წიკლაური მამუკა
გაზიარება

დღიური, 1994 წელი 

გამომძიებლებს უწამებიათ
და გონებიდან გადასული დაბრუნდა სახლში.
როგორც კი გაზაფხულის წყლები აირევა,
ეგაც წყალივით იმღვრევა და საშიში ხდება.

წუხელ მამამისს დასდგომია შიშველი ხანჯლით:
- შესაწირავი ცხვარი ხარ და უნდა დაგკლაო.

... და აი, ახლა თოკით შეკრული სამ კაცს მოჰყავდა -
ორნი აქეთ-იქით ედგნენ, მესამე - ზურგიდან.

რომ დამინახა, ქვას მიადგა ორივე ფეხი,
შემომაცქერდა და შემომტირა:
- აი, ხომ ხედავ, საგიჟეში უნდა შემაგდონ,
ვეღარ გავუძლებ იქაურ მხეცებს -
იმათ რეჟიმს და რეზინის ჯოხებს,
მიშველე რამე, - გადმომამხო მღვრიე თვალები.

... მაგრამ მაშინვე შემატყო, რომ ვერ ვუშველიდი,
ვერ ვიხსნიდი და მოჭრილ ხესავით,
უცებ მოერღვა, ჩაეშალა მთელი სხეული.
დაძრეს. მიაწვნენ. წაიყვანეს.
ჩემი იმედი გამოეცალა -
დამსუბუქდა და ფეხი ვეღარ მოსდო მიწაზე,
დამორჩილდა და ბუმბულივით წაეღებინა.

გულმა მირჩია: მიდი, გადასჭერ
თოკები, რითაც ეგ საწყალი შეუბოჭავთო,
მაგრამ... გული ხომ ყოველთვის მარცხდება
დიქტატორ გონებასთან კამათში.

??????