ბალარჯიშვილი ბაადურ
გაზიარება

ფლიბუსტერის სიმღერა 

როგორც პირატი პიასტრებს, ითვლის იღბალი იარებს,
მორალი - უბე კარიბის, აპარტან-აატიალეს.
ცალი აქვს თვალი აკრული დანდობას,
ფლიდად მცინარეს,
ქარიც ქრის ავაზაკური, საფრთხეა მომლოდინარე.

აბორდაჟს ვინ ვის მიასწრებს, დაშნა ბასრია რომელის,
ბოლოს ვინ დასთვლის პიასტრებს
მარჯვენით, დაუნდობელით -
მეკობრის წილი მკაცრია და ბედისწერა ცაცია,
ხშირადაც შეუწირია ორგიის გაწამაწიას.

აქ რომით ითიშებიან, არა თაფლით და ამბრითა,
ვინ გროტ-მარსელზე ჰკიდია,
ვინ დენთის კასრმა დაფლითა,
ბევრიც ჰკიდია ღუზებზე, როცა შტილია ცბიერი -
ახდება ნაბახუსევზე მისნობა ეზეკიელის
და იძირება გალერა, ფსკერზე დაეძებს სამალავს -
გემბანზე თავის ქალების და პიასტრების ამარა.

??????