ჭალადიდელი (ქოჩაკიძე) გიორგი
გაზიარება

ფაცხა 

მიყვარს ფაცხა მე მეგრული, 

მთა-კორტოხზე წარმოდგმული, 

უფიცრო და უყავარო, 

წვრილის წკნელით ჩახლართული! 


სახლი მინახავს მორთული, 

ჰქონდა «პოლი» გალაქული, 

მაგრამ იმ სახლის მცხოვრები 

იყო ტრელი და ორგული. 


ჩემ ფაცხაში კი საწყალი 

იდგა ერთი დაჩაგრული, 

მაგრამ გული იმას ჰქონდა 

კეთილი და მასპინძლური. 


მიტომ ფაცხა არ მორთული 

მიყვარს, მთაზე წარმოდგმული, 

უფიცრო და უყავარო, 

წვრილის წკნელით ჩახლართული. 


ვიცი სახლი ჩინებული, 

გამოშალაშინებული, 

ეზო, კარი და მიდამო 

ირგვლივ შემოკავებული. 


იქ ყმაწვილები ჩაცმულნი, 

უცხო გვარად მოკაზმულნი, 

იცინოდენ, თამაშობდენ 

და იყვენ გახარებულნი... 


მაგრამ ფაცხიდან ყმაწვილი 

ტიტველა და უფერული. 

დედას ხან ეთამაშება, 

ხან ჰყავს გულში ჩახუტული. 


და ამრიგად გამოზრდილი 

პაწაწინა უსუსური; 

მამულ-დედულის და შრომის, 

მრწამს, დარჩება მოყვარული. 


ამიტომაც მიყვარს ფაცხა 

ღარიბული, არ მდიდრული, 

უფიცრო და უყავარო, 

წვრილის წკნელით ჩახლართული. 


ჩემ ფაცხაში «პეროჟნები» 

არ არის გაკეთებული, 

მაგრამ სუფრაზე მწვადი მაქვს, 

ცეცხლზე აშიშინებული. 


მუდამ მზადა მაქვს ქადური, 

რძე, ყველი და ხაჭაპური, 

ღვინოცა მაქვს, როგორც არის, 

ორი კოკა, ჩვენებური... 


და მისი ვარ მეც ერთგული, 

მორჩილი და მოყვარული, 

ვისაც უყვარს ჩვენი ფაცხა, 

წვრილის წკნელით ჩახლარათული

??????