ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

ჩემს შემდეგ... 


შემოდგომა ჩემს ქალაქში ბევრჯერ დაისადგურებს...
შემოდგომა გაათბობს და გაახარებს მათ გულებს,
ვინც მიყვარდა.. შემოდგომას ჯერ _ თბილისი 
გაიგებს;
“ ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს გაშლის, ფეხქვეშ
გაიგებს!”
რა კარგია, რა კარგია, თქვენ რომ კარგად იქნებით!
რა ცუდია, რა ცუდია! _ მე ვერაფერს გავიგებ...

ისვრის ვიღაც... და ვიღაცა სულ სისხლით გაითხვრება...
კიდევ ბევრი კაი ბიჭის საფლავი გაითხრება...


და იქნება ტირილი და ცრემლის ღვრა და გოდება!
თქვენ ის შეგეცოდებათ და მე ვერ შემეცოდება!
მე იმ ღამეს საფლავს ჩემსას ლოგინივით დავიგებ, 
და თქვენს ტკივილს, წუხილს თქვენსას, ვერაფრით ვერ 
გავიგებ... 
რა ცუდია, რა ცუდია, თქვენ 
რომ ცუდად იქნებით!
რა კარგია, რა კარგია! _ მე ვერაფერს გავიგებ...

საქართველო, ვიცი, ბოლოს ამ ძმათა კვლას მორჩება!
ჭრილობები მოშუშდება .... დედის გული მორჩება...
ლურჯი სუფრა გაიშლება, სადღეგრძელო ითქმება,
რა ხაშლამა შეიჭმება! რა ღვინო დაინთქმება!
მერიქიფე ნიამორებს ფრენით ჩამოარიგებს!
ბატკნებს ააკიკინებენ _ ამ საცოდავ ტარიგებს...
რა კარგია, რა კარგია, თქვენ რომ კარგად იქნებით!
რა ცუდია, რა ცუდია! _ მე ვერაფერს გავიგებ...

რა ცუდია, რა ცუდია! მე ვერაფერს გავიგებ 
და 
რა კარგია, რა კარგია! – მე ვერაფერს გავიგებ...

??????