ჭილაძე ოთარ
გაზიარება

ზამთრის პირველი დღე 

უკვე ყველანი ვუცდიდით ზამთარს:
ფოთლები გაქრნენ, ხოლო ჩიტებმა
კვლავ გადალახეს მისჯილი ცხრა მთა,
ბუნების გულის დასამშვიდებლად.

ყველანი ცქერად იყვნენ ქცეულნი,
თითქოს შეცვლიდა რამეს ზამთარი,
ან თითქოს მისი მძიმე სხეული
არ იყო ჩვენი გადასატანი.

მეც იქ ვიყავი, მაგრამ ვერაფრით
ვერ მოვუნახე აზრი მოლოდინს,
თუმცა ყველაზე მეტად ვღელავდი
და შეთქმულივით ვდუმდი ბოლომდის.

ხოლო სათქმელი, ცხოველის მსგავსად,
ბორგავდა სულში და მოითხოვდა
გამომჟღავნებას და ხალხში გავლას,
ანუ ყინვაში გასვლას სითბოდან.

მაგრამ მე უცებ ვიგრძენი ნათლად
განუსაზღვრელი ძალა წერტილის,
და ალბათ მაშინ გადაწყდა მართლა,
რაც კი მეგონა გადაწყვეტილი.

მერე კი დადგა აღთქმული წამი,
ყველასგან უკვე ბევრჯერ ხილული:
ძლივს აითრია ფეხები ღამემ
და აბრჭყვიალდა მზეზე ყინული

1966

??????