ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * იდგა სიჩმე ტაძრის კედლებთან ექსკლიუზივი

იდგა სიჩუმე ტაძრის კედლებთან,
ცაზე ესვენა მთვარე ფერმკრთალი.
ისე იცოდა, ძაღლის ლეკვებმაც
ვერ გააგდებდი გარეთ, ღმერთმანი.
გზაზე ეფინა ალვის ტოტები,
სევდას დეკემბრის მწუხრი მმატებდა.
როგორც მორწმუნემ კრძალვით, გოდებით,
მეც მოვიდრიკე მუხლი ხატებთან.
ხოლო ფრესკებთან ვერც კი ვსუნთქავდი,
მქონდა გამსკდარი ტვინი შრეებად.
ჩანდა ქაშვეთის ვერცხლის გუმბათი,
როგორც ბალახის ზვინი ვეება.
სადარდებელი ჩემზე ვის ჰქონდა,
სისხლი ფილტვიდან რომ დამენთხია,
ასე მეგონა, ყელზე, თითქოსდა,
შხამით აღვსილი კობრა მეხვია.
თეთრი სანთლების შუქი კამკამა
ენთო სიქსტივით ლამაზ მადონებს.
შხამი განგებამ თუკი მაკმარა,
რატომ ისევე მშხამავს, მაღონებს.
მთელი სიცოცხლე ობლად დავდივარ,
გული ნაღველში ლპება, ფოფინობს.
არა მგონია, ლოცვამ სატკივარს
თუნდაც მცირედი შვება მოფინოს.
განქრა ოცნება შლეგი, გიჟმაჟი,
განუკურნებლად მგონი, ავად ვარ.
სარკმელს მოასკდა მკერდით რიჟრაჟი,
ხაზე ცისფერი ბოლი ავარდა.
როცა დარეკეს უკვე ზარები,
ქაშუეთიდან გასვლის დრო იდგა.
ცრემლი ნამავდა უპეს თვალების,
როგორც ჟუჟუნა წვიმა კორიდორს.

??????