ჭელიძე თორნიკე
გაზიარება

რექვიემი ორისთვის 

(რობერტ მესხს) 


რობ, გწერ - იმდენად ბნელა, ჩამომეშალა სული,
არ გაივსება, ცრემლით, მშრალი თვალების ორმო,
რადგან ცხოვრება ზოგჯერ არითმიულად სუნთქავს
და ეს ჰაერი უნდა გავინაწილოთ ორმა.

რობ, სადღაც მიმაქვს ბედი - ჭიანჭველების ბუდე,
მე მივეჩვიე მიწას და შევატოვე მზერა
თოვლიან თბილისს, სადაც (ვთქვათ) ქარავანი მიდის
ბედუინების - ესეც ნაივია და მზეზე

ჩვენ არ გაგვიყვანს ღმერთის და ჩვენი თავის გარდა
არავინ, რობი, ამას, დიდი ხანია, მივხვდი
და ამის შემდეგ მაგრად ამიყოლია დარდმა,
ათას უფსკრულზე დამრჩა გადადებული ხიდი.

რობ, დედამიწა თითქოს ბრმა საპყარივით დადის,
ნეკნებში გულის ფეთქვას მიწისძვრა ჰქვია უფრო,
ჩემი ბედია - მალე რომ მოვუკვდები დედას,
ნესტი მაქვს ტანში, სულის მღვიმეებში დგას ქუფრი.

რობ, მსურს ვარსკვლავი ვიყო და გავიარო ზეცა
და, როგორც მირზამ, ვწერო არდაბრუნების ღამე
და ლადოსავით ფილტვებს ჭლექის ფოთლები ეცვას
და გურამივით სულში რომ ჩამეღვაროს ზღვები,

რომ ამ სივრცეში, დროში, დავრჩე იმ მარტოკაცად,
ვინც ჩაქნეული ხელი წამოსწია და მორჩა
სიცოცხლეს. რობი, ჯვარზე ახლა არავინ გვაცვამს,
რომ ამ ეპოქის გლუვი, გამოჭედილი ჩარჩო

არ დაიმტვრევა - უკვე ყველა იდეა ითქვა,
ჰო, ასე ვამბობთ სათქმელს, არ ვდუმვართ, მხოლოდ ვყმუით,
როგორც მწყურვალი მგლები - უმთვარო ზეცის იქით,
მივყვებით დღეებს - სტეპებს და ჩამონისლულ ყამირს.

რობ, როგორც ნიკას ბავშვზე, შენს შვილზე მინდა ვწერო,
რომ ჩვენი წილი შუქიც მათ მიუტანონ უფალს,
ჩვენ, მყიფე, შიშველ აწმყოს მომავლისათვის ვწირავთ,
ჩვენი ნერვებით მჭიდროდ გამოინასკვა ყულფი

და ვიღებთ სასჯელს, ვიწყებთ... და გაგვიტანოს ქარმა,
მხოლოდ დამთავრდეს ქვეყნად რაც უგულობა არის
და თუ დასჯილი ხალხის სისხლი მაინც არ კმარა,
ყელი გამოგვჭრან, რობი, ავიტანთ წითელ ყვავილს

სხეულზე... წლები ისევ დაუსრულებლად წავლენ,
ამ დამტვრეული ძვლებით ითამაშებენ ქუჩის
ბავშვები წარსულ ბრძოლებს. რობ, არ გაუვა ყავლი
ჩვენს სიტყვებს, ნაწერს ფრთები ტანში ჩაზრდილი უჩანს.

რობ, ყველაფერი ჯერ კი ასე გრძელდება რადგან,
თუ ვინმე არის, ნაღდად, ჩვენ ვართ, ჩვენ ვართ და ასე,
რობ, გზაზე რაღაც დიდი, ქრისტეს სინათლე დადგა,
შენ მომავალ შვილს ხედავ, მე - არსად წასულ მამას. 

??????