ქურხული ბექა
გაზიარება

კანალგაღმა 

ასე ამბობენ მეგრელი პარტიზანები, როცა აფხაზეთში, ძირითადად გალის ან ოჩამჩირის რაიონში, აპირებენ გადასვლას: "კანალგაღმა გავედით", "კანალგაღმა მოკლეს"...
რამდენჯერმე შევძვერი მათთან ერთად აფხაზეთში.
იბრძოდნენ. ეშმაკები, გულუბრყვილოები. ბებერი ჟანგიანი მეომრები.
ძირითადად გალის ქვემო ზონის გლეხები - ნაბაკევი, შამგონა, თაგილონი, ორსანტია, რეჩხი, ოტობაია... ციტრუსების მომყვანები, რუსეთში გადამყვანები და ფულის გამკეთებლები, მდიდრები და ერთმანეთის... ახლა უსახლკაროდ დარჩენილები და მკვლელებად ქცეულები.
"პირველად ზემო ბარღებში მანქანა დავცხრილეთ და იქ მოვკალი კაცი. ორი კვირა სისხლი მესიზმრებოდა, ვიხრჩვებოდი სისხლში, ვიღვიძებდი ღრიალით, რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე-თქვა. გამიარა მერე"...
ცოტა ხანს ჩუმად იყო.
"ოღონდ საჭმელი, ბიჭო, საჭმელს გაუხდა გემო სულ სხვა"...
საყვარელი, გამზრდელი ძმების დამმარხველი მეგრელი ბიძები. იმ ძმების სურათები აქვთ დაკრული გულზე დღემდე.
შვილებს ინგლისურის სწავლას აძალებენ:
"კარგად უნდა ისწავლონ ამათ".
თვითონ ათ წელზე მეტია კალაშნიკოვის "კუროკში" თითშეყრილები შედიოდნენ თავიანთი მანდარინების და თხილის პლანტაციების სანახავად.
ხოცავდნენ აფხაზებს.
უსაფრდებოდნენ ყვითელი მანდარინებით განათებულ ღამეში. გულიანად, შვებით აცლიდნენ რაჟოკს რაჟოკზე ბილიკზე გამოჩენილ სტვენა-სტვენით მოლაპარაკე კამუფლაჟიან და იარაღიან, მათი მანდარინების და თხილის წასაღებად მოსულ აფხაზებს. ასდიოდა ახლადგაჭყლეტილი მანდარინის სუნი ტყვიით დახვრეტილ ხეებს და რჩებოდა ჰაერში უკანასკნელი ნათქვამი:
-მ’შვბზია?!.
"აფხაზა როგორია თუ იცი? ერთ ხელისგულ პურს გაგიტეხავს. მისი სტუმარი თუ იყავი, ისეთს გადაგყვებოდა, მისი ვალიდან ვეღარ ამოხვიდოდი მერე."
აი, მაგ აფხაზებს ხოცავდნენ. ეგეთმა აფხაზებმა სახლ-კარი გადაუწვეს და გამზრდელი ძმები ჩუმად ტყეში ამარხინეს.
თან სულ ერთმანეთის დეიდაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ.
ერთი თვის წინ წავაწყდი ერთ-ერთს საბურთალოს ბაზართან, სიმინდს ყიდდა. მე ვყიდულობდი.
შავი სათვალე ეკეთა. ვერ ვიცანი. თვითონ მიცნო.
თამაზა იყო: "ბიჭები აგვყარეს ყველა, მეც ვიმალები, სიმინდს ვყიდი აგერ. ღუტუც დაიჭირეს, მორდუც და ბარსუკაც".
მიტენიდა პარკში სიმინდს. უცვიოდა, ისევ მიტენიდა. ღამე, წვიმიან ქუჩაში ნაპოვნი ლეკვის გამყიდველივით უხერხულად ვკუჭავდი მუშტში ხუთლარიანს.
გალში დამტვრეული სიმინდები გვეჭირა ხელში და საბურთალოს ბაზართან ვიდექით.
"შევხვდებით კიდო", - თქვა მან.
"ვარე თენ მაგ პრობლემა ჩქიმ ჯგირ ფხოდ მა", - ვთქვი მე.
"ვიცი მაგი მე".
წამოვედი.

??????