წიკლაური მამუკა
გაზიარება

ქრონიკა 

ჩვენს ირგვლივ დიდი საიდუმლოს სამფლობელოა,
ვინ შეგვახედებს იმ სამეფოს ჭუჭრუტანაში?!
. . .
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა.
სამედიცინო ექსპერტებმა მიკაფ-მოკაფეს,
გულიც გაუჭრეს, ფილტვიც, ღვიძლიც, თავშიც ჩახედეს;
სისხლიც გასინჯეს, გამორიცხეს ტრომბის ფაქტორი...
ბევრი ეძებეს, მაგრამ ამაოდ -
სიკვდილის მიზეზს ვერ მიაკვლიეს.
ასეც ჩაწერეს ბოლოს ოქმში -
ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთო.
... წინა დღეებში მეგობრისთვის შეუჩივლია:
ძილში ირინე არა მშორდება,
სულ ხელს მიქნევს და სულ შემომძახის:
- წამოდი ჩემთან, ადე, ვიდრე გათენდებაო;
გამეღვიძება, დამეძინება - კვლავ იმას ვხედავ!..
ირინე მისი მეუღლე იყო -
ათი წლის წინათ დაიღუპა კატასტროფაში.
. . .
ჩვენს ირგვლივ დიდი საიდუმლოს სამფლობელოა,
ვინ შეგვახედებს იმ სამეფოს ჭუჭრუტანაში?!

??????