უძილაური ელგუჯა
გაზიარება

ორი ქორაფი ექსკლიუზივი

კლდის თავზე ერთი ქორაფი
იდგა მშვენებად მთებისა,
მთად მკერდის ღალა ნაწოვსა
შვენოდა გაშლა მხრებისა.
გაღმით სხვა იდგა კიდევა,
ტანშემოსილი მწვანითა,
თავს იწონებდა, ლაღობდა
ღილ-კილო მოსართავითა.
ეს ორი ბუნების პირმშო
ერთურთს ეტრფოდა შორითა,
გუნებასურვილიანი,
უდიადესის გრძნობითა.
არ იქნა, ერთურთს ვერ მისწვდნენ,
ვერ აიხდინეს წადილი,
მათ შორის დიდი უფსკრული
იწვა ქვა-ღორღად ჩაშლილი.
ვინ შასცვლის სოფლის დინებას,
ვინ არი ჟამთა მპყრობელი,
ვინც ამას ცდილობს, მცდარია,
არ არი ჭკვათა მპყრობელი.
დრო მიდიოდა თავის გზით,
ბუნების ფერთა ჭკნობითა,
ბევრმა გაწირა საწუთრო
გულსუწადინოდ კვდომითა.
და ერთ დღეს აის ქორაფიც,
ქარაფის თავს რომ ხარობდა,
დღემუდამ ხელებ გაწვდილი
სატრფოსთან მისვლას ლამობდა.
ძალღონეგამოლეული
მიწას დაეცა კვნესითა,
არ გვიშვებს წუთისოფელი
ვიაროთ ჩვენის ნებითა.
მუდამ თან დასდევს სიცოცხლეს
სიკვდილი ავის ყეფითა.
რა ნახა, სატრფო მაუკვდა
და მარტოობა ელოდა,
გაღმით, მეორე ქორაფი
დარდისაგანა ჭკნებოდა.
დღეთა უიღბლოდ დინებას
საწუთროს ემდურებოდა.
თუ გულისტკივილს არ უშველ
და ვერ უწამლებ მალევა,
იწყება ნაადრევადა
სიცოცხლის დღეთა გალევა.
მალე მეორე ქორაფიც
გაჰყვა დრო-ჟამის დენასა,
რას ვიზამთ, წუთსოფელთან
კაცი გახდება ვერასა.
სამყაროს ადათ-კანონსა
ცაში უფალი სწერამსა.
მაშ, თუკი ხე-მცენარეთა
ერთურთთან ყოფნა სწადიან,
კაცს რაღა მასდის ნეტავი,
ავს საქმეს რადა სცადიან?
ერთურთის საზიანოდა
ხელხანჯრიანებ დადიან,
ჩალად არ გვიღირს ერთურთი,
ვწამლავთ შხამით და გესლითა,
ასე გვგონია, ამქვეყნად
სხვაზე კარგები ვჩნდებითა.
ბოროტით ჭკვა დაბინდულნი
ერთხელ არ დავფიქრდებითა:
მოძმეს რომ ზიანს ვაყენებთ,
მართლები ვართ თ ვცდებითა?
მცდარის ფიქრით და გონითა
ეშმაკის ყმანი ვხდებითა,
უფლის ნაჩუქარ სიცოცხლეს
ვამცირებთ, ზედა ვდგებითა.

??????