჩერდი,
მიიღე სალამი
და თასი თაფლისა!
ვერ წარმომედგინა,
ვანების ნაშიერს
თუ შევიყვარებდი.

ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
38. აწ მტკიცე პასუხის
მსურს შენგან მიღება
შინ დაბრუნებამდე:
მარქვი, სად, როდის გსურს -
ნორდის ვაჟიშვილთან
შეერთდე, ასულო?

გ ე რ დ მ ა თ ქ ვ ა:
39. ბარის უწოდებენ
წყნარსა მას ჭალასა -
ტყეს, ჩვენთვის ნაცნობსა,
გაივლის ცხრა ღამე -
იქ გერდი ნორდის ვაჟს
ალერსით დაატკბობს.


სკირნირი დაბრუნდა უკან. ფრეირი მას ეზოს გარეთ ელოდებოდა; მიესალმა და ჰკითხა:


40. სკირნირო, მაუწყე,
სანამ ცხენს ზურგიდან
მოხსნიდე უნაგირს:
რა ცნობით დაბრუნდი
ოტუნჰაიმიდან,
ჩვენს და შენს სალხინოდ?

ს კ ი რ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
41. ბარის უწოდებენ
წყნარსა მას ჭალასა -
ტყეს, ჩვენთვის ნაცნობსა;
გაივლის ცხრა ღამე -
იქ გერდი ნორდის ვაჟს
ალერსით დაატკბობს.

ფ რ ე ი რ მ ა თ ქ ვ ა:
42. გრძელი ხარ, ღამეო,
ჰმეტობ, ორო ღამევ,
სამსა ვით გავუძლო!
თვეზე უგრძესია
ერთი თეთრი ღამე
სატრფოს მოლოდინში.

სიმღერა ჰარბარდზე

(Harbardslijód )

თორი აღმოსავლეთიდან* ბრუნდებოდა და რომელიღაც სრუტეს მიადგა. სრუტის მეორე მხარეს იყო მენავე თავისი ნავით. თორმა გასძახა:

1. ვინ ხარ, ჭაბუკო,
წყლის პირას რომ დგახარ?

მ ა ნ უ პ ა ს უ ხ ა:
2. ვინა ხარ, მოხუცო,
გაღმიდან მყვირალო?

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
3. გამო, გამიყვანე!
დღის საზრდოს გიბოძებ:
გემრიელ კერძითა
სავსე მაქვს ზურგჩანთა!
დილით, მგზავრობის წინ,
დავნაყრდი ქაშაყით
და შვრიის ფაფითა,
ვარ ახლაც მაძღარი.

მ ე ნ ა ვ ე მ თ ქ ვ ა:
4. იქიდან ძღომასა,
გარნა არა უწყი,
ბედი რას გიმზადებს;
ვეჭვ, დედა-მშობელი
დაგვხდეს შინ ცოცხალი.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
5. მძიმეა ყველასთვის
ცნობა საშინელი -
გულს მიკლას ამბავი
დედის სიკვდილისა!

მ ე ნ ა ვ ე მ თ ქ ვ ა:
6. შენ სამი სახლ-კარის
არ ჩანხარ მფლობელი,
დგახარ ფეხშიშველა,
მთხოარას ტანსაცმელით,
განძარცვილი, უშარვლო.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
7. აქეთ მოაცურე,
გიჩვენებ ნავსადგომს,
ეგ ნავი ვისია -
ნაპირთან რომ გიდგას?

მ ე ნ ა ვ ე მ თ ქ ვ ა:
8. ჰილდოლფმა მომანდო
მართვა ამ ნავისა,
რადსეიარსუნდრში
რომ ცხოვრობს რაინდი;
ყაჩაღს არ გადვიყვან,
არ უბრძანებია;
ნაცნობთა კეთილთა
მსახური გახლავარ,
მამცნე ვინაობა -
მყისვე გადაგიყვან.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
9. გამცნობ ჩემს სახელსა,
თუმც ირგვლივ მტრებია,
ჩემს გვარს არ დავმალავ:
შვილი ვარ ოდინის,
ძმაი ვარ მაილის,
მამა ვარ მაგნისა;
შენ თორთან საუბრობ -
ღმერთების მთავართან!
აწ მინდა შევიტყო,
შენ თვითონ ვინა ხარ?

მ ე ნ ა ვ ე მ თ ქ ვ ა:
10. ჰარბარდს მიწოდებენ,
არ ვმალავ ჩემს სახელს.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
11. რად უნდა დამალო,
თუ არვინ არა გმტრობს?

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
12. თუნდ მმტრობდფე კიდევაც,
შენ ვერას დამაკლებ,
თუკი სასიკვდილოდ
ბედს არ ვემეტები.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
13. არა მსურს ფეხდაფეხ
ფონი გადმოვლახო,
ტვირთი დავასველო;
თორე ბრიყვს, ცინგლიანს,
ჭკუას გასწავლიდი -
მყის შეგანანებდი
დაცინვას თავხედურს.

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
14. აქ დაგელოდები,
ჩანს, მამაცს, გამბედავს,
შემდგომ ჰრუნგნირისა
არვის შეხვედრიხარ.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
15. ახლა გამახენე
მე ქვისთავიანი
ჰრუნგნირ გოლიათი -
ძნელსა მას ბრძოლაში
ოდეს დავამარცხე.
შენ რასა იქმოდი
ჟამსა მას, ჰარბარდ?

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
16. მე ხუთი ზამთარი
დავყავ ფიოლვართან
კუნძულზე, რომელსა
უხმობენ ალგრუნად:
მტრებს ვეომებოდით,
ვძლევდით და ვმუსრავდით,
ასედაც ვიქმოდით -
ქალწულთ ვაცდუნებდით.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
17. ვითარ აცდუნებდით?

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
18. იყვნენ ძვირფასები,
ოდეს გვმორჩილებდნენ,
იყვნენ გონიერნი,
ოდეს გვერთგულობდნენ;
გრეხდნენ ქვიშისაგან
ქალწულნი ბაწარსა,
თხრიდნენ ღრმა ღარტაფებს,
იღებდნენ ორმოებს:
ვჯობდი მოხერხებით -
შვიდი დის სარეცელს
მე ვინაწილებდი,
ვუყვარდი შვიდივეს.
შენ რასა იქმოდი
ჟამსა მას, თორო?

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
19. მე მოვკალ თიასი -
თურსი ძალოვანი.
ზეცაში გავტყორცნე
თვალნი გოლიათის,
ძისა ალვალდისა:
აი, სახსოვარი
თორის გმირობათა,
დღემდე რომ კიაფობს.
შენ რასა იქმოდი.
ჟამსა მას, ჰარბარდ?

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
20. მარჯვედ ვაცდუნებდი
ღამის ქალმხედართა,
ქმრებს განვაშორებდი;
კვერთხი ჯადოსნური
მიბოძა ჰლებარდმა -
თურსმა ძალოვანმა,
მას ჭკუა წავართვი.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
21. საჩუქარს კეთილსა
შენ ავით მიაგე.

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
22. მუხას ტოტს შეაჭრი,
ახალი ეზრდება;
წუხს ყველა თავისთვის;
შენ რასა იქმოდი
ჟამსა მას, თორო?

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
23. ვიყავი აღმოსავლეთს,
ვებრძოდი, ვმუსრავდი
თურსთა ბოროტ ცოლებს,
მთებში შეხიზნულებს, -
რომ არ გაზრდილიყო
მოდგმა გოლიათთა
მიდგრადს მას ქვეყანას,
კაცთა საზიანოდ.
შენ რასა იქმოდი
ჟამსა მას, ჰარბარდ?

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
24. ვალანდში ვიყავი,
შუღლს, მტრობას ვთესავდი,
მხედრებს ვაქეზებდი,
ომებს ვაჩაღებდი;
ოდინს - იარლები,
ომში დახოცილნი,
თორს - მონა ცხედრები.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
25. შენ ცუდად დაჰყოფდი
კაცთ მოდგმას, ღმერთთათვის,
უფლება რომ გქონდეს.

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
26. თორს ოდენს ღონე აქვს,
არა სიმამაცე:
შენ ერთხელ შიშისგან
შეძვერ ხელთათმანში,
თავი დაგავიწყდა;
ვეღარც აცხიკვებდი,
ვეღარც ახველებდი,
სკირმირს არ სმენოდა.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
27. ჰარბარდო, მოგკლავდი,
ბილწო და ბედასლო,
სრუტე არ მიშლიდეს!

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
28. გადმოსვლას ნუ ჩქარობ,
მე არ გეშუღლები.
თქვი, რასა იქმოდი
ჟამსა მას, თორო?

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
29. მაშრიყის მხარეში
მდინარეს ვიცავდი
სვარანგის შვილთაგან,
მე რომ თავს მესხმოდნენ,
მესროდნენ ლოდებსა,
მაგრამ ვერ მაჯობეს -
დადრკნენ და პირველთა
მთხოვეს დაზავება.
შენ რასა იქმოდი
ჟამსა მას, ჰარბარდ?

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
30. მე აღმოსავლეთში
თეთრ ასულს ვხვდებოდი,
ოქროსტანსაცმლიანს.
ვხიბლავდი საუბრით,
ალერსით ვატკბობდი,
ისიც მნებდებოდა,

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
31. ხელთ შენ მშვენიერი
გყოლია ასული.

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
32. შენც დამხმარებოდი! -
ხელთ არ გამსხლტომოდა.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
33. დრო რომ მქონებოდა,
დაგეხმარებოდი.

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
34. დაგერწმუნებოდი,
გარნა, ვგრძნობ, იცრუებ.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
35. მე ტერფებს არა ვკბენ,
როგორც გაზაფხულზე
ძველი ფეხსაცმელი.

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
36. შენ რასა იქმოდი
ჟამსა მას, თორო?

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
37. მე ვჟლეტდი ბერსერკთა
ცოლებს ჰლესეიზე,
ხალხს რომ ჯადოსნობიტ
ტანჯავდნენ უწყალოდ.

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
38. ჟლეტა ქალებისა -
საქმე სამარცხვინო.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
39. არა ქალნი იყვნენ,
არამედ ძუ მგლები:
ნავი დამიმსხვრიეს,
ბიჯგებზე შედგმული,
კვერთხებს მიღერებდნენ,
განდევნეს თიალფი.
შენ რასა იქმოდი
ჟამსა მას, ჰარბარდ?

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
40. ლაშქარს მოვყვებოდი, -
მსურდა ამ მხარეში
ფრიალი ალმისა,
შეღებვა მახვილის.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
41. უბნობ მას, რაითაც
გსურს მე გამაწბილო.

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
42. ბეჭედს ოქროისას
მოგიზღავ სანაცვლოდ,
თუ შუამავალთა
შეძლეს - შეგვარიგეს.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
43. სად შეგისწავლია
სიტყვა საქირდავი?
ქირდვა უარესი
არასდროს მსმენია.

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
44. მყუდრო ყორღანების
მკვიდრთა მათ ძველთაგან
იგი შევისწავლე.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
45. კარგად გიფიქრია -
წინაპართ საფლავებს
ყორღანებს უწოდებ.

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
46. მაქვს ამის უფლება -
ვუწოდო, რაიც მსურს.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
47. ძვირად გაზღვევინებ
მახვილსიტყვაობას,
ნაპირს თუ გადმოველ:
მძლავრ უროს დაგარტყამ,
მგელზე უარესად
აიკვლ-აყმუვლდები.

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
48. გიჯობს შინ გასწიო
და სიფის კუროსთან
სცადო ეგ საცდელი,
ვიდრე მე მეომო.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
49. ლაყბობ, სულმდაბალო,
ბოროტო, მშიშარავ,
გსურს ენით დამკოდო!
ვფიქრობ, ეგ სიცრუეც
ამად მოიგონე!

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
50. სიმათლე გითხარი,
გზაში ბევრს აყოვნებ,
ადრე მიხვიდოდი,
ნავით რომ გემგზავრა.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
51. ჰარბარდ, უსირცხვილოვ,
ნუღარ მაგვიანებ!

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
52. მე როდი მეგონა,
ასათორს მენავე
თუ დააბრკოლებდა.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
53. მისმინე თათბირი:
თათხვას დავეთხოვოთ!
გამო, გადიყვნე,
მამაი მაგნისა!

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
54. ამაოდ ნუ იცდი,
ამ სრუტეს გასცილდი!

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
55. მაშ, რა გზა მოვნახო,
თუ არ გადამიყან?

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
56. უარი მოკლეა,
გზა გრძელი გექნება:
ჯერ კუნძთან გაივლი,
მიხვალ ქვაფორამდე,
მარცხნივ გადაუხვევ,
ვერლანდს მიადგები;
თორს დედა - ფორგინი -
იქ შემოეყრება,
გზებზე წინაპართა,
ოდინის ქვეყნისკენ
მისცემს მიმართეას.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
57. ნეტავ დღეს მივაღწევ?

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
58. ძლიერ თუ ეცდები,
ვინძლო გარიჟრაჟზე
ადგილს მიაღწიო.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
59. შენს ქირდვა-დაცინვებს
მოკლედ ვუპასუხებ:
შეგხვდები ოდესმე,
უარს შეგანანებ!

ჰ ა რ ბ ა რ დ მ ა თ ქ ვ ა:
60. გასწი, დაიკარგე,
წაგიღონ ტროლებმა!

სიმღერა ჰიმირზე

(Hymirskridha )

1. მორჩნენ ნადირობას
მაღალი ღმერთები,
ნადიმად შემოკრბნენ,
ღრეობა გამართეს;
დაიწყეს ჩხირთა ყრა,
სისხლს დასჩერებოდნენ,
ცნეს - ეგირ გოლიათს
ბლომად აქვს ქვაბები.

2. იჯდა ყრმის ღიმილით
კლდეთა ბინადარი,
ძესა მისკორბლინდის
ჰგავდა ის იერით,
თვალებში ჩასცქერდა
მას ძეი იგრისა:
"ღმერთთათვის ღრეობა
შენ უნდა გამართო!"

3. ჩააგდო ჰლორიდიმ
თურსი საგონებელს;
ეგირს დაეუფლა
გრძნობა შურისგების;
მოსთხოვა სიფის ქმარს
მან შოვნა ქვებისა:
"ღმერთთათვის რომ შევძლო
ლუდის მოდუღება".

4. გარნა არ უწყოდნენ
ღმერთთა მათ ძლიერთა,
თუ ვით მოეძიათ
ქვაბი შესაფერი,
სანამ სასიკეთოდ
თორსა მას მრისხანეს
თირმა მეგობრული
არ მისცა რჩევანი:

5. "ელივაგარისა
მხარეს აღმოსავლეთს
ცხოვრობს ცის კიდესთან
ოტუნი ჰიმირი,
ბრძენსა მას მამაჩემს
აქვს უზარმაზარი
ქვაბი საოცარი,
სიღრმით ერთი ვერსი".

6. "ნეტავ ჩვენ თუ ძალგვიძს
ხელთგდება იმ ქვაბის?"
"მარჯვე მოხერხებით
ძალგვიძს, მეგობარო".

7. მთელი დღეE ვიდოდნენ
ისინი ფეხმარდად
ნათელ ასგარდიდან
ეგილის სახლამდე,
თხანი რქაგრეხილნი
მან ბაკში შერეკა;
ჰიმირის დარბაზში
შევიდნენ მგზავრები.

8. შეხვდა იქ ჭაბუკი
დიდედას საძულველს,
ქალსა მას ბუმბერაზს,
ცხრაასთავიანსა;
ქალმა კი მეორემ,
ოქროთი მოსილმა,
შვილს ლუდი მოართვა
ნათელწარბიანმა.

9. "ჯილაგნო ოტუნთა
მსურს ქვაბქვეშ დაგმალოთ
ერთად შეგიფაროთ
ორივე მამაცი.
მყავს ავი მეუღლე,
ძუნწი, ღვარძლიანი,
პურძვირს და მრისხანეს
არ უყვარს სტუმრები".

10. გვიან, საღამო ჟამს
შინ ნადირობიდან
დაბურნდა ჰიმირი -
თურსი შფოთიანი;
შემოაჩხრიალა
ცივი ლოლუები -
ლოყებზე უღრანი
ტყე რომ შეჰინოდა.

11. "სალამი ჰიმირო,
იყავ მხიარული! -
შენს დარბაზს ეწვია
შენი ვაჟიშვილი,
შორი მგზავრობიდან
შინ რომ მოველოდით.
თან მოჰყვა ხალხისა
კეთილისმყოფელი
და მტერი ჰროდრისა -
ვეორად უხმობენ.

12. გახედე, იქ სხედან,
დარბაზის ბოლოში,
დახრილ სახურავქვეშ
სვეტი ეფარებათ!"
თურსმა გაიხედა,
სვეტი გაიბზარა,
თავხე გადებული
იქცა ნაფოტებად.

13. რვა ქვაბი დაცვივდა,
შვიდი სულ დაიმსხვრა,
ერთი კი გადარცა,
ნაჭედი მტკიცედა.
ღმერთნი გამოვიდნენ,
მოხუცმა ოტუნმა
მათ მგრულად მიაპყრო
მზერა ჟინიანი.

14. გულმა ავი უთხრა,
როს სტუმრად იხილა
ქალთა გოლიათთა
მტერი ულმობელი;
გარნა მან უბრძანა
ჯოგიდან არჩევით
დაკვლა სამი ხარის,
გამრთვა სუფრისა.

15. მყისვე თითო თავით
დამოკლდა სამთავე,
სამნივე შესაწვავად
ჩააწყვეს ორმოში;
და სიფის მეუღლემ
ძილის წინ, მარტოკამ,
თურსისა ჰიმირის
შთანთქა ორი ხარი.

16. მასპინძელს ჭაღარას,
ჰრუნგნირის მეგობარს -
ჰლორიდის ვახშამი
ეჩვენა ზვიადად.
"ჯერ არს, ხვალ საღამოს
ვივახშმოთ სამთავემ
ჩვენგან მონახვეჭ
ნანადირევთა".

17. ვეორმა თანხმობა
უთხრა ზღვად გასვლისა,
თუ თევზის სატყუარს
მისცემდა ოტუნი.
"ჯოგში შეიარე
თევზის სატყუვრისთვის.
თუ მხდალი არა ხარ,
თურსების მრბეველო!

18. მჯერა, ხარის ჯოგში,
ფრიად თავისუფლად,
თევზთა მისატყუარს
შენ თვითონ იშოვნი".
ვეორმა ჭალისკენ
გასწია უმალვე,
ჭალაში შემოხვდა
მას ხარი გიშერა.

19. მოგლიჯა ხარსა მას
თურსების მმუსრავმა
მაღალი რქებისა
კოშკი უმტიცესი.
. . . . . . . . . . . . . . .
"არის უმჯობესი
შენი ზღვად გასვლისა -
მშვიდობის სუფრაზე
შინ იჯდა ნადიმად".

20. მან თხათა პატრონმა
მოდგმას მაიმუნის
მოსთხოვა ნავისა
ზღვაში შორს გაყვანა;
ოტუნმა მიუგო -
ნაპირს არ მოსწყდება,
ნავით ღია ზღვაში
შორს არ შეცურდება

21. მამაცი ჰიმირის
ერთ ანკესს ორკაპას
ერთად წამოეგო
მყის ორი ვეშაპი;
კიჩოზე ნავისა
ოდინის ჯილაგი -
ვეორი - იდგა და
ნემსკავს ამზადებდა.

22. ნემსკავს მას კაცთ მწემ,
მან მკვლელმა გველისა,
მარჯვედ წამოაგო
შავი ხარისთავი;
ნახა სატყუარი
ღმერთების მოშუღლემ,
ხახა დააფჩინა
სარტყელმა მიწისა.

23. თორმა მძლემ ანაზდად
კიჩოზე ნავისა
მყის ამოათრია
გველი შხამიანი,
ურო დაუშინა
თხემსა ბალნისასა
ბილწსა, საძაგელსა,
ნაშიერს მგლისასა.

24. აღმუვლდნენ ურჩხულნი,
ატეხეს გუგუნი
წყალქვეშა კლდეებმა,
იძრა დედამიწა,
კვლავ წყალში ჩაყვინთა
მან თევზმა მრისხანემ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

25. თურსს შუბლი შეეკრა
უკან მგზავრობისას;
ყოჩობდა მრისხანედ
და ნიჩბებს უსვამდა,
საჭე შეაბრუნა
მან სხვა მიმართებით.

26. "აწ შუა გავიყოთ
ჩვენი სამუშაო!
ზიდე ვეშაპები
ზურგით ჩემს ბინამდე,
ან თხა ტალღებისა
მიაბი ნაპირზე!"

27. ცხვირში სწვდა ჰლორიდი
ნავს და ნაპირისკენ
მყისე წაათრია
ზღვის ცხენი, წყლით სავსე;
ჩამჩა ნიჩბებითურთ
და მათთან ორთავე
ტახნი ზღვის ტალღათა
ტყე-ღრეზე ტარებით
მარტომ მიათრია
ოტუნის ბინამდე.

28. თურსი კი, ჯიუტი
მაინც არ ცხრებოდა,
კვლავ სურდა ძალაში
თორთან გაჯიბრება;
თქა: "მართვა ნავისა
თუმცა შეუძლია,
არ ძალუძს დამსხვრევა
მას ჩემი თასისა".

29. ჰლორიდიმ აიღო
ხელთ თასი თურსისა
და მთელი ძალ-ღონით
ქვის სვეტს მიანარცხა;
ქვის სვეტი დაიმსხვრა,
თასი, უვნებელი
და გაუბზარავი,
ჰიმირს დაუბრუნდა.

30. მაშინ ბუმბერაზმა
ქალმა მშვენიერმა
რჩევა მეგობრული
მისცა თორს იდუმალ:
"თავში დაუმიზნე
თასი თურსს ჭაღარას!
თასზე მაგარი აქვს
ჰიმირის თავისქალა".

31. ზეწამოიწია
მან თხათა პატრონმა,
მყისვე მოიკრიბა
ძალ-ღონე ღვთიური;
უვნებლად გადარჩა
საყრდენი ზუჩისა,
მომტანი ლუდისა
იქცა ნამსხვრევებად.

32. "დავკარგე ძვირასი
განძი საუკუნოდ,
ნატეხ-ნამსხვრევებად
იქცა ჩემი თასი", -
წარმოთვა ოტუნმა, -
"აწ წინანდებურად
ვერ ვთქვა მხიარულმა:
ლუდო, აწ მზადა ხარ!

33. პირობად დაგიდებთ, -
თქვენ თვითონ წაიღოთ,
სხვადა აუხმარებლად,
ხომალდი ლუდისა".
ორჯერ შეეცადა
თირი და ვერც ერთჯერ
ვერ შეძლო ქვაბისა
დაძვრა ადგილიდან.

34. მამაი მოდისა
სწვდა ნაპირს ქვაბისას,
აზიდა, წაიღო
დარბაზის კარისკენ;
თავზე ჩამოიცა
ქვაბი სიფის ქმარმა,
რგოლები ჟღარუნით
დასწვდა მუხლებამდე.

35. მანძილი მცირედი
ოდეს გაიარეს,
ძემან ოდინისა
უკუ მიიხედა,
ნახა, რომ მაშრიყით
მიუძღვის ჰიმირი
მძლავრსა მას ლაშქარსა
მრავალთაგიანთა.

36. მყის დაბლა ჩამოდგა
ქვაბი უმტკიცესი,
მოლნირი აღმართა
მან მეხთამტყორცნელმან
და მუსრი გაავლო
უდაბნოს ვეშაპთა.

37. ცოტა გიარეს,
გზაზე ცოცხალმკვდარი
დაეცა უეცრად
თხაი ჰლორიდისა;
ანაზედად დაკოჭლდა
რქოსანი მხტუნავი
და იყო ოინი
ეს ცბიერ ლოკისა.

38. მაგრამ ვით გსმენიათ
ყოველსა, ვინც უწყის
სიტყვანი ღმერთებზე,
ძალუძს, რომ იამბოს -
თორმა საზღაურად
უდაბნოს მკვიდრისგან
მსახურად მიიღო
როსკვუ და თიალფი.

39. ღმერთთა თავყრილობას
თორი დაუბრუნდა,
გოლიათ ჰიმირის
ქვაბი მოიტანა,
ასებს აწ შეეძლოთ
ჟამს შემოდგომისა
შეკრება ეგირთან,
ლუდის სმა, ღრეობა.


ეგირის ნადიმი ანუ ლოკი თათხავს ღმერთებს

(Oegisdrekka eda Lokasena)

ეგირმა, რომელსაც სხვანაირად გმირს უწოდებენ, როგორც კი მიიღო უზარმაზარი ქვაბი, რის შესახებაც ახლახან იყო საუბარი1, მყისვე მოუდუღა ასებს ლუდი. ამ ნადიმზე მოვიდნენ ოდინი და მისი ცოლი - ფრიგი; თორი არ მოსულა, რადგან იგი იმ დროს აღმოსავლეთში იმყოფებოდა. იქ იყო სიფი -მეუღლემ თორისა; ბრაგი2 და მისი ცოლი - იდუნი3. იქ იყო ცალხელა თირი; მასხელი ფენრირმა მოსჭამა, როდესაც მგელს ბოჭავდნენ. იქ იყო ნორდი და მისი ცოლი - სკადი; ფრეირი და აგრეთვე ფრეია; ვიდრე - ძე ოდინისა; ლოკი და მსახური ფრეირისა - ბიგვირი და ეილა4. ბევრნი იყვნენ იქ ასები და ალფები. ეგირს ჰყავდა ორი მსახური - ფიმაფენგრი5 და ელდირი 6. ჩირაღდნების ნაცვლად, ბრწყინვალე ოქრო ანათებდა დარბაზს. ლუდი თავისთავად ისხმებოდა თასებში და ურიგდებოდა სტუმრებს. ყველას უნდა დაეცვა იქ მშვიდობა. სტუმრები ქებით იხსენიებდნენ ეგირის მსხურთ. ლოკიმ ვერ მოითმინა ეს და მოკლა ფიმაფენგრი. მაშინ ასებმა ატეხეს ფართა რხევა, ყვირილი დაუწყეს ლოკის და ტყეში გააგდეს იგი, თვითონ კი ნადიმად დასხდნენ. ლოკი მობრუნდა - შეხვდა ელდირს და მიმართა:


1. ელდირო, მითხარი,
სანამ ადგილიდან
ნაბიჯს წინ წარსდგამდე:
ღმერთნი ლუდისმსმენლი,
ნადიმად დამსდარნი,
რაზე საუბრობენ?

ე ლ დ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
2. საგმირო საქმეებს,
ომში სიმამაცეს
აქებენ ღმერთები;
გარნა შენ ყველანი
ავად გიხსენებენ -
ასები, ალფები.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:

3. ეგირთან დარბაზში
შესვლა განვიზრახე,
მსურს ლხინი ვიხილო;
შუღლი შევიტანო,
თაფლში ბოროტების
შხამი შევურიოთ.

ე ლ დ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
4. თუ გსურს, რომ ეახლო
დარბაზს ეგრისისა
და ბილწი გინებით
დათათხო ასები,
გახსოვდეს, მიიღებ
მათგანაც სანაცვლოს.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
5. ელდირო, შენ უწყი,
ჩვენ თუ ერთმანეთის
ვიწყეთ აქ გინება,
მე უფრო მდიდარი
ვიქნები პასუხით,
თუ ხმას არ ჩაიწყვეტ.



ამის შემდეგ ლოკი შევიდა დარბაზში, მაგრამ როდესაც იქ მყოფთ იხილეს, ვინც მოვიდა, ყველანი გაჩუმდნენ. ლოკიმ თქვა:


6. შორი გზით მოსული,
ვესტუმრე თქვენს დარბაზს
მე, ლოფტრი მწყურვალი
რომ ვთხოვო ასებსა -
დამისხან, მომართვან
თაფლი გერმიელი.

7. რად დადუმებულხართ,
ძლიერო ღმერთებო,
რატომ ხმას არ იღებთ?
მიმიღეთ ნადიმზე,
ან ბრძანეთ უარი -
წავიდე აქედან!

ბ რ ა გ ი მ თ ქ ვ ა:
8. ასები თავიანთ
ნადიმზე არასდროს
შენ არ მიგიღებენ;
რამეთუ უწყიან,
ვინ ღირს არს მათ ლხინში
პატივით მიღების.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
9. ოდინ, სენ ხომ გახსოვს,
ერთ დროს ჩვენ ურთიერთს
სისხლი შევურიეთ? -
შენ თქვი - არ შესვამდი
ლუდს, თუ შენთან ერთად
მეც არ მომართმევდნენ.

ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:
10. ადექ, შემოუშვი,
ვიდარო, მგლის მამა,
დაჯდეს ჩვენს სუფრასთან,
რომ ლოკიმ უგვანოდ
არ გვიწყოს გიენბა
ეგირის დარბაზში.


მაშინ ვიდარი ადგა და აუვსო თასი ლოკის, მაგრამ მან, ვიდრე შესვამდა, მიმართა ასებს:


11. იდიდეთ, ღმერთნო, და
იდიდეთ ღმერთქალნო -
ძლიერო ასებო!
არ შევსვამ მე მხოლოდ
ბრაგის სადღეგრძე4ლოს -
აქ რომ ზის, თქვენს შორის.

ბ რ ა გ ი მ თ ქ ვ ა:
12. ცხენს და შუბს გიბოძებ,
გაჩუქებ ბეჭედსაც -
საგანძურს ძვირფასსა;
ოღონდ დაეთხოვე
დავას და ყაილას,
ღმერთთ ნუ განარისხებ.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
13. შენ ვერც ცხენს მიბოძებ,
ვერც ბეჭედს მაჩუქებ,
ვერც ერთდს ვერ იშოვი;
ასებში, ალფებში,
აქ რომ შეკრებილან,
ყველაზე მხდალი ხარ
და ომში მშიშარი.

ბ რ ა გ ი მ თ ქ ვ ა:
14. ნეტავი ერთმანეთს
ეგირის დარბაზის
გარეთ შეხვედროდით,
საკუთარ ხელებით
მაგ თავს წაგაგლეჯდი
სიცრუის თქმისათვის.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
15. როს ზიხარ, ფიცხი ხარ,
მხოლოდ სკამს ამშვენებ,
ომში ხარ უმწეო;
ადექ, შემებრძოლე!
ვინც გამბედავია,
იგი არ აყოვნებს.

ი დ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
16. ბრაგი, გთხოვ, ლოკისთან,
ეგირის დარბაზში
შფოთს და შუღლს ნუ ასტეხ;
არის უადგილო -
შვილნი შვილობილებს
შუღლით წაეკიდონ!

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
17. იდუნო, იყუჩე!
შენ ყველა ქალს ჰმეტობ
ხვევნა-მრუშობაში;
შენ თეთრი მკლავებით
იმას ეხვეოდი,
ვინც ძმა მოგიკლა.

ი დ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
18. ეგირის დარბაზში
საწყენა ლოკისა
მე არა მითქვამს-რა.
მე შეზარხოშებულ
ბრაგის ვამშვიდებდი -
შფოთს განვრიდებოდით.

გ ე ფ ი ო ნ მ ა თ ქ ვ ა:
19. ასებო, ერთმანეთს
თქვენ ორნი ამაოდ
გესლავთ აქ სიტყვებით;
ლოკი გამქირდავად
და მტრად ღმერთებისა
ცნობილა ძველთაგან.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
20. გეფიონ, იყუჩე!
ვიგონებ ქერა ყმას,
შენს გამხრწნელს,
შემცდენსა:
გიძღვნა საჩუქარი,
საჩუქრის სანაცვლოდ
ეწექ სარეცელზე.

ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:
21. ლოკი, ჩანს, გაგიჟდი -
შენ უტიფრობით
ანრისხებ გეფიონს:
მან ერთმა ჩემებრივ
უწყის საიდუმლო
არსთა ბედისწერის.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
22. ოდინო, იყუჩე!
მებრძოლთ წარმატებებს
შენ ცუდად მართავდი:
მშიშართ და უღირსთა,
მხდალთა ანიჭებდი
ხშირად გამარჯვებებს.

ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:
23. მე თუ გამარჯვებებს
უღირსთ ვანიჭებდი
და არა გულმამაცთ,
შენ მიწისქვეშეთში
დაჰყავ რვა ზამთარი,
იქ ძროხებს წველავდი,
შვილთ შობდი მდედრივით,
მდედრად სახეცვლილი.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
24. შენზე კი მსმენია,
კულძულ სამსეიზე
რომ სცემდი დაფდაფასა
და კუდიანივით
ხალხში ჯადოსნობდი
მდედრად სახეცვლილი.

ფ რ ი გ მ ა თ ქ ვ ა:
25. არ ღირს გახსენებად,
ასებს - თქენ, ორთავეს,
ოდესღაც წარსულში
რაც ჩაგიდენიათ;
აქ რა საჭიროა
მათი მოგონება!

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
26. ფრიგო, შენ იყუჩე!
ქალს ფორგიუნისას
გიცნობენ უზნეოდ:
ქმრად გყავს ვიდრირი,
ვესა და ვილისაც
ხვევნას სთავაზობდი.

ფ რ ი გ მ ა თ ქ ვ ა:
27. მე რომ ამ დარბაზში
მახლდეს ძე, ბადალი
ძისა მის ბალდრისა,
ნადიმს ასებისას
მასთან შეუბმელად
შენ ვერ დატოვებდი.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
28. ფრიგო, ჩანს, ლოკისგან
კვლავად გსურს ისმინო
სიტყვა კადნიერი:
ჩემ გამო არის, რომ
ბალდრს, ამხედრებულსა,
აწ ვეღარ იხილავ.

ფ რ ი გ მ ა თ ქ ვ ა:
29. ლოკი, შენ შეშლილხარ! -
შენს ავ საქმეებზე
საქვეყნოდ გაჰყვირი:
ფრიგმა უკეთესად
უწყის ყელას ბედი
თუმც ფარავს იდუმალ.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
30. ფრეია, იყუჩე!
შენც გიცნობ, ვინცა ხარ,
არც შენ ხარ უბიწო:
ასებსაც, ალფებსაც,
დარბაზში რომ სხედან,
შენ ვნებით ატკბობდი.

ფ რ ე ი ა მ თ ქ ვ ა:
31. ენა უწმაწური,
სიცრუის მროშავი,
ვფიქრობ, შენ დაღუპავს:
ღმერთნი განარისხნე,
ვინძლო, მხიარული
შინ ვერც შენ დაბრუნდე.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
32. ფრეია, იყუჩე!
ალქაჯო, უზნეო:
თავსა ლაფდასხმულო;
შენ ერთხელ ლოგინში
ეწექ ძმას საკუთარს
გნახეს და აკივლდი.

ნ ო რ დ მ ა თ ქ ვ ა:
33. ქალი რომ მამაკაცს
ლოგინში ჩაუწვეს,
ეგ არაფერია:
მაკვირვებს - მამრი ხარ,
მდედრივით შვილთ მშობი
და ჩვენს ლხინს სწვევიხარ.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
34. ნორდო, ხმა გაკმინდე!
მძევლად ხომ ღმერთებმა
მაშრიყს შენ წარგგზავნეს:
შენს პირში, ვით როფში,
გოლიათ ჰიმირის
ასულნი შარდავდნენ.

ნ ო რ დ მ ა თ ქ ვ ა:
35. არ ვნანობ, რომ მძევლად
ვიყავ წარგზავნილი,
აწ იგი მახარებს,
რომ ვაჟი გავზარდე -
ყველასთვის ძვირფასი,
ასებში - პირველი.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
36. ნორდო, ხმა გაკმინდე!
ტრაბახს დაეთხოვე!
გეტყვი, არ დავფარავ:
ღვიძლ დასთან კავშირით
ვაჟი შეგეძინა -
რა გაქვს საამაყო?!

თ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
37. ფრეირი ყველას სჯობს
ღმერთთა დარბაზებში
მხედრობით, გმირობით:
ქალწულთ არ აწბილებს,
ცოლთ არ შეურაცხყოფს,
ტყვეებს ააზატებს.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
38. თირო, ხმა გაკმინდე!
მოშუღლართ მომრიგედ
არ ვარგდი არასდროს:
ხელსა მას მარჯვენას
მე შენსას ვიგონებ,
მგელმა რომ მოგგლიჯა.

თ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
39. მე ხელი დავკარგე,
შენ კი - ჰროდვიტნირი,
ორნივ დავზარალდით;
მგლისთვისაც ძნელია -
იყოს მიჯაჭვული
ღმერთთა დაღუპბამდე.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
40. თირო, ხმა გაკმინდე!
შენს ცოლს ვაჟიშვილი
ჩემგან შეეძინა;
შენ კი ამ შერცხვენას
შენსას შეურიგდი,
სდუმხარ, გულლაჩარო.

ფ რ ე ი რ მ ა თ ქ ვ ა:
41. წყალთა შესათავთან
დარჩება ფენრირი
ღმერთთა დაღუპვამდე;
შენც მასთან შეგბოჭავთ,
თუ ხმას არ ჩაიწყვეტ,
შფოთის წამომწყებო!

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
42. ოქროთი იყიდე
გიმირის ასული,
შუბიც ზედ დაურთე;
რაღათი იომებ,
თუ შვილნი მუსპელის
შეიჭრნენ მირკვინდსა?

ბ ი გ ვ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
43. ინგუნარ - ფრეირის
მოდგმისა რომ ვიყო,
ამ ტახტის მფლობელი,
ფრთებს დაგილეწავდი,
დავგლეჯდი, დაგფლეთდი,
ყორანო ყრანტალავ.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
44. ეს ვინღა წკმუტუნებს
აქ კუდის ქიცინით
ძლიერთა წინაშე?
ფრეირს შენ ნასუფრალს
შესთხოვ და დღემუდამ
მონურად ჰმსახურებ.

ბ ი გ ვ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
45. სახელმდევს ბიგვირი,
სისწრაფით განთქმულვარ
ღმერთთა და კაცთ შორის;
დია, საამაყოდ
მიჩანს - ჰროფტის ძეთა
გვერდით ვზი ნადიმად.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
46. ბიგირო, იყუჩე!
არ ღირს ხარ - იყოფდე
ტრაპეზს ღირსეულთა;
შენ მალვე თივაში,
ძრომა მაგიდებქვეშ
გჩვევია ბრძოლის ჟამს.

ჰ ა ი მ დ ა ლ მ ა თ ქ ვ ა:
47. ლოკი, ჩანს, შეშლილხარ,
ჭკუაზე შემცდარხარ,
ლანძღვას რომ არ იშლი;
არ ძალუძს ალაგმვა
ენის საკუთარის
მას, ვინც სვამს უზომოდ.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
48. ჩუმად ჰაიმდალო!
შენ მძიმე წილხვედრი
გრგებია ოდითგან:
ქარსა და წვიმაში
დგომა ზურგსოველსა
ღმერთების გუშაგად.

ს კ ა დ ი მ თ ქ ვ ა:
49. ლოკი, მხიარულობ,
მაგრამ თვისუფლად
ბევრს ვერ იფარფაშებ:
შენ ღმერთნი შენივე
შვილის ნაწლაებით
კლდეზე მიგაკრავენ.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
50. თუ ღმერთნი ჩემივე
შვილის ნაწლავებით
კლდეზე მიმაკრავენ,
მე ვიყავ პირველი
და უკანასკნელი
თიასის მკვლელებში.

ს კ ა დ ი მ თ ქ ვ ა:
51. თიასის მკვლელებში
თუ იყავ პირველი
და უკანასკნელი,
გახსოვდეს, ჩემს სახლში
მუდამ იზრუნებენ
შენს დასაღუპავად.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
52. შენ მეთი ალერსით
იწვევდი ოდესღაც
ლოკის შენს ლოგინში:
ესეც გავიხსენოთ,
რახან ანგარიშის
ვიწყეთ გასწორება.


მაშინ წამოდგა წინ სიფი, ბროლის თასში დაუსხა თაფლი ლოკის და უთხრა:


53. ლოკი, გესალმები!
ნიშნად მშვიდობისა
მიიღე ეს თასი
და ღმერთთა ნადიმზე
სახელს ნუ გამიტეხ,
ლანძღვას ნუ მაკადრებ!

ლ ო კ ი მ მ ი ი ღ ო თ ა ს ი,
შ ე ს ვ ა დ ა თ ქ ვ ა:

54. ლანძღვას ასცდებოდი,
რომ დარჩენილიყავ
მუდამ ქმრის ერთგული;
მაგრამ ერთ ვინმეში
გასცვალე ჰლორიდი
და იყო ის ერთი
თვით ლოკი ცბიერი.

ბ ე ი ლ მ ა თ ქ ვ ა:
55. მთანი ირყევიან:
თორი შინ ბრუნდება
რისხვით და გრუხუნით;
დააცხრობს იგი მას,
ვინც ღმერთთა ძლიერთა
თათხავს აქ უგვანოდ.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
56. ბეილა, იყუჩე!
ბიგვირის ცოლი ხარ,
სიბილწის ჭურჭელი;
ჯერ შენზე მახინჯი,
მონა უწმინდური,
ღმერთებს არ უნახავთ.


ამ დროს (დარბაზში) შევიდა თორი და უთხრა (ლოკის):


57. ბილწო, ხმა გაკმინდე,
თორემ დაგადუმებს
შენ ჩემი მოლნირი!
მხრებიდან წაგაცლი
კლდეს შენი მხრებისას,
დავლეწ და დავანგრევ,
და მიგწევ აღსასრულს.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
58. ჰა, ძეი ორდისა
თორიც აქ მოსულა,
მლანძღავს, მემუქრება!
ეგრე გაბედული
მგელთან ვერ იქნები,
როს დაგლეჯს ფენრირი
ბრძოლების მამასა.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
59. ბილწო, ხმა გაკმინდე,
თორემ დაგადუმებს
შენ ჩემი მოლნირი!
შორს მაშრიყს
გაგტყორცნი,
დაგკარგავ თვალთაგან,
ვერვინ ვერ გიხილოს.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
60. მოეშვი მაშრიყსა,
შენმა ლაშქრობებმა
იქ ვერ გასახელეს -
შენ იქ ხელთათმანში
შიშით დაიმალე,
თავიც დაგავიწყდა.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
61. ბილწო, ხმა გაკმინდე,
თორემ დაგადუმებს
შენ ჩემი მოლნირი!
აღვმართავ მარჯვენას,
თავს დაგთხლეშ უროსა -
ჰრუნგნირის დამღუპველს.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
62. მჯერა, მე ვიცოცხლებ
დიდხანს და მუქარა
შენი არ მაშინებს;
მაგარი აღმოჩნდა
სკირმირის ღვედები,
ვერ მისწვდი საჭმელსა-
შიმშილით კვდებოდი.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
63. ბილწო, ხმა გაკმინდე,
თორემ დაგადუმებს
შენ ჩემი მოლნირი!
შთაგაგდებს ჰელსა ბნელს -
მკვდართა სამეფოსა -
ჰრუნგნირის მომსპობი.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
64. ღმერთთა და მათ მოდგმას
მე ჩემი სათქმელი
ვუთხარი ყოველი,
შენ კი გაგეცლები,
მეომარს მრისხანეს
დაგითმობ ასპარეზს.

65. ეგირო, ლუდს ხარშავ,
მაგრამ აწ ღმერთებთან
ვეღარ ინადიმო!
დე, ავლადიდება
ცეცხლში დაგეღუპოს,
სახმილმა ძლიერმა
ზურგი დაგიდაგოს.


ამის შემდეგ ლოკიმ ორაგულის სახე მიიღო და ფრანანგრის ჩანჩქერში დაიმალა. ასებმა იქ იგი შეიპყრეს და მისივე შვილის ნარის ნაწლავებით შებოჭეს; ხოლო მისი მეორე ვაჟი ნარფი მგლად იქცა. სკადიმ ლოკის თავს ზემოთ შხამიანი გველი დაჰკიდა ისე, რომ შხამი მას სახეზე ეცემოდა. სიგუნი, ცოლი ლოკისა, იჯდა იქ და თასში აგროვებდა წყვეთ-წვეთად ჩამონადენ შხამს. ხოლო როდესაც თასი ივსებოდა, და მას იგი გადასაღვრელად გამოჰქონდა, შხამი ლოკის შიშველ სხეულს ეწვეთებოდა. მაშინ იგი ისე მწარედ იკრუნჩხებოდა, რომ დედამიწა ძაგძაგს იწყებდა. ახლა ამას მიწისძვრა ეწოდება.

სიმღერა თრიმზე
(Thr ymskvidha)

1. ვინგ-თორს გაეღვიძა,
გააფთდა, ოდეს სცნა,
რომ ურო - მოლნირი
მისი დაკარგულა;
თმაი შეარხია,
წვერი შეიბერტყა,
იწყო ძემ ორდისამ
ძებნა მის მოლნირის.

2. და სიტყვა პირველი
თქვა ესევითარი:
"ლოკი, მომისმინე,
გამცნო, რაც ჯერ არავინ
არ უწყის არც ქვეყნად
არცა ცათაშინა,
რომ უარო - მოლნირი
ჩემი დაიკარგა".

3. ეახლნენ ფრეიას
სახლსა მას დიდებულს
და თორმა სიტყვანი
თქვა ესევითარნი:
"მათხოვებ, ფრეია,
ბუმბულის სამოსსა,
რომ შევძლო მიგნება,
მე ჩემი მოლნირის?"

ფ რ ე ი ა მ თ ქ ვ ა:

4. "გათხოვებ სამოსსა,
ოქროსიც რომ იყოს,
ვერცხლისაც რომ იყოს,
მაშინაც გათხოვებ".

5. ლოკი მყის გაფრინდა
ფრთა-ბოლოს შრიალით,
ასების სამკვიდრო
უკან მოიტოვა,
ოტუნთა მხარეში
მიფრინდა სასწრაფოდ.

6. თრიმი ჯდა ყორღანზე -
თურსების მთავარი,
ოქროს საყელოებს
უწნავდა ქოფაკებს
ცხენებს გულმოდგინედ
ფაფრებს უვარცხნიდა.

თ რ ი მ მ ა თ ქ ვ ა:
7. "თქვი, რა დაემართათ
ასებსა, ალფებსა?
მარქვი, ოტუნჰაიმს
მარტო რად მოსულხარ?"

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
8. "ავად აქვთ საქმენი,
ასებსა, ალფებსა!
ურო ჰლორიდისა
შენ ხომ არ დამალე?"

თ რ ი მ მ ა თ ქ ვ ა:
9. "დია, მე, დავმალე
ურო ჰლორიდისა,
რვასა ასპარეზსა
ღომად ჩავფალ მიწაში;
ვერვინ ვერ წაიღებს,
ვერვინ დაიბრუნებს,
თუ ღმერთნი ფრეიას
ცოლად არ შემართვენ".

10. ლოკი კლვავ უკანვე
ოტუნჰაიმიდან
ბუმბულის შრიალით
გაფრინდა უმალვე,
სასწრაფოდ ეახლა
ასების სამკივდროს.
თორა მას დარბაზის
კარებთან დაუხვდა
და სიტყვა პირველი
რქვა ესევითარი:

11. "მარქვი, თუ მიაგენ
მოლნირის წამღებსა,
მიამბე საჩქაროდ,
სანამ დაჯდებოდე!
ხდება, რომ ვინც ჯდება,
ამბის თქმას ივიწყებს,
ვინც წვება - იოლად
მოჰყვეა ტყუილებს.

ლ ო კ ი მ თ ქ ვ ა:
12. "დიაღაც, მივაგენ
მოლნირის წამღებსა,
თრიმს მოუტაცია -
თურსების კონუნგსა;
ვერვინ ვერ იპოვის,
ვერვინ დაიბრუნებს,
თუ ღმერთნი მას ცოლად
ფრეიას არ შერთვენ".

13. ორნივე ესტუმრნენ
მშვენიერ ფრეიას
და თორმას სიტყვანი
თქვა ესევითარნი:
"ფრეია, მოირთე
მალე საქორწილოდ!
ორნივ ოტუნჰაიმს
უნდა გავემგზავროთ".

14. განრისხდა ფრეია,
ისე დაიფრთხვინა -
ასების დარბაზთა
შეირყა კედლები,
კისრიდან ჩამოწყდა
ბრისინგთა ამბარცა.
"უზნეო ქალისა
სახელს შემარქმევენ,
ერთად ოტუნჰაიმს
თუ გავემგზავრებით!"

15. თინგზე თავყრილობა
გამართეს ასებმა,
ბჭობდნენ შეიკრიბნენ
ღმერთნი და ღმერთქალნი,
ბჭობდნენ და მსჯელობდნენ
მსაჯულნი ძლიერნი -
ვითარ დაიბრუნონ
ურო ჰლორიდისა.

16. და თქვა ჰაიმდალმა,
მან ღმერთმა ნათელმა -
ის, მსგავსად ვანების,
ჭვრეტდა ბედისწერას:
"თორი საქორწილო
სამოსით შევმოსოთ!
ბრისინგთან ამბარჩა
შევაბათ ყელზედა.

17. ქამარზე დავკიდოთ
ჟღარუნა კლიტენი,
კოჭამდე სწვდებოდეს
სამოსი დიაცის;
გულ-მკერდი ძვირფასი
თვლებით დავუმშვენოთ,
სახე დიდებული
საბურვლით შევუმკოთ!"

18. თორმა თქვა, მამაცმა
და შემმართებელმა:
"ღმერთნი მდედრის სახელს
დია, შემაქრმევენ,
პატარძლის სამოსით
მორთულს თუ მნახავენ!"

19. ძემ ლაუფეისამ
ლოკიმ თქვა პასუხად:
"თორო, უთავბოლოდ
რად ხარჯავ სიტყვესა!
თურსები უმალვე
ასგარდს დაიპყრობენ,
თუ ურო - მოლნირი
შენ ვერ დაიბრუნე".

20. თორი საქორწინო
სამოსით შემოსეს,
ბრისინგთან ამბარჩა
შეაბეს ყელზედა,
ქამარზე დაჰკიდეს
ჟღარუნა კლიტენი,
კოჭამდე სწვდებოდა
სამოსი დიაცის,
გულ-მკერდი ძვირფასი
თვლებით დაუმშვენეს,
თავი დიდებული
საბურვლით შეუმკეს.

21. ძემ ლაუფეისამ
ლიკიმ თქვა: "ვიქნები
მე შენი მოახლე,
სათნო და კეთილი,
ერთად გავემგზავროთ
ოტუნთა მხარეში!"

22. მინდვრიდან მორეკეს
მათ თხები უმალვე,
შეაბეს სასწრაფოდ,
შესხდნენ და გაქანდნენ.
ხმელეთი იწვოდა,
მთანი ინგრეოდნენ -
თორი ოტუნჰაიმს
მიჰქროდა გულდაგულ.

23. თრიმმა თქვა - ოტუნთა
კონუნგმა ძლიერმა:
"ოტუნნო, საჩქაროდ
სუფრა გამიშალეთ!
აქ ნოატუნიდან
მოჰყავთ ჩემს საცოლედ
ლამაზი ფრეია -
ასული ნორდისა.

24. ძროხები დადიან
აქ ოქროსრქიანნი,
თურსს ცოტა როდი ჰყას
გიშერა ხარებიც;
ვფლობ მდიდარ საუნჯეს,
ამბარჩებს ძვირფასსა,
არა ვფლობ მარტოდენ
მშვენიერ ფრეიას".

25. საღამოს მოვიდნენ
სტუმარნი ადრიან,
ოტუნთა სუფრაზე
გაჩაღდა ლუდის სმა.
თორმა მყის შესანსლა
ხარი და რვა ღლავი,
ქალთათვის ნამზადი
შთანთქა ტკბილეული,
ზედაც სამი კასრი
თაფლი დააყოლა.

26. თრიმმა თქვა - ოტუნთა
კონუნგმა ძლიერმა;
"სად თქმულან ასულნი
უძღებნი უმეტეს?
ვინ ნახა საცოლე
ასეთი მჭამელი,
ქალწული მყლაპავი
ამდენი თაფლისა!"

27. გვერდს ეჯა მოახლე,
ქალი გონიერი,
ოტუნს მან პასუხი
მიუგო ასეთი:
"რვა ღამეს ფრეია
არ ჭამდა არაფერს,
თურსებთან შეხვედრას
ისე ესწრაფოდა".

28. აზიდა საბურველს,
სურდა ეამბორნა,
შეკრთა და უმალვე
უკან დაიხია:
"ასე რად ელავენ
ფრეიას თვალები? -
ალი მოგიზგიზებს
მათგან აღგზნებული!"

29. გვერდს ეჯდა მოახლე
ქალი გონიერი,
ოტუნს მან პასუხი
მიუგო ასეთი:
"რვა ღამე ფრეიას
არა სძინებია,
თურსებთან შეხვედრას
ისე ესწრაფოდა".

30. დარბაზს შემოვიდა
თრიმის დაი, მოხუცი,
თხოვნა საჩუქრების
უწყო საპატარძლოს:
"მომეცი წითელი
ბეჭდები ოქროსი,
ჩემთან მეგობრობას,
თბილ სიტყვას თუ ეძებ -
სიყვარულს მულისას,
ალერსს და სიკეთეს".

31. თრიმმა თქვა - ოტუნთა
კონუნგმა ძლიერმა:
"ურო დამალული
ჩქარა მომიტანეთ!
მოლნირი პატარძლის
მუხლებზე დადევით!
ვარმა განამტკიცოს
ჩვენი შეუღლება".

32. ჰლორიდიმ უმალვე
გულში ჩაიცინა,
როს თვისი მოლნირი
იხილა ანაზდად;
თრიმი, თურსებიდან,
დასცა ძირს პირელი,
სრულად ამოწყვითა
მოდგმა გოლიათთა.

33. მოკლა მან ბებერი,
დაი ოტუნისა,
პატარძალს რომ სთხოვდა
საჩუქრებს ძვირფასსა;
სიკვდილი მიაგო
საჩუქრის სანაცვლოდ,
ბეჭდების მაგიერ
ურო უთავაზა.
და თორმა მოლნირი
ასე დაიბრუნა.

სიტყვა ალვისისა
(Alvismal )

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
1. სკამებს ალაგებენ
დრო არის პატარძლის
შინ გამგზავრებისა;
უწყიან - ნიშნობას
როგორ ვაჩქარებდი!
აწ წასვლას ვიჩქარი.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
2. მარქვი, ვინ მოსულხარ?
რად გაფითრებულხარ?
მკვდრებთან თუ გეძინა?
შენ ჩემი ასულის
საქმროდ არ ივარგებ -
თურსს ჰგავხარ იერით!

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
3. სახელმდევს ალვისი,
ქვესკნელში ვბინადრობ,
ქვებქეშ მაქვს დარბაზი;
ვწევივარ მეეტლეს,
დათქმული პირობის
ჯერ არს აღსრულება.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
4. დათქმულსა პირობას
შენ ვერ აღასრულებ -
მამა ჰყავს საცოლეს.
მიცემა პირობის
მე ძალმიძს - ერთადერთს,
ვითარცა მამასა.

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
5. ვინა ხარ, რაინდო,
საცოლის წართმევას
აქ რომ მემუქრები?
რას ყბედობ, დაღლარავ?
ემანდ ვინა გდიხარ,
ვინა გყას მშობელი?

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
6. სახელმდევს ვინგ-თორი,
შორიდან მოვსულვარ,
ვაჟი ვარ სიდგრანის.
აწ ჩემსა თანხმობას
ამაოდ ნუ ელი,
არ მოგცემ ასულსა.

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
7. მინდა რომ მივიღო
მე შენგან თანხმობა
მხიარულ ქორიწილის;
მივსწვდე მას საწადელს -
რძისფერსა ქალწულსა, -
ან არ მსურს სიცოცხლე,

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
8. მიიღებ თანხმობას,
შეგრთავ ჩემს ასულსა,
შენ, ბრძენო სტუმარო,
თუ ჩემს შეკითხვებზე
ქვეყნების შესახებ
მაცნობებ, რაიც მსურს.

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
9. ძალგიძს გამომცადო,
ვინგ-თორო, თუ გწადის
გამოცდა ცოდნისა!
ერთობ ცხრა ქვეყანა
სრულად მომივლია,
ვუწყი ყოველივე.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
10. თქვი, ალვის, ო, ჯუჯავ, -
ვფიქრობ, კაცთ სიბრძნისა
ხარ მცოდნე უბადლო -
სახელსა მიწისას
სხვადასხვა მხარეში,
სად, როგორ იტყვიან?

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
11. კაცები - მიწადა,
ასები - მინდვრადა,
ვანნი - გზად უხმობენ,
ოტუნნი - მწვანედა,
ალფნი - დამბადებლად,
თიხად - უმაღლესნი.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
12. ალვისო, მითხარი, -
მწამს, კაცთა სიბრძნისა
ხარ მცოდნე უბადლო -
სახელსა, ცისასა
სხვადასხვა მხარეში,
სად, როგორ უხმობენ?

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
13. კაცნი ცად უხმობენ,
ღმერთები - ცის თაღად,
ვანნი - ქართ მქსოველად,
ოტუნნი - ზეცადა,
ალფნი - სახურავად,
სველ სახლად - ჯუჯები.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
14. ალვისო, მითხარი, -
მწამს, კაცთა სიბრძნისა
ხარ მცოდნე უბადლო -
რა ჰქვია მთვარესა,
მოკვდავნი რომ სჭვრეტენ,
სხვადასხვა მხრეში?

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
15. კაცთათვის მთვარეა, -
ბადროა ღმერთთათვის,
ჰელს - მსრბოლი ბორბალი,
ჯუჯებთან - სინათლე,
თურსებთან - ყარიობი,
ალფებთან - ჟამთმზობი.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
16. ალვისო, მითხარი, -
მწამს, კაცთა სიბრძნისა
ხარ მცოდნე უბადლო -
რა ჰქვია ნათელ მზეს,
მოკვდავნი რომ ჭვრეტენ
სხვადასხვა მხრეში?
ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
17. კაცნი მზედ უხმობენ
ღმერთები - მნათობად,
ჯუჯები დვალინის
მეგობრად იტყვიან,
ალფინი - ოქროს სალტედ,
თურსნი - მოგიზგიზედ,
ასნი - უნათლესად.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
18. ალვისო, მითხარი, -
მწამს, კაცთა სიბრძნისა
ხარ მცოდნე უბადლო -
სახელს ღრუბელისას
სხვასასხვა მხრეში,
სად, როგორ იტყვიან.

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
19. კაცები - ღრუბლადა,
ღმერთნი - წვიმის სასოდ,
ვანნი - ქართ სარბევლად,
თურსნი - ტენიანად,
ჰელს - ჩაჩქნად უჩინრად.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
20. ალვისო, მითხარი, -
მწამს, კაცთა სიბრძნისა
ხარ მცოდნე უბადლო -
ქარსა მას შორმსბოლსა
სხვადასხვა მხარში
ვითარ სხელდებენ?

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
21. კაცთათვის - ქარია,
ღმერთათვის - მქროლავი,
ასთათვის - ჭიხვინა,
თურსთათვის - ზმუილა,
ალფთათვის - ხმაურა,
ჰელსა ბნელსა - მძვინვარე.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
22. ალვისო, მითხარი, -
მწამს, კაცთა სიბრძნისა
ხარ მცოდნე უბადლო -
ჰაერს მას უძრავსა
სხვადასხვა მხარეში
ვითარ სახელდებენ?

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
23. კაცები - სიწყნარედ,
ღმერთნი - მყუდროებად,
ვანნი - უქარობად,
ოტუნნი - ხვატადა,
ალფნი - დღის სიჩუმედ,
ჯუჯები - დუმილად.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
24. ალვისო, მითხარი, -
მწამს, კაცთა სიბრძნისა
ხარ მცოდნე უბადლო -
ზღვასა - ნავთა სარბიელს -
სხვადასხვა მხარეში
ვითარ სახელდებენ?

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
25. კაცნი ზღვად უხმობენ,
ღმერთები - წყლებადა,
ვანები - ტალღებად,
ალფები - სისველედ,
თურსნი - თევზთ სავანედ,
ჯუჯები - სიღრმედა.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
26. ალვისო, მითხარი, -
მწამს, კაცთა სიბრძნისა
ხარ მცოდნე უბადლო, -
ცეცხლსა მოგიზგიზეს
სხვადასხვა მხარეში
ვითარ სახელდებენ?

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
27. კაცები - ცეცხლად,
ასები - ალმურად,
ვანები - მხურვალედ,
თურსები - შთანთქმად,
ჯუჯები - მცხუნვარედ,
ჰელსა ბნელს - სწრაფმსრბოლად.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
28. ალვისო, მითხარი, -
მწამს, კაცთა სიბრძნისა
ხარ მცოდნე უბადლო, -
ტყეს, მზარდსა, დაბურულს,
სხვადასხვა მხარეში
ვითარ სახელდებენ?

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
29. კაცნი ტყედ უხმობენ,
ღმერთნი - ველთ ფაფარად.
ჰელს - მთათა ნაზარდად.
თურსები - შეშად,
ალფები - რტოხშირად,
ვანები - წკნელებად.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
30. ალვისო, მითხარი, -
მწამს, კაცთა სიბრძნისა
ხარ მცოდნე უბადლო, -
რა ჰქვია ღამესა,
ასულსა ნორისას,
სხვადასხვა მხარეში?

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
31. კაცებთან - ღამე და
ღმერთებთან - ბურუსი,
ასებთან - სიბნელე,
თურსებთან - უსხივო.
ალფებთან - ძილის მწე.
ჯუჯებთან ოცნების
ქალღმერთად იტყვიან.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
32. ალვისო, მითხარი, -
მწამს, კაცთა სიბრძნისა
ხარ მცოდნე უბადლო, -
რა ჰქვია ყანასა,
სხვადასხვა მხარეში
სად, როგორ უხმობენ?

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
33. კაცები - ყანადა,
ღმერთები - მარცვლოვნად,
ვანები - ჯეჯილად,
ოტუნნი - ხორბალად,
ალფები - ალაოდ,
ჰელს ლელად უხმობენ.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
34.ალვისო, მითხარი, -
მწამს, კაცთა სიბრძნისა
ხარ მცოდნე უბადლო, -
ლუდსა მას სასმელსა
სხვადასხვა მხარეში
სად, როგორ უხმობენ?

ა ლ ვ ი ს მ ა თ ქ ვ ა:
35. კაცები - ლუდადა,
ასები - თაფლუჭად,
ვანნი - მათრობელად,
ჰელსა - თაფლად უხმობენ:
თურსნი - წმინდა სითხედ,
ძენი სუთუნგისა
სასმელად იტყვიან.

თ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
36. ცოდნა ამოდენა,
ერთად თავმოყრილი,
მე ჯერ არ მსმენია!
მაგრამ მოხერხებით,
ჯუჯავ, მე გაჯობე:
გათენდა, მზის სხივმა
მოგისწრო დარბაზში!

სიმღერა სვიპდაგრზე
(Svipdagrmâl)

გროას გაღვიძება
(Gróagâldr )

I
ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
1. გროავ, გაიღვიძე,
კეთილო დედაო!
სულეთის კარებთან
ვდგავარ და გეძახი!
გახსოვს დანაბარი?! -
ჟამსა განსაცდლისა
შენთან მოვსულიყავ,
შენსა სამარესთან.

გ რ ო ა მ თ ქ ვ ა:
2. რა გაგჭირვებია,
შვილო ერთადერთო?
რა ტანჯვა შეგემთხვა,
რა დარდი, ნაღველი?
რად უხმობ დედასა
გულს მიწადაყრილსა,
ვინც ცოცხლებს განშორდა,
დატოვა სოფელი?

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
3. ავსა, გულბოროტსა,
ღჯუ დედინაცვალსა,
სურს ჩემი დაღუპა -
გაგზავნა შორეთსა,
სად ცოცხალს ჯერ არვის
ფეხი არ დაუდგამს:
საცოლის ჩემისა
გზათა საძებნელად.

გ რ ო ა მ თ ქ ვ ა:
4. ძნელია შენი გზა,
შორი და საშიში,
გარნა სიყვარული
დასძლევს ყოველივეს;
სიმხნე-სიმამაცით
საწადელს მიაღწევ,
თუ ბედი მწერელი
მოგაგებს წყალობას.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
5. გრძნებითა შენითა,
კეთილო დედაო,
გზასა ძნელსავალსა
შვილი დაიფარე,
დაღუპვა აშორე,
ხიფათს განარიდე,
ჯერ ახალგაზრდაა
და გამოუცდელი.

გ რ ო ა მ თ ქ ვ ა:
6. ისმენდე გრძნეულსა
სიმღერას პირველსა,
რანმა რომ ისმინა
რინდისგან ოდესღაც:
მხრებიდან გარდიგდე
ტვირთი მწუხარების,
საკუთარ თავისა
თვით იქმენ მეშველად,

7. სიმღერას მეორეს
გიმღერი გრძნებიდა,
ძნელსავ გზებზედა
ყარიბთა მფარველსა:
ურდმა შემოგავლოს
მტკიცე გალავანი,
სადაც რომ შეჩერე,
რა გზითაც იარო.

8. გიმღერი მესამეს -
მძვინვარე ნაკადთა
ავსა მრისხანებას
იგი აგარიდებს:
დაღმა დაექანონ,
ჰელსა ბნელს შთაინთქან,
დაცხრნენ და დაოკდნენ
ტალღები მძვინვარე.

9. ისმენდე მეოთხეს -
ოდეს გულმამაცსა
გზად მტერი შემოგხვდეს
და გავიწროებდეს,
დადრეკს, დაძაბუნდეს,
ვერა დაგაკლოს-რა,
მოყვრად გარდაგექმნას,
კეთილის მსურველად.

10. სიმღერას მეხუთეს
გიმღერ დაიხსომე -
გიხსნას ტყვეობიდან,
ოდეს გაგიჭირდეს:
გრძნებით დაღს დავასვამ
აწ შენთა სხეულთა,
შევკრავ, შევულოცავ,
რომ მყისვე მოგეხსნას
ხელთაგან, ფეხთაგან
ხელხუნდი, ბორკილი.

11. ისმენდე მეექვსეს -
ოდეს ზღვაგადასულსა
რისხვად თავს დაგატყდეს
გრიგალი მძვინვარე,
ქარნი და ტალღები
დაცხრნენ, დაგმორჩილდნენ,
ნაპირს დაუბრუნდე
საღი, უვნებელი.

12. ისმენდე მეშვიდეს -
მთებში მგზავრობისას
ყინვამ და ავდარმა
ვერ დაგაზიანოს:
სუსხი და სიცივე
შენს ტანს ვერ შეეხოს,
ყინვამ ვერ შებოჭოს,
ვერ შეჰკრას სხეული.

13. მერვეს შეგილოცავ -
მგზავრობა ღამისა
გზებსა და ძნელსავალსა
გექმნას უვნებელი,
დიაცმა ბოროტმა
ბნელი სამარიდან
ვნება ვერ მოგაგოს.
დადრკეს, დაძაბუნდეს.

14. მეცხრეს შეგილოცავ -
სიბრძნით და ცოდნითა
ოტუნს გაეჯიბრო.
მარჯვედ ეპაექრო:
შენს აზრს, შენს გონებას,
ბაგეს მჭერმეტყველსა
სიტყვას ეშხიანსა
ძალა შეემატოს.

15. წადი აწ მშვიდობით,
შვილო, ნუ გეშინის,
ძალა სიყვარულის
გმატებდეს მხნეობას!
გრძნებით დაგიმღერე,
გზები დაგილოცე,
ქვაზედ საფლავისა
ვიდექ შემლოცველი.

16. სიტყვანი დედისა
გულში დაიმარხე.
გექმნან სასიკეთოდ,
მუდამ თან ატარე;
ცხოვრების გზებზედა
მარად დაგიფარავს
გრძნება ჩემმიერი,
წმინდა სახსოვარი.


II

სიმღერა ფიოლსვიდრზე
(Fiölsinsmâl)


1. ბორცვზე შეუპოვრად
ოტუნის სასახლეს
უცნობი ჭაბუკი
უახლოვდებოდა.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
ვინ არის ეს გონჯი,
ეზოს რომ დარაჯობს,
ცეცხლის გალავანით
გარშემოვლებულსა?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
2. ვინა ხარ? ვის ეძებ?
ან რა დაგკარგვია?
აქ რისთვის მოსულხარ?
მითხარი, თავხედო!
უკანვე გაბრუნდი
ნესტიან გზებითა! -
უწვევებს, უცნობებს
აქ მტრულად ხვდებიან.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
3. ვინ დგას ეს გონჯი
აქ ეზოს დარაჯად,
ლანძღვით და გინებით
რომ ამკობს სტუმარსა?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
4. აქ კეთილ მიღებას
ამაოდ ნუ ელი,
გიჯობს შინისაკენ
გაბრუნდე უმალვე.
სახელმდევს ფიოლსვიდრი,
განთქმულვარ ჭკუითა,
გარნა მასპინძლობა
არა მწამს გულუხვი.
დაუპატიჟებელ
სტუმარს არ ვღებულობ,
წადი, გამეცალე,
გასწი ჯანდაბისკენ!

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
5. ვინაც ეს სასახლე
იხილა ძვრიფასი,
საკუთარ სურვილით
მას ვეღარ გასცილდეს.
აქ ოქროს დარბაზთა
ელავენ სვეტები,
აქა მსურს დავრჩე და
ვპოვო მოსვენება.

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
6. ჭაბუკო, მითხარი,
ვინა გყავს მშობლები?
ვისი მოდგმისა ხარ
და ვისი ჯილაგის?

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
7. სახელმდევს ვინდკალდი,
ვაჟი ვარ ვალკალდის,
ფოლკალდი - სახელი
პაპისა ჩემისა.
ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვებზე -
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
ვისია ეს მხარე
და ეს სასახლენი,
ამა საუნჯეთა
ვინ არის მფლობელი?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
8. მენგლოდს სახელდებენ
ქალწულს მას მშვენიერს,
ძისაგან სვაფრთორნის
შვა იგი დედამა.
მისია ეს მხარე
და ეს სასახლენი,
ამა სუნჯის
ის არის მფლობელი.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
9. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე.
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
რა ჰქვია ამ ჭიშკარს? -
ღმერთთა საუფლოში
მსგავსი რამ კაცთაგან
ჯერ არივს უნახავს.

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
10. თრიმგოლს უწოდებენ;
სამთა მათ ჯუჯათა,
ის უშენებიათ.
შეკრავენ, შებოჭენ,
ვინც ანჯამებიდან
მოხსნა-ჩამოღებას
მისას შეეცდება.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
11. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
რა ჰქვია ამ კედელს?
ღმერთთა საუფლოში
მსგავსი რამ კაცთაგან
ჯერ არვის უნახავს.

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
12. ჰქვია გასტოპნირი,
იგი ლებრიმირის
მაგარ სხეულისგან
მე თვით ავაშენე;
დგას მკვიდრად ნაგები
და კვლავ იდგომება,
სანამ კაცთა მოდგმა
იცოცხლებს ამქვეყნად.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
13. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
რა ჰქვიათ ქოფაკებს,
სასახლის მახლობლად
ხახადაფჩენილნი
რომ ღრენენ ჭიშკართან?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
14. ავთა მათ ქოფაკთა
სახელებს თუ მკითხავ,
ერთს - გიფრსა, მეორეს
გერის უწოდებენ,
ავნი და ძლიერნი
სასახლეს იცავენ,
ხამს ედგნენ დარაჯად
ღმერთთა დაუპვამდე.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
15. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
ვაჟკაცს გულმამაცსა
თუ ძალუძს იდუმალ
დარბაზს შეიპაროს,
როს სძინავს ქოფაკებს?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
16. ოდენ რიგ-რიგობით
სძინავთ მათ ქოფაკთა
ოდითგან, რაც კარებს
უდგანან დარაჯად:
ერთსა ღამღამობით,
მეორეს დღისითა,
დარბაზში შეპარვა
არ ძალუძს არავის.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
17. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
საკვებ-სატყუვრითა
თუ არის შესაძლო
ცთუნება ქოფაკთა
და დარბაზს შეპარვა.

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
18. დია, არს შესაძლო,
თუ ვიდოფნირისა
შემწვარ ხორცს, ორ ნაჭერს,
მიუგდებ ქოფაკთა:
მაშინ შეიძლება
შეპარვა კარებში,
როს ლუკმას გერმიელს
მსწრაფლ მისცვივდებიან.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
19. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
ხესა მას რტოგაშლილს
ვითარ სახელდებენ,
ვრცელსა, თვალუწვდენელს,
რომ ფარავს ქვეყანას?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
20. სახელდევს მიმამედრ,
კაცთა არ უწყიან
ფესვნი, რომლებზედაც
ხე იგი იზრდება.
არც ცეცხლსა, არც მახვილს
არ ძალუძს ხისა მის
მოსპობა, გახმობა
და განადგურება.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
21. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
რა მოსპობს ხესა მას,
თუკი არც მახვილსა,
არც ცეცხლსა არ ძალუძს
ხისა მის დაღუპვა?

. . . . . . . . . . . . . . . . .

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
22. ნაყოფი ხისა მის
ცეცხლს ჩადონ მგზნებარეს,
როს მშობიარობა
მისჭირდეთ დიაცთა;
გვამშიგან შთენილი
გამოსვლად ილტვოდეს -
არს ხე სიცოცხლისა
სასწაულთმოქმედი.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
23. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
რა ჰქვია მამალსა,
ოქროსფრად ელვარს,
მჯდომსა მის მაღალსა
ხისა კენწეროზე?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
24. ვიდოფნირ სახელდევს
მამალს ოქროსფთიანს,
მაღალ მიმამედრის
რტოთა ბინადარსა;
ბევრი საზრუნავი
საქმე გაუჩინა
მამალმან ოქროსმან
სურთსა და სინმარას.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
25. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
სადმე იარაღი
თუ არის ისეთი,
რომელიც ჰელსა ბნელს
გაგზავნის ვიდოფნირს?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
26. უხმობენ მახვილსა
მას ჰევატაინად,
ლოპტრისგან ნაჭედსა
მკვდართა საუფლოში;
ის რკინის ზანდუკში
ჩაკეტა სინმარამ,
ცხრა კლიტე დაადო,
ძნელად გასაღები.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
27. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
ძალუძსა ცოცხალი
დაბრუნდეს უკანვე,
მას, ვინც იმ მახვილის
ხელთგდებას ეცდება?


ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
28. დია, კვლავ ცოცხალი
ძალუძს, უკუიქცეს
ის, ვინც იმ მახვილის
ხელთგდებას ეცდება -
თუ იგი საჩუქარს,
ხვედრსა მას მცირედთა,
ბეჭდებს ოქროისას
ქალღმერთს მიუბოძებს.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
29. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
სადმე თუ არსებობს
განძი რამ ძვრიფასი -
იმ შუბის სანაცვლოდ
მიიღოს სინმარამ?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
30. ნამგალი ოქროსი -
ფრთა ვიდოფნირისა -
ძვირფას განძეულად
მიართვა სინმარის;
გოლიათ ქალისგან
საჩუქრის სანაცვლოდ
მიიღებ მახვილსა,
ფხიანს, სისხლიანსა.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
31. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
ამ ნათელ დარბაზსა
ვითარ სახელდებენ,
ცეცხლით ჯადოსნურით
გარშემოვლებულსა?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
32. ლირად სახელდებენ
სასახლეს ნათელსა,
ტრიალებს დღედაღამ,
ვით შუბის წვერზედა.
ოდენ ყურმოკრულად
სმენიათ მოკვდავთა
დიდთა მათ დარბაზთა
განცხრომა, სიმდიდრე.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
33. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
ვინ მორთო ეს ეზო,
ვინ მოავარაყა -
ელვარე, ვითარცა
მზე-პაპანაქება?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
34. უნიმ და ირიმ,
ბარიმ და ორიმ,
ვარმა, ვეგდრაზილმა,
დორიმ და ურიმ,
დელინგრმა, ატვარდმა,
ლოკიმ და ლოდსკალფმა
მორთეს ეს მიდამო
და მოავარაყეს.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
35. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
რა ჰქვია ამ მთასა,
სადაც საპატარძლოს
ვხედავ მე საოცარს
ასულს მშვენიერსა?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
36. ლიფაბერგ სახელდევს
მთასა მას საკვირველს,
ის კურნას სნეულთა,
აშუშებს ჭრილობებს.
მყის განიკურნება
ყოველთა სენთაგან,
ვინც იმ მთას აჰყვება,
და მწვერვალს მიაღწევს.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
37. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
რა ჰქვიათ ქალწულთა,
რიგად რომ დამსხდარან
მენგლოდ ქალბატონის
ფერხთა სიახლოვეს?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
38. ერთს ჰქვია ჰლიფი,
ჰლიფთურსა - მეორეს,
მესამეს - დიტვართა,
შემდგომს - აურბოდა,
ფრიდი და ბორთი,
ეირ და ბლიდრი -
აჰა მათ ქალწულთა
სახელნი ესე.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
39. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
ქალწულნი იგინი
ყველას თუ სწყალობენ -
ზვარაკთა მიმტანსა,
მსხვერპლთა შემწირველსა?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
40. ქალწულნი იგინი
სწყალობენ ყოველსა -
ზვარაკთა მიმტანსა,
მსხვერპლთა შემწირველსა;
ჰკურნავენ სნელთა,
უძლურთ, დავრდომილთა,
ჟამსა ავბედობის
შველიან მამაცტა.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
41. ფიოლსვიდრო, პასუხი
მომაგე კითხვაზე,
მინდა აწ სიმართლით
ვუწყოდე ყოველი:
კაცთაგან ვის ძალუძს -
მოკვდავს ბედნიერსა
მენგლოდის მკლავებზე
ძილი და განცხრომა?

ფ ი ო ლ ს ვ ი დ რ მ ა თ ქ ვ ა:
42. კაცთაგან არასდროს
არ ძალუძს არავის
მენგლოდის მკლავებზე
ძილი და განცხრომა,
კიდეგან სვიპდაგრის,
მზეებრ მბრწყინავისა,
ვინც საქმროდ მენგლოდის
დათქმულა ოდითგან.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
43. გააღე კარები,
გახსენ ალაყაფი,
ვინძლო შენს წინაშე
იხილოს სვიპდაგრი;
იჩქარე მენგლოდთან,
ჰკითხე მშვენიერსა -
სვიპდაგრის ცოლობის
თუ არის მსურველი.

ფიოლსვიდრი შევიდა მენგლოდთან და თქვა:

44. მენგლოდ, მომისმინე!
მოვიდა ჭაბუკი,
გამო, მიეგებე
სტუმარს სასურველსა.
ძაღლნი არ უღრენენ,
კარნი თვით განიხვნენ,
საფიქრებელია,
სვიპდაგრი გვესტუმრა.

მ ე ნ გ ლ ო დ მ ა თ ქ ვ ა:
45. მაღალსა როკზედა
თოკით დაკიდებულს,
ყორნებმა თვალები,
დაე, ამოგთხარონ,
თუ სცრუობ, რომ ჩემთან
დიდად სასურველი,
დიდი ხნის ნანატრი
მოვიდა სტუმარი.


მენგრლოდი გამოვიდა სვიპდაგრთან და თქვა:


46. მარქვი, სით მოსულხარ?
სად იყავ აქამდე?
სახელი რა გქვია?
მითხარი სიმართლე!
ვისი მოდგმისა ხარ,
ვისი გვარ-ტომისა?
გიცნო ჭეშმარიტად,
თუ ჩემი საქმრო ხარ.

ს ვ ი პ დ ა გ რ მ ა თ ქ ვ ა:
47. სახელმდევს სვიპდაგრი,
ძე ვარ სოლბიარტრის,
შორი გზით მოვედი.
გზად მარტომ ვიარე.
განაჩენს ურდისას
ეურჩის ვერავინ -
აღსრულდეს, ბედისგან
რაც არის დათქმული.

მ ე ნ გ ლ ო დ მ ა თ ქ ვ ა:
48. სალამი, ჭაბუკო,
დარბაზს შემობრძანდი,
მიიღე საცოლის
კოცნა სასურველი;
სატრფოსთან შეყრის ჟამს
ზეიმბოს ყოველი,
ვისაც ტრფიალების
ცეცხლის სწვავს ძლიერი.

49. აქ დიდხანს ვიჯექი,
ამ მაღალ მწვერლვაზე,
დარდით დასეტყვილი,
შენი მომლოდინე.
სურვილი აღსრულდა,
სევდა განიფანტა -
შენ ჩემთან მოხვედი,
ტკბილო მეგობარო.

50. ოდითგან მე შენი
მწვავდა სიყვარული,
შენც ჩემი სურვილი,
გტანჯავდა ძლიერი.
გათავდა ლოდინი.
აღსრულდა დათქმული,
აწ ერთად ვიქნებით
მარად ბედნიერნი.

II. სიმღერა გმირებზე

სიმღერა ვოლუნდზე

(Völundarkvidha)

მეფე ნიდუდი ცხოვრობდა სვიტოდში. მას ჰყავდა ორი ვაჟი და ერთი ქალი სახელად ბოდვილდი.
ცხოვრობდნენ სამნი ძმანი, ძენი ფინების მეფისა. ერთს ერქვა სლაგფიდი, მეორეს - ეგილი, მესამეს - ვოლუნდი. თხილამურებით დადიოდნენ სანადიროდ. მივიდნენ ულფდალირში* და აიშენეს სახლი. იქ არის ტბა, რომელსაც ულფზიარი** ეწოდება. ერთხელ, დილით ადრე, ძმებმა ტბის ნაპირას იხილეს სამი ქალი, რომლეიც სელს ართავდნენ. იქვე, მათ მახლობლად, გედისბუმბულიანი მათი ტანსაცმელი ეწყო. ეს ქალები ვალკირები იყვნენ. ორი მათგანი - ასული მეფე ჰლოდვერისა: ჰლადგურდი, გედივით თეთრი და ჰაროვანი, ყოვლისმცოდნე, ხოლო მესამე - ოლრუნი - ასული კაირ ვალანდელისა. ძმებმა ისინი შინ წაიყვანეს. ეგილმა ცოლად შეირთო ოლრუნი, სლაგფიდმა - სვანფიტი ***, ვოლუნდმა - ალფიტი ****. შვიდი ზამთარი გაატარეს მათ ერთად. შემდეგ კი ვალკირიები საომრად გაფრინდნე და უკან აღარ დაბრუნებულან. მაშინ ეგილი გაემართა ოლრუნის საძებრად, სლაგფიდი - სვანფიტისა, ხოლო ვლუნდი ულფდალირში დარჩა. იგი იყო უგონიერესი მამაკაცთა შორის, რომელთა შესახებაც ძველი თქმულებებიდან გვსმენია. მეფე ნიდულმა ბრძანა შეეპყროთ იგი, როგორც ამის შესახებ აქ არის მოთხრობილი:


1. ქალნი სამხრეთიდან -
მხნე ვალკირიები -
ტყე-ტყე მოფრინავდნენ,
ომის მაძებარნი;
გზაში შეისვენეს,
დასხდნენ ტბის ნაპირას,
სამთა მათ ქალწულთა
იწყეს რთვა სელისა.

2. ქალწულმა პირველმა -
ოლრუნ მშვენიერმა -
ეგილს შემოხვია
ბეჭებზე მკლავები;
სვანფიტად უხმობდნენ
დასა მას მეორეს -
სლაგფიდის ტრფიალსა;
ხოლო დაი მესამე
ვოლუნდს შემოეჭდო
კისერზე ანაზდად.

3. დარჩნენ და ცხოვრობდნენ
მშვიდად და განცხრომით
შვიდსა ცივ ზამთარსა,
მერვეს - მოეწყინათ,
მეცხრეს - კი - დაუდგათ
ჟამი განშორების;
უღრან ტყეებისკენ
გაფრინდნენ ასულნი -
ომის მაძებარნი
მხნე ვალკირიები.

4. შინ ნადირობიდან
დაბრუნდნენ ვოლუნდი,
სლაგფიდი, ეგილი -
სახლსა ცარიელსა;
შეშფოთდნენ, დაიწყეს
ძებნა და წრიალი.
ეგილ აღმოსავლეთს
გაუდგა ოლრუნსა,
სლაგფიდ სამხრეთისკენ
სვანფიტს დაედევნა.

5. დარჩა ულფდოლუმში
ვოლუნდი მარტოკა;
თვალებით შეამკობდა
წითელსა ოქროსა,
გრეხსა და ძერწავდა
მშვენიერ ბეჭდებსა,
შინ ელოდებოდა
ცოლს სახემზიანა,
ფირობდა: ვინძლო კვლავ
დაბრუნდეს უკანვე.

6. შეიტყო ნიდუდმა -
ნაირთა ბატონმა,
რომ ვოლუნდ მარტოკა
დარჩა ულფდოლუმში;
კაცნი ჩავშნოსანნი
გაგზავნა ღამითა -
ნამლევ მთვარის შუქზე
ელავდნენ ფარები.

7. უნაგირებიდან
ჩამოხტნენ მხედრები,
შევიდნენ დარბაზში,
გარს მიმოიხედეს,
ხრალზე დაკიდული
იხილეს ბეჭდები -
შვიდასი ბეჭედი
დაეწნა ვოლუნდსა.

8. იწყეს მათ მოხსნა და
კვლავ აცმა ბეჭდების,
ააცვეს ბეჭდები,
ერთი გადამალეს.
მოვიდა ვოლუნდი.
მარჯვე მოისარი,
შინ ნადირობიდან
დაბრუნდა შორი გზით.

9. შეწვა მოესურვა
მას დათვის ხორცისა;
ფიჩხივით აინთო
ფიჭი გამომხმარი.
შეშა ვოლუნდისა
ნიავს გამოეშრო.

10. დაჯდა დათვის ტყავზე
ალფების თავადი,
დათვალა ბეჭდები,
სცნა - ერთი აკლია,
იფიქრა: დაბრუნდა
ჰლოდვერის ასული,
ალფიტმა აიღო
ბეჭედი იდუმალ.

11. დიდხანს ჯდა ფიქრებში,
ბოლოს ჩაეძინა. . .
და როს გაიღვიძა,
მიხვდა, რომ მომხდარა.
ხიფათს გადაჰყრია,
საფრთხეს ჩავარდნილა -
ხელნი გათოკილნი,
ფეხებზე ბორკილი.

ვ ო ლ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:

12. "ნეტავ ვინ არიან,
აქ რომ თავს დამესხნენ,
წარმტაცეს განძი და
შემბოჭეს ხრალითა?"

13. შესძახა ნიდუდმა -
ნიართა თავადმა:
"მითხარი, ვოლუნდო,
ალფების ბელადო,
თუ ვით დაეუფლე
ჩვენს განძს ულფდოლუმში?"

ვ ო ლ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:
14. "აქ შენ ვერ იხილავ
ტვითსა გრანისასა;
მთები რაინის
შორს არის აქედან.
მახსოვს, ჩვენ საუნჯე
გვქონდა უმჯობესი
ჟამსა მას, როს ერთად
ვცხოვრობდით თვისტომნი:

15. ჰლადგუდრ და ჰერვორი -
ასულნი ჰლოდვერის,
კიარის ასული -
ოლრუნ მშვენიერი" -

. . . . . . . . . . . . . . . . .

შევდინენ სახლსა მას,
დარბაზს გაიარეს,
დადგა ფიცარნაგზე
და წართქა წყნარადა:
"იგი, ვინც ტყით მოდის,
ძმობას ვერ გაგიწევს".


მეფე ნიდუდმა თავის ასულს ბოდვილდს მისცა ბეჭედი, რომელიც ვოლუნდის მიერ გაბმულ ხრალის თოკიდან წააძრო, ხოლო თვითონ ვოლუნდის მახვილის ტარება იწყო. მაშინ დედოფალმა თქვა:


16. "კბილებს აღრჭიალებს,
ოდეს ჭვრეტს მახვილსა,
ოდეს თვის ბეჭედსა
ბოდვილდს დაუნახავს:
თვალებს ურჩხულივით
ანთებს, აბრიალებს;
ნუღარ დააყოვნებთ,
მყესნი გადუჭერით,
დატოვეთ, დე, იჯდეს
კუნძულ სევარსტადზე".


ასე მოიქცნენ: ვოლუნდს გადაუჭრეს მყესნი მუხლებქევმოთ და დატოვეს ნაპირთან ახლო მდებარე კუნძულზე, რომელიც სევარსტადად იწოდებოდა. იქ იგი მეფისთვის ჭედდა ყოველგვარ ძვირფას ნივთებს. არავის შეეძლო მისი ნახვა, გარდა მეფისა.


ვ ო ლ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:
17. "ნიდუდის ქამარზე
ანათებს მახვილი,
ჩემია, ჩემგანვე
ნაჭედი, ფხიანი,
მე მივეც სიმტკიცე,
ვაწრთე და გავლესე;
წარმიღეს, წარმტაცეს
ბასრი და ელვარე,
აწ ჩემს სამჭედლოში
ის ვეღარ ვიხილო;

18. ბოდვილდი ატარებს
აწ ჩემი მეუღლის
მარჯნისფერ ბეჭედსა. . .
შური ვით ვიძიო!~. . .
ძილი არ ახსოვდა,
გრდემლს სცემდა უროსა,
ნიდუდს უმზადებდა
საკადრის საზღაურს.

19. ორთა მათ ყმაწვილთა -
ძეთა ნიდუდისა -
განძთა სევარსტადის
ხილვა მოესურვათ.
მივიდნენ ზანდუკთან,
ითხოევს გაღება,
იქ მათ ვერაგობა
ელოდათ ცბიერი.

20. იხილეს ძვირფასი
ბევრი განძეული,
ბევრი სამკაული
და ოქრო წითელი.

ვ ო ლ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:
21. "წადის და ორთავეს
გელით ხვალ უკანვე,
საჩუქრად მიიღებთ
ოქროებს წითელსა!
ოღონდ არ გაანდოთ
მსახურთ და შინაყმებს,
არავინ შეიყტოს,
რომ ჩემთან იყავით!"

22. მალე, კვლავ, ყმაწვილი
ძმა ძმას ეძრახა:
"ძმაო, გავეშუროთ,
ვნახოთ განძეული!"
მივიდნენ ზანდუკთან,
ითხოვეს გაღება,
იქ მათ ვერაგობა
ელოდათ ცბიერი.

23. ვოლუნდმა თავები
მოჰკვეთა ორთავეს,
ფეხნი საბერველქვეშ
შეჰყარა დაჭრილნი;
თავის ქალებისგან
თასები გამოჭრა,
ვერცხლით შემოჭედა,
ნიდუდს გაუგზავნა.

24. თვალთა იაგუნდნი
ძმათა მათ ყმაწვილთა -
ჯილდოდ ნიდუდისა
ბრძენს დედოფალსა;
კბილთაგან ელვარე
ღილნი გამოჰკვეთა -
ბოდვილდს დაუმშვენებს
კაბის გულისპირსა.

25. ბოდვილდი მოვიდა -
ბზარი აქვს ბეჭედსა,
უჩვენა და უთხრა:
"მხოლოდ ერთს, შენ ძალგიძს
ჩემი დახმარეა".

ვ ო ლ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:
26. "ისე გავამთელო
ოქრო გაბზარული,
ვინძლო კმაყოფილი
დარჩეს მამაშენი,
მასზე უმეტესად
ეამოს დედაშენს,
შენს გულსაც უსაზღვრო
მოჰხვდეს სიხარული".

27. ლუდი მოუტანა,
ასვა მათრობელა,
მერხზე დააწვინა,
ბოდვილდს ჩაეძინა.
"აი, ყველაფრისთვის
მე შური ვიძიე,
გარდა მის ერთისა
მძიმე სადარდელის".

28. "ახლა ავფრინდები, -
წარმოთქვა ვოლუნდმა, -
ფრთებით, ნიდუდის
მსახურთ რომ დამაჭრეს".
ვოლუნდი სიცილით
ამაღლდა ჰაერში,
ბოდვილმა ქვითინით
დატოვა კუნძული:
ნაღვლობდა სატრფოზე,
მამის ეშინოდა.

29. დგას სახლთან ბოროტი
ცოლი ნიდუდისა,
შევიდა სახლსა მას,
დარბაზს გაიარა:
ნახა - ის კედელთან
ისვენებს დამჯდარი:
"გძინას, შენ, ნიდუდო,
ნიართ მბრძანებელო?"

30. "არა, არა მძინავს,
გულს მაწევს ნაღველი,
ან რა დროს ძილია -
ძენი დამეღუპნენ;
დამღუპა მე შენმა
რჩევამ და თათბირმა!
აწ მინდა ულმობელ
ვოლუნდს შევეკითხო".

31."ვოლუნდ, მიპასუხე,
ალფების თავადო,
როგორ მოაკვდინე
შენ ჩემი ვჟები?"

ვ ო ლ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:
32. "პირველ შემომფიცე
მტკიცე საფიცარი:
გარეწრე ფარისა
და ქიმი ხომალდის,
ფოლადი შუბისა,
ქედი ბედაურის, -
რომ არ დაგიღუპავს
ვოლუნდის მეუღლე,
რომ მკვლელი არა ხარ
შენ ჩემი ცოლისა;
ცოლსა მას მეორეს
ჩემსას კარგად იცნობ,
იგი შენს დარბაზში
ჩემგან შვილს დაბადებს!

33. წადი სამჭედლოში,
შენ თვით რომ აშენე,
თავებზე გადამძვრალ
ტყავს ნახავ სისხლიანს;
თავები მოვკვეთე
შენთა ვაჟიშვილთა,
ფეხნი საბერველქვეშ
შევყარე დაჭრილნი.

34. თავის ქალებისგან
თასები გამოვჭერ,
ვერცხლით შემოვჭედე,
ნიდუდს გავუგზავნე;
თვალთა იაგუნდნი
ძმათა მათ ყმაწვილთა -
ჯილდოდ ნიდუდისა
ბრძენსა დედოფალსა.

35. კბილთაგან ელვარე
ღილნი გამოვკვეთე, -
ბოდვილდს გავუგზავნე
კაბის შესამკობლად.
ბოდვილდი ფეხმძიმედ
გიზით აწ დარბაზსა -
იგი ერთადერთი
თქვენი ქალიშვილი".

ნ ი დ უ დ მ ა თ ქ ვ ა:
36. "სიტყვას უარესსა
სხვას ვერას მეტყოდი,
ვოლუნდ, ვით დაგსაჯო,
შური ვით ვიძიო!
ვინ არის, ძლიერო,
აწ შენი მძლეველი!
შენი განმგმირავი,
როს მაღლა, ზეცაში,
დაფრინავ ღრუბლებთან!"

37. ვოლუნდი სიცილით
აფრინდა ჰაერში,
ნიდუნდი მიწაზე
დარჩა დასეტყვილი.

ნ ი დ უ დ მ ა თ ქ ვ ა:
38. "ადექი, თაკრადო,
მონაო ერთგულო,
ქერაწარბებიან
ბოდვილდს დაუძახე,
მყისვე გამოცხადდეს
მამასთან საუბრად".

39. "სთქვი, თუ სიმართლეა,
ბოდვილდ, რაც მიამბეს -
თუ იყავ კუნძულზე
ვოლუნდთან ერთადა?"

ბ ო დ ვ ი ლ დ მ ა თ ქ ვ ა:

40. "დია, სიმართლეა,
ნიდუდ, რაც გიამბეს:
ვიყავ მე კუნძულზე
ვოლუნდთან ერთადა.
ნეტამც არ მეწვნია
მე იგი საათი!
ვერ წინააღვუდექ
ძალას მას ძლიერსა:
ქალწულმან უძლურმან
ვერ შევძელ თავდაცვა.


პირველი სიმღერა ჰელგიზე, ჰუნდინგის მკვლელზე
(Helgakvidha Hundingsbona Furri)

1. შორეულ წარსულში
ცით ხმობდნენ არწივნი,
წყალნი გადმოქუხდნენ
ცადაწვდილ მთებიდან:
ჟამსა მას ბრალუნდში
დაბადა ბორგჰილდმა
ჰელგი გულოვანი
და სულით მაღალი.

2. უკუნი სუფევდა,
მოვიდნენ ნორნები
ხილვად ყრმის ჩვილისა,
დათქმად ბედისწერის:
დაუთქვეს საქვეყნოდ
სახელის მოხვეჭა.
გმირთა გმირობა და
კონუნგთა დიდება.

3. ართავდნენ ნორნები
ძაფსა ბედისწერის,
ბრალუნდში ციხეთა
ბჭენი ირყეოდნენ;
დაგრიხეს გრძეულთა
და ძაფი ოქროსი
ზეცას გამოაბეს,
მთვარის დარბაზებსა.

4. მაშრიყს - ერთი ბოლო,
მეორე - მაღრიბსა,
ძაფით მოუზომეს
კონუნგს საბრძანისი;
სტყორცნეს დამ ნერისმა
ძაფი ჩრდილოეთსა
და ჩრდილო მიწებიც
მისცა სამფლობელოდ.

5. გულს დარდი დააწვათ
დიდებულ ილფინგსა
და მისსა მეუღლეს,
ჰელგის დამბადებელს:
ყორანმა მშიერმა
მაღალ ხის ტოტიდან
გასძახა ყორანსა:
"ამბავი შევიტყვე!

6. ძეი სიგმუნდისა
ჯავშანში ჩამჯდარა,
ჯერ ერთი დღისაა,
გარდნა მოწიფულა!
თვალნი - გამჭრიახნი,
მზერა - მეომფრისა,
მგლებს ემეგობრება,
გვექნება ღრეობა".

7. მსჯელობდა ლაშქარი -
გვეზრდება კონუნგი!
დრო-ჟამი დაუდგათ
მეომრებს დიადი:
დატოვა ბრძოლა და
მეფე თვით მობრძანდა,
ხახვი რამ კეთილი
სძღვნა გმირსა ყმაწვილსა.

8. უწოდა ჰეგელი და
მისცა საბრძანისი:
ჰრინგსტადირ, სოლფოლი,
სენფოლი, სიგარსფოლ,
ჰრინგსტოდი, ჰატუნი
და ჰიმინვანგეთი,
და გველი სისხლისა
ძმასა სინფოტლისა.

9. იწყო ზრდა, მოწიფვა
მოყვასთა სალხინოდ
ხემ კეთილშობილმა,
მახვილმა მამაცთა;
უხვად მიაგებდა
ერთგულ მოლაშქრეთა
ოქროს მონახვეჭსა,
ომში ნაშოვარსა.

10. ომს არ აყოვნებდა
მეფე გულოვანი;
თხუთმეტი ზამთრისა
შესრულდა თავადი,
ოდეს მოაკვდინა
მამაცი ჰუნდინგი -
ვრცელთა მათ მხარეთა
და მხედართ მფლობელი.

11. იწყეს სასყიდლისა
მოთხოვნა სანაცვლოდ
ძეთა ჰუნდინგისთა
ძისაგან სიგმუნდის;
ზრახდნენ შურისგებას -
ჯავრის ყრას კონუნგზე,
მამის სიკვდილისთვის,
ქვეყნის გაძარცვისთვის.

12. არ მისცა თავადმა
ჰუნდინგის ნაშიერთ
არცა სასყიდელი,
არცა საზღაური;
ოდენ თქვა: "ატყდება
დიდი ქარიშხალი
რკინის შუბებისა -
შუბლს შეჰკრავს ოდინი"

13. ჩქარობენ მხედარნი
მახვილთა კრებაზე,
შორს, ლოგაფოლუმში,
რომ არის დათქმული;
გათავდა, დასრულდა
მშვიდობა ფროდისა,
კუნძულზე დაძრწიან
ვიდრირი ძაღლები.

14. ზის აარშტაინთან,
ისვენებს თავადი,
დახოცა ძლიერმა
ალფი, ეილოფი,
ძენი ჰუნდინგისა -
ჰორვარდ და ჰერვარდი;
ზიმირის შუბებფის
მოდგმა ამოწყვიტა.

15. სხივი რამ გამოკრთ
ლოგაფოლუმიდან,
ელვა გაიკლაკნა,
შუქმა იგიზგიზა:
ცას თავჩაჩქიანნი
გაეკრნენ ქალწულნი -
სისხლიან ჯავშნებით,
ელვარე შუბებით,
ელვა-მეხს სტყორდნიდნენ
ცით ვალკირიები.

16. დილით, ადრიანად,
ბრძოლის ველს გასული,
კონუნგი ჰკითხავა
მამაც ვალკირიებს,
თუ სურთ მათ ამაღამ
შინ გაჰყვნენ მხედრებსა -
მათთან დრო ატარონ;
ბრძოლა კი გრგვინავდა.

17. ცხენიდან გადმოწვა
ასული ჰოგნისა
და კონუნგს მიმართა
(ბრძოლა მყის მიწყნარდა):
"ჩვენ სხა რამ მეტი გვაქვს
საქმე, საზრუნავი,
ვიდრე უხვ კონუნგთან
ლუდის სმა, ღრეობა.

18. დათქმა აქვს მამაჩემს -
ცოლად მიმათხოვოს
მრისხანე მხედარსა -
ძესა გრანმარისა;
ჰელგი, მომისმინე!
ჰოდბროდზე გიამბობ -
ავსა მას კონუნგზე,
კატათა მოდგმაზე.

19. ხვალ თუ ზეგ თავადი
კარზე მოგვადგება,
თუ მას შენ საომარ
ადგილს არ უჩვენებ,
ან თუ არ წაართმევ
ჩემს თავს მას კონუნგსა"

20. "ისუნგის მკვლელისა
ნურა ნუ გეშინის!
მეხი ვარ მტერთათვის,
სანამ ვარ ცოცხალი!"

21. მდევარნი აფრინა
მუნით მბრძანებელმა,
ზღვათა და ხმელეთით
უხმო საბრძოლველად,
უხვი საზღაური
აღუთქვა მხედართა-
ოქრო უთვალავი
შვილთა და მამათა.

ჰ ე ლ ი გ ი მ თ ქ ვ ა:
22. "უბრძანეთ, სასწრაფოდ
ჩასხდნენ ხომალდებში,
კუნძული ბრანდეი
დატოვონ უმალვე!"
იქ ჰედინსეიდან
ელოდა თავადი
ლაშქართა მოდენას,
მხედრობას ურიცხვსა.

23. მყის სანაპიროდან
სტაფსნესის კონცხისა
ოქროთი ნაჭედი
დაიძრნენ ნავები;
მაშინ შეეკითხა
ჰელგი ჰორლაიფსა
"გინახავს ლაშქართა
ზვავი უშიშარი?"

24. მიუგო პასუხად
ყრმამ მან კონუნგმა,
რომ რიცხვი არა აქვთ
კონცხთან ტრონიერის
ურჩხულისთავიან
ნავთა უამრავთა,
იქ ორვაზუნდიდან
ლაღად მომცურავთა.

25. "აქ ათას ორასი
ერთგული მხედარი
და ჰატუნს შეყრილი
ჯარი ორჯერ მეტი -
თავადის ლაშქარი -
იმედი ბრძოლისა".

26. შტურმანმა კარვისა
კალთა ჩამოხია,
რაზმი გამოფხიზლდა
გმირთა მეომართა,
იხილეს მხედრებმა,
რომ გათენებულა,
ვარინის უბეში
ანძები დაჭიმეს,
უცხოდ რამ ნაქარგი
დადგეს იალქნები.

27. ნიჩბების ხმაურით,
რკინების ჟღარუნით,
ფარი-ფარს ძგერებით
დაიძრნენ ვიკინგნი;
სწრაფად მიცურავდა
გუნდი ნავებისა,.
ზვირთებს მიაპობდა
კონუნგის ლაშქარი.

28. გრგვინვა რამ ისმოდა,
როს დები კოლგასი
ხერხემალს ნავისას
ერთად აწყდებოდნენ,
თითქოს ზვირთაცემის
ხმა იყო კლდეზედა.

29. ჰელგიმ მყის უბრძანა
აშვება აფრისა,
გაშლა იალქნების;
ტალღები უტევდნენ
მამაც მეზღვაურებს,
ეგირის ასული
ექადდა დაღუპვას
ზღვის ცხენთა ფეხმარდთა.

30. ლაშქარს მფარველობდა
სიგრუნ ვალკირია,
ქალღმერთი მამაცი;
ნავი ისწრაფოდა
რანისგან გასხლტომას.
რანისა ხელთაგან
ზღვის ირემს თავდახსნა
სურდა გრიპალუნდთან

31. ჩამოწვა საღამო,
ჰელგი უნაფავარს
შეცურდა ბინდბუნდში,
მოკაზმულ ნავებით;
ძენი გრანმარისა
ზვერავდნენ მტოის ლაშქარს
კლდოვან სვარინსჰაგის
მაღალ ფერდობიდან.

32. იკითხა გუდმუნდმა,
გმირმა ღირსეულმა;
"ვინ არის ბელადი,
ლაშქარს რომ მოუძღვის?
ვისია ეს ფლოტი,
ნაპირს რომ მოადგა?"

33. სინფოტლიმ ანძაზე
ფარი შეარხია -
წითელი, გარს ოქრო,
ქობად მოვლებული;
იდგა იქ დარაჯად
და მარჯვედ უწყოდა
გმირთადმი საკადრი
პასუხის გაცემა:

34. "იტყვის საღამოჟამს,
როს საზრდო-საკვებზე
მორეკავ ღორებსა და
მოუხმობ ქოფაკთა;
"ილფინგნი ომისა
ჟინით აღგზნებულნი,
მაშრიყით მოსულან
აქ გნიპალუნდიდან!"

35. იქ ნახავს ჰოდბროდი
ჰელგის მას კონუნგსა,
ვინც ბრძოლის ველიდან
არ იცის გაქცევა,
ვინც ომში არწივებს
აძღებდა ლეშითა.
ოდეს შენ კერასთან
მხევალთ ეხვეოდი".

გ უ დ მ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:
36. "სულ დაგვიწყებია
შენ ძველი საგები,
აქ გმირებს გინებით
რომ ხვდები, თავადო!
მგლების საწუწკარი
ლეში რამ გიყლაპავს,
გამხდარხარ ძმისმკვლელი,
მგლად გადაქცეულხარ -
და დაძუნძულებდი
ყველას საძულველი,
შენ ქვათა ყრილებზე
ლოკავდი ჭრილობებს!"

ს ი ნ ფ ო ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:
37. "შენ ვარინსეიზე
კუდიან ქალადა
ბოროტ სიცრუისა
იყავი მჩხიბავი;
ამბობდი: - ჯაშნოსან
გმირთა მხედართაგან
არ მსურს მამაკაცი,
კიდეგან სინფოტლის.

38. იყავს საძულველი,
ბოროტ ვალკირიად,
ოდინს აუმხედრდი
ეგზომ გულზვიადი,
ეინჰერიები
ერთურთს წაეკიდნენ
შენს გამო, ცბიერო,
ვერაგო დიაცო!

39. ცხრა მგელი გადავსხით
საგუნის კონცხზედა
და იმა მგლებისა
მამა მე ვიყავის!"

გ უ დ მ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:
40. "შენ მამა არ იყავ
ფენრირის მგლებისა,
არც მათი უფროსი;
მახსოვს რამდენადაც,
ადგილს გნიპალუნდსა,
თორსნესის კონცხზედა,
დაგასაჭურისეს
თურსების ასულთა.

41. ეგდე ტყეს უდაბურს,
გერო სიგეირის,
ყურში ჩაგესმოდა
ღმუილი მგლებისა;
ათასი რისხვა და
მეხი თავს დაგატყდა,
ოდეს შენ ღვიძლ ძმასა
გულს ჩაეც მახვილი,
სახელი გაითქვი
ქვეყნად ბოროტებით!"

ს ი ნ ფ ო ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:
42."შენ რომ ბრაველირში
ეცოლე გრანისა -
ჭაკი ალაგმული,
რბოლად გამზადილი;
მე ვმჯდარვარ შენზედა,
დაღლილ-დამშეულზე
და მიჭენებიხარ
კლდოვანი გზებითა".

გ უ დ მ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:
43. "შენ მაშინ ყმაწვილი
იყავ უტიფარი,
გულნირ გოლიათის
თხებისა მწველავი,
შემდეგ კი გომბიო
გოლიათებისა -
კონკია-ჟღარუნა;
პასუხს რას მომაგებ?"

ს ი ნ ფ ო ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:
44. "უმალ ფრეკშტაინთან
მე შენი ლეშითა
ყვავთა და ყორანთა
დავაძღებ მშიერთა,
ვიდრე შენს ძუკნეს და
ცხენებს გამოვკვებავ;
გრისხავდნენ ღმერთები,
წაგიღონ ტროლებმა!"

ჰ ე ლ გ ი მ თ ქ ვ ა:
45. "უმჯობეს იქნება,
მამაცო სინფოტლი,
აწ ბრძოლა ფიცხელი,
არწივთა სალხინო,
ვიდრე უსარგებლო
ფანტვა სიტყვებისა,
დია, სძულთ ერთურთი
ომებში ბელადებს

46. ცუდანი არიან
ძენი გრანმარისა,
თუმც გმირთა შესახებ
ხმას ითქვას სიმართლე,
მოინსჰაიმართან
გვიჩვენეს უნარი
მათ გამბედაობის
და შუბთა ძგერების".

47. დეზი ჰკრეს ცხენებსა,
სვიპუდრ და სვეგიოდრ
სოლჰაიმისაკენ
მათ მიაქროლებდნენ
დანამულ ველებზე,
ნისლიან გზებითა
ცხენთა მათ რბოლისგან
იძროდა ხმელეთი.

48. ციხის ალაყაფთან
დაუხვდათ თავადი,
აცნობეს - ახლოა
ბელადი მტრებისა,
და იდგა ჰოდბროდი
იქ თავჩაჩქნიანი,
შეხედა მხედრებს და
გულში გაიფიქრა:
"რად განრისხებულან
ჰნიფლუნგნი ნეტავი?"

გ უ დ მ უ ნ დ მ ა თ ქ ვ ა:
49. "ნაპირს მოეახლნენ,
მსწრაფლ მოაქროლებენ
ნავებს ზღვის ირმებსა,
გრძელი ქანდარები
და გლუვი ნიჩბები,
ფარნი - უთვალავნი,
ურიცხვი ლაშქარი
მხიარულ ილფინგთა.

50. გადმოსხდა ხმელეთზე
მყის რაზმი თხუთმეტი
და შვიდი ათასი
ზუნდსა დარჩა მათ გარდა;
დადგნენ გნიპალუნდთან,
ნავთა საყუდარში,
ოქროთი მორთულნი
მუქ-ლურჯი ნავები.
სად იყო ამდენი!
ჩანს, ჰელგი ფიცხელსა
ომს აღარ აყოვნებს".

ჰ ო დ ბ რ ო დ მ ა თ ქ ვ ა:
51. გაჰკურცხლონ ქურანთა
დიდი თინგისაკენ
ხოლო სპორვიტნირმა -
სპაინჰაიდისკენ,
მელნირმა, მილნირმა
მირკვინდს მიაშურონ;
შინ არავინ არ დარჩეს,
ლაშქარს არ ჩამორჩეს
კაცთაგან, ვინც იცის
მოქნევა მახვილი!

52. უხმეთ მყის ჰოგნისა.
ძეთა ჰრინგისათა,
ატლისა, ინგვისა,
ალფსა მას უფროსსა -
სწყურთ ომი ფიცხელი,
ბრძოლას ესწრაფვიან,
ვოლსუნგთა მხედრობას
ჩვენ გავანადგურებთ!"

53. ერთად შეიყარნენ,
ეჯახნენ ერთურთსა
ულფშტაინს დაჰკვესეს
ელვარე მახვილთა:

ჰელგი გულოვანი,
ჰუნდინგის მომკვლელი,
ომსა მას ფიცხელსა
იყო იქ პირველი,
წინ-წინ მიიწევდა
უდრეკ-უშიშარი,
ჰქონდა მას კონუნგსა
გული უმაგრესი.

54. ცით ვალკირიები,
თავჩაჩქნიანები,
თავადს მიეშველნენ,
ბრძოლა გაძლიერდა;
საზრდოს ყორნებისას
მგელი იტაცებდა,
დაჰქროდნენ ქალწულნი
და წართქვა სიგრუნმა:

55. "ბედნიერ იქნები
და დიდხანს იმეფებ,
შენ, ღირსო კონუნგო,
მოდგმაო ინგვისა;
შენ ხომ გულმამაცი
განგმირე თავადი,
მკვლელი მის თურსისა,
შიშის დამბადებლის.

56. აწ, ღირსო კონუნგო,
შენა ხარ პატრონი
ოქროს ბეჭდებისა და
მდიდარ ქალწულისაც;
ბედნიერ იქნები,
კონუნგო მფლობელო
ჰოგნის ასულსია
და ჰრინგსტადირისა
და სხვათა მხარეთა;
აქ ომი დასრულდა!"


სიტყვანი სიგრდრიფასი

(Sigrdrifumâl)

სიგურდი ავიდა ჰიდარფიალის მთაზე და იქიდან სამხრეთისაკენ ფრაკლანდს გაემართა. მთაზე მან შენიშნა კაშკაშა სინათლე, თითქოს ცეცხლი ენთო და დაფიონი განფენილიყო ცამდე. როდესაც მიუახლოვდა, დაინახა ფართა გალავანი და მასზე - ალამი. სიგურდი შევიდა გალავანში და ნახა, რომ იქ იწვა ჯავშნოსანი ადამიანი და ეძინა. სიგურდმა ჩაფხუტი მოხადა და იხილა, რომ იგი ქალი იყო. ჯავშანი მტკიცეს შემოკვროდა ტანზე, თითქოსდა შეზრდოდა სხეულს. მაშინ მან გრამით* გაკვეთა ჯავშანი საყელოდან დაბლა, აგრეთვე გარდიგარდმო, სახელოებზე და მოხსნა იგი. ქალმა გაიღვიძა, წამოჯდა, შეხედა სიგურდს და თქვა:


1. "რამ გაჭრა ჯავშანი,
რამ გამომაღვიძა?
ვინ მომხსნა, ნეტავი,
ბორკილი რკინისა?"

მ ა ნ უ პ ა ს უ ხ ა:
"ძემან სიგმუნდისა;
ახლახან კეპავდა
ხორცს ყორანთ სალხინოდ
სიგურდის მახვილით".

ქ ა ლ მ ა თ ქ ვ ა:
2. "ხანგრძლივ მძინებია,
ხანგრძლივი ძილითა,
გრძლად ჩანან ტანჯვანი!
ბრალია ოდინის,
რომ არა ძალმიძდა
მორევნა ძილისა".


სიგურდი დაბლა იჯდა და მას სახელი ჰკითხა. მაშინ ქალმა აიღო თაფლით სავსე რქა და მიაწოდა მას სასმელი მახსოვრობისა.


ქ ა ლ მ ა თ ქ ვ ა:
3. "დიდება დღესა და
დიდება დღის შვილრთა!
ღამეს, ღამის ასულს!
გვედრებთ, გადმოგვხედოთ
მოწყალე თვალითა,
მოგვცეთ გამარჯვება!

4. იდიდეთ, ღმერთნო, და
იდიდეთ, ღმერთქალნო!
მიწავ, მადლიანო!
სიტყვა და გონება,
ხელნიც მკურნალნი
მოგვაგეთ ჯილდოდა!"


ქალმა თავისთავს სიგრდრიფა უწოდა, იგი ვალკირია იყო. ის მოჰყვა ამბავს, რომ ერთმანეთს ეომებოდა ორი კონუნგი: ერთს ერქვა ჰიალმგუნარი, იგი მაშინ მოხუცი იყო და დიდი მეომარი; ოდინმა აღუთქვა მას გამარჯვება; მეორეს აგნარი ერქვა; იგი იყო ძმა აუდასი და არავის სურდა მისთვის მფარველობა გაეწია. სიგრდრიფმა ჰიალმგუნარი დაღუპა ომში, ხოლო ოდინმა შური იძია სიგრდრიფაზე - საძილე ეკალი უჩხვლიტა მას და დაუთქვა, რომ იგი ომში ვერასოდეს ვეღარ გაიმარჯვებდა და უნდა გათხოვილიყო. * "მაგრამ მე მივუგე, რომ აღთქმა მაქვს დადებული - არ გავყვე ცოლად არც ერთ მამაკაცს, რომელმაც იცის, რა არის შიში".

სიგურდი სთხოვს სიგრდრიფას - ასწავლოს მას სიბრძნე, რამეთუ ვალკირიამ უწყის ყოველი - საქმეი ქვეყნისა.


ს ი გ რ დ რ ი ფ ა მ თ ქ ვ ა:
5. "ჯავშანთა თინგისა
იფანს მივაწოდებ.
სასმელს, აღმავსებელს
ძალით და დიდებით;
გრძნეულ სიმღერებით,
კეთილ შელოცვებით,
ხალისით, გზნებითა.

6. თუ გსურს გამარჯვება.
გამარჯვებებისა
რუნებს ამოჰკვეთდე
მახვილის ტარზედა;
ჭდედ ორგზის დაადე
სახელი თირისა.

7. რუნები ლუდისა
სცან - ვერას დაგაკლებს
სიცრუე დიაცთა;
რქაზე ამოჰკვეთე,
ხელზე აიხაზე,
"ნაუდ" ფრჩხილს გეხატოს.

8. დალოცე სასმისი,
აავსე სასმელით,
შიგ ხახვი ჩააგდე;
სამსალას გრძნეულსა,
შხამსა მას ჯადოსნურს
ვერ შეგატყუებენ.

9. რუნები შობისა
სცან, მშობიარეთა
შველა თუ გეწადოს!
ნებსა ამოჰკვეთე,
მაჯას შემოიკარ -
დისნი გემწყალობონ.

10. რუნებს ქარიშხლისა
ჩასწვდი, რომ ღელვის ჟამს
მწედ იყო ხომალლდთა;
ქიმზე ამოჰკაწრე,
საჭეზე ამოსჭერ,
ნიჩბებზე ამოსწვი,
დაე, ზღვა ღელავდეს,
ნაპირს დაუბრუნდე
საღი, უვნებელი.

11. რუნებს სამკურნალოს,
წყლულთ სააქმიმოს,
ჩასწვდი, დაეუფლე;
ხეზე ამოჰკვეთე
მხარეს აღმოსავლეთს,
სად ტოტნი დახრილან.

12. ჩასწვდი სამართლისა
რუნებს, რომ ბოროტთა
წყენა ვერ მოგაგონ;
მათ მოიპოვებენ,
თხზავენ და ხლართავენ,
კრებენ და ადგენენ
თინგზე, სად სამართალს
მართლმსაჯულებითა
განსჯის ჯამაათი.

13. ჩასწვდი, ამოიცან
რუნები აზრისა,
ჰროფტმა ამოიცნო,
ჩასწვდა, ამოკვეთა
ტენისგან, რომელიც
ჰრაიდრაუპნირის
ტვინიდან ოდესღაც
და ჰოდროფნირისა
რქიდან ჩამოდინდა.


ფ ა ფ ნ ი რ მ ა თ ქ ვ ა:

14. მთას იდგა მახვილით,
თავზე მუზარადით,
თავმან მიმირისმან
თქვა სიტყვა პირველი,
და იყო სიტყვა ის
ბრძნული და მართალი.

15. დაე, სინათლისა
ღვთის ფარს დაექარგონ,
ალსვინის ქაჩაჩსა,
არვაკის ყურებსა,
როგნირის ეტლისა
ბორბალს ამშვენებდნენ.,
სლეპნირის კბილებს და
მარხილის ჩახსაკრავს.

16. თათსა ძუ დათვისა
და ბრაგის ენასა,
ბრჭყალსა მას მგლისასა,
ნისკარტს არწივისა,
ფრთებსა სისხლიანსა,
ბოლოს ხიდისასა,
ნებსა მეანისა,
კვალსა მას მეშველსა.

17. ბროლმინას, ოქროსა,
ბაზმანდ-ავგაროზსა,
ღვინოს და ალაოს,
სკამთა სალხინოთა,
გუნგნირის რკინისა,
გულმკერდს გრანისასა,
ნორნების ფრჩხილებს და
ნისკარტს ბუკიოტის.

18. ყველა ამოფხიკეს,
სასმელს შეურიეს -
თაფლსა მას წმიდასა;
დაჰყვეს, დაუგზავნეს:
მოდგმას ასებისა,
ალფების ჯილაგსა,
ვანთა გამჭრიახთა
და კაცთა გვარტომთა.

19. ესენი არიან
რუნები წიგნისა,
შობის, ძლიერების
და ლუდის რუნები,
იცან, ნუ აურევ,
ნუ დააზიანებ,
ცოდნით მოიხმარე,
ღმერთთა მათ სიკვდიმდე
გექმნან ავგაროზად.

20. ახლა რას აირჩევ,
მახვილის პირისა
ჭადარო, ძლიერო,
გაქვს რამე სათქმელი,
თუ გიჯობს იყუჩო?
ბედისგან დათქმულა
ჭირი ყოველგვარი".

ს ი გ უ რ დ მ ა თ ქ ვ ა:
21."არსად ვარ გამქცევი,
თუნდ სიკვდილს ვხედავდე,
მხდალად არ ვშობილვარ,
კეთილნი რჩევანი
შენნი მეხსომება
სიკვდილის პირამდე".

ს ი გ რ დ რ ი ფ ა მ თ ქ ვ ა:
22. "გირჩევ, უპირველეს -
ნათესავთ ნუ უმტრობ
შური არ მიაგო,
თუნდ თვით წაგეკიდონ:
ესე სიკვდილის ჟამს
გექმნას სასიკეთოდ.

23. ისმენდე მეორეს -
განზრახ ცრუ ფიცითა
არავის შეჰფიცო:
ისჯება სიმუხთლე,
წყეულ არს დამდები
ცრუთა მათ აღთქმათა.

24. ისმენდე მესამეს -
თინგზე უგუნურთან
დავა არ გამართო;
გეტყვის ავ სიტყვებსა,
ვითარცა სჩვევიათ
ბრიყვთა, უმეცართა.

25. გარნა სულ დუმილიც
პასუხად არ ვარგა,
მხდალი ეგონებით,
ცილსა დაგწამებენ;
ცუდ სახელს უფრთხილდი,
ერიდე მარადჟამს;
ცრუ და მოღალატე
მოჰკალ, სახვალიოდ
მით მოსპობ სიცრუეს.

26. ისმენდე მეოთხეს -
ავსა კუდიანსა
გზად თუ შეეყარო,
მყისვე განერიდე,
ღამის გასათეავდ
მასთან ნუ დარჩები,

27. ხამს მზერა ფხიზელი,
თვალნი გამჭრიახნი
ფიცხელსა ბრძოლაში;
გზისპირა ავსულნი
მხედართ უჩლუნგებენ
მახვილს და გონებას.

28. ისმენდე მეხუთეს -
როს ქალთა ლამაზთა
იხილავ, გახსოვდეს,
ძილი არ გაგიკრთეს,
ხვევნითა, კოცნითა
ლამაზთ ნუ აცდუნებ.

29. ისმენდე მეექვსეს -
ჟამსა ღრეობის
თუ ატყდა ყაილა,
მთვრალმა არ იჩხუბო,
გახსოვდეს, სიმთვრალე
გონების მტერია.

30. ლუდიც, სიმღერებიც
ბევრს უბედურებად
ექცა, სავალალოდ:
ბევრნი დაიღუპნენ,
ჩაცვივდნენ ფათერაკს,
ურვა ხვდათ წილადა.

31. ისმენდე მეშვიდეს -
მამაცთა დავა და
მტრობა თუ აგიტყდა,
გარეთ შეეჯახე,
შენს ოჯახს ნუ გახდი
ბრძოლის სარბიელად.

32. ისმენდე მერვესა -
ბოროტს განერიდე
და რუნებს ცბიერსა;
ნაკრძალ სიყვარულის
ქსელში ნუ გააბამ
ქალწულთ, ნურც ქმრიანთა!

33. ისმენდე მეცხრესა -
მკვდარს სადაც წააწყდე,
მიწას მიაბარე,
სენით დაცემული,
ომში განგმირული,
თუ წყალში დამხრჩვალი.

34. განბანე ცხედრისა
თავი და ხელები.
თმები დაუვარცხნე:
კუბოს ჩაასვენე,
უსურვე სიმშვიდის
ძილი, განსვენება.

35. ისმენდე მეათეს -
გახსოვდეს, არასდროს
მგლის ფიცს არ ერწმუნო,
მოუკალ ძმაი თუ
მამა განუგმირე:
შვილი მგლად იქცევა,
შეგხვდეს - არ დაგზოგავს.

36. წყენას, მრისხანებას,
მტრობას არა სძინავთ,
ჭკუა და მახვილი
სჭირდება კონუნგსა,
რომ ხალხში ყოველთვის
ის იყო პირველი.

37. ისმენდე დასასრულს -
უფრთხილდი მეგობრის
შურსა და ღალატსა;
ვეჭვ, კონუნგს ხანგრძლივი
ეწეროს სიცოცხლე -
მრავლდება მზაკვრობა".

ნაწყვეტი სიმღერისა სიგურდზე

(Brot of Sigurdharkvidhu)

ჰ ო გ ნ ი მ თ ქ ვ ა:
1. "მარქვი, ო, გუნარო,
ძეო გიუკისა,
ბოროტგანმზრახველთა
რიცხვში რად ერევი?
რა სოდა სიგურდმა
და რა დაგიშავა,
რად გინდა მამაცსა
მოუსპო სიცოცხლე?"

გ უ ნ ა რ მ ა თ ქ ვ ა:
2. "სიგურდმა დამიდო
აღთქმა-საფიცარი,
აღთქმა-სფიცარი
ყველა დაარღვია:
მუხთლად მომაღორა,
თუმც ედო ვალადა
ფიცის არგატეხა,
აღთქმის ასრულება".

ჰ ო გ ნ ი მ თ ქ ვ ა:
3. "ბრუნჰილდმა ბოროტმა,
ბოროტგანმზრახველმა,
რისხვა უკეთური
გულში ჩაგინერგა!
შურს მას, რომ გუდრუნი
შეირთე ცოლადა,
არა სურს - გუდრუნთან
იყო ბედნიერი".



* * *


4. ზოგნი მგელს ხრაკავდნენ,
სხვანი კი - გველებსა
ჭრიდნენ და კეპავდნენ;
ზოგი გულბოროტად
იღებდა ყორნის ხორცს
და გოთორმს აწვდიდა,
რომ მას ბრძენ კონუნგზე
ხელი აღემართა.

5. გარედგა გუდრუნი -
გიუკის ასული -
და წართქვა სიტყვანი
მან ესევითარნი:
"სად არის სიგრუდი -
მხედართა ბელადი,
წინ-წინ რად მოდიან
ჩემნი ნათესავნი?'

6. ჰოგნიმ უპასუხა
მართ ოდენ მარტომან:
"მოვკალით, მახვილით
ავკუწეთ სიგურდი;'
ცხედრის წინ თავს ხრიდა
ცხენი ნაცრისფერი".

7. მაშინ თქვა ბრუნჰილდმა,
ასულმან ბუდლისა:
"ქვეყნებს და იარაღს
ჰფლობდეთ აწ სვიანად,
ქვეყნად მათ სიგურდი
არვის დაუთმობდა,
რომ მეტხანს დასცლოდა
სიცოცხლე კონუნგსა.

8. არა ეგებოდა -
გიუკის სამკვიდროს,
გოთების მხარეში,
სიგურდს ებატონა,
თუ ხუთი ვაჟკაცი
გაზარდა გიუკიმ-
მხედარნი მცოდნენი
სამეფო საქმეთა".

9. თქვა და გულიანად
ისე გაიცინა,
რომ მთელი სასახლის
შეირყა კედლები:
"დიდხანს ჰპატრონობდეთ
ხმალსა და ქვეყნებსა, -
რამეთუ ძლიერსა
სძლიეთ თქვენ თავადსა!"

10. მიუგო გუდრუნმა -
გიუკის ასულმა:
"ავსა უსამართლოდ
აუბნებ ენასა!
წყეულ არს გუნარი -
მკვლელი სიგურდისა!
კონუნგის დამღუპველს
მიჰხვდეს შურისგება!"

11. რაინის სამხრეთით
დაღუპეს სიგურდი,
მკვლელთ ხიდან ხმამაღლა
დასჩხავლა ყორანმა:
"თქვენს სისხლში შეღებავს
ატლი ორლესულებს,
ფიცვერცხლის გატეხა
დაგამხობთ მუხანათთ".

12. გვიან საღამომდე
სვამდნენ, ნადიმობდნენ,
ღრეობდნენ, სალხინო
სიტყვებს აკვესებდნენ;
დაწვნენ, დაიძინეს
მშვიდად, უდარდელად,
მათგან ერთს - გუნარსა
დიდხანს არ ეძინა.

13. ფეხს არ ასვენებდა,
ბორგავდა, ფიქრობდა,
ლაშქართა მრბეველი:
ტყეში რა იუბნეს
არწივმა, ყორანმა, -
როს ძმები შინისკენ
მშვიდად ბრუნდებოდნენ?!

14. ბრუნჰილდმა, ქალწულმა,
ასულმა ბუდლისა,
ასულმა კონუნგის
ადრე გაიღვიძა:
"გინდათ თუ არ გინდათ -
არ ძალმიძს ვიყუჩო,
ან გამცნობთ ნაღველსა,
ან დარდით მოვკვდები!"

15. სმენად გადაიქცნენ
უეცრად ყველანი -
ვერ მიხვდნენ, რა მოხდა,
ქალს რა დაემართა.
რა მოსდის, ტირილით
რად ამბობს იმაზე,
რასაც ის სიცილით
ურჩევდა გმირებსა!

ბ რ უ ნ ჰ ი ლ დ მ ა თ ქ ვ ა:
16. "ავი რამ სიზმარი
მესიზმრა, გუნარო:
ციოდა დარბაზში,
საწოლშიც ციოდა,
შენ კი მოწყენილი
მიჰყავდით, თავადო,
მტრის მხედრებს -
ტყვედქმნილი
და ბორკილგაყრილი;
ახდება სიზმარი -
უნდა დაიღუპოს
ჯილაგი ნიფლუნგთა"
ფიცის გამტეხელთა!

17. გუნარო, ხომ გახსოვს,
თქვენ ნიშნად ძმობისა
სისხლი შეურიეთ -
შეჰფიცეთ ერთმანეთს!
შენ მას სიკეთისთვის
ბოროტი მიაგე -
მეგობარს ერთგულსა,
მოძმეს გულმამაცსა.

18. მან კი საფიცარი
მტკიცედ აღასრულა,
ოდეს დასანიშნად
ჩემთან ბრძანდებოდა,
გმირმა არ გატეხა
აღთქმა მის მიერი,
ფიცი მოცემული
შენდამი, კონუნგო.

19. დაასო მახვილი
კონუნგმა ბრწყინვალემ
ჩემსა და მას შუა
ჩვენსა სარეცელზე -
ოქროთი ნაქარგი
და ცეცხლში ნაწრთობი,
ბასრი, შხამიანი,
შხამში გავლებული".

აქ, ამ სიმღერაში მოთხრობილია სიგურდის სიკვდილის შესახებ და ნათქვამია, რომ იგი გარეთ მოკლეს. მაგრამ ზოგნი ამბობენ - იგი საწოლში მოკლესო, მძინარე*. გემანელები კი ირწმუნებიან: ტყეში მოკლესო.** ხოლო "ძველ სიმღერაში გუდრუნზე" ნაამბოია: სიგურდი და გიუკის შვილები თინგზე მიემგზავრებოდნენ, როცა სიგურდი მოკლესო. მაგრამ ყველანი ერთხმად აღიარებენ, რომ მკვლელებმა უღალატეს მას და თავს დაესხნენ მწოლარეს, თავდაცვისათვის მოუმზადებელს.

პირველი სიმღერა გუდრუნზე

(Gudrunarhvidha fursta)

გუდრუნი იჯდა სიგურდის ცხედართან. იგი სხვა ქალებივით არ ტიროდა, თუმცა დარისაგან გული უსკდებოდა. ქალები და კაცები მიდიოდნენ, რათა ენუგეშებინათ იგი, მაგრამ ეს იოლი საქმე როდი იყო.
ამბობდნენ, ვითომ, გუდრუნს ეგემნა ფაფნირის გული და ამის გამო ესმოდა ფრინველთა ენა.
აი, კიდევ რა შეუთხზავთ გუდრუნზე:


1. სიკვდილს ნატრულობდა
ბედშავი გუდრუნი,
სიგურდის ცხედართან
რომ იჯდა მწუხარე;
ხელებს არ იმტვრევდა
თავში არ იცემდა,
მოთქმით არ ტიროდა
სხვათა დიაცთაებრ.

2. კრძალვით მოდიოდნენ
ბრძენი იარლები -
სევდა გუდრუნისა
სურდათ განეფანტათ;
ცრემლი არ სდიოდა
გუდრუნს გაოგნებულს,
დარდით და ნაღველით
გული უსკდებოდა.

3. გუდრუნის პირდაპირ
ოქროთი ბურვილი
იარლით ცოლები
ისხდნენ მგლოვიარედ;
მათგან თვითეული
სევდას საკუთარსა
სიმწრით იხსენებდა,
ამბად მოყვებოდა.

4. თქვა გიაფლაუგმა -
დამან გიუკისმან:
"ხუთი ქმრის უდროოდ
მიწაში დამმარხავს,
მომიკვდა სამი და,
სამი ვაჟიშვილი,
დაა ორი ასული;
რვა ძმა დამეხოცა,
დავრჩი მარტოდმარტო!"

5. ცრემლი არ სდიოდა
გუდრუნს გაოგნებულს -
დაღუპვა ჭაბუკის,
სიკვდილი კონუნგის,
სევდა უმძიმესი
ლოდად დასწოლოდა.

6. წარმოთქვა ჰერბორგმა,
ჰუნთა დედოფალმა:
"უფრორე მძიმეა
ჩემი სადარდელი -
შვილნი დამეღუპნენ,
შვიდნი ვაჟიშვილნი,
სამხრეთის ბრძოლებში:
ქმარიც იქ მომიკლეს.

7. დედა-მამა, ოთხი ძმა
გრიგალმა იმსხვერპლა,
ზღვამ შთანთქა მრისხანემ;
ავმა ქარიშხალმა,
ტალღამ მოთარეშემ -
ჩაძირეს ხომალდი.

8. მე თვითონ დავმარხე,
თვითონ მოვუარე,
ტანთ თვითონ ჩავაცვი
მკვდართა მათ ძვირფასთა;
ნახევარწლეულში
დავკარგე ყველანი,
არსაით, არვისგან
არ მქონდა ნუგეში.

9. ჟამსა მას მე თვითონ
მტერს ტყვედ ჩავუვარდი,
ექვსი თვის მანძილზე
ვიწვნევდი მონობას;
მე, მონა-მოახლე,
კონუნგის მეუღლეს
დილით ტანს ვაცმევდი.
ვაწვდიდი ფეხსაცმელს.

10. მეტად ეჭვიანი
მყავდა ქალბატონი,
ავად მეპყრობოდა,
მცემდა მაგინებდა;
ქალი უარესი
არსად არ მინახავს,
კონუნგს უკეთესსა
არსად შევხვედრივარ!"

11. ცრემლი არ სდიოდა
გუდრუნს გაოგნებულს:
სიკვდილი ჭაბუკის,
დაღუპვა კონუნგის,
დარდი უმძიმესი
ლოდად დასწოლოდა.

12. წარმოთქვა გულრანდმა -
გაუკის ასულმა:
"თუმცა, დედობილო,
გიქებენ სიბრძნესა,
ცოლსა ახალგაზრდას
მით ვერ ანუგეშებ,
დე, თვალით იხილოს
მან მკვდარი კონუნგი!"

13. ადგა და სუდრა
აჰხადა ცხედარსა,
საური გაშალა
გუდრუნის ფეხებთან:
"შეხე შენს სატრფოსა,
მიდი, ეამბორე,
შეხვდი, მოეხვიე,
ვით ცოცხალს ჰხვდებოდი!"

14. შეხედე გუდრუნმა
მკვდარსა მას კონუნგსა,
თმასა სისხლშემხმარსა,
სისხლით შეღებილსა,
თვალთა მათ ჩამქრალთა,
შუქთა დაშრეტილთა,
მახვილით გაპობილ
მკერდს - გულის ფიცარსა.

15. შეჰკივლა და მიწას
დაემხო გუდრუნი:
თმები გაეწეწა,
ღაწვნი დაუწითლდნენ,
თვალთაგან მუხლებზე
ცრემლმა ითქრიალა.

16. ატირდა გუდრუნი,
გიუკის ასული,
ცრემლისა ნაკადმა
ზღურბლი დაასველა,
ეზოში ყიყინი
ატეხეს ბატებმა-
გუდრუნის ფრთოსნებმაც
იგრძნეს განსაცდელი.

17. მაშინ თქვა გულრანდმა -
გიუკის ასულმა:
"დაო, სიყვარული,
ტრფობა თქვენიმერი
სხვათა სიყვარულთა
ქვეყნად აღემატა!
ვუწყი, ფრთეს კვეცავდა
შენი აღტაცება,
ოდეს შენს მახლობლად
სიგურდს ვერ ხედავდი!"

18. წარმოთქვა გუდრუნმა -
გიუკის ასულმა:
"გიუკის ვაჟებში
ეგრე ჩნდა სიგურდი,
ვითარცა ლერწამი,
შამბში ამართული,
ვითარცა ელვარე
ლალი რამ ძვირფასი
მოჩანს ამბარჩაზე,
სხვა ქვებში ჩამჯარი!

19. მე ისე მიცქერდნენ
კონუნგის მხედრები,
ვითარცა ოდინის
ქალწულთა მამაცთა;
დავჭკნი აწ, ვითარცა
ფოთოლი საბრალო
და ესე მომაგო
მე მისმა სიკვდილმა.

20. სკამზე ვერ ვიხილო
აწ, ვერც სარეცელზე
და ესე ბრალად სდევთ
გიუკის ვაჟებსა;
ძენი გიუკისა
მექმნენ დამღუპველად.
აწ ცხარე ცრემლსა ღვრის
დაი მათი, ბედშავი!

21. დე, თქვენი ქვეყნები
ისე განიძარცვოს,
როგორც თქვენ გასტეხეთ
აღთქმა-საფიცარი;
ოქრო არ მოგეგოს
სიკეთე, გუნარო,
ეგე სამკაულნი
გექმნან დამღუპველად.
შენ ხომ ერთგულება
შეჰფიცე სიგურდსა!

22. იდგა სიხარული
ჩვენს ციხე-ქალაქში
ჟამსა, როს სიგურდი
კაზმავდა გრანისა,
როს ბოროტ ბრუნჰილდთან
მისსა დასანიშნად
დღესა მას, დაწყევლილს,
მიემგზავრებოდა!"

23. წარმოთქვა ბრუნჰილდმა -
ასულმან ბუდლისა:
"დაე, დაეხოცოს,
გაუწყდეს ქმარ-შვილი,
ვინაც შენ ცრემლები
მოგგვარა, გუდრუნო,
და ჭავლი სიტყვისა
ვინაც დაგიბრუნა!"

24. წარმოთქვა გულრანდმა -
გიუკის ასულმა:
"იყუჩე, მზაკვარო,
კაცთა საძულველო!
დაღუპვა გმირების
შენ გადევს ცოდვადა,
დიაცო ბოროტო,
ბედისგან დევნილო,
შვიდთა მათ კონუნგთა
დარდო, სატკივარო,
ქმართა ბედნიერთა
(შხამო) დამღუპველო!"

25. მაშინ თქვა ბრუნჰილდმა -
ასულმან ბუდლისა:
"ატლიმ დაგვატეხა
თავს უბედურება -
ბუდლისგან შობილმა,
ძმამან ბრუნჰილდისმან,

26. ოდეს ჩვენ, ორთავემ,
ჰუნთა სასახლეში
ვიხილეთ სიგურდი,
ოქროში ჩამჯდარი;
მას ძვირად დაუჯდა
იგი მაჭანკლობა,
მე კი საუკუნოდ
მექმნა დამღუპველად!"

27. სვეტთან აღიმართა,
ძალ-ღონეს იკრებდა,
იწვოდა ბრუნჰილდი -
ასული ბუდლისა,
თვალებს აელვებდა,
შხამსა ისუნთქავდა,
როს მკვდრისა სიგურდის
უმზერდა ჭრილობებს.


გუდრუნი ტყეში გაიჭრა, იქიდან - უდაბნოში, დაბოლოს დანიას მიაღწია და იქ, თორასთან - ჰაკონის ასულთან - დაჰყო შვიდი ნახევარწლეული. ბრუნჰილდს სიგურდის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე აღარ უნდოდა. მან უბრძანა, დაეხოცათ მისი რვა მონა და ხუთი მონა ქალი. შემდეგ თვითონაც მახვილი დაიცა და სასიკვდილოდ განიგმირა, როგორც ამის შესახებ მოთხრობილია მოკლე სიმღერაში სიგურდზე.


მესამე სიმღერა სიგურდზე, ფაფნირის
მკვლელზე

(Sigurdhkvidha Fafnisbana Tridja)
1. ოდესღაც სიგურდი,
გმირი მეომარი,
ჭაბუკი ვოლსუნგი
ესტუმრა გიუკის;
მან ფიცი მიიღო
ძმათა ორთავეთა -
მხედართა მამაცთა
აღთქმა-ერთგულების.

2. მისცეს მას განძი და
საცოლე ლამაზი -
ქალწული გუდრუნი -
გიუკის ასული;
ლხინი და გართობა
ჰქონდათ იქ ხანგრძლივი
გიუკის ვაჟებს და
მზეჭაბუკ სიგურდსა,

3. სანამდე ბრუნჰილდთან
მისსა დასანიშნად
გაემგზავრებოდნენ;
თან გაჰყვათ სიგრუდიც -
ჭაბუკი ვოლსუნგი.
გმირს რომ შეძლებოდა,
თვითონ შეირთავდა,
ქალწულს მას ცოლადა!


* * *


4. სიგურდ სამხრეთელმა
ქალსა და თვის შორის
მახვილი შიშველი
დადო სარეცელზე;
არცა უკოცნია
ქალისთვის ვაჟკაცსა,
არცა მოხვევია
ქალს ჰუნთა კონუნგი,
გიუკის ძისათვის
იცავდა ქალწულსა.

5. უმწიკვლო, უზადო
ჰქონდა გმირს, სიცოცხლე -
სიგურდს არ ეწვნია
დაცინვა ბედისა;
შიში, შეჭირვება,
დია, არ უწყოდა,
გარნა გზა შეუკრეს
მრისხანე ნორნებმა!

6. იჯდა საღამო ხანს
სახლის წინ ქალწული,
ფიქრებს არ მალავდა
და წარსთქვა შეხმობით:
"ვინძლო ვეხვეოდე
გმირსა მას ჭაბუკსა,
თუ ჩემი არ გახდეს,
ჩემგან განიწიროს.

7. ვთქვი ესე სიტყვანი
და შემდეგ ვინანებ:
ის გუდრუნს შეირთავს,
მე გუნარს გავყვები,
ნორნებმა დაგვითქვეს
დარდი, განსაცდელი!"

8. ხშირად, საღამო ხანს,
თოვლსა და ყინვაში,
შხამგესლით აღსავსე
დადის ის მარტოკა,
ოდეს სარეცელზე
გუდრუნთან სიგური
წვება და ეხვევა
მეუღლეს საყვარელს
და ტკბება ალერსით
ჰუნების კონუნგი.

9. "მე არცა ქმარი მყავს,
არც მაქვს სიხარული,
რისხვითა ჩემითა
შევქმნი ჩემს სიხარულს!"

10. შხამი ბოროტების
გულში ჩაეჭვეთა:
"მალე, საუკუნოდ,
დაჰკარგავ, გუნარო,
ჩემს თავსა, ჩემს ქონებას,
ჩემს მდიდარ სამკვიდროს,
მე ბედნიერება
ვერ ვპოვო შენთანა!

11. წავალ, დავბრუნდები,
საითაც მოვსულვარ -
ჩემს ნათესავებთან,
ადრე რომ ვცხოვრობდი;
დან იქვე დავრჩები,
მათთან, სიკვდილამდე,
თუ შურს არ იძიებ -
არ მოჰკლავ სიგურდსა,
სიგურდის უმეტეს
თუ ვერ ამაღლდები!

12. შვილი მამის კვალზე,
დაე, გაემგზავროს!
ცოცხალს ნუ გაუშვებ
ლეკვსა მას მგლისასა!
მალე შერიგება
ხდება მოსისხართა,
თუ შვილი ცოცხლებსი
აღარა სწერია".

13. წაეღო გუნარი
ფიქრსა მას მწარესა,
მთელი დღე მდუარედ
იჯდა ნაღვლიანი:
ვერ გადაეწყვითა,
თვისდა საკადრისად
როგორ ემოქმედნა,
რა გზას დასდგოოდა -
ვით ხამდა ჩარევა
მისი ამ საქმეში, -
რამეთუ უწყოდა -
დაღუპვა ვოლსუნგის
იყო საშინელი
და თავზარდამცემი.

14. და დიდხანს ფიქობდა
დარდით დასეტყვილი:
სად, ვისგან სმენილა -
დედოფალს სამეფო
ქმრისა მის კონუნგის
მიეტოვებინოს.
ჰოგნისთან იდუმალ
იწყო მან თათბირი,
ის უერთგულესი
ჰყავდა მეგობარი.

გ უ ნ ა რ მ ა თ ქ ვ ა:
15. "მიყვარს მე ბრუნჰილდი -
ასული ბუდლისა -
ქალთაგან ამქვეყნად
უბადლო მშვენება;
დია, აწ მირჩევნის
დავთმო მე სიცოცხლე,
ვიდრე დავკარგავდე
ცოლს და მის ქონებას!

16. მო, იგი კონუნგი
მოვკლათ და საუნჯეს
მისსა დავეუფლოთ!
რაი სჯობს - ხელთ ვიგდოთ
განძი რაინისა,
აღვივსოთნ სიმდიდრით,
ვმართავდეთ ქვეყნებსა,
ვიყოთ ბედნიერნი!"

17. და ჰოგნიმ პასუხი
მიუგო ამაზე:
"ჩვენგან არ ეგების
სიმუხთლე ამგვარი,
გავტეხოთ, მახვილით
გავაპოთ აღთქმანი,
რაიცა ვიტვირთეთ,
მტკიცე საფიცარი!

18. ჩვენზე ბედნიერი
ქვეყნად სხვა ვინ არის,
სანამ ჩვენ ოთხნი ვართ
და ვმართავთ ლაშქარსა,
სანამ ცოცხალისა
ბალდრი ჰუნებისა
და ნათესაობა
მსგავსი სად, ვინ პოვოს,
თუ ხუთნივ ხანგრძლივად
ვიცხოვრებთ ამქვეყნად -
ძეთა ღირსეულთა
აღვუზრდით მოდგმასა!

19. ვუწყი მე, ეგ გზები
საიდან მოდიან:
მძიმე ბრუნჰილდის
ვნება-შურისგება".

გ უ ნ ა რ მ ა თ ქ ვ ა:

20. "გოთორმს წავაქეზებთ,
იკისროს მკვლელობა
ძმამა უმრწემესმა,
უწვრთნელ-უგუნურმა:
მას არ წარმოუთქვამს
იგი საფიცარი,
რაიც ჩვენ ვიტვირთეთ
აღთქმად ერთგულების".

21. ადვილად დათანხმდა
წინდაუხედავი:
უგნურმა მახვილი
გულს ჩასცა სიგურსა.

22. აღინთო კონუნგი
შურისა ძიებად,
მახვილი ესროლა
ყმასა უგუნურსა;
რკინამ ორლესულმა
გოთორმზე იელვა -
გრამმა გატყორცნილმა
ძლიერი ხელითა.

23. მკვლელი მუხანათი
ორად განიკვეთა:
ცალკერძ დაენარცხა
თავი მხრებიანად,
ფეხნი გადაზნექით
უკუ განიშხვართნენ.

24. გუდრუნს ჩაეძინა
ტკბილად, უდარდელად,
თვისსა სარეცელზე,
სიგურდის გვერდითა,
გარნა გაიღვიძა
სიმწრით და ძრწოლითა
ფრეირის მეგობრის
სისხლშიგან მცურავმა.

25. და ისე შემოჰკრა
მან მძლავრად ხელი ხელს,
რომ სულით ძლიერმა
ზეწამოიწია:
"გუდრუნო, ნუ ტირი,
მეუღლევ ძვირფასო,
ჯერ ხომ კვლავ ცოცხალი
გყვანან შენი ძმანი!

26. მრჩება მე მემკვიდრე,
ჯერ ისევ ყმაწვილი,
გარნა მტრის სახლიდან
იგი ვინ დაიხსნას?
ძმესა გუდრუნისა
ავი რამ ახალი,
საშიში, მუხთალი
საქმე განუზრახავთ.

27. დაი მათი ასეთსა
ქვეყნად სხვას ვერ გაზრდი,
თუნდ, ერთის სანაცვლოდ
შვიდი სხვა დაბადო!
უბედურებისა
ვუწყი დასაბამი:
ესე ყოველივე
ბრალად დევს ბრუნჰილდსა!

28. ქალსა მას მამრთაგან
მხოლოდ მე ვუყვარდი, '
გარნა გუნარისა
ფიცსა ვერ ვეცრუე.
დავიცავ აღთქმანი
და ნათესაობა -
არ ვიქმენ მეგობრად
მე მისი ცოლისა".

29. ცოლს კვნესა აღმოხდა,
ქმარს სული განშორდა;
ქალმან კვლავ სიმწრისგან
შემოჰკრა ხელი ხელს -
კუთხეში, თაროზე,
თასნი აწკრიალდნენ,
ეზოდან ყიყინით
ხმა მისცეს ბატებმა.

30. მაშინ გაიცინა
ასულმან ბუდლისა,
ერთხელ გულიანად
ბრუნჰილდს გაეცინა,
ოდეს მას შორიდან
ჩაესმა საწოლში
გიუკის ასულის
მოთქმა დ ქვითინი.

31. წარმოთქვა გუნარმა,
ჭაბუკმა კონუნგმა:
"შენ სიხარულისგან
როდი გეცინება,
ქალი, გულბოროტო,
ავო, ღვარძლიანო!
ავის შემოქმედო,
ფერი რად გეცვალა.
შენი აღსასრულიც,
ვგრზნობ, მალე დადგება!

32. კარგი იქნებოდა,
საკუთარ თვალითა
გენახა ჩვენ მიერ
ატლი განგმირული,
გენახა ძმის ტანზე
წყლული სისხლიანი,
მძიმე ჭრილობები
მისთვის შეგეხვია!"

33. წარმოთქვა ბრუნჰილდმა -
ასულმა ბუდლისა:
"შენ მხდალი არა ხარ,
მარჯვედაც იბრძოდი,
გარნა სიმამაცით
ატლის ვერ ედრები,
თქვენს შორის ორთაგან
ის მეტხანს იცოცხლებს,
ძალით და დიდებით
იგი აღემატოს.

34. თვით უწყი, გუნარო,
რომ აჩქარებითა
თქვენ დანაშაული
დიდი ჩაიდინეთ!
მე, თავისუფალი,
ლაღი, უდარდელი,
ვცხოვრობდი მდიდრულად
სახლსა მას ძმისას.

35. გულში არ გამევლო
ფიქრად გათხოვება,
სანამ გიუკუნგნი -
თქვენ, სამი მხედარნი,
სამი მძლე კონუნგი -
ჩემთან მოხვიდოდით;
ჯობდა, რომ არასდროს
არ მოსულიყავით!

36. აღვუთქვი ცოლობა
კონუნგს მას, რომელიც,
ოქროთი შემკული,
ზურგს აჯდა გრანისა;
იგი თქვენ არაფრით
არ გგავდათ არც ერთსა -
არც თვალთა ცეცხლითა,
არც სახის იერით,
თუმცა დიდ კონუნგთა
თქვენც გქონდათ ილეთი.

37. მაშინ მე იდუმალ
მაცნობა ატილმა,
რომ იგი არ გაჰყოფს
ქონებას შუაზე,
არ მომცემს არც ოქროს,
არც მიწას ჩემს წილსა,
თუ არ გავთხოვდები,
თუ ქმარს არ გავყვები,
არ მომცემს სამკვიდროს
წილსა მის ნახევარს.
ჯერ ისევ ყრმობის ჟამს
აღმითქვა რაიცა.

38. აღვინთე, აღვშფოთდი,
სული ამეწეწა,
ვერ გადამეწყვითა -
ამესხა ჯავშანი
ხოცვად მოლაშქრეთა,
ჩემი ძმის მიზეზით! -
მაშინ ამ ამბავსა
ყველა შეიტყობდა,
ბევრს დაატყდებოდა
დარდი და ნაღველი.

39. გადაწყდა, ბოლომდე
დაგვეცვა პირობა,
მსურდა მე ხელთ მეგდო
განძი ოქროული -
ძისა სიგმუნდისა
ბეჭდბი წითელი;
საუნჯეს უკეთსს
არცა ვისურვებდი;
ერთი მყვარებოდა
და არა სხვადასხვა -
ეს იყო ქალწულის
ფიქრი უწმინდესი.

40. ატლი ჩემს სიმართლეს,
დია, ერწმუნება,
როს ჩემი სიკვდილის
ამბავს გაიგონებს, -
რა მტკიცე ყოფილა
სურვილი ცოლისა,
ვინც ცოცხლად სხვის ქმარსა
ჩაჰყვა სამარეში
და იგი ჩემს გამო
აღსდგა შურისგებად!"

41. წამოდგა გუნარი
და ღირსმა კონუნგმა
მხრებზე შემოხვია
ქალს მძლავრი მკლავები,
შემოკრბნენ სხვანიცა,
ქალსა შეგონება
უწყეს - არ უშვებდნენ,
უშლიდნენ წასვლასა.

42. ხელი ჰკრა სულყველას,
ყველა მოიშორა,
ვინც წინაღუდგა
გრძელსა მის მგზავრობას.

43. მოუხმო ჰონგისა
და უთხრა გუნარმა:
"მინდა ეს დარბაზი
ერთად დაიკავონ
ჩემმა მეომრებმა,
შენმა მეომრებმა!
სიკვდილის გზაზედა
ბრუნჰილდს ნუ გავუშვებთ,
სანამ დაბრკოლება
სხვა რამ არსადა ჩანს;
გარნა თუ გამოჩნდეს,
აღსრულდეს დათქმული!"

44. პასუხად ოდენ ეს
მიუგო ჰოგნიმა:
"გრძელსა მის მგზავრობას
ხელს ნურვინ შეუშლის,
უკან ნუღარასდროს
ნუღარ დაბრუნდება!
ის, ვით ბოროტება,
შვა ქვეყნად დედამა
კაცთათვის მრავალთა
უბედურებათა,
ავთა მათ საქმეთა,
ხიფათთა მომტანად!"

45. დარდით დასეტყვილი
გავიდან გუნარი.
ხემა სამკაულთა
უწყო განძს გაყოფა.
თვალი გადაავლო
განძსა მას ძვირფასსა.
მონათა დახოცილთ,
მკვდართა მოახლეთა,
ელვარე აბჯარი
აისხა მწუხარემ,
სანამ მკერდს მახვილით
შუა გაიპობდა.

46. სარეცლის კიდეზე
დაეცა ბრუნჰილდი
და გულგანგმირულმა
თქვა ეს სიტყვანი:

47. "დე, მომიახლოვდეს,
ვისაც სურს მიიღოს
ჩემი ოქრო-ვერცხლი,
განძი, სამკაული.
ყვალას დავურიგებ
წითელ სამაჯურებს,
ნაქარგ პირბადებს,
ტანსაცმელს ელვარეს".

48. შეძრწუნდნენ ყველანი,
იდგნენ გარინდებით,
შემდეგ კი ერთობლივ
მიუგეს ბრუნჰილდსა:
"კმა გვეყოს მკვლელობა!
შენთა მოახლეთა,
მონათა მშიერთა
გვწყურის აწ სიცოცხლე".

49. ცოლმა ახალგაზრდამ,
სელით შემოსილმა,
ესე ყურად იღო
და წართქვა სიტყვანი:
"მე სულაც არა მსურს,
რომ ვინმეს ჩემ გამო
დააკლდეს სიცოცხლე -
ჰელსა ბნელს ჩავიდეს.

50. დაე, ნუ ამკობდეს
თქვენს ძვლებს სამკაული -
სიმდიდრე, სიუხვე,
განძი მენიასი -
ოდეს ჩვენ იმქვეყნად
შევხდებით ერთმანეთს.

51. დაჯექ და, გუნარო,
სიტყვა მომისმინე:
ჩაუქრა შენს ცოლსა
სიცოცხლის იმედი;
გარნა თქვენს ხომალდსაც
მარცხი ემუქრება,
დაე, მე დავაკლდე,
განვშორდე ქვეყანას!

52. აწ მალე გუდრუნსა
შენ შეურიგდები,
ის, გულდასეტყვილი,
იცხოვრებს კონუნგთან -
მკვდარი ქმრის მომგონე,
მეუღლე ჭკვიანი.

53. შობს იგი ასულსა,
დღისა უნათლესსა -
ქალწულს მას მშვენიერს,
თეთრსა, ულამაზესს -
სვანჰილსდა, სინათლით
მზის შუქის სადარსა.

54. გუდრუნსა მრავალთა,
ვაჟკაცთა დამღუპველს
გმირსა უმამაცესს
შენ შერთავ ცოლადა;
გარნა არ იქნება
ქმართან ბედნიერი;
მას ატლი შეირთავს,
გმირი დიდებული,
ბუდლისგან შობილი
ძმა ჩემი ძლიერი.

55. ბევრი რამ ავის
ძალმიძს მოგონება,
თუ რარიგ მიმტუნეთ,
მუხთლად მომაღორეთ;
მე უსიხარულოდ
განვვლე გზა ცხოვრების.

56. შენ ცოლად ოდრუნის
შერთვას მოისურვებ,
ატლი არ გაგიშვებს,
არ დაგრთავს ნებასა;
დაგტანჯავთ ნდომასა
სევდა იდუმალი:
ის შენ შეგიყვარებს,
ვითარ მე შემეძლო,
დია, მყვარებოდი,
ბედს რომ არ ემუხთლა!

57. ატლი დღენიადაგ
დაგიწყებს დევნასა,
გაგწირავს, ჩაგაგდებს
ორმოს გველისასა.

58. მალე სხვა ამბავი
მოჰყვება ამ ამბავსა:
ატლი სიცოცხლესა
დატოვებს - მოკვდება,
დაკარგავს ქონებას
და ბედნიერებას,
რამეთუ გუდრუნი.
ჟამსა მრისხანების,
საწოლში განგმირავს
მას ბასრი დანითა.

59. დია, აჯობებდა -
დაი შენი - გუდრუნი
საფლავს ჩაყოლოდა
ქმარსა მას პირველსა.
ესმინა ვისნიმე
რჩევა სასიკეთო,
ანდა გამბედავი
ჩემებრ ყოფილიყო.

60. ვურჩევ მომაკვდავი,
თუმცა ჩემს არჩევას
იგი არ მიიღებს,
არ დასთმობს სიცოცხლეს:
მალე ზღვის ტალღები
მას გაიტაცებენ
ქვეყანას უცხოსა -
იონაკრისასა ;
ძენი იონაკრის
ბჭობენ, თათბირობენ.

61. სვანჰილდს სულ სხვა მხარეს
გაგზავნის გუდრუნი -
ასულს, სიგურდისგან
მის მიერ შობილსა.
ქალწულს მას დაღუპავს
თათბირი ბიკისა.
ორმუნრეკს დაღუპვა
მოაქვს გარდუვალი, -
ასე ამოწყდება
მოდგმა სიგურდისა -
რომ მეტი ცრემლები
დაღვაროს გუდრუნმა.

62. აწ მხოლოდ ერთი მაქვს
შენთან სათხოვარი -
თხოვნა საბოლოო
იქმნას ჩემმიერინ :
უბრძანე, აანთონ
მინდორში კოცონი,
რომ მასზე ერთობლივ
დავიწვათ ყველანი.
ვინაც აქ სიგურთან
ერთად დავიხოცნეთ.

63. ფარებით, ნოხებით
შეამკეთ კოცონი,
დაფინეთ ქსოვილი,
ზედ დადეთ მონები;
დე, ჩემთან, ჩემ გვერდით
დაიწვას სიგურდი.

64. დაიწვან კონუნგთნ
ჩემი მოახლენი,
ყელსაბამ ძეწკვებით
შემკული მდიდრულად,
დაგვიდებთ თავებქვეშ
თითო ქორს ორთავეს,
რამეთუ წესითა
აღსრულდეს ყოველი.

65. დე, იდოს ჩვენს შორის
პირბასრი მახვილი,
ოქროთი ნაჭედი,
ვით იდო ოდესღაც,
როს მე და სიგურდი
ერთსა სარეცელზე
ვიწექით ერთადა,
ცოლ-ქმრად წოდებული.

66. დაე, ტერფს ნუ წარჰკვეთს
მას, დარბაზს შემავალს,
კარი - ალაყაფი,
ოქროსფრად ელვარე;
და თუ მეც თან გავყვე
კვალდაკვარ კონუნგსა,
გვექმნას საქორწილო
მგზავრობა მდიდრული.

67. ხუთთა მონა ქალთა,
ღირსეულ მოდგმათა
რვათა მათ მსახურთა,
ჩვენ თან გავიყოლებთ.
ჩემთა მოახლეთა,
აღზრდილთ მამაჩემთან
და მამის ქონებას,
ბუდლისგან ნაბოძარს.

68. მე ბევრი ვიუგნე,
ბევრსაც კვლავ ვიტყოდი,
ბედს რომ არ ემტყუნა -
სიცოცხლე დამცლოდა!
ყრუვდება ჩემი ხმა
და წყლულნი მტკივიან,
ვკვდები და სიმართლეს
ვამბობ ყოველივეს!"

ჰელს გაემგზავრება ბრუნჰილდისა

(Helridh Brunhildar)

ბრუნჰილდის სიკვდილის შემდეგ ორი კოცონი გააჩაღეს: ერთი სიგურდისათვის, - და ეს კოცონი დაიწვა პირველად, ხოლო ბრუნჰილდი მეორე კოცონზე დაწვეს. იგი ესვენა ეტლზე, რომელსაც ჩამოფარებული ჰქონდა ძვირფასი ქსოვილი. ამბობენ, რომ ბრუნჰილდი (იმ) ეტლით გაემგზავრა ჰელს და გაიარა ერთ ციხესიმაგრესთან, რომელშიაც ცხოვრობდა ვიღაც გოლიათი ქალი.

გ ო ლ ი ა თ მ ა ქ ა ლ მ ა
თ ქ ვ ა:

1. "შენ ჩემს სასახლესთან
გავლა არ გაბედო,
მას ქვის გალავანი
არტყია გარშემო!
ქსლისა მბეჭველობა
შეგფერის უფრორე,
ვიდრე სამარისკენ
სხვის ქმარს აედევნო.

2. მარქვი, ვალანდიდან
აქ რამ მოგიყვანა,
ვერაგო, ჩემს დარბაზს
ვით შემოაღწიე?
ვარო ოქროისა,
ვინძლო ყურად იღო -
ხელი კაცთა სისხლით
გაქვს ცოდვილს დასვრილნი!"

ბ რ უ ნ ჰ ი ლ დ მ ა თ ქ ვ ა:
3. "აწ მისთვის ნუ განმსჯი,
ქვისა ბინადარო,
თუ ფიცხელ ბრძოლებში,
თან ვახლდი ლაშქართა!
ჩვენ ორში უთუოდ
მე მომიწონედნენ,
რომ კაცთა შეეძლოთ
ჩასწვდნენ ჩემს ჯილაგსა".

გ ო ლ ი ა თ მ ა ქ ა ლ მ ა
თ ქ ვ ა:
4. "შობილხარ, ბრუნჰილდო,
ასულო ბუდლისა,
ქვეყნად ფათერაკთა
ავთა მომავლენად,
ძენი გიუკისა
ოდენ შენ დაღუპე,
შენ გაანადგურე
მათნი სასახლენი".

ბ რ უ ნ ჰ ი ლ დ მ ა თ ქ ვ ა:
5. "ეტლიდან პასუხსა
მოგაგებ გონივრულს,
თუ გწადს, უგუნურო,
უწყოდე სიმართლე -
ძენი გიუკისა
ვით მაიძულებდნენ,
მეტეხა აღთქმანი,
მეთმო სიყვარული.

6. კონუნგმა მამაცმა
ჩვენი ტანსაცმელი -
რვისა დის სამოსი -
ხელთ იგდო მუხის ქვეშ;
მაშინ მე თორმეტი
ზამთრისა ვიყავი,
ოდეს ერთგულება
აღვუთვი თავადსა.

7. მე იქ, ჰლიმდალირში,
ჰილდად თოროსანად
მიხმობდნენ ყველანი -
კაცნი გონიერნი.

8. გოთების მოდგმიდან
მე ჰაილმგუნარი
ჰელსა ბნელს გავგზვნე -
დიახ, ხანდაზმული,
ძმასა აუდასსა
მწედ ვეყავ ბრძოლაში,
რაითაც ოდინი
დიდად განვარისხე.

9. მან ჩემთვის ააგო
რაგვი - გალავანი,
თეთრ-წითელ ფერებით
გარშემოვლებული;
დაუთვა, რომ ჩემს ძილს
მხოლოდ ის დაარღვევს,
ვინც შიში არ იცის,
ამ ქვეყნად რა არის.

10. ბრძანა მან გალავნის
ჩემისა გარშემო
ენთოს და ინათოს
ხის მტერმა, მრისხანემ;
ალსა მას მძვინვარეს
გავლა მან გაბედოს,
ვინც ოქრო ხელთ იგდო,
ფაფნირს რომ ებადა.

11. გმირმა აბჯროსანმა
გრანი მოაჭენა
გამზრდელის ჩემისა
სახლსა სამყოფელსა;
იყო უმამაცეს
ყოველთა მხედართაგან
ვიკინგი დანიის -
ლაშქართა მშვენება.

12. ერთსა სარეცელზე
ვწვებოდით ორთავე,
ვით ღვიძლი და-ძმანი,
ერთად ვიძინებდით;
ასე გავატარეთ
ერთად ჩვენ რვა ღამე,
ერთმანეთს ხელითაც
კი არ შევხებივართ!

13. მყვედრიდა გუდრუნი,
გიუკის ასული,
სიგურდთან წოლასა -
ვითომც მის მკლავებზე;
ვითარ მე შევიტყვე, -
სჯობდა არც შემეტო! -
რა საბედისწერო
მქონდა ქორწინება.

14. დე, იბადებოდნენ
ქალნი, მამაკაცნი
ქვეყნად ვაებითა,
დარდით, მწუხარებით,
მე სიგურდისაგან
აწ ვერვინ გამყაროს!
ქალთა გოლიათთა
მოდგმავ, დაიღუპე!"

მეორე სიმღერა გუდრუნზე

(Gudrunarkvidha Őnnur )

ნიფლუნგთა დახოცვა

მაშინ გუნარი და ჰოგნი დაეუფლნენ მთელ ოქროს - ფაფნირის სამკვიდრო-საბადებელს. გიუკუნგებსა და ატლის შორის იმ დროს ჩამოვარდნილი იყო შუღლი და მტრობა. ატლი ბრუნჰილდის სიკვდილში გიუკუნგებს სდებდა ბრალს. შერიგდნენ და შეთანხმდნენ იმაზე, რომ გიუკუნგებს მისთვის უნდა მიეთხოვებინათ გუდრუნი. გიუკუნგებმა დავიწყების სასმელი დაალევინა გუნდრუნს, სანამ იგი მათ ატლის ცოლობაზე დათანხმდებოდა. ატლის ვაჟებს ერპი და ეიტილი ერქვათ, ხოლო სვანჰილდი იყო ასული სიგურდისა და გუდრუნისა.
კონუნგმა ატლიმ თავისთან მიწვია გუნარი და ჰოგნი, ხოლო მაწვევრად მათთან წარგზავნა ვინგი, ანუ კნეფროდი. გუდრუნმა უწყოდა მზაკვრული განზრახვა ატლისა ა რუნებით მისწერა მათ, რომ არ წამოსულიყვნენ. ხოლო, მოსალოდნელი ფათერაკის ნიშნად, მან ჰოგნის გაუგზავნა ანდვარისული ბეჭედი, რომელსაც გარს მგლის ბალანი შემოაწნა.
გუნარს სურდა ცოლად შეერთო და ატლისა ოდრუნი, მაგრამ არ მისცეს. მაშინ მან გლაუმვორი შეირთო. ხოლო ჰოგნის ცოლად გაჰყვა კოსტბერა და მათ ვაჟეს ერქვათ: სოლარი, სნევარი და გიუკი.
ხოლო როდესაც გიუკუნგები ატლისთან მივიდნენ, გუდრუნმა უბრძანა თავის ვაჟიშვილებს - ეთხოვათ, რათა არ დაეხოცათ გიუკუნგები, მაგრამ მათ ეს არ ისურვეს. ჰოგნის გული ამოჰგლიჯეს, ხოლო გუნარი გველების ორმოში ჩააგდეს. იგი უკრავდა ქნარზე და აძინებდა გველებს, მაგრამ ერთმა ჭრელმა გესლიანმა გველმა შიგ ღვიძლში ჩაასო მას ნესტარი.
კონუნგი თიოდრეკი იყო ატლისთან და იქ დაკარგა მან დიდი ნაწილი თავისი ამალისა. თიოდრეკი და გუდრუნი შესჩიოდნენ ერთმანეთს თავ-თავიანთ უბედურებას. გუდრუნმა უთხრა მას:

სიმღერა გუდრუნზე

1. "მე - ქალწულთ ქალწული -
ბრწყინვალე დარბაზში,
დამბადა დედამა;
მიყვარდა მე ძმები,
ვიდრემდე გიუკი
ოქროთი მომრთავდა
და სიგურდს მიმცემდა.

2. გიუკის ვაჟებსი
ისე ჩნდა სიგურდი,
ვით ღერო ხახვისა
ჩანს სხვა ბალახებში,
ვით ჯიღა ირემი
ჩანს ტყის ცხოველებთან,
ვით ცეცხლი ოქროსი -
ნაცრისფერ ვერცხლთანა.

3. ძმები სიხარბემ და
შურმა გამიგიჟა -
ბადალი არ ჰყავდა
ჩემს ქმარს მეომრებში,
ვერცა იძინებდნენ,
ვერც ბჭობდნენ საღადა,
ვიდრემდე ღალატით
მოკლავდნენ სიგურდსა.

4. გრანი მარტოდმარტო
მოიჭრა თინგიდან,
სიგურდი ამჯერად
ზურგს ეჯდა აღარა;
სისხლში ამოსვრილნი
ფრთხვინავდნენ ცხენები,
მკვლელნი მუხანათნი
მოჰყავდათ დაქნცულთ.

5. მივედი გრანისთან,
ვუწყე საუბარი,
ტირილით ვკითხავდი
სიგურდის ამბავსა;
არ ჭამა ბალახი,
თავი ძირს ჩაქინდრა -
გრძნობდა, აღარ ჰყავდა
პატრონი ცოცხალი.

6. ერთხანს ვერა ვთქვი რა,
ვიყუჩე, ვიტანჯე,
შემდეგ კი სიგურდზე
ვკითხე მე გუნარსა.

7. გუნარმა დუმილით
თავი ძირს დახარა,
მკვლელობა მუხთალი
მე მამცნო ჰოგინმა:
"რაინის გადაღმა
გდია განგმირული
მკვლელი გოთორმისა,
მგლების საჯიჯგნელად.

8. გახედე სამხრეთით,
იქა წევს სიგურდი,
ყურში ხომ ჩაგესმის
ყორნების ყრანტალი!
არწივნი ყივილით
იყოფენ ნადავლსა,
მგლები დაჰღმუიან
შენს ქმარს განწირულსა".

9. "ჰოგნი, მე უბედურს
გული არდ მატკინე,
სევდა საშინელი,
მარქვი, რად მომაგე?
დე, შენს გულს ბოროტსა,
სჯიჯგნიდნენ ყორნები
უცხო ქვეყანათა,
მხარეს უდაბურსა".

10. პასუხად ოდენ ეს
წარმოთქვა ჰოგინმა,
დარდით დასეტყვილმა,
მოღრუბლ-მოღუშულმა:
"მეტი სადარდელი,
გექნება, გუდრუნო,
თუ ჩემს გულს ყორნების
საჯიჯგნად გახდიან!"

11. მოვრჩით საუბარსა,
მყისვე ტყედ გავიჭერ
მგლისა ნადავლისა
პოვნად, მოსავლელად:
მოთქმით არ ვტიროდი,
თავში არ ვიცემდი,
სხვათა დიაცთაებრ
ხელებს არ ვიმტვრევდი,
სიგურდის ცხედართან
ვიჯექ გაოგნებით.

15. მიჩნდა უხილავად
მთვარის შუქნათელი,
ღამით მკვდარ სიგურდთან
მჯომსა, ნაღვლიანსა;
მგლები მის უკეთესს
ვერარას მიზამდნენ,
ბედშავს თუ დამგლეჯდნენ,
დამსხნიდნენ სატანჯველს!
თუ არყის ხესავით
მყისვე ნდავიწოდი!

13. ხუთ დღეს ვეშვებოდი
კლდოვან ქარაფებზე,
ვიდრე არ ვიხილე
დარბაზნი ჰალფისა;
შვიდჯერ ნახევარი
დავყავ წელიწადი
დანიას, თორასთან -
ჰაკონის ასულთან.

14. ქსოვდა ოქრომკედით,
ჩემდა გასართობად.
სამხრეთის დარბაზებს,
დანიის გედებსა.

15. გემებში ჩავქარგეთ
ბრძოლები ფიცხელი.
საქმენი კონუნგისა,
დია, საგმირონი;
ფარნი მეწამული,
ჰუნი მეომარნი,
ჯავშანში ჩამჯდარი
ჯარი სიგურდისა.

16. ზვირთებს მიაპობდნენ
სიგმუნდის ნავები
ოქროვან შტევნებით,
ნაქარგი დინგებით;
ვქარგავთ, ამოვქარგეთ,
ვით, რარიგ იბრძოდნენ
სიგარ და სიგაირ,
სამხრეთში, ფიონზე.

17. შეიყტო გრიმილდმა -
გოთების ასულმა -
ჩემი სამყოფელი;
დააგდო ხელსაქმე
და მყის მოუწოდა
ბჭობად, განსასჯელად,
ძეთა მათ თვითრჯულთა -
თუა ძმა თანხმა,
დასა საზღაურად
ქმრისა სიკვდილისა
მისცეს სასყიდელი.

18. მზად იყვნენ ორნივე -
ჰოგნი და გუნარი,
ოქროს სასყიდლითა
ეზღოთ საზღაური.
ჰკითხა მათ გრიმილდმა:
ცხენებს ვინ შეკაზმავს,
ეტლში ვინ შეაბამს,
ვინ არის მსურველი
ცხენდაცხენ რბოლისა,
ქორისა ამფრენი,
ურთხმელის მშვილდიდან
მტყორცნელი ისრისა?

19. ვალდარ დანიელი,
იარიცლაიფი,
ეიმოდრ მესამე
და იარიცკარი
დარბაზს შემოვიდნენ -
ბადალნი კონუნგთა:
ლანგბარდის მხედრები
წითელ ლაბადებში,
ოქროს ჯავშნოსანნი,
წვეტიან ზუჩებით,
ბარძაყთან - მახვილი,
თმაი - წაბლისფერი.

20. ლამობდნენ ყველანი
საჩუქრის მორთმევას,
საჩუქრის მორთმევას,
ნუგეშის ცემასა,
ვითომცდა, ჩემისა
სევდის განქარვებად,
გარნა ერთგულება
მათი არა მწამდა.

21. გრიმილდმა ავსილი
რქაი მომაწოდა -
მწკლარტე რამ სასმელი
სიმწრის დავიწყების:
ძალითა მიწისა,
ცივწყალის შხეფებით
და ტახის სისხლითა
ნაზავი უებრო.

22. რქა იყო ნაქარგი
მეწამულ რუნებით -
გარნა ვერ ამოვხსენ,
ვერა გავუგე რა:
თევზი მანანისა,
ჰადინგის ქვეყნისა
თავთავი უმკალი,
ხახა ნადირისა.

23. იყო ამ სასმელში
ბევრი ფათერაკი,
ფოთლები ყველა ხის,
დამწვარი რკოს ფერფლი,
კერიის ცვარ-ნამი,
მსხვერპლთა შიგნეული
და ღვიძლი ღორისა -
მტრობის დამთრგუნველი.

24. შევსვით ის სასმელი
და გადვავიყწდა
სიტყვანი ყოველი.
დარბაზს წარმოთქმული;
ჩოქით მომეახლა
მე სამი თავადი,
სანამდე გრიმილდი
მეტყოდა სიტყვას:

25. "გიბოძებ, გუდრუნო,
ოქროს უამრავსა,
მამისა სამკვიდროს,
განძსა დანატოვარს,
მეწამულ ბეჭედებსა,
ჰოლდვერის დარბაზებს,
ხალიჩას ძვირფასსა,
მკვდრისა ქმრის სანაცვლოდ.

26. მქსოველთა ამალას -
ლამაზ ჰუნ გოგონებს,
ქარგვის ოსტატებსა -
შენდა გასართობად;
ბუდლისა საუნჯის
იქმნა შენ მფლობელი,
ოქროთი მორთული,
მისთხოვდე ატლისა".

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
27. "არ მსურს გათხოვება,
არა, ვით ეგების -
ძმასა ბრუნჰილდისა
გავმყვე მე ცოლადა!
არცა ვით შემფერის
ბუდლის ნაშიერთან
გამრავლო მოდგმა და
ვპოვო სიხარული!~

გ რ ი მ ი ლ დ მ ა თ ქ ვ ა:
28. "ნუ განურისხდები,
ნუ უმტრობ გმირებსა,
თუმცა დამნაშავენი
ვართ შენთან ყველანი!
ძენი თუ დაჰბადო,
გჯეროდეს, ვითომც კვლავ
ცოცხლობენ ამქვეყნად
სიგურდ და სიგმუნდი".

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
29. "გრიმილდო, არ ძალმიძს
ლხენა და ღრეობა,
არ ძალმიძს - იმედი
მივცე რამ ატლისა".

გ რ ი მ ი ლ დ მ ა თ ქ ვ ა:
30. "საქმროდ აგირჩიე
განთქმული კონუნგი,
მხედარი უბადლო
და უპირველესი:
ინდომო - იცხოვრებ
მასთან სიბერემდე,
არადა - დარჩები
უქმროდ, უსახელოდ!"

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
31. "ნუ მთხოვ და ნუ მირჩევ,
ნურცა მაიძულებ -
ავთა მოშუღლართა
მოდგმას შევეთვისო!
ატლი ბოროტებას
შეამთხვევს გუნარსა,
ჰოგნის გულს ამოგლეჯს
მკერდიდან ავსული.
მე ვით მოვისვენო,
ვიდრემდის არ მოვკლავ
მახვილთა თამაშის
ამტეხს, შფოთიანსა".

32. ატირდა გრიმილდი
და წართქვა ქვითინით,
შვილთა, ნათსავთა
ზედან ფათერაკთა,
ავთა მათ ხიფათთა,
დია, მომლოდინემ:

გ რ ი მ ი ლ დ მ ა თ ქ ვ ა:
33. "გიბოძემ მიწებს და
მსახურთა ამალას,
ვინბორგს და ვალბორგსა,
თუ გწადის, ასულო,
ფლობდე მათ სიკვდილმდე,
იყო ბედნიერი".

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
34. "რჩევას დავიჯერებ,
გავყვები კონუნგსა,
გარნა ნათესავთა
ჩემთა იძულებით:
ქმართან სიხარულის
არ ვარ მომლოდინე,
სიკვდილი ძმებისა
ვერ იხსნის ჩემს შვილებს".

35. მხედრები ანაზდად
მოახტნენ ცხენებსა,
ეტლებში ვალელნი
ჩასხდნენ ქალბატონნი:
შვიდი დღე ვიმგზავრეთ
მოყინულ მიწებზე,
შვიდი დღე ნიჩბებით
ზვირთებს მივაპობდით,
შვიდი დღე კვლავ მშრალსა
ვიდოდით ხმელეთსა.

36. შემდეგ მეკარეთა
მაღლსია ციხისა
გახსნეს ალაყაფი
და შინ შეგვიყვანეს.

37. ატლიმ გამაღვიძა
ანაზდად შემკრთალი -
ნათესავთ დაღუპვა
ვიგრძენ მე წინასწარ.

ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა
38. "ნორნებს მოესურვათ
ჩემი გაღვიძება,
დია, თვალბედითი
მამცნეს მათ ქარაგმა:
მესიზმრა, გუდრუნო,
გიუკის ასულო,
ვითომ გულს მახვილი
დამეც შხამიანი".

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
39. "რკინა დაგესიზმროს -
ცეცხლის ნიშანია,
რისხვა დიაცისა -
მაცნე სიხარულის:
წყლულთა განგიკურნავ,
დაგხსნი ფათერაკთა,
თუნდაც არ მიყვარდე,
თუნდ მძაგდე გულითა".

ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა
40. "მესიზმრა - ჩემს ბაღში
დაეცნენ ნერგები
ჩემგანვე დარგული,
ნაზარგნი ზრუნვითა;
სისხლით ნასხურები,
ფესვებდაუჭრელნი,
ჩემთვის, დასაღეჭად
ეყარნენ მერხებზე.

41. მესიზმრა - ავუშვი,
აფრინდნენ ქორები,
სიკვდილს შეეგებნენ
მშიერი ფრთოსნები;
ამოვჭერ გულები
სისხლით დაბერილი,
თაფლში შევაზავე,
ვჭამე მადიანად.

42. მესიზმრა - ავუშვი
ლეკვები ძაღლისა -
ორნი, ნაღვლიანად
ყეფენ, წკმუტუნებენ;
უეცრად, ორნივე
ლეშად გარდაიქმნენ,
ჭამად მეძახიან
და მაიძულებენ".

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
43. "ბჭობად შეკრებილნი,
ტახტებზე დამსხდარნი,
მხედარნი თეთრ ხბორებს
წაჰგლეჯენ თავებსა;
ღამით დახოცავენ
და განთიადის წინ
ჭამად დასხდებიან,
შთანთქავენ დილამდე".

44. მე არცა ვწვებოდი,
არცა ვიძინებდი -
შურისძიებისა
მწადდა აღრსულება. . ."


მესამე სიმღერა გუდრუნზე

(Gudrunarkvidha tridia )

ჰერკია ერქვა ატლის მოახლე ქალს, რომელიც მას ოდესღაც ხასად ესვა. მან უთხრა ატლის, რომ თიოდრეკი და გუდრუნი ერთად მყოფნი იხილა. ატლი დიდად განრისხდა. მაშინ გუდრუნმა თქვა:

1. "ატლი, მიპასუხე,
მოდგმაო ბუდლისა,
რად შეშფოთებულხარ,
შუბლი რად შეგიკრავს?
შენს ხალხს, შენს თავადეს
სიხარულს მოჰგვრიდა
ჩემდამი ნათელი შენი
შემოხედვა!"

ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა
2. "მაშფოთებს, გუდრუნო,
გიუკის ასულო,
იგი, რაც დარბაზში
მამცნო დღეს ჰერკიამ:
ერთსა სარეცელზე,
ერთურთის ხვევნაში,
განცხრომით წოლილხართ
შენ და თიოდრეკი!"

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
3. "მზად ვარ შემოგფიცო
ფიცი უმტკიცესი
წმიდისა თეთრისა
ქვისა საფიცარით:
მამრისა, მდედრისა
უღირსთა საქმეთა
ძესთან თიოდმარის
არ ვიყო ჩამდენი!

4. არ მოვხვეოდე
ღირსსა მას კონუნგსა,
მხედართა გამგებელს -
არსად და აროდეს.
დია, თუმც ვხვდებოდით
ერთურს სასაუბროდ,
სიმწრითა აღვსილი
გვქონდა საუბარი.

5. დაკარგა შენს კარზე
მან მთელი ამალა -
ოცდაათ მხედრიდან
არ დარჩა არავინ!
მეც მოვწყდი თვისტომსა -
ჩემთა ნათესავთა,
ძმები დამეღუპნენ
და გმირნი მხედარნი.

6. გაგზავნე საქსისთან -
სამხრეთელთ კონუნგთან,
მას ძალუძს კურთხევა\
მდუღარე ქვაბისა!

7. შვიდასი მხედარი
შევიდა დარბაზში,
ვიდრემდის გუდრუნი
ქვაბთან მივიდოდა.

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
8. "აღარ მყავს გუნარი,
ვერც ვუხმობ ჰოგნისა,
ძმათა ღირსეულთა
აწ ვეღარ ვიხილავ;
ჰოგნი მახვილითა
იქმდა შურისგებას,
ლაქა სირცხვილისა
აწ თვით მოვირეცხო".

9. ჩაჰყო მან ფსკერამდე
ხელი მდუღარეში,
ქვაბიდან ძვირფასი
ქვები ამოიღო:
"აჰა, დაინახეთ
წმინდა სამართალი! -
ქვაბი დუღს - მიშველა
მე ჩემმა სიმართლემ!"

10. ატლიმ გაიხარა,
გული აუთრთოლდა,
როს ხელნი გუდრუნის
ნახა უვნებელნი:
"დაე, აწ ჰერკია
მივიდეს ქვაბთანა -
ის, ვისაც გუდრუნის
დაღუპვა ეწადა!

11. საცქერლად საბრალო
იქმნა მყის ჰერკია,
მდუღარე წყალითა
ხელებდაფუფქული.
ყურსა, ბნელ ჭაობსა
გაგზავნეს მსახური,
ლაქა სამარცხვინო
გუდრუნს ჩამოსცილდა.


ოდრუნის ტირილი
(Odrúnargrátr)

კონუნგსა ვინმეს ჰაიდრეკად სახელდებდნენ. ასულსა მისსა ბორგნიუს სატრფოს ვილმუნდი ერქვა. მისჭირდა ქალს მშობიარობა და საშინელი ტკივილები სატანჯავდა, ვიდრემდის დაი ატლისა ოდრუნი მიუსწრებდა. ოდრუნი ადრე გიუკის ძის გუნარის სატრფო იყო. ამაზე არის აქ ნაამბობი.

1. გვაუწყებს საგები
დროთგა გარდასულთა,
თუ როგორ მოვიდა
მორგენლანდს ქალწული,
ვისი დახმარებად
ვერ შეძლო ვერავინ,
ვერვინ უსალბუნა
ჰაიდრეკის ასულსა.

2. ესე რა ისმენდა
ატლის დამ ოდრუნმა -
ქალს მშობიარობის
ტანჯავს ტკივილები -
თავლიდან აუშვა
აღვირის დამჯერე,
ზურგზე უნაგირი
შეადგა შავრასა.

3. მიუშვა ქურანი
ქვიშანი გზებზედა,
სანამ სასახლეთა
ბჭეებს მიაღწევდა:
დაღლილ ცხენს ზურგიდან
მოხსნა უნაგირი,
შევიდა ნათელსა,
გრძელსა მას დარბაზსა
და წართქვა სიტყვანი
მან ესევითარი:

4. "ეს რა ამბავია
აქ, ჰუნით მიწაზე?
მითხარით, ახალი
რა ხდება ჰუნლანდში?"

მ ო ა ხ ლ ე ქ ა ლ მ ა თ ქ ვ ა:
"აქა წევს ბორგნიუ
მტანჯველ ტკივილებით,
ვინძლო უსალბუნო
მეგობარს, ოდრუნო!"

ო დ რ ნ მ ა თ ქ ვ ა:
5. "რომელმა თავადმა
დაასხა თავსლაფი,
ვისგან აქვს ბორგნიუს
ეგე ტკივილები?'

მ ო ა ხ ლ ე ქ ა ლ მ ა თ ქ ვ ა:
6. "ვილმუნდმა - მხედარმა,
ვინც თვისსა საწოლში
ხუთ ზამთარს იდუმალ
იწვენდა ასულსა,
ქალი კი ამ ამბავს
მამას არ უმხელდა".

7. დადუმდნენ ორნივე,
სიტყვა თქვეს აღარა;
ოდრუნი მუხლებთან
მიუჯდა ასულსა,
ამღერდა ხმამაღლა,
ამღერდა ძლიერად -
ბორგნიუს უმღერდა
თილისმებს გრძნებითა.

8. ტყუპნი დაებადნენ -
ვაჟი და ასული,
ორივ მშვენიერი,
ჰოგნის დამღუპველსა.
ენა ამოიდგა
ქალმა მომაკვდავმა,
ვინც მანამ დუმდა და
სიტყვას არა ძრავდა:

9. "მწედ გეყონ ღმერთქალნი -
ფრიგი და ფრეია
და ღმერთნი კეთილნი
სხვანიც მრავალი,
ვითა მე დამხსენი
ხელთაგან სიკვდილსა!"

ო დ რ ნ მ ა თ ქ ვ ა:
10. "მე არა იმიტომ
მოველ შენს საშველად,
რომ დასტურ ღირს იყავ
ჭირთაგან დახსნისა,
სიტყვა არ გავტეხე,
რაც დავდე აღთქმადა,
როს ღირსნი თავადნი
სამკვიდროს იყოფდნენ.
მარად მწედ ვყოლოდი
ყველა გაჭირვებულს".

ბ ო რ გ ნ ი უ მ თ ქ ვ ა:
11. "შეშლილხარ, ოდრუნო,
ჭკუა აგრევია:
ეგრე რად მრისხანებ,
რად განმსჯი ავადა?
მე კი მიძნელდება -
მოგწყდე, მიგატოვო.
თითქოს თანშეზრდილი
ვართ ძმათა შვილები!"

ო დ რ ნ მ ა თ ქ ვ ა:
12. "მახსოვს რა სიტყვებიც
მითხარ იმ საღამოს,
ოდეს წვეულებას
ვუწყობდი გუნარსა;
რომ ჩემებრ ვერავინ
სხვა ქალწულთაგანი
ვერ იქმდა საქმესა,
რაც მე ჩავიდინე".

13. დაჯდა ნაღვლიანი.
დაღლილ-დასეტყვილი
და თვისსა ვარამზე
იწყო საუბარი.

ო დ რ ნ მ ა თ ქ ვ ა:
14. "ღირსთა მათ დარბაზთა
შინა აღვიზარდე
ყოველთა ნათესავთა
ლხენად, სიხარულად.
მამისა სამკვიდროს
ვფლობდი ბედნიერი,
ოდენ ხუთ ზამთარსა -
სიკვდიმდე მამისა.

15. და ოდეს კვდებოდა,
მამაცმა კონუნგმა
სიტყვა სახსოვარი
ესე დაგვიტოვა:
მე, ოქრობურვილით
მორთულ-მოკაზმული,
ძესა გრიმილდისა
ცოლად გავყოლოდი.

16. რომ ქვეყნად ქალწული
სხვა, ჩემი ბადალი,
არვინ იქნებოდა,
თუ რომ ვიცოცხლებდი.

17. იჯდა შინ ბრუნჰილდი,
ქსოვდა გარსაბურველს,
გარს ერტყა ამალა
და ფლობდა მიწებსა;
იძრა დედამიწა,
იგრგვინა ზეცამა,
როს მკვლელი ფაფნირის
დარბაზს მიეახლა.

18. აღმართა მხედარმა
მახვილი ვალური,
დარბაზი ბრუნჰილდის
დაემხო, დაიმსხვრა;
მალე ყოველივე
იწვნია ქალწულმა,
რაიცა მიაგეს -
ცთუნება მზაკვრული.

19. სასტიკად მიუზღო
ქალმა ცთუნებისთვის,
ჩვენ ყელამ ვიხილეთ
იგი საზღაური:
ქვეყნებს მოედება
ამბად - საოცრებად,
თუ როგორ დააკვდა
ბრუნჰილდი სიგურდსა.

20. მე ისე მიყვარდა
გუნარი, ვითარცა
ჯერ იყო - კონუნგი
ბრუნჰილდს ჰყვარებოდა;
ვისაც მან უბრძანა
აღება ჩაჩქანისა,
ამცნო გარდასახვა
გრძნეულ ვალკირიად.

21. ძმასა შესთავაზეს
ბეჭდები წითელი,
განძი რამ ძვირფასი,
ვითა სასყიდელი.
მე - კომლი თხუთმეტი
და ტვირთი გრანისა
აღმითქვა ბოძებად,
თუ რომ ვისურვებდი.

22. გარნა თქვა ატლიმა,
რომ იგი არასდროს,
გიუკის ძეთაგან
ურვათს არ აიღებს.
ჩვენ კი ერთურთისა
ტრფობა ვერ დავძლიეთ,
კონუნგს (სასოებით)
მივეკარ მკერდზედა.

23. იწყეს მითქმა-მოთქმა
ჩემთა ნათესავთა,
თუ როგორ გვიხილეს
ჩვენ, ორნი, ერთადა;
ატლიმ თქვა ამაყმა,
არა ეგებოდა
მეკადრა მე საქმე
არა საკადრისი.

24. გარნა სიყვარულსა
ხელი ჰკრას ვერავინ.
რა ერთხელ დაიპყრო
მან გული კაცისა.

25. ატლიმ საიდუმლოდ,
ჩემსა დასაზვერვად,
ტყესა დაბურულსა
მზირი გამოგზავნა -
მოვიდნენ, თუმც მოსვლა
მათი არა ხამდა,
ოდეს საბურვლისა
გაშლა დავაპირეთ.

26. აღვუთქვით, საჩუქრად
ბეჭდები წითელი, -
არ ემცნოთ ატლისთვის,
რაც ცნეს, რაც იხილეს,
გარნა უკუიქცნენ
შინისკენ მსტოვარნი,
მყისვე ყოველივე
უამბეს ატლისა.

27. გუდრუნს არა უთხრეს,
არ ამცნეს ნახული,
რაიცა ორმაგად
ხამდა მას სცოდნოდა,

28. გვესტუმრნენ ოქროთი
ნაჭედი ცხენებით
ღირსნი მემკვიდრენი -
ძენი გიუკისა;
ჰოგნი მყის შეიპყრეს,
გული ამოჰგლიჯეს,
გველების ორმოში
ჩააგდეს გუნარი.

29. მაშინ გეირმუნდთან
ვიყავ მე შემთხვევით,
ლხინისთვის სასმელსა
რასმე ვამზადებდი;
ანაზდად გუნარმა
ქნარი ააჟღერა -
გულში თუ გაივლო,
მან, ღირსმა კონუნგმა,
რომ მისდა საშველად
გავეშურებოდი.

30. მესამე ჰლესეიდან
გულისა შემძღვრალი
მძლავრი ხმა ქნარისა
სიმთა ნაღვლიანთა;
სამგზავროდ მზადება
ვბრძანებ მოახლეთა,
მსურდა სიკვდილისგან
დამეხსნა თავადი.

31. სრუტეზე სასწრაფოდ
ნავი გასრიალდა,
მალე მივადექით
ატლის დარბაზებსა.

32. გარნა გამოცოცდა
დედაი ატლისა, -
დე, დალპეს, გაიხრწნას,
დამიწდეს წყეული! -
შხამიან ნესტრითა
დაგესლა გუნარი,
ვერღა-რა ვუშველე
კონუნგს სახელოვანს.

33. აწ ხშირად მაოცებს,
ვით ვათრევ დღეესა,
ილაჯგაწყვეტილი,
ვით ვცოცხლობ დიაცი,
თუ ღირსი კონუნგი,
მახვილთა მიმნდობი,
მებრძოლი უებრო
მიჩნდა მე სიცოცხლედ!

34. იჯეგ და სევდიანს
ისმენდა ამბავსა
ჩემსა და უბედურ
ჩემთა ნათესავთა.
ყველას საკუთარი
აცოცხლებს სურვილი".
გათავდა, დასრულდა
ტირილი ოდრუნის.

სიმღერა ატლიზე

(Atlakvidha )

გუდრუნმა, გიუკის ასულმა, ძმებისათვის შური იძია, რის შესახებაც უკვე იყო ნათქვამი. მან ჯერ ატლის ვაჟიშვილები დახოცა, შემდეგ მოკლა თვით ატლი და გადაწვა სასახლენი და მთელი ამალა მისი. ამის შესახებაა ეს სიმღერა.

1. გაგზავნა ოდესღაც
გუნართან ატლიმა
კაცი მაღვალაკი,
სახელად კნეფროდი;
ეახლა გუნარსა
გიუკის მამულში,
მრგვალსა მაგიდასთან
საამო ლუდზედა.

2. სვამდნენ მოლაშქრენი
ღვინოს ვალჰალაში,
ჰუნთა მრისხანების,
დია, მოშიშარნი;
შესძახა კნეფროდმა
ხმითა მით ცივითა -
სკამსა მას მაღალსა
მჯდომმა სამხრეთელმა:

3. ”ატილიმ გამომგზავნა
თქვენთან დავალებით,
ცხენდაცხენ გამოვვლე
მირკვინდის უღრანი,
ატლი გთხოვთ, ერთობლივ -
გუნართან ერთადა,
ესტუმროთ მის დარბაზს,
გმირონო ჩაჩქნოსანნო!

4. გპირდებათ საჩუქრად
ელვარე ფარ-შუბებს,
ოქროს მუზარადებს,
ჯეჯიმეს ნაქარგსა,
წითელსა პერანგებს
და ჰუნთ მრავალთა
შუბებზე - ალმასებსა,
ცხენებს ქედფიცხელსა,

5. გნიტაჰაიდისა
ველს ფართოდ გაშლილსა,
შუბებს ხმაწკრიალას,
ნავთა ოქროვანთა,
ძვირფას საგანძურებს
და დანპის ქვეყნებსა,
ჭალას მას განთქმულსა,
წოდებულს მირკვინდად!’

6. ჰოგნის მიუბრუნდა
და ჰკითხა გუნარმა:
”რას გვირჩევ, უმცროსო
ძმაო გულმამაცო?
ოქრო არ მეგულვის
გნიტაჰაიდზედა,
რომლისაც ძველთაგან
არ ვიყოთ მფლობელნი!

7. ვფლობთ შვიდსა დარბაზსა,
შუბებით სავსესა,
ტარნი მათ მახვილთა
შვენით ოქროვანი,
მყავს ცხენი ყოველთა
ცხენთა უფიცხესი,
ვფლობ ბასრსა მახვილსა,
მახვილთ უბასრესსა;
მუზარადს კიარის
დარბაზისეულსა,
მშვილდსა უმჯობესსა
ჰუნთა მათ მშვილდებზე!”

ჰ ო გ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:
8. ”ბეჭედს რად გვიგზავნის,
ნეტავ რას გვანიშნებს
ცოლი, მგლის ბალანში
შეხვეულ ბეჭდითა?
ბეჭედში მგლის ბეწვი
ჩაუწნავს იდუმალ,
ჩანს, მგლის ბილიკებით
მოგვიწევს მგზავრობა!”

9. წასვლას არ ურჩევნდნენ
გუნარს ნათესავნი,
ყოჩობდნენ მრჩეველნი,
გმირნი გულოვანნი;
მაშინ თქვა გუნარმა,
ვითა შეჰფეროდა
თავადთა სუფრაზე
კონუნგს გულმამაცსა:

10. ”ადექით, ფორნირო,
დე, ოქროს თასები
ხელიხელ სასწრაფოდ
ირგვლივ ჩამოტარდეს!

11. დე, მგლებმა სამკვიდრო
წარსტაცონ ნიფლუნგებს,
თუ დავრჩე, თუ მყისვე
გზად არ გავემგზავრო!
დე, თეთრმა დათვებმა
ჩვენზე ითარეშონ,
მწვავს მას წასვლაზე
თუ ვუთხრა უარი!”

12. ტირილით დასცილდნენ
თვისტომნი კონუნგსა,
ჰუნების სასახლეს
ოდეს განეშორა;
მაშინ თქვა ჰოგნიმა -
მემკვიდრემ ჭაბუკმა:
”წარმართეთ გზა ისე,
ვით გირჩევთ გონება!”

13. ჩორთით გააჭენეს
ფიცხელი ცხენები
მთათა ფერდობებზე,
მირკვინდის ჭალასა,
ცხენთა თქარათქურით
იძროდა ჰუნმარკი,
მწვანე ველ-მინდვრებზე
მიჰქროდნენ ცხენები.

14. იხილეს ქვეყანა,
ატლის საბრძანისი,
ციხისა კედლებზე -
მხედარნი ბიკისა;
სკამნი ამშვენებდნენ
სამხრეთელ დარბაზსა,
დარბაზის კედლებზე -
ფარნი და ჯავშანნი,
შუბებზე - ალმები;
ატლი ვალჰალაში
ღვინოს მიირთმევდა,
გარე დგნენ გუშაგნი
და გუნარს ელოდნენ,
მზად იყვნენ მხედრები
მასთან შესახვედრად,
თუ იგი კონუნგთან
შებმას გაბედავდა.

15. დამ ძმები პირველმა
დარბაზის კარებტან
დალანდა, შემკრთალმა,
დარბაზს შემავალნი:
”ჰუნთა მუხანათთა
გაგწირეს, გუნარო,
გასწი, თავს უშველე,
დაგძლევენ მუხთალნი!

16. გერჩია ოქროთი
შემკობილ ჩაჩქანსა
აბჯარი აგესხა,
ჯაჭვი საომარი,
ცხენზე შეხვედროდი
დღეთა მათ ნათელთა,
ნორნების სატირლად
გახდიდი მტრის გვამებს,
ჰუნთა მათ ქალწულთა -
განთქმულ მეომართა -
ფარცხში შეაბამდი;
გველისა ორმოში
ატლის ჩააგდებდი,
აწ თვითონ ცაცვივდეთ
ბნელსა მას ორმოსა!”

გ უ ნ ა რ მ ა თ ქ ვ ა:
17. ”დაო, გვიანღაა,
ვერ შევკრებ ნიფლუნგებს,
შორიდან მეშველად
ვერ ვუხმობ ლაშქარსა,
დევგმირებს რაინის
მეწამულ მთებიდან”.

18. შეიპყრეს გუნარი,
შეკრეს და შებოჭეს,
ხუნდები დაადეს
ბურგუნდთა მეგობარს.

19. შვიდი დააწვინა
მახვილთა ჰოგნიმა,
ხელი ჰკრა მერვესა,
კოცონს გადუძახა.
მამაცის წესია -
თავს ასე იცავდეს.

20. ჰოგნიმ მყის გაუხსნა
ხელები გუნარსა
და ჰკითხეს გოთების
მბრძანებელს გულმამაცს -
ოქროთი თუ ფიქრობს
თავდახსნას კონუნგი.

გ უ ნ ა რ მ ა თ ქ ვ ა:
21. ”დე, გული ჰოგნისა
ჩემს ხელზე ვიხილო -
კონუნგის ვაჟისა
გული სისხლიანი,
მკერდიდან პირბასრი
დანით ამოჭრილი”.

22. გული ამოგლიჯეს
მკერდიდან ჰაილის,
ლანგარზე დადეს და
გუნარს გაუწოდეს.

23. შესძახა გუნარმა,
მხედართმბრძანებელმა:
”ლანგარზე გული დევს
მშიშარა ჰიალის
და არა ჰოგნისა -
გმირის უშიშარის.
ლანგარზეც ცახცახებს
იგი საცოდავად,
ვით ცოცხალ ჰაილის
მკერდში ცახცახებდა”.

24. ჰოგნი იცინოდა
შიშის უმეცარი,
ოდეს მკერდს უპობდნენ,
გულს გლეჯდნენ მკერდიდან;
გული ლანგარითა
გუნარს გაუწოდეს.

25. მაშინ თქვა გუნარმა -
განთქმულმა ნიფლუნგმა:
”ლანგარზე გული დევს
გულმამაც ჰოგნისა
და არა გულმხდალი
მონისა - ჰიალის;
იგი არ ცახცახებს,
ვით უწინ გულმამაც
გმირისა მკერდშიგან
არა ცახცახებდა!
26. ატლი, შენ სიხარულს
ვეღარ ეღირსები,
ვერღარცა იხილავს
განძსა გადამალულს,
ჰოგნი აღარ არის,
აწ მხოლოდ მე ვუწყი
სად ძევს, სად მარხია
სიმდიდრე ნიფლუნგთა.

27. სანამ ის ცოცხლობდა,
იჭვი მაწამებდა,
ის ახლა მკვდარია.
იჭვიც განიფანტა:
რაინში დარჩება
ასების სიმდიდრე -
შფოთის ამტეხელი
ლითონი ძვირფასი!
დე, წყალში იბრწყინოს
ვალურმა ბეჭდებმა
და არა თითებზე
ჰუნთა ნაშიერთა!’

ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:
28. ”ეტლი გაამზადეთ! –
ტყვე შებორკილია”

29. ამხედრდა გლაუმზე
ატლი ძალოვანი,
ჯავშანში ჩამჯდარი
გარს ერტყა ამალა.
შეიტყო გუდრუნმა
ღმერთთა მათ წამება,
ცრემლი არ დაღვარა
დარბაზს შემავალმა.

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:

30. ”დაე, შენ დაგსაჯონ
შენთა საფიცართა,
რომელთაც დღემუდამ
გუნარს აღუთქვამდი,
ჰფიცავდი მზის ნათელს,
ცხენს სარეცლისასა,
ქვასა ღვთისა ოდინის
და ულრის ბეჭედსა!’
და განძის გუშაგი
ღმერთთა ომებისა
ცხენმა დასაღუპად
მყიშვე გააქანა.

31. მყისვე მიიყვანეს
მხედრებმა ორმოსთან,
გველების ორმოში
ჩააგდეს კონუნგი.
გუნარმა, მრისხანემ,
მარტოკა შთენილმა,
ქნარს ხელი შეახო
ჩამოჰკრა გრძნებითა -
აჟღერდნენ სიმები;
ხამს ასე დაიცვას
კონუნგმა მამაცმა
ოქრო მონახვეჭი.

32. აღსრულდა მკვლელობა,
ატლი გულბოროტი
ცხენდაცხენ დაბრუნდა
თვისსა საბრძანისსა.
ეზოში ხმაური
ისმოდა მხედართა.
ვრცელ ტრამალებიდან
შინ დაბრუნებულთა.

33. გამოჩნდა გუდრუნი
ხელთ ოქროს თასითა,
ატლის მიეგება,
ვითარცა ჯერ იყო:
”მიიღე, კონუნგო,
გუდრუნის ხელითა
ლეკვინი ნადირისა,
ბნელეთს წარგზავნილნი!”

34. დამძიმდა ლუდითა
თასები წკრიალა,
როს დარბაზს შემოკრბა.
ატლის მხედრიონი -
ჰუნნი გულმამაცნი,
გრძელულვაშოსანნი.

35. შევიდა სასმისით,
სახითა მბრწყინავი -
ცოლი საშინელი,
მიტანდა საჭმლისა;
მიართვა და ჰკადრა
სიტყვა სალანძღავი:

36. ”შენთა ვაჟიშვილთა
გულნი სისხლიანი
შენ თაფლს შეატანე,
მახვილთ მბოძებელო!
ვინძლო მოინელო
კერძი შემზარავი,
ან ლუდთან ერთიან
ზეამოანთხიო!

37. აწ ვეღარ მოუხმობ
ერპსა და ეიტილს,
მუხლზე ვერ დაისვამ
შენთა საალერსოდ;
ვეღარ იხილავ
ძეთა ხელგამრჯეთა,
ტარებს რომ აგებდნენ
ხელშუბებს, მამაცნი
ცხენთ ჰკრეჭდნენ ფაფრებსა,
დაქროდნენ ცხენდაცხენ!”

38. ისმოდა ქვითინი
მორთულსა დარბაზში -
ჰუნნი დასტიროდნენ
ყრმათა დაღუპულთა,
მარტოდენ გუდრუნი
დუმდა, არ ტიროდა
არც ძმათა ძლიერთა,
არც ძეთა ძვირფასთა,
ყრმათა მათ, ატლისგან
მის მიერ შობილთა.

39. აბნედა ოქროებს
გედივით თეთრყელა,
მსახურთ ურიგებდა
მეწამულ ბეჭდებსა;
გასცემდა საუნჯეს
ბედისა მიმყოლი,
ბომონთ არ ზოგავდა
უხვი, ხელგაშლილი.

40. ატლის გონდაკარგულს
ლუდი მორეოდა -
ვერ წინააღუდგა
მახვილით გუდრუნსა:
უწინ მათ სხვაგვარი
ჰქონდათ შეხვედრები -
ხვევნა, უნაზესი,
სხვათა სამზერელი.

41. გუდრუნმა მახვილით
სისხლ ასვა საწოლსა,
ჰელსა წარმგზავნელმა -
აუშვა ძაღლები,
აშალა მსახურნი,
კარები ჩარაზა,
ცეცხლს მისცა ყოველი -
მით შური იძია.

42. ცეცხლს მისცა ყველანი,
ვინც მირკჰაიმიდან
გუნარის მკვლელობის
შემდეგ შინ დაბრუნდა;
ცვიოდნენ თავხენი,
ბოლავდნენ ბომონნი
იწვოდა სახლ-კარი,
სიმდიდრე ბუდლუნგთა,
ცეცხლში ინთქმებოდნენ
ქალნი ფაროსანნი.

43. კმარა, რაც ვიამბეთ!
ასცილდეთ სხვა ცოლებს
ძმათათვის აბჯრისა
ასხმა- შურისხება!
გუდრუნმა სამ კონუნგს
სიკვდილი მიაგო,
სანამ თვით არ მისწვდა
მას ხელი სიკვდილის.


ამის შესახებ კიდევ უფრო დაწვრილებით არის ნაამბობი სიმღერაში - ”გრენლანდიური სიტყვანი ატლისა”.


სიტყვანი ატლისა

(Atlamâl)




1. იტყვიან მხედართა
ბჭობა-თავყრილობას.
თათბირს საიდუმლოს,
ბევრთა დამღუპველსა:
ფარულ თავყრილობებს
თან სდევთ ფათერაკი, -
ძენი გიუკისა
დაღუპა ღალატმა.

2. სიკვდილს უმზადებდა
გმირებს ბედისწერა,
ატლიც კი მოტყუვდა,
თუმც იყო ჭკვიანი! –
თით გამოაცალა
თავისთავს საყრდენი,
ოდეს მან ცოლისძმებს
უხმო საწვეულოდ.

3. ბრძნულად მოისაზრა
გუდრუნ გონიერმა -
უწყოდა შეთმქულთა
მტრობა იდუმალი,
თუმცა მან ვერ შეძლო
ძმათა გაფრთხილება -
ზღვათა გადაცურვა,
დროით მიშველება.

4. რუნები ამოჭრა,
გარნა გულბოროტმა
ვინგიმ აუბნია,
ვიდღე მიაწვდენდა;
გეზი ლიმფორდისკენ,
გმირთა საცხოვრისზე,
აიღეს შათირთა,
ატლის წარგზავნილთა.

5. მოყვრულად დაუხვდნენ,
ცეცხლი გააჩაღეს! –
ვერ მიხვდნენ მუხთალთა
განზრახვას მზაკვრულსა;
გულღიად მიიღეს
ატლის საჩუქრები,
სიკეთედ იწამეს,
ბოძზე ჩამოკიდეს.

6.კოსტბერა მოვიდა -
მეუღლე ჰოგნისა,
სტუმრებს მიესალმა
ფრთხილი ქალბატონი:
გაუჩნდა გლაუმვორს -
გუნარის მეუღლეს -
სტუმრებზე ახალი
ფიქრი, საზრუნავი.

7.ჰოგნის მოუხმობდნენ
წასვლას მოციქულნი -
ხაფანგს შეამჩნევდა
ჭკუა გამჭრიახი!
გუნარი ჰოგნისგან
უცდიდა თანხმობას,
ჰოგნი კი ელოდა,
რას იტყვის გუნარი!

8.დიოდა თაფლი და
მოჰქონდათ ხორაგი,
ბევრი სვეს თასებით,
ვიდრე არ დაითვრნენ.

9.მოხდენილ ადგილზე
გაშალეს ლოგინი,
კოსტბერამ იცოდა
ამოხსნა რუნების:
ღამით, ცეცხლის შუქზე
იწყო ამოკითხვა:
ენას არა ძრავდა,
ფრთხილად კითხულობდა -
აზრი ვერ გაუგო
აბნეულ რუნებსა.

10. დაწვა ის ჰოგნისთან
ერთად სარეცელზე,
ესიზმრა სიზმარი
და როს გაიღვიძეს,
სიზმარში ნანახი
უამბო კონუნგსა:

11. ”გზად გამზადებულხარ,
გონს მოდი, დაფიქრდი!
ცოტანი არიან
მცოდნენი რუნების:
დია, ამოვიცან,
რაც გუდრუნს უჭრია,
ელოდე ბოროტსა,
გზა ხიფათს გიმზადებს!

12. მე მხოლოდ ერთი რამ
მაოცებს, მაკვირვებს -
ბრძენს ესე რუნები
რად აურევია:
ძლივს შევძელ ამოხსნა,
რომ გელით სიკვდილი,
თუ შინ არ დარჩებით,
წასვლას არ დაიშლით;
არ ეყო რუნები,
თუ სხვა ოინია?”

ჰ ო გ ნ ი მ თ ქ ვ ა:
13. ”ცოლნი სულ ფრთხილობენ,
მე სულ სხვა ზნისა ვარ,
ღალატით არვისგან
არ ველი მტრობასა!
ოქროებს გვაჩუქებს,
აგვავსებს თავადი;
არ ვუფრთხი იჭვნეულ
ხმათა შფოთიანთა!”

კ ო ს ტ ბ ე რ ა მ თ ქ ვ ა:
14. ”წასვლა, არდარჩენა 0
შეგყრით ფათერაკსა!
კეთილ მასპინძლობას
თქვენ მისგან ნუ ელით!
ჰოგნი, მე სიზმარი
ვნახე, ვერ დავმალავ -
ნეტავ, მარცხს მანიშნებს,
თუ ვშიშობ ამაოდ!

15. მესიზმრა, შენს საბანს
ცეცხლი წაეკიდა,
ალმა ავარდნილმა
ამივსო დარბაზი!”

ჰ ო გ ნ ი მ თ ქ ვ ა:
16. ”საბნები ბევრი გვაქვს,
რისი გეშინია,
დაიწვას ცხადადა -
ახდება სიზმარი”.

კ ო ს ტ ბ ე რ მ ა თ ქ ვ ა:
17. მესიზმრა, დარბაზში
დათვი შემობობღდა,
ამტვრევდა თავხეეს,
იქნებდა თათებსა;
ბევრი ჩაუვარდა
ხახაში დაწყევლილს,
ვრძწოდით, ვცახცახებდით,
იდგა ღრიანცელი!”

ჰ ო გ ნ ი მ თ ქ ვ ა:
18. ”გრიგალს მოასწავებს,
მაშრიყით მოვარდნილს,
სიზმარში ანაზდად
ხილვა თეთრი დათვის!”

კ ო ს ტ ბ ე რ მ ა თ ქ ვ ა:
19. ”მესიზმრა, არწივმა
ჩვენს სახლს ჩაუქროლა -
ავს რასმე გვანიშნებს! –
გვასხურა სისხლითა,
ატლის ორეული
ვიცან მე მის ხმაში!”

ჰ ო გ ნ ი მ თ ქ ვ ა:
20. ”დავხოცავთ ხვასტაგსა -
სისხლი დაიღვრება;
არწივი სიზმარში
ხარს ნიშნავს ცხადადა!
ატლი არ გვიმუხთლებს,
სიზმრის ნუ გეშინის!”
და ასე დასრულდა
მათი საუბარი.

21. ღირსთა გაიღვიძეს
და სიზმრად ნახულზე
ახლა გლაუმვრომა
იწყო საუბარი -
ცოლი არ ურჩევდა
გუნარს გამგზავრებას.

გ ლ ა უ მ ვ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
22. ”მესიზმრა, მიჰავდით
შენ ჩამოსახრჩობად,
ცოცხალს, განაწამებს
ხორცს გგლეჯდნენ გველები,
ქრებოდა სიცოცხლე;
ვით ახსნი სიზმარსა?

23. მესიზმრა, იღებდნენ
შენი ტანსაცმლიდან
მახვილს სისხლიანსა, -
ვითა ვძრავ ენასა! –
ვიხილე, შიგ გულში
ჩაგესო ლახვარი,
ირგვლივ გაისმოდა
ღმუილი მგლებისა”.

გ უ ნ ა რ მა თ ქ ვ ა:
24. ”ძაღლები დარბიან,
ყეფენ გაცხარებით -
ჰოროლთა ფრენისა
არს ცხადი ნიშანი”!

გ ლ ა უ მ ვ ო რ მ ა თ ქ ვ ა:
25. ”მესიზმრა, დიოდა
მძლავრი რამ ნაკადი,
მიქუხდა მერხებზე
სასახლის გვერდითა,
წაქცევად გეძგერათ
ძმათა ორთავეთა,
ვერ უმაგრდებოდით -
ავს ნიშნავს ხიფათსა!

26. მესიზმრა, მოვიდნენ
ცოლნი გარდაცვლილნი,
მსუბუქად მოსილნი,
შენს წასაყვანადა,
გიხმობდნენ, ჩქარობდნენ
უკუგამგზავრებას:
დისნი მფარველობას
ვეღარ გაგიწევენ!”

გ უ ნ ა რ მ ა თ ქ ვ ა:
27. ”ახლა გვიანღაა
შეცვლა განზრახვისა,
გზად გავმზადებულვარ,
ბედს ვერვინ ედაოს;
ჩანს, გვიხმობს მსახვრალი
ხელი სიკვდილისა”.

28. რიჟრაჟზე წამოდგნენ,
წასვლად აიშალნენ,
დარჩენას ურჩევდნენ
კაცნი შინაურნი.
ხუთნი გაემგზავრნენ,
შინ კი ორჯერ მეტი
დატოვეს მსახურნი -
უგნურად მოიქცნენ!
გაჰყვათ მარტოოდენ
სამი გულმამაცი;
სნევარ და სოლარი -
ვაჟები ჰოგნისა
და გმირის ცოლისძმა -
ორკნინგი გულლაღი.

29. ცოლნი გზად მიმავალთ
მიჰყვნენ ფიორდამდე;
ამაოდ ურჩევდნენ
უკან დაბრუნებას.

30. გზაში გლაუმვორმა -
გუნარის მეუღლემ -
ანაზდად ვინგისთან
იწყო საუბარი:
”ნეტავ, რას გვიმზადებთ?
არის ბოროტება -
იწვევდე სტუმარს და
გულში ღვარძლს მალავდე!’

31. ვინგიმ დაიფიცა
მტკიცე საფიცარი:
”დე, გოლიათებმა
შეიპყრონ, დაახრჩონ,
თუ ცრუობს, თუ გულში
მტრობა აქვს ფარული!”

32. ბერამ ბედკეთილი
უსურვათ მგზავრობა:
”ზღვა მშვიდად გაგევლოთ,
მოგცეთ გამარჯვება!
გემგზავროთ, ვითა მსურს,
აგცდეთ ფათერაკი!”

33. ჰოგნიმ უპასუხა -
ნათესავთ იმედმა:
”ნუ დარდობთ, კეთილნო,
მოხდეს მოსახდენი!
ოდენ სურვილებით
საქმეს ვერ ვუშველით,
შინით გაცილება
ვით იხსნის ყარიბთა!”

34. ჟამს განშორებისა
შეხედეს ერთმანეთს;
ბედმა გააწყვიტა -
გზებით გაიყარნენ.

35. მოუსვეს ნიჩბები
მათ ისე ძლიერად,
თითქმის გადუმსხვრიეს
ხომალდს ხერხემალი;
დაუწყდათ ღვედები,
დატყდნენ პალოები;
მიადგნენ ნაპირს და
ნავი არ მიაბეს.

36. მაღლობს მიეახლნენ,
იხილეს სიმაგრე -
ადგილ-სამყოფელი,
საუფლო ბუდლისა;
ჰოგნიმ ალაყაფზე
ატეხა რახუნი.

37. მაშინ თქვა ვინიგმა
(სჯობდა სულ არ ეთქვა!):
”გაბრუნდით უკანვე, -
ჩქარა, თავს უშველეთ!
დაგღუპვენ, დაგწვავენ,
აგჩეხენ, აგკუწვენ -
მოყვრულად გიწვევდით,
მარჯვედ მოგატყუეთ;
თქვენს თავგასაყოფად
მე დავწნავ მარყუჟსა!”

38. ჰოგნიმ უპასუხა,
გმირმა უშიშარმა,
ჟამსა განსაცდლისა
უკან არდამხევმა:
”გინდა დაგვაშინო!
თუ კვლავ კრინტს დასძრავ,
თავად დაგატყდება
რისხვა და თავზარი!”

39. მიუხდნენ ვინგისა,
დასცხეს ჩუგლუგები,
წარსტაცეს სიცოცხლე -
ჰელსა ბნელს წარგზავნეს.

40. მოუხმო ატლიმა
მამაც მოლაშქრეებს,
აბჯართა ჟღარუნით
მოადგნენ გალავანს;
მოსულთ აგინებდნენ
სალანძღავ სიტყვებით:
”ჩვენ თქვენი დაღუპვა
გვსურს დიდი ხანია!”

ჰ ო გ ი ნ ი მ თ ქ ვ ა:
41. ”არ ჰგავს ეგ განზრახვა
დიდი ხნის სურვილსა,
ჯერ მზადაც არა ხართ,
მოგიკლათ მხედარი,
ერთი გამოაკლდა
უკვე თქვენს რიგებსა!’

42. გააფთრდნენ, რა ესმათ
მათ ეს სიტყვანი,
მომართეს თითები,
მოზიდეს ლარებსა,
ფარსა იფარებდნენ,
სტყორცნიდნენ ჰოროლთა.

43. შეიტყვეს შინ მყოფთა,
გარეთ რაც ხდებოდა -
დარბაზის კარებში
მსახურმა შესძახა.

44. გაშმაგდა გუდრუნი
შემზარავ ამბითა,
მოიხსნა გულქანდა,
დაგლიჯა, დაყარა,
ამტვრია ბეჭდები,
მიწას დაანარცხა.

45. განახვნა კარნი და
გაიჭრა ეზოში,
ხმით სალამს აწვდენდა
ძმათა მათ, წვეულთა,
უშიშრად უხმობდა,
ვითა შეჰფეროდა
ღირსთა მათ ნიფლუნგთა
და წართქვა სიტყვანი.

46. ”არ მსურდა მენახეთ
შინით აქ მოსულნი,
ბედმა მოგიყვანათ -
ბედს ვერვინ ედაოს!”
განსჯიდა ბრძნულადა,
სთხოვდა დაზავებას,
გარნა უკუაგდეს
თხოვნა გონივრული.

47. რა სცნა ღირსეულმა
ჭირი კარს მომდგარი,
გულით გამამაცდა,
გადიძრო ლაბადა,
იშიშვლა მახვილი
დაცვად ნათესავთა -
ხელმარჯვედ ომობდა,
საქმე ქმნა საგმირო.

48. ორნი მყის განგმირა
გიუკის ასულმა,
დაჭრა ძმა ატლისა
და ფეხი მოჰკევთა -
ბრძოლას განაშორეს
იგი ცოცხალ-მკვდარი.
ეკვეთა მეორეს
პირბასრი მახვილით,
ჰელსა ბნელს წარგზავნა,
ხელი არ უთრთოდა.

49. საქვეყნოდ გავიდა
იმ ბრძოლის ამბავი,
რაიც თავს გადახდათ
გიუკის შვილებსა:
იბრძოდნენ ნიფლუნგნი
სიკვდილის პირამდე,
შვენოდათ შეტევა,
მახვილთა ძგერება,
ჯავშანთა ლეწვა და
მსხვრევა მუზარადთა.

50. გავიდა მთელი დღე
ხელჩართულ ბრძოლაში -
დილა და შუადღე;
ჩამოდგა საღამო.
სისხლით გაჟღენთილი
მოჩანდა მინდორი,
თვრამეტი მხედარი
დაეცა მტრის მხარეს,
აქეთ - ზმა ბერასი
და ძენი მამაცნი.

51. ატლიმ თქვა მრისხანემ,
გარნა ნაღვლიანმა:
”მზარავს ეს ამბავი,
რაც ჩვენ გვდევს ბრალადა!
ოცდაათ დარჩეულ
მხედრიდან თერთმეტნი
გადავრჩით - მძიმეა
ჩვენი დანაკლისი!

52. ხუთი ძმა ვიყავით,
როს ბუდლიმ დაგვტოვა:
ორნი ჰელს ცხოვრობდნენ,
ორნიც დღეს მომიკლეს.

53. ქვეყნად ნათესავი
ბევრი შევიძინე,
მაგრამ მე ვერც ერთში
ვერ ვპოვე სიკეთე!
შვება აღარა მაქვს,
რაც ცოლად შეგირთე:
თვისტომთ მინადგურებ,
სახლი ამიწეწე,
დაი მომიკალი,
მაწვნიე სიმწარე!”

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:

54. ”ატლი, უსამართლოდ
მავსებ საყვედურით!
დედა მომიკალი,
ჰფლობ მისსა სიმდიდრეს:
შიმშილით მომიკალ
დისშვილი ძვირფასი;
აწ სასაწილოა,
რომ შენვე ბრალს მდებდე!
მადლობა ღმერთებსა,
ეგზომ გაგამწარეს!

ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:
55. ”ამაყი ცოლისა
ვაებამ იმრავლოს!
ესე მე ვიხილო -
გიბრძანებთ, თავადნო!
გამწარდეს გუდრუნი,
უმძლავრდეს ვარამი,
სიმწრისა მისისა
ვიქმნე მე მხილველი!

56. ჰოგნი მოიყვანეთ,
ცოცხლად შეპყრობილი,
გაუპეთ მკერდი და
გული ამოგლიჯეთ!
მაგარი თოკითა
გათოკეთ გუნარი,
გველების ორმოში
ჩააგდეთ გულფიცხი!”

ჰ ო გ ნ ი მ თ ქ ვ ა:
57. ”ჰქმენ, რაც გეწადოს!
არ ვუფრთხი განსაცდელს,
შევხვდები თამამად,
ვუწყი უარესიც!
ჩვენ, სანამ შეგვეძლო,
თავს მედგრად ვიცავდით,
ვიცლებით სისხლისგან,
ვსუსტდებით, გნებდებით!’

58. წარმოთქვა ბეიტიმ,
დამქაშმა ატლისა:
”ჰაილი შევიპყროთ,
ჰოგნი შევიბრალოთ!
დაე, დაიღუპოს
მხდალი, გარეწარი;
ზარმაცსა, უქნარას
ეყოს, რაც იცოცხლა!”

59. შიშმა აიტანა
ქვაბების დარაჯი,
მყისვე ადგილიდან
მოწყდა და გაიქცა:
მას არ ეთმობოდა
საქმე საკუთარი -
ხვედრი ხვდა საზარი;
ნასუქალ ღორებსა,
მსუყე სანოვაგეს
იყო მიჩვეული.

60. იშიშვლეს დანები
ბუდლის მზარეულზე;
აღმუვლდა საბრალოდ
მონა უბადრუკი:
ჰფიცავდა - იქნება
ნაკელის მზიდავად
და არ ითაკილებს
უმდაბლეს შრომასაც,
ოღონდ შეიბრალონ,
აჩუქონ სიცოცხლე.

61. ჰოგნიმ საოცარი
საქმე ჩაიდინა:
სთხოვა - არ მოეკლათ,
გაეშვათ საბრალო:
”სიკვდილთან შეხვედრა
მიჩანს მე თამაშად:
რად გვინდა ვისმინოთ
წკმუტუნი მონისა?”

62. შეიპყრეს ვაჟკაცი,
აღარ დააყოვნეს,
მხედართ აღასრულეს
საქმე შემზარავი:
ჰოგნიმ გაიცინა -
ნახეს და ისმინეს,
ტანჯვას და ტკივილებს
იჩნევდა ჩალადა.

63. გუნარმა უეცრად
ქნარი ააჟღერა,
ჩამოჰკრა სიმებსა,
ატირდნენ დიაცნი,
დამწუხრდნენ მამაცნი -
ხმა ესმათ გლოვისა;
გუდრუნს უგზავნიდა
ძმა ავსა ამბავსა.

64. რიჟრაჟზე დახუჭეს
თვალნი გულმამაცთა,
გმირული სიკვდილით
განშორდნენ სიცოცხლეს.

65. ატლი ამაყობდა
მათზე გამარჯვებით,
გუდრუნს ნიშნისგებით
ამცნობდა მრისხანე:
”გათენდა, გუდრუნო,
აღარ გყავს თვისტომი!
ნათესავთ დაღუპვა
შენაც გდევს ბრალადა!’

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
66. ”ატლი, შენ ზეიმობ!
მკვლელი ხარ მუხთალი!
დრო დადგეს - ინანო,
იწვნევდე უარესს,
აწ მემკვიდრეობით
ჩემით გულს გაიძღებ,
გარნა ვერ იხარო,
ვიდრემდე ცოცხალ ვარ”.

ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:

67. ”ვიცი, რომ ბრალი მდევს,
ვუწყი, რა ვიღონო,
ვით გადაგავიწყო
შფოთი და ვარამი:
მოგგვრი მოახლეებს,
მოგცემ სამკაულებს,
თოვლისფერ ვერცხლითა
აგავსო, ვით გსურდეს!”

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
68. ”უარვყოფ ყოველსა
შენგან ნაბოძებსა,
ჩვენს შორის კავშირი
გაწყდა მეგობრული;
ვიყავ საშინელი,
ვიქმნა უარესი!
არად მიჩნს სიცოცხლე
მე ჰოგნის შემდეგა.

69. ვიყავით ორნივე
ერთ ჭერქვეშ გაზრდილი,
ერთად ვთამაშობდით,
დავრბოდით ჭალებში;
ოქროს სამკაულით,
ძვირფას ამბარჩებით
გვამკობდა გრიმილდი.
ვით გადავივიწყო
მკვლელობა ძმებისა,
ვინ რა მანუგეშოს!

70. ცოლნი მორჩილებენ
ქმართა ძლიერებას -
ტანი იღუპება,
თუ გახმა ტოტები;
ფესვნი თუ დააჭერ,
ხე კვდება, ეცემა:
ატლი, აწ შენა ხარ
აქ ბატონ-პატრონი!”

71. ღალატს არ ელოდა
ატლი უგუნური,
ვერ ცნო ცბიერება
წინდაუხედავმა.
გუდრუნი იდუმალ,
დია, თვალთმაქცობდა,
მალავდა მზაკვრობას,
ჩანდა მხიარული.

72. ძმებსა აღაპში
ლუდს ეზიდებოდა,
ატლი თამადობდა
ნათესავთ აღაპსა.

73. თავდება ამბავი:
ლუდი მოადუღა,
ავბედს აღუთქვამდა
ქელეხი, ღრეობა -
სიკვდილს უმზადებდა
ბუდლის ნაშიერთა
გუდრუნი, ძმათათვის
ავი შურისგებით. . .

74. მოუხმო პატარებს,
ტახტზე დააწვინა,
შეკრთნენ ბიჭუნები.
გარნა არ ატირდნენ,
გულზე მიეხუტნენ,
ჰკითხეს - რა ეწადა.

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
75. ”ნუ მკითხავთ ნურარას!
მინდა მოგაკვდინოთ -
ჭაღარა სიბერეს
მსურს დაგხსნით ორთავე”.

ბ ა ლ ღ ე ბ მ ა თ ქ ვ ე ს:
76. ”უმწეო ყმაწვილთა
დაკვლას ვინ დაგიშლის, -
მაგრამ შურისგებით
დიდხანს ვერ იხარო!”
დახოცე ორნივე
ძენი ულმობელმა -
ყელები დაღადრა
პირბასრი დანითა.

77. იკითხა ატლიმა:
ბალღნი სად არიან,
საით შეირბინეს,
ნეტავ, სათამაშოდ?

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
78. ”მოვალ და სიმართლით
გეტყვი ყოველივეს,-
გრიმილდის ასული
მოგაგებს პასუხსა.
გარნა ამ სიმართლით
მე ვერ გაგახარებ,
ძმები დამიხოცე,
ავ გზას დამაყენე!

79. ვიგლოვდი დაღუპულთ,
ვეღარ ვიძინებდი,
ვწნავდი შურისგებას -
მიიღე სანაცვლოდ!
მახსოვს, შენ დამსეტყვე
ადრიან დილითა,
ახლა საღამოა -
ამბავს სცნობ სხვაგვარსა!

80. დანით პირბასრით
დაგიკალ შვილები,
თასებად ვაქციე
მე მათი თავები,
ძეთა მათ სისხლითა
ლუდი შეგიზავე.

81. შამფურზე ავაგე
მე მათი გულები,
შევწვი და მოგართვი,
გითხარ - ხბოს გულია!
შენ მარტომ შეჭამე,
სხვას არვის გაუყავ,
საძირე კბილებით
დაღეჭე გულდაგულ.

82. აჰა, სცან სიმართლე -
ბალღნი სად არიან!
ვქმენ ჩემი საქმნელი -
გაწვნიე სიმწარე.

ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:
83. ”ავსული ყოფილხარ,
გუდრუნო, თუ მართლა
შვილების სისხლითა
ლუდი შემიზავე -
მოსპე და დაღუპე
ჩვენი ნაშიერნი,
ძენი დამიხოცე,
ჭირი გამიმრავლე!”

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
84. ”შენ უნდა მომეკალ -
სხვას რას მივაგებდი
უმჯობეს სასჯელად
ულმობელ თავადსა!
შენ ადრეც მრავალთა
უბედურებათა,
ბოროტთა საქმეთა
ხარ ქვეყნად ჩამდენი;
აწ ქმენ ბოროტება
ქვეყნად უმძიმესი, -
აღაპი შენივე
შენვე განიმზადე!”

ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:
85. ”დაგწვავენ კოცონზე,
ჩაგქოლენ ქვებითა!
მიიღებ სანაცვლოს -
საკადრის სასჯელსა!”

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
”დილისთვის სიმწარეს
ელოდე უარესს!
ლამაზი სიკვდილი
ჩემთვის განვიმზადე!”

86. ასე აღავსებდნენ
ერთურთს საყვედურით,
შინ მსხდომი, ერთურთის
მრისხანედ მზირალი.

87. აღინთო ჰნიფლუნგი,
აღსგა შემართბად,
გუდრუნს განუცხადა,
რომ მოკლავს ატლისა.

88. დაღუპულ ჰოგნისა
ხვედრი გაიხსენა,
გუდრუნმა აღუთქვა
ჰნიფლუნგს დახმარება,
მალე მოახლოვდა
ატლის აღსასრული,
გუდრუნის შეწევნით
ის მოკლა ჰნიფლუნგმა.

89. სიმწრით გაიღვიძა
და წართქვა ძლიერმა -
მძიმე ჭრილობათა
ბრძანა არ შეხვევა:
”მარქვით, ვინ განგმირა,
მოკლა ძე ბუდლისა?
ვერ წინააღვუდგე,
ვერ მკურნოს მკურნალმა!”

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
90. ”მართალს მოგახსენებს
გრიმილდის ასული,
რომ მისი სურვილით
მოგისპეს სიცოცხლე!
ჰოგნის ძემ, მამაცმა,
დაგცა გულს მახვილი.

ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:
91. ”იტვირთე მკვლელობა -
სულმოკლედ მოიქეც:
ერთგულსა მეგობარს
ექმენ მოღალატედ!
მიყვარდი, არ გსურდი,
შეგირთე ცოლადა;

92. მორჭმულად გიცნობდნენ
ქვრივსა მბრძანებელსა,
დიდთა მათ საქმეთა
გრაცხდნენ შემოქმედად.
დავბრუნდით ამალით
მრავალრიცხოვანით,
გზები ცხოვრებისა
კარგ ბედს აღგვითქვამდა.

93. ზრუნვით გარს გვეხვივნენ
ღირსნი დიდებულნი,
გვყავდა საქონლისა
ჯოგი უთვალავი,
ვიხვეჭდით, გავცემდით
სიმდიდრეს უხვადა.

94. ურვათი მოგართვი,
დია, საკადრისი:
მონა ოცდაათი,
შვიდი მოახლენი;
ვერცხლი დავუმატე
სართად მშვენიერთა.

95. არარად მიგაჩნდა
ესე ყოველივე, -
დამაკლდა ბევრი რამ
მზაკვრობით შენითა -
სიმდიდრე მიწების
ბუდლის ნაბოძარი.
ცრემლები სდიოდა
შენსა დედამთილსა,
ნდობა ერთმანეთის
დავკარგეთ ცოლ-ქმარმა!’

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
96. ”ატლი, შენ სიცრუით
აბრუნებ ენასა!
ბრალად მდებ ანჩხლობას,
თვით ხარ უარესი:
თქვენ, ძმანი ჭაბუკნი,
ადრევე მტრობითა
ღუპავდით ერთმანეთს,
ჰელსა წარგზავნიდით,
დაღუპეთ სიმდიდრე
და ბედნიერება.

97. ჩვენ, სამნი და-ძმანი,
დია, უძლევენლი,
ხმელეთს განვეშორეთ,
ზღვად გავყეთ სიგურდსა.
ჩვენგან თვითეული,
საკუთარ ხომალდით,
მაშრიყს მიეახლა
ომის მაძებარი.

98.მოვკალით კონუნგი,
დავიპყრეთ ქვეყანა,
მოვიდნენ თავადნი
რიდით და კრძალვითა,
ურჩნი დავიმონეთ,
მორჩილნი ვამართლეთ,
ღატაკთ ვუწყალობეთ
განძი საბოძარი.

99. მომიკვდა სიგურდი,
ბედი დამეფერფლა,
დამერქვა საბრალო
სახელი ქვრივისა,
ატლის სასახლეში,
ქმარზე მგლოვიარე,
ვიჯექ, არ ძალმიძდა
გმირის დავიწყება.

100. ვგრძნობდით, უსამართლოდ
განსჯიდი თინგზედა
და სხვებს აბრალებდი
შენს უსამართლობას;
იყავი დამთმობი
და გაუბედავი,
სდუმდი, თუმც დუმილი
არ ჰფერობს კონუნგსა”.

ა ტ ლ ი მ თ ქ ვ ა:
101. ”სცრუობ, შენ, გუდრონო,
გარნა ჩვენს ტანჯვასა,
ხვედრსა უმძიმესსა
ამით ვერ უშველო!
წესი აღასრულე
ჩვენდა საკადრისად,
როს შინით მხედარნი,
შორს წამასვენებენ!”

გ უ დ რ უ ნ მ ა თ ქ ვ ა:
102. ”ვიყიდი ნავსა და
კუბოს მოქარგულსა,
გასანთლულ სუდარას,
საბურველს მკვდრისასა,
ვითომც გზა ცხოვრების
გაგვევლოს ერთადა”.
103. ატლი გარდიცვალა,
გლოვობდნენ თვისტომნი,
თქმული აღასრულა
ღირსმა ქალბატონმა.
სიკვდილი ეწადა
ბრძენსა მას გუდრუნსა,
გარნა მან ამქვეყნად
კვლავ დიდხანს იცოცხლა.

104. ბედნიერ არიან,
ვინც შვილებს გმირებად
აღზდიან ისე, ვით
აღზარდა გიუკიმ.
ქებით და დიდებით,
ყველგან და მარადის
იცოცხლებს საქმენი
მათი საგმირონი.

გუდრუნის წამქეზებლობა

(Gudrunarhvot)

გუდრუნმა, ატლი რომ მოკლა, დაუყოვნებლივ ზღვას მიაშურა. შევიდა ზღვაში და უნდოდა თავის დახრჩობა, მაგრამ ზღვამ არ ჩაძირა. წყალმა ფიორდებზე გაიტაცა და კონუნგ იონაკრის მიწაზე გარიყა. იონაკრმა ცოლად შეირთო გუდრუნი.
მათ აჟებს ერქვათ: სორლი, ერპი და ჰამდირი*. იქვე იზრდებოდა სვანჰილდი - ასული სიგურდისა. იგი ცოლად შერთეს ორმუნრეკ ძლიერს. ორმუნრეკს ჰყავდა მრჩეველი, სახელად ბიკი. ბიკიმ (მზაკვრულად) ურჩია რანდვერს, კონუნგის ძეს**, ხელთგდება სვანჰილდისა და ამის შესახებ ყველაფერი უამბო კონუნგს. კონუნგმა ბრძანა, ჩამოეხრჩოთ რანდვერი, ხოლო სვანჰილდი ცხენებისთვის გაეთლვინებინათ. გუდრუნმა, როცა ეს ამბავი შეიტყო, მყისვე თავის ვაჟებს მიმართა:

1. ვისმინე სიტყვანი -
რისხვა-საყვედური:
დარდით დასეტყვილი
და სულით ძლიერი
კიცხავდა გუდრუნი
ძეთა მათ ყმაწვილთა,
ბრძოლად მოუხმობდა,
მტერზე შურისგებად:

2. ”რად სხედხართ? რად გძინავთ
უზრუნვ-უდარდელად?
ვითღა შეგიძლიათ
იყოთ მხიარული,
ოდეს ორმუნრეკმა
დაი თქვენი სვანჰილდი
ცხენებს ათელვინა -
თეთრონს და შავრასა;
ომების გზებზედა
მიუგო ფლოქვებქვეშ
ნახედნსა, გოთურსა
ნაცრისფერ ულაყებს!

3. არა, თქვენ არ ჰგავხართ
სიმხნით, სიმამაცით,
არც გუნარს, გამბედავს,
არც ჰოგნის, ძლიერსა,
დია, აღგაგზნებდათ
ცეცხლი შურისგების,
რომ ჩემთა ძმათაებრ
იყოთ უშიშარი,
ან ჰუნთა კონუნგებს
ბაძავდეთ გმირობით!”

4. მაშინ თქვა ჰამდირმა,
მხნემ, სულით მაღალმა:
”ვეჭვ, რომ შეაქებდი
ჰოგნის ვაჟკაცობას,
ოდეს მათ სიგურდსა
ძილი დაურღვიეს,
ოდეს თავსაბურნი,
თეთრნი და ცისფერნი,
მეუღლის სისხლითა
წითლად შეგიღებეს.

5. შენ, შენთა ძმათათვის
მწარე შურისგებად,
შვილები დახოცე
შენივე ხელითა,
დიაღაც, ვინატრებთ -
დისათვის ყმაწვილნი
ორმუნრეკ ძლიერზე
აღვდგეთ შურისგებად!

6. მოიღეთ აბჯარნი
ჰუნთა მათ კონუნგთა!
მახვილთა თინგისკენ
ლტოლვად შთაგვაგონე!’

7. სიცილით შევიდა
საწყობში გუდრუნი,
მოიღო ზუჩნი და
ჯავშანნი კონუნთა,
აისხეს ძეთა მათ
აბჯარნი საომრად,
სასწრაფოდ მოახტნენ
დარხატულ ცხენებსა.

8. მაშინ თქვა ჰამდირმა,
მხნემ, სულით მაღალმა:
”დედის სანახავად
ვერღა უკუიქცნენ
გმირნი, დაცემულნი
გოთებთან ბრძოლაში,
მაშინ აღასრულე
შვილთათვის აღაპი -
ასული შენისა
და შენთა ძეთათვის”.

9. გაბრუნდა გუდრუნი
გიუკის ასული
ცრემლის ღვრით, ქვითინით
დაჯდა ალაყაფთან;
სიმწრისა ძველისა
იწყო მოგონება,
ნამყო, გაფრენილი,
დაუდგა თვალწინა:

10. სამსა ცეცხლს ვიცნობდი -
სამსა მას კერიას,
სამ ქმარს - სამ მეუღლეს
სამჯერ განათხოვი;
ქმართაგან სიგურდი
ჰმეტობდა სხვებზედა,
ძმებმა მომიკვდინეს
მეუღლე უბადლო!

11. სევდა უმძიმესი
აროდეს მეწვნია,
გარნა უარესი
ბედმა გამიმზადა -
ატლის მიმათხოვეს
ავსა მას კონუნგსა!

12. მოვუხმე ყმაწვილთა
ვითომც სასაუბროდ;
ესღა დამრჩენოდა
ბედკრულს შურისგებად:
სიცოცხლე მოვუსპე
ნიფლუნგთა მოდგმასა.

13. მიველ ზღვის ნაპირას,
ნორნებზე გამწყრალი,
ნორნების რისხვისა,
დია, მომლოდინე,
ზღვამ პირი სეიკრა,
წყალმა არ ჩამძირა,
ზვირთთა გამიტაცეს,
დავრჩი კვლავ ცოცხალი.

14. უცხოსა მხარეში
ვპოვე სარეცელი,
ქმარს გავყევ მესამეს,
მძებნელი ბედისა;
ვამრავლე ვაჟები
მოდგმა იონკარის,
მძლეთა მძლე კონუნგის
ძენი ღირსეულნი.

15. სვანჰილდს გარს ეხვია
გუნდი მოახლეთა,
ძეთა უმეტესად
მიყვარდა ასული;
დარბაზს მინათებდა
მისი მშუქარება -
მსგავსად მზის სხივისა
ბრწყინავდა სვანჰილდი.

16. ვამკობდი სამოსით,
ოქროს სამკაულით;
გოთების მხარეში
ქმარს შევრთე ძლიერსა,
მომხვდა შემზარავი
ტანჯვა ბედდამწვარსა:
ცხენებს ათელვინეს
ლაფში და ტალახში
სვანჰილდის ლამაზი
ქერა კულულები.

17. სიკვდილი სიგურდის
ყოველთა აღემატა -
ლოგინში მომიკლეს
იგი, ომს ჩვეული;
ხვედრი გუნარისა
იყო უმწარესი -
გველთა მათ მბზინავთა
დაგესლეს კონუნგი;
გული ამოგლიჯეს
მკერდიდან ჰოგნისა -
კონუნგს შემზარავი
არგუნეს სიკვდილი.

18. მახსოვს მე მრავალი
დარდი და ტკივილი;
სიგურდო, შეკაზმე
შავრა ქედფიცხელი,
ჩქარა მოაჭენე
ჩემსკენ ბედაური!
მარტო ვარ, არა მყავს
რძალი, არც ასული,
გუდრუნს რომ ძვირფასი
უძღვნან საჩუქრები!

19. ხომ გახსოვს, სიგურდო,
ჩვენი საუბარი,
ოდეს სარეცელზე
ვისხედით მარტონი?
აღმითქვი ჰელიდან
ჩემთნ დაბრუნება,
დაგპირდი, რომ შენთვის
დავთმობდი სიცოცხლეს.

20. აწ, ღირსნო თავადნო.
მუხისა შეშისგან
აღაგზნეთ გმირისთვის
კოცონი მაღალი:
დე, ცეცხლმა დაფერფლოს
გული სევდიანი -
დარდი და ვარამი
დაადნოს გულისა!”

21. ასცდეთ მომავალში
ქმრებსა და ცოლებსა
მსგავსნი განსაცდელნი,
ექმნათ მოგონებად!
დასრულდეს ამბავი
ესე სევდიანი!

სიტყვანი ჰამდირისა

(Hamdismâl)

1. იქ ბნელი ამბები,
ბნელი საქმეები
ხდებოდა ჟამსა მას
ნაღვლიან დილითა;
დილით ღვივდებიან
შავბნელი ფიქრები,
ფრთებსა შლის დარდი და
ვარამი გულისა!

2. არცა დღეს მომხდარა,
არც გუშინ დილითა,
ძველი ამბავია, -
უძველეს დროისა;
უხმობდა გუდრუნი,
გიუკის ასული
თვისთა ვაჟიშვილთა,
ყმაწვილთ გულმამაცთა
ასულის თვისისა
მკვლელზე შურისგებად:

3.”სვანჰილდი - სახელი
დისა მის თქვენისა,
ვინაც ორმუნრეკმა
ცხენებს ათელვინა -
თეთრონს და შავრასა;
ომისა გზებზედა
მიუგდო ფლოქვებქვეშ,
ნახედნსა, გოთურსა
ნაცრისფერ ულაყებს!

4.კონუნგთა მოდგმიდან
ჩემი ჯილაგისა
ყველა დამეღუპა,
თქვენღა დამრჩენიხართ!

5.მე მარტოდმარტო ვარ,
ვით ვერხვი ჭალაში,
ვით ნაძვი ლიტონი,
უძმო, უთვისტომო;
მოვაკლდი სიხარულს,
ვით ფოთლებს - მცენარე,
როს მაღნარს ხორშაკმა
ქარმა დაუქროლა!”

6. მაშინ თქვა ჰამდირმა,
მხნემ, სულით მაღალმა.
”ვეჭვ, რომ შეაქებდი
ჰოგნის ვაჟკაცობას,
ოდეს მათ სიგურდსა
ძილი დაურღვიეს, -
შენ იჯექ ლოგინზე, -
მკვლელნი ხითხითებდნენ;

7. ოდეს თავსაბურნი,
თეთრნი და ცისფერნი,
მეუღლის სისხლითა
წითლად შეგიღებეს:
მოგიკლეს სიგურდი,
შენ იჯექ ცხედართან
დარდით დასეტყვილი -
ეს გიყო გუნარმა!

8. ფიქრობდი, დახოცავ
ერპსა და ეიტილს,
დასწვავ, გულს მოუკლავ,
დასეტყვავ ატლისა,
დახოცე შვილები -
ჭირი გაიმრავლე,
მახვილით დასჭერი
გული საკუთარი!”

9. სორლიმ თქვა სიტყვანი,
ჭაბუკმა ჭკვიანმა:
”არა მსურს კამათი
შევკადრო დედასა,
გარნა თქვენ არც ერთმა
არა სთქვით ერთი რამ:
რა გინდა, რას გოდებ,
რას ელი, გუდრუნო?

10. დასტირი დაღუპულ
ძმებსა და შვილებსა
და ომში დაცემულ
თვისტომ-ნათესავთა!
მალე ჩვენც გვიგლოვებ,
გუდრუნო, ორთავს -
მხარეს მას შორეულს
მიგვიხმობს სიკვდილი!”
11. გავიდნენ შინიდან
რისხვით აღგზნებულნი,
მოახტნენ ჰუნურსა
ჭიხვინა ქურანებს,
ნამიან მთებზედა
გაფრინდნენ ყმაწვილნი.

12. გზად შემოეყარათ
გერი ძმა, ცბიერი:

ჰ ა მ დ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
”ჯუჯავ, შავგვრემანო,
ვით დაგვეხმარები?’

13. ერპმა უპასუხა
ძმამ შავგვრემანმა:
”ვით ერთსა სხეულზე,
ერთად ამოზრდილნი -
ფეხი ფეხს, ხელი ხელს
უწევს დახმარებას”.

ჰ ა მ დ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
”ვით შეუძლია
ერთ ფეხსა მეორის,
ან ხელსა მეორე
ხელის დახმარება?”

14. და ერპმა სიტყვანი
თქვა ესევითარნი -
ის ცხენზე იჯდა და
ტოკავდა ქურანი -
”ვითარ შემიძლია
მხდალებს გზა ვუჩვენო!”
თქვეს: ”რაებს გვიბედავს
ესე ნაბუშარი!”

15. იშიშვლეს ქარქაშით
ქარქაშთა რკინები,
მრისხანედ აღმართეს
მახვილი ძმაზედა,
ძალ-ღონის თვისისა
მოსრნეს მესამედი, -
სიკვდილი არგუნეს
ყრმასა გულფიცხელსა.

16.დაბერტყეს, მოისხეს
მხრებზე ლაბადები,
ჩააგეს მახვილნი
ღვთივდაბადებულთა.

17. გაჰყვნენ სახიფათო
გზებსა ძნელსავალსა,
იხილეს დისწული
დასჯილთა ხეზედა -
ქარში მოქანავე
ნახეს ჩამომხრჩვალი,
ციხისა სამხრეთით,
სად სევდა სუფევდა.

18. ისხდნენ შინ მხედარნი,
სვამდნენ და ღრეობდნენ,
არ ესმათ ფეხის ხმა,
ცხენთა თქარათქური,
ვიდრემდის გუშაგთა
არ ამცნეს ბუკითა.

19. ჰკადრეს, მოახსენეს
ორმუნრეკს ამბავი,
რომ მცელთა იხილეს
კაცნი ჩაჩქნოსანნი:
”აღსდექით თავდაცვად!
მოვიდნენ ძლიერნი,
ცხენთ რომ ვათელვინეთ
დაი მათი - სვანჰილდი!”

20. მაშინ გაიცინა
ორმუნრეკ ძლიერმა,
დინჯად გადაისვა
ხელი ულვაშებზე,
მახვილს არ შეეხო,
ოდენ ფარს შეხედა,
ხელთ ეპყრა ფიალა
ღვინისგან შემთვრალსა.

ო რ მ უ ნ რ ე კ მ ა თ ქ ვ ა:
21. ”ბედნიერ ვიქნები,
თუ ჩემსა დარბაზში
ვიხილავ ორთავეს -
სორლის და ჰამდირსა:
გავთოკავ გიუკის
ამაყ შვილიშვილებს,
მარყუჟს გადავაცვამ,
გავკიდებ ძელზედა!”

22. ”მეფინგრ!” - თქვა ჰროდგლოდმა
მდგომმა შორიახლო,
და უთხრა ვაჟიშვილს:
”ძლივს დგახართ ფეხზედა!
ვით ძალუძთ ორთა მათ
ამ დიდ დარბაზებში
ათასსა გუთთანა
შებმა-გამკლავება?”

23. ატყდა ღრიანცელი,
ცვიოდნენ თასები
და გოთების სისხლში
ცურავდნენ გმირები.

24. მაშინ თქვა ჰამდირმა -
მხნემ, სულით მაღალმა:
”შენ დიდხანს გველოდი,
ორმუნრეკ ძლიერო,
შენს ციხე-დარბაზში
ჩევნ ორთა - ღვიძლ ძმათა.
ხედავ შენს ფეხებსა? –
ხელნიც ორთავე -
ჩვენ ცეცხლში ჩავყარეთ,
ალს შევრთეთ ძლიერსა!”

25. დაჭრილი დათვივით
შეჰღმუვლა კონუნგმა,
ღვთივ დაბადებულმა
გმირმა აბჯროსანმა:
”ქვები დაუშინეთ! –
არა ჭრის მახვილი,
არც სხვა იარაღი -
იონაკრის მოდგმასა!”

ს ო რ ლ ი მ თ ქ ვ ა:
26. ”ძმაო, რად მოხსენი
თავი მაგ გუდასა, -
სიტყვებს სახიფათოს
ისვირს ის ხშირ-ხშირად!

27. სიფრთხილე გაკლია
ბრძოლაში, ჰამდირო!
გაუფრთხილებლობა
ღუპავთ გულმამაცთა!’

ჰ ა მ დ ი რ მ ა თ ქ ვ ა:
28. ”თავსაც მოვკვეთავდით
ორმუნრეკს ძლიერსა,
რომ ერპი, ცოცხალი,
აქ თანა გვხლებოდა,
მოვკალით ძმა იგი,
ვაჟკაცი გულადი,
დისთა შთაგვაგონეს
განზრახვა უგნური.

29. აწ ერთურთს მგლებივით
ნუ ავუხირდებით,
ნორნების მშიერთა
ძაღლთა ნუ მივბაძავთ -
უღრანში გაზრდილებს
ურთიერთმტრობითა!

30. ვიბრძოდით გოთების
გვამებზე შემდგარნი,
გვშვენოდა მახვილი,
ვით ფრენა არწივსა!
დე, მოვკვდეთ დღეს თუ ხვალ,
სახელით, დიდებით -
ნორნების განაჩენს
ვერ ასცდეს ვერავინ!”

31. სორლი დაიღუპა
ტორზისა კედელთან,
სახლს უკან გმირულად
დაეცა ჰამდირი.

ამას ეწოდება ”ძველნი სიტყვანი ჰამდირისა”.


III. დამატებითი სიმღერები

სიმღერა მგზავრზე ანუ
ბალდრის სიზმრები

(Vegtâmskvidha eda Baldrs Draumar)

1. თინგზე თავყრილობა
გამართეს ასებმა,
ბჭობდა შეიკრიბნენ
ღმერთნი და ქალღმერთნი:
ბჭობდნენ და მსჯელობდნენ
მსაჯულნი ძლიერნი -
რად ესიზმრებიან
ბალდრს ავი სიზმრები?

2.წამოდგა ოდინი
და ძველმა გაუტმა
სლეპნირს უნაგირი
შეადგა ზურგზედა,
დაღმა გაემგზავრა
ბნელსა მას ნიფლჰელსა,
ჰელის შესავალთან
დაუხვდა ქოფაკი.

3.ძაღლს წითლად შესვროდა
სისხლისგან გულ-მკერდი
და დიდხანს უყეფდა
ჯადოთა მამასა;
მან კი გზა განაგრძო,
მიწა ზანზარებდა,
ჰელს, დარბაზს მაღალსა,

4.მაშრიყის ჭიშკრიდან
გავიდა ყორღანზე,
სად ვოლვას საფლავი
მას ეგულებოდე;
შელოცვა უმღერა,
ძლივს გამოაღვიძა,
წამოდგა ცხედარი,
იწყო საუბარი:

5. ”ვინ არის უცნობი
მამაცი მხედარი,
ვინ მიხმობს მგზავრობად
გზასა ძნელსავალსა?
აქ თოვლი მათოვდა,
წვიმა მასხურებდა,
ნამი მეფრქვეოდა, -
მკვდარი ვარ დიდი ხნის”.

ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:
6. ”სახელმდევს ვეგტამი,
ვაჟი ვარ ვალტამის;
მიამბე ქვესკნელზე,
გიამბობ ზესკნელზე;
მერხებზე ბეჭდები
აქ ვისთვის აწყვია,
ან ოქრო, მბრწყინავი,
რად ფარავს იატაკს?”

ვ ო ლ ვ ა მ თ ქ ვ ა:
7. ”აქა დგას ბალდრისთვის
თაფლი ნადუღარი,
შუშხუნა სასმელი,
ფარით დახურული;
შფოთავენ ასები
სასოწარკვეთილნი.
აწ ვდუმვარ, მეტს ჩემგან
ვერა სცნობ ვერარას”.

ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:
8. ”ვოლვა, არ დადუმდე!
ვინძლო მიპასუხო,
შენგან მსურს შევიტყო
და ვცნა ყოველივე:
ბედი ვის არგუნებს
ბალდრის მოკვდინებას -
ძისა ოდინისა
მკვლელი ვინ იქნება?

ვ ო ლ ვ ა მ თ ქ ვ ა:
9. ”ჰოდრი ჩამოაგდებს
ქვესკნელს დიდების ხეს,
ბედი მას არგუნებს
ბალდრის მოკვდინებას,
ძისა ოდინისა
მკვლელი ის იქნება.
აწ ვდუმვარ, მეტს ჩემგან
ვერა სცნობ ვერარას”.

ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:
10. ”ვოლვა არ დადუმდე,
ვინძლო მიპასუხო,
შენგან მსურს შევიტყო
და ვცნა ყოველივე:
მითხარ, ვინ აღსდგება
ჰოდრზე შურისგებად,
მკვლელსა მას კოცონზე,
მარქვი, ვინ გაგზავნის?”

ვ ო ლ ვ ა მ თ ქ ვ ა:
11. ”რინდი ოდინისგან
ვაჟსა შობს - ვალისა,
ვინაც ერთი ღამის
ჩაების ბრძოლაში,
ხელებს არ დაიბანს,
თმას არ დაივარცხნის,
ვიდრემდის ბალდრის მკვლელს
არ მოკლავს მამაცი”.

ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:
12.”ვოლვა, არ დადუმდე,
ვინძლო მიპასუხო,
შენგან მსურს შევიტყო
და ვცნა ყოველივე:
სთქვი, ვისი ასულნი
ასტეხენ ქვითინსა
თეთრთა მათ ლეჩაქთა
ზეცამდე ფრიალით?”

ვ ო ლ ვ ა მ თ ქ ვ ა:
13.”შენა ხარ ვეგტამი,
დია, თუმც მეგონე,
დასტურ ხარ ოდინი -
ძველი შემოქმედი!”

ო დ ი ნ მ ა თ ქ ვ ა:
14. ”არც შენ ხარ ვოლვი -
წინასწარმეტყველი, -
დასტურ, შენ დედა ხარ
სამთა გოლიათთა!”

ვ ო ლ ვ ა მ თ ქ ვ ა:
15. ”ოდინ, შინ დაბრუნდი!
ძალგიძს იამაყო!
დღეიდან აქ, ჩემთან,
ვერ მოვა ვერავინ,
ვიდრემდის არ დაგლეჯს
ლოკი არტახებსა -
ღმერთთა აღსასრული
ვიდრე არ დადგება”.


სიმღერა რიგრზე

(Rigsmâl)
ძველ საგებში მოთხრობილია, რომ ერთი ასებთაგანი, რომელსაც ჰაიმდალი* ერქვა, ერთხელ თავისი გზით ზღვის სანაპიროს მიჰყვებოდა; რომელიღაც ეზოს მიადგა და განაცხადა - რიგრი მქვიანო. ამის შესახებ გვიამბობს ეს სიმღერა.

1. ძველ დროში, ოდესღაც
ღმერთი დიდებული,
ასებში მამაცი,
ძველი ბრძენთაბრძენი
რიგრი მძლე - ვიდოდა
გზასა მას მწვანესა.

2.მისდევდა შუაგზას
და მიაბიჯებდა;
მიჰხვდა საცხოვრისსა,
სახლსა მას კარღიას;
შევიდა: შინ ცეცხლი
ღვიოდა კერაზე;
იქ ორი მოხუცი
ცეცხლს უჯდა ცოლ-ქმარი,
პაპა და დიდედა,
ძველმანით მოსილი.

3.რიგრმა მათ მოხუცთა
იწყო შეგონება,
შემდეგ შუაგულში
დაჯდა ფიცარნაგზე,
მარჯვნიდან, მარცხნიდან
მიუჯდა ცოლ-ქმარი.

4.მოართვა დიდედამ
სადილად პური რამ-
მაგარი, სქელქერქა,
ზამპი, ბზენარევი;
სინით წინ დაუდგა
კერძი რამ წვნიანი -
სუფრას შეუმატა
უგემრიელესი
ხბოს ხორცი, ძვირფასი,
საზრდო სანატრელი.

5. რიგრიგი მათ მოხუცთა
კვლავ შეაგონებდა;
შემდეგ კი მათ შუა
დაწვა სარეცელზე,
მარცხნიდან, მარჯვნიდან
მიუწვა ცოლ-ქმარი.

6.დაჰყო მან სახლსა მას
მუნ სამი დღე-ღამე,
შემდეგ კი წავიდა,
კვლავ გაჰყვა შუაგზას;
გარდახდა დრო-ჟამი,
ცხრა თვემ გაიარა.

7. დიდედამ ძე შობა,
ბავშვი წყლით ასხურეს,
იყო შავგვრემანი
და თრელი დაარქვეს.

8. იწყო ზრდა, მოწიფვა,
მატება ძალ-ღონის,
ჰქონდა მას ხელები
დანაოჭებელი,
სახსრები - კვანძებად,
თითები - კოტიტა.
და ტერფნი - მოგრძონი,
ზურგი - კუზიანი
და სახე - მახინჯი.

9. მომძლავრდა, ისწავლა
გამოცდა ძალ-ღონის,
დაგრეხა ხრალისა,
შეკვრა გუდურების,
შინ ტყიდან მთელი დღე
ფიჩხს ეზიდებოდა.

10. ეახლათ მათ ერთხელ
გოგო მრუდფეხება,
ტერფებდაშაშრული,
მზით ხელებდამწვარი;
იყო ცხვირპაჭუა,
თირად სახელდებდნენ.

11. დაჯდა ფიცარნაგზე
და მოიკალათა,
გვერდს ვაჟი მიუჯდა -
ძეი მასპინძისა,
ტკბილად საუბრობდნენ,
ლოგინში წვებოდნენ,
თირი და თრელი სულ
ერთად იძინებდნენ.

12. შვილები დაბადეს,
ცხოვრობდნენ სვიანად;
ძეთა მათ სახელნი;
ჰრაიმერ და ფოსნირი,
კლური და კლეგი,
კეფსირ და ფულნირ,
დიგრალდი, დრუმბრი,
დროტრი და ჰოსვირ,
ლეგალდი, ლუტრი.
ველს ანოყივრებდნენ,
მესრებს აგებდნენ,
უვლიდნენ თხებსა და
ღორებს აშენებდნენ;
ტორფს მოაგროვებდნენ.

13. სახელნი ასულთა:
დრუმბა და კუმბა,
ოკვინკალფა,
არნეფია,
ისია, ამბატ,
აიკინტიასნა,
ტოტრუნგჰიპია,
ტრონუბაინა-
და მათგან წარმოსდგა
მოდგმა მონებისა.

14. რიგრი კვლავ ვიდოდა
გზითა პირდაპირით,
მიჰხვდა საცხოვრისსა,
სახლსა მას კარღიას,
შევიდა, შინ ცეცხლი
ღვიოდა კერაზე,
შრომაში გართული
იჯდა იქ ცოლ-ქმარი.

15. კაცი ღერძს რანდავდა,
ლილვას საქსოვისას,
ქოჩორა შუბლი და
წვერი - დავარცხნილი,
ვიწრო ტანსაცმელი,
კუთხეში - ზანდუკი.

16. ქალი სელს ართავდა,
ჯარსა აბრუნებდა,
ნართსა მოსაქსოვად
იგი ამზადებდა,
კაბა - უმკლავებო,
შუბლს ბაფთა უმკობდა,
გულმკერდს - ხელსახოცი,
მხრებსა - აბზინდები.
და ფლობდნენ სახლსა მას
პაპა და დიდედა.

17. რიგრმა მოახერხა
მათი შეგონება,
ადგა მაგიდიდან
მალე დასაწოლად,
ჩაწვა ლოგინისა
იგი შუაგულში,
მარცხნიდან, მარჯვნიდან
მიუწვა ცოლ-ქმარი.

18. დაჰყო მან სახლსა მას
მუნ სამი დღე-ღამე,
შემდეგ კი წავიდა,
კვლავ გაჰყვა შუაგზას;
ცხრა თვემ გაიარა.
ქალმა ძე დაბადა,
ბავშვი წყლით ასხურეს
კარლოსი დაარქვეს;
ჩვრებში შეახვიეს,
იყო თეთრყირმიზა,
ცქვიტი, მკვირცხლთვალება.

19. იწყო ზრდა, მოწიფვა,
მატება ძალ-ღონის,
გაწვრთნა ხარებისა,
გამართვა გუთნისა;
სახლებს აშენებდა,
აგებდა ბოსლებსა,
ფორნებს აკეთბდა,
და ხნავდა მიწასა.

20. მალე მოიყვანეს
შინ დიასახლისი -
საცოლე კარლოსის:
კაბა - თხის ბეწვისა,
ქამარზე - კლიტენი;
სნორად სახელდებდნენ,
ბეჭდები გაცვალეს,
შეუღლდნენ, შეერთდნენ.
სარეცელს იყოფდნენ,
ოჯახზე ზრუნავდნენ.

21. შვილნი შვეს, ცხოვრობდნენ
სავსედ და სვიანად,
სახელნი ძეთა მათ:
ჰალი და დრენგი,
ჰლოდ, თენგი, სმიდი,
ბრეიდბონდი, ბოდი,
ბოი, ბუნდისკეგი,
ბრატსკეგი, სეგი.

22. სახელნი ასულთა:
სნოტი და ბრუდი,
სვანი და სვარი,
სპარკი და ფლოდი.
სპრუნდი და ვიფი,
ფეიმა, რისტილ;
და მათგან წარმოსდგა
მოდგმა გლეხებისა.

23. რიგრი კვლავ ვიდოდა
გზითა პირდაპირით;
მიჰხვდა დარბაზებსა
სამხრეთის შესავლით:
კარები - ღია და
კარებზე - ბეჭედი.

24. შევიდა სახლსა მას,
ძირს ჩალა ეფინა,
სხდნენ ორნი პირისპირ,
შესცქერდნენ ერთმანეთს -
მამაი, დედაი
თითების თამაშით.

25. მამა ისრებისა
თლით იყო გართული,
ლარს გრეხდა მშვილდისთვის,
მშვილდზე აზომებდა;
დედა მორთულობას
თვისას ამოწმებდა -
სამოსს ისწორებდა,
კაბის სახელოებს.

26. იჯდა თავმორთული,
ყელსა - მანიაკი,
კაბა - კოჭებამდე,
პერანგი - ცისფერი,
წარბები - ელვარე,
გულმკერდი - უნათლეს,
ყელ-ყური - უთეთრეს,
სპეტაკი თოვლისა.

27. რიგრმა შეგონება
იწყო მის ცოლ-ქმრისა;
შემდეგ ფიცარნაგზე
დაჯდა ის შუაში,
მარჯვნიდან, მარცხნიდან
მიუჯდა ცოლ-ქმარი.

28. დედამ გადმოიღო,
გახსნა და გაშალა
ქსოვილი სელისა
სუფრა მოქარგული;
მერმე მაგიდაზე
დააწყო პურები -
თეთრი და თხელ-თხელი
ნამცხვარი ხორბლისა.

29. ლანგრები, ნაჭედი
და მოზარნიშული,
დადგა მაგიდაზე
ხორაგით ავსილი
ფრინველი შემწვარი,
ქონი და მჭლე ხორცი,
დოქი ღვინიანი,
თასები ძვირფასი
და დაღამებამდე
სვამდნენ, საუბრობდნენ.

30. რიგრი ზეწამოდგა,
ლოგინი გაშალა . . .
დაჰყო მან სახსა მას
მუ სამი დღე-ღამე,
შემდეგ კვლავ წავიდა
და გაჰყვა შუაგზის;
გარდახდა დრო-ჟამი,
ცხრა თვემ გაიარა.

31. დედამ ძე დაბადა,
ატლასში შეახვიეს,
ბავშვი წყლით ასხურს,
იარლი უწოდეს,
სახით თეთრყირმიზსა
და ნათელთმიანსა
მზერა უხამსისა
ჰქონდა საშიშარი.

32. იარლმა დარბაზში
იწყო ზრდა, მოწიფვა;
ისწავლა ფარისა
რხევა - მომარჯვება,
გრეხა ლარებისა,
მოდრეკა მშვილდების, ,
ისრების გამოთლა,
მოქნევა მახვილის,
ცხენდაცხენ ჯირითი,
მისევა ძაღლების,
ხმარება შუბისა,
გაცურვა ტალრების.

33. ტყეთა წიაღებიდან
რიგრი მოევლინა,
რიგრიგი მოევლინა,
რუნებს ასწავლიდა;
შვილად ჰხმობ, თავისი
უწოდა სახელი
და სამემკვიდრეო
უბოძა მიწები,
უბოძა მიწები
და ძველი სოფლები.

34. წავიდა იქიდან,
ბნელი ტყით იარა
თოვლიან ზეგნებზე -
დიდ დარბაზებამდე;
მახვილს გასტყორცნიდა,
ფარსა იფარებდა,
ცხენით ჯირითობდა,
შუბს მაღლა იჭერდა;
ბრძოლებს ასტეხავდა,
მინდვრებს აწითლებდა,
მტერთა შემუსრავდა
და მიწებს იხვეჭდა.

35. ეპყრა სამფლობელო
მას კომლი თვრამეტი,
გასცემდა საუნჯეს,
ხალხს ასაჩუქრებდა
ფეხმარდი ცხენებით,
ძვირფას სამკაულით;
ბეჭდებს არიგებდა
სჭრიდა სამაჯურებს.

36. შათირნი გაუდგნენ
გზებსა სველსავლელსა,
იარეს, მიადგნენ
ჰერსირის დარბაზებს;
ასულსა ჰერსირის,
ჭკვიანს, თეთრყირმიზას
და თლილთითებიანს
ერნას უწოდებდნენ.

37. დანიშნეს ასული,
მორთეს საქორწილოდ,
წამოჰყვათ და ცოლად
მისთხოვდა იარლსა;
ცხოვრობდა ცოლ-ქმარი
უხვად და მოლხენით;
იყვნენ ბედნიერნი,
მოდგმა გაამრავლეს.

38. უფროსი - ბური,
მომდევნო - ბარნი,
არფი და მოგრი,
ნიდი და ნიდუნგ,
სონ, სვეინ, კუნდი -
კოჭებს თამაშობდნენ,
სწავლობდნენ ცურვასა;
ძმასა უმრწემესსა
კონად სახელდებდნენ.

39. ასე იზრდებოდნენ
იარლის ვაჟები,
ფარებს ამზადებდნენ
და თლიდნენ ისრებსა,
ხედნიდნენ ცხენებს და
შუბებს აელვებდნენ.

40. კონი უმრწემესი
ფლობდა ჯადოსნურა
რუნებს სამკურნალოს,
რუნებს ყოვლისშემძლეს;
შეეძლო ბრძოლის ჟამს
დაცვა მეომართა,
შუბთა დაბლაგვება,
ზღვათა დაოკება.

41. ჩიტთ ენა იცოდა
და ხანძრის ჩაქრობა,
სულის დამშვიდება
და სევდის გაფანტვა;
ძალ-ღონით ბადალი
იყო რვა კაცისა.

42. რიგრს ეჯიბრებოდა
რუნების ცოდნაში,
იარლ რიგრს - მამასა -
სჯობდა მოხერხებით;
მიიღო უფლება
რიგრად წოდებისა,
იქნა გამგებელი
ყოვლისმძლე რუნების.

43. ერთხელ ის ვიდოდა
ტყითა და ჭაობით,
მშვილდს ეზიდებოდა,
ფრინველთ იტყუებდა.

44. ტოტიდან ანაზდად
დასჩხავლა ყორანმა:
”კონო, უმრწემსო,
ფრინველთ რად იტყუებ?
შენ უფრო შეგფერის,
ცხენით ჯირითობდე
. . . და მტრებს ამარცხებდე.

45. დანისა, დანპისა
დიდი დარბაზები
სჯობს შენსას, მიწებიც
მათ აქეთ უკეთესი;
დია, ეხერხებათ
მართვა ნავებისა,
მახვილით ჭრილობის
მარჯვედ მიყენება”.

სიმღერა ჰილდლაზე

(Hundluliödh)

ფ რ ე ი ა მ თ ქ ვ ა:
1. ჰინდავ, გაიღვიძე!
ადექი, დობილო,
ქალწულთა ქალწულო,
ქვაბთა ბინადარო!
ღამეა უკუნი -
ჟამი ვალჰალისა
წმინდა დარბაზთაკენ
ჩვენი გამგზავრების!

2.წყალობას მოგვაგებს
მამა ომებისა -
ვინც მხედრებს გულუხვად
ურიგებს ოქროებს;
ჰერმოდს მან ზუჩი და
აბჯარი უბოძა,
სიგმუნდის მტრის განმგმირი
შუბი ჩააბარა.

3.ზოგს ოქროს ანიჭებს,
ზოგსა - გამარჯვებას,
ზოგს - მახვილ სიტყვასა
და ჭკუა-გონებას;
მცურავთ - ქარკეთილსა,
სკალდებს - სიმღერებსა,
მეომრებს - ბრძოლაში
სიმხნე-სიმამაცეს.

4. თორისთვის სამსხვერპლოს
მე თვით მოვამზადებ,
რომ მანაც წყალობა
მოიღოს შენდამი,
თუმცა ის არ სწყალობს
ოტუნთა ცოლებსა

5.გააღე ახორი,
მგელი გამოუშვი,
შენ - მგელზე, მე - ტახზე
შევჯდეთ და გავსწიოთ.

ჰ ი ნ დ ლ ა მ თ ქ ვ ა:

არ ვარგა ეგ ტახი
ღმერთების გზებზედა,
არც მე მსურს ვაწვალო
ჩემი ბედაური.

6. ფრეიავ, ცბიერო,
გინდა, რომ მაცდუნო,
მთხოვენ დახმარებას
მე შენი თვალები;
შენ სატრფო თან გახლავს
აქ ჰელის გზაზედა -
ჭაბუკი ოტარი,
ზეი ინსტეინის.

ფ რ ე ი ა მ თ ქ ვ ა:
7. ჰინდლავ, შენ გაბოდებს,
ალბათ, სიზმარში ხარ:
სად ხედავ ჩემ სატრფოს
აქ ჰელის გზაზედა;
ეს ჩემი ტახია,
ჩემი ჰილდისვინი
ოქროსჯაგრიანი,
რომელიც ოდესღაც
შექმნეს მათ ჯუჯათა -
ნაბიმ და დაინმა.

8. აწ უნაგირთაგან
ჩამოვხტეთ ორნივე,
დავსდეთ აქ დარბაზში,
ვიწყოთ საუბარი
ღმერთთა შთამომავალ
გმირების შესახებ.

9. ჭაბუკმან ოტარმან
კელტების ოქროზე
ანგანთირ ძლიერთან
დადო სანაძლეო;
მე მინდა მწედ ვექმნათ
გმირსა მას ჭაბუკსა,
წინაპართ ქონების
რომ გახდეს მემკვიდრედ.

10. მან მე ამიშენა
ქვის საკურთხეველი,
ძლიერი ცეცხლისგან
ქვა მინად ქცეულა,
სამსხვერპლო სისხლითა
წითლად რომ უღებავს:
მარადის ერთგული
იყო ის ღმერთქალთა.

11. ძველთა ნათესავთა
შესახებ გვიამბე,
ყოველთა მათ მოდგმათ
გვითხარ გვარტომობა!
ვინ სკოლდუნგისაგან,
ვინ სკილფინგისაგან,
ვინ ოდლინგისაგან,
ვინ ილფინგისაგან
არის წარმომდგარი, -
ვინ არის მდაბიო,
ვინ - კეთილშობილი
მიდგარდს მას ქვეყანას?

ჰ ი ნ დ ლ ა მ თ ქ ვ ა:
12. შენ ინსტეინისა
ძეი ხარ, ოტარო ,
ინსტეინ ძე იყო
მოხუცი ალფისა,
ალფი - ძე უფლისა,
ულფი - სეფარისა,
მწითური სვანისა
ძე იყო სეფარი,

13. დედაი მამაისა
შენისა - ჰლედისი,
ოქროს სამოსელით
მორთული მისანი;
ფროდი - მამამისი
და დედა - ფრიანტი,
გმირობით განთქმულთა
მოდგმა დიდებული.

14. ცხოვრობდა ოდესღაც
ალი, მძლე ყოველთა.
ადრე კი - ჰალფდანი
სკოლდუნგის ტომისა,
ომებში ნაები
ვაჟკაცი ძლიერი,
მხედარი, განთქმული
ცის კიდით კიდემდე.

15. მამაცსა ეიმუნდს
ის დაუმეგობრდა,
მან ცივი მახვილით
განგმირა სიგტრიგი;
მან ქალთა მშვენება
ალმვეიგ შეირთო
და მისგან თვრამეტი
ვაჟი შეეძინა.

16. მათგან წარმოიშვა
გვარტომი სკოლდუნგთა,
სკილფინგთა, ოდლინგთა,
ალფინგთა, ჰერსირთა,
ჰოლდთა დიდებულთა
მოდგმანი ძლიერნი, -
გვარნი უბადლონი
მიდგარდს მას ქვეყანას;
შენ მათი მოდგმა ხარ,
ოტარ, უგუნურო!

17. დედა ფრიუნდისა
იყო ჰილდიუნგი,
ასული სვაფასი
და ზღვათა მეფისა;
შენ მათი მოდგმა ხარ!
ოტარ, უგუნურო!
ხამს ესე უწყოდე;
ყურთ იღებ თუ არა?

18. თორამ - დაგის ცოლმა
დაბადა გმირები,
საქვეყნოდ განთქმული
მამაცი მხედრები:
ფრადმარი, გირდრი და
ფრენკნი ორივენი,
ოსურმარ, ამრი და
უფროსი ალფი;
ხამს ესე უწყოდე;
ყურთ იღებ, თუ არა?

19. კეტილს მეგობრობდნენ,
მემკვიდრეს კლიპისას,
გმირსა - დადაშენის
დიდედის მამასა;
კარიზე პირველად
ფროდი დაიბადა,
ალფი ორთავეზე
იყო უხუცესი.

20. ნანას მოვიგონებ
მე, ნოკვის ასულსა,
ვისი ძეც ცოლისძმა
იყო მამაშენის;
ძველსა მას მოდგმასა
კვლავად გავიხსენებ;
ბროდსა და ჰორვისა -
ვცნობდი მე ორთავეს.
შენ მათი მოდგმა ხარ,
ოტარ, უგუნურო!

21. ისოლფი, ასოლფი,
ძენი ოლმოდისა
და სკურჰილდენისა -
სკეკილის ასულის,
რიცხვთა ნათესავთა
შენთა მიათვალე;
შენ მათი მოდგმა ხარ
ოტარ, უგუნურო!

22. ნაწრთობი გრიმრი და
კედელი გუნარი,
ულფი - ხარბი მგელი,
თორირ - ფაროსანი
ბუი და ბრამი,
ბარი და რაფნირ,
თირფინგრი, თინდრი
და ორნივ ჰადინგნი;
შენ მათი მოდგმა ხარ,
ოტარ, უგუნურო!

23. შემდგომ ეიფურამ
შვა ანგრიმისაგან
გრიგალი ბერსერკთა -
გმირნი საოცარნი;
ჰქროდნენ კიდით კიდე,
ზღვებზე და ხმელეთზე,
ხანძარს აღვივებდნენ;
თესავდნენ სიკვდილსა;
შენ მათი მოდგმა ხარ
ოტარ, უგუნურო!

24. ვცნობდი მე ორთავეს -
ბროდსა და ჰორვისა,
უფროსი ჰროლისა
მამაც მოლაშქრეებს
ძეთა ორმუნრეკის,
ვინაც ნათესავი
იყო სიგურდისა -
გეტყვი, დაიხსომე! –
ფაფნირის მკვლელისა.

25. ვოლსუნგთა მოდგმიდან
იყო ეს თავადი,
მოდგმამ ჰრაუდუნგის
ჰორდისი დაბადა,
ოდლინგთა გვარისა
იყო ეილიმი.

26. ჰოგნი და გუნარი,
ძენი გიუკისა,
ორთა ამა ძმათა
და იყო გუდრუნი;
გიუკის გვარისა
არ იყო გუთრომი,
თუმც ძმად ეკუთვნოდა
ჰოგნის და გუნარსა;
შენ მათი მოდგმა ხარ
ოტარ, უგუნურო!

27. ჰარლად - ბრძოლის ეშვი,
ძეი ჰრორეკისა,
ბეჭედთა მფლანგავის,
პირმშო აუდისა;
აუდ - უბრძენესი
ასული ივარის;
რადბარდი - მხედარი,
მამა რანდვერისა,
ვაჟკაცნი, ღმერთთადმი
მსხვერპლად შეწირულნი;
შენ მათი მოდგმა ხარ
ოტარ, უგუნურო!

28. ასებში თერთმეტი
რჩებოდა ცოცხალი,
ბორცვთან სიკვდილისა
ბალდრი რომ დაეცა;
ვალიმ აღასრულა
მკვლელზე შურისგება -
მოჰკლა მან მამაცმან
ძმისმკვლელი ბოროტი;
შენ მათი მოდგმა, ხარ,
ოტარ, უგუნურო!

29. მამაი ბალდრისა -
მემკვიდრე ბურისა

. . . . . . . .

ფრეირმა შეირთო
გიმირის ასული;
ცოლი გიმირისა
იყო აურბოდა,
და იყო თიასი
მათი ნათსავი,
განძთა მოყვარული,
მამაი სკადისა.

30. ბევრი რამ გიამბე,
გეტყვი კვლავ უფრო მეტს,
ხამს ესე უწყოდე;
ყურთ იღებ, თუ არა?

31. ჰვედნას ვაჟებიდან
ძმებს ჰაკი სჯობნიდა,
ჰოვარდი - სახელი
ჰვედნაის მამისა.
ჰეიდრ და ჰროსთოფრი -
მოდგმა ჰრიმნირისა.

32. ვოლვები ვიდოლფის
მოდგმიდან არიან,
მისანნი გრძნეულნი -
მოდგა ვილმეიდის,
ყველა ჯადოქარი
სვართჰოფდის ჯიშია,
ყველა გოლიათი
მოდგმაა იმირის.

33. მე ბევრი გიამბე,
გეტყვი კვლავ უფრო მეტს;
ხამს ესე უწყოდე;
ყურთ იღებ, თუ არა?

34. ჟამსა მას უხსოვარს
იშვა უძლეველი
გმირი ძალოვანი,
მოდგმა ღმერთებისა,
ცხრათა მათ ასულთა
შვეს იგი ჭაბუკი
ხმელეთის კიდესთან.

35. შვა იგი გიალპმა,
შვა იგი გრეიპმა,
შვა იგი ეისტლამ;
შვეს ეირგიაფმა
და ანგეიამა,
ატლამ და ვოლფრუნმა,
იმდრმა, იარსაქსამ -
შვეს გმირი უბადლო.

36. ზრდიდნენ მას ჭაბუკსა
ძალნი მიწისანი,
ძალნი ცივთა ზღათა
და სისხლი ტახისა.
მე ბევრი გიამბე,
გეტყვი კვლავ უფრო მეტს,
ხამს ესე უწყოდე;
ყურთ იღებ, თუ არა?

37. ლოკიმ ანგრობდასგან
ფენრირი დაბადა,
სვადილფარისაგან
შობა მან სლეპნირი;
ურჩხული უმსგავსო
და უბოროტესი
ძმამ ბილეიფთრისამ
წარმოშვა ამქვეყნად.

38. ლოკიმ ქალის გული,
ნახევრად დამწვარი,
კოცონზე მდებარე
ნახა და შეჭამა;
ლოფთრი დაორსულდა
ბოროტ ქალისაგან -
ასე წარმოიშვა
მოდგმა კუდიანთა.

39. ქარი ზღვის ტალღებსა
ზეცად ეზიდება,
სტყორცნის ხმელეთისკენ,
ბნელდება ცის თაღი,
ქარბუქი მძვინვარებს,
ავდება გრიგალი -
მაცნე მათ ძლიერთა
ღმერთთა აღსასრულის.

40. იშვა ქვეყანაზე
მძლე ყოვლის მძლეველთა
მისცა მას მიწამან
ძალა უძლეველი;
იყო, ვით მსმენია,
ის ხელისუფალი,
კაცისა ყოვლისა
დიდი ნათესავი.

41. მაგრამ სხვა ძლიერი,
მასზე უძლეველი,
მოვა ქვეყანაზე,
მის სახელს ვერ ვიტყვი.
მცირედნი განსჭვრეტენ,
რაიც თან მოჰყვება
მგლისა და ოდინის
ურთერთშერკინებას.

ფ რ ე ი ა მ თ ქ ვ ა:
42. სასმელი ხსოვნისა
მიეცი ჩემს ტახსა,
რომ სიტყვა ყოველი
შენი გაიხსენოს,
ოდეს მესამე დღეს
ოტარ და ანგანთირ
თვისთა ნათესავთა
მოთვლას მოჰყვებიან.

ჰ ი ნ დ ლ ა მ თ ქ ვ ა:
43. გასწი, გამეცალე,
ჟამია ძილისა,
აწ ჩემგან სასურველს
შენ ვერას შეიტყობ;
ავხორცო, შენ ისე
დარბიხარ ღამ-ღამე,
ვითარცა თხებს შორის
დარბის ჰეიდრუნი.

44. შენ ოდთან მრუშობდი,
ვნებით აღგზნებული
და ხშირად კალთისქვეშ
სხვებიც გიძვრებოდნენ.
ავხორცო, შენ ისე
დარბიხარ ღამ-ღამე,
ვითარცა თხებს შორის
დარბის ჰეიდრუნი.

ფ რ ე ი ა მ თ ქ ვ ა:
45. ცეცხლსა შემოვარტყამ
ქალსა გოლიათსა,
აქედან უვნებლად
აწ ვერსად წამიხვალ.

ჰ ი ნ დ ლ ა მ თ ქ ვ ა:
46. ვხედავ ალს მძვინვარეს,
ირგვლივ მოგიზგიზეს;
სიცოცხლეს საკუთარს
ვინ არ უფრთხილდება:
მაშ, ლუდი ხსოვნისა
ოტარს მიაწოდე,
შხამად შეერგება
მას იგი სასმელი.

ფ რ ე ი ა მ თ ქ ვ ა:
47. არ გაჭრის ეგ სიტყვა,
ავი, გესლიანი,
ოტუნთა ასულო,
ამაოდ მრისხანებ:
დაე, უებარი
შესვას მან სასმელი,
ღმერთთა შევავედრებ -
მწედ ეყონ ოტარსა.

??????