სტურუა ლია
გაზიარება

ვერჩამქრალი ვულკანები 

მთას რომ უყურებ
და თვალი უფრო დიდი გიჩანს,
თუნდაც, იალბუზზე,
მეტი თავისუფლება რაღა გინდა?
მაინცდამაინც, შიშველ უკანალზე
სახეების დახატვა?
ერთი იცინის და მეორეც იცინის,
ტირილი უფრო შესაფერის ადგილას
დევს - გულის სიღრმეში,
ყელამდე რომ ამოვა,
დაიხრჩობი, დანიელ ჭონქაძის
გენეტიკა ან ჭლექს გაგიხერხებს,
ან კედელში ჩატანებას,
საუკეთესო ციხის ასაშენებლად
ციხის სიკარგე ვის გაუგია,
მაგრამ სახლის ჩამოქცევას
ხომ აკავებ მარილიანი ხერხემლით!
როდემდე?
სანამ სულ არ დაიძენძება
ხალიჩა - მტვრის ბუდე,
საიდანაც სიზარმაცის
წიწილები იჩეკებიან?
ყბადაღებული სიმყუდროვე,
კედელზე - ნახატი, ვერ გაიგებ,
კალოა, შუადღის მზე,
თოხლო კვერცხი,
გასინჯავ და ადუღდება

შენი მოქალაქეობა, კანონმოშიში.
როგორი სიტყვა მოიგონეს
ჩამქრალი ვულკანისთვის!
უემოციო ადამიანები,
რამდენიც გინდა!
საშენი მასალა კედლებისთვის,
ლოზუნგებისთვის,
ჩამქრალი ვულკანები კი იღვიძებენ,
გაუფრთხილებლად, უკანონოდ,
იმ საძირკვლის შესარყევად,
მუდმივი რომ გეგონა,
რა, უჩივლებ რევოლუციას?
დაიჭერ, კატალოგში ჩასვამ,
ნაივური მხატვრობის განყოფილებაში,
შეგირდებს მიუჩენ, რომ გაიგონ
მისი საიდუმლო. როგორ შეუძლია
თავის აფეთქება
ქალაქის მელოტ სიცხეში,
ერთი ხის გადარჩენისთვის,
ერთი ბედნიერი ნახატისთვის,
ჩემისთანა პესიმისტის
ერთი აღტაცებისთვის, თორემ
კანონმოშიში მოქალაქეების
დარწმუნებას რა უნდა,
რომ რევოლუციას ვერ უჩივლებ...

??????