ქურხული ბექა
გაზიარება

* * * სვანეთი 

სვანეთი...
შავი ღელე.
ცხუმარიდან ეცერამდეა ეს შავი ღელე. მთიდან წყალი ჩამოდის და გზას ატალახებს, კოლხოზნიკები და ნივები წელამდე ტალახში არიან ჩაფლულები.
ჩართული აქვთ ხიდები და "რაზდატკები". ბუქსაობენ, მოათრევენ ერთმანეთს ბუქსირზე, აწვებიან სვანები მანქანებს მშვიდად, წყნარად, დარბაისლურად: "წევიდა, ჰე, წევიდა, ერთად უნდა, ერთად-თქვა"...
"უაზის" რაფი ჩამორჩა მაგრად... გამოღებული აქვს მძღოლს კარი, გამოყოფილი აქვს სვანური ქუდი და ჯიუტად უგაზავს "კრილომდე" ჩამჯდარ მანქანას... მოუღრეჯია მსხვილი სვანური კისერი უკან და ისე იმედიანად უყურებს დაბზგრიალებულ და აბოლებულ ბორბალს, როგორც ქურუმი წარმართულ საკურთხეველზე დანთებულ ცეცხლს...
- ამოვა, ამოვა, ამევიდეს უნდა!..
რას ამოვიდოდა, ჩასვა ბოლომდე...
გადმოვიდა მანქანიდან აუღელვებლად, გადმოიყოლა მათარით რახი...
- ხარები უნდა ამას. ამოვა. ჰე, დევილოცოთ მანამდე თითო...
- ხარები უნდა კი...
- ხარები ამეიყვანს...
სვანები ხარს ისე ახსენებდნენ როგორც ძველ, წარმართულ, განსხეულებულ ღვთაებას, რომელიც აუცილებლად მოვა და გიშველის...
ორი ახალგაზრდა ბიჭი გაუშვეს ხარების მოსაყვანად. გაღმა ცხუმარისაკენ გააბუქეს თოვლი... დანარჩენები რახიან მათარას დაუტრიალდნენ...
პირველი სამი სადღეგრძელო სვანეთში საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა.
- ხოშა ღერბეთ... დიდი ღმერთი შეგვეწიოს!
- ჯ’გრაგ... წმინდა გიორგის სადიდებელი.
- ლა მარია... მარიამ ღვთისმშობელი.
მერე მიცვალებულების ხსოვნის...
ამ გორის იქით ეცერი იყო და დადეშქელიანების საგვარეულო ციხე-კოშკი. კოშკის ცოტა ზემოთ, ორიოდე კვირის წინ, ვერტმფრენებიდან დაცხრილული აფრასიძეების სახლ-კარი იდგა.
განთქმულები იყვნენ აფრასიძეები, ოთხ სვანურ გვართან ჰქონდათ სისხლი ჩამოვარდნილი: დადეშქელიანებთან, არღვლიანებთAან, პირველებთან და უშხვანებთან. ამათგან ერთთანაც რომ გქონოდა საქმე, სრულიად საკმარისი იყო, ძილი გაგტეხოდა... ბოლოს იმათი ხელიდან მოუწია სიკვდილი, ვისიც არაფერი ემართათ...
- აშავებდნენ კი, მარა მასე მაინც არ უნდა ექნათ. არ არის მაგი სწორი. არ იყო ევგენი ცუდი და უსამართლო კაცი, პატიოსანი კაცი იყო, - თქვა ერთმა.
სხვებმა ჩუმად დააქნიეს თავები, მხოლოდ ერთმა ჩაილაპარაკა სვანურად და ჭიქა გადახარა, რახი წაუქცია იმათ, ვინც შავ ღელეზე ვეღარ აივლ-ჩაივლიდა...
წასულებმა დაიგვიანეს. სვანეთში დრო სხვანაირად მუშაობს. იქ ყველაფერი სხვანაირია, განსაკუთრებით - ზამთარში. უყურებ ამ აცვენილ ჭიუხებს და მწვერვალებს და არ გჯერა, რომ ამათ იქით რამე არსებობს... არც არსებობს...
უკვე სტალინის სადღეგრძელოს ვსვამდით, როდესაც ცხუმარის თოვლიან ფერდაზე ორი სვანის ბიჭი და ორი ხარი გამოჩნდა. არავინ არავის არ მოდენიდა, ერთად მოვიდნენ... ორი უზარმაზარი ხარი იყო, ნისლა და თაფლისფერი მკლავისისხო კელაპტარებივით რქებით. საქართველოში სვანეთის გარდა ეგეთი ხარები თითქმის აღარსად შემორჩა, სხვაგან რაღაც ჩმაგი ხარები ჰყავთ. გინდა წინ რო გაუვლი და გინდა - უკან. სვანეთში - არა. სვანეთში სვეტიცხოვლის უკანა კედლის ბარარელიეფზე გამოკვეთილი ხარის ჯიშები ჰყავთ...
ისე ამოიყვანეს "უაზი", კუდიც არ გაუქნევიათ.
- ხო ვთქვი, ამოვა, - თქვა მძღოლმა და ცარიელი მათარა "სიდენიის" უკან ჩადო, - ჰე, წევედით...
მიფრინავდა სვანეთის ციცაბო გზებზე რახით მთვრალი "უაზი".
ზუგდიდამდე ასოცი კილომეტრია.
ყოველი მოსახვევი სიცოცხლეს გჩუქნის. თავისას გატანს.
შენსას შხარაზე იტოვებს...

??????