ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)
გაზიარება

* * * წლებია გასული ექსკლიუზივი

წლებია გასული და ბავშვობის თითოეულ
დღე-ღამეს დასაკარგად რა მშვიდად ვიმეტებდი!
მერე კი - სოფლის თავში სრულიად მიტოვებულ
საყდარში მეზრდებოდნენ ღვთისადმი იმედები.

თოვდა და ორღობეში პაპაჩემს ვაშენებდი,
კალთაში ვუჯდებოდი და უხმოდ საუბრობდა.
ბოლოს კი მისეული ფიქრებით და შეგნებით
სახლისკენ ვბრუნდებოდი. ბარდნიდა ცა უფრო და

დილით კი პაპაჩემი ისევ იქ დამხვდებოდა...
მეც ასე, სიხარულით, ღრუბლებში დავფრინავდი;
ის წელში იხრებოდა თანდათან და ვხვდებოდი, -
ჩვენ მარტო ერთმანეთი რომ გვყავდა აპრილამდე!

მერე ჩვენც ერთმანეთი შავ მიწას მივაბარეთ,
დრო იწვევს ჩამარხული ტკივილის გაღვივებას...
და ახლა..... ვაზის რქიდან რომ ტირის წინაპარი,
და ახლა..... ვენახიდან რომ მომაქვს წინაპარი,
და ახლა..... მარანში რომ ჩუხჩუხებს წინაპარი,
მჯერა, რომ ჩემს ძარღვებშიც მოასწრებს დაღვინებას!

??????